აუცილებელია სისხლის გადასხმა?
ერთ-ერთი გაზეთის გასული წლის ნოემბრის ნომერში მოცემული იყო დოქტორ სირილ გოდეკის, ბრუკლინში, ლონგ-აილენდის კვლევით ინსტიტუტში (ნიუ-იორკი) უროლოგიის განყოფილების უფროსის, ზემოაღნიშნული კითხვა. ის წერდა: „სისხლი დღეს, როგორც სამკურნალო საშუალება, მიუღებლად მიაჩნიათ, რადგან არ შეესაბამება საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის უსაფრთხოების ნორმებს. სისხლი ორგანიზმის ნაწილია და მისი გადასხმა, ჩვეულებრივ, ორგანოს გადანერგვაა“.
ბატონმა გოდეკმა აღნიშნა: „ორგანოს გადანერგვას ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში სთავაზობენ ავადმყოფს. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების გამო ავადმყოფს წინასწარ ათვითცნობიერებენ, რა ალტერნატიული საშუალებები არსებობს“. სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით მან თქვა: „ამ მეთოდის უვნებლობა იმდენად საეჭვოა, რომ ბევრმა ქირურგმა გადაწყიტა, თავი აარიდოს მას, არა მარტო სამედიცინო, არამედ სამართლებრივი მიზეზების გამოც“.
ძირითადი პრობლემა, რომელსაც სისხლის გადასხმა იწვევს, ისაა, რომ ათასობით ადამიანი სასიკვდილო დაავადებების, მათ შორის შიდს-ის, გადადების მსხვერპლი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ქვეყანაში სისხლის შემოწმების მეთოდები გაუმჯობესდა, დოქტორი გოდეკი აღნიშნავს: „საფრთხე განსაკუთრებით მაშინ იქმნება, როდესაც დონორის ინფიცირების დადგენა შეუძლებელია, რადგან მის სისხლში ჯერ არ არის წარმოქმნილი ანტისხეულები“.
ბოლოს ბატონი გოდეკი დაუბრუნდა ზემოხსენებულ კითხვას, რომელიც მის სტატიას ჰქონდა სათაურად: „მას შემდეგ, რაც ექიმებმა და ქირურგებმა უკეთ გაიგეს ჟანგბადის ტრანსპორტირების ფიზიოლოგია და დაინახეს, რომ საჭირო არაა, გემოგლობინის დონე ისეთი მაღალი იყოს, როგორც ადრე მიაჩნდათ, თითქმის ყოველთვის ალტერნატიულ საშუალებებს იყენებენ. სულ რაღაც ერთი წლის წინათ ფიქრობდნენ, რომ ისეთი რთული ოპერაციებისას, როგორიცაა გულისა და ღვიძლის გადანერგვა, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით სისხლი იკარგება, აუცილებელია სისხლის დიდი რაოდენობით გადასხმა. დღეს ასეთ ოპერაციებს სისხლის გარეშე აკეთებენ.
სავსებით შესაძლებელია, ახლო მომავალში საერთოდ აღარ გამოიყენონ სისხლი. . . მისი გადასხმა, გარდა იმისა, რომ ძვირი ჯდება და საშიშია, ავადმყოფზე ზრუნვის დაბალ დონეზე მეტყველებს, რასაც ის არ იმსახურებს“.