სამუელი — წიგნი მეორე
14 გაიგო იოაბმა, ცერუიას+ ვაჟმა, რომ მეფეს მოენატრა აბესალომი.+ 2 გაგზავნა იოაბმა კაცი თეკოაში,+ ერთი ჭკვიანი ქალი მოაყვანინა და უთხრა ქალს: „მგლოვიარესავით მოიქეცი, სამგლოვიარო სამოსელი ჩაიცვი და ზეთი არ იცხო;+ თავი ისე დაიჭირე, თითქოს დიდი ხანია გლოვობ. 3 მიდი მეფესთან და ასე და ასე უთხარი“. დაარიგა იოაბმა ქალი, თუ რა უნდა ეთქვა.
4 შევიდა თეკოელი ქალი მეფესთან, მუხლი მოიდრიკა, პირქვე დაემხო და უთხრა: „მიშველე, მეფეო!“ 5 მეფემ ჰკითხა: „რა გაგჭირვებია?“ ქალმა მიუგო: „ერთი ქვრივი ქალი ვარ, მკვდარი მყავს ქმარი. 6 ორი ვაჟი ჰყავდა შენს მოახლეს; ერთხელ მინდორში ჩხუბი მოუვიდათ, გამშველებელი არავინ ჰყავდათ, დაჰკრა ერთმა მეორეს და მოკლა. 7 მთელი ნათესაობა აუმხედრდა შენს მოახლეს. იციან, რომ მემკვიდრეა, მაგრამ მაინც მეუბნებიან, გადმოგვეცი ძმის მკვლელი, რომ მოვკლათო თავისი ძმის მკვლელობის გამო.+ უკანასკნელ იმედსაც მომისპობენ და არც სახელს და არც შთამომავლობას არ დაუტოვებენ ჩემს ქმარს ამ ქვეყანაზე“.
8 უთხრა მეფემ ქალს: „შინ წადი! შენ სასიკეთოდ გავცემ ბრძანებას“. 9 თეკოელმა ქალმა კი უთხრა მეფეს: „მეფე-ბატონო, მე და მამაჩემის სახლეულობას მოგვეკითხოს ეს დანაშაული, მეფე და მისი ტახტი კი უდანაშაულოა“. 10 უთხრა მას მეფემ: „თუ კიდევ გეტყვის ვინმე რამეს, ჩემთან მოიყვანე და მეტად აღარ შეგაწუხებს“. 11 ქალმა განაგრძო: „გთხოვ, მეფეო, გახსოვდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, რათა სისხლის ამღებმა+ არ დამღუპოს და შვილი არ მომიკლას“. დაუფიცა მეფემ: „ცოცხალ ღმერთ იეჰოვას ვფიცავ,+ შენს ვაჟს ერთი ღერი თმაც კი არ ჩამოუვარდება თავიდან!“ 12 ქალმა სთხოვა: „მეფე-ბატონო, ერთიც ათქმევინე შენს მოახლეს“. მან უთხრა: „თქვი!“
13 ქალმა მიუგო: „მაშ, რატომ განიზრახე ასეთი რამ ღვთის ხალხის+ წინააღმდეგ?! ამ სიტყვებით მეფე საკუთარ თავს ამტყუნებს, რადგან უკან არ აბრუნებს თავის განდევნილ ვაჟს.+ 14 ყველანი დავიხოცებით და დავემსგავსებით მიწაზე დაღვრილ წყალს, რომელიც ვეღარ შეგროვდება. მაგრამ ღმერთი არ ღუპავს კაცს; ის იმას ფიქრობს, როგორ დაიბრუნოს, ვინც განდევნეს, მუდამ განდევნილი რომ არ იყოს. 15 ამის სათქმელად მოვედი მეფე-ბატონთან, რადგან შემაშინა ხალხმა. იფიქრა შენმა მოახლემ, ვეტყვი მეფეს, იქნებ შეუსრულოს-მეთქი თავის მონას სათხოვარი. 16 იქნებ შეისმინოს მეფემ ეს თხოვნა და იხსნას თავისი მონა იმ კაცის ხელიდან, რომელსაც ჩემი და ჩემი ერთადერთი ვაჟის სახსენებლის მოსპობა უნდა ღვთისგან ბოძებულ სამკვიდროში.+ 17 ვიფიქრე შენმა მოახლემ, მეფის ნათქვამი მანუგეშებს-მეთქი, რადგან ღვთის ანგელოზივით არის ჩემი მეფე-ბატონი, არჩევს კარგს ცუდისგან. შენი ღმერთი იეჰოვა იყოს შენთან!“
18 უთხრა მეფემ ქალს: „ერთ რამეს გკითხავ და, გთხოვ, ნუ დამიმალავ“. ქალმა მიუგო: „მკითხოს მეფე-ბატონმა“. 19 ჰკითხა მას მეფემ: „იოაბმა ხომ არ მოგაგზავნა ჩემთან?“+ ქალმა მიუგო: „შენს თავს ვფიცავ, მეფე-ბატონო, ზუსტად ისეა, როგორც შენ ამბობ, რადგან სწორედ შენმა მსახურმა იოაბმა გამომგზავნა და დაარიგა შენი მოახლე, რა უნდა ეთქვა. 20 იმიტომ მოიქცა შენი მსახური იოაბი ასე, რომ სხვანაირად დაენახვებინა შენთვის ეს საქმე, თუმცა ღვთის ანგელოზივით ბრძენია ჩემი ბატონი და ისედაც იცის, რაც ხდება ამ ქვეყანაზე“.
21 ამის შემდეგ უთხრა მეფემ იოაბს: „კარგი, ასე იყოს.+ წადი და დააბრუნე ყმაწვილი აბესალომი!“+ 22 მუხლი მოიყარა იოაბმა, პირქვე დაემხო მეფის წინ და ხოტბა შეასხა მეფეს. თქვა იოაბმა: „მეფე-ბატონო, ახლა კი იცის შენმა მსახურმა, რომ წყალობა უპოვია შენს თვალში, რადგან თავისი მსახურის თხოვნისამებრ მოიქცა მეფე“. 23 წავიდა იოაბი გეშურში+ და აბესალომი იერუსალიმში ჩამოიყვანა. 24 მეფემ თქვა: „დაბრუნდეს თავის სახლში, მაგრამ მე ვერ მნახავს!“ დაბრუნდა აბესალომი თავის სახლში, მაგრამ არ უნახავს მეფე.
25 მთელ ისრაელში არავინ იყო თავისი თვალტანადობით აბესალომივით ქებული; თხემით ტერფამდე უნაკლო იყო. 26 როცა თმას იკრეჭდა (ყოველი წლის ბოლოს იკრეჭდა თმას, რადგან ამძიმებდა), შეჭრილი თმა 200 სამეფო შეკელს* იწონიდა. 27 აბესალომს სამი ვაჟი+ და ერთი ასული ჰყავდა. ქალს თამარი ერქვა, ის ძალიან ლამაზი იყო.
28 ორი წელი ისე იცხოვრა აბესალომმა იერუსალიმში, რომ მეფე არ უნახავს.+ 29 დაიბარა აბესალომმა იოაბი მეფესთან გასაგზავნად, მაგრამ არ მივიდა. მეორედაც დაიბარა, მაგრამ მაშინაც უარი თქვა მისვლაზე. 30 ბოლოს თავის მსახურებს უთხრა: „წადით იოაბის ყანაში, ჩემი ყანის გვერდით რომ აქვს, და ქერი უთესია, და გადაუწვით!“ წავიდნენ აბესალომის მსახურები და გადაუწვეს მას ყანა. 31 მივიდა იოაბი აბესალომთან სახლში და ჰკითხა: „რატომ გადამიწვეს ყანა შენმა მსახურებმა?“ 32 აბესალომმა იოაბს უთხრა: «დაგიბარე, რომ მეფესთან გამეგზავნე და გეთქვა: „რისთვის ჩამოვედი გეშურიდან?+ მერჩივნა, იქ დავრჩენილიყავი. შენი ნახვის ნება მომეცი, მეფეო, და თუ დამნაშავე ვარ, მომკალი!“»
33 მივიდა იოაბი მეფესთან და გადასცა დანაბარები. მოუხმო მან აბესალომს. ისიც მივიდა მეფესთან და მის წინაშე პირქვე დაემხო; მაშინ აკოცა მეფემ აბესალომს.+