მთავარი თემა | სიმართლე ანგელოზების შესახებ
არსებობენ ბოროტი ანგელოზები?
რა თქმა უნდა. საიდან გაჩნდნენ ისინი? ალბათ გახსოვთ, რომ ღმერთმა ანგელოზებს ნების თავისუფლება უბოძა. პირველი კაცის და ქალის, ადამისა და ევას, შექმნიდან მალევე ერთმა სრულყოფილმა სულიერმა ქმნილებამ ბოროტად ისარგებლა არჩევანის თავისუფლებით და ეს წყვილი ღვთის წინააღმდეგ აამხედრა (დაბადება 3:1—7; გამოცხადება 12:9). ბიბლიაში კონკრეტულად არ არის მოხსენიებული ამ სულიერი ქმნილების სახელი და არც ის, თუ რა მდგომარეობა ეკავა მას ზეცაში, სანამ ღმერთს დაუპირისპირდებოდა. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ამ ფაქტის შემდეგ მას ეწოდა სატანა, რაც „მოწინააღმდეგეს“ ნიშნავს, და ეშმაკი, რაც „ცილისმწამებელს“ ნიშნავს. ამ ურჩი ანგელოზისთვის ეს მართლაც რომ შესაფერისი სახელებია (მათე 4:8—11).
სამწუხაროდ, სატანას სხვებიც მიემხრნენ. ნოეს დღეებში ზოგიერთმა ანგელოზმა ზეცაში „მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“ მიატოვა. ისინი დედამიწაზე ჩამოვიდნენ, ხორცი შეისხეს და უკიდურეს გარყვნილებას მიეცნენ, რაც სრულიად ეწინააღმდეგებოდა იმ მიზანს, რისთვისაც იყვნენ შექმნილნი (იუდა 6; დაბადება 6:1—4; 1 პეტრე 3:19, 20).
რა მოხდა შემდეგ? როდესაც ღმერთმა დედამიწაზე ბოროტთა გასანადგურებლად წარღვნა მოავლინა, ამ ანგელოზებმა მოიშორეს ფიზიკური სხეული და სულიერ სამყაროში დაბრუნდნენ. მაგრამ ღმერთმა ამ ზნედაცემულ ანგელოზებს არ მისცა „თავდაპირველი მდგომარეობის“ დაბრუნების უფლება. მან ისინი „უკუნ [სულიერ] სიბნელეში“ ანუ ტარტაროზში დაამწყვდია, რაც მათ დამცირებულ მდგომარეობაზე მიუთითებს (იუდა 6; 2 პეტრე 2:4). ისინი დემონების მმართველის, სატანა ეშმაკის, ძალაუფლების ქვეშ მოექცნენ, რომელიც „სინათლის ანგელოზის სახეს იღებს“ (მათე 12:24; 2 კორინთელები 11:14).
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის სამეფო, ზეციერი ხელისუფლება, 1914 წელს დამყარდა.a ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ სატანა და მისი დემონები ზეციდან დედამიწაზე იქნენ გადმოყრილნი. დღეს რომ გააფთრებულ სატანასა და მის დემონებს დიდი გავლენა აქვთ მთელ მსოფლიოზე, იქიდან ჩანს, რომ ბოროტება და უზნეობა ყველგან ღრმადაა ფესვგადგმული (გამოცხადება 12:9—12).
მაგრამ ზნეობრივი ნორმების უკიდურესად დაკნინება და გამაოგნებელი ძალადობის ფაქტები გვარწმუნებს, რომ მათი ტირანული მმართველობა მალე დასრულდება. ცოტაც და ამ ულმობელ სულიერ ქმნილებებს ღმერთი წაართმევს ძალაუფლებას. ღვთის სამეფოს ათასწლიანი მმართველობის დასასრულს სატანასა და მის დემონებს მცირე ხნით მიეცემათ შესაძლებლობა, ისევ გამოცადონ ადამიანები. ამის შემდეგ ღმერთი საბოლოოდ გაანადგურებს მათ (მათე 25:41; გამოცხადება 20:1—3, 7—10).
a ღვთის სამეფოსთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-8 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.pr2711.com.