დაბადება
43 შიმშილობა მძვინვარებდა იმ ქვეყანაში.+ 2 ეგვიპტიდან ჩამოტანილი მარცვლეული რომ გაუთავდათ,+ იაკობმა შვილებს უთხრა: „დაბრუნდით და ცოტა საკვები კიდევ იყიდეთ“. 3 იუდამ მიუგო: „იმ კაცმა ხომ გაგვაფრთხილა, თქვენი ძმის გარეშე არ ჩამოხვიდეთო.+ 4 თუ გაგვაყოლებ ჩვენს ძმას, მაშინ წავალთ და ვიყიდით საკვებს, 5 მაგრამ, თუ არ გაგვაყოლებ, არ წავალთ, რადგან იმ კაცმა გვითხრა, თქვენი ძმის გარეშე არ ჩამოხვიდეთო“.+ 6 ისრაელი+ გაბრაზდა: „ეს რა მიქენით?! რატომ უთხარით იმ კაცს, კიდევ ერთი ძმა გვყავსო?!“ 7 მათ მიუგეს: „იმ კაცმა თვითონ გამოგვკითხა ჩვენი და ჩვენი ოჯახის ამბავი. მამათქვენი ცოცხალიაო? ძმა კიდევ გყავთო? ჩვენც ვუთხარით, როგორც იყო.+ რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოიყვანეთო?!“+
8 იუდამ მამამისს, ისრაელს, უთხრა: „გამაყოლე ყმაწვილი+ და წავალთ, რომ ჩვენც, შენც და ჩვენი ბავშვებიც+ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ.+ 9 პირობას გაძლევ, რომ ბავშვს არაფერი დაუშავდება.+ ამას ჩემს თავზე ვიღებ. თუ არ ჩამოგიყვანო, მთელი ცხოვრება დამნაშავე ვიყო შენ წინაშე. 10 რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ ჩავიდოდით და ჩამოვიდოდით“.
11 ისრაელმა, მათმა მამამ, უთხრა: „კარგი, მაშინ ასე მოიქეცით: წაიღეთ ტომრებით ყველაფერი საუკეთესო, რაც ამ მიწაზე მოიპოვება, და მიართვით იმ კაცს:+ ცოტაოდენი ბალზამი,+ ცოტაოდენი თაფლი, საკმეველი, ხის ფისიანი ქერქი,+ ფსტა და ნუში. 12 წაიღეთ ორჯერ მეტი ფული, ის ფულიც, ტომრებში რომ ეწყო;+ იქნებ რაღაც შეცდომა იყო. 13 წაიყვანეთ თქვენი ძმა და წადით იმ კაცთან. 14 ყოვლისშემძლე ღმერთმა მოგაპოვებინოთ იმ კაცის კეთილგანწყობა, რომ თქვენი ძმაც გაათავისუფლოს და ბენიამინიც არ დაიტოვოს; მაგრამ, თუ ესეც უნდა დავკარგო, დაე დავკარგო!“+
15 აიღეს მათ ძღვენი, წაიღეს ორჯერ მეტი ფული, წაიყვანეს ბენიამინი, დაადგნენ ეგვიპტის გზას და იოსებს ეახლნენ.+ 16 იოსებმა ბენიამინი რომ დაინახა, მაშინვე თავისი სახლის გამგებელს უთხრა: „სახლში წაიყვანე ეს კაცები, დაკალი საქონელი და საჭმელი მოამზადე, რადგან შუადღისას ჩემთან ერთად ისადილებენ“. 17 იოსების სიტყვისამებრ მოიქცა+ ის კაცი და იოსების სახლში წაიყვანა ისინი. 18 შეეშინდათ მათ, იოსების სახლში რომ წაიყვანეს; ამბობდნენ: „ალბათ იმ ფულის გამო მოვყავართ აქ, მაშინ რომ ჩაგვიდეს ტომრებში. თავს დაგვესხმებიან, დაგვიმონებენ და ვირებსაც წაგვართმევენ!“+
19 სახლის შესასვლელთან რომ მივიდნენ, მიუახლოვდნენ იოსების სახლის გამგებელს 20 და უთხრეს: „ბატონო! ჩვენ საკვების საყიდლად ვიყავით ჩამოსული,+ 21 მაგრამ ღამის გასათევ ადგილას რომ მივედით და ჩვენი ტომრები გავხსენით, აღმოვაჩინეთ, რომ თითოეულ ტომარაში ჩვენი ფული იდო.+ ახლა გვინდა, რომ ეს ფული დავაბრუნოთ. 22 საკვების საყიდლად კი სხვა ფული წამოვიღეთ. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ფული ტომრებში“.+ 23 მან უთხრა: „ნუ გეშინიათ, ყველაფერი რიგზეა. თქვენმა და მამათქვენის ღმერთმა ჩაგიდოთ ფული ტომრებში. ვიცი, რომ ფული გადაიხადეთ“. შემდეგ გამოუყვანა მათ სიმონი.+
24 შეიყვანა იმ კაცმა ისინი იოსების სახლში და ფეხების დასაბანად წყალი მიუტანა, ვირებისთვის კი საკვები მისცა. 25 მათ იოსებს ძღვენი გაუმზადეს,+ რადგან გაიგეს, რომ შუადღისას უნდა მოსულიყო და ერთად უნდა ეჭამათ.+ 26 იოსები სახლში რომ შევიდა, ძღვენი მიართვეს და მის წინაშე პირქვე დაემხვნენ.+ 27 შემდეგ იოსებმა მოიკითხა ისინი და ჰკითხა: „როგორა გყავთ მოხუცი მამა, მაშინ რომ ახსენეთ? ხომ ცოცხალია?“+ 28 მათ მიუგეს: „კი, ცოცხალია მამაჩვენი, შენი მსახური, კარგად არის“. შემდეგ მუხლი მოიყარეს და პირქვე დაემხვნენ.+
29 როცა მან თავისი ძმა, დედამისის ვაჟი ბენიამინი დაინახა,+ ჰკითხა მათ: „ეს არის თქვენი უმცროსი ძმა, მაშინ რომ ახსენეთ?“+ შემდეგ ბენიამინს უთხრა: „წყალობა გიყოს ღმერთმა, შვილო“. 30 იოსები სწრაფად გავიდა იქიდან, რადგან თავისი ძმის დანახვაზე გული აუჩუყდა, და სატირლად ადგილის ძებნა დაიწყო. შევიდა ერთ ოთახში და ატირდა.+ 31 შემდეგ პირი დაიბანა, თავს მოერია, გავიდა და ბრძანა: „მოგვართვით საჭმელი“. 32 ცალ-ცალკე მიართვეს მას, მის ძმებსაც და ეგვიპტელებსაც, რომლებიც მას ახლდნენ, რადგან ეგვიპტელები ებრაელებთან ერთად არ ჭამდნენ; ეგვიპტელთათვის ეს სისაძაგლე იყო.+
33 ძმები იოსების პირისპირ უფროს-უმცროსობის მიხედვით დასხეს, პირმშო — პირმშოს ადგილზე,+ ხოლო უმცროსი — უმცროსის ადგილზე. ისინი გაოცებულნი უყურებდნენ ერთმანეთს. 34 იოსები თავისი სუფრიდან უგზავნიდა მათ ულუფებს; ბენიამინს ხუთჯერ მეტ ულუფას უგზავნიდა.+ მოილხინეს მასთან ერთად ნადიმობით.