უსისხლო ქირურგია — ექიმებმა თვალსაზრისი შეიცვალეს
კანადელმა ჯენეტმა აუხსნა თავის ვაჟს, თუ რატომ იყო შიდს-ით დაავადებული. ის ქმარმა დააავადა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. თავის მხრივ, ჰემოფილიით დაავადებულ ქმარს შიდს-ი სისხლის გადასხმით გადაედო. ამგვარი უბედურებები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ექიმებმა საჭიროდ მიიჩნიეს, გადაესინჯათ სისხლის გადასხმის საკითხი. გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზის“ ერთ-ერთ წლევანდელ ნომერში გამოჩნდა სტატია, სათაურით „უსისხლო ქირურგიას მხარს უჭერენ“.
რამდენიმე სამედიცინო კონფერენციაზე აღინიშნა, რომ უსისხლო ქირურგია მთელ მსოფლიოში აქტუალურია. მათ რიცხვს ეკუთვნის გასული წლის კონფერენციები — შეერთებული შტატების (ბოსტონისა და ატლანტის) ორი კონფერენცია, კანადის (უინიპეგის) კონფერენცია და ლატვიაში (რიგაში) გამართული აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კონფერენცია.
მაშინ როდესაც 50 წელზე მეტია, რაც სისხლის გადასხმა დამკვიდრებულია, რატომ შეიკრიბა 12 ქვეყნის 1 400-ზე მეტი ექიმი ამ ოთხ კონფერენციაზე, რომლებზედაც, ერთი საგაზეთო სტატიის სათაურის სიტყვებით, უსისხლო ქირურგია „მომავლის გზად“ გამოცხადდა? რა აღინიშნა ამ კონფერენციებზე მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკისა და მეთოდების შესახებ, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი ოჯახის არჩევანზე მკურნალობასთან დაკავშირებით?
რატომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა ალტერნატივებს?
ძირითად მიზეზად შეიძლება დასახელდეს ის, რომ დაკონსერვებული სისხლი უსაფრთხო არაა. მაგალითად, ტორონტოში გამომავალი გაზეთის, „გლოუბ ენდ მეილის“ (Globe and Mail), 1998 წლის 31 იანვრის ნომერში მოხსენიებული იყო „ინფიცირებული სისხლით გამოწვეული ტრაგედია“, რომელიც 80-იან წლებში დატრიალდა კანადაში: „ჰეპატიტ C-ს დროს ღვიძლი შეიძლება ისე დაავადდეს, რომ განკურნება შეუძლებელი იყოს. . . სავარაუდოა, რომ დაახლოებით 60 000 კანადელია სისხლის გადასხმის შედეგად ინფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 12 000 შეიძლება დაიღუპოს ჰეპატიტით“.
მიუხედავად იმისა, რომ სისხლის შემოწმების უახლესმა მეთოდებმა მნიშვნელოვნად შეამცირა საფრთხე, მოსამართლე ჰორას კრივერმა უინიპეგის კონფერენციაზე განაცხადა: „კანადაში დაკონსერვებული სისხლი არასდროს ყოფილა უსაფრთხო და არც არასოდეს იქნება. სისხლის გამოყენება ყოველთვის სახიფათოა“. დაინფიცირების ან არასასურველი რეაქციის საფრთხე მით უფრო დიდია, რაც უფრო მეტია გადასხმული სისხლის ერთეულების რაოდენობა.
რიგის კონფერენციაზე პარიზის კლინიკ დე მოსენის დოქტორმა ჟან-მარკ დებუმ თქვა: „ჩვენ, ექიმებს, უნდა გადაგვემოწმებინა მკურნალობის მეთოდები. . . სისხლის გადასხმა მრავალს სიცოცხლეს უხანგრძლივებს, მაგრამ მრავალს განუკურნებელი სენით აავადებს და სიცოცხლეს უწამლავს“.
სისხლის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურები ზოგჯერ დაინფიცირების ახალ საფრთხეს ქმნის და, ამგვარად, უსაფრთხოება გარანტირებული არაა. მაგალითად, დოქტორი პოლ გალი ქალაქ ოტავიდან (ონტარიო, კანადა) ამბობს: „ჰეპატიტ G-ს რნმ-ს შემცველი ახლად აღმოჩენილი ვირუსი იწვევს; აღინიშნა სისხლით გადასხმით დაინფიცირების შემთხვევა, მაგრამ უცნობია, საიდან ჩნდება ეს ვირუსი“.
სხვა საშიშროება იყო მოხსენიებული ჟურნალ „ტაიმის“ ერთ-ერთ სპეციალურ სამედიცინო ნომერში: „სისხლის გადასხმა იმუნურ სისტემას აქვეითებს. . . ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის უუნარობა კი ხელს უშლის გამოჯანსაღებას და ახანგრძლივებს მკურნალობის პროცესს“.
სხვა ფაქტორია სახსრების დაზოგვა. ჟურნალ „ტაიმის“ თანახმად, შეერთებულ შტატებში სისხლის გადასხმა 500 ამერიკული დოლარი ჯდება. ამასთანავე, ზოგ მხარეში დონორების სიმცირის გამო დაკონსერვებული სისხლის მარაგი კლებულობს.
პაციენტებს, რომლებსაც ოპერაცია უსისხლოდ უკეთდებათ, სახსრები იმ მხრივაც ეზოგებათ, რომ ნაკლებად ინფიცირდებიან და მცირე ხნის მანძილზე უწევთ საავადმყოფოში დარჩენა. უინიპეგის კონფერენციაზე კანადის ჰემოფილიის საზოგადოების წევრმა დურჰანე უონგ-რიგერმა განაცხადა, რომ უსისხლო ქირურგიის დამკვიდრება „აუცილებელია. ის ნამდვილად ეფექტურია და გააუმჯობესებს პაციენტების ჯანმრთელობას“.
უსისხლო ქირურგიას უფრო და უფრო მეტი პაციენტი ანიჭებს უპირატესობას. პორტლენდის (ორეგონი, აშშ) საავადმყოფოს ექიმმა დეივიდ როზენკრანცმა თქვა, რომ ადრე „იმ პაციენტთა 100-ვე პროცენტი, რომლებიც ოპერაციების უსისხლოდ გაკეთებას ითხოვდნენ, რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე აკეთებდა ასეთ არჩევანს“. დღესდღეობით კი პაციენტთა სულ ცოტა 15% ამგვარ გადაწყვეტილებას არარელიგიურ საფუძველზე იღებს.
აზრთა სხვაობა
ოთხივე კონფერენციაზე ერთხმად აღინიშნა, რომ საკუთარი სისხლის გამოყენება დონორის სისხლის გადასხმაზე გაცილებით უსაფრთხოა. ამის გამო ზოგი ექიმი მხარს უჭერს ოპერაციამდე პაციენტის სისხლის დაკონსერვებას. მაგრამ ცხადია, უბედური შემთხვევებისას სისხლის დაკონსერვების დრო არაა. ამავე დროს, არსებობს ბიბლიური მიზეზიც, რის გამოც იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ ნებისმიერი დაკონსერვებული სისხლის გადასხმაზეa.
დიუკის უნივერსიტეტის (ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ) დოქტორმა ბრუს ლიონემ კანადის კონფერენციაზე თქვა: „ოპერაციამდე სისხლის შენახვა [პაციენტისავე სისხლის დაკონსერვება] ძვირი ჯდება და შრომატევადი სამუშაოა; ამავე დროს, არ გამორიცხავს სისხლის გადასხმის შემდგომი გართულებების გამომწვევ ძირითად მიზეზს — ოპერაციამდე ან ოპერაციის პროცესში დაშვებულ შეცდომას. . . და ოპერაციამდე დიდ დროს მოითხოვს“.
მრავალი ექიმი მხარს უჭერს ისეთი მედიკამენტებისა და მკურნალობის მეთოდების გამოყენებას, რომლებიც თითქმის გამორიცხავს სისხლის გადასხმას. მათი აზრით, სისხლი მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციებში უნდა იქნეს გამოყენებული. ზოგი კი საერთოდ უარყოფს სისხლის გამოყენებას. მათ მაგალითებად მოჰყავთ სისხლის გადასხმის გარეშე გაკეთებული ურთულესი ოპერაციები — ბარძაყის პროთეზირება, კომპლექსური ნეიროქირურგიული ოპერაციები და ბავშვთა და მოზრდილთა გულის ოპერაციები, რომელთა შემდეგაც პაციენტები სწრაფად გამოჯანმრთელდნენ.
უსისხლო ოპერაციები დღესდღეობით მსოფლიოში 100-ზე მეტ საავადმყოფოში კეთდება, რომელთაგან 70-ზე მეტი შეერთებულ შტატებშია. მთელ მსოფლიოში 88 000-ზე მეტი ექიმი თანამშრომლობს პაციენტებთან, რომლებსაც არ სურთ სისხლის გადასხმა.
უახლესი მეთოდები
ატლანტის კონფერენციაზე მრავალმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ახალი მეთოდების შემუშავება მაშინ დაიწყეს, როდესაც იეჰოვას მოწმე პაციენტების მკურნალობა მოუწიათb. მრავალი დადებითად გამოეხმაურა ენსინო-ტარზანას (ლოს-ანჯელესი) რეგიონალური სამედიცინო ცენტრის ექიმის, ჯეიმს შიკის, სიტყვებს, რომელმაც აღნიშნა, რომ იეჰოვას მოწმეთა დღენაკლული ბავშვების მკურნალობისას შემუშავებული უახლესი მეთოდების გამოყენებით დღესდღეობით 50%-ით ნაკლებ სისხლს იყენებს ნებისმიერი პატარა პაციენტის მკურნალობისას. ცხადია, ეს უახლესი მეთოდები მოზრდილთა სამკურნალოდაც გამოიყენება.
მონრეალის კარდიოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელმა, დოქტორმა ჟან ფრანსუა ჰარდმა, აღნიშნა: „უსისხლო ქირურგიის განვითარება შეუძლებელია მხოლოდ ერთი რომელიმე თერაპიული მეთოდით. . . მიზნის მიღწევა მხოლოდ სხვადასხვა მეთოდის კომპლექსური გამოყენებით არის შესაძლებელი“.
უსისხლო ქირურგიის უახლესი მეთოდებია: 1) წინასაოპერაციო მკურნალობა, 2) ოპერაციის დროს სისხლის დაკარგვის თავიდან აცილება, და 3) ოპერაციის შემდგომი მკურნალობა. ცხადია, ქირურგიული მეთოდების არჩევანზე დიდ გავლენას ახდენს დროის ფაქტორი — არის საკმარისი დრო ოპერაციისთვის პაციენტის მოსამზადებლად თუ გადაუდებლად უნდა გაკეთდეს ოპერაცია?
სისხლის უჯრედების მოსამატებლად და პაციენტის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საუკეთესო მეთოდად ითვლება წინასაოპერაციო მკურნალობა. ამ დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს რკინის შემცველი მაღალეფექტური მედიკამენტები და ვიტამინები, ხოლო ზოგ შემთხვევაში სინთეზური ერითროპოეტინი, რომელიც ხელს უწყობს ძვლის ტვინში სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას. მიკროანალიზი მრავალმხრივი გამოკვლევის საშუალებას იძლევა, მაგრამ ბევრი სისხლის აღება არაა საჭირო. ამგვარი ანალიზი საუკეთესოა დღენაკლული ბავშვებისთვის და იმ მოზრდილთათვის, რომლებმაც ბევრი სისხლი დაკარგეს.
ასევე დამხმარეა სისხლის შემცვლელი ხსნარები, რომლებიც სისხლის მომატებას უწყობს ხელს. ზოგან ჰიპერბარულ ოქსიგენაციასაც იყენებენ, რომ პაციენტს, რომელმაც ბევრი სისხლი დაკარგა, ჟანგბადი არ მოაკლდეს. ატლანტის კონფერენციაზე ექიმმა რობერტ ბარტლეტმა აღნიშნა, რომ ბაროკამერები დიდად დამხმარეა, მაგრამ ჰიპერბარული ოქსიგენაცია სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული, რადგან დიდი რაოდენობით ჟანგბადი მომწამვლელია.
რაც შეეხება მეორე მეთოდს — ოპერაციის დროს სისხლის დაკარგვის თავიდან აცილებას — ამისთვის უამრავი უახლესი იარაღი და საშუალება არსებობს. მათი გამოყენებით მინიმუმამდე მცირდება სისხლის დანაკარგი, საჭირო არაა ორგანიზმში ღრმად შესვლა, მინიმუმამდე მცირდება სხეულის ტრავმის საფრთხე და შესაძლებელია ოპერაციის დროს პაციენტის ორგანიზმიდან გამოსული სისხლის მაშინვე ორგანიზმში დაბრუნება. ქვემოთ მოყვანილია მხოლოდ რამდენიმე უახლესი მეთოდი:
◼ გახურებული გალვანოკაუტერის გამოყენებით სისხლდენის შეჩერება.
◼ ქირურგიული ოპერაციის დროს არგონ-სხივური კოაგულატორით სისხლდენის შეჩერება.
◼ ქსოვილის გაკვეთა ულტრაბგერული სკალპელით, რომელიც მაღალი სიხშირის ცვლადი დენით მაშინვე აჩერებს სისხლდენას.
◼ ზოგიერთი ქირურგიული ოპერაციის დროს ისეთი მედიკამენტების გამოყენება, როგორიცაა ტრანექსამის მჟავა და დესმოპრესინი, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას და წყვეტს სისხლდენას.
◼ ჰიპოტენზიური ანესთეზიის გამოყენება, რომელიც სისხლის წნევის დაწევით ამცირებს სისხლდენას.
აღსანიშნავია, რომ უფრო და უფრო უმჯობესდება სისხლის ხელოვნური მიმოქცევის აპარატები. ოპერაციის დროს ამ აპარატში შედის პაციენტის ორგანიზმიდან გამოსული სისხლი და მაშინვე ბრუნდება ორგანიზმშიc. უახლესი აპარატები ოპერაციის დროს სისხლს კომპონენტებად შლის და საჭიროებისამებრ იყენებს თითოეულს.
რიგაში გამართულ კონფერენციაზე ლატვიის საჭიროებების მოსმენის შემდეგ იეჰოვას შვედმა მოწმეებმა ორი ასეთი აპარატი აჩუქეს ლატვიელებს. პირველი აპარატის ჩატანასა და უსისხლო ქირურგიის წინსვლას ლატვიელთა დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამის შესახებ ეროვნულმა ტელევიზიამაც გადმოსცა.
ოპერაციის შემდგომი მკურნალობისთვის ხშირად გამოიყენება ჰემოგლობინის შემცველობის ასაწევი იგივე საშუალებები, რომლებსაც ოპერაციამდე იყენებენ. აღსანიშნავია, რომ იმ პაციენტების მოვლა, რომელთათვისაც სისხლი არ გადაუსხამთ, ხშირად უფრო ადვილია, ვიდრე მათი, რომელთაც სისხლის გადასხმით გაუკეთდათ ოპერაცია. რატომ?
საოცარი შედეგები
მიუხედავად იმისა, რომ მეთოდები, რომლებიც სისხლის გადასხმას გამორიცხავს როგორც ოპერაციამდე, ისე მის პროცესში, გაცილებით მეტ შრომას საჭიროებს, ექიმების აზრით, მათ კარგი შედეგები მოაქვს, რადგან ოპერაციის შემდეგ პაციენტები სწრაფად ჯანმრთელდებიან. მათ არასდროს აქვთ სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული გართულებები. მრავალი ფაქტი არსებობს, რომ იმ პაციენტებს, რომლებსაც ოპერაციებს უსისხლოდ უკეთებენ, შედარებით მცირე ხნის მანძილზე უწევთ საავადმყოფოში ყოფნა.
ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელმა, ექიმმა ტოდ როზენგარტმა, აღნიშნა, რომ მათ რვასაფეხურიანი სისტემა აქვთ შემუშავებული, რათა პაციენტმა სისხლი არ დაკარგოს და გულის ოპერაციები გართულებების გარეშე უსისხლოდ გაკეთდეს. ლოს-ანჯელესის გულმოწყალე სამარიელის საავადმყოფოს ექიმმა მანუელ ესტიოკომ ისაუბრა მათს საავადმყოფოში გაკეთებულ „გულის ასობით უსისხლო ოპერაციაზე“. ექიმმა ს. საბრემანიენმა აღნიშნა, რომ მაიამის ბავშვთა საავადმყოფოში წარმატებით კეთდება გულის უსისხლო ოპერაციები.
ორთოპედიული ქირურგია, განსაკუთრებით კი ბარძაყის პროთეზირება, გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, უდევალას (შვედეთი) საავადმყოფოს ექიმმა ოლ ჰაგმა რიგის კონფერენციაზე აღნიშნა, რომ „სხვადასხვა ქირურგიული მეთოდისა და სიზუსტის“ წყალობით შეძლეს მნიშვნელოვნად შეემცირებინათ სისხლის დანაკარგი იეჰოვას მოწმე პაციენტებისთვის. ლონდონის სამედიცინო კოლეჯის თანამშრომელმა, ბატონმა რიჩარდ კუმსმა, აღნიშნა, რომ „შესაძლებელია მთელი ორთოპედიული ოპერაციების 99,9% გაკეთდეს. . . სისხლის გადასხმის გარეშე“.
მომავალი
უფრო და უფრო იზრდება იმ საავადმყოფოებისა და ექიმების რიცხვი, რომლებიც უსისხლო ოპერაციებს აკეთებენ. ამიტომაც კონფერენციები, სადაც ცოდნის ურთიერთგაზიარება ხდება, დიდად დამხმარეა, რადგანაც ექიმებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ წარმატებით გამოყენებულ და დანერგილ ალტერნატივებს.
სამხრეთ კალიფორნიის სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორი რიჩარდ ნელიკი ამბობს: «სულ უფრო მეტი პაციენტი ითხოვს უსისხლო მკურნალობასა და ოპერაციას. . . უსისხლო მედიცინა და ქირურგია თანამედროვე მიღწევებია და მცდარად არ უნდა იყოს აღქმული როგორც ნაკლებად ეფექტური „ალტერნატიული მკურნალობა“ ».
რადგანაც სისხლის გადასხმა კვლავაც პრობლემებს იწვევს, ხოლო ალტერნატიულ საშუალებებზე მოთხოვნილება იზრდება, უსისხლო ქირურგიას ნათელი მომავალი აქვს.
[სქოლიოები]
a იეჰოვას მოწმეები, როდესაც თვითონ ან მათი შვილები ავად ხდებიან, სამედიცინო დახმარებისთვის ექიმებს მიმართავენ. მაგრამ იმის გამო, რომ ბიბლია კრძალავს სხეულში სისხლის შეშვებას, ისინი უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე (დაბადება 9:3, 4; საქმეები 15:28, 29). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა „როგორ შეუძლია სისხლს შენი სიცოცხლის ხსნა?“ (რუს.), რომელიც გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
b მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის განხილვა, რომელთა შესახებაც კონფერენციებზე იყო საუბარი, არ ნიშნავს იმას, რომ ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ ამ მეთოდებისადმი თავის დამოკიდებულებას გამოხატავს. ჩვენ მხოლოდ ინფორმაციას ვაწვდით მკითხველს.
c თუ რამდენად მიზანშეწონილია ქრისტიანისთვის ასეთი აპარატების გამოყენება და ამასთან დაკავშირებით რა როლს ასრულებს პირადი სინდისი, განხილულია ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“, 1989 წლის 1 აგვისტო, გვერდები 22, 23 (რუს.).
[სურათი 20, 21 გვერდებზე]
უფრო და უფრო მეტი ექიმი სცემს პატივს პაციენტის გადაწყვეტილებას უსისხლო ქირურგიასთან დაკავშირებით.