საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w23 დეკემბერი გვ. 2-7
  • რა შემთხვევაში ჩავითვლებით მართლად?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა შემთხვევაში ჩავითვლებით მართლად?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲬᲛᲔᲜᲐ
  • ᲡᲐᲥᲛᲔ
  • ᲘᲛᲔᲓᲘ
  • იეჰოვამ მას „ჩემი მეგობარი“ უწოდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • ‘გაიმაგრეთ გულები’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • რწმენა მოქმედებისკენ აღგვძრავს!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • ‘ვიაროთ რწმენით და არა ხილვით’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
w23 დეკემბერი გვ. 2-7

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 50

რა შემთხვევაში ჩავითვლებით მართლად?

„აბრაამი ერწმუნა იეჰოვას და ეს სიმართლედ ჩაეთვალა“ (ᲠᲝᲛ. 4:3).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 119 რწმენა უნდა გვქონდეს

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa

1. რა კითხვა შეიძლება წამოიჭრას?

ᲐბᲠᲐᲐᲛᲘᲡ შესახებ ბევრს სმენია. თუმცა ჩვენთვის ის მხოლოდ ისტორიული ფიგურა როდია. ვიცით, რომ ბიბლიაში მას ყველა „მორწმუნის მამა“ ეწოდება (რომ. 4:11). მართლა შესაძლებელია ისეთივე რწმენის განვითარება, როგორიც აბრაამს ჰქონდა? ამ კითხვაზე პასუხი დადებითია. გავიგოთ, რატომ ვამბობთ ამას.

2. რატომ უნდა ჩავუღრმავდეთ აბრაამის ცხოვრებას? (იაკობი 2:22, 23).

2 აბრაამის მსგავსი რწმენა რომ განვივითაროთ, მნიშვნელოვანია, ჩავუღრმავდეთ მის ცხოვრებას. მაგალითად, მის ძლიერ რწმენაზე მეტყველებს, რომ დაემორჩილა ღვთის მითითებას და შორეულ ქვეყანაში წავიდა. ათწლეულები კარვებში ცხოვრობდა და ღვთისთვის შვილის შესაწირავადაც იყო მზად. აბრაამის რწმენას თან ახლდა საქმეები, რის გამოც ღვთის მოწონება დაიმსახურა და მისი მეგობარი ეწოდა (წაიკითხეთ იაკობის 2:22, 23). იეჰოვას სურს, რომ პირადად თქვენც გაიხაროთ მისი კეთილგანწყობით და მასთან მეგობრობით. ამიტომ წმინდა სულით აღძრა პავლე და იაკობი, რომ თავიანთ წერილებში აბრაამის მაგალითზე ემსჯელათ. მოდი ვნახოთ, კონკრეტულად რა წერია აბრაამის შესახებ რომაელების მე-4 და იაკობის მე-2 თავებში და გავიგოთ, რა დასკვნამდე მივყავართ მათ მსჯელობას.

3. რომელი მუხლის ციტირება მოახდინეს პავლემ და იაკობმა?

3 აბრაამის მაგალითზე საუბრისას პავლემაც და იაკობმაც დაბადების 15:6 მოიშველიეს: „ერწმუნა იგი იეჰოვას და მან სიმართლედ ჩაუთვალა ეს“. როცა ღმერთი ვინმეს მართლად თვლის, ეს იმას ნიშნავს, რომ იწონებს მას და უდანაშაულოდაც კი მიიჩნევს. შეიძლება ეს ჩვენთვის რთული წარმოსადგენია — ჩვენ ხომ ასე შორს ვართ სრულყოფილებისგან. მაგრამ როგორც აბრაამზე ნათქვამი სიტყვებიდან დავინახეთ, ეს ნამდვილად შესაძლებელია. ამიტომ მოდი განვიხილოთ მისი მაგალითი და გავიგოთ, რის საფუძველზე შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი მართლად.

ᲠᲬᲛᲔᲜᲐ

4. რატომ არის განსაკუთრებული ის ფაქტი, რომ ღმერთი მართლად გვთვლის?

4 რომაელებისთვის მიწერილ წერილში პავლემ აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი ცოდვილია (რომ. 3:23). მაშ, რის საფუძველზე შეიძლება ღვთის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ და მის თვალში უდანაშაულოდ და მართლად ჩავითვალოთ? ვნახოთ, როგორ მსჯელობს პავლე ამ კითხვაზე აბრაამის მაგალითზე დაყრდნობით.

5. რის საფუძველზე ჩათვალა ღმერთმა აბრაამი მართლად? (რომაელები 4:2—4).

5 აბრაამი ქანაანის მიწაზე ცხოვრობდა, როცა ის იეჰოვამ მართლად ჩათვალა. რის საფუძველზე მოიქცა იეჰოვა ასე? იმის საფუძველზე ხომ არა, რომ ის ზედმიწევნით იცავდა მოსეს კანონს? რა თქმა უნდა, არა (რომ. 4:13). კანონი ხომ იეჰოვამ ისრაელებს ამ მოვლენიდან 400-ზე მეტი წლის შემდეგ მისცა. მაშ, რატომ მოიქცა იეჰოვა ასე? მან აბრაამში რწმენა დაინახა, რის გამოც წყალობა გამოავლინა და მართლად ჩათვალა (წაიკითხეთ რომაელების 4:2—4).

6. რის საფუძველზე მიიჩნევს იეჰოვა ცოდვილ ადამიანებს მართლად?

6 პავლემ თქვა, რომ ვისაც ღმერთი სწამს, მას „რწმენა სიმართლედ ეთვლება“ (რომ. 4:5). შემდეგ კი დასძინა: «დავითიც ბედნიერს უწოდებს კაცს, რომელსაც ღმერთი მართლად მიიჩნევს, თუმცა არა მისი საქმეების გამო: „ბედნიერნი არიან ისინი, ვისაც ეპატიათ უკანონო საქმეები და მიეტევათ ცოდვები. ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა ცოდვას არ ჩაუთვლის“» (რომ. 4:6—8; ფსალმ. 32:1, 2). დიახ, მისადმი რწმენის გამო ღმერთი პატიობს ადამიანს ცოდვებს და აღარასდროს უხსენებს მათ. ის უდანაშაულოდ და მართლად მიიჩნევს მას.

7. ვის ფონზე მიიჩნევდა იეჰოვა მართლად წარსულში თავის მსახურებს?

7 მართალია, წარსულში აბრაამი, დავითი და ღვთის სხვა ერთგული მსახურები მართლად ჩაითვალნენ, მაგრამ ისინი კვლავ ცოდვილები იყვნენ. თუმცა იმ ადამიანების ფონზე, რომელთაც არ სწამდათ მისი, ღმერთმა ისინი რწმენის გამო უდანაშაულოდ მიიჩნია (ეფეს. 2:12). რომაელებისთვის მიწერილი პავლეს წერილიდან აშკარად ჩანს, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობის განსავითარებლად სწორედ რწმენაა საჭირო. რწმენის გამო მიიჩნია ღმერთმა აბრაამი და დავითი თავის მეგობრებად და ჩვენც რწმენის გამო გვიწვდის მეგობრობის ხელს.

ᲡᲐᲥᲛᲔ

8, 9. რა მცდარ დასკვნამდე მიდის ზოგი და რატომ?

8 ქრისტიანულ სამყაროში საუკუნეების მანძილზე დავის საგანია ის, თუ რა კავშირია რწმენასა და საქმეებს შორის. ზოგის აზრით, ხსნისთვის საკმარისია, უფალი იესო ქრისტე ირწმუნო. ამ აზრის მხარდასაჭერად ისინი პავლეს სიტყვებსაც იშველიებენ: „[ადამიანს] ღმერთი მართლად მიიჩნევს, თუმცა არა მისი საქმეების გამო“ (რომ. 4:6). არსებობს სხვა კატეგორიაც, რომელიც თვლის, რომ ადამიანს შეუძლია დაიმსახუროს ხსნა, თუ მოილოცავს წმინდა ადგილებს და სხვადასხვა რელიგიურ რიტუალს შეასრულებს. თავიანთი პოზიციის გასამყარებლად ისინი იაკობის სიტყვებსაც იშველიებენ: „ადამიანი საქმეებით იქნება მართლად მიჩნეული და არა მხოლოდ რწმენით“ (იაკ. 2:24).

9 ასეთი შეხედულებების გამო ზოგი ბიბლეისტი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პავლე და იაკობი ამ საკითხზე განსხვავებული აზრის იყვნენ — პავლეს აზრით, ადამიანი მხოლოდ რწმენით ჩაითვლებოდა მართლად, იაკობის აზრით კი საქმეების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ეს. ერთმა თეოლოგიის პროფესორმა თქვა: „იაკობს უჭირდა იმის გაგება, რატომ დაიჟინა პავლემ, რომ ადამიანი მხოლოდ რწმენით [იქნება მართლად მიჩნეული] და არა საქმეებით“. თუმცა ფაქტია, რომ პავლემაც და იაკობმაც თავიანთი წერილები ღვთის შთაგონებით დაწერეს (2 ტიმ. 3:16). ასე რომ, თუ ჩავუკვირდებით კონტექსტს, დავინახავთ, რომ მათ მიერ გამოთქმული აზრები არ უპირისპირდება ერთმანეთს.

ფოტოკოლაჟზე ჩანს მოციქული პავლე, აგრეთვე სამი რამ, რისი გაკეთებაც მოსეს კანონით მოითხოვებოდა. პირველ სურათზე ებრაელი ქალი ტანსაცმლის კიდეზე ლურჯ ძაფს ავლებს; მეორე სურათზე ჩანს პასექისთვის გამზადებული ცხვარი, ხმიადები და მწარე მწვანილები, ხოლო მესამე სურათზე ერთი კაცი მეორეს ხელს აბანინებს.

პავლემ რომში მცხოვრებ იუდეველ ქრისტიანებს დაანახვა, რომ ღვთის თვალში გამართლება მოსეს კანონით დადგენილ საქმეებზე კი არა, რწმენაზეა დამოკიდებული (იხილეთ აბზაცი 10).b

10. რა საქმეებზე საუბრობდა პავლე? (რომაელები 3:21, 28; იხილეთ აგრეთვე სურათი).

10 რა საქმეებზე საუბრობდა პავლე რომაელების მე-3 და მე-4 თავებში? მას, ძირითადად, მოსეს კანონით დადგენილი საქმეები ჰქონდა მხედველობაში (წაიკითხეთ რომაელების 3:21, 28). როგორც ჩანს, ზოგ იუდეველ ქრისტიანს გაუჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ მოსეს კანონის დაცვა აღარ მოითხოვებოდა. ამიტომ პავლემ აბრაამის მაგალითი მოიყვანა მათთვის იმის დასანახვებლად, რომ ღვთის თვალში გამართლება კანონით დადგენილ საქმეებზე კი არა, რწმენაზე იყო დამოკიდებული. ამ ფაქტის ცოდნა ძალიან გვამხნევებს, რადგან ვხედავთ, რომ თუ ღვთისა და მისი ძის მიმართ რწმენას გამოვავლენთ, მის თვალში მართალი ადამიანის სახელი გვექნება.

ფოტოკოლაჟზე ჩანან მოწაფე იაკობი და პირველ საუკუნეში მცხოვრები ერთი ქრისტიანი ცოლ-ქმარი, რომლებიც სიხარულით ეხმარებიან გაჭირვებულ ხანდაზმულ ქალს. ისინი მას ტანსაცმელსა და საკვებს აძლევენ. ფონზე სხვა წყვილი მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილ ქალს ესაუბრება.

იაკობმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რწმენას თან უნდა ახლდეს საქმეები, რაც განურჩევლად ყველასთვის სიკეთის კეთებასაც მოიაზრებს (იხილეთ აბზაცები 11, 12).c

11. რა საქმეები ჰქონდა მხედველობაში იაკობს?

11 რაც შეეხება იაკობს, ის თავისი წერილის მე-2 თავში სულ სხვა საქმეებზე საუბრობდა. მას მხედველობაში ჰქონდა ის, თუ ყოველდღიურად როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ქრისტიანები. სწორედ ყოველდღიურ სიტუაციებში გამოჩნდებოდა, ნამდვილად სწამდათ თუ არა ღვთის. თვალსაჩინოებისთვის იაკობს ორი სიტუაცია მოჰყავს.

12. იაკობის მსჯელობიდან გამომდინარე, რა კავშირია რწმენასა და საქმეებს შორის? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

12 თავიდან იაკობი საუბრობს იმის აუცილებლობაზე, რომ ქრისტიანები მიუკერძოებლები იყვნენ, და აღნიშნავს, რომ თუ კრებაში მოსულ მდიდარსა და ღარიბს ისინი ერთნაირად არ ექცევიან, ვერ იტყვიან, რომ რწმენა აქვთ (იაკ. 2:1—5, 9). შემდეგ კი ამბობს, რომ ვერც ის ქრისტიანი დადებს რწმენაზე თავს, რომელიც ხედავს, რომ თანაქრისტიანი გასაჭირშია, მაგრამ მის დასახმარებლად არაფერს აკეთებს. ასეთ რწმენას იაკობი „ფუჭს“ უწოდებს და ამბობს, რომ თუ რწმენას „საქმეები არ ახლავს თან, მკვდარია“ (იაკ. 2:14—17).

13. ვისი მაგალითი მოიყვანა იაკობმა იმის დასანახვებლად, რომ რწმენას საქმეები უნდა ახლდეს თან? (იაკობი 2:25, 26).

13 მისაბაძ მაგალითად იაკობს რახაბი მოჰყავს (წაიკითხეთ იაკობის 2:25, 26). მას გაგონილი ჰქონდა იეჰოვას შესახებ და ხვდებოდა, რომ ისრაელებს სწორედ ის უმართავდა ხელს (იეს. 2:9—11). მოსმენილი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ როცა განსაცდელში მყოფი ისრაელი მზვერავები ნახა, რწმენა საქმეებით გამოევლინა და თავისთან შეეფარებინა ისინი. ამის გამო ეს ცოდვილი უცხოტომელი ქალი აბრაამის მსგავსად მართლად ჩაითვალა. რახაბის მაგალითიდან შესანიშნავად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რწმენას საქმეები ახლდეს თან.

14. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ პავლესა და იაკობის მიერ გამოთქმული აზრები არ უპირისპირდება ერთმანეთს?

14 პავლე და იაკობი რწმენასა და საქმეებს შორის კავშირს სხვადასხვა კუთხით განიხილავდნენ. პავლეს იუდეველი ქრისტიანებისთვის იმის ჩვენება სურდა, რომ მხოლოდ მოსეს კანონის დაცვით იეჰოვას მოწონებას ვერასდროს დაიმსახურებდნენ. იაკობმა კი იმას გაუსვა ხაზი, რომ ყველა ქრისტიანის რწმენას კარგი საქმეები უნდა ახლდეს თან.

ფოტოკოლაჟზე ნაჩვენებია, როგორ ავლენენ რწმენას საქმეებით ქრისტიანები: 1) ძმა ესალმება კრების შეხვედრაზე ინვალიდის ეტლით მოსულ მამაკაცსა და მის მომვლელს; 2) და ღია ბარათს წერს; 3) ცოლ-ქმარი სტენდით მსახურობს.

აღგძრავთ რწმენა, ღვთისმოსაწონი საქმეები აკეთოთ? (იხილეთ აბზაცი 15).

15. რა საქმეები მეტყველებს ჩვენს რწმენაზე? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

15 მაშ, რა შეიძლება იყოს ის საქმეები, რომლებიც ჩვენს რწმენაზე მეტყველებს? ჩვენ გულთბილად უნდა მივიღოთ კრებაში ახალგადმოსულები თუ დაინტერესებულები, დახმარების ხელი გავუწოდოთ გასაჭირში მყოფ თანაქრისტიანებს და ვიზრუნოთ ოჯახის წევრებზე (რომ. 15:7; 1 ტიმ. 5:4, 8; 1 იოან. 3:18). და რაც მთავარია, მთელი ენთუზიაზმით უნდა ვუქადაგოთ სხვებს სასიხარულო ცნობა (1 ტიმ. 4:16). დიახ, ჩვენ საქმეებით უნდა ცხადვყოთ, რომ გვწამს იეჰოვას დაპირებების და მის ხელმძღვანელობას საუკეთესოდ მივიჩნევთ. ამ შემთხვევაში ოდნავაც არ უნდა შეგვეპაროს იმაში ეჭვი, რომ იეჰოვა ჩვენც ჩაგვთვლის მართლად და თავის მეგობრებს გვიწოდებს.

ᲘᲛᲔᲓᲘ

16. რა იყო აბრაამის რწმენის საფუძველი?

16 აბრაამის მაგალითზე იმასაც ვიგებთ, რა უნდა იყოს ჩვენი რწმენის საფუძველი. როგორც რომაელების მე-4 თავიდან ჩანს, ეს არის იმედი. იეჰოვამ აბრაამს გასაოცარი დაპირება მისცა — მისით იკურთხებოდა მრავალი ერი (დაბ. 12:3; 15:5; 17:4; რომ. 4:17). თუმცა ამ დანაპირების შესრულებას პირი არ უჩანდა — აბრაამი 100 წელს იყო მიტანებული, სარა — 90-ს, მათ კი შვილი ჯერაც არ ჰყავდათ. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ შეუძლებელი იყო, ამ ასაკში შვილი ჰყოლოდათ. ეს ნამდვილად გამოცდიდა აბრაამის რწმენას. თუმცა ის „მაინც იმედოვნებდა და სწამდა, რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა“ (რომ. 4:18, 19). მას იმედი არ გაუმტყუნდა და საბოლოოდ ნანატრი ვაჟი შეეძინა, რომელსაც ისაკი დაარქვა (რომ. 4:20—22).

17. საიდან ვიცით, რომ შეგვიძლია ღვთის თვალში მართლად ჩავითვალოთ და მისი მეგობრები ვიყოთ?

17 როგორც დავინახეთ, აბრაამის მსგავსად ჩვენც შეგვიძლია ღვთის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, მის თვალში მართლად ჩავითვალოთ და მისი მეგობრები ვიყოთ. ამ აზრს პავლემაც გაუსვა ხაზი, როცა თქვა: «სიტყვები „ეს სიმართლედ ჩაეთვალა“, მხოლოდ მისი [ანუ აბრაამის] გულისთვის კი არ დაიწერა, არამედ ჩვენი გულისთვისაც, ვინც მართლებად ჩავითვლებით, რადგან გვწამს მისი, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო» (რომ. 4:23, 24). დიახ, მართლად რომ ჩავითვალოთ, აბრაამის მსგავსი რწმენა უნდა გვქონდეს, ჩვენს რწმენას თან უნდა ახლდეს საქმეები და უნდა ჩავეჭიდოთ იმედს. იმედის შესახებ მსჯელობას პავლე რომაელების მე-5 თავში აგრძელებს. სწორედ ამ თავს მიმოვიხილავთ შემდეგ სტატიაში.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რას გულისხმობდა პავლე, როცა თქვა, რომ „ადამიანი რწმენით მართლდება და არა კანონით დადგენილი საქმეებით“?

  • იაკობის სიტყვების თანახმად, რა კავშირია რწმენასა და საქმეებს შორის?

  • რა საქმეები მეტყველებს ჩვენს რწმენაზე?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 28 იეჰოვასთან დამეგობრება

a თითოეული ჩვენგანის სურვილია, ღვთის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ და მის თვალში მართლად ჩავითვალოთ. ამ სტატიაში განვიხილავთ პავლესა და იაკობის წერილებს და დავინახავთ, რომ ეს აუხდენელი ოცნება არ არის. აგრეთვე ვიმსჯელებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, გვქონდეს რწმენა და ჩვენს რწმენას თან ახლდეს საქმეები.

b ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: პავლე მოუწოდებდა ებრაელ ქრისტიანებს, რომ აქცენტი რწმენაზე გადაეტანათ და არა მოსეს კანონით დადგენილ საქმეებზე, მაგალითად ისეთებზე, როგორებიც იყო ტანსაცმელზე ლურჯი ძაფის შემოვლება, პასექის აღნიშვნა და იუდაისტური წესის მიხედვით ხელების დაბანა.

c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: იაკობი მოუწოდებდა ქრისტიანებს, რომ რწმენა სხვებისთვის სიკეთის კეთებით დაემტკიცებინათ, მაგალითად, დახმარება აღმოეჩინათ გაჭირვებულებისთვის.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება