ჩვენი არქივიდან
პორტუგალიაში სამეფოს პირველი თესლი ითესება
ევროპისკენ მიმავალი გემი ატლანტის ოკეანეს მიაპობდა. გემზე მყოფი ჯორჯ იანგი სიამოვნებით იხსენებდა თავის მსახურებას ბრაზილიაში და იმას, რაც სამეფოს საქმისთვის გააკეთა ამ ქვეყანაში.a თუმცა მისი მოგზაურობა ამით არ დასრულებულა. ძმა იანგს ახლა მთელი ყურადღება ახალ დავალებაზე ჰქონდა გადატანილი. მას გეზი ესპანეთისა და პორტუგალიისკენ ჰქონდა აღებული, სადაც მანამდე თითქმის არავის უქადაგია. იქ ჩასული ჯორჯი იმედოვნებდა, რომ ორგანიზებას გაუწევდა საჯარო შეკრებებს, სადაც ძმა რუტერფორდი ბიბლიურ მოხსენებებს წარმოთქვამდა. ის აგრეთვე 300 000 ბუკლეტის გავრცელებას გეგმავდა.
ჯორჯ იანგი გემით სერავდა ზღვებს თავისი სამქადაგებლო მოგზაურობების დროს
ძმა იანგი ლისაბონში 1925 წლის გაზაფხულზე ჩავიდა, სადაც დაძაბული ვითარება დახვდა. 1910 წლის რესპუბლიკურმა რევოლუციამ წერტილი დაუსვა მონარქიას და შეასუსტა კათოლიკური ეკლესიის ძალაუფლება. ხალხმა დიდი თავისუფლება მოიპოვა, თუმცა ქვეყანაში სამოქალაქო არეულობა არ ცხრებოდა.
მას შემდეგ მალევე, რაც ძმა იანგმა ორგანიზება გაუწია ძმა რუტერფორდის მოხსენებას, მთავრობამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა შემოიღო. „ბრიტანეთისა და უცხოეთის ბიბლიური საზოგადოების“ მდივანმა ძმა იანგი გააფრთხილა, რომ აუცილებლად შეხვდებოდა დიდ წინააღმდეგობას. მიუხედავად ამისა, მან ნებართვა ითხოვა, რომ კამოინშის სახელობის საშუალო სკოლის სპორტული დარბაზი გამოეყენებინა, რაზეც თანხმობა მიიღო.
დადგა 13 მაისიც — დღე, როცა ძმა რუტერფორდს მოხსენება უნდა წაეკითხა. ხალხს დიდი მოლოდინი ჰქონდა! შენობებზე აფიშები იყო გამოკრული, გაზეთებში კი გამოქვეყნებული იყო მოხსენების სათაური: „როგორ ვიცხოვროთ დედამიწაზე მარადიულად“. მოწინააღმდეგეებმა თავიანთ გაზეთში სასწრაფოდ დაბეჭდეს სტატია, რომელიც მკითხველებს აფრთხილებდა ქალაქში ახლად ჩამოსული „ცრუ წინასწარმეტყველების“ შესახებ. სპორტდარბაზის შესასვლელთან ამ მოწინააღმდეგეებმა გაავრცელეს ათასობით ბროშურა, რომელიც ძმა რუტერფორდის სწავლებების საწინააღმდეგო არგუმენტებს შეიცავდა.
მიუხედავად ამისა, დარბაზი ხალხით გადაიჭედა. მოხსენება დაახლოებით 2 000-მა ადამიანმა მოისმინა. ერთი იმდენი კი უადგილობის გამო უკან გაბრუნდა. ზოგს იმდენად აინტერესებდა მოხსენება, რომ სპორტდარბაზში ჩამოკიდებულ თოკის კიბეებზე იყვნენ ამძვრალები, ზოგი კი სავარჯიშო მოწყობილობებზე იყო მოკალათებული.
თუმცა ამ შეხვედრას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. მოწინააღმდეგეები ყვიროდნენ და სკამებს ამტვრევდნენ. მაგრამ ძმა რუტერფორდი სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ის მშვიდად ავიდა მაგიდაზე, რათა მისი ხმა ყველას გაეგო. მოხსენების დასრულების შემდეგ, რომელიც თითქმის შუაღამემდე გაგრძელდა, 1 200-მა ჭეშმარიტებით დაინტერესებულმა ადამიანმა თავისი კოორდინატები დატოვა, რათა მათთვის ბიბლიური ლიტერატურა გაეგზავნათ. მომდევნო დღეს ერთ-ერთ გაზეთში (O Século) დაიბეჭდა სტატია, რომელიც ძმა რუტერფორდის მოხსენებას ეხებოდა.
1925 წლის სექტემბრისთვის პორტუგალიურ ენაზე „საგუშაგო კოშკის“ გამოცემა უკვე პორტუგალიაშიც დაიწყეს (მანამდე ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ ბრაზილიაში გამოიცემოდა პორტუგალიურ ენაზე). ამ პერიოდში ბრაზილიაში მცხოვრებმა ბიბლიის მკვლევარმა, ვირჟილიუ ფერგიუსონმა პორტუგალიაში გადასვლა გადაწყვიტა, რათა სამეფოს საქმის წინსვლისთვის შეეწყო ხელი. მანამდე ის ბრაზილიაში ძმა იანგთან ერთად ბიბლიის მკვლევართა პატარა ფილიალში მსახურობდა. მალევე ვირჟილიუ და მისი მეუღლე ლიზი პორტუგალიაში გაემგზავრნენ, რათა ძმა იანგთან ეთანამშრომლათ. ძმა ფერგიუსონის იქ ჩასვლა დროული იყო, რადგან ჯორჯ იანგი მალე ახალი დავალების შესასრულებლად სხვაგან გადასვლას აპირებდა. მის ახალ დავალებაში საბჭოთა კავშირში ქადაგებაც შედიოდა.
ლიზი და ვირჟილიუ ფერგიუსონების ბინადრობის მოწმობა, 1928 წელი
მას შემდეგ, რაც სამხედრო გადატრიალებას პორტუგალიაში დიქტატურის დამყარება მოჰყვა, ჩვენი საქმიანობის მიმართ წინააღმდეგობამაც იმატა. ძმა ფერგიუსონი არ ეპუებოდა შექმნილ მდგომარეობას და ყველაფერს აკეთებდა, რომ დაეცვა ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფი და ხელი შეეწყო მათი საქმიანობისთვის. ის ნებართვას ითხოვდა, რომ შეხვედრები მის სახლში ჩატარებულიყო, რის უფლებაც 1927 წლის ოქტომბერში მიიღო.
პორტუგალიაში დიქტატორული რეჟიმის დამყარების შემდეგ, პირველივე წელს, დაახლოებით 450-მა ადამიანმა გამოიწერა ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“. გარდა ამისა, ბუკლეტებისა და ბროშურების მეშვეობით ჭეშმარიტება გავრცელდა მთელ პორტუგალიის იმპერიაში, რომელშიც შედიოდა ანგოლა, აზორის კუნძულები, კაბო-ვერდე, აღმოსავლეთი ტიმორი, გოა, მადეირა და მოზამბიკი.
1920-იანი წლების მიწურულს ერთი თავმდაბალი პორტუგალიელი მებაღე მანუელ და სილვა ჟორდაუ ლისაბონში ჩავიდა. ბრაზილიაში ცხოვრების დროს მან ძმა იანგის მიერ წარმოთქმული საჯარო მოხსენება მოისმინა. მანუელი მაშინვე მიხვდა, რომ ეს ჭეშმარიტება იყო და სურვილი გაუჩნდა, რომ ძმა ფერგიუსონს სამქადაგებლო საქმიანობის გაფართოებაში დახმარებოდა. თავისი მიზნის მისაღწევად მან წიგნების დამტარებლად დაიწყო მსახურება (ასე უწოდებდნენ მაშინ პიონერებს). იმის წყალობით, რომ ბიბლიური ლიტერატურის ბეჭდვა და და-ძმებისთვის მიწოდება ორგანიზებულად ხდებოდა, ლისაბონში ახლად ჩამოყალიბებული კრება სულიერად გაძლიერდა.
1934 წელს ვირჟილიუ და ლიზი ფერგიუსონებს ბრაზილიაში დაბრუნება მოუწიათ. თუმცა ჭეშმარიტების თესლი უკვე ჩათესილი იყო. ევროპაში ესპანეთის სამოქალაქო ომითა და მეორე მსოფლიო ომით გამოწვეული არეულობის მიუხედავად, პორტუგალიაში არსებულმა ამ პატარა ჯგუფმა იეჰოვასადმი ერთგულება შეინარჩუნა. რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს და-ძმები გავარვარებულ ნაკვერჩხალს ჰგავდნენ, თუმცა 1947 წელს პირველი მისიონერის, ძმა ჯონ კუკის ჩასვლის შემდეგ, რომელსაც სკოლა „გალაადი“ ჰქონდა დამთავრებული, ისინი ცეცხლივით აგიზგიზდნენ. მას შემდეგ სამეფოს მაუწყებელთა რიცხობრივი ზრდა არ შეჩერებულა. 1962 წელსაც კი, როცა მთავრობამ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალა, მაუწყებლების რაოდენობა იზრდებოდა. 1974 წლის დეკემბერში, როცა იეჰოვას მოწმეებმა კანონით აღიარება მოიპოვეს, ამ ქვეყანაში 13 000-ზე მეტი მაუწყებელი იყო.
დღეს პორტუგალიასა და რამდენიმე პორტუგალიურენოვან კუნძულზე, მათ შორის აზორის კუნძულებსა და მადეირაზე 50 000-ზე მეტი მაუწყებელი ქადაგებს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. ამ მაუწყებლებს შორის არიან მათი შთამომავლები, რომელთაც 1925 წელს ძმა რუტერფორდის ისტორიული მოხსენება მოისმინეს.
ჩვენ მადლობას ვუხდით იეჰოვას და იმ ერთგულ და-ძმებს, რომლებიც უშიშრად ჩაუდგნენ სათავეში სამქადაგებლო საქმიანობას როგორც ქრისტე იესოს მსახურები, უცხოტომელებთან წარგზავნილები (რომ. 15:15, 16) (ჩვენი არქივიდან, პორტუგალია).