საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yb10 გვ. 200-255
  • ბელიზი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბელიზი
  • იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
  • ქვესათაურები
  • ძველი ისტორია
  • ჭეშმარიტება ფეხს იკიდებს
  • ბევრი იგებს ჭეშმარიტებას
  • თავდაუზოგავ ქადაგებას უშედეგოდ არ ჩაუვლია
  • იეჰოვას სული იზიდავს
  • პირველი მისიონერების ჩასვლა
  • წინსვლა შეზღუდვების მიუხედავად
  • საქმე ბევრია
  • ახალი მისიონერების ჩასვლა იკრძალება
  • სამქადაგებლო საქმეს ხელს ვერაფერი უშლის
  • საჭიროა ახალი სამეფო დარბაზი
  • ზრდა ესპანურენოვან ტერიტორიაზე
  • „ჭეშმარიტი ქრისტიანები კარდაკარ ქადაგებდნენ“
  • სოფლებში ქადაგებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა
  • კექჩები იღებენ ჭეშმარიტებას
  • სულიერი თევზჭერა
  • გაუნაწილებელ ტერიტორიაზე ბევრი იღებს ჭეშმარიტებას
  • „მისი მუქარა ვერ შემაჩერებდა“
  • მოწინააღმდეგე იეჰოვას მხარეს გადადის
  • სტიქია უტევს ბელიზს
  • „ილოცებთ ჩვენთვის, ქალბატონო პრეტ?“
  • კონგრესები, რომლებზეც იეჰოვასგან დასწავლებას იღებენ
  • ნაყოფიერი ქადაგება ჩინურენოვან ტერიტორიაზე
  • ბელიზში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას მექსიკის ფილიალი ხელმძღვანელობს
  • ჭეშმარიტება აერთიანებს ხალხს ყველა ერიდან
იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
yb10 გვ. 200-255

ბელიზი

გვატემალას, მექსიკასა და კარიბის ზღვას შორის, იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარეობს ულამაზესი ტროპიკული ქვეყანა, ბელიზი. ამ ერთ ციცქნა ქვეყანაში, რომელსაც ადრე ბრიტანეთის ჰონდურასს უწოდებდნენ, ერთმანეთში შერწყმულია სხვადასხვა კულტურა, ენა, ტრადიცია, სამზარეულო თუ რელიგია.

ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით ბელიზი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 300 000-ს შეადგენს, მეჩხრად არის დასახლებული. ბელიზის ხშირ ტროპიკულ ტყეებში ბინადრობენ საუცხოო ფრინველები და ცხოველები, რომელთა შორისაცაა მოუხელთებელი იაგუარი. აქ შეხვდებით მაიას ცივილიზაციის უძველეს ნანგრევებს და ცადაწვდენილი პალმებითა და წყალუხვი ჩანჩქერებით შემკობილ შთამბეჭდავ მთებს. ეს ქვეყანა იმითაც არის უნიკალური, რომ იქ ერთმანეთის მიყოლებით უამრავ მღვიმეს წააწყდებით. ზოგიერთი მღვიმიდან მეორე მღვიმეში გადასვლა კამკამა და დაკლაკნილი მდინარის გავლით შეიძლება. მთელი სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმული ბელიზის ბარიერული რიფი დამშვენებულია ფერად-ფერადი მარჯნის რიფებით და თეთრი ქვიშითა და ქოქოსის პალმებით დაფარული პატარ-პატარა კუნძულებით.

ძველი ისტორია

ბელიზის პირველი მკვიდრები სამხრეთ ამერიკიდან გადმოსახლებული არავაკები და კარიბები იყვნენ. როგორც ამბობენ საუკუნეებით ადრე, სანამ ევროპელები, ეგრეთ წოდებულ, „ახალ მიწაზე“ დაადგამდნენ ფეხს, ბელიზი იყო მაიას ცივილიზაციის გული თავისი პოპულარული რიტუალური ცენტრებითა და დიდებული ტაძრებით.

ბევრი რამ არ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდნენ ადრეულ ხანებში ევროპელები, ბელიზი თავიანთ კოლონიად ექციათ. თუმცა ცნობილია ის, რომ ესპანელების მცდელობა, დაემორჩილებინათ მაიას ტომი მარცხით დამთავრდა. 1638 წელს ბელიზის სანაპიროზე ბრიტანელი მეკობრეები დასახლდნენ. მე-17 საუკუნის შუა ხანებში იქ უკვე იყო ახალშენები, რომელთა მკვიდრნიც ბაყმის ხეებისგან, იგივე შავი სანდალოზისგან, ძვირფას საღებავს ამზადებდნენ.

ბრიტანელებს იამაიკისა და შეერთებული შტატების მონათა ბაზრებიდან და ზოგჯერ პირდაპირ აფრიკიდანაც ჩაჰყავდათ მონები ბელიზში ბაყმისა და წითელი ხეების მოსაჭრელად. მართალია, ზედამხედველები მონებს ისეთი სისასტიკით არ ეპყრობოდნენ, როგორც ამერიკის სხვა ტერიტორიებზე, მაგრამ მათ მაინც ცუდად ექცეოდნენ და გაუსაძლის პირობებში აცხოვრებდნენ. ბევრი მონა აჯანყდა, ბევრმაც თავი მოიკლა; ზოგმა კი გაქცევით უშველა თავს და ბელიზშივე დამოუკიდებელი დასახლებები ჩამოაყალიბა. 1862 წელს ბელიზი ბრიტანეთის კოლონიად გამოცხადდა, 1981 წელს კი დამოუკიდებლობა მიიღო.a

ჭეშმარიტება ფეხს იკიდებს

ერთ-ერთი პირველი იეჰოვას მოწმე (იმ დროს იეჰოვას მოწმეები ცნობილი იყვნენ, როგორც ბიბლიის საერთაშორისო მკვლევარები), რომელიც ბელიზში ჩავიდა, იყო ჯეიმზ გორდონი. ის 1918 წელს იამაიკაში მოინათლა. 1923 წელს ეს სუსტი აღნაგობისა და დაბალი ხმის მქონე ახალგაზრდა მამაკაცი იამაიკიდან ბელიზში გადავიდა საცხოვრებლად. ჯეიმზი დასახლდა მაიას მივარდნილ სოფელ ბომბაში და იქვე დაოჯახდა. მართალია, ქრისტიანი და-ძმებისგან შორს იყო, მაგრამ მეზობლებსა და ახლობლებს მაინც უზიარებდა სასიხარულო ცნობას.

როგორ მიაღწია სასიხარულო ცნობამ ბრიტანეთის ამ კოლონიის დანარჩენ ნაწილში? 1931 წელს შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ფრიდა ჯონსონმა, 60 წელს მიტანებულმა პატარა ტანის ქალმა ცენტრალური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში დაიწყო ქადაგება. ის მარტო მოგზაურობდა, ზოგჯერ ცხენით, და ქადაგებდა ქალაქებში, სოფლებსა და კარიბის ზღვის სანაპიროზე მიმოფანტულ ბანანის პლანტაციებში.

1933 წელს ქალაქ ბელიზში ჩასვლისთანავე ფრიდამ ქალბატონ ბიკსის სახლში ერთი პატარა ოთახი იქირავა. ამ ქალბატონს ესმოდა, დილაობით ფრიდა სახლიდან გასვლამდე როგორ კითხულობდა ხოლმე ბიბლიას ხმამაღლა და როგორ მღეროდა საგალობელს. ფრიდას დაუცხრომელი გულმოდგინება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ტროპიკულ ქვეყნებში, ჩვეულებრივ, ხალხი ნაშუადღევს ისვენებდა, თუმცა ამას ფრიდაზე ნამდვილად ვერ იტყოდი. ის ქვეყანაში ექვსი თვე დარჩა. ამ პერიოდში მან ჭეშმარიტებით დააინტერესა იამაიკელი მცხობელი, თადიუს ჰაჯსონი. ფრიდა, ძირითადად, ქალაქ ბელიზში ქადაგებდა, მაგრამ დროდადრო სოფლებშიც დადიოდა. ის სოფელ ბომბაში დაუკავშირდა ჯეიმზ გორდონს. ფრიდას დაუღალავი შრომის წყალობით ისინი, ვინც ბიბლიურ ჭეშმარიტებას იზიარებდნენ, ერთმანეთს დაუკავშირდნენ და დაიწყეს შეხვედრების ჩატარება.

ბევრი იგებს ჭეშმარიტებას

მართალია, იმ პერიოდში ქვეყანაში კავშირგაბმულობის სისტემა ფაქტობრივად არ არსებობდა, მაგრამ ჯეიმზი და თადიუსი მაინც ახერხებდნენ ერთმანეთთან დაკავშირებას და თავ-თავიანთ მხარეში განაგრძობდნენ ქადაგებას. 1934 წელს თადიუსმა ბრუკლინში მსოფლიო მთავარ სამმართველოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ფონოგრაფსა და ბიბლიური მოხსენებების ჩანაწერებს ითხოვდა.

შაბათობით საღამოს თადიუსი უზენაესი სასამართლოს წინ მდებარე პატარა პარკში, სადაც წინათ ჯარისკაცები საბრძოლო წვრთნას გადიოდნენ, ხალხს ბიბლიური მოხსენებების ჩანაწერებს ასმენინებდა. პარკის ერთ მხარეს თადიუსი რთავდა ხოლმე ძმა რუტერფორდის მოხსენებებს, ხოლო მეორე მხარეს ხსნის არმიის მუსიკოსები უკრავდნენ უზარმაზარი ბარაბნის ბრაგუნის ფონზე. ამ პარკმა მართლაც გაამართლა თავისი მეტსახელი „ბრძოლის ველი“. მებარაბნე ბოუმანტ ბოუმანი იყო. ცოტა ხანში ბოუმანტი სასიხარულო ცნობით დაინტერესდა და თადიუსთან „ბრძოლის ველის“ მეორე მხარეს გადავიდა. „მადლობას ვუხდი ჩემს ღმერთს, იეჰოვას, რომ ბარაბანი მიმატოვებინა“, — თქვა ბოუმანტმა.

კიდევ ერთი ადგილი, სადაც ქადაგება წარმატებით მიმდინარეობდა, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია იყო, რომელსაც „ჯორცხენების პარკს“ უწოდებდნენ. იქ აჩერებდნენ ურემში შებმულ ვირებს, რომლითაც საქონელი გადაჰქონდათ ქალაქსა და მის გარეუბნებში. ამ პარკში თადიუსი ხშირად ქადაგებდა. ის იყო მაღალი, შავგვრემანი, სიმპათიური მამაკაცი და მას იცნობდნენ, როგორც ენერგიულ მომხსენებელს. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანულ ეკლესიებს ბელიზში მცხოვრები მორწმუნე ხალხი თავიანთ მარწუხებში ჰყავდა მოქცეული, ბევრი გულწრფელი ადამიანი ეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას, მათ შორის იყვნენ იამაიკელები ჯეიმზ ჰაიატი და არტურ რანდალი.

თადიუსმა კრების შეხვედრების ჩატარება დაიწყო თავის საცხობში, ქალაქ ბელიზის ჩრდილოეთ ნაწილში. შეხვედრის დაწყებამდე დახლს გაწევდა ხოლმე და სკამებზე ფიცრებს აწყობდა, ხალხისთვის დასაჯდომი ადგილი რომ მოემზადებინა. ქალაქის სამხრეთ ნაწილში შეხვედრები კორა ბრაუნის სახლში ტარდებოდა. გარდა ამისა, როგორც ნორა ფაიადი იხსენებდა, მის ბავშვობაში სამეზობლოში მცხოვრები რამდენიმე იეჰოვას მოწმე მისსავე მეზობლის, არტურ რანდალის ეზოში იკრიბებოდა.

თავდაუზოგავ ქადაგებას უშედეგოდ არ ჩაუვლია

ადრინდელი იეჰოვას მოწმეები დაუღალავი ქადაგებით გამოირჩეოდნენ. მაგალითად, ჯეიმზ (მეტსახელად ჯიმზი) ჯენკინზმა მიუხედავად იმისა, რომ უსინათლო იყო, მთელი ბელიზი ფეხით შემოიარა და გზას ჯოხით მიიკვლევდა. მოლი ტილეტი იხსენებს, რომ მას ორი კვარტლის მოშორებითაც ესმოდა, როგორ ქადაგებდა ხოლმე ჯეიმზი ბაზარში. ყველას ახსოვს, როგორ ყურადღებით ისმენდა თავის ჯოხზე დაყრდნობილი ჯეიმზი შეხვედრებზე წარმოთქმულ აზრებს და როგორ ცდილობდა, არაფერი გამორჩენოდა. ის ზეპირად იმახსოვრებდა ბიბლიურ მუხლებს და შემდეგ მსახურებაში იყენებდა.

ჯეიმზ გორდონს კარგად იცნობდნენ სოფელ ბომბას მეზობელ სოფლებში, რადგან ის ყველა შემხვედრთან ქადაგებდა. მას ერთ ხელში წითელი ხისგან გაკეთებული ლიტერატურით სავსე პატარა ჩემოდანი ეჭირა, მეორეში კი — ფონოგრაფი. ყოველ კვირას გათენებამდე მორისგან გაკეთებულ ნავში ჯდებოდა და მდინარის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა. შემდეგ მთელი დღის განმავლობაში მრავალ კილომეტრს ფეხით გადიოდა და ქადაგებდა. დღის ბოლოს, შებინდებისას მდინარიდან სახლისკენ მიმავალ ბილიკზე მძიმედ მიაბიჯებდა. ვახშმის მერე ჯეიმზი თავის ექვს შვილს ბიბლიის შესწავლას უტარებდა, სანამ დაქანცულს ხელიდან წიგნი არ გაუვარდებოდა.

იმ დროს მისი მეუღლე ჯერ არ იყო იეჰოვას მოწმე. ერთხელ ჯეიმზის სახლში არყოფნისას მან ბიბლიური ლიტერატურა თითქმის მთლიანად დაწვა. როდესაც ჯეიმზი შინ დაბრუნდა და ნახა, რა მოხდა, არ აღელვებულა. მან უბრალოდ მტკიცედ უთხრა ცოლს: „ასეთი რამ მეორედ არ გააკეთო“. მისი შვილები გააოცა მისმა სიმშვიდემ, რადგან იცოდნენ, თუ რამხელა დანაკარგი იყო ეს მისთვის.

იეჰოვას სული იზიდავს

ერთ კვირა დილას ჯეიმზმა უქადაგა დერინ ლაიტბერნს, ანგლიკანური ეკლესიის თავგამოდებულ მიმდევარს და მას წიგნი „ღვთის ქნარი“ მისცა. მართალია, ყველაფერი ვერ გაიგო, რასაც ეს დაბალ ხმაზე მოლაპარაკე მამაკაცი ეუბნებოდა, მაგრამ მაინც დაინტერესდა მისი ნათქვამით. მოგვიანებით, როდესაც ქალაქ ბელიზში თავის დეიდას, ალფონსინა რობატოს ესტუმრა, ჭიშკართან ერთი მამაკაცი მივიდა და სთხოვა, ეზოში შეეშვათ.

— ეს იმ კაცს ჰგავს, რომელზეც გეუბნებოდი, საინტერესო წიგნი მომცა-მეთქი, — უთხრა დერინმა დეიდას.

როგორც გაირკვა, ეს კაცი ჯეიმზ გორდონი კი არა, ჯეიმზ ჰაიატი იყო. მან ამ ორ ქალბატონს ფონოგრამზე ჩაწერილი მოხსენება მოასმენინა და ალფონსინას წიგნი „ღვთის ქნარი“ დაუტოვა. ალფოსინა თავის დასთან, ოკტაბელ ფლაუერსთან ერთად აქტიურად იყო ჩაბმული პოლიტიკაში, და ამასთანავე ისინი ჭეშმარიტებასაც ეძებდნენ. იმ დღეს მოსმენილმა ალფოსინა აღძრა, ოკტაბელისთვის ეთქვა: „იცი, აქ ერთი კაცი იყო მოსული და ღვთის სამეფოზე ლაპარაკობდა. მგონი, ვიპოვეთ, რასაც ვეძებდით“. ოკტაბელმა გადაწყვიტა, რომ, როდესაც ის მამაკაცი მეორედ მოინახულებდა მის დას, თვითონაც იქ ყოფილიყო. სამივე ქალბატონმა — ალფონსინამ, ოკტაბელმა და დერინმა — მიიღო ჭეშმარიტება და ისინი 1941 წელს მოინათლნენ.

ცოტა ხნით ადრე ალფონსინასა და ოკტაბელს დედა გარდაეცვალათ. მათი უმცროსი და ეიმიბელ ალენი ღმერთს სთხოვდა, მომკვდარიყო, რათა დედასთან ერთად ყოფილიყო ზეცაში. ოკტაბელმა ის მოხსენების მოსასმენად დაპატიჟა, რომლის სათაურიც იყო „სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“ ეიმიბელიც დაესწრო ამ მოხსენებას და მას შემდეგ რეგულარულად ესწრებოდა კრების შეხვედრებს.

„ამ ხალხისთვის მხოლოდ პუბლიკაციების კითხვა და შეხვედრებზე დასწრება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იეჰოვას სულს მიეზიდა ისინი. იმდენად იყვნენ აღფრთოვანებული ჭეშმარიტებით, რომ მალევე დაიწყეს სხვებთან იმაზე საუბარი, რასაც სწავლობდნენ“, — ამბობს დერინის შვილი, ოლგა ნაითი.

ოლგას მამამ, ჰერმან ლაიტბერნმა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში წაიკითხა წიგნი „ბავშვები“, მალევე მიიღო ჭეშმარიტება. ის იმდენად მოიხიბლა ნასწავლით, რომ ყოველ პარასკევს ქირაობდა სატვირთო მანქანას და მაუწყებელთა პატარა ჯგუფთან ერთად მეზობელ სოფლებში მიდიოდა საქადაგოდ. ჰერმანი ასევე საფუძვლიანად უმოწმებდა ყველას ბლეკ-კრიკის რაიონში, სადაც მას საკუთარი ფერმა ჰქონდა.

ოლგა იხსენებს: „მშობლები მდინარე ბელიზის სანაპიროზე ქადაგებდნენ ხოლმე. საღამოობით ხალხი ფარნებით ხელში მოდიოდა მათ მოსასმენად. დილაობით, როცა ფერმაში ვისვენებდით, მე, ჩემი მშობლები და დეიდაჩემი ეიმიბელი თავის გოგონასთან, მოლი ტილეტთან ერთად მამაჩემის ცხენებზე შევსხდებოდით და ჩამწკრივებულნი მივუყვებოდით ბილიკს კრუკიდ-ტრიმდე. იქ გავუშვებდით ხოლმე ცხენებს საბალახოდ, ჩვენ კი ბიბლიის შესწავლებს ვატარებდით დაინტერესებულებთან. შედეგად, ბევრმა ოჯახმა მიიღო ჭეშმარიტება“.

1941 წელს მაუწყებელთა პირველი ჯგუფი ქალაქ ბელიზში კარიბის ზღვაში მოინათლა. მათ შორის ჯორჯ ლონგსვორთი იყო, რომელმაც პიონერული მსახურება იმავე წელს დაიწყო და სიკვდილამდე, 1967 წლამდე მსახურობდა პიონერად. ის 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯორჯი, ძირითადად, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ქადაგებდა. ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში ცხენით კილომეტრებს გადიოდა და ისეთ ადგილებში ქადაგებდა, სადაც მანამდე არავის ჰქონდა ნაქადაგები. ახალ მაუწყებლებს შეუმჩნეველი არ რჩებოდათ ჯორჯის დაუცხრომელი ენთუზიაზმი მსახურებისადმი და ის, რომ იგი კრების ყველა შეხვედრას ესწრებოდა. ეს მათ ძალიან ამხნევებდა. ამ ერთგულ და დაუღალავ მსახურებს იეჰოვა განსაკუთრებული სახით იყენებდა, რათა გულწრფელი ადამიანები თავის ორგანიზაციაში მიეზიდა.

პირველი მისიონერების ჩასვლა

1945 წლის 5 ოქტომბერს ბელიზში ჩავიდნენ სკოლა „გალაადის“ პირველი კლასის კურსდამთავრებულები, ელმერ აირიგი და ჩარლზ ჰაიენი. ერთი დღით ადრე ქალაქ ბელიზიდან სამხრეთით 160 კილომეტრის მოშორებით ძლიერი ქარიშხალი იყო. აეროპორტიდან ქალაქში მიმავალი 16-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი წყლით იყო დაფარული, ამიტომ ეს ორი მისიონერი ქალაქამდე დიდი სამხედრო მანქანებით მივიდნენ. თადიუს ჰაჯსონმა თავისი სახლის წინ წყალზე ცემენტის ფილები და ხის ყუთები დაალაგა, რათა ძმები სახლში ისე შესულიყვნენ, რომ არ დასველებულიყვნენ.

ბელიზელი ძმები მოუთმენლად ელოდნენ პირველი მისიონერების ჩასვლას. მისიონერებთან შესახვედრად ჯეიმზ გორდონი, ლეონ რეკენია და რაფაელ მედინა მზად იყვნენ, რთული გზა გაევლოთ და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილიდან ქალაქ ბელიზში წასულიყვნენ. „ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილსა და ქალაქ ბელიზს შორის ნორმალური გზა არ იყო, ბილიკი მხოლოდ ურმით იყო გაკვალული. გზად სახლს ვერსად ნახავდი, ამიტომ, სადაც დაუღამდებოდათ, იქვე იძინებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იქაურობა გველებით იყო სავსე. მას მერე, რაც მისიონერებს შეხვდნენ და საჭირო მითითებები და ლიტერატურა მიიღეს, სამივე ძმამ მთელი გზა კვლავ ფეხით გაიარა უკან, რასაც რამდენიმე დღე მოანდომეს“, — გვიამბობს რაფაელის შვილიშვილი, ისმაელ მედინა.

მისიონერები ხალხს „ჯორცხენების პარკში“ უცნაურად გააცნეს. ჯეიმზ ჰაიატმა თავისი ქადაგება სამღვდელოების ცრუ სწავლებების მკაცრი კრიტიკით დაიწყო, რამაც ზოგიერთი მსმენელი განარისხა. თავისი სიტყვის დასასრულს მოულოდნელად თითი გაიშვირა ორი ახალი მისიონერისკენ და თქვა: „ახლა ამ ორს ვაბარებ თქვენს თავს“. იმ დღეს სულ ეს იყო, რაც ხალხმა გაიგო ამ ორი ახალი მისიონერის შესახებ.

ცხადი იყო, რომ ძმებს იეჰოვა და ჭეშმარიტება ძალიან უყვარდათ და სძულდათ ცრუ რელიგიური სწავლებები. ისიც აშკარა იყო, რომ მისიონერებს საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდათ საიმისოდ, რომ ამ გულმოდგინე მაუწყებლებს დახმარებოდნენ, უფრო დაეხვეწათ მსახურება.

ეს ორი მისიონერი შეუდგა მსახურებას ქალაქ ბელიზში, სადაც იმ დროს დაახლოებით 26 700 ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქი ზღვის დონიდან 30 სანტიმეტრის სიმაღლეზე ხელოვნურად იყო ამაღლებული, თანაც ქალაქს ცუდი საკანალიზაციო სისტემა ჰქონდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ კლიმატი ცხელი და ნოტიო იყო. მოსახლეობა წყლით არ მარაგდებოდა, ამიტომ თითქმის ყველა ეზოში ხის დიდი გეჯები იდგა, რომლებშიც წვიმის სეზონზე წყალს აგროვებდნენ. თუმცა, ზოგჯერ ძლიერი კოკისპირული წვიმაც კი მოდიოდა. ასე იყო მაგალითად, 1931 წელს მომხდარი დამანგრეველი ქარიშხლის დროს. ქარიშხალმა ქალაქი მიწასთან გაასწორა და 2 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

წინსვლა შეზღუდვების მიუხედავად

იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ბელიზში აკრძალული არასდროს ყოფილა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს გარკვეული ხნის მანძილზე მთავრობამ ჩვენი ლიტერატურა აკრძალა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში მისიონერთა ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე ეს შეზღუდვები მოიხსნა.

ამ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, 1946 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ ბელიზში მომსახურე ორი მისიონერის მოღვაწეობის შესახებ ასეთი რამ იყო ნათქვამი: „ქვეყნის შიდა ნაწილში კათოლიკე მღვდელი ისევ და ისევ ცდილობს, ფოსტით მიღებული ლიტერატურის აკრძალვას. კათოლიკური ეკლესიის სამღვდელოებას აღიზიანებს ამ ორი იეჰოვას მოწმე მისიონერის ქვეყანაში ყოფნა; ერთი ამერიკელი, წარმოშობით ირლანდიელი მღვდელი . . . აღაშფოთა იმან, რომ ბრიტანეთის კოლონიურმა მთავრობამ მათ ქვეყანაში შესვლის ნება დართო . . . ამ ორმა [მისიონერმა] მღვდელს შეახსენა, რომ, როგორც თავადაც განაცხადა, ამერიკელი იყო და, რომ ამერიკის ციხეების სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, კათოლიკური ეკლესია შეერთებული შტატების მოქალაქეებს ზნეობრივ ნორმებს ვერ უნერგავდა. მღვდელმა შერცხვენილმა დატოვა იქაურობა“.

1944 წელს დაფიქსირდა ბელიზელი მაუწყებლების პირველი ზუსტი მონაცემები. იმ წელს ანგარიშს შვიდი მაუწყებელი აბარებდა. უფრო საფუძვლიანად რომ დაემოწმებინათ, მაუწყებლებმა კარდაკარ მსახურების დროს სამქადაგებლო ბარათების გამოყენება დაიწყეს. მისიონერთა ჩასვლიდან ერთ წელიწადში მაუწყებელთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.

1946 წელს ბელიზში მსოფლიო მთავარი სამმართველოდან ძმები ნეითან ნორი და ფრედერიკ ფრენცი ჩავიდნენ და იქ ფილიალი გახსნეს. ძმა ნორმა წაიკითხა მოხსენება ორგანიზაციაზე, რომელშიც ძმებს აუხსნა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სამქადაგებლო მსახურების ანგარიშების ჩაბარება სპეციალურად დაბეჭდილი ბლანკებით. ძმა ფრენცმა მოუწოდა თანაქრისტიანებს, სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებით გულმოწყალება გამოევლინათ სხვა ადამიანების მიმართ. რამდენიმე დღის შემდეგ 102 ადამიანი შეიკრიბა ძმა ნორის მოხსენების მოსასმენად, მათ შორის ბევრი დაინტერესებული იყო. მან ახსნა, თუ რატომ უნდა დააფასონ დაინტერესებულებმა იეჰოვას ხალხთან ურთიერთობის შესაძლებლობა და მოუწოდა, რეგულარულად ესწავლათ ბიბლია იეჰოვას მოწმეებთან.

იმავე წელს ბელიზში ჩავიდნენ ჩარლზ და ენი-რუთ პერიშები და კორდის და მილდრედ სორელები, 1948 წელს კი — ტრუმენ ბრუბაკერი და ჩარლზ და ფლორენს ჰოუმოლკაები. მათ ჩასვლას დიდი სიხარულით შეხვდნენ, რადგან ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი.

საქმე ბევრია

როგორც ელმერ აირიგი იხსენებს, იმ დროს მხოლოდ ქალაქ ბელიზში იყო ერთი პატარა კრება, რაიონებში კი არც ერთი. ის წერდა: „დროდადრო რაიონებში ჩავდიოდი და რამდენიმე კვირით ვრჩებოდი, ვავრცელებდი წიგნებს, ვკითხულობდი მოხსენებებს და ხალხს ვთავაზობდი, გამოეწერათ ჟურნალები. ასე ვთესავდი ჭეშმარიტების მარცვალს“. ბელიზში მსახურების პირველ წელს ჩარლზ ჰაიენი სატვირთო მანქანით ორინჯ-უოკში ჩავიდა; იქ ქადაგებდა და მოუწოდებდა ძმებს, რეგულარულად ჩაეტარებინათ კრების შეხვედრები.

სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში წასვლა მხოლოდ ზღვით იყო შესაძლებელი. ასე რომ, ელმერი და ჩარლზი გემით გაემგზავრნენ ზღვისპირა ქალაქებში, სტან-კრიკსა (დღევანდელი დანგრიგა) და პუნტა-გორდაში, სადაც გარიფუნები ცხოვრობდნენ, რათა იქ სამქადაგებლო საქმიანობისთვის ჩაეყარათ საფუძველი. იმ წლებში ქალაქ ბელიზიდან პუნტა-გორდაში გემით ჩასვლას 30 საათი სჭირდებოდა. მგზავრობის შემდეგ ელმერმა საჯარო მოხსენება წაიკითხა იმ სასტუმროს ვესტიბიულში, სადაც გაჩერდა. მის მოსასმენად დაახლოებით 20 კაცი შეიკრიბა.

ოლგა ნაითს კარგად ახსოვს, მის ოჯახთან ერთად როგორ დადიოდა ხოლმე ელმერი შორეულ სოფელ კრუკიდ-ტრიში, სადაც მამამისი მდინარის სანაპიროზე ხეების ჩრდილში კრების შეხვედრებს ატარებდა. ადგილობრივი ძმები დიდად აფასებდნენ მისიონერთა დაუღალავ შრომასა და თავმდაბლობას.

1948 წლისთვის საშუალოდ 38 მაუწყებელი აბარებდა ანგარიშს და ოთხი კრება ჩამოყალიბდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ამ კრებებში, რომლებიც სოფლებში ტარდებოდა, მაუწყებელთა რიცხვი თითზე ჩამოსათვლელი იყო. მაგალითად, ბლეკ-კრიკის კრება ლაითბერნების ოჯახისგან შედგებოდა, ბომბას კრება — გორდონების ოჯახისგან, სანტანას კრება — ჰუმზებისა და ალდანების ოჯახებისგან, ხოლო ორინჯ-უოკის კრება — ძმა რეკენიასა და ძმა მედინასაგან. მისიონერები და სპეციალური პიონერები მითითებისამებრ ქალაქ ბელიზში ქადაგებდნენ. იეჰოვა კურთხევას არ აკლებდა მათ ძალისხმევას და მის მსახურთა რიგებს სულ უფრო და უფრო მეტი გულწრფელი ადამიანი უერთდებოდა.

1949 წლის დეკემბერში ძმა ნორი კიდევ ერთხელ ეწვია ბელიზს, რაც იქაური ძმებისთვის ნამდვილად დროული და გამამხნევებელი აღმოჩნდა. მან ერთი საღამო მისიონერთა სახლში გაატარა და მათ მისიონერული მსახურების სირთულეებზე ესაუბრა. ბევრ ახალ მაუწყებელს სურდა, იეჰოვასთვის ემსახურა, მაგრამ არ ესმოდათ მიძღვნისა და მონათვლის აუცილებლობა. ძმა ნორმა შეახსენა მისიონერებს, რომ მოთმინება და სიყვარული უნდა გამოევლინათ ხალხის მიმართ. მან იმ კარგ შედეგებზეც გაუმახვილა ყურადღება, რომელთაც მათ მიაღწიეს.

ახალი მისიონერების ჩასვლა იკრძალება

1957 წლისთვის ძმები მიხვდნენ, რომ მთავრობა ბელიზელი იეჰოვას მოწმეების საქმიანობას აკვირდებოდა. მაგალითად, ორინჯ-უოკში საზოგადოების ფილმის ჩვენებისას პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჰკითხა ფილიალიდან ჩასულ ძმებს, როდის ჩავიდნენ იმ სოფელში და როდის აპირებდნენ წასვლას. როგორც პოლიციელმა განაცხადა, მას ეს ინფორმაცია პოლიციის უფროსისთვის უნდა წარედგინა. მან ძმებს უთხრა, რომ ცოტა ხნით ადრე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მათივე თანამშრომელი ესწრებოდა კონგრესს მსგავსი ინფორმაციის მოსაპოვებლად.

1951—1957 წლებში კიდევ ათ მისიონერს მისცეს ქვეყანაში შესვლის ნებართვა. მაგრამ მოულოდნელად 1957 წლის ივნისში ძმებმა პოლიციისა და საიმიგრაციო სამსახურის სამმართველოდან მიიღეს წერილი, რომელშიც ასეთი რამ ეწერა: „ბრიტანეთის ჰონდურასის [ბელიზის] მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ამიერიდან თქვენი საზოგადოების მსახურებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, ეკრძალებათ ბრიტანეთის ჰონდურასში შემოსვლა“. ძმებს უნდოდათ გაერკვიათ, თუ რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება და გამგებელთან შეხვედრა ითხოვეს, მაგრამ მათ ამის უფლება არ მისცეს.

ზოგ სხვა რელიგიურ ორგანიზაციასაც ეკრძალებოდა ახალი მისიონერების მიღება, თუმცა იმის უფლება ჰქონდათ, რომ იმ მისიონერების ნაცვლად, რომლებიც დატოვებდნენ ქვეყანას, სხვა მისიონერები შემოეყვანათ. მაგრამ ეს პირობა არ გავრცელდა იეჰოვას მოწმეებზე მაშინ, როცა მათ ორი მისიონერის ჩანაცვლება დასჭირდათ. 1960 წელს ძმებმა მისწერეს მთავრობის წარმომადგენლებს ბელიზში და ლონდონში და აუხსნეს, რომ მათ ახალი მისიონერების შემოყვანა კი არ უნდოდათ, არამედ იმ მისიონერების ჩანაცვლება, რომლებსაც ქვეყნის დატოვება მოუწიათ.

მათ ცივი უარი მიიღეს: «გამგებელმა მტკიცედ გადაწყვიტა, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მისიონერებისთვის ბრიტანეთის ჰონდურასში შემოსვლის უფლება არ მიეცა».

როდესაც ძმებმა გამგებელთან შეხვედრა მოითხოვეს, მათ ასეთი პასუხი მიიღეს: „1957 წელს გამგებელმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ თქვენი საზოგადოების მისიონერებს ბრიტანეთის ჰონდურასში შემოსვლის ნება არ დართოს; და ამ გარემოებიდან გამომდინარე მისი აღმატებულება საჭიროდ არ მიიჩნევს თქვენთან ამ საკითხზე საუბარს“. ისე ჩანდა, რომ თითქოს ძმები ჩიხში იყვნენ მოქცეულნი.

ძმებმა დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში არაერთხელ მიმართეს თხოვნით მთავრობას და საბოლოოდ, 1961 წლის ოქტომბერში ფილიალმა ბელიზის მთავრობის სამდივნოდან მიიღო წერილი, რომელშიც ასეთი რამ ეწერა: „გაცნობებთ, რომ ბრიტანეთის ჰონდურასის მთავრობამ განიხილა თქვენი ბოლოდროინდელი განცხადებები და გადაწყვიტა, რომ დროებით ნება დაგრთოთ სხვა მისიონერებით ჩაანაცვლოთ ის მისიონერები, რომლებიც უკვე იმყოფებიან ქვეყანაში“. შედეგად 1962 წელს მარტინ და ელის ტომფსონებს, მისიონერებს იამაიკიდან, უფლება მიეცათ, ქვეყანაში შესულიყვნენ.

სამქადაგებლო საქმეს ხელს ვერაფერი უშლის

აშკარა იყო, რომ რელიგიური მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ ჩვენი საქმიანობისთვის ხელის შეშლას. მაგრამ, რამდენად შეძლეს მათ ეს? 1957 სამსახურებრივი წლის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში შვიდი კრება იყო, მაუწყებელთა უმაღლესი რიცხვი კი 176-ს აღწევდა. ამ დროისთვის ბელიზის მოსახლეობამ 75 000 შეადგინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთ მაუწყებელზე 400 ადამიანი მოდიოდა. ოთხ წელიწადში მაუწყებელთა რიცხვი 34 პროცენტით გაიზარდა და 1961 სამსახურებრივ წელს ქვეყანაში 236 მაუწყებელი იყო. ასე რომ, ერთ მაუწყებელზე უკვე 383 ადამიანი მოდიოდა. იეჰოვამ შეასრულა თავისი ხალხისთვის მიცემული დანაპირები: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება, და ყველა ენას, რომელიც შენ წინააღმდეგ აღსდგება სასამართლოში, შენ დასდებ მსჯავრს“ (ეს. 54:17). სამქადაგებლო საქმიანობას ხელი ვერაფერმა შეუშალა.

ბევრი, ვინც ბიბლიას სწავლობდა, კანონიერ ქორწინებაში არ იყო თავის მეუღლესთან და ზოგი მათგანი ხშირად იცვლიდა ცხოვრების თანამგზავრს. მაგრამ როგორც კი შეისწავლეს იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმები, ბევრმა არ დაიშურა არც ძალა და არც მატერიალური სახსრები, რომ კანონიერად დაქორწინებულიყო. ზოგიერთი მათგანი ოთხმოც წელსაც კი იყო გადაცილებული.

საჭიროა ახალი სამეფო დარბაზი

1949 წლის დეკემბერში ძმებმა ქალაქ ბელიზში ლიბერტი ჰოლი დაიქირავეს, რადგან იქ მომდევნო თვეში ოთხი სპეციალური მოხსენების წაკითხვა უნდოდათ. ბოლო მოხსენების წარმოთქმამდე ერთი დღით ადრე რადიოთი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეორე დღეს იმ დარბაზში გაიმართებოდა ერთ-ერთი გავლენიანი პირის დაკრძალვის ცერემონიალი. ძმებმა არაერთხელ სთხოვეს დარბაზის მეპატრონეებს, მათთვის ხელი არ შეეშალათ სპეციალური საჯარო მოხსენების წარმოთქმაში. მიუხედავად ამისა, შეხვედრის დროს დარბაზში რამდენიმე კაცი შევიდა და საკმაოდ ხმაურიანად დაიწყო დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადება. ბოლოს ძმები იძულებულნი გახდნენ, დახმარება პოლიციისთვის ეთხოვათ. ცხადი გახდა, რომ ძმებს საკუთარი სამეფო დარბაზი სჭირდებოდათ. იმ საცეკვაო დარბაზების თუ კლუბების დაქირავება, რომლებიც შეხვედრების ჩასატარებლად გამოდგებოდა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.

«გასულ კვირა საღამოს „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას 174 ადამიანი დაესწრო, — იხსენებდა დონალდ სნაიდერი, რომელიც იმ დროს ფილიალის ზედამხედველი იყო — ეს დარბაზი არ არის გათვალისწინებული ამდენი დამსწრისთვის, ამიტომ ბევრს ფეხზე უწევს დგომა. ხალხმრავლობის გამო საშინლად ცხელა». რამდენიმეჯერ ფილიალისა და მისიონერთა სახლისთვისაც მოუწიათ სხვადასხვა ადგილზე შენობის დაქირავება.

1958 წლის სექტემბერში დაიწყო ორსართულიანი შენობის მშენებლობა. პირველ სართულზე ფილიალის პატარა ოფისი და მისიონერთა სახლი განთავსდა, მეორე სართულზე კი დარბაზი. მშენებლობა 1959 წელს დასრულდა და როგორც იქნა, ქალაქ ბელიზის კრება საკუთარ სამეფო დარბაზში ატარებდა შეხვედრებს!

ზრდა ესპანურენოვან ტერიტორიაზე

ბელიზში სულიერი ზრდა განსაკუთრებით ესპანურენოვან ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა. 1949 წლისთვის ზოგან ესპანურენოვანი დასახლებები იყო, მაგრამ არცერთმა მისიონერმა არ იცოდა ესპანური. მოგვიანებით ბელიზში ჩავიდნენ მისიონერები, რომლებიც ესპანურად ლაპარაკობდნენ. მათგან ერთ-ერთი, ლესლი პიჩერი, 1955 წელს ჩავიდა ბელიზში. ის გაგზავნეს დასავლეთ ბელიზში გვატემალას საზღვართან ახლოს მდებარე ესპანურენოვან ქალაქ ბენკე-ვიეხოში. მას იქ უკვე ელოდნენ.

ერთი წლით ადრე გვატემალას ქალაქ სან-ბენიტოში ნატალია კონტრერასმა ჭეშმარიტება გაიგო და მოინათლა. ის გაემგზავრა ბელიზში თავის ნათესავებთან, რომლებიც ბენკე-ვიეხოში ცხოვრობდნენ, რათა მათთვის ჭეშმარიტება გაეზიარებინა. ერთ-ერთ ნათესავს, სერვილიანო კონტრერასს, ძალიან მოეწონა ის, რაც ნატალიამ ბიბლიიდან წაუკითხა კერპთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით. ის იეჰოვას მოწმე გახდა და სიკვდილამდე ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს. სერვილიანო 1998 წელს 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი შვილებიდან და შვილიშვილებიდან ბევრი გახდა იეჰოვას მოწმე. თავდაპირველად ბენკე-ვიეხოში მცხოვრებ მაუწყებელთა პატარა ჯგუფის სამქადაგებლო ტერიტორია საზღვრის იქით, გვატემალის ქალაქ მელჩორ-დე-მენკოსამდე ვრცელდებოდა, სადაც ისინი კრების შეხვედრებს ატარებდნენ. დროთა განმავლობაში მელჩორ-დე-მენკოსში კრება ჩამოყალიბდა. დღემდე ბენკე-ვიეხოს კრება ცნობილია თავისი გულმოდგინებით.

ჯერ კიდევ 1956 წელს სარაიონო და საოლქო კონგრესების პროგრამის ნაწილი ესპანურ ენაზე ტარდებოდა. თუმცა პირველად სარაიონო კონგრესის მთლიანი პროგრამა ესპანურ ენაზე 1968 წლის თებერვალში ჩატარდა ორინჯ-უოკის სამეფო დარბაზში. კონგრესს 85 ადამიანი დაესწრო და 4 მოინათლა.

ძმები მარსელო დომინგესი და რაფაელ მედინა, რომელთა მშობლიური ენა ესპანური იყო, სხვა ესპანურად მოლაპარაკე მოწმეებთან, მათ შორის დიონისიო და კატალინა ტეკებთან ერთად, რეგულარულად ესწრებოდნენ კრების შეხვედრებსა და კონგრესებს, რომლებიც ინგლისურად ტარდებოდა, თუმცა ინგლისური კარგად არ იცოდნენ. 1964 წლის ოქტომბერში პირველი ესპანურენოვანი კრება ჩამოყალიბდა, რომელშიც 20 მაუწყებელი მსახურობდა. ისინი მანამდე ინგლისურენოვანი კრების წევრები იყვნენ.

80-იან წლებში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა ბელიზის მეზობლად სალვადორსა და გვატემალაში, რის გამოც ხალხი ბელიზში ეძებდა თავშესაფარს. მათ შორის იყვნენ ესპანურად მოლაპარაკე იეჰოვას მოწმეთა ოჯახები. იყვნენ უხუცესები, მომსახურეები და პიონერები. ესპანურენოვან ტერიტორიაზე ზრდა იმანაც დააჩქარა, რომ ბელიზში სხვა ესპანურენოვანი ქვეყნებიდან მისიონერები ჩავიდნენ.

„ჭეშმარიტი ქრისტიანები კარდაკარ ქადაგებდნენ“

ერთ დღეს ორინჯ-უოკში მცხოვრებ მარგარიტა სალასარს ორმა უცნობმა ადამიანმა მიაკითხა: „იცნობთ მარგარიტა სალასარს, რომელიც იეჰოვას მოწმეა?“ ეს ორი უცნობი 23 წლის თეოფილა მაი და დედამისი იყო. ისინი ცხოვრობდნენ სოფელ ოგესტ-პაინ-რიჯში, ორინჯ-უოკიდან სამხრეთ-დასავლეთით 34 კილომეტრში. რატომ ეძებდნენ ისინი მარგარიტას?

თეოფილა გვიყვება: „დაახლობით ერთი წლით ადრე ჩემი ცხრა თვის ბიჭი ძალიან ავად იყო. ამიტომ წავიყვანე ის სოფელ ბოტესში, რათა წმინდან ქალწულ სანტა კლარასთვის შემევედრებინა. ბოტესში სატვირთო მანქანით წავედით, რომლის მძღოლიც ჩემი რაიონიდან იყო. მგზავრობისას მან ჭეშმარიტებაზე დამიწყო საუბარი. მან მკითხა, რატომ მიმყავდა შვილი ბოტესში და ამიხსნა, რომ ბიბლია არ იწონებდა კერპთაყვანისმცემლობას. მისმა ნათქვამმა ძალიან დამაინტერესა. ეს მამაკაცი იმ ბიბლიურ საკითხებზე მესაუბრებოდა ხოლმე, რომლებიც იეჰოვას მოწმეებთან ჰქონდა განხილული.

ერთხელ მძღოლმა მითხრა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები კარდაკარ ქადაგებდნენ. მან ამიხსნა, რომ იეჰოვას მოწმეები სწორედ ასე იქცეოდნენ და ხალხს სოფონიას პირველი თავის მე-14 მუხლს და მე-2 თავის მეორე და მესამე მუხლებს უკითხავდნენ ხოლმე. ასე რომ, ხელში ავიყვანე ჩემი თოთო ბავშვი, მეორე ხელი ჩავკიდე ჩემს პატარა ბიჭუნას და ასე დავდიოდი კარდაკარ ოგესტ-პაინ-რიჯში და მეზობლებს ამ მუხლებს ვუკითხავდი. მოგვიანებით ამ კაცმა მითხრა, რომ, თუ მართლა მინდოდა ჭეშმარიტების გაგება, იეჰოვას მოწმეებთან უნდა მესწავლა ბიბლია. მან მომიყვა სალასარების შესახებ და ამიხსნა, სად შეიძლებოდა მეპოვა ისინი ორინჯ-უოკში. მანამდე იქ არასდროს ვიყავი ნამყოფი, ამიტომ მათ მოსაძებნად დედასთან ერთად წავედი“.

მარგარიტას კარგად ახსოვს ის დილა, როდესაც თეოფილა და დედამისი ესტუმრნენ. ის იხსენებს: „მათ უამრავი ბიბლიური შეკითხვა დამისვეს და ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ. აინტერესებდათ, მართალი იყო თუ არა, რომ იეჰოვას მოწმეები ეხმარებოდნენ ხალხს ბიბლიის გაგებაში მაშინაც კი, როცა საამისოდ დიდი მანძილის გავლა უწევდათ. მე ვუთხარი, რომ ეს მართლაც ასე იყო და დავპირდი, რომ ორ კვირაში ერთხელ ჩავიდოდით მათ სოფელში და ბიბლიას შევასწავლიდით“.

მარგარიტა და მისი მეუღლე რამონი ოგესტ-პაინ-რიჯში რომ ჩავიდნენ, თეოფილა თავისი ოჯახის ექვს წევრთან ერთად დახვდა მათ, რათა ყველას ერთად ესწავლა ბიბლია. მოგვიანებით სალასარებს ორინჯ-უოკიდან პიონერებიც შეურთდნენ. სოფლამდე მისასვლელად მათ ოცდათოთხმეტკილომეტრიანი, ვიწრო, ღორღიანი და ოღროჩოღრო გზა უნდა გაევლოთ. სანამ სალასარები თეოფილასა და მის ოჯახს შესწავლას უტარებდნენ, პიონერები სოფელში ქადაგებდნენ. ეიმიბელ ალენი იმ სოფელში ხშირად ღამისთევით მიდიოდა, რათა დაინტერესებულებისთვის ბიბლია ესწავლებინა. 1972 წელს, ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან 5 თვეში თეოფილა მოინათლა. 1980 წელს ოგესტ-პაინ-რიჯში კრება ჩამოყალიბდა და წლების განმავლობაში თეოფილას 37- მა ნათესავმა მიიღო ჭეშმარიტება.

სოფლებში ქადაგებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ქალაქ ბელიზსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში იეჰოვას მოწმეები რეგულარულად ქადაგებდნენ, რასაც ვერ ვიტყვით სოფლებსა და რაიონებზე. პირველი მისიონერები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში გემით ჩადიოდნენ. მოგვიანებით სტან-კრიკისა და ტოლედოს ოლქებამდე გზა გაიყვანეს. 1971 წლის დასაწყისში ფილიალმა ორგანიზება გაუწია ყოველწლიურ სამქადაგებლო მოგზაურობებს სოფლებში, რათა სამეფოს ცნობა ბელიზის შორეულ ტროპიკულ ტყეებში მცხოვრები მაიას ტომებისთვის — მოპანებისა და კექჩებისთვის ექადაგათ.

და-ძმები დაქირავებული ავტომობილებით და ხის მორებისგან დამზადებული პატარა ნავებით ჩადიოდნენ სოფლებსა და ქალაქებში დანგრიგადან პუნტა-გორდამდე და სამხრეთით გვატემალის საზღვართან მდებარე ბარანკომდე. ზოგჯერ მქადაგებელთა ჯგუფი ფურგონით მგზავრობდა, რომელსაც ორი, სამი ან ოთხი მაუწყებელი მოტოციკლით მიჰყვებოდა. ღამეს ისინი სხვადასხვა სოფლებში ათევდნენ. დღის განმავლობაში მაშინ, როცა ძირითადი ჯგუფი სოფელში ქადაგებდა, ის მაუწყებლები, რომლებიც მოტოციკლით მგზავრობდნენ, ბილიკებით ორ-ორად მიდიოდნენ მოშორებით მდებარე ფერმებში და იქ ქადაგებდნენ.

პუნტა-გორდას მხარეში ზურგჩანთამოკიდებული ძმები სოფელ-სოფელ ფეხით დადიოდნენ. ხშირად სოფლის მცხოვრებლებთან დალაპარაკებამდე, ჯერ „ალკალდს“ (სოფლის ბელადი) უნდა გასაუბრებოდნენ „კაბილდოში“, სოფლის უხუცესთა თავშეყრის ადგილზე.

მისიონერი რეინერ ტომფსონი გვიყვება: «ერთხელ, როდესაც ძმები ერთ სოფელში ჩავიდნენ, სოფლის მამაკაცები „კაბილდოში“ შეკრებილიყვნენ და იმაზე მსჯელობდნენ, როგორ აეღოთ სიმინდის მოსავალი. შეხვედრის დამთავრების შემდეგ მათ სთხოვეს ძმებს სამეფოს სიმღერა ემღერათ. მიუხედავად იმისა, რომ ძმები დაღლილები და მშივრები იყვნენ და არც სიმღერების წიგნი ჰქონდათ, მათ ისე გულიანად იმღერეს, რომ ყველა აღფრთოვანებული დარჩა». დროთა განმავლობაში კრებები ჩამოყალიბდა სოფელ მანგო-კრიკსა და სან-ანტონიოში, მაიას ტომის ერთ-ერთ უდიდეს სოფელში.

„გეგმას რომ არ ჩამოვრჩენილიყავით, ზოგჯერ სოფლიდან სოფელში ღამე გადავდიოდით, — იხსენებს სანტიაგო სოსა. — ჩამწკრივებულები შუა გზაზე დავდიოდით და ვფრთხილობდით, ნაპირზე არ გადავსულიყავით, რადგან ბუჩქები გველებით იყო სავსე. ისიც ვისწავლეთ, როგორ დაგველია წყალი ტროპიკული ვაზის ღეროდან, თუ წყალი გამოგველეოდა“.

ზოგჯერ ჯგუფის წევრები ერთ ან ორ წყვილად იყოფოდნენ და სოფლის სხვადასხვა უბანში ქადაგებდნენ, დღის ბოლოს კი ისევ ერთად იკრიბებოდნენ. ორი კაცი მათ დაბრუნებამდე საჭმელს ამზადებდა. «ეს ზოგჯერ მართლა საშინელება იყო, — ღიმილით იხსენებს სანტიაგო, — რადგან ზოგმა არც კი იცოდა საჭმლის მომზადება. ერთხელ საჭმელს დავხედე და ვიკითხე: „ეს რა საჭმელია?“ მორიგემ მიპასუხა: „რა არის არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ საჭმელია“. როცა მორიგემ არ იცოდა, რა საჭმელი ჰქონდა მომზადებული, მაშინ ჯერ რომელიმე გაძვალტყავებულ მაწანწალა ძაღლს ვასინჯებდით ხოლმე ამ საჭმელს. საქმე ის იყო, რომ ზოგჯერ ეს მშიერი ძაღლებიც კი არ აკარებდნენ პირს ასეთ საკვებს».

კექჩები იღებენ ჭეშმარიტებას

როდოლფო კოკომი თავის მეუღლესთან ოფელიასთან ერთად კოროსალიდან ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კექჩების შორეულ სოფელში, კრიკე-სარკოში გადავიდა საცხოვრებლად. ოფელია სწორედ ამ სოფელში გაიზარდა. იქ იეჰოვას მოწმეები წელიწადში მხოლოდ ერთხელ ჩადიოდნენ ყოველწლიური სამქადაგებლო მოგზაურობის დროს. 14 წლის იყო ოფელია, როცა ფორთოხლის ხის ქვეშ იპოვა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ და მისი კითხვა დაიწყო. მას ძალიან სურდა ღვთის შესახებ მეტის გაგება, მაგრამ ეს მანამდე ვერ მოხერხდა, სანამ არ გათხოვდა როდოლფოზე და კოროსალში არ გადავიდა საცხოვრებლად. იქ მათ სპეციალური პიონერები, მარსიალ და მანუელა კეიები ასწავლიდნენ ბიბლიას.

1981 წელს კრიკე-სარკოში გადასვლის შემდეგ მათ სურდათ იეჰოვას მოწმეებს დაკავშირებოდნენ. ამიტომ როდოლფომ მათ მოსაძებნად პუნტა-გორდასკენ გასწია. იქ ჩასვლას მან ექვსი საათი მოანდომა — ჯერ ფეხით იარა, შემდეგ კი მდინარეზე და ზღვაზე ნავით იმგზავრა. პუნტა-გორდაში ის შეხვდა დონალდ ნიბრუჯის, პიონერ ძმას, რომელიც ამ წყვილს ბიბლიას წერილებით ასწავლიდა. თუმცა იყო ერთი პრობლემა, კრიკე-სარკოში ფოსტა არ არსებობდა.

დონალდი იხსენებს: „პუნტა-გორდას ფოსტაში ვიკითხე, როგორ გამეგზავნა წერილი კრიკე-სარკოში. მითხრეს, რომ კვირაში ერთხელ იქ მღვდელი დადიოდა“. ასე რომ, დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში მღვდელს ისე დაჰქონდა ეს წერილები, რომ ვერც კი ხვდებოდა, იეჰოვას მოწმეთა კურიერი რომ იყო.

„მღვდელმა გაიგო თუ არა, რა წერილები დაჰქონდა, გაბრაზდა და წერილების ტარებაზე უარი განაცხადა“, — ამბობს დონალდი.

ამ თვეების განმავლობაში დონალდი არაერთხელ ჩავიდა კრიკე-სარკოში როდოლფოსა და ოფელიასთან ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად. მომდევნო წლის სამქადაგებლო მოგზაურობის დროს როდოლფო მაუწყებელი გახდა. „ჩვენ წავიყვანეთ როდოლფო ოთხი დღით, რომ სხვადასხვა სოფელში გვექადაგა. ძმებთან ურთიერთობა მას დაეხმარა, სულიერად გაზრდილიყო“, — ამბობს დონალდი.

როდოლფო გვიყვება: „ჩვენს სოფელში მხოლოდ მე და ოფელია ვქადაგებდით და ხალხს იმას გადავცემდით, რაც ნასწავლი გვქონდა. ისინი, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდით, ჩვენთან შედარებით მეტ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ. ზოგიერთ მათგანს არ აძლევდნენ სოფლის მოსახლეობისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ დახმარებას — მედიკამენტებს, საკვებსა და ტანსაცმელს. ჩემი სიდედრიც ძალიან გვეწინააღმდეგებოდა. მე და ოფელია მივხვდით, რომ კრიკე-სარკოში სულიერად ვერ გავიზრდებოდით, რადგან კრების შეხვედრებს ვერ ვესწრებოდით. ამიტომ გადავედით პუნტა-გორდაში და ბიბლიის შესწავლა განვაგრძეთ. იქ სულიერად წინ წავიწიეთ და 1985 წელს მოვინათლეთ“. დღეს როდოლფო და ოფელია ლეიდივილის კრების წევრები არიან და როდოლფო მომსახურედ მსახურობს.

სულიერი თევზჭერა

წელიწადში ერთხელ ძმები გემით მიდიოდნენ კუნძულებზე და ზღვის პირას მდებარე სოფლებში, რათა ხალხისთვის სასიხარულო ცნობა ექადაგათ. იმ წლებში ხმელეთით შეუძლებელი იყო სოფელ ჰოპკინზში, სეინ-ბაიტში, პლასენსიასა და პუნტა-ნეგრაში და ქალაქ მანკი-რივერში ჩასვლა. პოლიტო ბევენსი, რომელიც ლანგუსტებს იჭერდა, სეზონის დამთავრების შემდეგ თავის ნავში ორ პიონერსა და ორ მისიონერს ჩაისვამდა ხოლმე და სანაპიროს სამხრეთისაკენ დაუყვებოდა. ორი კვირის განმავლობაში ისინი გზადაგზა ჩერდებოდნენ სოფლებში და ქადაგებდნენ.

დონალდ ნიბრუჯი, რომელიც ხშირად იღებდა მონაწილეობას სახმელეთო თუ საზღვაო სამქადაგებლო მოგზაურობებში, დიდი სითბოთი იხსენებს ამბრონსიო ერნანდესის აფრიანი ხომალდით მოგზაურობას. საბოლოოდ, ამბრონსიომ, რომელსაც მეტსახელად ბოჩოს ეძახდნენ, ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

„მომდევნო წელს მე, ჩემმა ცოლმა და კიდევ ერთმა წყვილმა გადავწყვიტეთ, ორი კვირით წავსულიყავით და ზღვისპირა სოფლებში გვექადაგა, — იხსენებს დონალდი. — მაგრამ მაშინ ბოჩოს უკვე გაყიდული ჰქონდა თავისი ხომალდი. მან გვირჩია, მისი ნაცნობი მეთევზის ხომალდით წავსულიყავით, რომლის პატრონიც თანახმა იყო, რომ თავის პარტნიორთან და ბოჩოსთან ერთად წავეყვანეთ. ასე აღმოვჩნდით გემზე სამი მეთევზე და ოთხი სპეციალური პიონერი. ამ მგზავრობის დროს ბოჩომ პირველად მიიღო მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში. პლასენსიას ნავსადგომში რომ შევედით, იქ უამრავი იახტა დაგვხვდა გაჩერებული. ჩვენც იახტიდან იახტაზე გადავდიოდით და ვქადაგებდით. მთელი ორი კვირის განმავლობაში ჩვენი ხომალდის პატრონი და მისი პარტნიორი, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ, ყველანაირად გვიწყობდნენ ხელს. ერთხელ, როცა მთელი დღე სოფელში ქადაგების შემდეგ ხომალდზე დავბრუნდით, მათ საჭმელი დაგვახვედრეს. ქათამი ეყიდათ და ნავთქურაზე მოემზადებინათ“. მომდევნო წელს მორიგი მოგზაურობის დროს ბოჩო უკვე მონათლული ძმა იყო. ის უკვე 18 წელია, რაც ქალაქ ბელიზში უხუცესად მსახურობს.

გაუნაწილებელ ტერიტორიაზე ბევრი იღებს ჭეშმარიტებას

ბელიზის სამხრეთით ტოლედოს ოლქი გაუვალი ტროპიკული ტყეებით დაფარული მთაგორიანი მხარეა. აქა-იქ მიმოფანტულია მოპანებისა და კექჩების სოფლები, სადაც ჩალით გადახურული და მიწურიატაკიანი სახლები დგას. სოფლის მცხოვრებთა უმეტესობა მძიმედ შრომობს და მიწას პრიმიტიული იარაღებით ამუშავებს. გვალვების დროს მათ ხელით უწევთ სიმინდის, ლობიოსა და კაკაოს ნათესების მორწყვა. ქალები ქარგავენ ეროვნულ კექჩურ ორნამენტებს, აკეთებენ კალათებს და გასაყიდად აბარებენ სუვენირების მაღაზიაში მთელ ბელიზში. სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ტოვებს სოფლებს და უფრო დიდ დასახლებულ პუნქტებში გადადის სასწავლებლად თუ სამუშაოდ.

1995 წელს ფრენკ და ელის კარდოსებს ძმებმა შესთავაზეს ტოლედოში დროებით სპეციალურ პიონერებად მსახურება აპრილსა და მაისში, რათა იქ გაევრცელებინათ ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“ №34 „რატომ არის ცხოვრება პრობლემებით აღსავსე?“. ფრენკი იხსენებს: «ერთხელ უკვე ვიყავი ნამყოფი ამ მხარეში ყოველწლიური სამქადაგებლო მოგზაურობის დროს და ვიცოდი, რომ მაიას ხალხს სასიხარულო ცნობის გაგებაში უკეთ დაეხმარებოდი, თუ მათ მხარეში იცხოვრებდი. ფილიალში მირჩიეს, რომ იქ დამექირავებინა ოთახი, ჩამომეყალიბებინა ბიბლიის შესასწავლი ჯგუფი და ქალაქ სან-ანტონიოში სპეციალური მოხსენება წამეკითხა. ჩვენ გვევალებოდა, გაგვევრცელებინა ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“ ამ ქალაქსა და სხვა რვა სოფელში».

კარდოსები ყოველკვირა ატარებდნენ დაინტერესებულების ჯგუფთან ბიბლიის შესწავლას თავიანთ დაქირავებულ ოთახში. ეს ოთახი ერთ-ერთი სახლის სარდაფი იყო. სულ რამდენიმე კვირაში ამ შეხვედრას უკვე სამი-ოთხი ოჯახი ესწრებოდა. ისინი კარდოსებთან ერთად პუნტა-გორდაშიც მიდიოდნენ თეოკრატიული მსახურების სკოლასა და სამსახურებრივ შეხვედრაზე დასასწრებად. ძველი სატვირთო ავტომობილით ოღროჩოღრო გზის გავლას ერთ საათს ანდომებდნენ. პირველივე თვეს ფრენკმა სან-ანტონიოში სპეციალური მოხსენება წაიკითხა. ერთ-ერთი, ვინც პირველად დაესწრო შეხვედრას, ხესუს იჩი იყო. ის დიდი ინტერესით უსმენდა მის მოხსენებას. რადგანაც პროტესტანტული ეკლესიის წევრი იყო, ხესუსი ძალიან გააკვირვა იმის გაგებამ, რომ ჯოჯოხეთის შესახებ სწავლებას წარმართული დასაბამი ჰქონია და, რომ ბიბლიის თანახმად ჯოჯოხეთი კაცობრიობის საერთო სამარე ყოფილა. შეხვედრის შემდეგ ის ფრენკს დაელაპარაკა და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვას კითხვაზე უსვამდა. მალე მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ერთ წელიწადში მოინათლა კიდეც.

ორთვიანი დროებითი სპეციალური პიონერული მსახურების დასასრულს კარდოსებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. „იმაზე მეტი ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ, ვიდრე ჩატარება შეგვეძლო, — იხსენებს ფრენკი. — აქაურობის დატოვებაზე გული გვეთანაღრებოდა და სინდისიც არ გვრთავდა ნებას, დავბრუნებულიყავით ლეიდივილში, ჩვენს კომფორტულ სახლში. მაგრამ, თუ სან-ანტონიოში დარჩენას გადავწყვეტდით, შეგვეძლო სარდაფის ნაცვლად იმავე სახლში ნორმალური ოთახი გვექირავებინა და უკეთეს პირობებში გვეცხოვრა. შემეძლო პატარა ნიჟარის დადგმა, წვიმის წყლის მოსაგროვებლად ღარის გაკეთება, დროთა განმავლობაში ელექტროენერგიის გაყვანა და მეტ-ნაკლებად კომფორტული საპირფარეშოს მოწყობა. ჩვენ ვლოცულობდით და დარწმუნებული ვიყავით, რომ იეჰოვას დახმარებით ამ ტერიტორიაზე კრება ჩამოყალიბდებოდა. ფილიალს მივწერეთ, რომ სან-ანტონიოში დარჩენა და პიონერად მსახურება გვსურდა“.

ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ იეჰოვამ აკურთხა კარდოსების გადაწყვეტილება. სულ რაღაც ექვსი თვის შემდეგ, ნოემბერში მათ თავიანთ დაქირავებულ სახლში პირველი საჯარო შეხვედრა ჩაატარეს. მომდევნო წლის აპრილში თეოკრატიული მსახურების სკოლისა და სამსახურებრივი შეხვედრის ჩატარება დაიწყეს სან-ანტონიოში. როგორი გახარებული იქნებოდა ეს პატარა ჯგუფი, ყოველკვირა პუნტა-გორდაში შეხვედრებზე დასასწრებად და უკან დასაბრუნებლად 65 კილომეტრის გავლა რომ აღარ უწევდა.

„მისი მუქარა ვერ შემაჩერებდა“

სან-ანტონიოში ბიბლიის შემსწავლელთა ჯგუფმა მალე სულიერად წინ წაიწია და ჭეშმარიტებისადმი მათი სიყვარულის დანახვა მართლაც სასიხარულო იყო. ფრენკი გვიყვება: „ამ სოფლებში მცხოვრებნი, განსაკუთრებით ქალები, ძალიან მორცხვები არიან; ისინი, ტრადიციისამებრ, მამებსა და ქმრებს ემორჩილებიან, უცნობებთან ლაპარაკს ერიდებიან. ამიტომ მათ ძალიან უჭირთ კარდაკარ მსახურება“.

20 წლის პრისილიან შოს, რომელიც მოუნათლავი მაუწყებელი იყო, ძალიან სურდა მეზობლებისთვის ექადაგა. ერთხელ, როდესაც პრისილიანი თავის რძალთან, ამალია შოსთან ერთად განმეორებით მონახულებებზე მიდიოდა, მოულოდნელად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

პრისილიანი იხსენებს: «მამამ ქადაგება ამიკრძალა. მეშინოდა და არ ვეუბნებოდი, საქადაგოდ რომ დავდიოდი. იმ კვირა დილით, როდესაც საქადაგოდ ვიყავით წასულები, მოულოდნელად ბაპტისტური ეკლესიის წინ მამა დავინახეთ. ის დადიოდა ხოლმე ამ ეკლესიაში. თავიდან მამას რომ არ დავენახეთ, მაღალ ბალახებში მივიმალეთ. მაგრამ მერე ჩემს რძალს ვუთხარი: „იცი, ამალია, იეჰოვა გვიყურებს. მამაჩემის კი არა, იეჰოვასი უნდა გვეშინოდეს“».

პრისილიანის მამა საშინლად გაბრაზდა, მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. ის სასტიკი წინააღმდეგი იყო, რომ მისი ქალიშვილი იეჰოვას მოწმე გამხდარიყო. პრისილიანი ბევრს ლოცულობდა ამ საკითხზე. კონგრესამდე ერთი დღით ადრე გამბედაობა მოიკრიბა, მამასთან მივიდა და უთხრა, რომ მონათვლას აპირებდა.

— ხვალ ბელიზში მივდივარ, — უთხრა პრისილიანმა მამას.

— რა გინდა ბელიზში? — ჰკითხა მამამ.

— უნდა მოვინათლო. ის მინდა გავაკეთო, რასაც იეჰოვა მოელის ჩემგან. მიყვარხარ, მაგრამ იეჰოვაზე უარს ვერ ვიტყვი, — უპასუხა პრისილიანმა.

— მართლა აპირებ მაგის გაკეთებას? — დაუყვირა მამამ.

— კი მამა, საქმეების 5:29-ში წერია, რომ ადამიანზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილო, — მიუგო პრისილიანმა.

გაბრაზებული მამა ოთახიდან შურდულივით გავარდა. პრისილიანი იხსენებს: „შეშინებული ვიყავი და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით, როცა სატვირთო ავტომობილის ძარაზე ავედი. არ ვიცოდი, რა მელოდა შინ როცა დავბრუნდებოდი, თუმცა ის კი ვიცოდი, რომ მონათლული ვიქნებოდი და, რომც მოვეკალი მამას, სწორი ნაბიჯი მექნებოდა გადადგმული“.

შინ დაბრუნებულ პრისილიანს მამამ მაშინ არაფერი დაუშავა, თუმცა მოგვიანებით დაემუქრა, რომ მოკლავდა. „ის მიხვდა, რომ მისი მუქარა ვერ შემაჩერებდა და დღეს ძველებურად აღარ მეწინააღმდეგება“, — ამბობს პრისილიანი.

მოწინააღმდეგე იეჰოვას მხარეს გადადის

სან-ანტონიოში გულმოდგინე მაუწყებელთა ახალი ჯგუფი სულიერად მტკიცდებოდა, როცა მოულოდნელად კარდოსებმა სოფლის საბჭოდან წერილი მიიღეს, რომ სან-ანტონიო დაეტოვებინათ. ცოტა ხნით ადრე ფრენკმა სოფელში დარჩენის უფლება რომ მიეღო, ამისთვის დაწესებული სპეციალური გადასახადი გადაიხადა. ერთ-ერთ გავლენიან კაცს კარდოსების სოფლიდან გაძევება ჰქონდა გადაწყვეტილი. საბჭოს ერთ სხდომაზე ფრენკს გამოექომაგა სამი პიროვნება, რომლებსაც ის ბიბლიას ასწავლიდა. შემდეგ იმ კაცმა, რომლის სახლიც ფრენკს ჰქონდა დაქირავებული საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ კარდოსების გაძევების შემთხვევაში, ქირა საბჭოს გადასახდელი იქნებოდა. ფრენკმა საბჭოს საადგილმამულო დეპარტამენტიდან აღებული ცნობა წარუდგინა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ ვინმე კერძო საკუთრებას დაიქირავებდა, მისი გაძევება არავის შეეძლო. ბოლოს, საბჭომ კარდოსებს სოფელში დარჩენის ნება მისცა.

იმ მამაკაცს, რომელსაც კარდოსების სოფლიდან გაძევება უნდოდა, ბასილიო ერქვა. ის ყოფილი ალკალდი (ბელადი) იყო, მაგრამ მას ჯერ კიდევ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ადგილობრივ ხალხში. ბასილიო ყველანაირად ცდილობდა სან-ანტონიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისთვის ხელის შეშლას. მაშინ, როცა მოწმეთა პატარა ჯგუფს სამეფო დარბაზის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის ყიდვა სურდა, მან განუცხადა მათ: „ამ სოფელში სამეფო დარბაზს ვერასოდეს ეღირსებით!“ მიუხედავად ამისა, ძმებმა შეძლეს ნაკვეთის ყიდვა და უბრალო, მაგრამ კოხტა დარბაზის აშენება. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს 1998 წლის დეკემბერში სამეფო დარბაზის მიძღვნის პროგრამას ბასილიოც დაესწრო. რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება მასში?

ბასილიოს ორ ვაჟს თავიანთ ოჯახებში პრობლემები ჰქონდა. ბასილიომ ორჯერ სთხოვა თავის ეკლესიას, მის ვაჟებს დახმარებოდნენ, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია. მოგვიანებით მისმა ვაჟებმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ბასილიოს ცოლს, მარიას, შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ მათი ვაჟები უკეთესობისკენ იცვლებოდნენ და მათი ოჯახური ცხოვრება უმჯობესდებოდა. ამ ყველაფერმა მარია აღძრა, რომ თავადაც დაეწყო ბიბლიის შესწავლა.

ის ამბობს: „მთელი გულით მინდოდა, გამეცნო იეჰოვა ღმერთი. ამიტომ ჩემს ქმარს ვთხოვე, წავსულიყავით სამეფო დარბაზში და იქ უფრო მეტი გაგვეგო მის შესახებ“. მართალია, ბასილიოსთვის ადვილი არ იყო, დაეძლია ის სიძულვილი, რომელსაც იეჰოვას მოწმეებისა და ფრენკ კარდოსას მიმართ გრძნობდა, რომელსაც „იმ უცხოელს“ ეძახდა, მაგრამ, როცა ხედავდა, როგორ იცვლებოდნენ მისი ვაჟები ჭეშმარიტების წყალობით, ცუდს ვეღარ ამბობდა. მან გადაწყვიტა, თვითონ გასაუბრებოდა იეჰოვას მოწმეებს და რამდენიმე საუბრის შემდეგ, იცით, ვინ აირჩია, რომ მისთვის ბიბლია ესწავლებინა?! ვინ და, „ის უცხოელი“, ფრენკ კარდოსა!

„ბიბლიამ ბევრ რამეზე თვალსაზრისი შემიცვალა. სამოცი წელი კათოლიკე ვიყავი და ეკლესიაში გამოსახულებებს ვუკმევდი საკმეველს. მაგრამ ყველაფერი, რასაც იეჰოვას შესახებ ვიგებდი, მისივე წიგნში, ბიბლიაში ეწერა. მრცხვენია იმის, თუ როგორ ვექცეოდი ფრენკ კარდოსას, რომელიც დღეს ჩემი ძმაა. მაგრამ არ მრცხვენია იმის აღიარება, რომ ვცდებოდი. თავგამოდებით ვიცავდი იმას, რაზეც ვფიქრობდი, რომ ჩემი სოფლისა და ჩემი რელიგიისთვის საუკეთესო იქნებოდა. უარი ვთქვი მაიას ხალხში დამკვიდრებულ მკურნალობის იმ მეთოდებზე, რომლებიც სპირიტიზმთანაა დაკავშირებული, რაც ჩვენს სოფლებში საკმაოდ გავრცელებულია. მაიას პოლიტიკურ მოძრაობებშიც შევწყვიტე მონაწილეობა“. დღეს ბასილიო და მისი ცოლი, მარია, მონათლული მაუწყებლები არიან და სიხარულით ემსახურებიან იეჰოვას.

იეჰოვას მსახურებს ყველგან იცნობენ, როგორც მოსიყვარულე, ბედნიერ და გულმოდგინე ადამიანებს. ბელიზის შორეულ მხარეებში მცხოვრებ ბევრ მაუწყებელს სამი ან მეტი საათი ფეხით სიარული და არაერთი მთის გადავლა უწევს, რომ ხალხს ჭეშმარიტება გააცნოს. ისინი არც შეხვედრებს აცდენენ. ერთ საღამოს ანდრეა იჩი თეოკრატიული მსახურების სკოლაში მობინადრის როლში უნდა გამოსულიყო. იმ დღეს თავის შვილებთან ერთად მან დაახლოებით 5 კილომეტრი იარა ჯუნგლებში, რათა ავოკადო დაეკრიფათ. ჯუნგლებში მას 23-მა კრაზანამ უკბინა. ამის მიუხედავად, ის შინ დაბრუნდა, ოჯახისთვის საჭმელი მოამზადა, შემდეგ კრების შეხვედრაზე წავიდა და თეოკრატიულ სკოლაშიც გამოვიდა. მართალია, მას სახე ნაკბენებისგან ჰქონდა დასიებული, მაგრამ მაინც სიხარულისგან უბრწყინავდა. ყველასთვის გამამხნევებელია იმის დანახვა, რომ მთელი დღე სატვირთო მანქანით ან ავტობუსით მგზავრობის მიუხედავად, მაია და-ძმები ძალიან აფასებენ კონგრესებზე სხვებთან ერთად ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას თაყვანისმცემლობის შესაძლებლობას.

სტიქია უტევს ბელიზს

უკანასკნელი 115 წლის განმავლობაში ბელიზს 51-მა ძლიერმა ქარიშხალმა და ტროპიკულმა ციკლონმა გადაუარა. 1930 წლიდან მოყოლებული ქვეყანას 12 ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელთაგან ზოგიერთმა მთელი ქვეყანა მოიცვა, ზოგიერთმა კი, თუმცა გვერდით ჩაუარა, მაინც დიდი ზიანი მიაყენა და მრავალ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი იყო ქარიშხალი „ჰეტი“, რომელიც ქვეყანას 1961 წლის 31 ოქტომბერს დილაადრიან დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 300 კილომეტრს აღწევდა და ნაპირზე გადმოსულმა უზარმაზარმა ტალღებმა ასობით ადამიანი შეიწირა. ქალაქი ბელიზი, რომელიც ზღვის დონიდან მხოლოდ 30 სანტიმეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 30 სანტიმეტრის სისქის ტალახით დაიფარა. ფილიალი იტყობინებოდა: „თუმცა [ქალაქ ბელიზში] ძმების უმეტესობას თავად დიდი არაფერი დაშავებიათ, მათი სახლები მთლიანად განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა. მათ აღარც ტანსაცმელი შერჩათ, რადგან ნაწილი დაკარგეს, ნაწილი კი წყალმა გააფუჭა.

ბულდოზერები ქუჩებს წმენდენ და დანგრეულ სახლებს ცეცხლი უკიდია. აქ, [მისიონერთა] სახლში, წყლის სიმაღლე სამოც სანტიმეტრს აღწევდა და დიდად დააზიანა აქაურობა. სახლის გარეთ 3 მეტრამდე წყალი იდგა . . . მაგრამ საბედნიეროდ მისიონერთა სახლი მიწიდან მაღალზეა აშენებული . . . ქვეყანაში საკვების დეფიციტია . . . და მაშველებს ცხედრები ჯერ კიდევ ამოჰყავთ“.

ათი დღის შემდეგ ფილიალი იტყობინებოდა: „[დანგრიგაში] მდგომარეობა აქაურობასთან [ქალაქ ბელიზთან] შედარებით გაცილებით მძიმეა. ხალხი იძულებულია დღეში რვა საათი იმუშაოს, რათა ტალონები მიიღონ და როგორმე რამე იყიდონ. ჯარი აკონტროლებს ყველაფერს, ფულით ვერაფერს იყიდი“. ორი ბიჭი დაიღუპა, მათი მამა კი ნანგრევებში მოყვა და ორივე ფეხი მოსტყდა. ორივე ბიჭი აქტიური მაუწყებელი იყო; ამ ორიდან ერთ-ერთმა, 12 წლის ბიჭუნამ, მასწავლებლებთან გაბედული ქადაგებით ბევრს დაამახსოვრა თავი.

სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ბელიზსა და დანგრიგას შორის იყო, სადაც და-ძმების უმეტესობამ მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგა სახლები და ქონება. სტიქიის შემდგომ დღეებში გამგებელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, შემოიღო კომენდანტის საათი, ბრიტანეთის ჯარს დაავალა სიტუაციის გაკონტროლება და მაროდიორების დახვრეტა. კაცებს, ქალებსა და ბავშვებს, რომლებსაც კომენდანტის საათის დროს გარეთ ნახავდნენ, ერთი ღამით იზოლატორში სვამდნენ.

ქაოსური მდგომარეობის მიუხედავად, ძმებმა მალევე დაიწყეს კრების შეხვედრების ჩატარება და ქადაგება. მაგრამ ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბევრი თავშესაფარში ცხოვრობდა, ხოლო ეზოები დატბორილი და ტალახით დაფარული იყო. ხალხს ჰაერივით სჭირდებოდა მანუგეშებელი ცნობა სამეფოს შესახებ და იეჰოვას მოწმეებიც მზად იყვნენ, თავი არ დაეზოგათ და ეს ცნობა მათთვის გაეზიარებინათ.

საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისი იყო, თუმცა სხვა ქვეყნებში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების სიყვარული და ხელგაშლილობა ბელიზელ და-ძმებს სიმხნევის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. სხვადასხვა ფილიალმა ტანსაცმლითა და სხვა საჭირო ნივთებით სავსე 25 ყუთი გაუგზავნა მათ. ეს ყველაფერი როგორც იეჰოვას მოწმეებს, ისე მათ მეზობლებსაც დაურიგეს. იმ რამდენიმე შენობას შორის, რომლებმაც ამ საშინელ სტიქიას გაუძლო, იყო ფილიალი და სამეფო დარბაზი. ასე რომ, როცა მთავრობამ ძმებს სთხოვა, ქარიშხლის დროს სამეფო დარბაზი საზოგადოებისთვის თავშესაფრად გამოეყენებინათ, ისინი მაშინვე სიხარულით დათანხმდნენ.b

„ილოცებთ ჩვენთვის, ქალბატონო პრეტ?“

2000 წლის ოქტომბერში ქარიშხალი „კითი“ სამი დღე მძვინვარებდა კუნძულ ამბერგრისზე მდებარე ქალაქ სან-პედროში. ქარის სიჩქარე საათში 205 კილომეტრს აღწევდა, ამასთანავე კოკისპირულად წვიმდა. ქალაქ ბელიზიდან ჩრდილოეთით 16 კილომეტრში მდებარე ლეიდივილში სამი დღის განმავლობაში 80 სანტიმეტრი ნალექი მოვიდა. ლეიდივილის საკონგრესო დარბაზს 42-მა მოწმემ შეაფარა თავი. კუნძულ კოკერზე თითქმის ყველა სახლი მიწასთან იყო გასწორებული. ამბერგრისისა და კოკერის კუნძულებზე მცხოვრებმა 57 მაუწყებელმა თითქმის ყველაფერი დაკარგა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ორივე კუნძული ელექტროენერგიის, სასმელი წყლისა და სატელეფონო კავშირის გარეშე იყო დარჩენილი. პრემიერ-მინისტრმა ბელიზის, ორინჯ-უოკისა და კოროსალის ოლქები, ასევე ამბერგრისისა და კოკერის კუნძულები სტიქიის ზონად გამოაცხადა. ამ ზონაში შემოიღეს კომენდანტის საათი, რათა მაროდიორობა შეწყვეტილიყო.

კუნძულ კოკერზე მცხოვრებმა სპეციალურმა პიონერმა, სესილია პრეტმა, მოისმინა გაფრთხილება მოახლოებული ქარიშხლის შესახებ და ჩანთაში საჭირო ნივთები ჩაალაგა იმ შემთხვევისთვის, თუ თავშესაფრის ძებნა მოუწევდა. იმ დღეს მას 12 დის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები შეეგროვებინა და ნაშუადღევს გემით გამგზავრებას აპირებდა, რათა ისინი ბელიზის ფილიალში ჩაეტანა. სესილიამ ჯგუფის სამქადაგებლო ანგარიშები ცელოფანში საგულდაგულოდ შეფუთა და საგანგებოდ მომზადებულ ჩანთაში ჩადო. მართლაც, სესილიას რამდენიმე დასთან ერთად იმ ღამით ბეტონით ნაშენ სკოლის შენობაში მოუწია თავის შეფარება. დანარჩენმა დებმა კი კლუბში შეაფარეს თავი.

«ქარმა იმ საკლასო ოთახს, სადაც ჩვენ ვიყავით, თუნუქის სახურავი ახადა, — იხსენებს სესილია. — სასწრაფოდ ხელი ვსტაცეთ ყველაფერს და სხვა ოთახში გავვარდით. მართალია, შენობა ბეტონით იყო ნაშენი, მაგრამ ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს მთელი სკოლა ზანზარებდა. როდესაც გარეთ გავიხედეთ, მიწა საერთოდ არ ჩანდა, გეგონებოდა შენობა ზღვაში იდგა. დები ერთმანეთს გვერდიდან არ ვშორდებოდით და მხურვალედ ვლოცულობდით. საკლასო ოთახში 40 ადამიანი იყო. ისინი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ. ყველა მათგანი შიშს შეეპყრო. ზოგი ამბობდა ეს ღვთის რისხვააო. კათოლიკე მსახურმა მკითხა: „ილოცებთ ჩვენთვის, ქალბატონო პრეტ?“ „ვერა, ქალი ვარ, თანაც თავსაბურავი არა მაქვს“, — ვუპასუხე მე. მაშინ მან მითხრა: „აი, ჩემი ქუდი“. დარწმუნებული არ ვიყავი, სწორი იქნებოდა თუ არა, ყველასთვის მელოცა, მაგრამ არც ის მინდოდა, რომ ხალხს ეფიქრა, თითქოს ქარიშხალი იეჰოვასგან იყო მოვლენილი. ასე რომ, გადავწყვიტე, ჩემს პატარა ჯგუფთან ერთად მელოცა, ოღონდ ისე, რომ სხვებსაც გაეგოთ. როგორც კი დავამთავრე ლოცვა და საკლასო ოთახში ყველამ თქვა „ამინ!“, ქარი ჩაწყნარდა. სწორედ ამ დროს ქარიშხლის „თვალში“ (ქარიშხლის ცენტრი, სადაც ქარის სიჩქარე მინიმალურია) აღმოვჩნდით. კათოლიკე მსახურმა მითხრა: „შესანიშნავი ლოცვა იყო, თქვენი ღმერთი მართლაც ჭეშმარიტი ღმერთია“. ამის მერე არავის უნდოდა ჩვენი იქიდან გაშვება და მომდევნო სამი დღის მანძილზე საჭმელ-სასმელს არ გვაკლებდნენ.

ძალიან ვდარდობდი სხვა მაუწყებლებზე. მეორე დღეს, როცა გამოიდარა, მათ საძებნელად წავედი. ირგვლივ წაქცეული ხეები და ნანგრევები იყო. ქარს ზოგი სახლი 10—15 მეტრით გადაეადგილებინა. თავიდან კლუბში მივედი და იქ ორი და თავიანთ შვილებთან ერთად ვნახე. ერთი დის სახლი ქარს დაენგრია, საბედნიეროდ, ის ცოცხალი გადარჩა».

ციკლონის შემდეგ ფილიალს გაუჭირდა სამქადაგებლო ანგარიშების მიღება იმ კრებებიდან, რომლებიც ქარიშხლის ზონაში იმყოფებოდა. ანგარიშები ყველაზე ადრე კუნძულ კოკერიდან მიიღეს. სესილიას ისინი თავის ჩანთაში ჰქონდა შენახული და პირადად გადასცა ფილიალიდან მათ მოსანახულებლად ჩასულ ძმებს.

მომდევნო კვირების განმავლობაში მოხალისეებმა სტიქიით დაზარალებულ კუნძულებზე მცხოვრებ ძმებს პირველადი დახმარების ნივთები ჩაუტანეს და პრაქტიკული დახმარებაც აღმოუჩინეს. ისინი მათ სახლებისა და კუნძულ ამბერგრისის სამეფო დარბაზის დასუფთავებასა და შეკეთებაში დაეხმარნენ.

მერლ რიჩერტი, რომელიც კუნძულ კოკერზე მომუშავე მოხალისეთა ჯგუფის წევრი იყო იხსენებს: „თავდაპირველად ღამის გასათევი ადგილი მოვამზადეთ და ორგანიზება გავუწიეთ ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას. მეორე დღეს მაუწყებელთა სახლების შეკეთებას შევუდექით. კვირა დილას ყველა საქადაგოდ წავედით. მერე ერთ-ერთი დის ეზოში ადგილი მოვამზადეთ, სადაც შეხვედრებს ჩავატარებდით; აუდიტორიისთვის გავაკეთეთ სკამები, სცენის მაგივრობას კი ძველი ქოქოსის ხის კუნძი გვიწევდა. შეხვედრები ისე დავგეგმეთ, რომ კომენდანტის საათის დადგომამდე, საღამოს რვა საათამდე, ყველანი სახლში ვყოფილიყავით. საჯარო მოხსენებასა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას 43 კაცი დაესწრო.

კონგრესები, რომლებზეც იეჰოვასგან დასწავლებას იღებენ

60-იანი წლების ბოლოს ქვეყნის სხვადასხვა მხარეში შესაძლებელი გახდა კონგრესების ჩატარება კარვებში. თუმცა დიდი კარვის გაშლას დღეების მანძილზე მძიმე შრომა სჭირდებოდა. სანტიაგო სოსა გვიამბობს: „სამზადისს კვირის დასაწყისში შევუდგებოდით ხოლმე — ვშლიდით კარავს, სამეფო დარბაზიდან მოგვქონდა გრძელი სკამები, დანარჩენ სკამებს კი ვთხოულობდით. იმ პერიოდში სადილს კონგრესებზე ვამზადებდით ნათხოვარ ქვაბებსა და ტაფებში. ხშირად ღამეებს ვათევდით, რომ საჭმლის მომზადება მოგვესწრო და ყველაფერი მოგვეწესრიგებინა. ზოგჯერ, როცა ყველაფერი მზად გვქონდა, ღამით ძლიერი ქარი ამოვარდებოდა და მთელ შრომას წყალში გვიყრიდა. მეორე დღეს ყველაფერი თავიდან გვქონდა გასაკეთებელი, მაგრამ არავინ წუწუნებდა“.

ჯინი ტომფსონს კარგად ახსოვს კონგრესი, რომელიც ქალაქ ბელიზსა და ორინჯ-უოკს შორის მდებარე ერთ-ერთ სოფელში ჩატარდა. ძმებმა სამეფო დარბაზის გვერდზე ბუჩქნარი გაკაფეს, რათა კონგრესისთვის კარავი გაეშალათ და სკამები დაელაგებინათ. „ისე მოხდა, რომ მთელი საოლქო კონგრესის მსვლელობის დროს წვიმა არ შეწყვეტილა, — ამბობს ჯინი. — წვიმის წყალმა კარავშიც შემოაღწია, ამიტომ ფეხები წინა სკამებზე გვქონდა შემოწყობილი. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ კარვის გარშემო მდებარე ბუჩქნარი მარჯნისფერი ასპიტების ბუდე იყო. წვიმის გამო კარავში დარჩენა და სამეფო დარბაზთან ახლოს ყოფნა მოგვიწია. ნამდვილად საშიში იქნებოდა ჩვენი ბუჩქებთან მიკარებაც კი“.

70-იან წლებში კონგრესების ჩატარება შესაძლებელი გახდა პატარა ტროპიკულ კუნძულ ბერდზე, რომელიც ქალაქ ბელიზის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან 120 მეტრში იყო. კუნძულის მეპატრონეს იქ ჩალით გადახურული დარბაზი გაეკეთებინა გასართობი ღონისძიებების ჩასატარებლად. დარბაზს ჰქონდა საპირფარეშოები და ელექტროენერგიითა და წყლით იყო უზრუნველყოფილი. ძმებმა ხმელეთიდან კუნძულამდე ხის ხიდი გააკეთეს, რომლის მეშვეობითაც კონგრესის დელეგატებმა ადვილად შეძლეს ამ წყნარ საკონგრესო ადგილზე გადასვლა.

1983 წლის მარტში მთავრობისგან ძმებმა ლეიდივილში მიწის ნაკვეთი იქირავეს საკონგრესო დარბაზის ასაშენებლად. თავდაპირველად დროებითი ნაგებობა ააგეს კონგრესებისა თუ სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. 1988 წელს ძმებმა გვატემალაში იყიდეს ლითონის კონსტრუქცია, რომელიც ამ ნაკვეთში დადგეს და საკონგრესო დარბაზად იყენებენ.

ნაყოფიერი ქადაგება ჩინურენოვან ტერიტორიაზე

გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული ბელიზში ბევრი ჩინელი დასახლდა. ბევრი მათგანი დიდი სიამოვნებით კითხულობს ჩვენს ლიტერატურას თავიანთ მშობლიურ ენაზე. რობერტა გონსალესი გვიამბობს: «მინდოდა მექადაგა ერთი თავაზიანი ტაივანელი ქალბატონისთვის, რომელსაც საკუთარი საცხობი ჰქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ მას რელიგია არ აინტერესებდა, ამასთანავე ყოველთვის ბევრს მუშაობდა და არ ეცალა. რადგან მას ორი მოზარდი შვილი ჰყავდა, მის საცხობში მივედი და მივეცი წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები“ ჩინურ ენაზე. ვუთხარი, რომ კვლავ მოვინახულებდი და მის აზრს გავიგებდი ამ წიგნზე. რამდენიმე დღის შემდეგ მის საცხობთან ჩავიარე მანქანით და დავინახე როგორ მიქნევდა ხელს. მანქანიდან გადავედი თუ არა, აღფრთოვანებულმა მითხრა, რომ მას შემდეგ, რაც წიგნი დავუტოვე, მოუთმენლად მელოდა. ქალმა თქვა, რომ ბელიზში გადმოსახლებული ტაივანელი ოჯახების უმეტესობას, რომელთაც მოზარდი შვილები ჰყავდათ, პრობლემები ჰქონდა. მისი აზრით, მათაც გამოადგებოდათ ეს წიგნი. მან თავის ვაჟს უთხრა, დაეთვალა ქალაქში მცხოვრები ტაივანელი ოჯახების რიცხვი, რომლებსაც მოზარდები ჰყავდათ. მას სურდა, ყველასთვის მიეცა ამ წიგნის თითო ეგზემპლარი, ამიტომაც მთხოვა, 16 წიგნი მიმეტანა მისთვის».

2000 წლის ოქტომბერში ფილიალმა მანდარინი ენის შესასწავლი სამთვიანი კურსი ჩაატარა იმ პიონერებისა და მაუწყებლებისთვის, რომელთაც თავიანთ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩინელებთან ქადაგება სურდათ. ამის შედეგად ჩამოყალიბდა ჩინური ჯგუფი, რომელშიც ბევრი პიონერი იყო. მოგვიანებით ჯგუფი კრებად იქცა. ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბევრი მოიხიბლა სასიხარულო ცნობითა და კრებაში გამოვლენილი სიყვარულით.

2006 წელს მონჯე ჩენმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. თავიდან ოჯახის წევრები ხელს არ უშლიდნენ, მაგრამ მალე დაცინვა და წინააღმდეგობის გაწევა დაუწყეს. მოულოდნელად მისმა ოჯახმა მთელი ქონება გაყიდა, მათ შორის ის მაღაზიაც, რომლის მენეჯერიც მონჯე იყო, და მას ერთი საათი მისცეს, რომ თავის ახალ რელიგიაზე უარი ეთქვა და მათთან ერთად სხვა ქვეყანაში გამგზავრებულიყო. ვინაიდან მან რწმენა არ დათმო, ოჯახი ქვეყნიდან ისე წავიდა, რომ ის ცარიელ-ტარიელი დატოვა. მონჯე ერთმა ძმამ შეიფარა. მან განაგრძო ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზეც რეგულარულად დადიოდა. „დავუახლოვდი იეჰოვას და მან იზრუნა ჩემზე. ბიბლიის შესწავლა, წაკითხულზე ფიქრი და ამასთანავე ძმების თანადგომა ძალიან მეხმარება“, — ამბობს მონჯე.

2008 წლის ნოემბერში მონჯე მოინათლა. დღეს მას ოჯახის წევრებთან შედარებით კარგი ურთიერთობა აქვს, რადგან მათ დაინახეს, როგორ შეიცვალა ის. „იეჰოვას მორჩილებამ კი არ გამაღარიბა, დიდი სიხარული მომიტანა. იეჰოვას არ მივუტოვებივარ. მან გაერთიანებული და მოსიყვარულე საძმო მაჩუქა“, — თქვა მონჯემ.

ბელიზში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას მექსიკის ფილიალი ხელმძღვანელობს

ბელიზისა და მექსიკის ფილიალების კომიტეტებთან მსჯელობის შემდეგ ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ბელიზში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობისთვის მექსიკის ფილიალს გაეწია ხელმძღვანელობა. ეს გადაწყვეტილება 2001 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში, რაც ადგილობრივი და-ძმებისთვის ნამდვილი კურთხევა აღმოჩნდა.

ამ წლიდან მოყოლებული მექსიკის ფილიალის ხელმძღვანელობით ბელიზში არაერთი სამეფო დარბაზი აშენდა. 2002 წლის 16 მარტს ქალაქ ბელიზში ერთ შენობაში განთავსებული ორი სამეფო დარბაზის მიძღვნა მოხდა; მომდევნო დღეს კი ლეიდივილში ახალი, ლამაზი მისიონერთა სახლისა და შეკეთებული საკონგრესო დარბაზის მიძღვნა ჩატარდა. ხელმძღვანელი საბჭოს წევრის, გერიტ ლოშის მიერ წარმოთქმულ მიძღვნის მოხსენებას ბევრი ისეთი და-ძმა დაესწრო, რომლებიც ორმოცდაათი ან სამოცი წელი ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას. სამეფო დარბაზების სამშენებლო ჯგუფის ჩამოყალიბების შემდეგ საქმემ საგრძნობლად წინ წაიწია. მათი დახმარებით ქვეყანაში უკვე 20 სამეფო დარბაზი აშენდა.

2007 წელს მექსიკიდან 325 პიონერი ჩავიდა ბელიზში, რათა იქ ექადაგათ, სადაც თითქმის არავის ჰქონდა ნაქადაგები. ამან ქადაგების დიდი სურვილი გაუჩინა ბელიზელ და-ძმებს და მათ შორის პიონერთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

ეკლესიის წინამძღოლები ყოველ წელს ლოცულობენ, რომ ბელიზს ქარიშხალი არ დაატყდეს თავს, იეჰოვას მოწმეებმა კი 2007 წელს მოსალოდნელ ქარიშხლამდე პრაქტიკული რჩევები მიიღეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქცეულიყვნენ სტიქიისას. როგორი მადლიერნი იყვნენ ისინი ასეთი რჩევებისთვის, როდესაც აგვისტოში მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „დინი“ დაატყდა თავს ქვეყანას. ის და-ძმები, რომლებიც სტიქიის მოსალოდნელ ზონაში ცხოვრობდნენ, შედარებით უსაფრთხო ადგილებში მცხოვრებ და-ძმებთან გადაიყვანეს. ქარიშხლის შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები დაეხმარნენ დაზარალებულებს სახლებისა და სამეფო დარბაზების შეკეთებაში. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ადგილობრივი რადიოსადგურის თანამშრომლებზე, რომლებმაც ერთ-ერთ გადაცემაში იეჰოვას მოწმეები შეაქეს სანიმუშო მოქმედებისთვის.

ჭეშმარიტება აერთიანებს ხალხს ყველა ერიდან

იეჰოვას კურთხევით დღეს ბელიზში 1800-ზე მეტი მაუწყებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მაუწყებელზე 149 ადამიანი მოდის. რადგანაც 2009 წელს უფლის გახსენების საღამოს ყოველი 39-ე ბელიზელი დაესწრო, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელიზში ჯერ კიდევ მოსალოდნელია დიდი რიცხობრივი ზრდა.

გასული 80 წლის მანძილზე მოწაფეების მომზადების საქმემ სხვადასხვა ერისა თუ წარმომავლობის მქონე ადამიანებისგან შემდგარი შესანიშნავი სულიერი ერი წარმოშვა. მათ აერთიანებთ „სუფთა ენა“ — ჭეშმარიტება ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ. ბელიზელი იეჰოვას მოწმეები მთელ დედამიწაზე მცხოვრები თავიანთი სულიერი და-ძმების მხარდამხარ მსახურობენ და „სუფთა ენაზე“ ამოწმებენ სახალხოდ, რაც იეჰოვას, ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს დიდებას მიაგებს (სოფ. 3:9).

[სქოლიო]

a მართალია, 1973 წლამდე ბელიზს ბრიტანეთის ჰონდურასი ეწოდებოდა, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყანას ყველგან ბელიზად მოვიხსენიებთ, თუ კონტექსტი სხვა რამეს არ მოითხოვს.

b ამ ქარიშხლის შემდეგ დედაქალაქი ქალაქ ბელიზიდან ბელმოპანში გადაიტანეს, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს

[ჩანართი 224 გვერდზე]

„მძღოლმა მითხრა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები კარდაკარ ქადაგებდნენ“

[ჩანართი 234 გვერდზე]

„მამაჩემის კი არა, იეჰოვასი უნდა გვეშინოდეს“

[ჩარჩო 208 გვერდზე]

ბელიზის მოკლე მიმოხილვა

ტერიტორია.

ზღვისპირა დაბლობი სამხრეთით თანდათან მაღლდება და მაიას მთებს უერთდება. ტყეებში ბინადრობენ იაგუარები, პუმები, შავი ღრიალა მაიმუნები, პეკარები, მწვანე იგუანები, ნიანგები და 60-მდე სახეობის გველი, მათ შორის შხამიანი Bothrops atrox-ი. აქ აგრეთვე ნახავთ 600-მდე სახეობის ფრინველს, მაგალითად, გადაშენების პირას მყოფ ალისფერ თუთიყუშს, არას და საუცხოო ტუკანს (Ramphastos sulfuratus). წყალქვეშა სამყარო მრავალფეროვანია მარჯნებით, ღრუბლებითა და თუთიყუშთევზებით დაწყებული, ლამანტებით, ბარაკუდებითა და ვეშაპისებრი ზვიგენებით დამთავრებული.

მოსახლეობა.

ქვეყანაში ცხოვრობენ მაიას ტომის შთამომავლები (კექჩები, მოპანები და იუკატეკები), კრეოლები (აფრიკელისა და ევროპელის შთამომავალი), მეტისები (ესპანელისა და მაიას შთამომავალი), გარიფუნები (აფრიკელისა და კარიბის შთამომავალი), ინდოელები, ლიბანელები, ჩინელები და ევროპელები, მათ შორის გერმანელი და ჰოლანდიელი მენონიტები.

ენა.

ინგლისური ოფიციალური ენაა, თუმცა ლაპარაკობენ უამრავ სხვა ენაზეც. ამ ენებს შორისაა: ბელიზის კრეოლი, ესპანური, გარიფუნა, კექჩი, მაია, გერმანული და მანდარინი.

ეკონომიკა.

მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკავებულია ლერწმის შაქრისა და ტროპიკული ხილის მოყვანითა და ექსპორტით, ბევრისთვის შემოსავლის წყარო კი თევზის რეწვა და ტურიზმია.

საკვები.

სხვადასხვა კულტურის შერწყმამ განაპირობა სამზარეულოს ნაირფეროვნება. ქოქოსის რძეში მოხარშული ბრინჯი და ლობიო პოპულარული ტრადიციული კერძია. ხშირად ამ კერძთან ერთად მიირთმევენ შემწვარ ან მოშუშულ ქათმის ხორცს, საქონლის ხორცს ან თევზს და შემწვარ შაქარა ბანანას. აგრეთვე ბელიზელებს ძალიან უყვართ ნაირ-ნაირი ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული გემრიელი კერძები.

კლიმატი.

ცენტრალურ ამერიკაში კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარე ბელიზში ცხელი და ნოტიო სუბტროპიკული კლიმატია. ხშირია ქარიშხლები.

[ჩარჩო⁄სურათი 215 გვერდზე]

გარიფუნები ეხმაურებიან ჭეშმარიტებას

ბევერლი-ენ ფლორესი

დაიბადა: 1961 წელს

მოინათლა: 1993 წელს

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ერთ-ერთი გარიფუნა, რომელმაც ჭეშმარიტება მიიღო. ის ახლა თავის ხალხს ეხმარება იეჰოვას გაცნობაში.

◼ გარიფუნები მე-17 საუკუნის დასაწყისში აფრიკიდან ჩამოყვანილი მონებისა და ადგილობრივი კარიბების შთამომავლები არიან. გარიფუნა ენა არავაკულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება და მასში ფრანგულისა და სუაჰილის გავლენაც იგრძნობა.

ამ ხალხის რელიგიაში შერწყმულია აფრიკელთა და ამერიკელ ინდიელთა ტრადიციები, ძლიერია კათოლიკური რელიგიის გავლენაც. მაგალითად, „დუგუ“ საკმაოდ რთული რიტუალია, რომლის დროსაც მიცვალებული წინაპრების სულების დასამშვიდებლად საჭმელ-სასმელს სწირავენ. „დედაჩემი ფიქრობდა, რომ ეს რიტუალი აზრს მოკლებული იყო, — ამბობს ბევერლი. — მას ვერ წარმოედგინა, რომ ღმერთი მოიწონებდა ამდენი საჭმლის მიწაში დამარხვას. ის ამბობდა ხოლმე: საჭმელი იმისთვისაა, რომ ხალხმა ჭამოს, და რატომ უნდა დაბრუნდნენ ჩვენი მიცვალებულები და ზიანი მოგვაყენონ, თუ ასე ძალიან ვუყვარვართო?!“

ბევერლი გვიხსნის, თუ როგორ იმოქმედა ჭეშმარიტების გაგებამ მასზე: „რადგან გარიფუნა ვიყავი, ერთი სული მქონდა, წავსულიყავი დანგრიგაში და ჩემი ხალხისთვის მექადაგა. ვიცოდი, რომ გარიფუნათა უმეტესობა უფრო დიდი სიამოვნებით მოუსმენდა თავის თანამოძმეს. ბევრი ჩერდებოდა და მისმენდა, როცა ხალხს გარიფუნა ენაზე ვესაუბრებოდი და ბევრმაც კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. ისინი დარწმუნდნენ, რომ არ დაისჯებოდნენ ბოროტი სულებისგან, თუ უარს იტყოდნენ არაბიბლიურ წეს-ჩვეულებებზე“.

[ჩარჩო⁄სურათი 218 გვერდზე]

„იეჰოვა ყოველთვის ზრუნავდა ჩვენზე“

ლილი მილერი

დაიბადა: 1928 წელს

მოინათლა: 1960 წელს

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: მარტომ გაზარდა ექვსი შვილი და 47 წელია, რაც პიონერად მსახურობს.

◼ «ეიმიბელ ალენმა 1959 წელს ბიბლიური ჭეშმარიტება გამიზიარა, — იხსენებს დაბალ ხმაზე მოლაპარაკე ლილი. — ეკლესიაში გაგვაფრთხილეს, რომ არ მოგვესმინა იმ „ცრუწინასწარმეტყველებისთვის“, რომლებიც კარდაკარ დადიოდნენ. შესწავლა იმ პირობით დავიწყე, თუ შესწავლის დროს მხოლოდ ბიბლიას გამოვიყენებდით. დავრწმუნდი, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე და მომდევნო წელს მოვინათლე.

თავიდან ქადაგება გამიჭირდა. ხელები ისე მიკანკალებდა, რომ ბიბლია ძლივს მეჭირა. მაგრამ იმის დიდი სურვილი, რომ გამეზიარებინა სხვებისთვის ნასწავლი, იერემიას მსგავსად „ძვლებში დამწყვდეული ცეცხლივით“ მიგიზგიზებდა და არ შემეძლო არ მელაპარაკა იმის მიუხედავად, მისმენდნენ თუ არა» (იერ. 20:9).

როგორ შეძლო ლილიმ მარტოდმარტომ ექვსი შვილის გაზრდა და ამავდროულად პიონერად მსახურება? „ვლოცულობდი და იეჰოვამ შემაძლებინა, — ამბობს ლილი. — კვირაში სამჯერ დილის ოთხის ნახევარზე ვდგებოდი და ქალიშვილებთან ერთად შეშის ღუმელში ნამცხვარს ვაცხობდი. ნამცხვარი ისე სწრაფად იყიდებოდა, რომ ღუმლიდან გამოღებასაც ვერ ვასწრებდით. საქმეს რომ მოვრჩებოდით, ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ, მე კი საქადაგებლად მივდიოდი. იეჰოვა ყოველთვის ზრუნავდა ჩვენზე“.

1969 წლიდან ლილი ქალაქ კოროსალში მსახურობს პიონერად. მისი უფროსი ვაჟი და ორი ქალიშვილი სრული დროით მსახურები არიან. ის 69 ადამიანს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში.

[ჩარჩო⁄სურათი 227, 228 გვერდებზე]

ტროპიკულ ტყეებში ქადაგება

«1991 წლის მარტში 23 და-ძმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან პუნტა-გორდაში შევიკრიბეთ, რათა 10 დღის განმავლობაში ტროპიკულ ტყეში მდებარე სოფლებში გვექადაგა, — გვიამბობს მართა საიმონსი. — ტანსაცმლის, საბნებისა და ჰამაკების გარდა მიგვქონდა ლიტერატურა ინგლისურ, ესპანურ და კექჩი ენებზე; თან გვქონდა ათი დღის სამყოფი საკვებიც.

დილას მატყლის ხის მორისგან დამზადებულ ნავში ჩავსხედით და აღელვებულ ზღვაში გავედით. სოფელ კრიკე-სარკოში გავჩერდით, ბარგი ჩამოვტვირთეთ და იქვე დავბანაკდით. იმ დროს, როცა ძმები ჰამაკებს ჭიმავდნენ, დები ჩვენი საყვარელი კერძის, გოჭის კუდის სუპის მომზადებას შევუდექით, რომელსაც მანიჰოტით, ბატატით, მწვანე შაქარა ბანანით, ქოქოსით, მოხარშული კვერცხითა და, რაღა თქმა უნდა, გოჭის კუდით ვამზადებდით. ჩვენი ჩასვლის ამბავი მალე მთელ სოფელს მოედო და, ცოტა ხანში, ჩვენ სანახავად სოფლიდან მოსული ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ასე შევძელით, გვექადაგა მთელი სოფლისთვის ორ საათში. იმ ღამეს ძმებს ჰამაკებში ეძინათ ბოძებზე მდგარი პოლიციის შენობის ქვეშ, დებს კი — ჩალით გადახურულ „კაბილდოში“, რომელიც სოფლის უხუცესების თავშეყრის ადგილი იყო.

მეორე დღეს კვლავ ნავში ჩავსხედით და შევუყევით ვიწრო ყურეს, რომელიც ადგილ-ადგილ მანგროს ხის საჰაერო ფესვებით იყო დაბურული. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მივადექით ნაპირს, ნავიდან ჩვენი ბარგი ჩამოვცალეთ და სოფელ სანდეივუდამდე ფეხით საათ-ნახევარი ბუჩქნარში ვიარეთ. იქაურები დაბალი ტანისანი იყვნენ. მათ მუქი ფერის კანი და შავი სწორი თმა ჰქონდათ. თითქმის ყველა ფეხშიშველი დადიოდა. ქალებს ტრადიციული კაბები ეცვათ და მძივებისგან გაკეთებული სამკაულები ეკეთათ. ჩალით გადახურულ სახლებს, რომლებიც ოთახებად არ იყო დაყოფილი, მიწური იატაკი ჰქონდა. სახლებში ჰამაკების გარდა არანაირი ავეჯი არ იდგა. საჭმელს, გარეთ, ცეცხლზე აკეთებდნენ. ეს იყო რამდენიმე ოჯახის საერთო „სამზარეულო“.

ისინი ძალიან თბილები აღმოჩნდნენ და დიდი ინტერესით გვისმენდნენ. განსაკუთრებით კი იმით მოიხიბლნენ, რომ ჩვენ ლიტერატურა კექჩი ენაზე გვქონდა და მუხლებსაც კექჩი ენაზე ნათარგმნი ბიბლიიდან ვუკითხავდით.

დილაადრიან მამლების, ჩიტებისა და ღრიალა მაიმუნების ხმაურმა გამოგვაღვიძა. ნოყიერი საუზმის შემდეგ განმეორებით მოვინახულეთ ისინი, ვინც წინა დღეს ინტერესი გამოავლინა. ბევრი ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ და ყველას ვურჩიეთ, რომ ბიბლიის შესწავლა დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ მანამ, სანამ მომავალ წელს მათ მოსანახულებლად ჩავიდოდით. ასე გრძელდებოდა დღეები და ბოლოს ტროპიკული ტყეების სიღრმეში მდებარე სოფლებამდეც მივაღწიეთ.

ტყეში გატარებული ათი ბედნიერი დღის შემდეგ ხშირად ვიხსენებდით გრძელ გზას, რომელიც გავიარეთ, სოფლებს, რომლებიც მოვინახულეთ და ადამიანებს, რომლებიც გავიცანით. იეჰოვას ვთხოვდით, რომ ჩვენი დათესილი ჭეშმარიტების მარცვალი მომავალ წელს ჩვენს შემდეგ ჩასვლამდე დაეცვა. ფეხები გვტკიოდა და ძალიან დაღლილები ვიყავით, მაგრამ გული სავსე გვქონდა იეჰოვასადმი მადლიერებით იმ დიდი სიხარულისთვის, რომელიც წლის სამქადაგებლო კამპანიაში მონაწილეობით მივიღეთ».

[ჩარჩო⁄სურათები 235, 236 გვერდებზე]

მაიები, რომელებმაც შეიყვარეს იეჰოვა

ხორხე და ნიკოლას შოები (მათი და პრისილიანი)

დაიბადნენ: 1969 წელს და 1971 წელს

მოინათლნენ: 1997 წელს

მოკლე ინფორმაცია: მაიას ტრადიციის მიხედვით მშობლების მიმართ დაქორწინებული შვილებისგანაც კი დიდი პატივისცემა და უსიტყვო მორჩილება მოითხოვება.

◼ მას შემდეგ, რაც ნიკოლასმა და ხორხემ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და იეჰოვა შეიყვარეს, მათი მამა ყველანაირად ცდილობდა მათთვის ხელის შეშლას.

„მე ავუხსენი მამაჩემს, რომ იმას, რასაც ვსწავლობდი, ჩემთვის მხოლოდ სიკეთის მოტანა შეეძლო, — ამბობს ნიკოლასი. — მაგრამ ის ბაპტისტური ეკლესიის წევრი იყო და ჩემი არ ესმოდა. არ მინდოდა, მისთვის გული მეტკინა, ამიტომ რამდენჯერმე შევწყვიტე ბიბლიის შესწავლა. თუმცა ისიც კარგად მესმოდა, რომ მამასთან ერთად ლოთობით შვილებს ცუდ მაგალითს ვაძლევდი. ჩემი ცოლ-შვილი ისეთი დათრგუნული და უბედური იყო, რომ მათ სახეზე ღიმილს ვერასდროს ნახავდით.

მაგრამ, როგორც კი ბიბლიის რეგულარული შესწავლა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება დავიწყე, ცუდი ჩვევები დავძლიე. ოჯახი რომ მერჩინა, ბევრს ვშრომობდი და ამჯერად შემოსავალს უკვე ოჯახის კეთილდღეობას ვახმარდი. ახლა მე და ჩემი ცოლ-შვილი იეჰოვას ვემსახურებით და ჩვენს სახლში ბედნიერებამ და მხიარულებამ დაისადგურა“.

თითქმის იმავეს თქმა შეიძლება ხორხეზეც. ის ბილწსიტყვაობდა და ლოთობდა, რითაც ოჯახს ბევრ პრობლემას უქმნიდა. შაბათ-კვირას მას შინ ვერასოდეს ნახავდი. ბიბლიის შესწავლამ ისიც ძირფესვიანად შეცვალა.

«რაც უფრო წინ მივიწევდი სულიერად, მამა მით უფრო მეწინააღმდეგებოდა, — იხსენებს ხორხე. — ის ცრუწინასწარმეტყველებს გვეძახდა. მაჩეტეთიც (დიდი ზომის დანა) არაერთხელ დაგვდევნებია. ძმა კარდოსა, რომელიც ბიბლიას მასწავლიდა, წინააღმდეგობებთან შესახვედრად გვამზადებდა. „დავუშვათ, მამამ სახლიდან გაგყარათ, რას იზამთ?“ — გვკითხა ერთხელ მან. „მამაჩვენი ამას არასდროს გააკეთებს, რადგან ძალიან ვუყვარვართ,“ — ვუპასუხე მე. მაგრამ, სამწუხაროდ, ის სწორედ ასე მოიქცა.

ძალიან მიყვარდა ის, რასაც ვსწავლობდი და ჩემი ცხოვრება თანდათანობით გაუმჯობესდა. ის, რომ ქრისტიანი გავხდი ამან ჩემი ოჯახური ცხოვრება სრულიად შეცვალა. ერთმანეთს პატივს ვცემდით და ერთმანეთთან ურთიერთობით ვხარობდით. დღეს ქადაგება დიდ სიხარულს მანიჭებს და იეჰოვას დახმარებით პიონერად ვმსახურობ».

[ჩარჩო⁄სურათები 238, 239 გვერდებზე]

სიხარულით მსახურება იქ, სადაც მქადაგებლები ცოტანი არიან

მართალია, ისეთ ქვეყანაში გადასვლა, სადაც მქადაგებლები ცოტანი არიან, არცთუ ისე ადვილი გადასაწყვეტია. მაგრამ წლების განმავლობაში უცხო ქვეყანაში ცხოვრება და მსახურება უფრო მეტ სირთულესთან არის დაკავშირებული და უფრო მეტ თავგანწირვას მოითხოვს. და მაინც, ბევრი ჩვენი და-ძმა ვაჟკაცურად და სიხარულით უმკლავდება ამ სირთულეებს.

მაგალითად, არტურ და რობერტა გონსალესები თავიანთ სამი წლის ვაჟთან, დალტონთან, ერთად 1989 წელს შეერთებული შტატებიდან საცხოვრებლად ბელიზში გადავიდნენ. „ყველაზე რთული იყო სტაბილური, მაღალანაზღაურებადი სამსახურის დატოვება და ისეთ ქვეყანაში გადასვლა, სადაც ბევრს სამუშაო არ ჰქონდა“, — გვიამბობს რობერტა.

„მთავარია, ენდო იეჰოვას, — დასძენს არტური. — როცა ბიბლიაში აბრაამის შესახებ წავიკითხე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, როგორ დატოვა მან ყველაფერი — მისთვის ჩვეული გარემო, სახლი და ნათესავები. მაგრამ იეჰოვა ზრუნავდა მასზე. ერთ-ერთი სირთულე, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით, იყო ბელიზის კრეოლის სწავლა. მაგრამ ჩვენ მივენდეთ იეჰოვას და ისიც მხარში გვედგა“.

1991 წელს ფრენკ და ელის კარდოსები კალიფორნიიდან ბელიზში გადავიდნენ, რათა იქ პიონერებად ემსახურათ. ფრენკი გვიამბობს: «„მოციქულთა საქმეების“ წაკითხვამ მისიონერად მსახურების სურვილი გამიჩინა. რადგანაც ოთხი შვილი გვყავდა, ვიცოდი, რომ ვერასდროს გავივლიდით სკოლა „გალაადს“. როცა უმცროსმა ქალიშვილმა სკოლა დაამთავრა, მივხვდით, რომ სხვა ქვეყანაში გადასვლის შესაძლებლობა მოგვეცა. ერთ „საგუშაგო კოშკში“ წავიკითხეთ ბელიზის შესახებ და იქ წასვლა გადავწყვიტეთ».

„მეუღლეს დავთანხმდი, რომ სამი წლით გადავსულიყავით ბელიზში, — ამბობს ელისი. — მას მერე უკვე 18 წელი გავიდა და სხვანაირად ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია“.

„ჩვენ გვიყვარს ხალხი და მსახურება, ასე რომ, ჩვენთვის ადვილია, დავუმეგობრდეთ მათ, ვისაც იეჰოვა უყვარს, — ამბობს ფრენკი. — ჭეშმარიტებას ძალიან ბევრი ეხმაურება, იმდენი შესწავლა გვაქვს, რომ ვერც კი ავუდივართ. ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჩვენს ცხოვრებაში საუკეთესო წლებია. მთელი ქვეყნიერების სიმდიდრეც რომ მოგვცენ, ამ განსაკუთრებულ მსახურებას მაინც არ დავთმობთ“.

1988 წელს კარლ და მართა საიმონსები ტეხასიდან ბელიზში გადავიდნენ საცხოვრებლად. მართა გვიყვება: „ჩვენი ერთი შვილი 10 წლის იყო, მეორე კი — 8 წლის, როდესაც ბელიზში გადმოვედით. დილიდან საღამომდე კრებასთან ერთად დაშორებულ სოფლებში ვქადაგებდით. მთელი ოჯახი საკონგრესო დარბაზის მშენებლობაზე ვმუშაობდით, კონგრესების დროს კი ბევრ და-ძმას ვუწევდით მასპინძლობას. ძალიან ვაფასებთ იმას, რომ ჩვენი შვილების აღზრდა სწორედ აქ შევძელით, რადგან მათ სპეციალურ პიონერებთან და მისიონერებთან ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდათ. ზოგჯერ ელექტროენერგიის, წყლის, აკუმულატორებისა და სატელეფონო კავშირის გარეშე გვიჭირდა ცხოვრება და წასვლაც მოგვდომებია, მაგრამ ყველაფრის თავიდან დაწყებაც რომ დაგვჭირვებოდა, ამასაც არ შევუშინდებოდით. ჩვენი ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა იქ მსახურებამ, სადაც მქადაგებლების მეტი საჭიროებაა“.

[სურათები]

მარცხნიდან მარჯვნივ: დალტონი, რობერტა, არტური და არტურის დედა, მართა გონსალესი

[ჩარჩო 250 გვერდზე]

„მზრუნველობას არ გვაკლებენ“

ალეხანდრო და რებეკა (ბეკი) ლაკაიოები

დაიბადნენ: 1950 წელს და 1949 წელს

მოინათლნენ: 1966 წელს და 1959 წელს

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 1972 წელს სკოლა „გალაადის“ დამთავრების შემდეგ მისიონერებად მსახურობდნენ სალვადორში, ბელიზში, ნიკარაგუაში, მექსიკასა და ჰონდურასში. ამჟამად შეერთებული შტატების ერთ-ერთ რაიონში მიმოსვლით მსახურებას ეწევიან. მათ კარგად ახსოვთ ის დრო, როდესაც ბელიზში ქარიშხლით დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინეს.

◼ იდგა 2000 წლის 2 ოქტომბერი, ორშაბათი. ბეკი წერდა: «ქარიშხალი „კითი“ მძვინვარებს. ორდღე-ნახევარია გადაუღებლად წვიმს».

ქარიშხლის ჩადგომიდან მეორე დღეს ალეხანდრომ და ერთმა სპეციალურმა პიონერმა ძმამ, დონალდ ნიბრუჯიმ, შეძლეს კუნძულ ამბერგრისზე ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა. ორ ადგილობრივ უხუცესთან ერთად მათ მოინახულეს კუნძულზე არსებული ორივე კრების ყველა მაუწყებელი.

ბეკი იხსენებს: „ოთხშაბათს ძმებმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ფილიალში მოიტანეს საკვები, სასმელი წყალი და ჩასაცმელი კუნძულებზე მცხოვრები ძმებისთვის. მალე მთელი ვესტიბიული და ბიბლიოთეკა სავსე იყო საკვებით, სასმლითა და სხვა საჭირო ნივთებით“.

ამასობაში ალეხანდრომ და სხვა სამმა ძმამ კუნძულ კოკერზე მცხოვრებ და-ძმებს ჰუმანიტარული დახმარება მიუტანეს, გაამხნევეს ისინი და მათთან ერთად ილოცეს. ეს ნამდვილად სჭირდებოდათ იქაურ და-ძმებს. ძმების გამოვლენილმა სიყვარულმა და მზრუნველობამ გულები გაუთბო როგორც მოწმეებს, ისე მათაც, ვინც ჩვენს რწმენას არ იზიარებდა. „წლებია, რაც ეკლესიისთვის შესაწირავს ვიღებ, — გულის ტკივილით თქვა ერთმა ქალმა, — მაგრამ ჩემი ეკლესიიდან არავინ მოსულა ჩემ სანახავად“.

„შეხედეთ, ჩვენ მზრუნველობას არ გვაკლებენ, ისინი კი არავის ადარდებს,“ — თქვა სიხარულისგან აცრემლებულმა დამ.

[ცხრილი⁄დიაგრამა 244, 245 გვერდებზე]

დროის დიაგრამა ბელიზი

1923 წელი — ჯეიმზ გორდონმა დაიწყო ქადაგება ბომბაში.

1930

1933 წელი — ფრიდა ჯონსონი ქადაგებდა ქალაქ ბელიზში.

1934 წელი — თადიუს ჰაჯსონი ატარებდა კრების შეხვედრებს თავის საცხობში.

1940

1941 წელი — ქალაქ ბელიზში პირველი ნათლობა ჩატარდა.

1945 წელი — ქვეყანაში პირველი მისიონერები ჩავიდნენ.

1946 წელი — ფილიალი გაიხსნა.

1950

1957 წელი — ახალ მისიონერებს ქვეყანაში ჩასვლა აეკრძალათ.

1959 წელი — ფილიალი, მისიონერთა სახლი და სამეფო დარბაზი აშენდა.

1960

1961 წელი — მისიონერებს ქვეყანაში შესვლის ნება დართეს.

1961 წელი — ბელიზს ქარიშხალი „ჰეტი“ დაატყდა თავს.

1971 წელი — კუნძულ ბერდზე პირველად ჩატარდა კონგრესი.

1980

1988 წელი — ლეიდივილში აშენდა საკონგრესო დარბაზი.

1990

2000

2000 წელი — ბელიზს ქარიშხალი „კითი“ დაატყდა თავს.

2001 წელი — მექსიკის ფილიალს დაევალა, ხელმძღვანელობა გაეწია ბელიზში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობისთვის.

2002 წელი — ერთ შენობაში განთავსებული ორი სამეფო დარბაზის (მარცხნივ), მისიონერთა სახლისა და შეკეთებული საკონგრესო დარბაზის მიძღვნა ჩატარდა.

2010

[სქემა]

(იხილეთ პუბლიკაცია)

მაუწყებლები

პიონერები

1 800

1 200

400

1930 1940 1950 1960 1980 1990 2000 2010

[სურათი]

ძმები კონგრესზე გემით მიდიან

[რუკები 209 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

მექსიკა

გვატემალა

მელჩორ- დე-მენკოსი

კარიბის ზღვა

ბელიზი

კ. ამბერგრისი

სან-პედრო

კ. კოკერი

კოროსალის ოლქი

კოროსალი

ორინჯ-უოკის ოლქი

ორინჯ-უოკი

ოგესტ-პაინ-რიჯი

ბელიზის ოლქი

ბომბა

სანტანა

კრუკიდ-ტრი

ბლეკ-კრიკი

ლეიდივილი

ქალაქი ბელიზი

კაიოს ოლქი

ბელმოპანი

ბენკე-ვიეხო

სტან-კრიკის ოლქი

სტან-კრიკის ველი

დანგრიგა

ჰოპკინზი

სეინ-ბაიტი

ტოლედოს ოლქი

მანგო-კრიკი

პლასენსია

მანკი-რივერი

პუნტა-ნეგრა

სან-ანტონიო

პუნტა-გორდა

სანდეივუდი

ბარანკო

კრიკე-სარკო

მდინარე ბელიზი

მაიას მთები

[გვერდი 200 დათმობილი აქვს სურათს]

[სურათი 206 გვერდზე]

ალფონსინა რობატო და ეიმიბელ ალენი სამ სპეციალურ პიონერ ძმასთან ერთად

[სურათი 207 გვერდზე]

ჰერმან და დერინ ლაიტბერნები თავიანთ ვაჟთან, სტეფანთან ერთად

[სურათი 210 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეთა ჯგუფი და ურიკაზე დადგმული ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა (ქალაქი ბელიზი, 40-იანი წლები); 1) თადიუს ჰაჯსონი, 2) ჯორჯ ლონგსვორთი

[სურათი 213 გვერდზე]

ელმერ აირიგი რაიონებშიც ქადაგებდა

[სურათი 214 გვერდზე]

ჩარლზ ჰაიენი მოუწოდებდა ძმებს, რეგულარულად ჩაეტარებინათ კრების შეხვედრები

[სურათი 221 გვერდზე]

ფილიალი, მისიონერთა სახლი და სამეფო დარბაზი ქალაქ ბელიზში

[სურათი 223 გვერდზე]

ესპანურ ენაზე პირველად ჩატარდა სარაიონო კონგრესი ორინჯ-უოკის სამეფო დარბაზში, 1968 წელი

[სურათი 229 გვერდზე]

სპეციალური პიონერები მარსიალ და მანუელა კეიები

[სურათი 230 გვერდზე]

ტიპური მაია სოფელი, ტოლედოს ოლქი

[სურათი 240 გვერდზე]

მარია და ბასილიო

[სურათი 246 გვერდზე]

სესილია პრეტი

[სურათი 249 გვერდზე]

სარაიონო კონგრესი კარავში, პუნტა-გორდა, 60-იანი წლები

[სურათი 251 გვერდზე]

ბეკი და ალეხანდრო ლაკაიოები

[სურათები 252, 253 გვერდებზე]

ლითონის კონსტრუქცია (ქვემოთ), ამჟამად საკონგრესო დარბაზი (მარჯვნივ)

გარემონტებული საკონგრესო დარბაზი

[სურათი 254 გვერდზე]

და-ძმები მშენებარე სამეფო დარბაზის ფონზე (ქალაქი ბელიზი)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება