მთავარი თემა | უძვირფასესი საჩუქარი
„ეს საუკეთესო საჩუქარია, რაც კი ოდესმე მიმიღია!“
ეს სიტყვები თქვა 13 წლის გოგონამ, რომელსაც ლეკვი აჩუქეს. ერთ ქალბატონს, რომელიც დღეს წარმატებული ბიზნესმენია, როცა სკოლას ამთავრებდა, მამამ კომპიუტერი აჩუქა. როგორც მან აღნიშნა, ამ საჩუქარმა სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება. ერთი ახალდაქორწინებული მამაკაცისთვის კი საუკეთესო საჩუქარი ხელნაკეთი ბარათი აღმოჩნდა, რომელიც მეუღლემ მათი ქორწინების პირველ წლისთავზე აჩუქა.
ბევრი არ იშურებს დროსა და ენერგიას, რათა ღირსსახსოვარ დღეს მეგობარს ან ახლობელს საუკეთესო საჩუქარი გაუკეთოს. ალბათ, ისინი ისურვებდნენ, რომ მათ მიერ გაკეთებულ საჩუქარს საყვარელ ადამიანში ისეთივე გრძნობები გამოეწვია, როგორიც სტატიის დასაწყისში მოხსენიებულთ დაეუფლათ. თქვენც ხომ არ ისურვებთ, სხვებს გაუკეთოთ ან თავად მიიღოთ ისეთი საჩუქარი, რომელიც ნამდვილად სასურველი იქნება?
ასეთი საჩუქრის გაკეთების სურვილი ადამიანს მხოლოდ იმიტომ კი არა აქვს, რომ სხვებს მიანიჭოს სიამოვნება, არამედ თავადაც განიცადოს სიხარული. სწორედ ამას უსვამს ხაზს ბიბლიაც: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). რა თქმა უნდა, გაცემით გამოწვეული სიხარული ერთიორად იზრდება, როცა საჩუქარი ნამდვილად სასურველია.
რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ საჩუქარმა არა მხოლოდ თქვენ მოგიტანოთ სიხარული, არამედ მასაც, ვისაც საჩუქარს უკეთებთ? და თუ საუკეთესო საჩუქრის გაკეთება არ შეგიძლიათ, მაშინ რა დაგეხმარებათ, რომ თქვენი საჩუქარი სასურველი მაინც იყოს?