საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w17 მაისი გვ. 31-32
  • ენთუზიაზმითა და სიყვარულით აღძრულები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ენთუზიაზმითა და სიყვარულით აღძრულები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
w17 მაისი გვ. 31-32
ხალხით გადაჭედილი დარბაზი 1922 წელს სიდარ-პოინტში (ოჰაიო) ჩატარებულ კონგრესზე

ჩვენი არქივიდან

ენთუზიაზმითა და სიყვარულით აღძრულები

1922 წლის 8 სექტემბერს, პარასკევ დილას, ერთ დარბაზში 8 000 ადამიანს მოეყარა თავი. დილიდანვე ეტყობოდა, რომ ძალიან დაცხებოდა. შეხვედრის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ წინ საინტერესო პროგრამა ელოდათ. ნებისმიერ დამსწრეს შეეძლო აუდიტორიის დატოვება, მაგრამ უკან დაბრუნების უფლება აღარ ჰქონდა.

პროგრამის პირველი ნაწილი ღვთის განმადიდებელ სიმღერებს დაეთმო. შემდეგ ძმა ჯოზეფ რუტერფორდი პიუპიტრთან მივიდა. თითქმის ყველა რაღაცის მოლოდინში იყო. ზოგიერთი სიცხის გამო აქეთ-იქით დადიოდა, ამიტომ რუტერფორდმა ყველა დამსწრეს მოუწოდა, დამსხდარიყვნენ და მოესმინათ მოხსენება. საინტერესოა, შენიშნა ვინმემ სცენის თავზე დახვეული დიდი პლაკატი?

ძმა რუტერფორდმა ისაუბრა თემაზე: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“. მისი მჭექარე ხმა დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ექოსავით ისმოდა მთელ დარბაზში. მან ილაპარაკა ძველ დროში მცხოვრებ წინასწარმეტყველებზე, რომლებიც უშიშრად აუწყებდნენ ღვთის სამეფოს მოსვლას. მოხსენების კულმინაციურ მომენტში მან აუდიტორიას კითხვით მიმართა: „გწამთ, რომ დიდების მეფემ დაიწყო მმართველობა?“. ყველამ ერთხმად დაიძახა: „დიახ!“.

„მაშ, კვლავ გასწიეთ ველისკენ, უზენაესი ღვთის ძეებო! — ხმამაღლა მიმართა აუდიტორიას ძმა რუტერფორდმა. — მეფე მეფობს! თქვენა ხართ მისი ცნობის საჯაროდ განმცხადებლები. ამიტომ აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ . . .“.

ზუსტად ამ დროს სცენის თავზე ჩამოიშალა დიდი პლაკატი, რომელზეც ეწერა: „აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ“.

თვითმხილველები გვიამბობენ: „ამან აუდიტორიაში დიდი აღტაცება გამოიწვია“ (რეი ბოპი); „მქუხარე ტაშისგან დარბაზი კინაღამ დაინგრა“ (ანა გარდნერი); „ყველა ერთდროულად წამოდგა ფეხზე“ (ფრედ ტვაროში); „თითქოს რაღაც უხილავმა ძალამ წამოგვაყენა. ფეხზე ვიდექით და თვალები სიხარულის ცრემლებით გვქონდა სავსე“ (ევანგელოს სკუფასი).

კონგრესზე დამსწრეთაგან ბევრი უკვე სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მქადაგებელი იყო. თუმცა ამ კონგრესმა მათ ცხოვრებაში ახალი მუხტი შეიტანა. ეთელ ბენეკოფი იხსენებს, რომ ბიბლიის მკვლევრები აღძრულები იყვნენ, სამეფოს შესახებ „ენთუზიაზმითა და სიყვარულით“ ეუწყებინათ ისე, როგორც არასდროს. ოდესა ტაკს, რომელიც იმ დროს 18 წლისა იყო, კონგრესის შემდეგ გადაწყვეტილი ჰქონდა, გამოხმაურებოდა მოწოდებას: „ვინ წავა?“. ის ამბობს: «არ ვიცოდი, რა და როგორ იქნებოდა, მაგრამ ის ვიცოდი, რომ ესაიას მსგავსად მინდოდა მეთქვა: „მე წავალ! მე გამგზავნე!“» (ეს. 6:8). „შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ღირსშესანიშნავ დღეს დაიწყო სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების კამპანია, რომელიც დღეს მთელ დედამიწაზე მიმდინარეობს“, — ამბობს რალფ ლეფლერი.

1922 წელს სიდარ-პოინტში (ოჰაიო) ჩატარებული კონგრესი თეოკრატიული ისტორიის ფურცლებზე სამუდამოდ აღიბეჭდა. „ამ კონგრესის შემდეგ გადავწყვიტე, ყველა კონგრესს დავსწრებოდი“, — ამბობს ჯორჯ განგასი. რამდენადაც მას ახსოვს, კონგრესი არასდროს გაუცდენია. ჯულია უილკოქსი წერდა: „სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა გრძნობა მეუფლება, როცა ჩვენს პუბლიკაციებში 1922 წელს სიდარ-პოინტში ჩატარებული კონგრესის შესახებ ვკითხულობ. ამ დროს სურვილი მიჩნდება, ვთქვა: მადლობა იეჰოვა, რომ იქ ყოფნის პატივი მარგუნე“.

ალბათ, ჩვენც მსგავსი გრძნობები გვეუფლება, როცა ვიხსენებთ კონგრესს, რომელმაც დიდებული ღმერთის, იეჰოვასა და ჩვენი მეფის, იესო ქრისტეს მიმართ გულები სიყვარულით აგვივსო და მსახურების ენთუზიაზმი შეგვძინა. ჩვენც აღძრულები ვართ, ვთქვათ: „მადლობა იეჰოვა, რომ იქ ყოფნის პატივი მარგუნე“.

საიდუმლოებით მოცული წარწერები

წარწერას ADV (ინგლისური სიტყვის, Advertise-ის პირველი სამი ასო. ნიშნავს „აუწყეთ“) შეხვდებოდით ყველგან — ხეებზე, შენობებზე და კონგრესის პროგრამაზეც კი. ამ წარწერებმა კონგრესის დელეგატებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.a

„ყველა ბოძსა თუ კარზე გაკრული იყო თეთრ ფონზე დიდი შავი ასოებით გაკეთებული წარწერა ADV. ერთმანეთს ვეკითხებოდით, რას ნიშნავდა ეს წარწერები, მაგრამ არავინ იცოდა. ვინმეს რომც სცოდნოდა, არაფრის დიდებით არ გვეტყოდა“ (ედიტ ბრენისენი).

a დღემდე უცნობია, ზუსტად როგორ გამოიყურებოდა ეს წარწერები, რადგან არქივში არ მოგვეპოვება მათი ამსახველი ფოტომასალა.

კულისებში წარმოთქმული ლოცვის პასუხი

ართურ და ნელი კლაუსები ადრიანად მივიდნენ დარბაზში, რომ კარგი ადგილები დაეკავებინათ. „გაფაციცებით ვუსმენდი მოხსენებას“, — ამბობს ართური. მოულოდნელად მან მუცლის ძლიერი ტკივილი იგრძნო და იძულებული გახდა, დაეტოვებინა დარბაზი, არადა იცოდა, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებოდა. მომწესრიგებელმა უთხრა მას: „ასეთ დროს როგორ ტოვებ დარბაზს?!“. მაგრამ ართურს არჩევანი არ ჰქონდა.

მოგვიანებით შენობის გარეთ მყოფ ართურს მქუხარე აპლოდისმენტების ხმა შემოესმა. რადგან ძალიან აინტერესებდა, რა ხდებოდა შიგნით, ისეთ ადგილს დაუწყო ძებნა, საიდანაც შეძლებდა მოხსენების მოსმენას. მან იპოვა ასასვლელი და სახურავზე აძვრა, იქიდან კი სანათურის ღია ფანჯრიდან ჩაძვრა შენობაში.

ართურმა დაინახა საგონებელში ჩავარდნილი რამდენიმე ძმა, რომლებიც მომხსენებელს დაჰყურებდნენ. მათ მითითება ჰქონდათ, რომ პლაკატის ჩამოსაშვებად თოკები ერთდროულად გადაეჭრათ. მაგრამ ამისთვის კიდევ ერთი დანა სჭირდებოდათ. საბედნიეროდ, ართურს თან ჰქონდა პატარა დანა. ის და სხვა ძმები მოემზადნენ და ნიშანს დაელოდნენ — როგორც კი ძმა რუტერფორდი მეორედ იტყოდა „აუწყეთ!“, მათ თოკები უნდა გადაეჭრათ.

ამ მომენტის თვითმხილველები ყვებოდნენ, რა ლამაზად დაეშვა დიდი ფერადი პლაკატი, რომლის ცენტრშიც იესო იყო გამოსახული.

მოგვიანებით ძმებმა ართურს უთხრეს, რომ სახურავზე მათი ასვლის შემდეგ კიბე წაიღეს. რადგან დახმარებას ვეღარავის სთხოვდნენ, ილოცეს, რომ იეჰოვას ისეთი ძმა გამოეგზავნა, რომელსაც დანა ექნებოდა. ძმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ იეჰოვამ მოისმინა მათი ლოცვა და უჩვეულო სახით უპასუხა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება