უგანდა
საუკუნეების განმავლობაში მოგზაურები ცდილობდნენ დაედგინათ, საიდან იღებდა სათავეს წყალუხვი ნილოსი, რომელიც აფრიკის კონტინენტის ნახევარს გაივლის და ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. ბოლოს ზოგმა მკვლევარმა დაასკვნა, რომ ნილოსის ძირითადი მასაზრდოებელი წყარო ტბა ვიქტორია და მის გარშემო ცადატყორცნილი მთებიდან ჩამომავალი წყლები იყო. მაგრამ ბოლო რამდენიმე ათწლეულია, რაც იქაურებმა გაცილებით ძვირფასი წყლის — „სიცოცხლის წყლის“ — სათავეს მიაგნეს, რომელიც მათთვის „მარადიული სიცოცხლის“ წყაროდ იქცა (იოან. 4:10—14). ახლა სწორედ ამ, „სიმართლეს . . . მოწყურებულ“, უგანდელებზე მოგითხრობთ (მათ. 5:6).
„აფრიკის მარგალიტი“
უგანდა, ეს თვალწარმტაცი ქვეყანა, აფრიკის შუაგულში, ეკვატორის ორივე მხარეს მდებარეობს. იქ ზომიერი კლიმატია. რუვენზორის უზარმაზარი მთაგრეხილის, იგივე მთვარის მთების, მყინვარებიდან მჩქეფარე კამკამა წყლები უამრავ მდინარესა და ტბაში ჩაედინება. ნოყიერი მიწა და დიდი რაოდენობით ნალექი იდეალურ პირობებს ქმნის ყავის, ჩაისა და ბამბის მოსაყვანად. უხვად მოდის შაქარა ბანანი, რომლისგანაც უგანდელები თავიანთ ძირითად კერძს, „მატუკს“ ამზადებენ. მათ საკვებ პროდუქტებში აგრეთვე შედის მანიჰოტი, სიმინდი, ფეტვი და სორგო.
ამ ტროპიკულ ქვეყანაში ბინადრობენ ლომები, სპილოები, ბეჰემოთები, ნიანგები, ჯიქები, ჟირაფები, ანტილოპები, მაიმუნთა ოჯახის ცელქი და სასაცილო წარმომადგენელი შიმპანზეები და გადაშენების პირას მყოფი მთის გორილები. მთელ მიდამოს ნაირფერი ფრინველების საამური ჭიკჭიკი ატკბობს. უგანდა იმდენად თვალწარმტაცი ქვეყანაა, რომ მას „აფრიკის მარგალიტიც“ კი უწოდეს.
უგანდის საუცხოო ხალხი
უგანდაში დაახლოებით 30 ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ცხოვრობს და მოსახლეობა თითქმის 30 მილიონს აღწევს. უმეტესობას აინტერესებს რელიგია და ბევრიც ქრისტიანული ეკლესიების მრევლია. მაგრამ, როგორც ყველგან, მათ თაყვანისმცემლობაშიც იგრძნობა ადგილობრივი ადათ-წესების გავლენა. ამ ქვეყნის მცხოვრებნი, ჩვეულებრივ, თავაზიანნი და სტუმართმოყვარენი არიან. როგორც წესი, უგანდელი მუხლს იყრის, როცა თავისზე უფროსს ესალმება ან რაიმე სამსახურს უწევს.
სამწუხაროდ 70-იან და 80-იან წლებში უგანდაში დიდი პოლიტიკური არეულობა იყო, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა; ამ ყველაფერმა კი ღრმა კვალი დატოვა ულამაზეს „აფრიკის მარგალიტზე“ და მის მშვენიერ ხალხზე. გარდა ამისა, შიდს-ის ეპიდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა უგანდელი ხალხის გასაჭირი. ამ რთულ ვითარებაში იეჰოვას მოწმეები ანუგეშებდნენ და იმედს უნერგავდნენ უგანდელებს, რომლებიც გასაჭირის მიუხედავად არ კარგავდნენ ცხოვრების ხალისს.
ნამდვილი პიონერები
პირველი ოფიციალური მონაცემები უგანდაში სასიხარულო ცნობის ქადაგების შესახებ 1931 წელს დაფიქსირდა. ამ დროს სამხრეთ აფრიკის ფილიალი ხელმძღვანელობას უწევდა სამქადაგებლო საქმიანობას ეკვატორის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში. სასიხარულო ცნობა რომ გავრცელებულიყო ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე, სადაც დღეს კენია, უგანდა და ტანზანია მდებარეობს, ფილიალმა ორი პიონერი ძმა, რობერტ ნიზბეტი და დეივიდ ნორმანი, გაგზავნა.
ძმა ნიზბეტი და ძმა ნორმანი მზად იყვნენ, ძალ-ღონე არ დაეშურებინათ იმისათვის, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას შუაგულ აფრიკაშიც შეეღწია. 1931 წლის 31 აგვისტოს მათ თავიანთი სამქადაგებლო მოგზაურობა დარ-ეს-სალამიდან დაიწყეს; თან წაიღეს ლიტერატურით სავსე ორასი ყუთი. იქიდან კუნძულ ზანზიბარზე გადავიდნენ, საიდანაც საპორტო ქალაქ მომბასის გავლით კენიის მთაგორიან მხარეს ესტუმრნენ. მატარებლით მგზავრობისას გზადაგზა ისინი ტბა ვიქტორიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქებში ქადაგებდნენ. შემდეგ ამ ორმა გაბედულმა პიონერმა ტბა გემით გადაკვეთა და უგანდის დედაქალაქ კამპალას ეწვია. მათ იქ უამრავი ლიტერატურა გაავრცელეს; ზოგმა „ოქროს ხანის“ გამოწერაც კი ითხოვა. კამპალიდან ძმებმა გზა მანქანით განაგრძეს, რათა შუაგულ უგანდაშიც ექადაგათ.
ოთხი წლის შემდეგ, 1935 წელს, ოთხმა სამხრეთ აფრიკელმა პიონერმა აღმოსავლეთ აფრიკაში სამქადაგებლო მოგზაურობა წამოიწყო. ესენი იყვნენ გრეი სმიტი თავის მეუღლესთან, ოლგასთან ერთად და რობერტ ნიზბეტი თავის უმცროს ძმასთან, ჯორჯთან ერთად. მათ ჰყავდათ ორი კარგად მოწყობილი ავტოფურგონი, რომლებშიც ცხოვრება შეიძლებოდა. ეს მამაცი პიონერები საშინელ გზებს არ უშინდებოდნენ და ზოგჯერ სამ-მეტრიან ბალახშიც კი მიიკვლევდნენ გზას. ადრე გამოცემულ ერთ-ერთ წელიწდეულში მათ შესახებ ასეთი რამ იყო ნათქვამი: „ხშირად ტრიალ მინდორში ეძინათ, სადაც აფრიკის ველური ბუნების გულისცემას გრძნობდნენ — ღამღამობით ესმოდათ ლომების ღრიალი, ხედავდნენ ჟირაფებსა და მშვიდად მობალახე ზებრების ჯოგებს, ზოგჯერ კი ამ სიმშვიდეს მარტორქები და სპილოები არღვევდნენ, რომელთა გამოჩენაც ყველას თავზარს სცემდა“. მრავალი საფრთხის მიუხედავად, მათ სამეფოს ცნობა ისეთ ქალაქებში იქადაგეს, სადაც მანამდე არავის ექადაგა.
გრეი და ოლგა სმიტები დროებით ტანგანიიკაში (დღევანდელი ტანზანია) გაჩერდნენ, რობერტ და ჯორჯ ნიზბეტები კი ნაირობიში (კენია) გაემგზავრნენ. მაგრამ მოგვიანებით კოლონიური მთავრობის მოთხოვნით სმიტებმა ტანგანიიკა დატოვეს და გეზი კამპალისკენ (უგანდა) აიღეს. ამჯერად მათ იქ საქადაგოდ ხელსაყრელი პირობები არ დახვდათ, რადგან კამპალის პოლიციის გამუდმებული თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდნენ. ამის მიუხედავად, სმიტებმა სულ რაღაც ორ თვეში 2 122 წიგნი და ბროშურა გაავრცელეს და ექვსი საჯარო შეხვედრა ჩაატარეს. ბოლოს გამგებელმა მათი დეპორტაციის ბრძანება გასცა და წყვილს უგანდის დატოვება მოუწია. სამხრეთ აფრიკაში დაბრუნებამდე ისინი ნაირობიში ჩავიდნენ, სადაც რობერტ და ჯორჯ ნიზბეტებს შეხვდნენ.
იეჰოვას შეწევნით ამ პიონერთა სამქადაგებლო მოგზაურობებს ფუჭად არ ჩაუვლია და ბრწყინვალედ იქნა დამოწმებული სასიხარულო ცნობა. რელიგიური პირების წინააღმდეგობისა და კოლონიური მთავრობის ზეწოლის მიუხედავად, პიონერებმა 3 000-ზე მეტი წიგნი და 7 000-ზე მეტი ბროშურა გაავრცელეს; გარდა ამისა, ბევრმა პიონერებს სთხოვა, მათთვის ჟურნალები გამოეწერათ. ამ მოგზაურობებიდან მრავალმა წელმა განვლო უგანდაში სამქადაგებლო საქმიანობის განახლებამდე.
ქადაგების განახლება
1950 წლის აპრილში ახალგაზრდა ინგლისელი ცოლ-ქმარი, კილმინსტრები კამპალაში დასახლდნენ. ისინი ენთუზიაზმით ქადაგებდნენ სამეფოს ცნობას და მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ამ ცნობას ორი ოჯახი გამოეხმაურა, ერთი ბერძნების, მეორე კი იტალიელების.
1952 წლის დეკემბერში ძმა ნორი და ძმა ჰენშელი იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოდან (ნიუ-იორკი) ნაირობის (კენია) ესტუმრნენ. ძმა კილმინსტერს არ უნდოდა, ხელიდან გაეშვა მათთან შეხვედრის შესაძლებლობა, ამიტომ კამპალიდან ნაირობისკენ მიმავალ გრძელ გზას დაადგა. ძმა ნორმა და ძმა ჰენშელმა იქაური მაუწყებლების პატარა ჯგუფი გაამხნევეს და კამპალაში კრების ჩამოყალიბებასაც ორგანიზება გაუწიეს. ახალჩამოყალიბებულმა კრებამ მალევე გამოიღო კარგი ნაყოფი. 1954 სამსახურებრივ წელს სამქადაგებლო საქმეში ამ კრების ათი მაუწყებელი მონაწილეობდა.
იმავე წელს ერიკ კუკი სამხრეთი როდეზიის ფილიალიდან (დღევანდელი ზიმბაბვე) ეწვია აღმოსავლეთ აფრიკას და კამპალაში ახლად ჩამოყალიბებულ კრებასთან ცოტა ხანი თანამშრომლობდა. იქაური ძმები მართალია ატარებდნენ „საგუშაგო კოშკის“ ყოველკვირეულ შეხვედრას, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ აქტიურად ჩაბმულნი სამქადაგებლო საქმეში. ამიტომ ძმა კუკმა ურჩია ძმა კილმინსტერს, კრების ყველა შეხვედრა ჩაეტარებინა, მათ შორის ყოველკვირეული სამსახურებრივი შეხვედრაც. სამქადაგებლო საქმის წინ წასაწევად ძმა კუკი მოუწოდებდა კრების წევრებს, კარდაკარ ემსახურათ და რამდენიმე მაუწყებელს სიყვარულით ეხმარებოდა, დახვეწილიყვნენ ქადაგებაში.
ამ დროისთვის ძმები, ძირითადად, უგანდაში მცხოვრებ ევროპელებს უქადაგებდნენ. როგორც ძმა კუკმა შენიშნა, კამპალაში მცხოვრებ უგანდელთა უმეტესობა ლუგანდა ენაზე ლაპარაკობდა. ამიტომ მან ძმებს შესთავაზა, რომელიმე პუბლიკაცია ლუგანდა ენაზე ეთარგმნათ, რათა სასიხარულო ცნობას ადგილობრივი ხალხის გულამდეც მიეღწია. 1958 წელს მაუწყებლებმა დაიწყეს ლუგანდა ენაზე ახლად გამოცემული ბროშურის „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ გავრცელება. ამან დიდი ბიძგი მისცა სამქადაგებლო საქმიანობას. ეს საქმე სულ უფრო და უფრო მიიწევდა წინ და 1961 წელს სამეფოს მაუწყებელთა უმაღლესმა რიცხვმა ცხრამეტს მიაღწია.
ერთხელ სამსახურში ძმა კილმინსტერი შეხვდა ენერგიულ უგანდელ მამაკაცს, ჯორჯ კადუს, რომელიც დაახლოებით ორმოცი წლის იყო და თავისი მშობლიური ენის, ლუგანდას გარდა, ინგლისურსაც კარგად ფლობდა. ჯორჯს ღვთის სახელის გაგებამ ჭეშმარიტებისადმი ინტერესი აღუძრა; გადაწყვიტა, ბიბლიის შესწავლა დაეწყო. მალე ის ძმა კილმინსტერს კარდაკარ მსახურებაში დაჰყვებოდა როგორც თარჯიმანი. მაშინ, როცა 1956 წელს უგანდაში პირველი ნათლობა ჩატარდა ტბა ვიქტორიაზე ქალაქ ენტებესთან ახლოს, ჯორჯი იეჰოვასთვის თავის მიძღვნის ნიშნად მოინათლა.
სამწუხაროდ ცოტა ხნის შემდეგ სამქადაგებლო საქმიანობა საგრძნობლად შენელდა. ზოგიერთი უცხოელი ძმა სამუშაო კონტრაქტის დასრულების შემდეგ თავის სამშობლოში დაბრუნდა. ზოგი ძმა გაირიცხა, ზოგი კი დაბრკოლდა კრების რამდენიმე წევრის არასწორი საქციელის გამო. მაგრამ ძმა კადუს ძალიან უყვარდა იეჰოვა და დარწმუნებული იყო, რომ მას ჭეშმარიტება ჰქონდა ნაპოვნი. ის ჩაეჭიდა ჭეშმარიტებას „კარგ დროშიც და ცუდ დროშიც“ და სიკვდილამდე, 1998 წლამდე, ერთგულად მსახურობდა უხუცესად (2 ტიმ. 4:2).
მსახურება იქ, სადაც დიდი საჭიროებაა
აღმოსავლეთ აფრიკის ვრცელ ტერიტორიაზე სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი თითზე ჩამოსათვლელი იყო; ამიტომ ისინი დახმარებას საჭიროებდნენ. ტერიტორიის სიდიდის გარდა, სხვა სირთულეებიც არსებობდა. კოლონიური მთავრობა მისიონერების რეგიონში შესვლას კრძალავდა. რის გაკეთება შეიძლებოდა?
1957 წელს მთელ მსოფლიოში გაისმოდა მოწოდება, მაუწყებლებს ემსახურათ იქ, სადაც დიდი საჭიროება იყო. განსაკუთრებით სულიერად მოწიფულ ძმებს მოუწოდებდნენ, გადასულიყვნენ ასეთ ტერიტორიებზე. იმ წელს გავრცელებული მოწოდება ჰგავდა მოციქულ პავლეს ხილვაში ნანახი მაკედონელი კაცის მუდარას: „ჩამოდი მაკედონიაში და დაგვეხმარე“ (საქ. 16:9, 10). როგორ იმოქმედა მსოფლიოში გაჟღერებულმა მოწოდებამ უგანდაში სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლაზე?
ფრენკ და მერი სმიტებმაa ესაიას მსგავსად მზადყოფნის სული გამოავლინეს და დაუყოვნებლივ დაიწყეს მზადება აღმოსავლეთ აფრიკაში გადასასვლელად (ეს. 6:8). 1959 წლის ივლისში ისინი ნიუ-იორკიდან გემით გაემგზავრნენ და კეიპტაუნის გავლით ჩავიდნენ მომბასაში. იქიდან მატარებლით კამპალისკენ გაეშურნენ, სადაც ფრენკმა ქიმიკოსად დაიწყო მუშაობა გეოლოგიურ კვლევით ცენტრში. სმიტები დასახლდნენ კამპალიდან 35 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ენტებეში. ტბა ვიქტორიის სანაპიროზე გაშენებულ ამ უმშვენიერეს ქალაქში სასიხარულო ცნობა მანამდე არავის ექადაგა. სმიტები რეგულარულად ჩადიოდნენ კამპალაში, რათა დასწრებოდნენ კრების შეხვედრებს. იმ დროს კამპალის კრება პატარა იყო, თუმცა რიცხობრივად სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.
მოგვიანებით სმიტებმა გააცნეს ჭეშმარიტება უგანდის სახელმწიფო სამსახურის მაღალი თანამდებობის პირს, პიტერ ჯაბსა და მის მეუღლეს, ესთერს. მანამდე პიტერისთვის ვიღაცას მიეცა წიგნი „რა მოუტანა რელიგიამ კაცობრიობას?“,b მაგრამ, რადგან ძალიან გადატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა, მის გადასაშლელად ვერც კი მოეცალა. სამსახურის გამო მას ხშირად უწევდა ქალაქიდან ქალაქში გადასვლა. მოგვიანებით პიტერმა რთული დავალება მიიღო; მას შუამდგომლობა უნდა გაეწია ერთ-ერთი ტომის ორი დაპირისპირებული მხარისთვის, რომელთაც მიწები ვერ გაეყოთ. სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იყო, ამიტომ მან ილოცა: „ღმერთო, თუ დამეხმარები, ძებნას დაგიწყებ“. როცა დავა მოგვარდა და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, პიტერს გაახსენდა თავისი ლოცვა და ზემოხსენებული წიგნის კითხვა დაიწყო. ის მიხვდა, რომ რასაც კითხულობდა, ჭეშმარიტება იყო და მოწმეების ძებნას შეუდგა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ფრენკ სმიტს შეხვდა. ძმა სმიტი სიამოვნებით დათანხმდა, პიტერს, მისთვის და მისი ცოლისთვის ბიბლია ესწავლებინა. მოგვიანებით ეს შესანიშნავი ცოლ-ქმარი მოინათლა. ორმოცზე მეტი წელია, რაც ისინი ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას და დღესაც აქტიურად ქადაგებენ სამეფოს ცნობას.
საზღვარგარეთ მცხოვრები სხვა ძმებიც გამოეხმაურნენ მოწოდებას და გადავიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც თითქმის არავის ექადაგა. ზოგმა ისეთ სამსახურში დაიწყო მუშაობა, რომ კამპალის მცირერიცხოვანი კრებიდან შორს უწევდა ცხოვრება. ერთი წყვილი კამპალიდან 300 კილომეტრის მოშორებით უგანდის სამხრეთ-დასავლეთ მთაგორიან მხარეში, პატარა ქალაქ მბარარაში დასახლდა. ისინი „საგუშაგო კოშკის“ შესწავლასა და წიგნის შესწავლას თავიანთ სახლში ატარებდნენ, თუმცა დროდადრო კამპალაში ან ენტებეში ჩადიოდნენ, რათა თანამორწმუნეებთან ურთიერთობით გამხნევებულიყვნენ. ისინი ასევე აქტიურად თანამშრომლობდნენ ჩრდილოეთი როდეზიის (დღევანდელი ზამბია) ქალაქ ლუანშიაში არსებულ ფილიალთან, რომელიც იმ დროს ხელმძღვანელობას უწევდა სამქადაგებლო საქმიანობას აღმოსავლეთ აფრიკაში. ჰარი ერნოტი, ფილიალის მაშინდელი ზედამხედველი კამპალაში ჩავიდა როგორც სამხარეო ზედამხედველი, რათა გაემხნევებინა უგანდაში მცხოვრები ერთი მუჭა მაუწყებელთა ჯგუფი. ისინი ძალიან აფასებდნენ მის მზრუნველობას.
კიდევ ერთ წყვილს, ინგლისელ ტომ კუკსა და მის ცოლს ენს, ძალიან უნდოდა იქ მსახურება, სადაც დიდი საჭიროება იყო. რომელიმე ასეთ ქვეყანაში სამსახური რომ ეშოვა, ტომმა არაერთი განცხადება შეავსო და გააგზავნა. ბოლოს უგანდის განათლების სამინისტროდან მიიღო მოწვევა და დაიწყო კიდეც მუშაობა. სამსახურის გამო ტომი, ენი და მათი ოთხი წლის გოგონა, სარა, კამპალიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 130 კილომეტრში პატარა ქალაქ იგანგაში გადავიდნენ საცხოვრებლად. მეორე გოგონას, რეიჩელის დაბადების შემდეგ ისინი გადავიდნენ ქალაქ ჯინჯაში. იმ ადგილს, სადაც ეს ქალაქი მდებარეობს, ნილოსის სათავეს უწოდებენ. მოგვიანებით კი კამპალაში დასახლდნენ.
მსხვერპლი და კურთხევები
ამ ოჯახებმა მართლაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უგანდაში სამქადაგებლო საქმიანობის წინ წაწევაში. მართალია, დატოვეს ჩვეული კომფორტული ცხოვრება, მაგრამ მათ დიდ სიხარულს ანიჭებდა იმის დანახვა, თუ როგორ იცვლებოდნენ თავმდაბალი ადამიანები და როგორ ხდებოდნენ სასიხარულო ცნობის მორჩილნი. გაერთიანებულმა თაყვანისცემამ და სასიამოვნო ურთიერთობებმა მათი ოჯახები და უგანდელი იეჰოვას მოწმეთა ოჯახები ძლიერი ქრისტიანული სიყვარულით გააერთიანა.
ტომ კუკი იხსენებს: „ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მსახურების დროს ხალხის თავაზიანობა და მათი ღირსეული და მოკრძალებული საქციელი. ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო, რომ შეგვეძლო მცირე წვლილი შეგვეტანა კრების ზრდაში“.
ტომი იმაზე საუბრისას, თუ რას ფიქრობდა ამ ყველაფერზე, ამბობს: „ჩვენი ახალგაზრდა ოჯახი იეჰოვას მსახურებისთვის უკეთეს პირობებს ვერ ინატრებდა. ვხედავდით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული და-ძმების შესანიშნავ მაგალითს, ვხარობდით მოსიყვარულე და ერთგულ უგანდელ ძმებთან ურთიერთობით; წილად გვხვდა პატივი, შეგვესრულებინა სხვადასხვა დავალება ღვთის ორგანიზაციაში, თავისუფალი ვიყავით ტელევიზორის გავლენისგან და შესაძლებლობა გვქონდა, დავმტკბარიყავით აფრიკის საუცხოო ბუნებით. ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ კურთხევებიდან, რაც წილად გვხვდა“.
და-ძმები, რომლებიც მსახურობდნენ იქ, სადაც დიდი საჭიროება იყო, ძალიან აფასებდნენ თანაქრისტიანებთან ურთიერთობას, რაც აღძრავდა მათ, შორი მანძილის მიუხედავად, ყოველწლიურად დასწრებოდნენ კენიაში სარაიონო კონგრესებს. კონგრესზე დასასწრებად და უკან დასაბრუნებლად მათ ავტობუსით ან მატარებლით 1 500 კილომეტრის გავლა უწევდათ.
საოლქო კონგრესებზე დასწრება უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვდა. მაგალითად, 1961 წელს უგანდასა და კენიაში მცხოვრები და-ძმები საოლქო კონგრესს ჩრდილოეთ როდეზიაში (დღევანდელი ზამბია) მდებარე ქალაქ კიტვეში ესწრებოდნენ. ერთი ძმა იხსენებს: „ოთხი დღე მოვანდომეთ 1 600 კილომეტრიანი გზის გავლას ტანგანიიკის (დღევანდელი ტანზანია) საშინელ, უმეტესწილად, ღორღიან გზებზე და შინ უგანდაში დასაბრუნებლად კიდევ ოთხი დღე გავიარეთ აფრიკის სავანაში მტვერსა და პაპანაქებაში. ეს იყო თავგადასავლებისა და და-ძმებთან გამამხნევებელი ურთიერთობის ბედნიერი წუთები“. მართალია, ასეთი დამქანცველი გზის გავლა ძმებისგან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა, მაგრამ სამაგიეროდ ისინი სულიერად მხნევდებოდნენ.
მისიონერთა ფასდაუდებელი ღვაწლი
1962 წელს უგანდამ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1963 წელს ძმა ჰენშელი ჩავიდა ნაირობიში (კენია) და ადგილობრივ ძმებს შეხვდა. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ის მათთან ერთად მსჯელობდა, იყო მისიონერების გაგზავნა უგანდაში. მაგრამ, ვის გაგზავნიდნენ იქ?
ტომ და ბეთელ მაკლეინები, სკოლა „გალაადის“ 37-ე კლასის კურსდამთავრებულები, მსახურებისთვის ნაირობიში არცთუ ისე დიდი ხნის ჩასულები იყვნენ. მაგრამ მათდა გასაკვირად ისინი კამპალაში გაგზავნეს. მაკლეინები მზადყოფნით შეხვდნენ ახალ დავალებას. ისინი სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებული პირველი მისიონერები იყვნენ უგანდაში. ტომი ამბობს: „თავიდან ძალიან გვენატრებოდა კენია, თუმცა მალევე ავუღეთ ალღო უგანდურ ცხოვრებას, რადგან იქაურები მეგობრულები იყვნენ და დიდი ენთუზიაზმით ეხმაურებოდნენ სასიხარულო ცნობას“.
ტომი და ბეთელი კენიაში სუაჰილს სწავლობდნენ, ახლა კი მათ ახალი ენა, ლუგანდა უნდა ესწავლათ. მაგრამ საამისოდ მათ დიდი მონდომების, იეჰოვასადმი ნდობისა და ერთი თვითმასწავლებლის გარდა არაფერი გააჩნდათ. უგანდაში ჩასვლიდან პირველ თვეში ენის სწავლას 250 საათი დაუთმეს, მეორე თვეში კი — 150 საათი. გარდა ამისა, ამ პერიოდში ას-ას საათს ქადაგებდნენ. ისინი ნელ-ნელა ეუფლებოდნენ ახალ ენას და მსახურების შედეგებით ხარობდნენ.
1964 წლის იანვარში სკოლა „გალაადის“ 38-ე კლასის კურსდამთავრებულები, გილბერტ და ჯოან უოლტერსები, ტომსა და ბეთელს შეუერთდნენ მსახურებაში. ორი სხვა წყვილი, 38-ე კლასის კურსდამთავრებულები, სტივენ და ბარბარა ჰარდები და რონ და ჯენი ბიკნელები მეზობელ ბურუნდიში დანიშნეს, მაგრამ ვიზებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ისინიც უგანდაში გაგზავნეს. ასე რომ, ძალიან მცირე ხანში საჭირო გახდა კიდევ ერთი მისიონერთა სახლის გახსნა კამპალაში.
კამპალის კრება ნამდვილად დაუვიწყარი იყო. იქ მსახურობდნენ ძმა კადუ და მისი ოჯახი, ჩრდილოეთ როდეზიელი სპეციალური პიონერები, ჯონი და იუნის ბვალები თავიანთ შვილებთან ერთად და მარგარეტ ნიენდე თავის შვილებთან ერთად. კრების შეხვედრები, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ ტარდებოდა. „გამვლელებს შეეძლოთ დავენახეთ და მოესმინათ ჩვენი ერთი ციცქნა ჯგუფისთვის, — იხსენებს გილბერტ უოლტერსი. — ბვალების ოჯახის წევრები მუსიკის გარეშე იწყებდნენ სამეფო სიმღერების მღერას მრავალ ხმაში, დანარჩენები კი მათ ვყვებოდით და ჩვენი სიმღერა მთელ სამეზობლოში ისმოდა. ამან შეგვმატა მხნეობა, რომ გაგვეგრძელებინა ჩვენი მსახურება“.
მოგვიანებით გილბერტ და ჯოან უოლტერსები ახალი მისიონერთა სახლის გასახსნელად ჯინჯაში გაგზავნეს, სადაც მანამდე ერთ-ორ იეჰოვას მოწმეს თუ ექადაგა. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ორი მისიონერთა სახლი გაიხსნა, ერთი მბალეში, კენიის საზღვართან ახლოს, მეორე კი მბარარაში. იქ მცხოვრები მისიონერები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სპეციალურ პიონერებთან თანამშრომლობდნენ. აშკარად ჩანდა, რომ ყანები გადათეთრებული იყო მოსამკელად (იოან. 4:35). რის გაკეთება შეიძლებოდა ამ საქმის დასაჩქარებლად?
ორგანიზებული მსახურება
უგანდაში მცხოვრები სრული დროით მსახურები, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ, ყველასთვის ექადაგათ თავიანთ დიდ ტერიტორიაზე. თავიდან ისინი ქადაგებდნენ ისეთ დასახლებებში, სადაც ქუჩებს სახელები ჰქონდა და სახლები დანომრილი იყო. მაგრამ, როგორ უნდა ექადაგათ ორგანიზებულად იქ, სადაც არც ქუჩებს ჰქონდა სახელები და არც სახლები იყო დანომრილი?
ტომ მაკლეინი გვიყვება: „ტერიტორია გორაკებად დავყავით. ერთი წყვილი გორაკის ერთი მხრიდან იწყებდა ქადაგებას, მეორე წყვილი კი — მეორე მხრიდან. მანამდე მივუყვებოდით ბილიკებს, სანამ ერთმანეთს არ შევხვდებოდით“.
მალე უცხოელი ძმების მხარდამხარ სულ უფრო და უფრო მეტი უგანდელი მოწმე მსახურობდა, რომლებიც კარგად იცნობდნენ ადგილობრივ ტერიტორიასა და კულტურას. თავის მხრივ, უცხოელი და-ძმები თავიანთ გამოცდილებას ადგილობრივ მაუწყებლებს უზიარებდნენ. მაგალითად, ჯინჯაში უგანდელი ძმები უკვე მსახურობდნენ მისიონერებთან ერთად. კვირაობით ისინი ჯერ კარდაკარ ქადაგებდნენ დილის რვა საათიდან ათ საათამდე, მერე ერთი საათის განმავლობაში განმეორებით მონახულებებს აკეთებდნენ, ბოლოს კი ვინმესთან ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ. ამგვარად კრების წევრები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ და ამხნევებდნენ.
ჯინჯაში, სიდიდით უგანდის მეორე ქალაქში, ჰიდროელექტროსადგური იყო, რაც ინდუსტრიის განსავითარებლად საუკეთესო პირობებს ქმნიდა. მისიონერები დიდი წარმატებით ქადაგებდნენ ქალაქის ხალხმრავალ ავტოსადგურებში. ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხი დიდი სიამოვნებით იღებდა ბიბლიურ ლიტერატურას გზაში წასაკითხად. ამგვარად, სასიხარულო ცნობა შორეულ სოფლებშიც გავრცელდა.
ძმები რადიოგადაცემების საშუალებითაც ცდილობდნენ, რომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიეწოდებინათ სასიხარულო ცნობა. კვირაში ერთხელ ეროვნული რადიოს არხზე მათ მიჰყავდათ გადაცემა სახელწოდებით „რაზე ფიქრობს ხალხი?“. ამ გადაცემას დიალოგის ფორმა ჰქონდა, სადაც „ბატონი რობინსი“ და „ბატონი ლი“ საუბრობდნენ ისეთ საინტერესო საკითხებზე, როგორიცაა: „როგორ მოვაგვაროთ ოჯახური პრობლემები?“ და „როგორ დავიცვათ თავი ბოროტმოქმედებისა და მოძალადეებისგან?“. ერთი მათგანი იხსენებს: „უჩვეულო იყო, რომ აფრიკის ერთ-ერთ რადიოარხზე ამერიკული და შოტლანდიური აქცენტით მოლაპარაკე ადამიანებს მიჰყავდათ გადაცემა. მსახურებისას ხშირად ვიგებდით ხალხის აზრს ამ გადაცემაზე და ვხვდებოდით, რომ ის თავის საქმეს აკეთებდა“.
ახალი მაუწყებლებისთვის გაწეული დახმარება
ამ პერიოდში ჯინჯაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები კრების შეხვედრებს ქალაქის ყველაზე დიდი დასახლების, უალკუბას კლუბში ატარებდნენ. „ბევრი ძმა ახალი იყო და პუბლიკაციები თითქმის არ ჰქონდათ, რომ კრების შეხვედრებისთვის დავალებები მოემზადებინათ“, — იხსენებს ტომ კუკი. რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო მათ დასახმარებლად?
„მისიონერებმა ბიბლიოთეკა მოაწყვეს ერთ-ერთი ძმის სახლში, რომელიც ამ დასახლების ცენტრში ცხოვრობდა. ორშაბათ საღამოს, ისინი, ვისაც დავალება ჰქონდა, იქ მიდიოდნენ და მისიონერები მასალის მოძებნასა და მომზადებაში ეხმარებოდნენ“, — ამბობს ტომი. ახლა ჯინჯას შემოგარენში არაერთი კრებაა. მდინარე ნილოსის სათავესთან კვლავაც წარმატებით მიმდინარეობს სულიერი თევზჭერა.
მიმომსვლელი ზედამხედველების როლი კრებების სულიერ ზრდაში
1963 წლის სექტემბრიდან უგანდაში სამქადაგებლო საქმიანობას კენიის ახალგახსნილი ფილიალი ხელმძღვანელობდა. სარაიონო ზედამხედველს, უილიამ ნიზბეტსა და მის მეუღლეს, მიურიელს დაევალათ, რომ ნაირობის გარდა უგანდაც მოენახულებინათ. აღსანიშნავია, რომ ამგვარად უილიამი ფეხდაფეხ გაჰყვა თავისი უფროსი ძმების, რობერტისა და ჯორჯის, ნაკვალევს, რომლებმაც უგანდაში დაახლოებით 30 წლის წინ პირველებმა იქადაგეს. ასე რომ, უგანდელი მაუწყებლების სამსახურში ახლა უკვე თავდაუზოგავი ნიზბეტების „მეორე ცვლა“ ჩადგა.
სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ჭეშმარიტებისადმი ინტერესი და ყალიბდებოდა ახალი ჯგუფები. მაუწყებლები ქვეყნის სხვადასხვა მხარეში ცხოვრობდნენ. ამ დაქსაქსულად მცხოვრები და-ძმებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მიმომსვლელი ზედამხედველების მონახულება, რადგან ამ დროს შეეძლოთ ესწავლათ მათგან, მიეღოთ გამხნევება და დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ „იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი“ (1 პეტ. 3:12).
1965 წელს სტივენ და ბარბარა ჰარდები გაემგზავრნენ თავიანთი რაიონის კრებების მოსანახულებლად, უგანდით დაწყებული 2 600 კილომეტრის მოშორებით ინდოეთის ოკეანეში მდებარე სეიშელის კუნძულებით დამთავრებული. უგანდაში ყოფნისას ისინი აკვირდებოდნენ, თუ სად იქნებოდა პიონერული მსახურება უფრო ნაყოფიერი. მათ კენიის ფილიალმა მისცა ავტოფურგონი, რომელშიც ღამის გათევაც შეიძლებოდა. სულ რაღაც ექვს კვირაში თითქმის მთელი უგანდა შემოიარეს, მოინახულეს ქალაქები: მასაკა, მბარარა, კაბალე, მასინდი, ჰოიმა, ფორტ-პორტალი, არუა, გულუ, ლირა და სოროტი.
«ეს არაჩვეულებრივი მოგზაურობა იყო და ქადაგება უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებდა, — იხსენებს სტივენ ჰარდი. — უკლებლივ ყველა, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების ჩათვლით, თავაზიანად გვეპყრობოდა და მზად იყო, დაგვხმარებოდა. ბევრჯერ მობინადრესთან საუბარი „საჯარო მოხსენებაში“ გადაზრდილა, რადგან მეზობლებიცა და გამვლელებიც ჩვენ მოსასმენად იყრიდნენ თავს. მაშინაც კი, როცა, ჩვენი აზრით, მიყრუებულ ადგილას ვჩერდებოდით, თავს წამოგვადგებოდნენ ხოლმე სახეგაბადრული ადგილობრივი მცხოვრებნი, რომლებიც თავიანთ სტუმრებად გვიღებდნენ. ლიტერატურა მალე გამოგველია. გავავრცელეთ დაახლოებით 500 წიგნი. ბევრმა გვთხოვა, მათთვის „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“-ი გამოგვეწერა».
უგანდელები მეგობრულები, ცნობისმოყვარენი და სულიერსმოწყურებულნი იყვნენ, რაც ძმებს იმის იმედს უტოვებდა, რომ ბევრი მიიღებდა ჭეშმარიტებას. ჰარდებმა საკუთარი თვალით დაინახეს, როგორ აკურთხა იეჰოვამ სამქადაგებლო საქმიანობა ამ სულიერად ნაყოფიერ ტერიტორიაზე.
იეჰოვა ზრდის
1965 წლის 12 აგვისტო უგანდელ იეჰოვას მოწმეთა ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღი იყო. ამ დღეს ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაცია რეგისტრაციაში გაატარეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოწაფეთა მომზადების საქმე კანონიერად ცნეს. გასული საუკუნის 60-იან წლებში ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის ბურჯს ისეთი გულწრფელი უგანდელი და-ძმები წარმოადგენდნენ, როგორებიც იყვნენ ჯორჯ მაიენდე, პიტერ და ესთერ ჯაბები და იდა სალი. 1969 წელს უგანდაში მოსახლეობა 8 მილიონს შეადგენდა, მაუწყებელთა რიცხვი კი 75 იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთ მოწმეზე ასი ათასზე მეტი მოსახლე მოდიოდა. 1970 წლისთვის მაუწყებელთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა, 1971 წლისთვის კი — 128-მდე. 1972 წელს უგანდაში უკვე 162 იეჰოვას მოწმე ქადაგებდა სასიხარულო ცნობას.
ასეთი ზრდა ძმებისთვის გამამხნევებელი იყო, თუმცა კარგად იცოდნენ, რომ მათი სიმტკიცე რიცხობრივ ზრდაზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ „ღმერთზე, რომელიც ზრდის“ (1 კორ. 3:7). მაგრამ ძმებმა არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ 70-იან წლებში ქვეყანას რადიკალური ცვლილებები ელოდა და მათი რწმენა განსაკუთრებულად გამოიცდებოდა. 1971 წელს გენერალ იდი ამინმა სამხედრო გადატრიალება მოაწყო და ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დაამყარა. ამას ათობით ათასი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, მილიონობით ადამიანს კი ძნელბედობის პერიოდი დაუდგა. ხშირი იყო შეიარაღებული დაპირისპირებები მთავრობასა და იმ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც ახალ პოლიტიკურ წყობას ეწინააღმდეგებოდნენ. დროდადრო ქვეყნის საზღვრები იკეტებოდა. შემოიღეს კომენდანტის საათი. ხალხი უკვალოდ იკარგებოდა. ბევრს გამუდმებით უთვალთვალებდნენ. როგორ იქცეოდნენ მშვიდობისმოყვარე უგანდელი და-ძმები მაშინ, როცა ქვეყანა ასეთმა არეულობამ, შიშმა და ძალადობამ მოიცვა?
„ღვთის მმართველობა“ თუ ადამიანის?
სწორედ ამ პერიოდში ძმებს დაგეგმილი ჰქონდათ, რომ 1972 წლის საოლქო კონგრესი ჩაეტარებინათ კამპალაში, დევიზით „ღვთის მმართველობა“. უგანდის ისტორიაში ეს პირველი საოლქო კონგრესი იქნებოდა. კონგრესზე და-ძმები ჩამოვიდოდნენ ტანზანიიდან, კენიასა და შორეული ეთიოპიიდან. როგორ მოიქცეოდნენ ძმები მაშინ, როცა ქვეყანაში მდგომარეობა სულ უფრო და უფრო იძაბებოდა, პოლიტიკური და ტომობრივი დაპირისპირებები მწვავდებოდა და საზღვრის გადაკვეთა საკმაოდ სარისკო ხდებოდა? უარი ხომ არ უნდა ეთქვათ მათ კონგრესის ჩატარებაზე? ისინი მხურვალედ ლოცულობდნენ, სთხოვდნენ იეჰოვას, ეხელმძღვანელა მათთვის და იმ და-ძმებზეც ლოცულობდნენ, რომლებიც კონგრესზე ჩასვლას აპირებდნენ.
მოგვიანებით ქვეყნის საზღვართან მისულ კონგრესის დელეგატებს სიტუაცია უფრო საშიში მოეჩვენათ, რადგან ხალხი მასობრივად ტოვებდა უგანდას. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ხალხი ქვეყნიდან გარბოდა, იყო მთავრობის გადაწყვეტილება — უგანდიდან გაეძევებინა ყველა აზიელი (ძირითადად, ინდოელები და პაკისტანელები), რომელთაც მოქალაქეობა არ ჰქონდათ მიღებული. სხვებიც ტოვებდნენ ქვეყანას, მათ შორის უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული სკოლის მასწავლებლები, იმის შიშით, რომ შეიძლებოდა სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებიც გაეძევებინათ უგანდიდან. ამის მიუხედავად, კონგრესის დელეგატების ნაკადი არ წყდებოდა. როგორი სიტუაცია დახვდებოდათ მათ კამპალაში, სადაც მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული იყო?
მათდა გასაოცრად კამპალაში სიმშვიდე იყო და კონგრესის ჩატარების ადგილზე ძმები და დაინტერესებულები დიდი სიხარულით ელოდნენ სტუმრებს. ისინი გაოცებას ვერ მალავდნენ, როცა ამ დიდი არეულობის დროს ქალაქის ყველაზე გადატვირთულ, ცენტრალურ გზაზე დაინახეს მთავრობის ნებართვით გაკეთებული პლაკატი, რომელზეც მითითებული იყო კონგრესის ჩატარების თარიღი, ადგილი და დიდი ასოებით დაწერილი საჯარო მოხსენების სათაური: „ღვთის მმართველობა კაცობრიობის ერთადერთი იმედია“.
კონგრესი მშვიდობიანად ჩატარდა. დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა 937-ს მიაღწია. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა უგანდელ იეჰოვას მოწმეთა წმინდა თაყვანისმცემლობის ისტორიაში. მართალია, სხვა ქვეყნებიდან ჩასულ იეჰოვას მოწმეებს უკან დაბრუნებისას უგანდის საზღვარზე გარკვეული პრობლემები შეექმნათ, მაგრამ მათ ამის გამო ენთუზიაზმი არ დაუკარგავთ და ყველანი მშვიდობით დაბრუნდნენ სახლებში. პოლიტიკური არეულობის დროს იეჰოვას მსახურებმა ყველას გაბედულად დაანახვეს, რომ სამყაროს უზენაესი მმართველის ერთგულები იყვნენ. ამ რთულ პერიოდში ღმერთმა თავის ხალხს გაბედულება შემატა (ფსალმ. 138:3).
კონგრესს დაესწრნენ უგანდელი ჯორჯ და გერტრუდ ოჩოლები. ეს იყო გერტრუდის პირველი კონგრესი, სადაც მოინათლა კიდეც. ამ დროს ჯორჯი ჯერ არ იყო იეჰოვას მოწმე. ის ფეხბურთის თავგამოდებული გულშემატკივარი იყო და სტადიონის ნახვა უფრო აინტერესებდა ვიდრე კონგრესი. მაგრამ მეუღლის კარგი საქციელისა და ბიბლიის პირადი შესწავლის შედეგად ისიც აღიძრა, თავი მიეძღვნა იეჰოვასთვის. 1975 წელს ის კენიაში მოინათლა.
გერტრუდი ამბობს, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ჭეშმარიტება გაიგო ჩრდილოეთ უგანდაში. „1972 წელს, როცა მოვინათლე, ვფიქრობდი, რომ ყველასგან შორს ვიყავი. ახლა აქ უკვე სამეფო დარბაზი, მისიონერთა სახლი და მთარგმნელობითი ოფისია. ამის გამო დღეს უფრო დიდ სიხარულს ვგრძნობ, ვიდრე მაშინ, როცა მოვინათლე“, — იხსენებს გერტრუდი.
„ცუდი დრო“
მოულოდნელად, 1973 წლის 8 ივნისს, რადიოთი და ტელევიზიით გავრცელდა განცხადება, რომ თორმეტი რელიგიური მიმდინარეობის, მათ შორის იეჰოვას მოწმეების, საქმიანობა ქვეყანაში აიკრძალა. ახალი მთავრობის პოლიტიკის გამო მთელი საზოგადოება შიშსა და უნდობლობაში ცხოვრობდა. ხალხში გაავრცელეს ისეთი აზრი, თითქოს ყველა უცხოელი ჯაშუში იყო. მისიონერებისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა მსახურება. უგანდაში იეჰოვას მოწმეებს ძალზე „ცუდი დრო“ დაუდგათ (2 ტიმ. 4:2). რა მოელოდათ მათ?
ამ დროს ორი მისიონერი წყვილი უკვე წასული იყო ქვეყნიდან, რადგან მთავრობამ უარი უთხრა ბინადრობის უფლების ვადის გაგრძელებაზე. ივლისის შუა რიცხვებისთვის დანარჩენ თორმეტ მისიონერსაც დაატოვებინეს ქვეყანა. უცხოელი ძმები, რომლებიც უგანდაში ადგილობრივი მოწმეების დასახმარებლად იყვნენ ჩასულნი, თავიანთი სამსახურის წყალობით ცოტა მეტი ხნით დარჩნენ ქვეყანაში. მაგრამ მათი იქ ცხოვრება საბოლოოდ მაინც ხანმოკლე აღმოჩნდა. მომდევნო წლისთვის ისინიც იძულებულები გახდნენ, უგანდა დაეტოვებინათ.
მტკიცენი და ურყევნი
ცხადია, უგანდელი მაუწყებლები ძალიან განიცდიდნენ თავიანთი საყვარელი უცხოელი და-ძმების წასვლას. მაგრამ იეჰოვამ ძალა მისცა მათ, რომ მტკიცენი და ურყევნი დარჩენილიყვნენ (1 კორ. 15:58). მას შემდეგ, რაც ერნესტ ვამალმა გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აიკრძალა, მან ასეთი სიტყვები თქვა: „როგორ ამიკრძალავენ იმას, რაც გულში მაქვს?!“ ამ ხანდაზმული ძმის მტკიცე პოზიცია კარგად გამოხატავდა უგანდელი და-ძმების განწყობას.
როგორ უნდა გაერთვათ თავი ადგილობრივ უხუცესებს, მაგალითად, ჯორჯ კადუსა და პიტერ ჯაბს, თავიანთი დავალებისთვის ახლა, როცა უცხოელი უხუცესები მათ გვერდით აღარ იყვნენ? მათ ამ საქმეში სულიერი მოწიფულობა და ადგილობრივი კულტურის კარგი ცოდნა დაეხმარა. ძმა ჯაბი აღნიშნავს: „უგანდაში თუ ვინმე მოინდომებს, ჭეშმარიტება შეიცნოს და იეჰოვას მსახური გახდეს, საკმაოდ დიდი თვითდისციპლინა სჭირდება, რათა იეჰოვასთვის მიუღებელი წეს-ჩვეულებები უარყოს. იმ პერიოდში ასეთი დისციპლინა განსაკუთრებით პასუხისმგებელი ძმებისგან მოითხოვებოდა, რადგან ისინი წერილობით მიღებული მითითებების გარდა იეჰოვას ორგანიზაციისგან სხვა ხელმძღვანელობას ვერ იღებდნენ“. ადგილობრივი უხუცესები ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარები იყვნენ, რაც მათ დაეხმარა, ადამიანურ სიბრძნეს არ აჰყოლოდნენ. ამ სირთულეებით აღსავსე პერიოდში იეჰოვას ხალხი სულიერად კი არ მოსუსტდა, გაძლიერდა.
ამის საპირისპიროდ, ადგილობრივი მოსახლეობა სულ უფრო და უფრო დაუცველად გრძნობდა თავს. ბევრს ავიწროებდნენ და ბევრიც ჯარისკაცების ტერორის ქვეშ ცხოვრობდა. ყვაოდა კორუფცია, რის შედეგადაც ქვეყნის ეკონომიკა განადგურდა. ამ მშვენიერ ქვეყანას უამრავი უბედურება დაატყდა თავს. გრძნობდნენ უგანდელი იეჰოვას ერთგული მსახურები სიხარულს ამ ურთულეს პერიოდში?
სიხარულით სავსე შეხვედრები
მთავრობა ყველანაირად ცდილობდა, ხელი შეეშალა ისეთი პოლიტიკური შეხვედრებისთვის, რომლებიც, მათი აზრით, ხელისუფლების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ამ დროს იეჰოვას მოწმეები ნეიტრალიტეტს იცავდნენ და ემორჩილებოდნენ ბიბლიურ მითითებას, რომ არ მიეტოვებინათ თავიანთი შესაკრებელი და ერთმანეთი გაემხნევებინათ (ებრ. 10:24, 25). საჭირო იყო დიდი გამბედაობა და გამჭრიახობა, რათა რეგულარულად შეკრებილიყვნენ მთავრობის გამუდმებული თვალთვალის მიუხედავად, რომელიც ყველას ეჭვის თვალით უყურებდა. ვნახოთ, როგორ იქცეოდნენ ძმები, რომ მათი შეხვედრები ზედმეტად თვალში მოსახვედრი არ ყოფილიყო.
ძირითადად, ისინი პატარა ჯგუფებად იკრიბებოდნენ საკუთარ სახლებში. უფრო დიდ შეხვედრებს თუ აწყობდნენ, მათ პიკნიკის სახეს აძლევდნენ. მაგალითად, თვეში ერთხელ მთელი კრება საჯარო მოხსენების მოსასმენად და „საგუშაგო კოშკის“ განსახილველად იკრიბებოდა. „პიკნიკს“ რომელიმე პარკში ან ამა თუ იმ ძმის ეზოში აწყობდნენ. ამ მეთოდმა გაამართლა ურთიერთობის მოყვარულ უგანდელებთან, რომლებიც მეგობრების ან ნათესავების ერთად შეკრებაში საეჭვოს ვერაფერს ხედავდნენ. ძმებს მიჰქონდათ ყველაფერი, რაც პიკნიკისთვის იყო საჭირო, ამასთანავე თან ჰქონდათ ბიბლიები და შესასწავლი წიგნებიც, თუმცა მათ ისე ინახავდნენ, რომ უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო. ასეთი შეხვედრების დროს ადვილად წარმოიდგენდნენ, თუ რა დიდ სიხარულს გრძნობდნენ ძველად ისრაელები ყოველწლიური დღესასწაულების აღნიშვნისას (კან. 16:15).
მთელი აკრძალვის პერიოდში ასეთი სახით ტარდებოდა სარაიონო კონგრესები შემოკლებული პროგრამით. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ყველანაირად ცდილობდა ძმებისთვის ხელის შეშლას, ისინი არასდროს წყვეტდნენ ერთად შეკრებასა და სასიხარულო ცნობის ქადაგებას. ზოგიერთები ახერხებდნენ ნაირობიში კონგრესებზე დასწრებას და შინდაბრუნებულები, კონგრესზე მოსმენილ გამამხნევებელ შემთხვევებს ძმებს უზიარებდნენ.
„გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი“
პასუხისმგებელ ძმებს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდათ, ეფიქრათ, რომ თუ „გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი“ იქნებოდნენ, აკრძალვის მიუხედავად თეოკრატიულ საქმიანობას შეუფერხებლად განაგრძობდნენ (მათ. 10:16). სწორედ ასეთი სიფრთხილის წყალობით შეძლეს სპეციალურმა პიონერებმა თავიანთი მსახურების გაგრძელება და მაუწყებლებმა კარდაკარ ქადაგება.
ყველას როდი ახარებდა თავიანთ კართან იეჰოვას მოწმეების დანახვა. იდგა 70-იანი წლები. პიტერ ჯაბი ფრედ ნიენდესთან ერთად ქადაგებდა. ფრედი საკმაოდ პატარა იყო, როცა 1962 წელს დედამისმა ჭეშმარიტება გაიგო, ახლა კი ის უკვე მოზრდილი იყო და მისი რწმენა სერიოზული გამოცდის წინაშე დადგა.
კარდაკარ მსახურებისას ერთი სახლის პატრონი, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი უშიშროების თანამშრომელი აღმოჩნდა, მიხვდა, რომ პიტერი და ფრედი იეჰოვას მოწმეები იყვნენ და ძალიან გაბრაზდა. დააპატიმრა ისინი და თავის ავტომობილში ჩასხა. ბუნებრივია, ძმებს შეეშინდათ, რადგან ამ ქვეყანაში მათსავით დაპატიმრებული ათასობით ადამიანი საერთოდ გაუჩინარდა. ჩვეულებრივი მოვლენა იყო ხალხის წამება ყველანაირი საფუძვლის გარეშეც კი. სანამ უშიშროების სამსახურში მივიდოდნენ, პიტერი და ფრედი ძალას სთხოვდნენ იეჰოვას სიმშვიდისა და ერთგულების შესანარჩუნებლად. უშიშროების თანამშრომელმა ისინი თავის უფროსთან, უფროს ოფიცერთან შეიყვანა, ბრალდებები წაუყენა და დაკითხვა დაუწყო. პიტერი და ფრედი თავად დარწმუნდნენ იგავების 25:15-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „მოთმინებას მეთაურის დაყოლიება შეუძლია, რბილ ენას კი — ძვლის გადატეხვა“. საბედნიეროდ, იმ დღეს ძვლები არავისთვის გადაუმტვრევიათ. პიტერმა მშვიდად ახსნა, რომ იეჰოვას მოწმეები კანონს ემორჩილებიან და ბიბლიის სწავლებებს მიჰყვებიან. მისმა თავაზიანმა ქცევამ და პასუხებმა უფროს ოფიცერს წინასწარ შექმნილი შეხედულება დაუმსხვრია. როგორ დამთავრდა ყველაფერი?
უფროსმა ოფიცერმა არა მარტო გაათავისუფლა პიტერი და ფრედი, არამედ იმავე თანამშრომელს უბრძანა, დაებრუნებინა ისინი იმ ადგილას, საიდანაც მოიყვანა. მათმა დამცირებულმა „ესკორტმა“ უხალისოდ შეასრულა ეს ბრძანება. ძმები მადლობას უხდიდნენ იეჰოვას ხსნისთვის.
იეჰოვას მოწმეთა შეხვედრა პოლიციელებთან ყოველთვის ასე დაძაბული არ იყო. მაგალითად, ქალაქ ენტებეში ემანუელ ჩამიზა და მისი მეუღლე საკუთარ სახლში ფარულად ატარებდნენ კრების შეხვედრებს, რომლებსაც ოჯახის წევრების გარდა დაინტერესებულთა პატარა ჯგუფიც ესწრებოდა. პოლიციელებისთვის გზა-კვალი რომ აერია, ემანუელმა გადაწყვიტა, ბიბლიის შესწავლები სხვადასხვა ადგილას ჩაეტარებინა. მისი აზრით, ამ მეთოდმა გაამართლა. მაგრამ ერთ დღეს, როდესაც ემანუელი ენტებეს ბოტანიკურ ბაღში დაინტერესებულთან ბიბლიის შესწავლას ამთავრებდა, მოულოდნელად პოლიციელი წამოადგა თავზე. ემანუელმა წიგნების დამალვა სცადა. „რატომ მალავ წიგნებს? — ჰკითხა პოლიციელმა. — კარგად ვიცით, რასაც საქმიანობ. ვიცით, რომ იეჰოვას მოწმე ხარ და ისიც ვიცით, სად იკრიბებით. რომ გვდომებოდა, დიდი ხნის წინ დაგაკავებდით. განაგრძე შენი საქმიანობა“. ემანუელი ასეც მოიქცა.
პენსიაზე გასვლის შემდეგ ემანუელი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. იქ მას დიდი წინააღმდეგობისა და დაცინვის ატანა მოუწია. იესოსავით მასაც არ სცემდნენ პატივს „მშობლიურ მხარეში“ (მარ. 6:4). მიუხედავად ამისა, „გაჭაღარავების დროსაც კი გაფურჩქნული“ იყო; 70 წელს გადაცილებული ემანუელი კრების შეხვედრებს რეგულარულად რომ დასწრებოდა, 30 კილომეტრს ველოსიპედით გადიოდა (ფსალმ. 92:14). სადაცაა ის 90 წლისა გახდება და კრებაში კვლავაც ერთგულად მსახურობს, როგორც მომსახურე, თუმცა ველოსიპედით კვლავინდებურად ვეღარ დადის.
შეუპოვარი პიონერები
ქვეყანაში არსებული არასტაბილური მდგომარეობის მიუხედავად, ყოველთვის იყვნენ ისეთი მოწმეები, რომლებიც პიონერად მსახურებას ახერხებდნენ. ერთ-ერთი გულმოდგინე პიონერი ყოფილი სახელმწიფო მოხელე ჯეიმზ ლუვერეკერა იყო, რომელიც 1974 წელს მოინათლა. ნათლობიდან მალევე მან მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი, რათა სასიხარულო ცნობა ექადაგა თავის სოფელსა და მეზობელ სოფლებში. მისმა მეუღლემაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა, მაგრამ მოგვიანებით შეწყვიტა და სასტიკი მოწინააღმდეგეც კი გახდა.
ერთხელ გარიჟრაჟისას, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, ჯეიმზი და რამდენიმე ძმა ნაირობიში საოლქო კონგრესზე დასასწრებად გაემგზავრნენ. როდესაც მათი ავტომობილი პოლიციის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გააჩერეს, ძმებმა დაინახეს, რომ ჯეიმზს უცნაურად ეცვა, რაც მისთვის დამახასიათებელი არ იყო. თავიდან ხუმრობდა, სიბნელეში ვერ ვხედავდი, რას ვიცვამდიო. მაგრამ, როცა ძმები აღარ მოეშვნენ, უთხრა, კონგრესზე რომ არ წამოვსულიყავი, ცოლმა გამოსასვლელი ტანსაცმელი დამიმალაო. ამიტომ იძულებული გახდა ის ჩაეცვა, რაც ხელში მოხვდა. ძმებმა მისცეს მას ტანსაცმელი და ისიც კონგრესს კოხტად ჩაცმული დაესწრო.
ზოგჯერ ოჯახის წევრებისა და მეზობლების წინააღმდეგობა ჯეიმზს მხოლოდ დისკომფორტს უქმნიდა, ზოგჯერ კი ეს ყველაფერი თითქმის აუტანელი ხდებოდა, და ასე გრძელდებოდა წლების მანძილზე. ყველაფრის მიუხედავად, ჯეიმზი ყველასთან რბილი იყო და სიკვდილამდე ღვთის ერთგული დარჩა. ის 2005 წელს გარდაიცვალა. კრების წევრებს დღესაც ახსოვთ, როგორი ძლიერი რწმენა ჰქონდა მას და, უეჭველია, იეჰოვასაც არ ავიწყდება ის.
„გასაჭირისთვის დაბადებული ძმა“
„ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავ. 17:17). 70-იან წლებში კენიელი და-ძმები ნამდვილი მეგობრები აღმოჩნდნენ გასაჭირსა და საფრთხეში მყოფი უგანდელი თანამორწმუნეებისთვის. უგანდაში რომ შესულიყვნენ, გაემხნევებინათ და მხარში ამოდგომოდნენ თავიანთ ძვირფას და-ძმებს, მიმომსვლელ ზედამხედველებსა და ფილიალის წარმომადგენლებს დიდი გამბედაობა სჭირდებოდათ.
1978 წელს ქვეყანაში არეულობა დაიწყო, როცა უგანდის ერთ-ერთი სამხედრო დაჯგუფება ტანზანიის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამის საპასუხოდ 1979 წლის აპრილში ტანზანიის შეიარაღებულმა ძალებმა უგანდის მთავრობა დაამხო; სასტიკი დიქტატორი, იდი ამინი, იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო. მის მოულოდნელ გაქცევას ქვეყანაში დიდი ცვლილებები მოჰყვა. როგორც ერთმა ძმამ თქვა: „ამინთან ერთად ჩვენი აკრძალვაც წარსულს ჩაჰბარდა“. იმ დღეებში „უგანდა ტაიმზი“ იუწყებოდა: „ქვეყნის კარი მისიონერთათვის ღიაა!“ იეჰოვას ხალხმა კვლავ გაიხარა თავისუფლებით.
„მოკვლაც რომ დამიპირონ, მაინც წავალ“
მართალია, უგანდელებმა დიქტატორულ რეჟიმს თავი დააღწიეს, მაგრამ ქვეყანაში არეულობა და მაროდიორობა დაიწყო. ანარქიამ მოიცვა უგანდა, დამნაშავეობა და გაუგონარი ძალადობა მძვინვარებდა. ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, უგანდელი ძმების მოსანახულებლად და სარაიონო კონგრესების ჩასატარებლად კენიის ფილიალმა დაუყოვნებლივ გაგზავნა გიუნტერ რეშკე და სტენლი მაკუმბა.
გიუნტერი იხსენებს: «გამგზავრებამდე ორი კვირით ადრე კენიის მთის მახლობლად მდებარე ქალაქ მერუში პიონერულ სკოლას ვატარებდით. იმ პერიოდში გაზეთებიდან ვიგებდით, რომ კამპალაში ხშირად ხდებოდა მკვლელობები, განსაკუთრებით კი ღამღამობით. ერთ-ერთი სტატიის წაკითხვისას წამოვიძახე: „არადა მომავალ კვირას იქ მივდივართ?!“ შემდეგ კი გავიფიქრე: „იონასავით ხომ არ ვაპირებ გაქცევას?!“ მაშინვე გადამიარა შიშმა და ჩემს თავს ვუთხარი: „მოკვლაც რომ დამიპირონ, მაინც წავალ; იონასავით არ გავიქცევი!“»
გეგმის მიხედვით სტენლი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ინახულებდა კრებებს, გიუნტერი კი — დიდ ქალაქებში. ისინი გვიამბობენ: „ომის შემდეგ საჭირო იყო კრებების რეორგანიზება. უგანდაში იმ დროს სულ რაღაც 113 მაუწყებელი მსახურობდა. ყველას უხაროდა, რომ კვლავ მიეცათ თავისუფლად შეკრებისა და კონგრესის ჩატარების საშუალება. სასიხარულო იყო იმის დანახვაც, რომ კონგრესს 241 კაცი დაესწრო“. მართალია, ომის გამო ჭეშმარიტების მარცვლის აღმოცენება შეფერხდა, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ის ნაყოფს გამოიღებდა.
საშიში დრო
მბალეში, უგანდას აღმოსავლეთ საზღვართან ახლოს, გიუნტერმა და სტენლიმ თავიანთი ავტომობილი ღამით მასპინძლის სახლის წინ დატოვეს. შუაღამისას ხმაური შემოესმათ; ქურდები ავტომობილის ნაწილებს იპარავდნენ. გიუნტერმა დაყვირება დააპირა, მაგრამ უეცრად გაახსენდა, რომ იმ დღეებში ქურდებმა მოკლეს ერთი კაცი, რომელიც მათ შეჩერებას შეეცადა. იფიქრა, სიცოცხლე ავტომობილზე გაცილებით ძვირფასიაო და ხმა აღარ ამოიღო. დილით ნახეს, რომ ქურდებს ორი საბურავი და საქარე მინა მოეპარათ. მათ ეს ამბავი პოლიციას შეატყობინეს. ერთმა პოლიციელმა ურჩია: „სასწრაფოდ წაიყვანეთ ეს ავტომობილი აქედან, სანამ ქურდები არ დაბრუნებულან და სხვა ნაწილებიც არ წაუღიათ“.
ძმები დაუყოვნებლივ გაეშურნენ კამპალისკენ. თუმცა 250 კილომეტრის გავლა საქარე მინის გარეშე საკმაოდ არასასიამოვნო იყო, რადგან წვიმისა და ქარისგან თავდასაცავად მხოლოდ საბანი და ერთი ქუდი ჰქონდათ. მოპარული საბურავების ნაცვლად ერთი სათადარიგო და ერთიც ნათხოვარი, ნახევრად დაშვებული საბურავი დააყენეს. ნათხოვარი საბურავი ორ დღეში უნდა დაებრუნებინათ, რაც ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა. საბურავები რომ არ დაშვებულიყო, ძმებმა, თითქოს სუნთქვა შეიკრესო, ისე გაიარეს მთელი გზა.
გიუნტერისა და სტენლის მგზავრობას ისიც ართულებდა, რომ გზად ტყეზე უნდა გაევლოთ, სადაც გამვლელებს ხშირად აყაჩაღებდნენ. ამიტომ მასპინძელმა ურჩია მათ: „სწრაფად იარეთ და შეეცადეთ, არავინ გადაგისწროთ“. ეს შეუპოვარი ძმები გახარებულნი იყვნენ, უსაფრთხოდ რომ ჩავიდნენ კამპალაში და თანაც რეკორდულ დროში. ჩასვლისთანავე იზრუნეს იმაზე, რომ ნათხოვარი საბურავი უკან, მბალეში დაებრუნებინათ.
ახალი სირთულეები და ახალი შესაძლებლობები
1980 წელს ძმა გიუნტერ რეშკე ესტუმრა იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოს ნიუ-იორკში. მას სთხოვეს ბეთელის ოჯახისთვის გაეცნო უგანდაში არსებული ვითარება. ხელმძღვანელი საბჭოს წევრებმა გამოთქვეს იმედი, რომ მისიონერები კვლავ ჩავიდოდნენ უგანდაში. ყველა იმ აზრზე იყო, რომ დადგა დრო, ქვეყანაში მისიონერული საქმიანობა გაფართოებულიყო. კვლავ შესაძლებელი გახდა კონგრესების ჩატარება. 1981 წლის დასაწყისში მაუწყებელთა რიცხვმა 175-ს მიაღწია, იმავე წლის ივლისში კი 206-მდე გაიზარდა, რამაც უგანდელი და-ძმები ძალიან გაახარა.
სამწუხაროდ, ათწლიანი არეულობის დროს შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ დატოვებული იარაღი და ტყვია-წამალი ბევრი თავზე ხელაღებული ადამიანის ხელში აღმოჩნდა. ხშირი იყო სროლები და დაყაჩაღება. სასიხარულო ცნობის მქადაგებლები დიდი სიფრთხილით ცდილობდნენ, გაევრცელებინათ ნუგეშის მომცემი ბიბლიური ლიტერატურა მთელ უგანდაში. 1981 წლის ივლისში თითოეულმა მაუწყებელმა საშუალოდ 12 ჟურნალი გაავრცელა. გონივრული იყო, რომ ქადაგება და სხვა თეოკრატიული საქმიანობა მხოლოდ დღის განმავლობაში შეესრულებინათ, რადგან დაბნელებასთან ერთად თავდასხმის რისკიც იზრდებოდა. სხვადასხვა საფრთხის მიუხედავად, აშკარა იყო, რომ მოწმეთა რიცხვი გაიზრდებოდა.
მისიონერები ბრუნდებიან
1982 წლის სექტემბერში კენიიდან კამპალაში ჩავიდნენ სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულები ჯეფრი, იგივე ჯეფი უელჩი და არი პალვიაინენი. მათი მსახურება თავიდანვე ნაყოფიერი იყო. ჯეფი იხსენებს: „იმ პერიოდში ხალხი სულიერს იყო მოწყურებული და საინტერესო თემებით მდიდარი ჟურნალები თითქმის თავისით ვრცელდებოდა“.
დეკემბერში ამ ორ მისიონერს ჰაინც და მარიანე ვერტჰოლცები შეუერთდნენ, რომლებმაც სკოლა „გალაადის“ კურსი ვისბადენში (გერმანია) გაიარეს. მათ უკვირდათ, რომ უგანდელი ძმები ფაქტობრივად ჩამოშლილი ინფრასტრუქტურისა და ცხოვრებისთვის სახიფათო პირობების მიუხედავად, მხნეობას არ კარგავდნენ.
ჰაინცი იხსენებს: «მოშლილი იყო წყალგაყვანილობის სისტემა, არ მუშაობდა საკომუნიკაციო საშუალებები. პოლიტიკური სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩებოდა. არაერთხელ გავრცელდა ხმა იმის შესახებ, რომ ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა, ყოველ ნაბიჯზე სამხედრო ბლოკპოსტები იყო განლაგებული. ხშირი იყო სროლები და ყაჩაღობა, განსაკუთრებით ღამით. დაბნელდებოდა თუ არა, ქუჩაში კაციშვილი აღარ ჭაჭანებდა. ყველა სახლში იჯდა და იმაზე ლოცულობდა, რომ დაუპატიჟებელი „სტუმრები“ არ სწვეოდნენ».
სანამ მისიონერთათვის შესაფერის სახლს მოძებნიდნენ, სემ ვაისვამ და მისმა ოჯახმა ჰაინცსა და მარიანეს მათთან დარჩენა შესთავაზეს. სემი მასწავლებელი იყო, მაგრამ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მასაც უჭირდა. ამიტომ მისი ოჯახის მიერ გამოვლენილი სტუმართმოყვარეობა მართლაც რომ საოცარი იყო.
ჰაინცი გვიყვება: „რთული იყო უსაფრთხო რაიონში სახლის პოვნა, ამიტომ ხუთი თვე მოგვიწია ძმა სემის სახლში დარჩენა. ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთი კარგად გავიცანით. მიუხედავად იმისა, რომ მისი დიდი ოჯახი ზოგჯერ საჭმელს დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამდა, ყოველთვის ბედნიერები იყვნენ; შვილები პატივს სცემდნენ მშობლებს და ემორჩილებოდნენ. მოსახლეობა მუდმივად არ მარაგდებოდა წყლით, ამიტომ ბავშვებს უწევდათ მოტანა. მათ წყლით სავსე ოცლიტრიანი კანისტრები თავზე შემოდგმული მოჰქონდათ სახლში. მსახურებიდან დაბრუნებულებს ყოველთვის გვახვედრებდნენ ახალ წყალს. რასაკვირველია, ჩვენ ეკონომიურად ვხარჯავდით მას. მაგალითად, დაბანას სულ რამდენიმე ლიტრით ვახერხებდით, გამოყენებულ წყალს კი ტუალეტის ჩასარეცხად ვიყენებდით“.
1983 წლის აპრილში, დაახლოებით ათი წლის თავზე, მას შემდეგ რაც პირველმა მისიონერებმა იძულებით დატოვეს უგანდა, ოთხმა ახალმა მისიონერმა შედარებით უსაფრთხო რაიონში იშოვა სახლი. ქვეყანაში ვერავინ გრძნობდა თავს უსაფრთხოდ; იყო საკვები პროდუქტების დეფიციტი, რაც მისიონერებს იქ მსახურებას საკმაოდ ურთულებდა. თუმცა ადგილობრივი და-ძმების სიყვარულმა მათ ყველა სირთულე აატანინა.
მარიანე გვიამბობს: „დიდ სიხარულს გვანიჭებდა ხალხისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარება. იქაური ხალხი საკმაოდ რელიგიური იყო, ადვილად ებმებოდა საუბარში და ბევრს საკუთარი ბიბლიაც კი ჰქონდა. თბილები და თავაზიანები იყვნენ, რაც მათთან ურთიერთობას გვიადვილებდა. ეკონომიკური სიდუხჭირისა და სხვა პრობლემების მიუხედავად, მათ ყოველთვის მომღიმარე სახეები ჰქონდათ“.
ხანდაზმულების დიდი მონდომება
უგანდაში, ჩვეულებრივ, დიდ პატივს სცემენ ხანდაზმულებს. ბევრი მათგანი გამოეხმაურა სასიხარულო ცნობას და ხანდაზმულობის წლები იეჰოვას მსახურებას მიუძღვნა. მაგალითად, ყოფილმა მასწავლებელმა, პაულუ მუკასამ, ჭეშმარიტება 89 წლის ასაკში გაიგო. ვინაიდან მას გამოვლილი ჰქონდა ორი მსოფლიო ომი, კოლონიური და დიქტატორული რეჟიმები და არაერთი პოლიტიკური არეულობის მომსწრე იყო, ძალიან უნდოდა, რაც შეიძლებოდა მეტი გაეგო ღვთის სამეფოს შესახებ. ის ძალიან გაახარა იმის გაგებამ, რომ მესია და მეფე, იესო ქრისტე, „ჩაგვრისა და ძალადობისგან“ დაიხსნის ყველა ღარიბსა და დაჩაგრულს (ფსალმ. 72:12, 14).
შესწავლის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ პაულუ მონათვლისთვის ემზადებოდა. ძმებს აფიქრებდა, რამდენად შეძლებდა ასეთი ხანდაზმული ადამიანი წყალში ჩაყვინთვას. მაგრამ სანერვიულო ნამდვილად არაფერი იყო. მანამ, სანამ მონათვლის ერთი ახალგაზრდა მსურველი წყალში ჩასვლას ყოყმანობდა, ოთხმოცდათერთმეტი წლის პაულუ უკვე მონათლულიყო და სიხარულით გაბრწყინებული წყლიდან ამოდიოდა. მართალია, მსახურებაში გასვლა უჭირდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მთელი მონდომებით უზიარებდა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას მათ, ვინც მის სანახავად მიდიოდა სახლში.
ლოუვინსა ნაკაიმას ასაკთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, სუსტი ჯანმრთელობაც აწუხებდა. ავადმყოფობის გამო ფეხები ისე ჰქონდა დასიებული, რომ დახმარების გარეშე ვერსად მიდიოდა. ასეთი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ლოუვინსა გამოეხმაურა მოწოდებას, გახსენების საღამოს პერიოდში ერთი თვით ემსახურა დამხმარე პიონერად. კრების წევრებს ბიბლიის შემსწავლელები მასთან მიჰყავდათ სახლში და ამგვარად ეხმარებოდნენ, შეესრულებინა აღებული ვალდებულება. მისიონერებმა ურჩიეს, რომ თავისთვის მოსახერხებელ დროს წერილებით ექადაგა სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ხალხისთვის. შაბათობით ერთ უხუცესს ლოუვინსა კამპალის ერთ ხალხმრავალ ადგილზე მიჰყავდა; იქ ქვით ნაშენ დაბალ ღობეზე მჯდომს მთელი დღის განმავლობაში შეეძლო გამვლელებისთვის ექადაგა. თვის ბოლოს გახარებულმა და კმაყოფილმა ლოუვინსამ თქვა: „ვხედავ, რომ შემიძლია ამის გაკეთება და სიამოვნებასაც მანიჭებს ეს!“ მან კრების დახმარებით მხოლოდ ერთი თვე კი არა, მთელი თერთმეტი თვე იმსახურა დამხმარე პიონერად.
„როგორ იტყოდი ლუგანდა ენაზე . . . ?“
გასული საუკუნის 80-იან წლებში გულმოდგინე უგანდელი მაუწყებლები გულთბილად ხვდებოდნენ მათ ქვეყანაში ჩასულ სულით ანთებულ მისიონერებს. ზოგი სკოლა „გალაადის“ ახალი კურსდამთავრებული იყო, ზოგს კი მოუწია ზაირში (დღევანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) მისიონერული მსახურების შეწყვეტა და უგანდაში გადასვლა. კამპალასა და ჯინჯაში მისიონერთა რაოდენობის ზრდის წყალობით შესაძლებელი გახდა ამ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისთვის საფუძვლიანი ქადაგება. მისიონერები გახარებულები იყვნენ, რომ სულიერი გაგებით ყანები მოსამკელად გადათეთრებულიყო. ნამდვილად არ იყო რთული სასიხარულო ცნობით ხალხის დაინტერესება, რთული იყო ყველას განმეორებით მონახულება.
სკოლა „გალაადში“ მიღებულმა დასწავლებამ მათს ჰოლმკვისტი აღძრა, დიდი მონდომებით შეესწავლა ადგილობრივი ენა, რათა ხალხში ჭეშმარიტების მიმართ ინტერესი გაეღვივებინა. იმ დროს ფრედ ნიენდე სპეციალურ პიონერად მსახურობდა ენტებეში და, რადგან კარგად ფლობდა როგორც ადგილობრივ, ისე ინგლისურ ენას, მას ძმებმა სთხოვეს, ახალი მისიონერებისთვის ლუგანდა ენაზე გამართულად ლაპარაკი ესწავლებინა (ამ ენაში ბევრი სიტყვა თუ ფრაზა ენის გასატეხს ჰგავს). მათსისთვის ამ ენის სწავლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
— როგორ იტყოდი ლუგანდა ენაზე ღვთის სამეფო? — ჰკითხა მათსმა ფრედს ერთ-ერთ პირველ გაკვეთილზე.
— ობვაკაბაკა ბვა კატონდა, — ჩამოარაკრაკა ფრედმა.
— ამას რა გამამეორებინებს?! — გაიფიქრა მათსმა და ინანა, ეს შეკითხვა რომ დასვა. ასე იყო თუ ისე, მათსმა მაინც მიაღწია წარმატებას და კარგად დაეუფლა ლუგანდა ენას.
გაჩაღებული მკა
ოთხმოციან წლებში არსებული დიდი სირთულეების მიუხედავად, უგანდაში ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ არაჩვეულებრივი გამოხმაურება ჰპოვა. მაუწყებელთა რიცხვი საოცარი სისწრაფით, 130 პროცენტით გაიზარდა. 1986 წელს ქვეყანაში 328 მაუწყებელი იყო, 1990 წელს კი მათმა რიცხვმა 766-ს მიაღწია. მთელ უგანდაში ყალიბდებოდა ახალ-ახალი ჯგუფები. კამპალაში კრებების რიცხვი გაორმაგდა, ჯინჯის კრებაში მაუწყებელთა რიცხვი გასამმაგდა, იგანგაში არსებული ჯგუფი კი კრებად იქცა.
„ზრდა იმდენად სწრაფი იყო, რომ გვიკვირდა, საიდან მოდიოდა ამდენი ახალი მაუწყებელი. ერთხანს თითქმის ყოველ კვირა დაგეგმილი გვქონდა მათთან გასაუბრება, ვისაც უნდოდა, გამხდარიყო მოუნათლავი მაუწყებელი,“ — ამბობს ჯინჯაში მცხოვრები ერთი უხუცესი.
მკის გაფართოება
ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ამ არაჩვეულებრივ ზრდას შეუწყო ხელი, ძმების საოცარი პიონერული სულისკვეთება იყო. პირველ საუკუნეში მოღვაწე პავლეს, სილასა და ტიმოთეს მსგავსად, უგანდელი სრული დროით მსახურები კარგ მაგალითს აძლევდნენ თანაქრისტიანებს (2 თეს. 3:9). მათი მაგალითის შემყურე ბევრი გულმოდგინე მაუწყებელი აღძრული იყო, გაეფართოვებინა მსახურება; გარდა ამისა, მათ ამისკენ ისიც აღძრავდა, რომ მქადაგებლებზე მოთხოვნილება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მუხლჩაუხრელ პიონერებს შეუერთდნენ ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც, დაუქორწინებლებიც და დაქორწინებულებიც, ქალებიც და კაცებიც და ზოგიერთი მთლიანი ოჯახიც კი. 80-იანი წლების მიწურულს მაუწყებელთა 25 პროცენტზე მეტი სხვადასხვა სახის პიონერულ მსახურებაში იღებდა მონაწილეობას. ზოგი მათგანი დღემდე მსახურობს სრული დროით.
პიონერები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ ყოველწლიურ სამქადაგებლო კამპანიაში, რომელსაც შინაურულად „მაკედონიის კამპანიას“ ეძახდნენ (საქ. 16:9, 10). ასეთი კამპანიები წლების განმავლობაში ტარდებოდა. მაუწყებლები მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში მსახურობდნენ გაუნაწილებელ ან ისეთ ტერიტორიებზე, სადაც იეჰოვას მოწმეები იშვიათად ქადაგებდნენ. გარდა ამისა, ზოგიერთ პიონერს დროებით ნიშნავდნენ სპეციალურ პიონერად იქ, სადაც მეტი საჭიროება იყო. მიღწეულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ბევრი გულწრფელი ადამიანი მადლიერია ასეთი კამპანიებისთვის, რომელთა წყალობითაც მათ ჭეშმარიტება გაიგეს. ჩამოყალიბდა ბევრი ახალი ჯგუფი და კრება.
ერთ-ერთი კამპანიის დროს მისიონერები პიტერ აბრამოვი და მიხაილ რაისი ქადაგებდნენ ქალაქ კაბალეში. ისინი დაუკავშირდნენ მარგარეტ ტოფაიოს, რომელიც ადრე სწავლობდა ბიბლიას. მას ნასწავლი მთელი გულით სწამდა და თავისი რწმენის შესახებ სხვებსაც ესაუბრებოდა. მარგარეტს რომ დახმარებოდნენ, მისიონერებმა მას წიგნის „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“ თავიანთი ერთადერთი პირადი ეგზემპლარიც კი მისცეს. სანამ კაბალეს დატოვებდნენ, ძმებმა კიდევ ერთხელ მოინახულეს მარგარეტი, რომელმაც განსაკუთრებული ვახშამი დაახვედრა მათ. ძმები უსაზღვროდ მადლიერნი იყვნენ მარგარეტის სიკეთისა და გულუხვობისთვის, მაგრამ თავს უხერხულად გრძნობდნენ, რადგან მას თავისი ერთადერთი ქათამი დაეკლა მათთვის. ძმებმა იცოდნენ, რომ სწორედ ამ ქათმის კვერცხით მომზადებული საკვები ამდიდრებდა მისი ოჯახის მწირ რაციონს. „ნუ დარდობთ, თქვენი ერთი სტუმრობა გაცილებით ძვირფასია ჩემთვის, ვიდრე ეს ქათამი“, — უთხრა მარგარეტმა ძმებს. მოგვიანებით ის მოინათლა და სიკვდილამდე დაუზარელი მქადაგებელი იყო.
ჩვენს შესანიშნავ პუბლიკაციებს ძმები დახელოვნებულად იყენებენ, რაც თავის მხრივ, რიცხობრივ ზრდას უწყობს ხელს. „ცხადია, ვცდილობთ სწავლების მეთოდები გავაუმჯობესოთ, — ამბობს მათსი, — მაგრამ ხალხს ცხოვრების შეცვლისკენ, ძირითადად, ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა უბიძგებს. ჩვენს ბროშურებში ჩაწერილი პრაქტიკული რჩევები მოქმედებისკენ აღძრავს ჭეშმარიტებას მოწყურებულ იმ ადამიანებსაც კი, რომელთაც გამართულად კითხვა არ იციან“.
დაბრკოლებების გადალახვა
80-იანი წლების მიწურულს უგანდაში იეჰოვას მოწმეთა რიცხობრივ ზრდას არაერთი სირთულე ახლდა თან. 1985 წლის ივლისში მომხდარი გადატრიალების დროს ძალაუფლება კვლავ სამხედრო ძალებმა ჩაიგდეს ხელში და ქვეყანაში პარტიზანული ბრძოლები გაჩაღდა. როგორც არასდროს ხალხი თავს დაუცველად გრძნობდა. ყოფილი მთავრობის სამხედრო რაზმების სისასტიკე ყოველგვარ საზღვარს გასცდა. ისინი ძარცვავდნენ და განურჩევლად ხოცავდნენ ხალხს. გარკვეული ხნის განმავლობაში ჯინჯის იმ რაიონის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც მისიონერთა სახლი მდებარეობდა, ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. ერთ დღეს სამხედროები მისიონერთა სახლშიც შეიჭრნენ, მაგრამ როცა გაიგეს, რომ იქ მისიონერები ცხოვრობდნენ, არაფერი გაუნადგურებიათ და წაღებითაც ბევრი არაფერი წაუღიათ. 1986 წელს უგანდაში მორიგი რეჟიმი დამყარდა. ახალი მთავრობა ცდილობდა, ქვეყანაში წესრიგი დაემყარებინა.
ახალ მთავრობას მალე ახალი და შემაძრწუნებელი მტერი, შიდს-ი გამოუჩნდა. 80-იან წლებში, როდესაც შიდს-ის პანდემიამ მთელ მსოფლიოს თავზარი დასცა, უგანდა იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, რომლებშიც ეს დაავადება მძვინვარებდა. ვარაუდობენ, რომ ამ დაავადებამ ერთი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა უგანდაში, რაც 15 წლის განმავლობაში პოლიტიკური არეულობისა თუ სამოქალაქო ომის დროს დაღუპულთა რაოდენობას აღემატება. რა კვალი დატოვა ამ დაავადებამ ჩვენს და-ძმებზე?
ვაშინგტონ სენტონგო, რომელიც პიონერად მსახურობს, ამბობს: „ზოგი ახალი და-ძმა დიდი ენთუზიაზმით შეუდგა მსახურებას, მაგრამ შიდს-ის გამო მალე გარდაიცვალა. ისინი აივ-ით ჭეშმარიტების გაგებამდე დაინფიცირდნენ“. იყვნენ ისეთი და-ძმებიც, რომლებიც არა იეჰოვას მოწმე მეუღლეებმა დააინფიცირეს.
„ზოგჯერ თვე ისე არ ჩაივლიდა, რომ არ გაგვეგო რომელიმე ჩვენი საყვარელი ადამიანის გარდაცვალების ამბავი, — იხსენებს ვაშინგტონი. — თითქმის ყველა ოჯახში იდგა გლოვის ზარი. ხალხში გავრცელდა მცდარი შეხედულებები შიდს-ზე. ბევრი ფიქრობდა, რომ შიდს-ით დაავადებულებს წყევლამ უწია ან ჯადო ჰქონდათ გაკეთებული. ასეთმა ცრურწმენამ ხალხი პანიკაში ჩააგდო და საღი აზრი დააკარგვინა; მათ თითქმის ყველასი და ყველაფრის ეშინოდათ“. მათგან განსხვავებით ჩვენი და-ძმები გულწრფელ ქრისტიანულ სიყვარულში არწმუნებდნენ ერთმანეთს და აღდგომის იმედით ანუგეშებდნენ.
80-იანი წლების მიწურულს უგანდელებს გულში იმედის ნაპერწკალი გაუჩნდათ. ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გატარდა და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. დაიწყო ინფრასტრუქტურის აღდგენა, სოციალური პროგრამების განახლება თუ განხორციელება.
ხალხი აქტიურად ჩაება პოლიტიკაში, რის გამოც ზოგჯერ ვერ იგებდნენ, თუ რატომ ინარჩუნებდნენ იეჰოვას მოწმეები ნეიტრალურ პოზიციას. ერთხელ ადგილობრივმა მთავრობამ სამეფო დარბაზის მშენებლობა შეაჩერა; რამდენჯერმე ძმებს კონგრესის ჩატარების ნება არ დართეს; ზოგიერთ მისიონერს კი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ქვეყანა დაატოვებინეს. 1991 წლის ბოლოს ქვეყანაში მხოლოდ ორი მისიონერი ძმაღა მსახურობდა. რის გაკეთება შეიძლებოდა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
როგორც იქნა, ძმები შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს, რათა აეხსნათ, რატომ იცავენ იეჰოვას მოწმეები ნეიტრალიტეტს. მთავრობისთვის გასაგები გახდა ჩვენი პოზიცია და მისიონერებს უგანდაში დაბრუნების ნება მისცეს. ჩვენი საქმიანობა შეუფერხებლად მიიწევდა წინ და 1993 წელს უგანდაში მაუწყებელთა რიცხვმა 1 000-ს მიაღწია, სულ რაღაც ხუთ წელიწადში კი მათმა რიცხვმა 2 000 შეადგინა. დღესდღეობით ქვეყანაში ამ მნიშვნელოვან საქმეს დაახლოებით 40 მისიონერი ემსახურება.
მთარგმნელობითი საქმიანობა მკას აჩქარებს
უგანდაში ინგლისური თითქმის ყველამ იცის. მართალია, ქვეყანაში 30-ზე მეტ ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ადგილობრივი ენებიდან ლუგანდა ყველაზე გავრცელებულია. ბოლო წლებში სწორედ მთარგმნელობითი საქმიანობის წინსვლის წყალობით სწრაფად გაიზარდა მაუწყებელთა რიცხვი.
ფრედ ნიენდე იხსენებს, რომ თუმცა დედამისმა ინგლისური კარგად არ იცოდა, მაინც ერთგულად ესწრებოდა კრების შეხვედრებს. ფრედი ამბობს: «დედაჩემისთვის „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა მაშინ უფრო გამამხნევებელი იყო, როცა სასწავლო სტატიას ინგლისურიდან ლუგანდა ენაზე ვთარგმნიდი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს უფრო დიდი მთარგმნელობითი საქმიანობისთვის მამზადებდა». რა ჰქონდა ფრედს მხედველობაში?
1984 წელს პიონერად მსახურების დაწყებიდან ცოტა ხანში ფრედს სთხოვეს მისიონერებისთვის ლუგანდა ენა ესწავლებინა. მომდევნო წელს ის ლუგანდა ენის მთარგმნელობით ჯგუფში მიიწვიეს. თავიდან მთარგმნელები ბიბლიურ ლიტერატურას თავისუფალ დროს თავ-თავიანთ სახლებში თარგმნიდნენ. მოგვიანებით მთარგმნელობითი ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ, მისიონერთა სახლის ერთ-ერთ პატარა ოთახში მთელი დღის განმავლობაში ერთად ემუშავათ. აღსანიშნავია, რომ 70-იან წლებში, როცა უგანდაში ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო, „საგუშაგო კოშკის“ რამდენიმე ნომერი გადაითარგმნა ლუგანდა ენაზე და მიმეოგრაფით ასლები გაკეთდა. სამწუხაროდ, ეს საქმიანობა მალე შეჩერდა და „საგუშაგო კოშკის“ ლუგანდა ენაზე გამოცემა მხოლოდ 1987 წელს განახლდა. მას შემდეგ მთარგმნელობითი ჯგუფი გაიზარდა. მთარგმნელები თავს არ ზოგავენ, რომ, რაც შეიძლება მეტი პუბლიკაცია გადათარგმნონ ლუგანდაენოვანი კრებებისთვის, რომელთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება. დღესდღეობით უგანდაში კრებების თითქმის ნახევარი ლუგანდაენოვანია.
დროთა განმავლობაში ჩვენი პუბლიკაციები სხვა ენებზეც გადაითარგმნა. დღეისათვის აჩოლი, ლუკონზო და რუნიანკორე ენებზე რეგულარულად ითარგმნება ჩვენი ლიტერატურა. გარდა ამისა, ზოგიერთი პუბლიკაცია გადაითარგმნა ატესო, ლუგბარა, მადი და რუტორო ენებზე.
აჩოლი და რუნიანკორე მთარგმნელობითი ჯგუფები გულუსა და მბარარაში არსებულ მთარგმნელობით ოფისებში მსახურობენ, სწორედ იქ, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ენებზე ლაპარაკობს. ამის წყალობით მთარგმნელებს არ ავიწყდებათ მშობლიური ენა და იმის საშუალებაც აქვთ, რომ პუბლიკაციები მკითხველისთვის ადვილად გასაგებ ენაზე თარგმნონ. გარდა ამისა, ადგილობრივ კრებებს მთარგმნელებთან თანამშრომლობაც ამხნევებს.
ცხადია, რომ მთარგმნელობითი საქმიანობა ძალისხმევას მოითხოვს და საკმაოდ დიდ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. მთელ მსოფლიოში არსებული მთარგმნელობითი ჯგუფების მსგავსად, უგანდელ თავდაუზოგავ მთარგმნელთათვის ძალიან პრაქტიკული აღმოჩნდა სპეციალური კურსები, რომლებიც ენის უკეთ დაუფლებასა და მთარგმნელობითი ტექნიკის გაუმჯობესებას ემსახურება. შედეგები ძალისხმევად და გაღებულ ხარჯებად ნამდვილად ღირდა — დღეს, როგორც არასდროს, ბევრი უგანდელი სხვადასხვა „ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ ბიბლიურ ჭეშმარიტებას მშობლიურ ენაზე გამოცემულ პუბლიკაციებიდან იგებს (გამოცხ. 7:9, 10). 2003 წლისთვის უგანდაში 3 000-ზე მეტი მაუწყებელი იყო, სულ რაღაც სამი წლის შემდეგ კი, 2006 წელს, მათმა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა.
იზრდება მოთხოვნილება თაყვანისცემის ადგილებზე
თავიდან ძმები კრების შეხვედრებს სახლებში, კლუბებსა და საკლასო ოთახებში ატარებდნენ. ქრისტიანული შეხვედრების ჩასატარებლად განკუთვნილი პირველი შენობები ალიზით ნაშენი და ჩალით გადახურული იყო. ასეთ შენობებში იკრიბებოდნენ სოფელ ნამაინგოსა და რუსესეში მცხოვრები ძმები. მოგვიანებით ორივე სოფელში ძლიერი კრებები ჩამოყალიბდა, რაც აშკარად აჩვენებდა იმას, რომ იეჰოვამ აკურთხა იქაური ძმების მონდომება და ძალისხმევა.
ქალაქებში უბრალო შენობის აშენებაც კი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ამიტომ უგანდაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე სამეფო დარბაზებზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო. ასე გრძელდებოდა 1988 წლის მარტამდე, სანამ ქალაქ ჯინჯაში პირველი სამეფო დარბაზის მიძღვნა არ შედგა. დარბაზის მშენებლობა ძალიან შრომატევადი იყო. ძმებს თვითონ უწევდათ ახლომდებარე ტყეში ხეების მოჭრა და ატალახებული გზებით მშენებლობაზე მიტანა. მოგვიანებით ძმებმა თავიანთი ინიციატივითა და საკუთარი ძალებით ააშენეს სამეფო დარბაზები მბალეში, კამპალასა და ტოროროში.
1999 წელს სამხრეთი აფრიკის ფილიალის რეგიონალური საინჟინრო ოფისის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სამშენებლო ჯგუფი, რამაც უგანდაში სამეფო დარბაზების მშენებლობა დააჩქარა. ფილიალმა ჯგუფში ცხრა კაცი დანიშნა, რომელთაგან ორი წყვილი საერთაშორისო მსახური იყო. ჯგუფის წევრებმა საქმეს მალევე აუღეს ალღო და ადგილობრივ ძმებსაც ასწავლიდნენ სხვადასხვა ხელობას. ცხადი გახდა, რომ სამეფო დარბაზების მშენებლობის პროგრამას ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა. დღეისათვის უგანდაში 67 სამეფო დარბაზია; თითოეული მათგანის აშენებას საშუალოდ თვე-ნახევარი დასჭირდა. შეიძლება ითქვას, რომ დარბაზების შენება სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძმებს საკმარისი ელექტრო ხელსაწყოები არ ჰქონდათ, წყალიც ხშირად წყდებოდა და სამშენებლო მასალების შოვნაც ჭირდა.
დღეს უგანდის თითქმის ყველა კრებას აქვს თავისი სამეფო დარბაზი და ისინი ხედავენ, რა დიდი კურთხევაა, რომ სამეფო დარბაზი საკუთარ დასახლებაში აქვთ. თაყვანისცემისთვის შესაფერის ასეთ ადგილებზე მისვლა დაინტერესებულებისთვის უფრო სახალისო გახდა, ვიდრე საკლასო ოთახებში. ამის წყალობით კრების შეხვედრებზე დამსწრეთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა და, შესაბამისად, მაუწყებელთა რაოდენობაც სწრაფად გაიზარდა.
სწრაფ ზრდას თავსატეხიც თან სდევს
მაუწყებელთა რაოდენობის არნახული ზრდის გამო იმ ადგილებში, სადაც კონგრესები ტარდებოდა, ხალხის ტევა არ იყო. რის გაკეთება შეიძლებოდა, რომ კონგრესები შესაფერის ადგილას ჩატარებულიყო და და-ძმებს, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრებთ, დიდი გზა არ გაევლოთ? ძმებს ნება დართეს, აეშენებინათ ისეთი სამეფო დარბაზები, რომელთა გაფართოებაც შესაძლებელი იქნებოდა. ეს დარბაზები ჩვეულებრივი ზომის იყო, იმ განსხვავებით, რომ შენობას უკანა მხარეს დიდი გადახურული ადგილი ჰქონდა. კონგრესის დროს სამეფო დარბაზის უკანა კედელს ხსნიდნენ და, ამგვარად, დიდ აუდიტორიას შეეძლო პროგრამის მოსმენა. ასეთი დარბაზები უკვე აშენდა კანჯანსიში, რუსესესა და ლირაში, სეტაში კი ახლა შენდება.
იეჰოვას კურთხევები არ დაუკლია უგანდელი და-ძმებისთვის. სწრაფმა ზრდამ ორგანიზაციული ცვლილებების გატარება მოითხოვა. 1994 წლამდე ქვეყანაში მხოლოდ ერთი რაიონი იყო, მოგვიანებით ფილიალმა სხვა რაიონებიც ჩამოაყალიბა, რათა უკეთესად ეზრუნა ახალ-ახალი კრებების, ჯგუფებისა და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხის მოთხოვნილებებზე. დღეს უგანდის რვა რაიონში, რომელთაგანაც სამი ლუგანდაენოვანია, 111 კრება და 50 ჯგუფია.
აპალო მუკასა, რომელიც დღეს უგანდაში სარაიონო ზედამხედველად მსახურობს, 1972 წელს მოინათლა. მან უმაღლესი განათლების მიღებას სრული დროით მსახურება ამჯობინა და 1980 წელს პიონერი გახდა. ნანობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო?
„არავითარ შემთხვევაში, — ამბობს აპალო. — უამრავი საინტერესო და გამამხნევებელი შემთხვევა მქონდა როგორც სპეციალურ პიონერად მსახურებისას, ისე მიმოსვლით მსახურებაში კრებებისა თუ ჯგუფების მონახულებისას. განსაკუთრებით ვაფასებ იმას, რომ შესაძლებლობა მქონდა გამევლო მსახურებაში დახელოვნების სკოლა, რომელიც დამეხმარა უკეთ გავრკვეულიყავი სულიერ და ორგანიზაციულ საკითხებში“.
აპალოს გარდა 50-ზე მეტმა უგანდელმა ძმამ გაიარა მსახურებაში დახელოვნების სკოლა, რომელიც კენიის ფილიალში 1994 წლიდან ტარდება. ბევრი მათგანი სპეციალურ პიონერად მსახურობს და დიდი სიხარულით უწევს დახმარებას პატარა კრებებსა თუ ჯგუფებს, სხვები კი და-ძმების გასამხნევებლად მიმოსვლით მსახურებას ეწევიან.
1995 წელს უგანდაში ქვეყნის კომიტეტი დაინიშნა, რომელიც კენიის ფილიალის მითითებებისამებრ იმოქმედებდა. კამპალაში ერთ-ერთი მისიონერთა სახლი ოფისად გადაკეთდა; იქ ცხოვრობდა და მსახურობდა რვა სრული დროით მოხალისე, მათ შორის იყვნენ ლუგანდა ენის მთარგმნელობითი ჯგუფის წევრებიც. 2003 წელს უგანდის ოფისი ფილიალი გახდა.
„ნამდვილად სამოთხეში ვართ“
ქვეყნის კომიტეტი ცდილობდა, ეზრუნა მთარგმნელობითი ჯგუფებისა და სხვა განყოფილებების მზარდ საჭიროებებზე. ამიტომ შეიძინეს კამპალის ოფისის გვერდით მდებარე შენობები. თუმცა ფილიალის ფუნქციების გასაფართოებლად მალე უფრო მეტი ფართობი გახდა საჭირო. 2001 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ ნებართვა მისცა ძმებს, ახალი ფილიალის ასაშენებლად შეეძინათ 4 ჰექტარი მიწა კამპალის გარეუბანში, ტბა ვიქტორიის მახლობლად.
ახალი ფილიალის ასაშენებლად ძმებს სურდათ ხელშეკრულება გაეფორმებინათ ერთ-ერთ საუკეთესო სამშენებლო კომპანიასთან, რომელმაც დროის უქონლობის გამო უარი თქვა. მაგრამ უეცრად აზრი შეიცვალეს და, ყველას გასაკვირად, ფილიალის შენობების ასაშენებლად დაბალი თანხა მოითხოვეს. როგორც გაირკვა, ერთ-ერთ დამკვეთს კომპანიასთან მოულოდნელად მაღალანაზღაურებადი ხელშეკრულება გაეუქმებინა, ამიტომ კომპანია თანახმა იყო, რაც შეიძლება მალე დაეწყო ფილიალის აშენება.
2006 წლის იანვარში ბეთელის ოჯახი ახალ ფილიალში გადავიდა, სადაც ორსართულიანი და 32-ოთახიანი საცხოვრებელი სახლი, ადმინისტრაციული შენობა, დიდი სასადილო ოთახი, სამზარეულო და სამრეცხაო იყო. ფილიალი აღჭურვეს ისეთი საკანალიზაციო სისტემით, რომელიც გარემოს არ აბინძურებს, წყლის რეზერვუარით და გენერატორით, ააშენეს ლიტერატურისა და გზავნილთა განყოფილებებისთვის განკუთვნილი შენობა და სხვადასხვა სახელოსნო. ერთმა ძმამ თავისი სიხარული შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ნამდვილად სამოთხეში ვართ, მარადიული სიცოცხლეღა გვაკლია!“ 2007 წლის 20 იანვარს, შაბათს, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ენტონი მორისმა, ფილიალის მიძღვნის მოხსენება წაიკითხა.
ჭეშმარიტი ცოდნა მატულობს
ათწლეულების მანძილზე, მშვიდობისა თუ მშფოთვარე დროში, უგანდაში მცხოვრებმა იეჰოვას მსახურებმა ისწავლეს, რას ნიშნავს, იქადაგონ სიტყვა „კარგ დროშიც და ცუდ დროშიც“ (2 ტიმ. 4:2). 2008 წელს 4 766 მაუწყებელი 11 564 ბიბლიის შესწავლას ატარებდა, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს კი 16 644 ადამიანი დაესწრო. ამ მონაცემებისა და მოსახლეობასთან მაუწყებელთა შეფარდების (1 მაუწყებელზე 6 276 მოსახლე) საფუძველზე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უგანდაში ყანები კვლავ გადათეთრებულია მოსამკელად (იოან. 4:35).
უგანდელმა და-ძმებმა მწარე გამოცდილებიდან კარგად იციან, რომ მდგომარეობა შეიძლება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს და ქრისტიანის რწმენა გამოცდის წინაშე აღმოჩნდეს. ისინი დარწმუნდნენ, რომ შეუძლიათ ენდონ იეჰოვას და მის სიტყვაში ჩაწერილ მითითებებს; შეუძლიათ ჰქონდეთ მსოფლიო საძმოს დახმარების იმედი.
ღვთის ანგელოზმა უკვე ხანში შესულ ერთგულ წინასწარმეტყველ დანიელს უთხრა, რომ უკანასკნელ დროში „გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა“ (დან. 12:4). იეჰოვას შეწევნით უგანდაში ეს ასეც მოხდა. ამ მხარეში, სადაც წყალუხვი ნილოსი იღებს სათავეს, ჭეშმარიტებას მოწყურებული ხალხის დასარწყულებლად ჭეშმარიტების წყლებიც უხვად მოსჩქეფს. იეჰოვა კურთხევას არ აკლებს მთელ დედამიწაზე მცხოვრებ თავის მსახურებს. მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა ყველანი მარადიულად ერთხმად განვადიდებთ იეჰოვას!
[სქოლიოები]
a ფრენკ სმიტის ბიოგრაფია დაიბეჭდა 1995 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ გვერდები 20—24 (რუს.). ფრენკის მამა, უფროსი ფრენკ სმიტი, ბიძა და ბიცოლა, გრეი და ოლგა სმიტები, პირველები იყვნენ, რომლებმაც აღმოსავლეთ აფრიკაში იქადაგეს. ფრენკის დაბადებამდე ორი თვით ადრე უფროსი ფრენკი დაიღუპა მალარიით, როცა თავის მშობლიურ ქალაქში, კეიპტაუნში ბრუნდებოდა.
b გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.
[ჩანართი 84 გვერდზე]
„უჩვეულო იყო, რომ აფრიკის ერთ-ერთ რადიოარხზე ამერიკული და შოტლანდიური აქცენტით მოლაპარაკე ადამიანებს მიჰყავდა გადაცემა“.
[ჩანართი 92 გვერდზე]
„როგორ ამიკრძალავენ იმას, რაც გულში მაქვს?!“
[ჩანართი 111 გვერდზე]
„როგორ იტყოდი ლუგანდა ენაზე ღვთის სამეფო?“ „ობვაკაბაკა ბვა კატონდა“
[ჩარჩო⁄სურათი 72 გვერდზე]
მოკლე მიმოხილვა
ტერიტორია.
უგანდაში მრავალფეროვანი ბუნებაა. იქ ნახავთ გაუვალ ტროპიკულ ტყეებს, თვალუწვდენელ სავანას, უთვალავ მდინარესა თუ ტბას და თოვლით დაფარულ უზარმაზარ რუვენზორის მასივს. ქვეყნის საერთო ფართობი 241 551 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. უგანდის ტერიტორიაზეა აფრიკაში უდიდესი ტბის, ვიქტორიის თითქმის ნახევარი.
მოსახლეობა.
უგანდაში დაახლოებით 30 ეთნიკური ჯგუფია. მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტი სოფლად ცხოვრობს.
ენა.
ქვეყანაში სულ მცირე 32 ენაზე საუბრობენ, რომელთაგანაც ყველაზე გავრცელებული ლუგანდაა. ოფიციალური ენებია ინგლისური და სუაჰილი.
ეკონომიკა. ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სოფლის მეურნეობას. მოჰყავთ ყავა, ჩაი, ბამბა და სხვა საექსპორტო კულტურები. უგანდელების უმეტესობა მიწათმოქმედებას მისდევს და საკუთარი მოსავლით ირჩენს თავს; სხვების შემოსავლის წყარო კი თევზაობა და ტურიზმია.
საკვები.
მატუკი (იხილეთ სურათი), რომელსაც შაქარა ბანანისგან ორთქლზე ამზადებენ, ქვეყნის თითქმის მთელი სამხრეთი ნაწილის ძირითადი კერძია. სიმინდს, ბატატს და ფეტვის ან მანიჰოტის ფქვილისგან გამომცხვარ პურს სხვადასხვა ბოსტნეულთან ერთად შეექცევიან.
კლიმატი.
უგანდაში, რომელიც ტროპიკულ სარტყელში მდებარეობს, ზომიერი ჰავაა. მისი რელიეფი ოდნავ ტალღოვანი ვაკეა — სამხრეთი ნაწილი ზღვის დონიდან დაახლოებით 1 500 მეტრის სიმაღლეზეა, ჩრდილოეთი ნაწილი კი — დაახლოებით 900 მეტრზე. ქვეყნის უმეტეს ნაწილში ერთმანეთს ენაცვლება მშრალი და ნოტიო სეზონები.
[ჩარჩო⁄სურათი 77 გვერდზე]
გულწრფელმა ქრისტიანულმა სიყვარულმა გულები გაგვითბო
პიტერ ჯაბი
დაიბადა: 1932 წელს
მოინათლა: 1965 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: უხუცესი, რომელიც აკრძალვების დროს პუბლიკაციების თარგმნაში იღებდა მონაწილეობას. ჰყავს მეუღლე, ესთერი და ოთხი შვილი.
◼ იმ დროს, როცა იეჰოვას მოწმეთა პირველი მისიონერები ჩამოვიდნენ უგანდაში, ქვეყანაში რასიზმი მძვინვარებდა. თეთრკანიანთა უმეტესობას თავი შორს ეჭირა შავკანიანი აფრიკელებისგან. მისიონერთა გულწრფელმა ქრისტიანულმა სიყვარულმა გულები გაგვითბო, ისინი ჩვენთვის ძალიან ძვირფასნი გახდნენ.
70-იან წლებში მე და ჩემი ოჯახის წევრებს ხშირი და სასიამოვნო ურთიერთობა გვქონდა მისიონერებთან და ხშირად ვქადაგებდით მათთან ერთად. ისინი ჩვენგან 65 კილომეტრის დაშორებით მბარარაში ცხოვრობდნენ. ერთ დღეს, როცა მათთან მივდიოდით, ჯარისკაცებმა გაგვაჩერეს და გვითხრეს: „თუ სიცოცხლე მოგბეზრებიათ, შეგიძლიათ განაგრძოთ გზა“. გონივრულად ჩავთვალეთ, რომ სახლში დავბრუნებულიყავით. მაგრამ შინ დაბრუნებულებს მოსვენებას არ გვაძლევდა იმაზე ფიქრი, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ ჩვენი საყვარელი მისიონერები. გვინდოდა, რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავით მათთან და გვენახა ისინი. რამდენიმე დღის შემდეგ მაინც გადავწყვიტეთ, წავსულიყავით მისიონერებთან. გზებზე გაძლიერებული კონტროლი იყო, ამიტომ ვისარგებლე იმით, რომ საავადმყოფოს თანამშრომელი ვიყავი და მანქანაზე სამედიცინო ემბლემა მქონდა გაკრული და დაუბრკოლებლად გავიარე გამშვები პუნქტები. შვებით ამოვისუნთქეთ, როცა დავინახეთ, რომ მისიონერებს არაფერი უჭირდათ. მოვამარაგეთ საკვებით და რამდენიმე დღე მათთან დავრჩით. ყოველკვირა ვინახულებდით მათ, სანამ უსაფრთხო არ გახდებოდა მათი კამპალაში გადასვლა. ქვეყანაში რაც უფრო რთულდებოდა სიტუაცია, მით უფრო გვიძლიერდებოდა ძმური სიყვარული.
[ჩარჩო⁄სურათი 82 გვერდზე]
„ვფიქრობდი, რომ მსახურებისას ვერაფრის თქმას შევძლებდი“
მარგარეტ ნიენდე
დაიბადა: 1926 წელს
მოინათლა: 1962 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: პირველი უგანდელი ქალი, რომელმაც ჭეშმარიტება მიიღო. 20 წელზე მეტხანს მსახურობდა პიონერად. დღესაც აქტიურად მსახურობს.
◼ ჩემი ქმარი სიამოვნებით სწავლობდა ბიბლიას ძმა კილმინსტერთან და მეუბნებოდა, რომ მეც დამეწყო შესწავლა, რადგან ძალიან მიყვარდა ბიბლია. გადავწყვიტეთ, რომ შესწავლას ძმა ჯონ ბვალის მეუღლე, იუნისი ჩამიტარებდა.
მომწონდა, რასაც ვსწავლობდი, მაგრამ ჭეშმარიტებაზე სხვებთან საუბარს ვერ ვბედავდი. ბუნებით გაუბედავი ვიყავი და ვფიქრობდი, რომ მსახურებისას ვერაფრის თქმას შევძლებდი. მაგრამ იუნისი მოთმინებას ავლენდა და მეხმარებოდა, ქადაგებისას თავიდან მხოლოდ ერთი მუხლი ამომეკითხა. ერთი მონახულებიდან მეორეზე გადასვლისას მიხსნიდა, როგორ შემეძლო ამა თუ იმ მუხლზე კომენტარის გაკეთება. იეჰოვას დახმარებით შიში დავძლიე.
ნათლობამდე ცოტა ხნით ადრე თავზარი დამცა იმან, რომ ჩემმა მეუღლემ ჭეშმარიტებას ზურგი აქცია და ოჯახიდანაც წავიდა. ასე დავრჩი შვიდ შვილთან მარტო. საბედნიეროდ და-ძმები მზრუნველობას არ გვაკლებდნენ; მე და ჩემს შვილებს სულიერ და ფიზიკურ დახმარებას გვიწევდნენ. ერთი უცხოელი ცოლ-ქმარი, რომელიც კამპალაში ესწრებოდა კრების შეხვედრებს, შემოგვივლიდა ხოლმე და თავიანთი მანქანით კრებაზე მივყავდით. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩემი ოთხი შვილი და მათი ოჯახები იეჰოვას მსახურები არიან.
გავიდა დრო და პიონერად მსახურების დაწყება შევძელი. როცა ართრიტის გამო სიარული გამიჭირდა, სახლის წინ მაგიდა დავდგი, ლიტერატურა დავალაგე მასზე და გამვლელებს ჭეშმარიტებაზე ვესაუბრებოდი. ამის წყალობით სრული დროით მსახურების გაგრძელება შევძელი.
[ჩარჩო⁄სურათები 98, 99 გვერდებზე]
ღმერთმა აკურთხა სულიერი მკა
სამუელ მუკვაია
დაიბადა: 1932 წელს
მოინათლა: 1974 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: სამუელი მრავალი წლის განმავლობაში ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო იურიდიულ საქმეებში. ის აგრეთვე მსახურობდა უხუცესად და პიონერად.
◼ არასოდეს დამავიწყდება, რა მოხდა ნაირობიში, როცა კენიის ფილიალის დასათვალიერებლად ვიყავი მისული.
— რას ნიშნავს ეს ფერად-ფერადი ჭიკარტები? — ვიკითხე მე, როცა უგანდის რუკას ვათვალიერებდი.
— ამ ჭიკარტებით ის ადგილებია აღნიშნული, სადაც ბევრს აინტერესებს ჭეშმარიტება, — მიპასუხა კენიის ფილიალის კომიტეტის წევრმა რობერტ ჰარტმა.
— როდის აგზავნით იქ პიონერებს? — ვკითხე და თითი დავადე ჭიკარტს, რომლითაც ჩემი მშობლიური ქალაქი, იგანგა, იყო მონიშნული.
— ჩვენ არავის ვაგზავნით იქ, — მომიგო მან. შემდეგ კი პირდაპირ შემომხედა, თვალი ჩამიკრა და მითხრა, — შენ წახვალ იქ.
ძმა ჰარტის პასუხმა გამაოცა, რადგან არც პიონერი ვიყავი და აღარც იმ ქალაქში ვცხოვრობდი. მისმა სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა და პენსიაზე გასვლის შემდეგ გადავწყვიტე, მშობლიურ ქალაქში დავბრუნებულიყავი და სრული დროით მსახურება დამეწყო. მახარებდა იმის დანახვა, თუ როგორ სწრაფად იზრდებოდა მაუწყებელთა ერთი მუჭა ჯგუფი. დღეს იქ ძლიერი კრებაა და საკუთარი სამეფო დარბაზიც აქვთ.
იგანგაში სპეციალურ პიონერად პატრიკ ბალეგეია გამოგზავნეს. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით და პიონერადაც ერთად ვმსახურობდით. თავი რომ გვერჩინა, სიმინდი დავთესეთ. დილაადრიან ყოველდღიურ მუხლს განვიხილავდით, რამდენიმე საათი სიმინდის ყანას ვთოხნიდით, ცხრა საათის შემდეგ კი საქადაგოდ მივდიოდით და საღამომდე სიხარულით ვმსახურობდით.
სიმინდი წამოიზარდა და მეზობლები გვეუბნებოდნენ, ქადაგება სიმინდის მოვლაში შეგიშლითო ხელს. ჩვენც კარგად ვიცოდით, რომ სიმინდის ყანა შეიძლებოდა მაიმუნებს გაენადგურებინა, მაგრამ არ გვინდოდა, მათ დევნას გადავყოლოდით და სულიერი მკა დაგვევიწყებინა.
რამდენიმე დღის შემდეგ შევამჩნიეთ, რომ ჩვენს ნაკვეთში ორი დიდი ძაღლი დადიოდა. არ ვიცოდით, ვისი იყო ეს ძაღლები ან საიდან მოვიდნენ. გადავწყვიტეთ, კი არ გაგვეყარა, ყოველდღე საკვები დაგვეყარა მათთვის და წყალი დაგვესხა. ძაღლების შიშით მაიმუნები ნაკვეთს ვერ ეკარებოდნენ. ოთხი კვირის შემდეგ, როგორც კი მოსავალი ავიღეთ, ძაღლები ისევე მოულოდნელად გაქრნენ, როგორც გამოჩნდნენ. იეჰოვას მადლობას ვუხდიდით უხვი მოსავლისთვის, რომელიც მაიმუნებს კი არა, ჩვენ დაგვრჩა. ყველაზე მეტად იმისთვის ვიყავით მადლიერი, რომ იეჰოვამ ჩვენი სულიერი მკაც აკურთხა.
[ჩარჩო⁄სურათი 101, 102 გვერდებზე]
იეჰოვამ ციხეში მიპოვა
პატრიკ ბალიგეია
დაიბადა: 1955 წელს
მოინათლა: 1983 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: მონათვლის შემდეგ მალე სრული დროით მსახურება დაიწყო. ის და მისი მეუღლე, სიმფრონია, მიმოსვლით მსახურებას ეწევიან.
◼ ხელისუფლების დამხობის შემდეგ, 1979 წელს, ყველას, ვისაც წინა მთავრობის დროს რაიმე თანამდებობა ეკავა, „შესთავაზეს“, უსაფრთხოების მიზნით ჩამჯდარიყო ციხეში. გაკეთდა განცხადება, რომ ვინც არ გამოეხმაურებოდა ამ ღონისძიებას, ახალი მთავრობის პოტენციურ მტრად ჩაითვლებოდა და შესაბამისადაც მოექცეოდნენ. ძველი მთავრობის შეიარაღებულ ძალებში მუსიკოსად ვმსახურობდი, ამიტომ ციხეში წასვლა მომიწია.
მიხაროდა, რომ ციხეში ყოფნისას შესაძლებლობა მქონდა, ყოველდღე მეკითხა ბიბლია და მეფიქრა წაკითხულზე. ჭეშმარიტებას ვეძებდი და სხვა პატიმრებთან სიამოვნებით ვსაუბრობდი ბიბლიურ საკითხებზე. პატიმრებს შორის იყო ერთი იეჰოვას მოწმე, ჯონ მუნდუა. ის ციხეში იმის გამო აღმოჩნდა, რომ წინა მთავრობის დროს სახელმწიფო სამსახურში გარკვეული თანამდებობა ეკავა, თანაც იმ ტომის წარმომადგენელი იყო, რომელსაც წინა რეჟიმის მხარდამჭერად მიიჩნევდნენ.
ჯონი დიდი მონდომებით მიზიარებდა სასიხარულო ცნობას და მეც სიამოვნებით ვუსმენდი. „საგუშაგო კოშკის“ 16 ეგზემპლარისა და წიგნ „ბედნიერების მომტანი სასიხარულო ცნობის“c გარდა სხვა ლიტერატურა არ გვქონდა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, მივმხვდარიყავი, რომ, რაც ამ პუბლიკაციებში ეწერა, ჭეშმარიტება იყო. შესწავლის დაწყებიდან სამ თვეში ჯონის აზრით, მზად ვიყავი, მაუწყებელი გავმხდარიყავი. მალე ჯონს ყველა ბრალდება მოუხსნეს და ციხიდან გაათავისუფლეს. ამით გაწყდა ჩემი ერთადერთი კავშირი იეჰოვას ორგანიზაციასთან. შეძლებისდაგვარად, მე დაინტერესებულებს მაინც ვასწავლიდი ბიბლიას ციხეში.
1981 წლის ოქტომბერში მეც გამათავისუფლეს და ჩემს მშობლიურ სოფელში დავბრუნდი, სადაც ერთი იეჰოვას მოწმეც კი არ ცხოვრობდა. ნათესავები მაიძულებდნენ, მონაწილეობა მიმეღო მათ რელიგიურ რიტუალებში. მაგრამ იეჰოვა ხედავდა, რომ ძალიან მინდოდა, მისი მსახური ვყოფილიყავი და მაძლიერებდა. ვიცოდი, რომ იესოს მსგავსად მეც უნდა მექადაგა, ამიტომ აღარ დავაყოვნე და შევუდექი ამ საქმეს; ცოტა ხანში ბევრ ბიბლიის შესწავლას ვატარებდი. ერთ დღეს ქადაგებისას ერთმა სახლის პატრონმა მიჩვენა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“d და მითხრა, რომ სწორედ ისე ვლაპარაკობდი, როგორც ამ წიგნში ეწერა. ამ მამაკაცს დიდად არ აინტერესებდა ჭეშმარიტება, მე კი ერთი სული მქონდა წამეკითხა ეს წიგნი და უამრავი „საგუშაგო კოშკი“, რომლებიც მას ჰქონდა. ასე რომ, ამ შემთხვევაში ქადაგებისას აქეთ მომცეს ლიტერატურა.
თანამორწმუნეები ყველაფრის მიუხედავად მაინც უნდა მომეძებნა. გამახსენდა, რომ ერთხელ ძმა მუნდუამ მითხრა, ჯინჯაში იეჰოვას მოწმეები ცხოვრობენო. მეც გადავწყვიტე, იქ მეძებნა ძმები. თითქმის მთელი ღამე ლოცვაში გავატარე და დილით ადრე სახლიდან ისე გავედი, რომ არც მისაუზმია. პირველი, ვინც ქუჩაში შემხვდა, იყო მამაკაცი, რომელსაც ხელში გამჭვირვალე ცელოფნის პარკი ეჭირა. თვალებს ვერ ვუჯერებდი, როცა ამ პარკში ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“-ი დავინახე. როგორც იქნა ვიპოვე ჩემი სულიერი ძმა!
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა 1984 წელს უგანდაში ჩატარებულ პირველ პიონერულ მსახურების სკოლაში მიმიწვიეს. იცით, ვინ სწავლობდა ჩემთან ერთად ამ სკოლაში? ჩემი საყვარელი ძმა ჯონ მუნდუა! დღეს ის 74 წლისაა და კვლავაც ერთგულად მსახურობს პიონერად.
[სქოლიოები]
c გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.
d გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.
[ჩარჩო⁄სურათი 113 გვერდზე]
როგორც იქნა ჭეშმარიტი რელიგია იპოვა
ერთმა დამ სთხოვა მათს ჰოლმკვისტს, რომელიც მისიონერად მსახურობდა, შეხვედროდა მუტესაასირა იაფესის, რომელიც რამდენიმე ათეული წელი მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესიის წინამძღოლად მსახურობდა. ახლა ის იეჰოვას მოწმეების მოძღვრებით იყო დაინტერესებული. მას ოცზე მეტი კითხვა ჰქონდა ფურცელზე ჩამოწერილი და ძმა მათსს შეხვედრისას გადასცა.
ბიბლიურ თემებზე მსჯელობა ორი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც მუტესაასირამ აღფრთოვანებით წამოიძახა: „როგორც იქნა ჭეშმარიტი რელიგია ვიპოვე! ძალიან გთხოვთ, მესტუმრეთ ჩემს სოფელში. იქ სხვებსაც უნდათ, უკეთ გაეცნონ იეჰოვას მოწმეთა რელიგიას“.
ხუთი დღის შემდეგ მათსი სხვა მისიონერთან ერთად გაუდგა 110 კილომეტრიან გზას, რათა მუტესაასირასთან მისულიყვნენ კალანგალოში. მათ მოტოციკლით მოუწიათ ჩაის პლანტაციების გავლით ტალახიანი და ოღროჩოღრო ბილიკებით სიარული. ძმები გაოცებას ვერ მალავდნენ, როცა მუტესაასირამ ისინი ჩალით გადახურულ ქოხთან მიიყვანა, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა წარწერა: „სამეფო დარბაზი“. დაუჯერებელი იყო, მას უკვე მოემზადებინა ადგილი, ბიბლიის შესწავლისა და კრების შეხვედრების ჩასატარებლად.
სოფელში მუტესაასირას უკვე გაეცნო ჭეშმარიტება სხვებისთვის და ათი მათგანი დაინტერესებულიყო. სიშორის მიუხედავად მათსი მათთან თვეში ორჯერ ჩადიოდა და ბიბლიის შესწავლას უტარებდა. შემსწავლელები სულიერად წინ მიიწევდნენ. კალანგალოში ოცზე მეტი ადამიანი გახდა მაუწყებელი და ახლომდებარე ქალაქ მიტიანაში ძლიერი კრება ჩამოყალიბდა. მუტესაასირამაც სწრაფად წაიწია წინ სულიერად და მალევე მოინათლა. დღეს ის უკვე სამოცდაათ წელს გადაცილებულია და კრებაში უხუცესად მსახურობს.
[ცხრილი⁄დიაგრამა 108, 109 გვერდებზე]
დროის დიაგრამა უგანდა
1930
1931 წელი — დეივიდ ნორმანმა და რობერტ ნიზბეტმა იქადაგეს აღმოსავლეთ აფრიკაში.
1940
1950
1950 წელი — კილმინსტრები უგანდაში გადმოსახლდნენ.
1952 წელი — პირველი კრება ჩამოყალიბდა.
1956 წელი — ჩატარდა პირველი ნათლობა.
1959 წელი — ჩავიდნენ უცხოელი ძმები კრებების დასახმარებლად.
1960
1963 წელი — სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულები ჩავიდნენ უგანდაში.
1972 წელი — ჩატარდა პირველი საოლქო კონგრესი.
1973 წელი — იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აიკრძალა და მისიონერები ქვეყნიდან გააძევეს.
1979 წელი — აკრძალვა მოიხსნა.
1980
1982 წელი — მისიონერებს ნება დართეს დაბრუნებულიყვნენ ქვეყანაში.
1987 წელი — დაიწყო ლუგანდა ენაზე „საგუშაგო კოშკის“ მუდმივი გამოცემა.
1988 წელი — პირველი სამეფო დარბაზის მიძღვნა.
1990
2000
2003 წელი — უგანდაში ფილიალი გაიხსნა.
2007 წელი — ფილიალის მიძღვნა.
2010
[სქემა]
(იხილეთ პუბლიკაცია)
მაუწყებლები
პიონერები
5 000
3 000
1 000
1930 1940 1950 1960 1980 1990 2000 2010
[რუკები 73 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სუდანი
კენია
უგანდა
კამბალა
არუა
გულუ
ლირა
სოროტი
ტბა კიოგა
მასინდი
ჰოიმა
მბალე
ტორორო
ნამაინგო
იგანგა
ჯინჯა
სეტა
კაჯანსი
ენტებე
მიტიანა
კალანგალო
ფორტ-პორტალი
რუსესე
ტბა ალბერტი
რუვენზორის მასივი
ეკვატორი
ტბა ედუარდი
მასაკა
მბარარა
კაბალე
კენია
ტბა ვიქტორია
ტანზანია
ბურუნდი
რუანდა
უგანდა
კამპალა
კენია
ნაირობი
მერუ
მთა კენია
მომბასა
ტანზანია
დარ-ეს-სალამი
ზანზიბარი
[რუკა⁄სურათი 87 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
უგანდა
კამპალა
არუა
გულუ
ლირა
სოროტი
მასინდი
ჰოიმა
ფორტ-პორტალი
მასაკა
მბარარა
კაბალე
ტბა ვიქტორია
[სურათი]
ძმა ჰარდმა თავის მეუღლესთან ერთად ექვს კვირაში თითქმის მთელი უგანდა შემოიარა
[გვერდი 66 დათმობილი აქვს სურათს]
[სურათი 69 გვერდზე]
აღმოსავლეთ აფრიკაში პირველებმა დეივიდ ნორმანმა და რობერტ ნიზბეტმა იქადაგეს სასიხარულო ცნობა
[სურათი 71 გვერდზე]
ჯორჯ და რობერტ ნიზბეტები და გრეი და ოლგა სმიტები თავიანთი ავტოფურგონებით აპირებენ ტივით მდინარის გადაკვეთას
[სურათი 75 გვერდზე]
მერი და ფრენკ სმიტები 1956 წელს, დაქორწინებამდე
[სურათი 78 გვერდზე]
ენ კუკი თავის შვილებთან და ძმა მაკუმბასა და მის მეუღლესთან ერთად
[სურათი 80 გვერდზე]
ტომ და ბეთელ მაკლეინები იყვნენ სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებული პირველი მისიონერები უგანდაში
[სურათი 81 გვერდზე]
პირველი მისიონერთა სახლი ჯინჯაში
[სურათი 83 გვერდზე]
ბარბარა და სტივენ ჰარდები, „გალაადის“ კურსდამთავრებული მისიონერები
[სურათი 85 გვერდზე]
მერი ნიზბეტი (შუაში) თავის ვაჟებთან: რობერტი (მარცხნივ), ჯორჯი (მარჯვნივ), უილიამი და მისი ცოლი მიურიელი (უკან)
[სურათი 89 გვერდზე]
ტომ კუკი კითხულობს მოხსენებას კამპალაში ჩატარებულ საოლქო კონგრესზე დევიზით „ღვთის მმართველობა“
[სურათი 90 გვერდზე]
ჯორჯ და გერტრუდ ოჩოლები
[სურათი 94 გვერდზე]
აკრძალვის მიუხედავად ძმები შეხვედრებს ატარებდნენ
[სურათი 95 გვერდზე]
ფრედ ნიენდე
[სურათი 96 გვერდზე]
ემანუელ ჩამიზა
[სურათი 104 გვერდზე]
სტენლი მაკუმბა და მისი მეუღლე, ესინალა, 1998 წელი
[სურათი 107 გვერდზე]
ჰაინც და მარიანე ვერტჰოლცებმა გაიარეს სკოლა „გალაადის“ პირველი კლასი გერმანიაში
[სურათები 118 გვერდზე]
მთარგმნელობითი ჯგუფები
ლუგანდა
აჩოლი
ლუკონზო
რუნიანკორე
[სურათები 123 გვერდზე]
ახალი სამეფო დარბაზები საკმაოდ განსხვავდება იმ შენობებისგან, სადაც ადრე ტარდებოდა კრების შეხვედრები (მარცხნივ)
[სურათები 124 გვერდზე]
უგანდის ფილიალი
ფილიალის კომიტეტი: მათს ჰოლმკვისტი, მარტინ ლოვუმი, მიხაილ რაისი, ფრედ ნიენდე; ადმინისტრაციული შენობა (ქვემოთ) და საცხოვრებელი სახლი (მარჯვნივ)