საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • nwt იგავები 1:1-31:31
  • იგავები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იგავები
  • ბიბლია
ბიბლია
იგავები

ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ

1 ეს არის ისრაელის მეფის,+ დავითის ძის,+ სოლომონის, იგავები+

2 დასაბრძენებლად+ და დასარიგებლად*,

რათა ჩასწვდე ბრძნულ გამონათქვამებს,

 3 მიიღო დარიგება,+ რომლისგანაცაა გამჭრიახობა,

სიმართლე,+ განსჯის უნარი+ და პატიოსნება*,

 4 რათა გამოუცდელები წინდახედულები+ გახდნენ,

ახალგაზრდებს კი ცოდნა და ჭკუა მიეცეთ.+

 5 ბრძენი მოისმენს და მეტს ისწავლის;+

გონიერი ბრძნული რჩევით იხელმძღვანელებს,+

 6 რათა ჩასწვდეს იგავსა თუ თავსატეხს,

ბრძენთა სიტყვებსა თუ გამოცანებს.+

 7 იეჰოვას შიში ცოდნის სათავეა.+

მხოლოდ უგუნურებს სძულთ სიბრძნე და დარიგება.+

 8 მოისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება+

და დედაშენის რჩევას ნუ წაუყრუებ,+

 9 რადგან მათი რჩევა-დარიგება მშვენიერი გვირგვინია შენს თავზე+

და ლამაზი ყელსაბამი — შენს ყელზე.+

10 შვილო, თუ ცოდვილები შენს შეცდენას შეეცდებიან, ნუ აჰყვები.+

11 თუ გეტყვიან, წამო,

ჩავუსაფრდეთ ვინმეს და სისხლი დავღვაროთ,

უდანაშაულოს დავუდარაჯდეთ,

12 ცოცხლად ჩავყლაპოთ, როგორც სამარე* ყლაპავს,

მთლიანად, როგორც საფლავი შთანთქავს,

13 ხელში ჩავიგდოთ მისი ძვირფასეულობა,

ნაძარცვით ავივსოთ სახლები,

14 შემოგვიერთდი და მოპარული თანაბრად გავიყოთო,

15 შვილო, ნუ გაჰყვები მათ.

მოარიდე ფეხი მათ სავალს.+

16 ბოროტების ჩასადენად გარბიან;

ერთი სული აქვთ, სისხლი დაღვარონ.+

17 არავინ შლის ფრინველთა თვალწინ ბადეს.

18 ამიტომაც უსაფრდებიან მსხვერპლს სისხლის დასაღვრელად;

უდარაჯდებიან მათ.

19 ასეთია მათი გზა, ვინც ქონებას უპატიოსნოდ იხვეჭს,

მისი მომხვეჭნი ვერ იცოცხლებენ.+

20 სიბრძნე+ ქუჩაში გაიძახის,+

მოედნებზე იმაღლებს ხმას.+

21 ხალხმრავალი ქუჩების თავში გაიძახის,

ქალაქის კარიბჭეებთან ამბობს:+

22 „გამოუცდელებო, როდემდე უნდა იყოთ გამოუცდელნი?!

დამცინავებო, როდემდე უნდა გსიამოვნებდეთ დაცინვა?!

სულელებო, როდემდე უნდა გძულდეთ ცოდნა?!+

23 მიიღეთ ჩემი შეგონება+

და გადმოვღვრი ჩემს სულს თქვენზე;

მაშინ ჩასწვდებით ჩემს სიტყვებს.+

24 მე გეძახდით, მაგრამ თქვენ არ მისმენდით;

ხელს გიწვდიდით, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევდით.+

25 ჩემს რჩევებს მუდამ უგულებელყოფდით

და ჩემს შეგონებას არ იღებდით.

26 მეც გავიცინებ, როცა უბედურება დაგატყდებათ;

დაგცინებთ, როცა შეგემთხვევათ ის, რისიც გეშინიათ,+

27 როცა ქარიშხალივით დაგატყდებათ ის, რაც გაშინებთ,

როცა გრიგალივით მოვარდება თქვენი უბედურება,

როცა მწუხარებისა და გასაჭირის ჟამი დაგიდგებათ.

28 მაშინ დამიძახებენ, მაგრამ ხმას არ გავცემ.

ძებნას დამიწყებენ, მაგრამ ვერ მიპოვიან,+

29 რადგან ცოდნა შეიძულეს+

და იეჰოვას შიში არ ინდომეს.+

30 ყური არ ათხოვეს ჩემს რჩევას

და ჩემი შეგონება არად ჩააგდეს.

31 ამიტომ თავიანთი გზის ნაყოფს იგემებენ+

და თავიანთივე რჩევებით ამოიყორავენ მუცელს.

32 გამოუცდელებს სიჯიუტე დაღუპავს

და სულელებს თვითკმაყოფილება მოსპობს.

33 მაგრამ ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს,+

და უბედურების შიში არ შეაწუხებს“.+

2 შვილო, თუ ჩემს სიტყვებს მიიღებ

და ჩემს მცნებებს განძივით გაუფრთხილდები,+

 2 ყურს მიაპყრობ სიბრძნეს+

და გულს გამჭრიახობისკენ მიმართავ,+

 3 თუ გონიერებასა+ და გამჭრიახობას მოუხმობ,+

 4 თუ მას ვერცხლივით მოძებნი+

და დამალული განძივით მოიძიებ,+

 5 მაშინ გაიგებ, რა არის იეჰოვას შიში+

და შეიძენ ცოდნას ღვთის შესახებ,+

 6 ვინაიდან სიბრძნეს იეჰოვა იძლევა;+

მისი ბაგიდან გამოდის ცოდნა და გამჭრიახობა.

 7 ის სიბრძნეს უნახავს მართლებს

და უმწიკვლოდ* მავალთათვის ფარია.+

 8 თვალყურს ადევნებს მართალთა გზას

და იცავს თავის ერთგულთა სავალს.+

 9 თუ ასე მოიქცევი, მაშინ გაიგებ, რა არის სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა,

იმ ყოველივეს, რაც კარგია.+

10 როცა სიბრძნე შევა შენს გულში+

და ცოდნა ეამება შენს სულს,+

11 ჭკუა დაგიფარავს+

და გამჭრიახობა დაგიცავს;

12 დაგიხსნის ცუდი გზიდან,

უკუღმართად მოლაპარაკე კაცისგან,+

13 მათგან, ვინც სიმართლის გზიდან გადადის,

რათა ბნელი გზით იაროს,+

14 მათგან, ვისაც ცუდის ჩადენა ახარებს,

ვისაც ბოროტთა უკუღმართობა ანიჭებს სიხარულს,

15 მათგან, ვინც არასწორ გზას ადგას

და ვინც მზაკვრობაშია ჩაფლული.

16 დაგიხსნის გახრწნილი* ქალისგან,

უზნეო* ქალისგან, მაცდური სიტყვებით რომ გელაპარაკება,+

17 ახალგაზრდობის უახლოეს მეგობარს* რომ ტოვებს+

და ღვთის წინაშე დადებულ აღთქმას რომ ივიწყებს.

18 სიკვდილში იძირება მისი სახლი

და სამარეში ეშვება მისი გზები.+

19 ვინც მასთან დაიჭერს საქმეს, უკან ვეღარ დაბრუნდება

და ცოცხალთა გზას ვეღარ დაადგება.+

20 ამიტომ დაადექი კარგი ადამიანების გზას!

არ გადახვიდე მართალთა გზიდან,+

21 რადგან მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას

და უდანაშაულოები* იცხოვრებენ მასზე;+

22 ბოროტები კი მოისპობიან დედამიწაზე+

და ვერაგები აღარ იარსებებენ მასზე.+

3 შვილო, ჩემს კანონს ნუ დაივიწყებ

და გულით დაიცავი ჩემი მცნებები,

 2 რათა დღეგრძელი იყო,

შეგემატოს სიცოცხლის წლები და მშვიდობიანად იცხოვრო.+

 3 სიყვარული* ნუ გაგინელდება და ერთგულებას ზურგს ნუ შეაქცევ;+

ყელზე შეიბი და გულისფიცარზე დაიწერე,+

 4 რომ მოიპოვო წყალობა და გამჭრიახი კაცის სახელი

ღვთისა და ადამიანის თვალში.+

 5 მთელი გულით მიენდე იეჰოვას+

და საკუთარ გონებას ნუ დაენდობი.+

 6 გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე+

და ის მოგისწორებს სავალს.+

 7 ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში.+

იეჰოვასი გეშინოდეს და ზურგი აქციე ბოროტებას.

 8 ის იქნება შენი სხეულის* მკურნალი

და შენი ძვლების მაცოცხლებელი.

 9 პატივი მიაგე იეჰოვას იმით, რაც გაგაჩნია,+

შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით*.+

10 მაშინ აივსება შენი ბეღლები+

და შენი საწნახლიდან უხვად იდინებს ახალი ღვინო.

11 შვილო, იეჰოვას დარიგებას ნუ უკუაგდებ+

და მის შეგონებას ნუ შეიძულებ,+

12 რადგან იეჰოვა იმას შეაგონებს, ვინც უყვარს,+

ისე შეაგონებს, როგორც მამა საყვარელ შვილს.+

13 ბედნიერია კაცი, რომელმაც სიბრძნეს მიაკვლია+

და კაცი, რომელმაც გამჭრიახობა შეიძინა,

14 რადგან სიბრძნის შეძენა ვერცხლის შეძენას სჯობია

და მისი ქონა ოქროს ქონაზე უკეთესია.+

15 მარჯანზე ძვირფასია;

რაც კი რამ სანუკვარია, მას ვერ შეედრება;

16 მარჯვენა ხელში დღეგრძელობა უპყრია,

მარცხენაში კი — სიმდიდრე და სიდიადე;

17 საამურია მისი გზები

და მშვიდობიანია მისი ბილიკები;+

18 სიცოცხლის ხეა მათთვის, ვინც ხელს ჰკიდებს მას,

და ბედნიერად იწოდება+ ის, ვინც მაგრად ეჭიდება მას.

19 იეჰოვამ სიბრძნით დააფუძნა დედამიწა,+

გამჭრიახობით გაამყარა ცა.+

20 თავისი ცოდნით გაყო ღრმა წყალი,

ღრუბლიანი ციდან ნამი წვეთებად ადინა.+

21 შვილო, არ დაივიწყო ეს ყოველივე*,

გაუფრთხილდი სიბრძნესა და ჭკუას.

22 მათით იცოცხლებ,

ისინი დაგიმშვენებენ ყელს;

23 მაშინ უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე

და არაფერს წამოჰკრავ ფეხს;+

24 წამოწვები და არაფრის შეგეშინდება,+

დაწვები და ტკბილად დაგეძინება;+

25 არ შეგეშინდება მოულოდნელად დატეხილი საშინელებისა+

და არც ქარიშხლისა, ბოროტებს რომ დაატყდებათ თავს.+

26 იეჰოვა იქნება შენი იმედის სათავე;+

ის დაგიცავს, რომ მახეში არ გაება.+

27 ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვისაც ეკუთვნის,+

როცა დახმარების გაწევა შეგიძლია.+

28 ნუ ეტყვი შენს მოძმეს, წადი, ხვალ მოდი და მოგცემო,

თუ დახმარება დღესვე შეგიძლია.

29 ნურაფერს ჩაიფიქრებ შენი მოძმის საზიანოდ,+

შენ გვერდით რომ ცხოვრობს და გენდობა.

30 უმიზეზოდ ნურავის შეედავები,+

თუკი შენთვის არაფერი დაუშავებიათ.+

31 მოძალადე კაცისა ნუ შეგშურდება,+

ნურცერთ მის გზას ნუ დაადგები,

32 ვინაიდან იეჰოვას სძულს მზაკვარი კაცი,+

მართლებთან კი მეგობრობს.+

33 ბოროტეულთა სახლი დაწყევლილია იეჰოვასგან,+

მართალთა სახლი კი — კურთხეული.+

34 დამცინავებს დასცინებს,+

თვინიერებს კი შეიწყალებს.+

35 ბრძენი პატივდებული იქნება,

სულელი კი — დამცირებული.+

4 მოისმინეთ, შვილებო, მამის დარიგება+

და ყურად იღეთ, რომ შეიძინოთ გონიერება.

 2 რჩევა-დარიგებას მოგცემთ;

ნუ შეაქცევთ ზურგს ჩემს კანონს.+

 3 მამაჩემისთვის ერთგული შვილი ვიყავი+

და დედაჩემისთვის — უსაყვარლესი.+

 4 მარიგებდა მამაჩემი: „გულში ჩაიბეჭდე ჩემი სიტყვები;+

დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლებ.+

 5 შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება;+

ნუ დაივიწყებ და ნუ გადახვალ ჩემს სიტყვას;

 6 ნუ უგულებელყოფ სიბრძნეს და ის დაგიცავს;

შეიყვარე და დაგიფარავს.

 7 რაკი სიბრძნე უმთავრესია,+ შეიძინე ის

და მასთან ერთად გონიერებაც.+

 8 დააფასე სიბრძნე და ის აგამაღლებს;+

ჩაეჭიდე და განგადიდებს.+

 9 თავზე მშვენიერ გვირგვინს დაგადგამს

და ლამაზი თავსამკაულით შეგამკობს“.

10 მომისმინე, შვილო, ყურად იღე ჩემი სიტყვები

და დღეგრძელი იქნები.+

11 სიბრძნის გზაზე დაგაყენებ;+

სიმართლის ბილიკებისკენ წაგიძღვები.+

12 ისე ივლი, რომ არაფერი დაგაბრკოლებს;

თუ გაიქცევი, არ წაბორძიკდები.

13 ჩაეჭიდე დარიგებას და ხელს ნუ გაუშვებ;+

ყურად იღე, რადგან ის გაცოცხლებს.+

14 ბოროტთა ბილიკს ნუ დაადგები

და მზაკვართა გზით ნუ ივლი.+

15 მოერიდე, ნუ გაივლი მასზე,+

გვერდი აუარე და გაეცალე.+

16 ისე არ დაიძინებენ, ბოროტება რომ არ ჩაიდინონ;

ძილი გაუკრთებათ, ვინმე რომ არ დააქციონ.

17 ბოროტებით მოპოვებულ პურს ჭამენ

და ძალადობით მოპოვებულ ღვინოს სვამენ.

18 მართალთა ბილიკი კი დილის სინათლესავითაა,

რომელიც შუადღის დადგომამდე უფრო და უფრო კაშკაშა ხდება.+

19 ბოროტთა გზა წყვდიადივითაა,

არ იციან, რას წამოჰკრავენ ფეხს.

20 შვილო, დაუკვირდი ჩემს სიტყვებს,

გულისყურით მოეკიდე ჩემს ნათქვამს;

21 თვალს ნუ მოაშორებ,

გულში ღრმად ჩაიმარხე,+

22 ვინაიდან ვინც მას იპოვის, იცოცხლებს+

და ჯანმრთელი იქნება.

23 ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი,+

რადგან მასშია სიცოცხლის წყარო.

24 მოეშვი უკუღმართ ლაპარაკს+

და მზაკვრული სიტყვა ნუ დასცდება შენს ბაგეს.

25 შენი თვალები წინ იყურებოდეს,

შენი მზერა პირდაპირ იყოს მიმართული.+

26 მოასწორე შენი სავალი*+

და განმტკიცდება შენი გზები.

27 ნურც მარჯვნივ გადაუხვევ და ნურც მარცხნივ;+

ზურგი აქციე ბოროტებას.

5 შვილო, დაუკვირდი ჩემს სიბრძნეს

და ყურადღებით მომისმინე, რომ გაიგო, რა არის გამჭრიახობა,+

 2 რომ გაუფრთხილდე ჭკუას

და ყოველთვის ჭეშმარიტება ილაპარაკო.+

 3 გახრწნილი ქალის* ბაგე თაფლივით ტკბილია+

და მისი ენა მაცდურია,+

 4 მაგრამ ბოლოს იგი აბზინდასავით მწარდება+

და ორლესული მახვილივით ბასრი ხდება.+

 5 მისი ფეხი სიკვდილისკენ მიემართება

და მისი ნაბიჯები სამარისკენ* მიდის.

 6 არ ფიქრობს სიცოცხლის გზაზე,

აქეთ-იქით დადის, გზა-კვალი აქვს არეული.

 7 მაშ, მისმინეთ, შვილებო,

და ნუ გადახვალთ ჩემს სიტყვას.

 8 თავი შორს დაიჭირე მისგან

და მისი სახლის შესასვლელს+ ნუ გაეკარები,

 9 სახელი რომ არ გაგიტყდეს+

და სიმწარე არ მოიმკა,+

10 უცხოს რომ არ შეალიო შენი ძალ-ღონე+

და შენი ნაშრომი სხვის სახლში არ დარჩეს,

11 თორემ კვნესას მოჰყვები სიცოცხლის ბოლოს,

როცა მთელი სხეული დაგიუძლურდება.+

12 მაშინ იტყვი: „როგორ მძულდა დარიგება!

როგორ ეზიზღებოდა ჩემს გულს შეგონება!

13 ჩემს მასწავლებლებს არ ვუსმენდი

და ჩემს აღმზრდელებს ყურს არ ვუგდებდი.

14 კინაღამ გავნადგურდი კრებულის თვალწინ“.+

15 წყალი შენი ჭიდან და შენი წყაროდან სვი.+

16 რატომ უნდა იდინოს შენმა წყაროს წყალმა გარეთ,

შენი წყლის ნაკადებმა — მოედნებზე?!+

17 მხოლოდ შენთვის გქონდეს,

უცხოებს ნუ დაალევინებ.+

18 კურთხეული იყოს შენი წყარო

და გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან,+

19 საყვარელ ფურირემთან და მშვენიერ ნიამორთან.+

ყოველთვის მისი მკერდი გათრობდეს

და მუდამ მისი სიყვარული გატყვევებდეს.+

20 რატომ უნდა გხიბლავდეს, შვილო, გახრწნილი* ქალი

და რატომ უნდა ეხუტებოდე მკერდზე უზნეო* ქალს?!+

21 კაცის გზები ხომ იეჰოვას თვალწინაა

და ის აკვირდება მის ბილიკებს.+

22 ბოროტს თავისივე დანაშაული გააბამს მახეში

და თავისივე ცოდვის საბელებით შეიბოჭება.+

23 მოკვდება, რადგან უკუაგდო დარიგება,

გზა-კვალი აერევა, რადგან მეტისმეტად უგუნურად მოიქცა.

6 შვილო, თუ მოძმეს თავდებად დაუდგები+

ან უცხოსთან შეთანხმებას დადებ+

 2 და შენივე პირობა მახეში გაგაბამს,

ან შენივე სიტყვები გამოგიჭერს,+

 3 შვილო, ასე მოიქეცი და დაიხსენი თავი,

რადგან შენი მოძმის ხელში ხარ ჩავარდნილი:

თავი დაიმდაბლე, ნუ დააყოვნებ, მიდი და შეევედრე შენს მოძმეს.+

 4 ძილი არ მიაკარო შენს თვალებს

და თვლემა — შენს ქუთუთოებს.

 5 დაიხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან,

როგორც ფრინველმა — მონადირისგან.

 6 ზარმაცო,+ წადი ჭიანჭველასთან,

დააკვირდი მას და დაბრძენდი.

 7 მას არც მეთაური ჰყავს, არც თავკაცი და არც მმართველი;

 8 ზაფხულში თავისით იმზადებს სარჩოს+

და მკის დროს იმარაგებს საზრდოს.

 9 როდემდე უნდა იწვე, ზარმაცო,

და როდემდე უნდა გეძინოს?!

10 ცოტა ხანს კიდევ იძინებ, ცოტა ხანს კიდევ ჩათვლემ,

ცოტა ხანს კიდევ იქნები გულხელდაკრეფილი+

11 და სიღარიბე ყაჩაღივით დაგადგება,

სიდუხჭირე კი — იარაღასხმული კაცივით.+

12 უვარგისი და ბოროტი კაცი დადის და უკუღმართად ლაპარაკობს,+

13 თვალს უკრავს,+ ხელითა და ფეხით რაღაცას ანიშნებს;

14 ვერაგი გული აქვს,

მუდამ სიავეს იზრახავს+ და შუღლს თესავს.+

15 ამიტომ მოულოდნელად ეწევა უბედურება

და უეცარ განადგურებას თავს ვერ დააღწევს.+

16 ექვსი რამ სძულს იეჰოვას

და შვიდი რამ ეზიზღება:

17 ამაყად მომზირალი თვალები,+ მატყუარა ენა,+ უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები,+

18 ავისმზრახველი გული,+ ბოროტების ჩასადენად მარდი ფეხები,

19 ტყუილების მფრქვეველი ცრუმოწმე+

და ძმებს შორის შუღლის მთესველი.+

20 შვილო, დაიცავი მამაშენის მცნება

და დედაშენის რჩევას ნუ წაუყრუებ;+

21 მუდამ გულზე გქონდეს მიბნეული და ყელზე შებმული;

22 სიარულისას წაგიძღვება,

დაწოლილს დარაჯად დაგიდგება,

გამოღვიძებულს კი დაგარიგებს.

23 მცნება ლამპარია,+

კანონი — სინათლე,+

შეგონება და დარიგება კი — სიცოცხლის გზა;+

24 უზნეო ქალისგან დაგიცავს+

და გახრწნილი ქალის* მაცდური ენისგან დაგიფარავს.+

25 ნუ მოისურვებს შენი გული მის სილამაზეს+

და ნუ დაგატყვევებს მისი მაცდური თვალები,

26 რადგან მეძავის გადამკიდეს პურის მეტი არაფერი დაგრჩება+

და სხვისი ცოლი სიცოცხლეს მოგისწრაფებს.

27 განა ჩაიდებს კაცი უბეში ნაკვერჩხლებს ტანსაცმლის დაუწველად?!+

28 ან გაივლის ნაკვერჩხლებზე ფეხების დაუწველად?!

29 ასევე დაისჯება ის, ვინც მოძმის ცოლთან დაწვება;

ვინც მას გაეკარება, დაუსჯელი ვერ დარჩება.+

30 ხალხს არ სძულს ქურდი,

რომელიც მშიერია და დასანაყრებლად იპარავს,

31 თუმცა, როცა დაიჭერენ, შვიდმაგად აზღვევინებენ,

მთელ ქონებას გაატანინებენ სახლიდან.+

32 ვინც ქალთან მრუშობს, უგუნურია;

მრუში თავს იღუპავს.+

33 უბედურება და დამცირება არ ასცდება მას,+

სირცხვილს ვერ ჩამოირეცხავს,+

34 რადგან ეჭვიანობა ქმარს განარისხებს

და დაუნდობლად იძიებს შურს.+

35 გამოსასყიდს არ აიღებს;

ვერანაირი საჩუქარი ვერ დაამშვიდებს.

7 შვილო, ყურად იღე ჩემი სიტყვები

და განძივით გაუფრთხილდი ჩემს მცნებებს.+

 2 დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლებ;+

თვალისჩინივით გაუფრთხილდი ჩემს კანონს.

 3 თითებზე შემოიხვიე

და გულისფიცარზე დაიწერე.+

 4 სიბრძნეს უთხარი, ჩემი და ხარ-თქო,

და გონიერებას — ჩემი ნათესავი ხარ-თქო,

 5 რომ დაგიცვას გახრწნილი* ქალისგან,+

უზნეო* ქალისგან და მისი მაცდური სიტყვებისგან.+

 6 ჩემი სახლის სარკმლიდან,

ცხაურიდან გავიხედე,

 7 გულუბრყვილოები რომ დამენახა;

ახალგაზრდებს შორის ერთი უგუნური კაცი შევნიშნე;+

 8 გაუყვა გზას, იმ ქალის ქუჩაზე შეუხვია

და მისი სახლისკენ გაემართა

 9 საღამოს ბინდში,+

ვიდრე წყვდიადი ჩამოწვებოდა.

10 ისიც დავინახე, როგორ გამოეგება ქალი,

ვერაგი გულისა, მეძავივით შემოსილი,+

11 ხმაურიანი და თავნება,+

ფეხი რომ არ უჩერდება სახლში;

12 ხან ქუჩაშია და ხან მოედნებზე,

ქუჩის კუთხეებშია ჩასაფრებული.+

13 ხელი სტაცა მას, აკოცა,

ურცხვად შეხედა და უთხრა:

14 „სამშვიდობო მსხვერპლი მქონდა შესაწირი;+

დღეს შევასრულე ჩემი აღთქმები.

15 ამიტომაც გამოვედი შენთან შესახვედრად,

შენ საძებნელად, და გიპოვე კიდეც.

16 საწოლზე ძვირფასი ქსოვილი დავაფინე,

ჭრელი ეგვიპტური ქსოვილი;+

17 ზედ ზმირინი, ალოე და დარიჩინიც მოვაფრქვიე.+

18 მოდი, სიყვარულით დავთვრეთ დილამდე

და ვნებიანი ალერსით დავტკბეთ.

19 ჩემი ქმარი შინ არ არის,

შორსაა წასული;

20 ქისაც თან წაიღო

და სავსემთვარობამდე არ დაბრუნდება“.

21 შეაცდინა დამაჯერებელი ლაპარაკით,+

ტკბილმოუბარი ბაგეებით დაიყოლია;

22 ისიც მაშინვე გაჰყვა დასაკლავი ხარივით,

სულელივით, ხუნდებს რომ დაადებენ დასასჯელად.+

23 მიჰყვება მას, სანამ ისარი ღვიძლს არ გაუგლეჯს;

ჩიტივითაა, კაკანათისკენ რომ ისწრაფვის და ვერ ხვდება, რომ დაიღუპება.+

24 მომისმინეთ, შვილებო,

და ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი.

25 ნუ გაგიწევს გული მისი გზებისკენ,

ნუ იხეტიალებ მის ბილიკებზე,+

26 ვინაიდან მან მრავალი იმსხვერპლა+

და ბევრს მოუსწრაფა სიცოცხლე.+

27 მის სახლს კაცი სამარისკენ* მიჰყავს

და სიკვდილის ბნელ ოთახებში ჩაჰყავს.

8 სიბრძნე ღაღადებს,

გამჭრიახობა ხმას იმაღლებს.+

 2 იგი გზის გასწვრივ შემაღლებულ ადგილებზე+

და გზების შესაყართანაა.

 3 ქალაქის კარიბჭეებთან

და მის შესასვლელებთან იძახის:+

 4 „თქვენ გიხმობთ, ხალხო,

ხმას ვიმაღლებ, რომ ყველას გაგაგონოთ.

 5 გამოუცდელებო, გაიგეთ, რა არის წინდახედულობა;+

უგუნურებო, შეიძინეთ გონიერება!

 6 მომისმინეთ! ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი,

ჩემი ბაგე სიმართლეს ამბობს.

 7 ჩემი პირი მშვიდად აუწყებს ჭეშმარიტებას

და ჩემს ბაგეებს სძულს ბოროტება.

 8 რასაც ვამბობ, ყველაფერი სიმართლეა.

ჩემი სიტყვები სწორი და მართებულია.

 9 ეს სიტყვები გასაგებია გამჭრიახთათვის

და მისაღებია ცოდნის შემძენთათვის.

10 ჩემი დარიგება ვერცხლს გერჩივნოთ

და ცოდნა — ხალას ოქროს,+

11 ვინაიდან სიბრძნე მარჯანს სჯობია;

მას ვერაფერი შეედრება.

12 მე, სიბრძნე, წინდახედულობასთან ერთად ვმკვიდრობ;

მივაკვლიე ჭკუასა და ცოდნას.+

13 იეჰოვას მოშიშებს სძულთ ბოროტება.+

მძულს პატივმოყვარეობა, სიამაყე,+ სიავე და უკუღმართი ბაგე.+

14 ჩემს ხელთაა რჩევა, სიბრძნე,+

გონიერება+ და ძალა.+

15 ჩემით მეფობენ მეფეები

და ჩემით ადგენენ სამართალს მმართველები.+

16 ჩემით მართავენ მთავრები

და ჩემით აღასრულებენ სამართალს დიდებულები.

17 მიყვარს ის, ვისაც ვუყვარვარ,

და ვინც მეძებს, მპოულობს.+

18 ჩემთანაა სიმდიდრე და დიდება,

მარადიული მემკვიდრეობა და სიმართლე.

19 ჩემი ნაყოფი ოქროზე, ხალას ოქროზეც კი უკეთესია;

ჩემი ძღვენი საუკეთესო ვერცხლს სჯობია.+

20 სიმართლის ბილიკზე დავდივარ,

სამართლიანობის გზას მივუყვები.

21 ჩემს მოყვარულებს მდიდარ მემკვიდრეობას ვაძლევ

და ბეღლებს ვუვსებ.

22 იეჰოვამ თავდაპირველად მე შემქმნა*,+

მის უძველეს საქმეთა შორის პირველი მე ვარ.+

23 უხსოვარი დროიდან ვარსებობ,+

დასაწყისიდანვე, იმ დროიდან, ვიდრე დედამიწა შეიქმნებოდა.+

24 როცა გავჩნდი, არც ღრმა წყლები არსებობდა+

და არც წყალუხვი წყაროები.

25 მაშინ დავიბადე, როცა მთები

და გორები ჯერ არ იყო გაჩენილი,

26 როცა ჯერ არც დედამიწა იყო შექმნილი,

არც მინდვრები და არც მიწის მტვერი.

27 მე იქ ვიყავი, როცა ცას ქმნიდა,+

როცა წყალსა და ცას შორის ზღვარს ავლებდა,+

28 როცა მაღლა ღრუბლებს აფუძნებდა

და ღრმა წყლებს ქმნიდა,

29 როცა ზღვას წესს უდგენდა,

რათა წყალი მის ბრძანებას დამორჩილებოდა,+

როცა დედამიწას საფუძველს უყრიდა.

30 მაშინ მე მის გვერდით ვიყავი როგორც ოსტატი.+

ყოველდღე ხარობდა ჩემით+

და მეც მუდამ ვხარობდი მის წინაშე.+

31 შევხაროდი დედამიწას, კაცთა სამკვიდროს;

კაცთა მოდგმა მახარებდა.

32 შვილებო, მომისმინეთ!

ბედნიერნი არიან ჩემი გზებით მავალნი.

33 მოუსმინეთ დარიგებას+ და დაბრძენდით;

ნურასოდეს წაუყრუებთ მას.

34 ბედნიერია, ვინც მისმენს,

ვინც ყოველდღე ადრიანად მოდის ჩემს კართან

და ზღურბლთან მელოდება.

35 ვინც მე მიპოვის, სიცოცხლეს პოვებს+

და იეჰოვას კეთილგანწყობას მიიღებს,

36 ხოლო ვინც არად ჩამაგდებს, თავის თავს ავნებს.

ვისაც ვძულვარ, სიკვდილი უყვარს“.+

9 სიბრძნემ სახლი აიშენა

და შვიდი სვეტი აღმართა.

 2 ხორცი მოამზადა,

ღვინო შეაზავა

და სუფრაც გაშალა.

 3 გაგზავნა მოახლეები,

რომ ქალაქის შემაღლებული ადგილებიდან დაეძახათ:+

 4 „გამოუცდელებო, აქეთ გადმოუხვიეთ!“

მან უგუნურებს უთხრა:

 5 „მოდით, ჭამეთ ჩემი პური

და დალიეთ ჩემი შეზავებული ღვინო!

 6 შეიძინეთ გამოცდილება და იცოცხლებთ;+

მიჰყევით გონიერთა გზას“.+

 7 ვინც დამცინავს შენიშვნას მისცემს, დამცირდება,+

ვინც ბოროტს შეაგონებს, თავის თავს ავნებს.

 8 ნუ შეაგონებ დამცინავს, თორემ შეგიძულებს;+

შეაგონე ბრძენი და შეგიყვარებს.+

 9 დაარიგე ბრძენი და უფრო დაბრძენდება;+

ასწავლე მართალს და მეტი ეცოდინება.

10 იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა;+

უწმინდესის+ შესახებ ცოდნა გონიერებას იძლევა.

11 მე გაგიმრავლებ დღეებს+

და სიცოცხლის წლებს შეგმატებ.

12 თუ დაბრძენდები, შენ სასიკეთოდ დაბრძენდები;

თუ დამცინავი იქნები, თავადვე დაზარალდები.

13 სულელი ქალი ხმაურიანია,+

უვიცია და არაფერი გაეგება.

14 დამჯდარა თავისი სახლის შესასვლელთან,

ქალაქის შემაღლებულ ადგილზე,+

15 და ეძახის ამვლელ-ჩამვლელებს,

თავიანთ გზაზე მიმავალთ:

16 „გამოუცდელებო, აქეთ გადმოუხვიეთ!“

უგუნურებს+ ეუბნება:

17 „მოპარული წყალი ტკბილია

და ჩუმად ნაჭამი პური — გემრიელი“.+

18 მაგრამ ის კი არ იციან, რომ მისი სახლი მკვდართა სამყოფელია

და რომ მისი სტუმრები სამარის* სიღრმეში განისვენებენ.+

10 სოლომონის იგავები.+

ბრძენი შვილი მამის სიხარულია,+

სულელი კი დედის დარდია.

 2 კაცს ბოროტებით მოპოვებული განძი არ შეერგება,

სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის.+

 3 იეჰოვა მართალ კაცს მშიერს არ დატოვებს+

და ბოროტს საწადელს არ აუსრულებს.

 4 ზარმაცი გაღარიბდება,+

მუყაითი კი გამდიდრდება.+

 5 გონიერი შვილი ზაფხულში მოსავალს იღებს,

შემარცხვენელ შვილს კი მოსავლის აღების დროს ღრმად სძინავს.+

 6 მართალი კურთხეულია,+

ბოროტები კი ბაგეებით თავიანთ ზრახვებს მალავენ.

 7 მართალი კარგი სახელის გამო კურთხეული იქნება,+

ბოროტთა სახელი კი წახდება.+

 8 ბრძენი დარიგებას ყურად იღებს,+

უგუნურად მოლაპარაკე კი გაითელება.+

 9 უმწიკვლოდ* მავალი უსაფრთხოდ იქნება,+

ბოროტთა გზები კი გამოაშკარავდება.+

10 ვინც სხვას მზაკვრულად უკრავს თვალს, ტკივილს მიაყენებს მას;+

უგუნურად მოლაპარაკე გაითელება.+

11 მართლის ბაგეები სიცოცხლის წყაროა,+

ბოროტთა ბაგეები კი მათ ზრახვებს მალავს.+

12 სიძულვილი შუღლს აღვივებს,

სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.+

13 გონიერი კაცის ბაგეზე სიბრძნე იპოვება,+

უგუნურის ზურგს კი ჯოხი არ ასცდება.+

14 ბრძენი ცოდნას იუნჯებს,+

უგუნურს კი თავისი ბაგეები დაღუპავს.+

15 მდიდრისთვის ქონება გამაგრებული ქალაქივითაა,

ღარიბისთვის კი სიღარიბე დამაქცევარია.+

16 მართლის საქმეებს სიცოცხლე მოაქვს,

ბოროტთა საქმეებს კი — ცოდვა.+

17 ვინც დარიგებას იღებს, სხვებს სიცოცხლის გზას უჩვენებს*,

ხოლო ვინც შეგონებას უგულებელყოფს, სხვებს გზას უმრუდებს.

18 ვინც სიძულვილს მალავს, სიცრუით ინიღბება,+

ბოროტი ხმების გამავრცელებელი სულელია.

19 ბევრი ლაპარაკისას ცოდვა გარდაუვალია,+

ხოლო ვინც ბაგეებს იმორჩილებს, გონივრულად იქცევა.+

20 მართლის ენა ხალასი ვერცხლივითაა,+

ბოროტის გულს კი ჩალის ფასი აქვს.

21 მართლის ბაგეები მრავალს აპურებს,+

ბრიყვს კი უგუნურება ღუპავს.+

22 იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს+

და თან არ სდევს ტკივილი.

23 სულელი სამარცხვინო საქციელით ერთობა,

გამჭრიახი კი სიბრძნისკენ ისწრაფვის.+

24 ბოროტს ის შეემთხვევა, რისიც ეშინია,

მართალს კი საწადელი აუსრულდება.+

25 ქარიშხალი რომ გადაივლის, ბოროტი აღარ იარსებებს,+

მართლის საძირკველი კი არასოდეს მოირყევა.+

26 როგორც ძმარია კბილებისთვის და კვამლი — თვალებისთვის,

ისეა ზარმაცი კაცი მისი გამგზავნისთვის.

27 იეჰოვას მოშიშს სიცოცხლე გაუხანგრძლივდება,+

ბოროტს კი შეუმოკლდება სიცოცხლის დღეები.+

28 მართალს მოლოდინი ახარებს,+

ბოროტს კი იმედი გაუცრუვდება.+

29 იეჰოვას გზა უდანაშაულოსთვის ციხესიმაგრეა,+

ავისმქნელისთვის კი — დაღუპვა.+

30 მართალი არასოდეს დაეცემა,+

ბოროტი კი დედამიწაზე ვერ დამკვიდრდება.+

31 მართლის ბაგე ბრძნულად ლაპარაკობს,

უკუღმართის ენა კი მოიკვეთება.

32 მართლის ბაგე მოსაწონად საუბრობს,

ბოროტთა ბაგე კი — უკუღმართად.

11 იეჰოვას სძულს მატყუარა სასწორი,

ზუსტი საწონი კი მოსაწონია მისთვის.+

 2 კადნიერს დამცირება არ ასცდება,+

მოკრძალებული კი ბრძენია.+

 3 მართალს თავისი სიმართლე* წაუძღვება,+

ვერაგს კი თავისივე უკუღმართობა დაღუპავს.+

 4 რისხვის დღეს სიმდიდრე კაცს ვერას არგებს,+

სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის.+

 5 ერთგულს სიმართლე გზას მოუსწორებს,

ბოროტს კი თავისივე ბოროტება დაღუპავს.+

 6 მართალს სიმართლე გადაარჩენს,+

ვერაგი კი თავისივე სურვილების მახეში გაებმება.+

 7 როცა ბოროტი კვდება, მისი იმედი ქრება;

მისი მოლოდინი არ მართლდება, რადგან საკუთარ ძალაზეა დაიმედებული.+

 8 მართალი გასაჭირში არ დარჩება,

მის ნაცვლად გასაჭირში ბოროტი ჩავარდება.+

 9 განდგომილი თავისი ბაგით ღუპავს მოძმეს,

მართალს კი ცოდნა გადაარჩენს.+

10 მართალთა კარგი საქმეებით ქალაქი ხარობს,

ბოროტთა დაღუპვას კი მხიარული შეძახილი მოჰყვება.+

11 მართალთა კურთხევით ქალაქი განდიდებულია,+

ბოროტთა ბაგე კი ანგრევს მას.+

12 უგუნური მოძმეს აბუჩად იგდებს, გამჭრიახი კაცი კი დუმს.+

13 ცილისმწამებელი დადის და საიდუმლოს ამხელს,+

სანდო კაცი კი ინახავს.

14 ბრძნული რჩევის გარეშე ხალხი იღუპება,

მრჩეველთა სიმრავლეს კი ხსნა მოაქვს.+

15 ვინც უცხოს თავდებად დაუდგება, ხიფათს გადაეყრება,+

ხოლო ვინც ხელის ჩამორთმევას არ ჩქარობს, უსაფრთხოდ იქნება.

16 სათნო ქალი დიდებას იხვეჭს,+

სასტიკი კაცი კი — სიმდიდრეს.

17 კეთილი* კაცი თავის თავს რგებს,+

სასტიკი კი — ვნებს.+

18 ბოროტს თავისი გასამრჯელო არ შეერგება,+

სიმართლის მთესველი კი ჯილდოვდება.+

19 ვინც სიმართლეს ეჭიდება, სიცოცხლის გზას მიუყვება,+

ხოლო ვინც ბოროტებისკენ ისწრაფვის, სიკვდილის გზას ადგას.

20 მზაკვარი გულის კაცი სძულს იეჰოვას,+

უმწიკვლოდ* მავალს კი იწონებს იგი.+

21 იცოდე: ბოროტი დაუსჯელი არ დარჩება,+

მართლის შთამომავალი კი გადარჩება.

22 რაღა ოქროს რგოლი ღორის დინგზე

და რაღა ლამაზი, მაგრამ უჭკუო ქალი.

23 მართლის სურვილი სიკეთეს მოიტანს,+

ბოროტის ჩანაფიქრი კი — რისხვას.

24 ვინც ხელგაშლილია, მეტი მიეცემა,+

ხოლო ვინც სიკეთეს უკავებს სხვას, გაღარიბდება.+

25 ხელგაშლილს არაფერი მოაკლდება;+

ვინც სხვას არწყულებს, თავადაც დარწყულდება.+

26 ვინც მარცვლეულს არ მიჰყიდის სხვას, ხალხი დასწყევლის მას,

ხოლო ვინც მიჰყიდის, ხალხი დალოცავს მას.

27 ვინც სხვისთვის სიკეთის გაკეთებას ცდილობს, კეთილგანწყობას მოიპოვებს,+

ხოლო ვინც ბოროტებას იზრახავს, ბოროტება ეწევა.+

28 სიმდიდრეზე დაიმედებული დაეცემა,+

მართალი კი ფოთოლხშირი ხესავით იქნება.+

29 ვინც თავის ოჯახს აუბედურებს, არაფერი შერჩება;+

უგუნური ბრძენის მსახური იქნება.

30 მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა;+

ვინც ხალხს* იძენს, ბრძენია.+

31 თუკი დედამიწაზე მართალს მიეზღვება საზღაური,

მით უმეტეს — ბოროტსა და ცოდვილს!+

12 დარიგების მოყვარულს ცოდნა უყვარს,+

შეგონების მოძულე კი უგუნურია.+

 2 იეჰოვა კარგ ადამიანს იწონებს,

ავისმზრახველს კი განსჯის.+

 3 ბოროტი წარმატებული ვერ იქნება,+

მართლის ფესვი კი არასოდეს ამოიძირკვება.

 4 კარგი ცოლი ქმრის გვირგვინია,+

ხოლო ცოლი, რომელიც სამარცხვინოდ იქცევა, ძვლებს ულპობს მას.+

 5 მართალთა ფიქრები სამართლიანია,

ბოროტთა რჩევები კი შეცდომაში შემყვანია.

 6 ბოროტთა სიტყვები სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებული მტერივითაა,+

მართლებს კი თავიანთი ბაგეები იხსნის.+

 7 ბოროტები ამოიძირკვებიან და აღარ იქნებიან,

მართალთა სახლი კი სამუდამოდ იდგება.+

 8 გონივრულად მოლაპარაკე ქებას დაიმსახურებს,+

ბოროტი გულის მქონეს კი შეიძულებენ.+

 9 ჯობია, განსაკუთრებულ პატივს არ მოგაგებდნენ და მსახური გყავდეს,

ვიდრე საკუთარ თავს განადიდებდე და პური გენატრებოდეს.+

10 მართალი საკუთარ პირუტყვზე ზრუნავს,+

ხოლო ბოროტთა წყალობაც კი სისასტიკეა.

11 ვინც თავის მიწას ამუშავებს, სარჩო არ მოაკლდება,+

ამაოებას გამოდევნებული კი უგუნურია.

12 ბოროტს შურს ბოროტისა, რომელმაც ხელში ნადავლი ჩაიგდო,

მართალთა ფესვი კი ნაყოფს გამოიღებს.

13 ბოროტს თავისივე ცოდვილი ბაგეები გააბამს მახეში,+

მართალი კი თავს დაიხსნის გასაჭირისგან.

14 კაცს თავისი ბაგის ნაყოფი სიკეთეს მოუტანს;+

მისი შრომა დაჯილდოვდება.

15 უგუნურს თავისი გზა სწორი ჰგონია,+

რჩევის მომსმენი კი ბრძენია.+

16 უგუნური წყენას მაშინვე ამჟღავნებს,+

წინდახედული კი უპასუხოდ ტოვებს შეურაცხყოფას.

17 პატიოსანი მოწმე სიმართლეს იტყვის,

ცრუმოწმე კი — სიცრუეს.

18 დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილის ჩაცემასავითაა,

ბრძენის ენა კი — მკურნალივით.+

19 მართალთა ბაგე არასოდეს მოისპობა,+

მატყუარა ენა კი თვალის დახამხამებაში გაქრება.+

20 ავისმზრახველს გულში მზაკვრობა უდევს,

მშვიდობისმყოფელს კი — სიხარული.+

21 მართლებს არაფერი დაუშავდებათ,+

ბოროტებს კი მრავალი უბედურება დაატყდებათ.+

22 ცრუ ბაგეები სძულს იეჰოვას,+

ერთგულნი კი გულს უხარებენ მას.

23 წინდახედული კაცი თავის ცოდნას არ წარმოაჩენს,

უგუნური კი სისულელეს აფრქვევს.+

24 მუყაითი იხელმწიფებს,+

ზარმაცი კი მონურად იმუშავებს.+

25 წუხილი კაცს გულს უმძიმებს,+

ტკბილი სიტყვა კი გულს უხალისებს.+

26 მართალი საგულდაგულოდ არჩევს საძოვრებს,

ბოროტს კი აღებული გეზი გზა-კვალს ურევს.

27 ზარმაცი ნადირობისას ცხოველს არ გაედევნება,+

კაცისთვის გულმოდგინება ძვირფასი განძია.

28 სიმართლის გზაზე სიარულს სიცოცხლე მოაქვს;+

მის ბილიკზე სიკვდილს არ გადაეყრები.

13 ბრძენი შვილი ისმენს მამის დარიგებას,+

ამპარტავანი კი არ იღებს შეგონებას.+

 2 კაცი თავისი ბაგის ნაყოფით სიკეთეს მოიმკის,+

ვერაგებს კი გული ძალადობისკენ მიუწევთ.

 3 ვინც თავის ბაგეს დარაჯობს, საკუთარ სიცოცხლეს იცავს,+

ხოლო ვინც არ ალაგმავს თავის ენას, დაიღუპება.+

 4 ზარმაცს უნდა, მაგრამ არა აქვს,+

მუყაითს კი ყველაფერი უხვად აქვს.+

 5 მართალს სძულს სიცრუე,+

ბოროტი კი თავისი საქციელით თავს ირცხვენს და სახელს იტეხს.

 6 უმწიკვლოდ* მავალს სიმართლე იცავს,+

ცოდვილს კი ბოროტების ჩადენა დასცემს.

 7 ზოგს თავი მდიდრად მოაქვს, მაგრამ არაფერი აბადია;+

ზოგი კი თავს უქონლად ასაღებს, მაგრამ დიდი სიმდიდრის პატრონია.

 8 მდიდარი სიმდიდრით სიცოცხლეს გამოისყიდის,+

ხოლო ღარიბს დამუქრებითაც არავინ ემუქრება.+

 9 მართალთა სინათლე კაშკაშებს,+

ბოროტთა ლამპარი კი ჩაქრება.+

10 კადნიერება დავას იწვევს,+

ვინც რჩევას ეძებს*, ბრძენია.+

11 ერთბაშად მოპოვებული სიმდიდრე განიავდება,+

ხოლო ვინც ნელ-ნელა აგროვებს, უფრო და უფრო მეტი სიმდიდრე ექნება.

12 ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს,+

ასრულებული საწადელი კი სიცოცხლის ხეა.+

13 დარიგების უგულებელმყოფელს სასჯელი არ ასცდება,+

კანონის მოშიში კი დაჯილდოვდება.+

14 ბრძენის მოძღვრება სიცოცხლის წყაროა+

და სიკვდილის მახისგან დაიხსნის კაცს.

15 გამჭრიახნი კეთილგანწყობას მოიპოვებენ,

ვერაგთა გზა კი ტკივილითაა სავსე.

16 წინდახედული ცოდნით იმოქმედებს,+

უგუნური კი თავის სისულელეს გამოამჟღავნებს.+

17 ბოროტი მაცნე ხიფათს გადაეყრება,+

ერთგული დესპანი კი მკურნალივითაა.+

18 ვინც დარიგებას ყურად არ იღებს, გაღარიბდება და დამცირდება,

ხოლო ვინც შეგონებას მიიღებს, განდიდდება.+

19 საწადელის ასრულება სიხარულის მომგვრელია,+

უგუნურს კი ბოროტი გზიდან მობრუნება არ უნდა.+

20 ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება,+

უგუნურებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება.+

21 ცოდვილებს უბედურება არ მოსცილდებათ,+

მართლებს კი კეთილდღეობა არ მოაკლდებათ.+

22 კარგი კაცი შვილიშვილებსაც კი დაუტოვებს მემკვიდრეობას,

ცოდვილთა სიმდიდრე კი მართლებს დარჩებათ.+

23 ღარიბს მოხნული მიწა უხვ მოსავალს მისცემს,

უსამართლობის გამო კი შეიძლება დაიღუპოს ის.

24 ვისაც შვილი გასაჯოხად არ ემეტება, სძულს იგი,+

ხოლო ვისაც უყვარს შვილი, მთელი გულით* არიგებს მას.+

25 მართალი დანაყრდება,+

ბოროტს კი კუჭი ცარიელი ექნება.+

14 ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს,+

უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს.

 2 სიმართლით მავალი იეჰოვას მოშიშია,

უკუღმართი კი არაფრად აგდებს მას.

 3 უგუნურის ამპარტავნული სიტყვები როზგივითაა,

ბრძენს კი თავისივე ბაგეები დაიცავს.

 4 სადაც საქონელი არ არის, იქ ბაგაც სუფთაა,

მაგრამ უხვ მოსავალს ხარის ძალის გარეშე ვერ მოიყვან.

 5 პატიოსანი მოწმე ტყუილს არ იტყვის,

ცრუმოწმე კი სიცრუეს აფრქვევს.+

 6 დამცინავი სიბრძნის შეძენას ცდილობს, მაგრამ ამაოდ,

გონიერს კი ცოდნის მიღება უადვილდება.+

 7 ჩამოშორდი სულელ კაცს,

რადგან მის ბაგეზე ცოდნა არ იპოვება.+

 8 წინდახედული სიბრძნის წყალობით ხედავს, რა გზას ადგას,

სულელი კი თავისი უგუნურებით ტყუვდება*.+

 9 უგუნურს დანაშაული სიცილად არ ჰყოფნის,+

მართალი კი შერიგებისკენ ისწრაფვის.

10 მხოლოდ გულმა უწყის თავისი საწუხარი;

მის სიხარულს უცხო ვერ გაიზიარებს.

11 ბოროტთა სახლი დაიქცევა,+

მართალთა კარავი კი აყვავდება.

12 არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია,+

მისი ბოლო კი სიკვდილია.+

13 კაცს სიცილის დროსაც კი შეიძლება სტკიოდეს გული;

მხიარულება შესაძლოა მწუხარებით დასრულდეს.

14 ჯიუტი კაცი თავისი გზის ნაყოფს მოიმკის,+

კარგი ადამიანი კი — თავისი საქმეების ნაყოფს.+

15 გულუბრყვილოს* ყველა სიტყვისა სჯერა,

წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს.+

16 ბრძენი ფრთხილობს და ბოროტებას ზურგს აქცევს,

უგუნური კი თავდაჯერებული და თავზე ხელაღებულია.

17 ვინც სწრაფად რისხდება, უგუნურად იქცევა;+

ჭკვიანი კაცი მოძულებულია.

18 გულუბრყვილო უგუნურად მოიქცევა,

წინდახედულს კი ცოდნის გვირგვინი ადგას.+

19 უკეთურნი კეთილთა წინაშე მოიხრიან ქედს,

ბოროტები — მართალთა კარიბჭეებთან.

20 ღარიბი მოძმესაც კი სძულს,+

მდიდარს კი ბევრი უმეგობრდება.+

21 ვისაც თავისი მოძმე სძულს, სცოდავს,

ხოლო ვინც ჩაგრულს სწყალობს, ბედნიერია.+

22 ავისმზრახველთ გზა-კვალი ერევათ,

კეთილისმყოფელთ კი სიყვარული* და ერთგულება არ მოაკლდებათ.+

23 ყოველგვარი შრომა სასარგებლოა,

ლაყბობას კი სიდუხჭირე მოაქვს.+

24 ბრძენის გვირგვინი მისი სიმდიდრეა,

უგუნური კი უგუნურად დარჩება.+

25 პატიოსანი მოწმე კაცს გადაარჩენს,

ცრუმოწმე კი სიცრუეს აფრქვევს.

26 იეჰოვას მოშიში კაცი ბოლომდე მას ენდობა,+

ღვთის შიში თავშესაფარი იქნება მისი შვილებისთვის.+

27 იეჰოვას შიში სიცოცხლის წყაროა;

ის კაცს სიკვდილის მახეს არიდებს.

28 ხალხის სიმრავლე მეფის მშვენებაა,+

ხალხის გარეშე დარჩენილი მმართველი დაღუპულია.

29 ვინც ადვილად არ რისხდება, გამჭრიახია,+

მოუთმენელი კი უგუნურია.+

30 მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა,

შური კი — ძვლების ლპობა.+

31 ვინც საწყალს რაიმეს გამოსტყუებს, მის შემოქმედს შეურაცხყოფს,+

ხოლო ვინც ღარიბს სწყალობს, ღმერთს განადიდებს.+

32 ბოროტს თავისივე ბოროტება დაღუპავს,

მართალი კი თავის სიმართლეს* შეაფარებს თავს.+

33 გონიერს სიბრძნე გულში აქვს,+

ვინც ცდილობს სხვას თავი ბრძენად მოაჩვენოს, სულელია.

34 სიმართლე ერს ააღორძინებს,+

ცოდვა კი ხალხს დაამცირებს.

35 გამჭრიახი მსახური მეფის წყალობას პოვებს,+

სამარცხვინოდ მოქმედი კი მის რისხვას დაიტეხს.+

15 მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს,+

მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს.+

 2 ბრძენის ენა ცოდნას სასიკეთოდ იყენებს,+

სულელის პირი კი უგუნურებას აფრქვევს.

 3 იეჰოვას თვალები ყველაფერს ხედავს;

კეთილსაც აკვირდება და ბოროტსაც.+

 4 მშვიდად მოლაპარაკე ენა სიცოცხლის ხეა,+

უკუღმართი ლაპარაკი კი დამანგრეველია.

 5 უგუნური არაფრად აგდებს მამის დარიგებას,+

წინდახედული კი ყურად იღებს შეგონებას.+

 6 მართლის სახლში დიდძალი განძია,

ბოროტის მონახვეჭს კი მისთვის უბედურება მოაქვს.+

 7 ბრძენის ბაგე სიბრძნეს აუწყებს,+

სულელის გულს კი ეს არ შეუძლია.+

 8 ბოროტთა მსხვერპლი სძულს იეჰოვას,+

მართალთა ლოცვა კი სიამოვნებს.+

 9 ბოროტის გზა ეზიზღება იეჰოვას,+

მართალი კი უყვარს მას.+

10 სწორი გზიდან გადასულს სასჯელი მკაცრი ეჩვენება;+

შეგონების მოძულე მოკვდება.+

11 იეჰოვას თვალთაგან სამარე* და ხრწნის ადგილი დაფარული არაა,+

ადამიანთა გულები ხომ — მით უმეტეს!+

12 დამცინავს არ უყვარს ის, ვინც შეაგონებს;+

ის ბრძენს არ დაეკითხება.+

13 გულის სიხარული სახეზეც აისახება,

გულისტკივილი კი სულს ამწუხრებს.+

14 გონიერი ცოდნას ეძებს,+

უგუნურის პირი კი სისულელით საზრდოობს.+

15 დაჩაგრულისთვის ყოველი დღე მწარეა,+

გულმხიარულს კი მუდამ ლხინი აქვს.+

16 ჯობია, ცოტა გქონდეს და იეჰოვასი გეშინოდეს,+

ვიდრე დიდძალ სიმდიდრეს ფლობდე და სადარდებელი გქონდეს.+

17 ბოსტნეულის კერძი და სიყვარული სჯობია+

ნასუქ ხარსა და სიძულვილს.+

18 ფიცხი კაცი შუღლს აღვივებს,+

მშვიდი კაცი კი დავას აცხრობს.+

19 ზარმაცის გზა ეკლის ღობესავითაა,+

ხოლო მართალთა ბილიკი მოსწორებულია.+

20 ბრძენი ვაჟი მამას ახარებს,+

სულელი კი დედას აბუჩად იგდებს.+

21 უგუნურს უგუნურება ახარებს,+

გამჭრიახი კი სწორი გზით მიდის.+

22 თათბირის* გარეშე გეგმები ჩაიშლება;

სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა.+

23 კაცი ხარობს, როცა სწორ პასუხს იძლევა;+

რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!+

24 გამჭრიახი სიცოცხლის ბილიკს მაღლა აჰყავს,+

რათა სამარეში ჩასვლისგან დაიცვას იგი.+

25 იეჰოვა პატივმოყვარეთა სახლს დაამხობს,+

ქვრივის მიჯნას კი დაიცავს.+

26 იეჰოვას ბოროტთა ზრახვები სძულს,+

სასიამოვნო სიტყვები კი მოსაწონია მისთვის.+

27 ვინც ქონებას უპატიოსნო გზით იძენს, ოჯახს უბედურებას ატეხს,+

ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.+

28 მართალი პასუხის გაცემამდე დაფიქრდება,+

ბოროტის პირიდან კი სიავე იფრქვევა.

29 იეჰოვა შორსაა ბოროტისგან,

მართლის ლოცვას კი ისმენს.+

30 მბრწყინავი თვალები გულს ახარებს;

კარგი ამბავი ძვლებს ამაგრებს.+

31 სასიცოცხლო შეგონების მომსმენი

ბრძენთა შორის მკვიდრობს.+

32 ვინც დარიგებას ყურად არ იღებს, საკუთარ სიცოცხლეს არად აგდებს,+

შეგონების მომსმენი კი გონიერებას იძენს.+

33 იეჰოვას შიში სიბრძნეს უნერგავს კაცს;+

თავმდაბლობა წინ უძღვის დიდებას.+

16 ადამიანი კი ფიქრობს,

მაგრამ მისი პასუხი* იეჰოვასგანაა.+

 2 კაცს ყველა გზა სწორი ეჩვენება,+

გულის ზრახვებს კი იეჰოვა ამოწმებს.+

 3 ყველა შენი საქმე იეჰოვას მიანდე+

და შენი გეგმები წარმატებული იქნება.

 4 იეჰოვა ყველაფერს იმისთვის აკეთებს,

რომ საკუთარი განზრახვა შეასრულოს

და ბოროტი უბედურების დღეს გაანადგუროს.+

 5 ამაყი გულის ადამიანი სძულს იეჰოვას.+

ის სასჯელს ვერასგზით ვერ გაექცევა.

 6 კაცს დანაშაული სიკეთითა* და ერთგულებით ეპატიება;+

იეჰოვას შიშით ზურგს შეაქცევს იგი ბოროტებას.+

 7 თუ იეჰოვას კაცის გზა მოსწონს,

მტერსაც კი მშვიდობიანად განაწყობს მისდამი.+

 8 ჯობია, ცოტა გქონდეს და სიმართლით მოპოვებული,+

ვიდრე — ბევრი და უკანონოდ მოხვეჭილი.+

 9 კაცი თავის გულში გეგმებს სახავს,

მის ნაბიჯებს კი იეჰოვა წარმართავს.+

10 მეფის ბაგე ღვთივშთაგონებულ გადაწყვეტილებას უნდა აცხადებდეს;+

იგი სამართალს არასოდეს უნდა ამრუდებდეს.+

11 ზუსტი სასწორი იეჰოვასგანაა;

აბგაში ჩაწყობილი საწონებიც მისი შექმნილია.+

12 ბოროტების ქმნა მეფისთვის საძულველია,+

რადგან ტახტი სიმართლით განმტკიცდება.+

13 სიმართლის მეტყველი ბაგეები მეფისთვის მოსაწონია;

მას გულწრფელად მოუბარი უყვარს.+

14 მეფის რისხვა სიკვდილის მაცნესავითაა,+

ბრძენი კი აცხრობს მას.+

15 ბედნიერად იცხოვრებს ის, ვის მიმართაც მეფე კეთილად განეწყობა;

მისი კეთილგანწყობა იმ ღრუბელივითაა, გაზაფხულზე რომ აწვიმებს ხოლმე.+

16 ოქროს შეძენას სიბრძნის შეძენა ბევრად სჯობია;+

ვერცხლის შეძენას გონიერების შეძენა გერჩივნოს.+

17 მართალთა გზა ბოროტებას გვერდს უვლის;

ვინც თავის გზას უკვირდება, საკუთარ სიცოცხლეს იცავს.+

18 სიამაყე წინ უძღვის დაცემას,

ამპარტავნობა — წაბორძიკებას.+

19 თავმდაბლობა და თვინიერებთან ყოფნა სჯობია+

პატივმოყვარეებთან ნადავლის გაყოფას.

20 ვინც საქმეში გამჭრიახობას იჩენს, წარმატებას მიაღწევს;

ბედნიერია ის, ვინც იეჰოვაზეა მინდობილი.

21 განსჯის უნარის მქონეზე იტყვიან, გონიერიაო;+

ტკბილი საუბარი კაცს დამაჯერებლობას მატებს.+

22 გამჭრიახობა სიცოცხლის წყაროა მისი მფლობელისთვის,

ხოლო უგუნურები თავიანთივე უგუნურებით ისჯებიან.

23 სიბრძნე კაცის ბაგეს გამჭრიახობას სძენს,+

მის საუბარს კი დამაჯერებლობას მატებს.

24 სასიამოვნო სიტყვები ფიჭასავითაა,

სულს ატკბობს და ძვლებს კურნავს.+

25 არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია,

მისი ბოლო კი სიკვდილია.+

26 კაცს მადა* აიძულებს, რომ გაისარჯოს;

მუშაობისკენ მას შიმშილი უბიძგებს.+

27 უვარგისი კაცი ბოროტებას იზრახავს,+

მისი ბაგეები მოგიზგიზე ცეცხლივითაა.+

28 ვინც ხრიკებს აწყობს, შუღლს თესავს;+

ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.+

29 მოძალადე მოძმეს აცდუნებს

და მცდარი გზით წაიყვანს;

30 ვისაც თვალს უკრავს, ხრიკებს უწყობს;

ტუჩებს რომ კუმავს, სისრულეში მოჰყავს მავნე განზრახვა.

31 ჭაღარა სილამაზის გვირგვინია,+

როცა სიმართლის გზაზე იპოვება.+

32 მშვიდი*+ კაცი ძლიერს სჯობია,

თავშეკავებული — ქალაქის დამპყრობელს.+

33 კენჭს ყრიან კალთაში+

და ასე მიღებული ყოველი გადაწყვეტილება იეჰოვასგანაა.+

17 ხმელი პური და სიმშვიდე სჯობია+

შესაწირავით სავსე სახლსა და დავას.+

 2 გამჭრიახი მსახური თავისი ბატონის სამარცხვინოდ მოქმედ ძეზე იბატონებს

და მის ძმებთან ერთად მიიღებს წილს მემკვიდრეობიდან.

 3 სადნობი ჭურჭელი ვერცხლისთვისაა, ქურა — ოქროსთვის,+

იეჰოვა კი გულების შემმოწმებელია.+

 4 ბოროტი კაცი საზიანო ლაპარაკს უგდებს ყურს,

მზაკვარი — ბოროტ ენას.+

 5 ღარიბის დამცინავი მის შემოქმედს შეურაცხყოფს,+

და ვისაც სხვისი უბედურება ახარებს, დაუსჯელი არ დარჩება.+

 6 მოხუცებულთა გვირგვინი შვილიშვილები არიან

და შვილების სიამაყე — მამები.

 7 უგუნურისგან სიმართლის ლაპარაკს არ ელიან,+

დიდებულისგან სიცრუის ლაპარაკს ხომ — მით უმეტეს!+

 8 ძღვენი ძვირფასი ქვასავით არის მისი მფლობელისთვის;+

სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან ხელი ემართება.+

 9 ვინც სიყვარულს ესწრაფვის, ცოდვას პატიობს,+

ხოლო ვინც რაიმეზე გაუთავებლად ლაპარაკობს,

მეგობრებს ერთმანეთს აშორებს.+

10 გონიერზე გაკიცხვა უფრო მოქმედებს,+

ვიდრე სულელზე — ასი დარტყმა.+

11 ბოროტი მხოლოდ ურჩობისკენ ისწრაფვის,

მის დასასჯელად სასტიკი მაცნე გაიგზავნება.+

12 ჯობია, ბელებწართმეულ დათვს გადაეყარო,

ვიდრე სულელსა და მის უგუნურებას.+

13 ვინც სხვას სიკეთეს ბოროტებით გადაუხდის,

მის სახლს ბოროტება არ მოშორდება.+

14 ჩხუბის დასაწყისი წყლის გადმოსკდომას ჰგავს;

სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას.+

15 სძულს იეჰოვას ის, ვინც ბოროტს ამართლებს

და ისიც, ვინც მართალს ბოროტად წარმოაჩენს.+

16 რაში არგია სულელს, სიბრძნის შეძენის საშუალება რომ აქვს?!

ჭკუა არა აქვს მის შესაძენად!+

17 ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები;+

ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა.+

18 უგუნური სხვას თანხმობის ნიშნად ხელს ართმევს

და მოძმის თანდასწრებით თავდებად უდგება.+

19 უთანხმოების მოყვარულს ცოდვა უყვარს.+

ვინც სახლს მაღალ ჭიშკარს უკეთებს, დასაღუპავად იმეტებს თავს.+

20 მზაკვარი გულის კაცს ხელი არ მოემართება;+

ცბიერად მოლაპარაკეს უბედურება ეწევა.

21 სულელი შვილი მამის დარდია;

უგუნური შვილის მამა ვერ გაიხარებს.+

22 მხიარული გული მკურნალივითაა,+

მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.+

23 ბოროტი ჩუმად იღებს ქრთამს,

სამართალი რომ გაამრუდოს.+

24 გამჭრიახს სიბრძნე თვალწინ აქვს,

სულელი კი თვალებს დედამიწის კიდით კიდემდე აცეცებს.+

25 სულელი ვაჟი მამის ჯავრია

და დედის ტკივილი.+

26 არ არის კარგი მართლის დასჯა;

პატივდებულის გაროზგვა უმართლობაა.

27 მცოდნე კაცი თავის სიტყვებს უკვირდება;+

გამჭრიახი სიმშვიდეს ინარჩუნებს.+

28 თუ დუმს, სულელიც კი ბრძენად ჩაითვლება,

ხოლო პირმოკუმული — გამჭრიახად.

18 ვინც ხალხს გაურბის, მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს;

იგი სიბრძნეს არად აგდებს.

 2 სულელი ცოდნას არ ეწაფება;

მას საკუთარი აზრების ფრქვევა ურჩევნია.+

 3 როცა ბოროტი მოდის, სიძულვილიც მოდის,

სამარცხვინო საქციელს შეურაცხყოფა მოჰყვება.+

 4 კაცის პირიდან გამოსული სიტყვები ღრმა წყალივითაა;+

სიბრძნის წყარო მოჩუხჩუხე ნაკადულივითაა.

 5 არც ბოროტისადმი მიკერძოებაა კარგი+

და არც მართლისთვის სამართლის დაკავება.+

 6 სულელი თავისი ენით დავაში ებმება;+

მისი პირი კაცს დასარტყმელად იწვევს.+

 7 სულელს თავისი პირი ღუპავს+

და ბაგეები მახეს უგებს.

 8 ცილისმწამებლის სიტყვა გემრიელ ლუკმასავითაა,+

ხარბად რომ ყლაპავენ და მუცელში ღრმად ჩასდით.+

 9 ვისაც შრომა ეზარება,

დამაქცევლის ძმაა.+

10 იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია;+

მართალი მას აფარებს თავს* და დაცულია.+

11 მდიდრისთვის ქონება გამაგრებული ქალაქივითაა;

ის მას გალავნად წარმოუდგენია.+

12 დაცემას წინ უძღვის გადიდგულება,+

დიდებას კი — თავმდაბლობა.+

13 მოსმენამდე პასუხის გაცემა

უგუნურებაა და თავის დამცირება.+

14 კაცს სნეულების ატანა შეუძლია,+

მაგრამ, თუ სული აქვს დამწუხრებული, რაღა ეშველება?!+

15 გონიერი ცოდნას იძენს;+

ბრძენის ყური ცოდნას ეწაფება.

16 ძღვენი კაცს გზას უხსნის+

და დიდკაცთა წინაშე აყენებს.

17 სასამართლოში პირველი გამომსვლელი მართალი ჩანს,+

სანამ მეორე არ მოვა და თავისას არ იტყვის.+

18 წილისყრა შუღლს აცხრობს+

და მოწინააღმდეგეთა შორის საქმეს აგვარებს.

19 გულნატკენი ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია;+

ზოგი უთანხმოება ციხესიმაგრის ურდულებს ჰგავს.+

20 კაცი თავისი ბაგის ნაყოფით აივსებს მუცელს;+

იგი თავისი ბაგეთა ნაყოფით დანაყრდება.

21 სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია;+

როგორი ენაც გექნება, შედეგსაც ისეთს მოიმკი.+

22 ვისაც კარგი ცოლი ჰყავს, კურთხეულია;+

იეჰოვას წყალობა არ მოაკლდება მას.+

23 ღარიბი ხვეწნა-მუდარით ლაპარაკობს,

მდიდარი კი უხეშ პასუხს იძლევა.

24 ზოგი მოძმის გასაგლეჯადაც მზადაა,+

ზოგი მეგობარი კი ძმაზე ერთგულია.+

19 ჯობია, ღარიბი და პატიოსანი* იყო,+

ვიდრე სულელი და მატყუარა.+

 2 არ ვარგა, როცა კაცს ცოდნა არა აქვს;+

ვინც ნაჩქარევად მოქმედებს, შესცოდავს.

 3 კაცს თავისივე უგუნურებით ერევა გზა-კვალი,

მისი გული კი იეჰოვას ურისხდება.

 4 მდიდარს ბევრი უმეგობრდება,

ღარიბს კი თავისი მეგობარიც შორდება.+

 5 ცრუმოწმეს სასჯელი არ ასცდება;+

ვინც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება, ვერ გადარჩება.+

 6 ბევრი ცდილობს დიდებულის გულის მოგებას;

ყველა უმეგობრდება მას, ვინც საჩუქრებს არიგებს.

 7 ღარიბი ყველა ძმას სძულს;+

მეგობრებიც კი გაურბიან!+

ემუდარება მათ, მაგრამ არავინ პასუხობს.

 8 ვინც გონიერებას იძენს, მას საკუთარი თავი უყვარს;+

ვინც გამჭრიახობას ინარჩუნებს, ხელი მოემართება.+

 9 ცრუმოწმეს სასჯელი არ ასცდება;

ვინც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება, დაიღუპება.+

10 როგორც სულელს არ შეჰფერის ფუფუნებაში ცხოვრება,

ისე მსახურს — მთავრებზე ბატონობა!+

11 გამჭრიახობა რისხვას აცხრობს;+

დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის.+

12 მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვასავითაა,+

მისი კეთილგანწყობა კი — ბალახზე მოფენილი ნამივით.

13 სულელი ვაჟი მამას აუბედურებს;+

ანჩხლი ცოლი მჟონავი სახურავივითაა.+

14 სახლი და სიმდიდრე მამის დანატოვარია,

გონიერი ცოლი კი იეჰოვას საჩუქარია.+

15 სიზარმაცემ ღრმა ძილი იცის;

ზოზინა კაცი მშიერი იქნება.+

16 ვინც მცნებებს იცავს, თავის სიცოცხლეს იცავს,+

ხოლო ვისთვისაც სულერთია, რა გზით დადის, დაიღუპება.+

17 ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას;+

ის გადაუხდის მას მისი საქმისამებრ.+

18 დასაჯე შენი შვილი, სანამ ხელიდან წასულა,+

რათა მისი სიკვდილი შენი ბრალი არ იყოს.+

19 ფიცხი კაცი სასჯელს ვერ გაექცევა.

თუ ერთხელ დაიხსნი, მერე მრავალგზის მოგიწევს მისი დახსნა.+

20 ისმინე რჩევა და ყურად იღე დარიგება,+

რათა დაბრძენდე.+

21 კაცი გულში ბევრ რამეს იზრახავს,

მაგრამ რასაც იეჰოვა განიზრახავს, ის შესრულდება.+

22 კაცი სიკეთით* ფასობს;+

ჯობია, ღარიბი იყო, ვიდრე მატყუარა.

23 იეჰოვას შიში კაცს სიცოცხლისკენ მიუძღვის;+

მშვიდად დაიძინებს და ცუდი არაფერი შეემთხვევა.+

24 ზარმაცი ხელს ყოფს ჯამში,

მაგრამ პირთან მიტანა ეზარება.+

25 დამცინავს დაარტყი,+ რათა გამოუცდელმა წინდახედულობა შეიძინოს.+

გონიერი შეაგონე, რომ ცოდნა გაიღრმაოს.+

26 ვინც მამას ცუდად ეპყრობა და დედას თავიდან იშორებს,

სამარცხვინოდ და საძრახისად იქცევა.+

27 შვილო, თუ რჩევა-დარიგებას აღარ მიიღებ,

ცოდნის გზიდან გადაუხვევ.

28 უვარგისი მოწმე სამართალს არად აგდებს;+

ბოროტს სიავის ჩადენა სიამოვნებს.+

29 დამცინავს სასჯელი არ ასცდება,+

სულელთა ზურგს კი — დარტყმა.+

20 ღვინო დამცინავია,+ მათრობელი სასმელი —

თავშეუკავებელი;+

ვინც მათ გამო გზას ასცდა, უგუნურია.+

 2 მეფის მრისხანება ლომის ბრდღვინვასავითაა;+

ვინც მას განარისხებს, სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს.+

 3 დავისგან თავის შეკავება ღირსეული საქციელია,+

უგუნური კი დავაში ებმება.+

 4 ზარმაცი ზამთარში არ ხნავს,

მკის დროს კი, როცა არაფერი ექნება, მათხოვრობას დაიწყებს*.+

 5 კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია,

გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას.

 6 თავის სიკეთეზე* ბევრი ლაპარაკობს,

მაგრამ ერთგულ კაცს სად ნახავ?!

 7 მართალი უმწიკვლოდ* დადის;+

ბედნიერნი არიან მისი შვილები.+

 8 როცა მეფე სასამართლო ტახტზე ზის,+

თვალებით ჭვრეტს ყოველგვარ ბოროტებას.+

 9 ვინ იტყვის, გული გავისუფთავე+

და ცოდვილი აღარ ვარო?!+

10 სძულს იეჰოვას არაზუსტი საწონიც

და მატყუარა საწყაოც.+

11 ბავშვის საქციელიდანაც კი ჩანს,

წრფელი და მართალია თუ არა იგი.+

12 ყურს ესმის და თვალი ხედავს;

ერთიცა და მეორეც იეჰოვას შექმნილია.+

13 ძილი ნუ გეყვარება, თორემ გაღარიბდები.+

გაახილე თვალები და პურით დანაყრდები.+

14 არ ვარგა, არ ვარგაო, ამბობს მყიდველი;

შემდეგ წავა და ტრაბახს მოჰყვება.+

15 ოქროც არსებობს და მარჯანიც მრავლად არის,

მაგრამ ცოდნით მეტყველ ბაგეებს ვერაფერი შეედრება.+

16 აიღე მისი სამოსელი, ვინც უცხოს თავდებად დაუდგება;+

გირაო იმ შემთხვევაშიც გამოართვი მას, თუ თავდებად უცხოელ ქალს დაუდგება.+

17 კაცს ეგემრიელება მზაკვრობით შეძენილი პური,

მაგრამ ბოლოს ღორღით გაევსება პირი.+

18 რჩევის გარეშე გეგმები ჩაიშლება;+

ბრძოლის წარმართვას ბრძნული რჩევა სჭირდება.+

19 ცილისმწამებელი დადის და საიდუმლოს ამხელს;+

ჭორიკანას ნუ გაეკარები.

20 დედ-მამის დამაწყევარს

დაღამებისას ლამპარი ჩაუქრება.+

21 სიხარბით მოხვეჭილი მემკვიდრეობა

კურთხეული არ იქნება.+

22 ნუ იტყვი, ბოროტებისთვის სამაგიეროს გადავუხდიო.+

იეჰოვას მიენდე+ და ის გადაგარჩენს.+

23 არაზუსტი საწონი სძულს იეჰოვას;

მატყუარა სასწორი არ ვარგა.

24 კაცის ნაბიჯებს იეჰოვა წარმართავს;+

კაცი თავისით როგორ გაიგნებს გზას?!

25 კაცი, რომელიც ნაჩქარევად ამბობს, წმინდააო+

და აღთქმის დადების შემდეგ იწყებს ფიქრს, მახეში ებმება.+

26 ბრძენი მეფე ბოროტებს ცხრილში ატარებს;+

კევრს გადაატარებს მათ.+

27 კაცის სუნთქვა იეჰოვას ლამპარია,

რომელიც მის ბუნებას ააშკარავებს.

28 სიკეთე* და ერთგულება იცავს მეფეს;+

ის თავის ტახტს სიკეთით* განამტკიცებს.+

29 ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა,+

მოხუცებულთა სიდიადე კი — ჭაღარა.+

30 დაჟეჟილობა და ჭრილობა კაცისგან ბოროტებას დევნის+

და ცემა წმენდს მის ბუნებას.

21 მეფის გული იეჰოვას ხელში წყლის ნაკადივითაა;+

საითაც უნდა, იქით მიუშვებს.+

 2 კაცს ყველა გზა სწორი ეჩვენება,+

გულის ზრახვებს კი იეჰოვა ამოწმებს.+

 3 სიმართლე და სამართლიანობა

იეჰოვასთვის მსხვერპლზე სასურველია.+

 4 ამპარტავანი თვალები და ქედმაღალი გული,

ბოროტთათვის ლამპარივით რომ არის, ცოდვაა.+

 5 მუყაითის გეგმები უსათუოდ შესრულდება,+

მოჩქარე კი გაღარიბდება.+

 6 ცრუ ენით მოხვეჭილი განძი

ნისლივით ქრება და სასიკვდილო მახესავითაა*.+

 7 ბოროტებს მათივე ძალადობა წალეკავს,+

რადგან სამართლის ქმნა არ სურთ.

 8 დამნაშავის გზა მრუდეა,

სუფთა კაცის საქმეები კი მართალია.+

 9 ბანის კუთხეში ცხოვრება სჯობია

ანჩხლ ცოლთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას.+

10 ბოროტს ბოროტება სწადია;+

ის მოძმეს არ სწყალობს.+

11 დამცინავს რომ დასჯი, გამოუცდელი დაბრძენდება;

ბრძენი რომ გამჭრიახობას მოუხმობს, მიხვდება, როგორ მოიქცეს.+

12 მართალი* აკვირდება ბოროტის სახლს;

ბოროტებს უბედურებას დაატეხს თავს.+

13 ვინც საწყლის ჩივილზე ყურს დაიხშობს,

თავადაც დაიწყებს ჩივილს, მაგრამ არავინ მიაქცევს ყურადღებას.+

14 ფარულად მირთმეული ძღვენი რისხვას აცხრობს+

და მალულად მიცემული ქრთამი — მძვინვარებას.

15 მართალს სამართლის ქმნა ახარებს,+

ბოროტს კი სამართლის ქმნა სძულს.

16 ვინც გამჭრიახობას აღარ ავლენს,

მკვდართა შორის აღმოჩნდება.+

17 დროსტარების მოყვარული გაღარიბდება;+

ღვინისა და ზეთის მოყვარული ვერ გამდიდრდება.

18 ბოროტი მართლის გამოსასყიდია,

ვერაგი — სიმართლის მოყვარულისა.+

19 უდაბნოში ცხოვრება სჯობია

ანჩხლ და ფხუკიან ცოლთან ცხოვრებას.+

20 ძვირფასი განძი და ზეთი ბრძენის სახლშია,+

სულელი კი ანიავებს თავის ქონებას.+

21 ვინც სიმართლისა და სიყვარულისკენ* ისწრაფვის,

სიცოცხლეს, სიმართლესა და დიდებას პოვებს.+

22 ბრძენი ძლიერის ქალაქშიც კი შეაღწევს

და დაამხობს მის საიმედო ციხესიმაგრეს.+

23 ბაგეებისა და ენის შემკავებელი

თავს საფრთხეში არ ჩაიგდებს.+

24 კადნიერს, ქედმაღალსა და მკვეხარას ეძახიან კაცს,

რომელიც თავზე ხელაღებულია და თავხედურად იქცევა.+

25 ზარმაცს თავისი წადილი გადაიყოლებს,

რადგან მის ხელს საქმის კეთება არ უნდა.+

26 ის მთელი დღე რაღაცას ეხარბება,

მართალი კი უხვად გასცემს.+

27 ბოროტის მსხვერპლი საძულველია,+

მით უმეტეს, თუ ავი განზრახვითაა შეწირული.

28 ცრუმოწმე დაიღუპება,+

მომსმენი კაცი კი სიმართლეს ილაპარაკებს.

29 ბოროტი მედიდურად იყურება,+

მართალი კი სწორ გზას ადგას.+

30 სიბრძნით, გამჭრიახობითა და ჩანაფიქრით იეჰოვას ვერავინ დაუპირისპირდება.+

31 ცხენს ბრძოლის დღისთვის ამზადებენ,+

ხსნა კი იეჰოვასგანაა.+

22 კარგი სახელი დიდძალ სიმდიდრეს სჯობია;+

უმჯობესია, პატივს გცემდნენ, ვიდრე ოქრო-ვერცხლი გქონდეს.

 2 მდიდარსა და ღარიბს საერთო ის აქვთ, რომ

ორივეს შემოქმედი იეჰოვაა.+

 3 წინდახედული ხედავს საფრთხეს და იმალება,

გამოუცდელი კი ჯიქურ მიდის და სასჯელს იტეხს თავს.

 4 თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს

სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე მოაქვს.+

 5 უკუღმართი კაცის გზაზე ეკლები და მახეებია,

ვინც თავის სიცოცხლეს აფასებს, ახლოსაც არ ეკარება მას.+

 6 ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს,+

და ის სიბერეშიც კი არ გადავა ამ გზიდან.+

 7 მდიდარი ღარიბებზე ბატონობს;

მოვალე მევალის მონაა.+

 8 უმართლობის მთესველი უბედურებას მოიმკის+

და მისი რისხვის ჯოხი გადატყდება.+

 9 ხელგაშლილი კურთხეული იქნება,

რადგან ღარიბს თავის საჭმელს უნაწილებს.+

10 გააძევე დამცინავი

და შეწყდება კამათი;

დავა ჩაცხრება და შეურაცხყოფას ბოლო მოეღება.

11 სუფთა გულისა და მადლიანი სიტყვის პატრონს

მეფე დაუმეგობრდება.+

12 იეჰოვას თვალები ცოდნას მფარველობს,

ვერაგთა სიტყვებს კი აქარწყლებს.+

13 ზარმაცი ამბობს, გარეთ ლომია,

შუა მოედანზე მომკლავსო!+

14 გახრწნილი* ქალის პირი ღრმა ორმოა;+

იეჰოვას მიერ შერისხული შიგ ჩავარდება.

15 ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს;+

აღზრდისას ჯოხით გამოდევნი მას.+

16 ვინც სიმდიდრის მოსახვეჭად საწყლებს რაიმეს სძალავს+

და ვინც მდიდრებს საჩუქრებს აძლევს,

გაღარიბდება.

17 ყური დაუგდე ბრძენს და მოისმინე მისი საუბარი,+

რათა მთელი გულით მიიღო ჩემგან ცოდნა;+

18 სიამოვნებას მოგგვრის, თუ გაითავისებ მას;+

არასოდეს მოსცილდეს ის შენს ბაგეს.+

19 იეჰოვაზე რომ დაამყარო იმედი,

ცოდნას გაძლევ დღეს.

20 ხომ მოგწერე

და მოგეცი ცოდნა და რჩევა,

21 რომ დამენახვებინა ამ სიტყვების ჭეშმარიტება და სანდოობა,

წასულიყავი და გემცნო ჭეშმარიტება შენი გამომგზავნელისთვის?!

22 ნუ გაძარცვავ ღარიბს იმის გამო, რომ ღარიბია;+

ნუ დაჩაგრავ საწყალს კარიბჭესთან,+

23 ვინაიდან თვით იეჰოვა დაიცავს მათ+

და სიცოცხლეს მოუსწრაფებს მათ მძარცველებს.

24 ფიცხ კაცთან ნუ იმეგობრებ,

ნუ დაიჭერ საქმეს მასთან, ვინც ადვილად რისხდება,

25 რათა მისი გზით არ დაიწყო სიარული

და ეს მახედ არ გექცეს.+

26 ნუ იქნები მათ შორის, ვინც შეთანხმების ნიშნად კაცს ხელს ართმევს,

და სესხის აღებისას სხვას თავდებად უდგება.+

27 თუ გადახდის თავი არ გექნება,

წაგართმევენ საწოლს, რომელზეც წევხარ.

28 ნუ გადასწევ მიჯნას,

რომელიც შენმა მამა-პაპამ დიდი ხნის წინათ დაადგინა.+

29 გინახავს თავისი საქმის მცოდნე კაცი?

მეფეთა წინაშე წარდგება იგი+

და არა უბრალო ხალხის წინაშე!

23 თუ მეფესთან ერთად საჭმელად დაჯდები,

ყურადღებით იყავი.

 2 ყელზე დანა მიიბჯინე,

თუ კარგ მადაზე ხარ.

 3 ნუ დახარბდები მის გემრიელ კერძებს,

თორემ მოტყუვდები.

 4 ნუ შეალევ ძალ-ღონეს სიმდიდრის დაგროვებას.+

შეჩერდი და მოუხმე გონიერებას*!

 5 როცა გახედავ მას, იქ აღარ დაგხვდება;+

არწივის ფრთებს შეისხამს და ცაში გაფრინდება.+

 6 ნუ შეჭამ ძუნწი კაცის საჭმელს,

ნუ დახარბდები მის გემრიელ კერძებს,

 7 რადგან ყველა ლუკმას გითვლის იგი;

გეუბნება, ჭამე და სვიო, მაგრამ გულით არ გეუბნება.

 8 გადაყლაპულ ლუკმებს ამოარწყევ

და ტყუილად დახარჯავ ტკბილ სიტყვებს.

 9 სულელს ნურაფერს ეტყვი,+

რადგან მაინც არაფრად ჩააგდებს შენს გონივრულ რჩევას.+

10 ნუ გადასწევ დიდი ხნის წინათ დადგენილ მიჯნას;+

ნუ შეიჭრები ობლის ყანაში,

11 რადგან ძლიერი მფარველი* ჰყავს;

ის თავად გამოესარჩლება მას.+

12 მთელი გულით მიიღე დარიგება,

ყური კი ბრძნულ სიტყვებს მიაპყარი.

13 ნუ შეიკავებ თავს ბავშვის დასჯისგან;+

რომც გაჯოხო, არ მოკვდება.

14 გაჯოხე, რომ სამარიდან* იხსნა იგი.

15 შვილო, თუ დაბრძენდები,

გულს გამიხარებ.+

16 გამხიარულდება ჩემი გული,

როცა შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებს.

17 ნუ შეგშურდება ცოდვილების;+

მუდამ გეშინოდეს იეჰოვასი,+

18 რათა კარგი მომავალი გქონდეს+

და იმედი არ გაგიცრუვდეს.

19 მომისმინე, შვილო, დაბრძენდი

და სწორი გზით იარე.

20 ნუ იქნები მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს+

და ვინც ხორცით ვერ ძღება,+

21 რადგან ლოთი და გაუმაძღარი გაღარიბდება+

და თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.

22 უსმინე მშობელ მამას

და მოხუცებულ დედას ნუ მოიძულებ.+

23 იყიდე ჭეშმარიტება და ნურასოდეს გაყიდი;+

შეიძინე სიბრძნე, დარიგება და გონიერება.+

24 მართლის მამა იმხიარულებს;

ბრძენის მამა გაიხარებს.

25 გაიხარებს შენი დედ-მამა;

იმხიარულებს შენი მშობელი დედა.

26 შვილო, გულისყურით მისმინე;

სასიამოვნო იყოს შენი თვალისთვის ჩემი გზები.+

27 მეძავი ღრმა ორმოა,

უზნეო* ქალი კი — ვიწრო ჭა.+

28 ის ყაჩაღივითაა ჩასაფრებული+

და მოღალატეებს ამრავლებს.

29 ვინ ოხრავს? ვინ შფოთავს?

ვინ დავობს? ვინ წუწუნებს?

ვის აქვს ჭრილობები უმიზეზოდ? ვის აქვს ჩაწითლებული თვალები?

30 ვინც გვიანობამდე სვამს ღვინოს,+

ვინც შეზავებული ღვინის საშოვნელად დადის.

31 ნუ უყურებ ღვინის სიწითლეს,

სასმისში რომ ელვარებს და ყელში მირაკრაკებს,

32 რადგან ბოლოს გველივით კბენს კაცს

და გველგესლასავით გესლავს.

33 შენს თვალებს უცნაურობები მოელანდება

და უკუღმართად ილაპარაკებ.+

34 ისე იქნები, თითქოს შუაგულ ზღვაში იწვე,

თითქოს გემის ანძის წვერზე იწვე.

35 იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდა,

მირტყამდნენ და ვერაფერს ვგრძნობდიო;

როდის გამეღვიძება,+ რომ ისევ დავლიოო.

24 ბოროტი ხალხის ნუ შეგშურდება

და მათთან ყოფნას ნუ მოისურვებ,+

 2 რადგან გულში ძალადობას იზრახავენ

და პირით ბოროტებას აფრქვევენ.

 3 სიბრძნით აშენდება ოჯახი+

და გამჭრიახობით განმტკიცდება.

 4 ცოდნა აავსებს ოთახებს

მშვენიერი და ძვირფასი ნივთებით.+

 5 ბრძენი კაცი ძლიერია;+

ცოდნა კაცს ძალას მატებს.

 6 ბრძოლის წარმართვას ბრძნული რჩევა სჭირდება;+

მრჩეველთა სიმრავლეს ხსნა მოაქვს.+

 7 უგუნურისთვის ჭეშმარიტი სიბრძნე მიუწვდომელია;+

მას სათქმელი არაფერი აქვს ქალაქის კარიბჭესთან.

 8 ვინც ავს იზრახავს,

ავისმზრახველი დაერქმევა.+

 9 უგუნურს თავისი ხრიკები ცოდვას ჩაადენინებს;

ხალხს დამცინავი კაცი სძულს.+

10 თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდება,

ძალა გამოგეცლება.

11 იხსენი სასიკვდილოდ წაყვანილნი

და შეაჩერე დასახოცად განწირულნი.+

12 თუ იტყვი, არ ვიცოდითო,

განა ვერ დაინახავს ამას გულთამხილავი?!+

განა არ ეცოდინება ეს შენს მეთვალყურეს

და არ მიუზღავს თითოეულს თავისი საქმეებისამებრ?!+

13 შვილო, ჭამე თაფლი, სასარგებლოა;

ტკბილია ფიჭიდან დაღვრილი თაფლი.

14 გახსოვდეს, რომ სიბრძნეც სასარგებლოა;+

თუ შეიძენ მას, კარგი მომავალი გექნება

და იმედი არ გაგიცრუვდება.+

15 ნუ ჩაუსაფრდები მართალს სახლთან;

ნუ დააქცევ მის მოსასვენებელ ადგილს.

16 მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, წამოდგება,+

ბოროტი კი, უბედურება რომ დაატყდება, ვეღარ წამოდგება.+

17 შენი მტრის დაცემა ნუ გაგიხარდება

და მისი წაბორძიკება ნუ გაგიხარებს გულს,+

18 თორემ დაინახავს ამას იეჰოვა და არ მოეწონება.

იგი აღარ განურისხდება მას.+

19 ბოროტ ხალხზე გული ნუ მოგივა,

ნუ შეგშურდება მათი.

20 უკეთურებს მომავალი არა აქვთ;+

ბოროტთა ლამპარი ჩაქრება.+

21 შვილო, იეჰოვასი და მეფის გეშინოდეს.+

მოჯანყეებში ნუ გაერევი,+

22 რადგან მოულოდნელად დაატყდებათ თავს უბედურება.+

კაცმა არ იცის, როგორ მოუღებენ ისინი* მათ ბოლოს.+

23 ეს სიტყვებიც ბრძენთათვისაა:

მიკერძოებით არავინ გაასამართლოთ.+

24 ვინც ბოროტს ეუბნება, მართალი ხარო,+

ხალხები დასწყევლიან და ერები შერისხავენ,

25 ხოლო ვინც ბოროტს შეაგონებს, ხელი მოემართება+

და კურთხევა არ მოაკლდება.+

26 გულწრფელი პასუხის გამცემს პირზე აკოცებენ*.+

27 წადი და დაამუშავე შენი მინდორი,

შემდეგ კი აღაშენე შენი ოჯახი*.

28 უსაფუძვლოდ ნუ გამოხვალ მოწმედ შენი მოძმის წინააღმდეგ;+

ნუ შეიყვან სხვებს შეცდომაში.+

29 ნუ იტყვი: როგორც ის მომექცა, მეც ისე მოვექცევიო;

სამაგიეროს გადავუხდიო.+

30 ზარმაცის ყანასა და უგუნურის ვენახს ჩავუარე+

31 და დავინახე, რომ ყველგან სარეველა ამოსულიყო,

იქაურობას ჭინჭარი მოსდებოდა

და ქვის კედელი დანგრეულიყო.+

32 დავაკვირდი და აი, რას მივხვდი,

დავინახე და აი, რა დავასკვენი:

33 ცოტა ხანს კიდევ იძინებ, ცოტა ხანს კიდევ ჩათვლემ,

ცოტა ხანს კიდევ იქნები გულხელდაკრეფილი

34 და სიღარიბე ყაჩაღივით დაგადგება,

სიდუხჭირე კი — იარაღასხმული კაცივით.+

25 ესეც სოლომონის იგავებია,+

რომლებიც იუდას მეფე ხიზკიას+ კაცებმა გადაწერეს:

 2 ღვთის დიდება საქმის გაუმჟღავნებლობაა,+

მეფეთა დიდება კი — საქმის გამოკვლევა.

 3 მეფის გულიც ისეთივე გამოუკვლეველია,

როგორც ცის სიმაღლე და დედამიწის სიღრმე.

 4 მოაშორე ვერცხლს ხენჯი

და გასუფთავდება.+

 5 მოაშორე მეფეს ბოროტი ხალხი

და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება.+

 6 მეფის წინაშე ნუ განიდიდებ თავს+

და დიდებულთა შორის ნუ დადგები;+

 7 უმჯობესია, გითხრას, აქ მოდიო,

ვიდრე დიდებულთა თვალწინ დაგამციროს.+

 8 ნაჩქარევად ნუ უჩივლებ მოძმეს სასამართლოში;

მან რომ დაგამციროს, მერე რაღას იზამ?!+

 9 განიხილე საქმე შენს მოძმესთან,+

ოღონდ საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ,+

10 რათა არ შეგარცხვინოს მან, ვინც გისმენს;

შენ მიერ გავრცელებულ ხმებს ვეღარ შეაკავებ.

11 დროულად ნათქვამი სიტყვა

ოქროს ვაშლებს ჰგავს ვერცხლის ლანგარზე.+

12 დამჯერი კაცისთვის ბრძენის შეგონება

ოქროს საყურესავით და ბაჯაღლოს სამკაულივითაა.+

13 როგორც თოვლის სიცივე მკის დროს,

ისეა ერთგული დესპანიც მისი წარმგზავნელისთვის,

თავის ბატონს გულს რომ უხალისებს.+

14 რაღა ქარი და ღრუბელი, წვიმა რომ ვერ მოჰყავს,

და რაღა კაცი, რომელიც ტრაბახობს, საჩუქარს ვაჩუქებო, მაგრამ არ ჩუქნის.+

15 მომთმენი კაცი მეთაურს დაიყოლიებს,

ტკბილი ენა კი ძვალს გადატეხს.+

16 თუ თაფლს მიაგნებ, იმდენი ჭამე, რომ შეგერგოს,

მეტი რომ არ მოგივიდეს და არ ამოარწყიო.+

17 ხშირად ნუ ივლი მოძმის სახლში,

თავი რომ არ მოაბეზრო და არ შესძულდე.

18 მოძმის წინააღმდეგ ცრუმოწმედ გამოსული კაცი

ხელკეტს, მახვილსა და წვერწამახულ ისარს ჰგავს.+

19 რაღა მოტეხილი კბილი და ნატკენი ფეხი

და რაღა გასაჭირში არასაიმედო* კაცზე დაიმედება.

20 გინდ ტანსაცმელი გაგიხდია სიცივეში,

გინდ ძმარი დაგისხამს ტუტეზე*

და გინდ გულდამძიმებულისთვის გიმღერია.+

21 თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე,

და, თუ სწყურია, დაალევინე,+

22 რადგან ამით ნაკვერჩხალს დააგროვებ მის თავზე*+

და იეჰოვა დაგაჯილდოებს.

23 ჩრდილოეთის ქარს თავსხმა მოჰყვება,

ჭორაობას კი — ბრაზი.+

24 ბანის კუთხეში ცხოვრება სჯობია

ანჩხლ ცოლთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას.+

25 როგორც ცივი წყალი დაღლილი კაცისთვის,

ისეა შორეული ქვეყნიდან მოტანილი კარგი ამბავი.+

26 რაღა ამღვრეული წყარო და დანგრეული ჭა

და რაღა მართალი, ბოროტს რომ ნებდება.

27 ბევრი თაფლის ჭამა არ არის კარგი;+

არც ის ვარგა, კაცი საკუთარ დიდებას რომ ეძებს.+

28 რაღა გალავანმორღვეული ქალაქი

და რაღა თავშეუკავებელი კაცი.+

26 რაღა ზაფხულში თოვლი და მკის დროს წვიმა

და რაღა სულელისთვის პატივის მიგება.+

 2 როგორც ჩიტი არ გაფრინდება უმიზეზოდ და მერცხალი არ იფრენს ტყუილუბრალოდ,

ისე კაცს წყევლა არ დაატყდება თავს უმიზეზოდ*.

 3 მათრახი ცხენისთვისაა, ლაგამი — ვირისთვის,+

ჯოხი კი — სულელთა ზურგისთვის.+

 4 სულელს მისი უგუნურებისამებრ ნუ უპასუხებ,

მას რომ არ დაემსგავსო.

 5 სულელს მისი უგუნურებისამებრ უპასუხე,

ბრძენი რომ არ ეგონოს თავი.+

 6 რაღა ძალით გიტკენია ფეხი და დაგისახიჩრებია თავი

და რაღა სულელისთვის მიგინდვია საქმე.

 7 რაღა კოჭლის ფეხები

და რაღა იგავი, სულელი რომ ჰყვება.+

 8 რაღა შურდულში ქვა ჩაგიდია

და რაღა სულელი განგიდიდებია.+

 9 რაღა ეკლიანი მცენარე ლოთის ხელში

და რაღა სულელის მოყოლილი იგავი.

10 რაღა მშვილდოსანი, უმიზნოდ რომ ისვრის,

და რაღა სულელის ან გამვლელის დამქირავებელი.

11 რაღა ძაღლი, თავის ნარწყევს რომ უბრუნდება,

და რაღა უგუნური, სისულელეს რომ იმეორებს.+

12 გინახავს კაცი, თავი ბრძენი რომ ჰგონია?+

სულელი უფრო გამოსწორდება, ვიდრე ასეთი კაცი.

13 ზარმაცი ამბობს, გზაზე ლომიაო,

ლომი მოედანზეაო.+

14 კარი ანჯამაზე ტრიალებს,

ზარმაცი კი — თავის ტახტზე.+

15 ზარმაცი ხელს ყოფს ჯამში,

პირთან მიტანა კი ეზარება.+

16 ზარმაცს საკუთარი თავი უფრო ბრძენი ჰგონია,

ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი.

17 რაღა კაცი, ძაღლი რომ ყურებით უჭირავს,

და რაღა გამვლელი, სხვების კამათზე რომ რისხდება*.+

18 რაღა გიჟი, ცეცხლმოკიდებულ, მომაკვდინებელ

შუბებსა და ისრებს რომ ისვრის,

19 და რაღა კაცი, მოძმეს რომ ატყუებს და მერე ეუბნება, რა მოხდა, გაგეხუმრეო.+

20 სადაც შეშა არ არის, იქ ცეცხლი ქრება,

სადაც ცილისმწამებელი არ არის, იქ შუღლი ცხრება.+

21 რაღა ნახშირი ნაკვერჩხლისთვის და შეშა ცეცხლისთვის

და რაღა შარიანი კაცი, დავას რომ აჩაღებს.+

22 ცილისმწამებლის სიტყვა გემრიელ ლუკმასავითაა,

ხარბად ყლაპავენ და მუცელში ღრმად ჩასდით.+

23 რაღა მოვერცხლილი თიხის ნატეხი

და რაღა ბოროტი გულიდან მომავალი ტკბილი სიტყვა.+

24 მოძულე კაცი ბაგეებით თავს ინიღბავს,

გულში კი მზაკვრობა აქვს;

25 ლამაზად კი ლაპარაკობს, მაგრამ ნუ ენდობი,

რადგან შვიდი სისაძაგლე აქვს გულში;

26 სიძულვილს პირფერობით ფარავს,

მაგრამ მისი ბოროტი საქმეები კრებულში გამჟღავნდება.

27 ვინც სხვას ორმოს უთხრის, თავადვე ჩავარდება შიგ,

და ვინც ქვას გადააგორებს, უკან დაუბრუნდება და ზედ გადაუვლის.+

28 ცრუ ენას სძულს ის, ვინც დაჩაგრა;

პირფერი ბაგეები დამღუპველია.+

27 ნუ იტრაბახებ ხვალინდელი დღით,

რადგან არ იცი, რას მოგიტანს ის.+

 2 სხვამ გაქოს და არა შენმა პირმა,

უცხომ — და არა საკუთარმა ბაგემ.+

 3 მძიმეა ქვა და ბევრს იწონის ქვიშა,

მაგრამ სულელისგან გაღიზიანება ორივეზე მძიმეა.+

 4 რისხვა სისასტიკეა, ბრაზი წამლეკავია,

მაგრამ შურთან* ვერცერთი ვერ მოვა.+

 5 ფარულ სიყვარულს აშკარა შეგონება სჯობია.+

 6 მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია,+

მტერი კი კოცნით აგავსებს*.

 7 მაძღარი ფიჭიან თაფლზეც კი უარს ამბობს,

ხოლო მშიერისთვის მწარეც კი ტკბილია.

 8 სახლიდან გაქცეული კაცი

ბუდიდან აფრენილი ჩიტივითაა.

 9 ზეთი და საკმეველიც ახალისებს გულს

და გულწრფელი რჩევის მომცემი კარგი მეგობარიც.+

10 ნურც შენს მეგობარს დაივიწყებ და ნურც მამაშენის მეგობარს.

გაჭირვების დროს ძმასთან ნუ წახვალ;

მეზობელი შორს მცხოვრებ ძმას სჯობია.+

11 შვილო, ბრძნულად მოიქეცი და გული გამიხარე,+

რათა პასუხი გავცე ჩემს დამცინავს.+

12 წინდახედული ხედავს საფრთხეს და იმალება,+

გამოუცდელი კი ჯიქურ მიდის და სასჯელს იტეხს თავს.

13 აიღე მისი სამოსელი, ვინც უცხოს თავდებად დაუდგება;

გირაო იმ შემთხვევაშიც გამოართვი მას, თუ თავდებად უცხოელ ქალს დაუდგება.+

14 თუ კაცი დილაადრიან ხმამაღლა დალოცავს თავის მოძმეს,

ეს წყევლაში ჩაეთვლება.

15 რაღა მჟონავი სახურავი წვიმიან დღეს და რაღა ანჩხლი ცოლი;+

16 ვინც მას შეაკავებს, ქარსაც შეაკავებს

და მარჯვენა ხელით ზეთსაც დაიჭერს.

17 რკინა რკინით ილესება,

კაცი კი კაცს ლესავს.+

18 ვინც ლეღვის ხეს უვლის, მის ნაყოფს შეჭამს;+

ვინც თავისი ბატონის კეთილდღეობაზე ზრუნავს, პატივდებული იქნება.+

19 როგორც წყალი ირეკლავს სახეს,

ისე ირეკლავს ერთის გული მეორისას.

20 სამარე* და ხრწნის ადგილი გაუმაძღარია;+

ადამიანის თვალიც ვერ ძღება.

21 სადნობი ჭურჭელი ვერცხლისთვისაა, ქურა — ოქროსთვის,+

ქება კი ადამიანის — გამოსაცდელად.

22 უგუნური ქვასანაყითაც რომ ნაყო

და დანაყილ ბურღულს დაამსგავსო,

უგუნურება მაინც არ მოსცილდება.

23 კარგად უნდა იცნობდე შენს ფარას

და კარგად უნდა ზრუნავდე შენს ცხვარზე,+

24 რადგან სიმდიდრე არ არის მარადიული,+

და არც გვირგვინი გადადის თაობიდან თაობაში უსასრულოდ.

25 ბალახი ხმება და ახალი ამოდის;

მთაზე ბალახეულობა ითიბება.

26 ვერძები ტანსაცმლისთვისაა,

ვაცები კი — მინდვრის საფასურისთვის.

27 საკმარისად გექნება თხის რძე საზრდოდ,

შენი სახლეულობის გამოსაკვებად და შენი მოახლეების სარჩენად.

28 ბოროტი მაშინაც გარბის, როცა არავინ მისდევს,

მართალი კი ლომივით გულადია.+

 2 როცა ქვეყანა ცოდვაშია ჩაფლული, მთავარს მთავარი ცვლის,+

გამჭრიახი და მცოდნე კაცის წყალობით კი მთავარი დიდხანს დარჩება.+

 3 რაღა ღარიბი, საწყალს რაიმეს რომ გამოსტყუებს,+

და რაღა თავსხმა, მოსავალს რომ აღარ დატოვებს.

 4 კანონის უგულებელმყოფელნი ბოროტებს განადიდებენ,

კანონის დამცველებს კი აღაშფოთებენ.+

 5 ბოროტმოქმედს არ ესმის, რა არის სამართალი,

იეჰოვას მაძიებელს კი ყველაფერი ესმის.+

 6 უმწიკვლოდ* მავალი ღარიბი სჯობს

მრუდე გზით მავალ მდიდარს.+

 7 გონიერი შვილი კანონს იცავს,

გაუმაძღართა მეგობარი კი მამამისს არცხვენს.+

 8 ვინც სარგებლითა და ვახშით იხვეჭს ქონებას,+

ღარიბთა მწყალობელს უგროვებს მას.+

 9 ვინც კანონს არად აგდებს,

მისი ლოცვაც კი საძულველია.+

10 ვინც მართალს უკეთურ გზაზე დააყენებს,

თავისივე გათხრილ ორმოში ჩავარდება,+

უდანაშაულოთ კი სიკეთე არ მოაკლდებათ.+

11 მდიდარს თავი ბრძენი ჰგონია,+

მაგრამ ღარიბი გამჭრიახობით მის ნამდვილ სახეს დაინახავს.+

12 რა კარგია, როცა მართლები იმარჯვებენ,

მაგრამ, როცა ბოროტები იგდებენ ხელთ ძალაუფლებას, ხალხი იმალება.+

13 ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება,+

ხოლო ვინც აღიარებს და აღარ ჩაიდენს, შეწყალებული იქნება.+

14 ბედნიერია კაცი, რომელიც მუდამ ფრთხილობს,

ხოლო ვინც გულს იქვავებს, უბედურება დაატყდება თავს.+

15 რაღა მბრდღვინავი ლომი და გააფთრებული დათვი

და რაღა უმწეო ხალხის ბოროტი მმართველი.+

16 გამჭრიახობას მოკლებული წინამძღოლი ძალაუფლებას ბოროტად იყენებს,+

უკანონო შემოსავლის მოძულე კი დღეგრძელი იქნება.+

17 ვისაც სხვის სისხლში აქვს ხელი გასვრილი, მანამდე იქნება დევნილი, სანამ სამარეში არ აღმოჩნდება;+

ნურავინ დაეხმარება მას.

18 უბიწოდ მავალი გადარჩება,+

მრუდე გზით მავალი კი უეცრად დაეცემა.+

19 ვინც მიწას ამუშავებს, პური უხვად ექნება,

ხოლო ვინც ამაოებას ესწრაფვის, სიღარიბეს ვერ დააღწევს თავს.+

20 ერთგულს კურთხევა არ მოაკლდება,+

ხოლო ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, უდანაშაულო ვერ დარჩება.+

21 მიკერძოება ცუდია,+

თუმცა კაცი ლუკმაპურისთვისაც კი შეიძლება არასწორად მოიქცეს.

22 შურიანი* კაცი გამდიდრებისკენ ისწრაფვის,

ის კი არ იცის, რომ სიღარიბე ეწევა.

23 გავა დრო და კაცი შემგონებლის+ მადლიერი უფრო იქნება,+

ვიდრე პირფერისა.

24 ვინც დედ-მამას ძარცვავს და ამბობს, ეს ცოდვა არ არისო,+

დამაქცევლის თანამზრახველია.+

25 ხარბი* შუღლს აღვივებს,

იეჰოვაზე მინდობილი კი აშენდება.+

26 საკუთარ თავზე დაიმედებული უგუნურია,+

სიბრძნით მავალი კი გადარჩება.+

27 ვინც ღარიბს ეხმარება, არაფერი მოაკლდება,+

ხოლო ვინც მას თვალს არიდებს, დაწყევლილი იქნება.

28 როცა ძალაუფლება ბოროტთა ხელშია, ხალხი იმალება,

ხოლო ბოროტთა დაღუპვისას მართლები მრავლდებიან.+

29 კაცს, რომელიც არაერთი შეგონების მიუხედავად

მაინც ჯიუტობს,+ უეცრად დაატყდება უბედურება.+

 2 მართალთა სიმრავლე ხალხს ახარებს,

ბოროტთა მმართველობისას კი ხალხი ოხრავს.+

 3 სიბრძნის მოყვარული მამას ახარებს,+

მეძავთა მეგობარი კი სიმდიდრეს ფლანგავს.+

 4 სამართლიანი მეფის ქვეყანა მყარად დგას,+

მექრთამე კი აქცევს მას.

 5 კაცი, რომელიც მოძმეს ეპირფერება,

ფეხებთან ბადეს უგებს მას.+

 6 ბოროტს თავისივე ცოდვა აბამს მახეში,+

მართალი კი სიხარულით ყიჟინებს და ხარობს.+

 7 მართალი წუხს, როცა ღარიბებს ჩაგრავენ,+

ბოროტს კი ეს სულ არ ანაღვლებს.+

 8 ტრაბახა ხალხს ქალაქში განხეთქილება შეაქვს,+

ბრძენნი კი რისხვას აცხრობენ.+

 9 როცა ბრძენი უგუნურს ედავება,

ბრაზისა და დაცინვის მეტი არაფერი შერჩება.+

10 სისხლმოწყურებულთ უდანაშაულო სძულთ,+

ერთი სული აქვთ, მართალს სიცოცხლე მოუსწრაფონ*.

11 სულელი თავს ვერ თოკავს,+

ბრძენი კი სიმშვიდეს ინარჩუნებს.+

12 თუ მმართველი ყურს დაუგდებს სიცრუეს,

ბოროტი მსახურები ეყოლება.+

13 ღარიბსა და მჩაგვრელს საერთო ის აქვთ,

რომ ორივეს იეჰოვა აძლევს სიცოცხლეს.

14 თუ მეფე ღარიბებს სამართალს გაუჩენს,+

მისი ტახტი სამარადისოდ განმტკიცდება.+

15 ჯოხი და შეგონება სიბრძნეს იძლევა,+

ნებაზე მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია.

16 როცა ბოროტები მრავლდებიან, ცოდვაც მრავლდება,

მაგრამ მართლები მათ დაცემას იხილავენ.+

17 დასაჯე შვილი და სადარდებელი არ გექნება;

სიხარულს მოგგვრის იგი.+

18 ხილვის გარეშე ხალხი უმართავი ხდება,+

კანონის დამცველნი კი ბედნიერნი არიან.+

19 მსახურს სიტყვით ვერ გამოასწორებ,

ისმენს, მაგრამ არ გემორჩილება.+

20 გინახავს დაუფიქრებლად მოლაპარაკე კაცი?+

სულელი უფრო გამოსწორდება, ვიდრე ასეთი კაცი.+

21 თუ მსახურს სიყმაწვილიდან გაანებივრებ,

უმადური დაგრჩება.

22 ვინც ადვილად რისხდება, შუღლს აღვივებს;+

ფიცხი კაცი ბევრს სცოდავს.+

23 ამპარტავნობა კაცს დაამდაბლებს,+

თავმდაბალი კი დიდებას მოიხვეჭს.+

24 ქურდის მეგობარი საკუთარი თავის მტერია;

ესმის მოწოდება, რომ მოწმედ გამოვიდეს*, მაგრამ არ გამოდის.+

25 კაცთმოშიშს მახე უგია,+

იეჰოვაზე მინდობილი კი დაცული იქნება.+

26 ბევრი ცდილობს მმართველთან შეხვედრას*,

მაგრამ კაცს სამართალს იეჰოვა უჩენს.+

27 მართლისთვის უსამართლო კაცია საძულველი,+

ბოროტისთვის კი — სიმართლის გზით მავალი.+

30 იაკეს ძის, აგურის, სიტყვები — მნიშვნელოვანი ცნობა, რომელიც მან ითიელსა და უქალს გადასცა.

 2 მე ყველაზე უმეცარი ვარ+

და არა მაქვს კაცთათვის ჩვეული გონიერება;

 3 არ შემიძენია სიბრძნე

და არ გამაჩნია ცოდნა, რომელსაც უწმინდესი ფლობს.

 4 ვინ ასულა ცაში და მერე ჩამოსულა?!+

ვის შეუგროვებია ქარი პეშვით?!

ვის გაუხვევია მოსასხამში წყალი?!+

ვის დაუდგენია დედამიწისთვის კიდეები?!+

რა ჰქვია მას ან მის ძეს?!

 5 ღვთის ყოველი სიტყვა წმინდაა.+

იგი ფარია მათთვის, ვინც მას აფარებს თავს.+

 6 ნურაფერს დაუმატებ მის სიტყვებს,+

თორემ გამხელს

და მატყუარა გამოხვალ.

 7 ორი სათხოვარი მაქვს;

სანამ ცოცხალი ვარ, შემისრულე.

 8 სიცრუე და ტყუილი განმაშორე.+

ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც გამამდიდრებ;

მომეცი ჩემი სამყოფი საზრდო,+

 9 რათა გამძღარმა არ უარგყო და არ ვთქვა, ვინ არის-მეთქი იეჰოვა,+

ანდა გაღარიბებულმა არ მოვიპარო

და არ შეურაცხვყო ჩემი ღვთის სახელი.

10 ცილს ნუ დასწამებ მსახურს ბატონთან,

თორემ დაგწყევლის იგი და პასუხი მოგეკითხება.+

11 არის ხალხი, რომელიც მამას წყევლის

და დედას არ ლოცავს.+

12 არის ხალხი, რომელსაც თავი სუფთა ჰგონია,+

მაგრამ ჭუჭყი არ ჩამოურეცხავს.

13 არის ხალხი, რომელიც მედიდურად იყურება

და ამპარტავნულად იმზირება.+

14 არის ხალხი, რომელსაც კბილები მახვილებივით აქვს

და ყბები დასაკლავი დანებივით,

რომ შთანთქან ჩაგრულნი დედამიწაზე

და ღარიბები კაცთა შორის.+

15 წურბელებს ორი ქალიშვილი ჰყავთ, რომლებიც გაჰყვირიან: „მომეცი! მომეცი!“

სამი რამ ვერ ძღება,

და ოთხი რამ არასოდეს ამბობს: „კმარა!“

16 სამარე*+ და უნაყოფო საშვილოსნო,

გამოფიტული მიწა

და ცეცხლი, რომელიც არასოდეს ამბობს: „კმარა!“

17 ვინც მამას დასცინის და დედას ეურჩება,+

ხევის ყორნები ამოუკორტნიან თვალებს

და არწივის მართვეები შეუჭამენ.+

18 სამი რამ მაოცებს

და ოთხი რამ ვერ გამიგია:

19 არწივის გზა ცაში,

გველის გზა კლდეზე,

გემის გზა შუაგულ ზღვაში

და მამაკაცის გზა ქალიშვილამდე.

20 მრუში ქალის ზნე ასეთია:

შეჭამს, პირს მოიწმენდს

და იტყვის, ცუდი არაფერი ჩამიდენიაო.+

21 სამი რამ აშფოთებს დედამიწას

და ოთხი რამ ვერ აუტანია:

22 გამეფებული მონა,+

საჭმლით გამძღარი უგუნური,

23 საძულველი ცოლი

და მოახლე, თავისი ქალბატონის ადგილს რომ იკავებს.+

24 დედამიწაზე ოთხი რამ არის ყველაზე პატარა,

რომელთაც თანდაყოლილი აქვთ სიბრძნე:+

25 ჭიანჭველები, რომლებიც ღონიერები არ არიან,

მაგრამ ზაფხულობით იმარაგებენ საზრდოს;+

26 დამანები,+ რომლებიც ძლიერები არ არიან,

მაგრამ კლდეზე იშენებენ სახლებს;+

27 კალიები,+ რომელთაც მეფე არა ჰყავთ,

მაგრამ რაზმებად გამოდიან;+

28 გეკონი,+ რომელიც ყველაფერს ებღაუჭება

და მეფის სასახლეში აღწევს.

29 სამნი დააბიჯებენ მოხდენილად

და ოთხნი დადიან შთამბეჭდავად:

30 ლომი, ცხოველთა შორის უძლიერესი,

რომელიც უკან არ იხევს;+

31 მწევარი, ვაცი

და მეფე თავისი რაზმით.

32 თუ უგუნურად მოიქეცი და საკუთარი თავი განადიდე,+

ან, თუ ეს გქონდა განზრახული,

მაშინ პირზე ხელი აიფარე.+

33 რძის ნჯღრევით კარაქი გამოდის,

ცხვირის ჭყლეტით — სისხლი,

ბრაზის ნთხევით კი — ჩხუბი.+

31 მეფე ლემუელის სიტყვები — მნიშვნელოვანი ცნობა, დედამისის დარიგება:+

 2 აი, რას გეტყვი, ჩემო შვილო,

ჩემო მუცლის ნაყოფო,

ჩემო აღთქმის ძეო:+

 3 ნუ შეალევ ძალ-ღონეს ქალებს+

და ნურც იმ გზით ივლი, მეფეებს რომ ღუპავს.+

 4 არ შეჰფერით მეფეებს, ლემუელ,

არ შეჰფერით მეფეებს ღვინის სმა;

არც მმართველებს შეჰფერით იმის თქმა, სად არის მათრობელი სასმელიო.+

 5 თორემ დალევენ და დაივიწყებენ იმას, რაც დადგენილია,

და გაჭირვებულებს სამართალს არ გაუჩენენ.

 6 დაალევინეთ მათრობელი სასმელი მომაკვდავთ+

და ღვინო — სულგამწარებულთ.+

 7 დალიონ და დაივიწყონ თავიანთი სიღარიბე,

ნუღარ ემახსოვრებათ თავიანთი გასაჭირი.

 8 გამოექომაგე, ვისაც თავის დაცვა არ შეუძლია;

გამოესარჩლე, ვინც სიკვდილის პირასაა.+

 9 გახსენი ბაგე და სამართლიანად განსაჯე;

დაიცავი ღარიბები და საწყლები.+

א [ალეფ]

10 ვინ იპოვის კარგ ცოლს?+

მარჯანზე ბევრად ძვირფასია იგი.

ב [ბეთ]

11 ქმარი მთელი გულით ენდობა მას;

ქმარს არაფერი აკლია.

ג [გიმელ]

12 იგი მთელი ცხოვრება ყოველივე კარგით აჯილდოებს ქმარს,

ცუდს არაფერს უკეთებს.

ד [დელეთ]

13 იძენს შალსა და სელს;

გარჯა სიამოვნებას ჰგვრის.+

ה [ჰე]

14 სავაჭრო ხომალდივით+

შორიდან მოაქვს საკვები.

ו [ვავ]

15 ჯერ კიდევ ღამიანად დგება,

ოჯახისთვის საჭმელს ამზადებს

და მოახლეებს თავ-თავიანთ ულუფას აძლევს.+

ז [ზაინ]

16 ათვალიერებს მინდორს და ყიდულობს;

ვენახს იმით აშენებს, რაც თავისი ხელით მოუპოვებია.

ח [ხეთ]

17 მზად არის მძიმე შრომისთვის+

და მკლავებს იმაგრებს.

ט [ტეთ]

18 ვაჭრობით სარგებელს ნახულობს;

ღამით მისი ლამპარი არ ქრება.

י [ჲოდ]

19 სართავი ჯარასკენ იწვდის ხელს

და თითისტარს იღებს.+

כ [ქაფ]

20 ხელს უწვდის დაჩაგრულს

და ღარიბს ხელს უმართავს.+

ל [ლამედ]

21 თოვლი არ აშინებს,

რადგან მთელი სახლეულობა თბილი ტანსაცმლით ჰყავს შემოსილი.

מ [მემ]

22 თავად ამზადებს ლოგინის გადასაფარებლებს.

მისი სამოსი სელისა და შალისაა.

נ [ნუნ]

23 მის ქმარს კარგად იცნობენ ქალაქის კარიბჭეებთან,+

სადაც ის სხვა უხუცესებთან ერთად ზის.

ס [სამეხ]

24 ის სელის ტანსაცმელს ამზადებს და ყიდის;

ქამრებით ამარაგებს ვაჭრებს.

ע [აინ]

25 ძალა და სიდიადე მოსავს

და მომავლის არ ეშინია.

פ [ფე]

26 მის ბაგეზე სიბრძნეა+

და მის ენაზე — სიკეთის* კანონი.

צ [ცადე]

27 თვალყურს ადევნებს თავისი ოჯახის საქმიანობას

და სიზარმაცის პურს არ ჭამს.+

ק [კოფ]

28 ფეხზე დგებიან მისი ვაჟები და ეუბნებიან, ბედნიერი ხარო,

დგება მისი ქმარი და აქებს მას:

ר [რეშ]

29 „მრავალმა ქალმა გამოიჩინა სიმარჯვე,

მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე“.

ש [შინ]

30 მომხიბვლელობა მაცდურია, სილამაზე — წარმავალი,+

იეჰოვას მოშიში ქალი კი ქებას დაიმსახურებს.+

ת [თავ]

31 დაუფასეთ მას შრომა;+

მისმა საქმეებმა შეასხან მას ხოტბა ქალაქის კარიბჭეებთან.+

„დარიგებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა აგრეთვე ნიშნავს „აღზრდას“, „დასჯას“, „შეგონებას“, „დარიგებას“.

სხვაგვარად — „სამართლიანობა“.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „უცხო“.

სიტყვასიტყვით — „უცხოელი“.

სხვაგვარად — „ქმარს“.

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „ჭიპის“.

სხვაგვარად — „საუკეთესო ნაყოფით“.

სავარაუდოდ, იგულისხმება ზედა მუხლებში მოხსენიებული ღვთის თვისებები.

ან შესაძლოა: „დაუკვირდი შენს სავალს“.

სიტყვასიტყვით — „უცხო“.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „უცხო“.

სიტყვასიტყვით — „უცხოელ“.

სიტყვასიტყვით — „უცხო“.

სიტყვასიტყვით — „უცხო“.

სიტყვასიტყვით — „უცხოელი“.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „წარმომშვა“.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „სიცოცხლის გზაზე დგას“.

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „სულებს“; ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „მოთათბირე“.

ან შესაძლოა: „მყისვე“.

ან შესაძლოა: „სულელი კი სხვას ატყუებს“.

სხვაგვარად — „გამოუცდელს“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „გულახდილი საუბრის“.

სხვაგვარად — „სწორი პასუხი“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ვინც ადვილად არ რისხდება“.

სიტყვასიტყვით — „მასში შერბის“.

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „მკის დროს კი ძებნას დაიწყებს, მაგრამ ვერაფერს იშოვის“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „სიკვდილის მძებნელთათვისაა“.

იგულისხმება ღმერთი.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „უცხო“.

ან შესაძლოა: „საკუთარ გონებას ნუ დაენდობი“.

სიტყვასიტყვით — „გამომსყიდველი“.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „უცხოელი“.

იგულისხმებიან იეჰოვა და მეფე.

ან შესაძლოა: „პირდაპირი რჩევის მიცემა კოცნასავითაა“.

სიტყვასიტყვით — „ააშენე შენი სახლი“.

ან შესაძლოა: „ვერაგ“.

იგივე სოდა.

იგულისხმება გულის მოლბობა.

ან შესაძლოა: „როგორც ჩიტი გაფრინდება და მერცხალი იფრენს, ისე ჩაივლის დაუმსახურებელი წყევლა“.

ან შესაძლოა: „სხვების კამათში რომ ერევა“.

ან „ეჭვთან“.

ან შესაძლოა: „მტრის კოცნა არაგულწრფელია“, „მტრის კოცნა ნაძალადევია“.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ხარბი“.

ან შესაძლოა: „ქედმაღალი“.

ან შესაძლოა: „მართალი კი მისი სიცოცხლის დაცვას ცდილობს“.

სხვაგვარად — „ესმის წყევლის შემცველი ფიცი“.

ან შესაძლოა: „მმართველის გულის მოგებას“.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება