არმაგედონი — როგორ წარმოუდგენია ზოგს ის?
„შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ჰქვია“ (გამოცხადება 16:16).
რა წარმოგიდგებათ თვალწინ, როცა გესმით სიტყვა „არმაგედონი“? ალბათ, მთელი რიგი კატასტროფები, რომლებიც დღეს მთელ მსოფლიოში ხდება. მართალია, ეს სიტყვა მხოლოდ ერთხელ გვხვდება ბიბლიაში, მაგრამ რელიგიური ლიდერები არმაგედონს ხშირად მოიხსენიებენ და მასმედიის მეშვეობითაც არაერთხელ გვესმის ეს სიტყვა.
ეთანხმება არმაგედონზე გავრცელებული შეხედულებები იმას, რაც ბიბლიაშია ნათქვამი? ამ კითხვაზე ღირს პასუხის მიღება. არმაგედონის შესახებ სიმართლის ცოდნა გაგათავისუფლებთ ზედმეტი საწუხარისგან, სწორ წარმოდგენას შეგიქმნით მომავალზე და გავლენას მოახდენს ღვთის შესახებ თქვენს შეხედულებაზე.
განვიხილოთ სამი კითხვა და შევადაროთ არმაგედონზე გავრცელებული შეხედულებები იმას, რასაც სინამდვილეში ბიბლია ასწავლის ამ საკითხზე.
1. არის არმაგედონი ადამიანთა მიზეზით გამოწვეული უბედურება?
ჟურნალისტები და მკვლევარები ხშირად ადამიანთა მიზეზით გამოწვეული უბედურებების სინონიმად სიტყვა „არმაგედონს“ იყენებენ. მაგალითად, პირველი და მეორე მსოფლიო ომები არმაგედონთან არის გაიგივებული. ამ ომების შემდეგ ადამიანები შიშობდნენ, რომ შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ერთმანეთის წინააღმდეგ ატომურ იარაღს გამოიყენებდნენ. მასმედიამ ამ პოტენციურ ომს „თერმობირთვული არმაგედონი“ უწოდა. ვინაიდან გარემოს დაბინძურება საგრძნობლად აისახება დედამიწის ამინდზე, მკვლევარები შიშობენ, რომ მოხდება არმაგედონი, რომელსაც კლიმატური ცვლილება გამოიწვევს.
რას ფიქრობს ხალხი: დედამიწის მომავალი ადამიანთა ხელშია და მათ შეუძლიათ სრულად აკონტროლონ ყველაფერი, რაც მასზე ცოცხლობს და იძვრის. თუ მთავრობები გონივრულად არ მოიქცევიან, დედამიწა სამუდამოდ განადგურდება.
რას ამბობს ბიბლია: ღმერთი არ დაუშვებს, რომ ადამიანებმა დედამიწა მოსპონ. ბიბლია გვარწმუნებს, რომ იეჰოვასa დედამიწა „ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია“. პირიქით, მან ის „დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). ღმერთი ადამიანებს იმის უფლებას არ მისცემს, რომ გააჩანაგონ დედამიწა. იგი მოსპობს „დედამიწის მომსპობთ“ (გამოცხადება 11:18).
2. არის არმაგედონი ბუნებრივი კატაკლიზმი?
ჟურნალისტები ზოგჯერ მასშტაბურ ბუნებრივ კატაკლიზმებს „არმაგედონს“ უწოდებენ. მაგალითად, 2010 წელს ერთ-ერთ ცნობაში აღნიშნული იყო, რომ „ჰაიტიზე არმაგედონი მოხდა“. როგორც ამ ცნობაში იყო ნათქვამი, ქვეყანაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ მრავალის სიცოცხლე შეიწირა და იქ მცხოვრებთ არნახული ტანჯვა, ტკივილი და ზარალი მიაყენა. რეპორტიორებმა და კინორეჟისორებმა სიტყვა „არმაგედონი“ არა მხოლოდ ამ მოვლენებს დაუკავშირეს, არამედ იმასაც, რაც, მათი აზრით, მომავალშიც მოხდება. მაგალითად, მათი ვარაუდით, როცა მომავალში ასტეროიდი შეეჯახება დედამიწას, ეს გამოიწვევს კატასტროფას, რასაც მათ „არმაგედონი“ უწოდეს.
რას ფიქრობს ხალხი: არმაგედონი არის შემთხვევითი მოვლენა, რომელიც განურჩევლად გაანადგურებს ყველას, მათ შორის უდანაშაულო ხალხსაც. ჩვენ თითქმის არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია თავის დასაცავად.
რას ამბობს ბიბლია: არმაგედონი არ არის შემთხვევითი მოვლენა, რომლის დროსაც განურჩევლად განადგურდება ყველა. არმაგედონის დროს მხოლოდ ბოროტი ადამიანები მოისპობიან. ბიბლია გვპირდება, რომ მალე „აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი“ (ფსალმუნი 37:10).
3. გაანადგურებს ღმერთი დედამიწას არმაგედონში?
ბევრ მორწმუნე ადამიანს სჯერა, რომ არმაგედონის დროს საბოლოოდ დაუპირისპირდება ერთმანეთს სიკეთე და ბოროტება, რასაც ჩვენი პლანეტის განადგურება მოჰყვება. შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის (Princeton Survey Research Associates) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოზარდების 40 პროცენტს სჯერა, რომ მსოფლიოს აღსასრული „არმაგედონის ომში“ დადგება.
რას ფიქრობს ხალხი: ადამიანები არ იცხოვრებენ დედამიწაზე მარადიულად და არც დედამიწაა შექმნილი მარადიულობისთვის. ღმერთმა ადამიანები ისე შექმნა, რომ როდისღაც უნდა დაიხოცონ.
რას ამბობს ბიბლია: ბიბლიაში არაორაზროვნადაა ნათქვამი, რომ ღმერთმა მყარ საფუძველზე დააფუძნა დედამიწა და „არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5). დედამიწაზე მცხოვრებთა შესახებ კი ბიბლიაში ვკითხულობთ: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).
აშკარაა, რომ ბიბლია არ ეთანხმება დღეს გავრცელებულ შეხედულებებს არმაგედონზე. მაშ, რა არის სიმართლე?
[სქოლიო]
a ბიბლიის თანახმად, იეჰოვა ღვთის პირადი სახელია.