სამუელი — წიგნი მეორე
15 ყოველივე ამის შემდეგ აბესალომმა ეტლი გაიკეთა, ცხენები შეიძინა და 50 მცველი დაიყენა, მის წინ რომ ერბინათ.+ 2 დილით ადრე დგებოდა აბესალომი და ქალაქის კარიბჭისკენ+ მიმავალ გზასთან ჩერდებოდა. თუ ვინმე მეფესთან სამართლის საძებრად მიდიოდა,+ ეძახდა მას აბესალომი და ეკითხებოდა, საიდან ხარო. ისიც პასუხობდა, ისრაელის ამა და ამ ტომიდან არისო შენი მსახური. 3 აბესალომი ეუბნებოდა, სამართლიანია შენი მოთხოვნა, მაგრამ მეფესთან არავინ მოგისმენსო. 4 აი, კიდევ რას ეუბნებოდა აბესალომი, მე რომ ამ ქვეყნის მსაჯულად დამაყენებდნენ, მაშინ ჩემთან მოვიდოდა ყველა, ვისაც სადავო საქმე ან საჩივარი ექნებოდა, და მე გავუჩენდიო მათ სამართალს.
5 როცა მასთან მისული კაცი მის წინაშე პირქვე დამხობას მოიწადინებდა, აბესალომი ხელს გაუწვდიდა, თავისკენ მიიზიდავდა და კოცნიდა.+ 6 ასე ექცეოდა აბესალომი მეფესთან სამართლის საძებრად მისულ ყველა ისრაელს და მათ გულს იგებდა.+
7 აბესალომმა 4 წლის* თავზე მეფეს სთხოვა: „გამიშვი ხებრონში+ იეჰოვასთვის დადებული აღთქმის შესასრულებლად. 8 სირიაში, გეშურში,+ ყოფნისას, შენმა მსახურმა აღთქმა+ დავდე, თუ იეჰოვა იერუსალიმში დამაბრუნებს, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი იეჰოვას“. 9 მეფემაც უთხრა: „მშვიდობით წადი!“ ისიც ადგა და წავიდა ხებრონში.
10 აბესალომმა ფარულად თავისი კაცები დაგზავნა ისრაელის ყველა ტომში და დააბარა: „როგორც კი საყვირის ხმას გაიგებთ, გამოაცხადეთ, აბესალომი გამეფდაო ხებრონში“.+ 11 ისე გაჰყვა აბესალომს მის მიერ მოხმობილი 200 კაცი იერუსალიმიდან, რომ არაფერი უეჭვიათ, რადგან არ იცოდნენ, რა ხდებოდა. 12 მას შემდეგ, რაც მსხვერპლი შესწირა, აბესალომმა დავითის მრჩეველი,+ გილოელი+ ახითოფელი,+ დაიბარა მისი ქალაქიდან, გილოდან. სულ უფრო მეტი ხალხი უერთდებოდა აბესალომს და ძალას იკრებდნენ შეთქმულები.+
13 მაცნე მივიდა დავითთან და მოახსენა, ისრაელები აბესალომს მიემხრნენო. 14 მაშინ უთხრა დავითმა თავის მსახურებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ იერუსალიმში: „ადექით, გავიქცეთ,+ თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს! ვიჩქაროთ, რომ არ მოგვისწროს, უბედურება არ დაგვატეხოს და მახვილით არ ამოხოცოს ქალაქის მკვიდრნი!“+ 15 მიუგეს მეფეს მისმა მსახურებმა, იმას გავაკეთებთ შენი მსახურები, რასაც მეფე-ბატონი გადაწყვეტსო.+ 16 გზას გაუდგა მეფე და მთელი სახლეულობაც მას გაჰყვა. ათი ხარჭა+ დატოვა მეფემ სასახლის მოსავლელად. 17 მიდიოდა მეფე და მიჰყვებოდა მთელი ხალხი. ისინი ბეთ-ჰამერხაკში შეჩერდნენ.
18 მასთან ერთად წამოსული მისი მსახურები, აგრეთვე ქერეთელები, ფელეთელები+ და 600 გათელი,+ თავის დროზე რომ გამოჰყვნენ დავითს გათიდან,+ გაღმა გადადიოდნენ, მეფე კი აკვირდებოდა მათ. 19 უთხრა მეფემ გათელ ითაის:+ „შენ რატომღა უნდა წამოგვყვე? დაბრუნდი და იცხოვრე ახალ მეფესთან, რადგან უცხოტომელი და გადმოხვეწილი ხარ. 20 გუშინ მოსული დღეს როგორ გახეტიალო ჩვენთან ერთად, სად წაგიყვანო, როცა მეც არ ვიცი, სად მივდივარ?! დაბრუნდი და შენი ხალხიც გაიყოლე. სიკეთე* არ მოგაკლოს და გიერთგულოს იეჰოვამ!“+ 21 მიუგო ითაიმ მეფეს: „ცოცხალ ღმერთ იეჰოვას და ჩემს მეფე-ბატონს ვფიცავ, სადაც ჩემი მეფე-ბატონი იქნება, მეც იქ ვიქნები, თუნდაც მოვკვდე!“+ 22 მაშინ უთხრა დავითმა ითაის:+ „გადმოდი!“ გადავიდა გათელი ითაიც თავის ხალხთან და მათ ოჯახებთან ერთად.
23 სანამ დავითის ხალხი გაღმა გადადიოდა, მოთქვამდა იმ მიწაზე მცხოვრები მთელი ხალხი. მეფე კედრონის ხევთან+ იდგა, მთელი ხალხი კი უდაბნოსკენ მიმავალი გზისკენ გადადიოდა. 24 იქ იყო ცადოკი+ და მასთან ერთად ყველა ის ლევიანი,+ რომლებსაც ღვთის შეთანხმების კიდობანი+ მიჰქონდათ.+ დადგეს მათ ღვთის კიდობანი; აბიათარიც+ იქ იდგა, სანამ ქალაქიდან წამოსული მთელი ხალხი გაღმა არ გადავიდა. 25 უთხრა მეფემ ცადოკს: „ქალაქში დააბრუნეთ ღვთის კიდობანი!+ თუ წყალობას ვპოვებ იეჰოვას თვალში, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის სამყოფელს.+ 26 თუ მეტყვის, აღარ გიწონებო, მაშინ ის მიყოს, რაც ენებოს“. 27 კვლავ უთხრა მეფემ ცადოკ მღვდელს: „შენ ხომ წინასწარმხილველი+ ხარ, მშვიდობით დაბრუნდით ქალაქში შენ და შენი ვაჟი ახიმააცი და აბიათარი და მისი ვაჟი იონათანი.+ 28 მე უდაბნოში დავიცდი მდინარის ფონთან, სანამ ამბავს არ შემატყობინებთ“.+ 29 მაშინ ცადოკმა და აბიათარმა იერუსალიმში დააბრუნეს ღვთის კიდობანი და თვითონაც იქ დარჩნენ.
30 აუყვა დავითი ზეთისხილის მთას;+ თავდაფარული და ფეხშიშველი ადიოდა ტირილით. მას მთელი ხალხიც თავდაფარული მიჰყვებოდა მოთქმა-გოდებით. 31 შეატყობინეს დავითს, ახითოფელიც აბესალომთან+ ერთად არის შეთქმულთა შორისო.+ მაშინ თქვა დავითმა: „იეჰოვა, უგუნურებად ჩაითვალოს ახითოფელის რჩევა!“+
32 როცა ავიდა დავითი მთის წვერზე, სადაც ხალხი ღმერთს ეთაყვანებოდა, იქ დახვდა მასთან შესახვედრად მისული არქიელი+ ხუშაი,+ ტანსაცმელშემოხეული და თავზე მტვერდაყრილი. 33 უთხრა მას დავითმა: „თუ ჩემთან ერთად წამოხვალ, ტვირთად დამაწვები, 34 მაგრამ, თუ ქალაქში დაბრუნდები და აბესალომს ეტყვი, შენი მსახური ვარ, მეფეო, მამაშენის მსახური კი ვიყავი უწინ, მაგრამ ახლა შენი მსახური ვარო,+ მაშინ შეძლებ ახითოფელის გეგმის ჩაშლას.+ 35 იქ შენთან ერთად იქნებიან მღვდლები, ცადოკი და აბიათარი. ჰოდა, რასაც მეფის სასახლეში მოისმენ, მათ უთხარი.+ 36 მათთან ერთად არიან მათი ვაჟები — ცადოკის ვაჟი ახიმააცი+ და აბიათარის ვაჟი იონათანი.+ მათი პირით შემომითვალეთ ყველაფერი, რასაც გაიგებთ!“ 37 დავითის მეგობარი ხუშაიც+ მაშინ შევიდა იერუსალიმში, როცა აბესალომი შედიოდა.