ცალკე გადასვლით გამოწვეული ტკივილი
«იმ დღეს, როდესაც პირველი ბავშვი შეგვეძინა, მეუღლემ გამაფრთხილა — „ბავშვების აღზრდა, ძვირფასო, ცალკე გადასვლისთვის მათი მომზადების ხანგრძლივი პროცესია“ ». („ჩვენ და ჩვენი შვილები — წიგნი მშობლებისგან მშობლებისთვის“ [Ourselves and Our Children—A Book by and for Parents]).
მშობლების უმრავლესობა ბედნიერი და აღტაცებულია, როდესაც მათი პირველი ბავშვი იბადება. ყოველგვარი ცვლილების, აფორიაქებული მდგომარეობის, ტკივილის, იმედგაცრუებისა და განცდების მიუხედავად, რაც მშობლად ყოფნამ შეიძლება მოიტანოს, შვილები უდიდესი სიხარულის წყაროს წარმოადგენენ. დაახლოებით სამი ათასი წლის წინ ბიბლიამ თქვა: „აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან — შვილები, გასამრჯელო“ (ფსალმუნი 126:3).
მიუხედავად ამისა, ბიბლია ასევე გვაფრთხილებს: „მიატოვებს კაცი დედ-მამას“ (დაბადება 2:24). მთელი რიგი მიზეზების გამო, შვილები, ჩვეულებრივ, ცალკე გადადიან — სწავლის გასაგრძელებლად ან სამსახურის გამო, ქრისტიანული მსახურების გასაფართოებლად ან როდესაც ქორწინდებიან. მაგრამ ზოგიერთი მშობლისთვის ეს სინამდვილე მართლაც მეტისმეტად მტკივნეულია. დამოუკიდებლობისკენ შვილების ბუნებრივი სწრაფვის გამო, როგორც ერთმა მწერალმა თქვა, ისინი თავს „შეურაცხყოფილად, უფლებაშელახულად, შეშფოთებულად, შეშინებულად ან უარყოფილად გრძნობენ“. შედეგად ოჯახში გაუთავებელი კონფლიქტები და უთანხმოებებია. იმ დღის უგულებელყოფით, როდესაც შვილებმა სახლი უნდა დატოვონ, ზოგი მშობელი წარუმატებელია ბავშვების სრულწლოვანი ასაკისთვის მომზადებაში. ასეთმა უგულებელყოფამ შეიძლება საშინელი ნაყოფი გამოიღოს: სრულწლოვანი პიროვნება, რომელიც უუნაროა შექმნას ოჯახი, იზრუნოს მასზე ან იმუშაოს.
მარტოხელამშობლიან ოჯახებში ცალკე გადასვლით გამოწვეული ტკივილი შეიძლება კიდევ უფრო მწვავე იყოს. მარტოხელა დედა, სახელად კერენი, ამბობს: „მე და ჩემი ქალიშვილი ახლოს ვართ, ჩვენ ნამდვილი მეგობრები გავხდით. სადაც კი დავდიოდი, ყველგან თან დამყავდა“. შვილსა და მშობელს შორის ახლო ურთიერთობა ხშირია მარტოხელამშობლიან ოჯახებში. გასაგებია, რომ ასეთი სიახლოვის დაკარგვის შესახებ ფიქრი შეიძლება გამანადგურებელი იყოს.
მიუხედავად ამისა, წიგნი „ჯანმრთელი ოჯახის თავისებურებანი“ (Traits of a Healthy Family) მშობლებს ახსენებს: „ოჯახურ ცხოვრებაში უმთავრესად შედის უმწეო ჩვილის დამოუკიდებელ პიროვნებად აღზრდა“. შემდეგ კი იგი გაფრთხილებას იძლევა: „ოჯახში მრავალ პრობლემას იწვევს ის, რომ მშობლებს არ შეუძლიათ შვილებს ცალკე გადასვლის ნება მისცენ“.
რა შეიძლება ითქვას შენზე? ხარ შენ მშობელი? თუ ასეა, მზად ხარ იმ დღისთვის, როცა მოგიწევს შენი შვილების დამოუკიდებლად გაშვება? რა შეიძლება ითქვას შენს შვილებზე? ამზადებ მათ იმისთვის, რომ დამოუკიდებლად წარმატებით იცხოვრონ?