სამარხი
ადგილი, სადაც მიცვალებული მარხია. დღეს სამარხში, ძირითადად, საფლავი ანუ დასამარხავი ორმო იგულისხმება, თუმცა ებრაელებსა და აღმოსავლეთის სხვა ხალხებში მიღებული იყო ბუნებრივ გამოქვაბულსა თუ კლდეში გამოკვეთილ აკლდამაში მიცვალებულის დაკრძალვა. ებრაული სიტყვა კევერ ზოგადი სიტყვაა, რომელიც გამოიყენება სამარხის ან სასაფლაოს აღსანიშნავად (დბ. 23:7—9; იერ. 8:1; 26:23). მონათესავე სიტყვა კევურაჰ შეიძლება მიუთითებდეს მიწაში გათხრილ საფლავზე ან კლდეში გამოკვეთილ სამარხზე (დბ. 35:20; 1სმ. 10:2).
ბერძნულ ენაში სამარხის აღმნიშვნელი ზოგადი სიტყვაა ტაფოს (მთ. 28:1), რომლის ზმნური ფორმა თაპტო ნიშნავს დამარხვას, დასაფლავებას (მთ. 8:21, 22). ბერძნულში სამარხის აღმნიშვნელი სხვა სიტყვებია მნემა და მნემეიონ (ლკ. 23:53, 55).
ვინაიდან ეს დედნისეული სიტყვები ცალკეულ სამარხზე ან სასაფლაოზე მიუთითებს, მრავალ სამარხზე საუბრისას ისინი ხშირად მრავლობით რიცხვში გვხვდება. ამგვარად, ისინი მნიშვნელობით განსხვავდება ებრაული სიტყვა შეʼოლისგან და მისი ბერძნული ეკვივალენტი ჰადესისგან, რომლებიც კაცობრიობის საერთო სამარეს ნიშნავს და ყოველთვის მხოლობით რიცხვში დგას. ამ მიზეზის გამო სხვადასხვა ენაზე შესრულებულ ზოგ თანამედროვე თარგმანში გაკეთებულია ამ დედნისეული სიტყვების (შეʼოლ, ჰადეს) ტრანსლიტერაცია. ზოგ თარგმანში, მაგალითად „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“, ეს სიტყვები ნათარგმნია როგორც „შავეთი“, „ქვესკნელი“ და „ჯოჯოხეთი“, ქართულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ კი — როგორც „სამარე“ (იხ. შეოლი; ჰადესი).
ვინაიდან ადამიანი სიმბოლური გაგებით შეოლში (სამარე) ხვდება სამარხში ან სასაფლაოზე დაკრძალვის შედეგად, ასეთი დასაკრძალავი ადგილების აღმნიშვნელი სიტყვები შეოლის სინონიმებად და არა მის ზუსტ ეკვივალენტებად გამოიყენება (იობ. 17:1, 13—16; 21:13, 32, 33; ფს. 88:3—12).
რომაელების 3:13-ში მოციქული პავლე ციტირებს ფსალმუნის 5:9-ს და ბოროტი და ცბიერი ადამიანების ყელს „ღია სამარხს“ ადარებს. როგორც ღია სამარხი ივსება მკვდრების გვამებით, რომლებიც იხრწნება, ამ ადამიანების პირიც იხსნება ისეთი სიტყვების სათქმელად, რომლებიც მომაკვდინებელი და გამხრწნელია (მთ. 15:18—20).
ებრაელები ჩვეულების თანახმად ათეთრებდნენ სამარხებს, რათა ვინმე უნებურად არ შეხებოდა და არ გაუწმინდურებულიყო. იერუსალიმთან ახლომდებარე სამარხებს პასექამდე ერთი თვით ადრე ათეთრებდნენ, რათა შემთხვევით სამარხს არავინ შეხებოდა და თაყვანისმცემლობის ამ განსაკუთრებულ პერიოდში არ გაუწმინდურებულიყო. იესომ ეს ჩვეულება მაგალითად გამოიყენა და თქვა, რომ მწიგნობრები და ფარისევლები გარეგნულად მართლები ჩანდნენ, შიგნით კი „თვალთმაქცობითა და უკანონობით“ იყვნენ სავსე (მთ. 23:27, 28).
მიუხედავად იმისა, რომ სამარხი შედარებულია ორმოს, რომლიდან თავის დაღწევაც ადამიანს მართებულად სურს, იობი მოიხსენიებს დატანჯულ და სასოწარკვეთილ ადამიანებს, ნათელი იმედის არმქონეთ და შემოქმედის განზრახვების უცოდინართ, რომლებიც ესწრაფვიან სიკვდილს და ხარობენ, რომ „იპოვეს დასამარხი ადგილი“ (იობ. 3:21, 22). მათგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ იმ ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლე შემოქმედის მსახურებას მიუძღვნეს და ბოლომდე ენდობიან აღდგომის შესახებ ღვთის დაპირებას (ფს. 16:9—11; სქ. 24:15; ფლ. 1:21—26; 2ტმ. 4:6—8; ებ. 11:17—19; იხ. დამარხვა, დასამარხი ადგილი).