ცრურწმენა — რამდენად არის დღეს გავრცელებული?
მას ყველგან შეხვდებით — სამსახურში, სკოლაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ ქუჩაში. დააცემინებთ და გამვლელები, სრულიად უცხო ადამიანები, გეუბნებიან: „სიცოცხლე“ ან „ხეირი“. მსგავსი გამოთქმები მრავალ ენაში არსებობს. გერმანელები გეტყოდნენ „გეზუნდჰაიტ“, არაბები — „იერჰამაკ ალაჰ“, ხოლო წყნარი ოკეანის სამხრეთით მცხოვრები პოლინეზიელები — „ტიჰეი მაური ონას“.
თუ ეს თქვენთვის არ არის უბრალოდ საზოგადოებრივ ეთიკაში დამკვიდრებული თავაზიანობის ფორმა, შეიძლება დაფიქრებულხართ იმაზე, რატომ აკეთებს ხალხი ამას. სინამდვილეში, ამ გამოთქმებს ფესვები ცრურწმენაში აქვს გადგმული. მოირა სმითი, ბლუმინგტონში (ინდიანა, აშშ) არსებული ინდიანას უნივერსიტეტში ფოლკლორის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგე, ამის შესახებ ამბობს: „ეს დაკავშირებულია აზრთან, რომ დაცემინებისას ადამიანისგან სული გამოდის“. სიტყვით „სიცოცხლე“ კი, ფაქტობრივად, ამ სულის დაბრუნებას სთხოვ ღმერთს.
უმრავლესობა, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ იმის დაჯერება, თითქოსდა დაცემინებისას ადამიანისგან სული გამოდის, არაგონივრულია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ „უებსტერის ახალი ლექსიკონის მეცხრე გამოცემაში“ ცრურწმენა განიმარტება, როგორც „უმეცრებაზე დაფუძნებული რწმენა ან ჩვეულება, შიში უცნობი რამისადმი, ჯადოსნობის ან ბედისწერის რწმენა, ან მიზეზობრიობის არასწორი გაგება“.
გასაკვირი არ არის, რომ XVII საუკუნეში მცხოვრები ერთი ექიმი ცრურწმენას გაუნათლებლების „მდაბიურ გადახრას“ უწოდებდა. ამიტომ, როგორც კი კაცობრიობამ თავისი მეცნიერული მიღწევებით მეოცე საუკუნეში შეაბიჯა, ენციკლოპედია „ბრიტანიკამ“ (1910) ოპტიმისტურად აღნიშნა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც „კაცობრიობა გათავისუფლდებ[ოდ]ა უკანასკნელი სენისგან — ცრურწმენისგან“.
გავრცელებული ისე, როგორც არასდროს
ოთხმოციოდე წლის წინათ ასეთი ოპტიმიზმი უსაფუძვლო იყო, რადგან დღეს ცრურწმენა ისეა ფესვგადგმული, როგორც არასდროს. ის უძლებს მისი აღმოფხვრის ნებისმიერ მცდელობას. სიტყვა „ცრურწმენა“ ლათინურში ორი სიტყვისგან შედგება: „სუპერ“ („მაღლა“ ან „ზე“) და „სტარე“ („დგომა“). მეომარს, რომელიც ომს გადაურჩებოდა, „სუპერსტიტს“ უწოდებდნენ, იმიტომ რომ თანამებრძოლთა შორის ის ცოცხალი რჩებოდა და პირდაპირი გაგებით მათზე „ზემდგომი“ იყო. წიგნში „ცრურწმენა“, რომელშიც ამ სიტყვათწარმოებაზეა საუბარი, ნათქვამია: „ცრურწმენა თაობების განმავლოაბაში მისი აღმოფხვრის მცდელობას გადაურჩა“. განვიხილოთ იმის რამდენიმე მაგალითი, თუ რამდენად ფესვგადგმულია ცრურწმენა.
◻ აზიის ერთ-ერთი დიდი ქალაქის მმართველის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ მის რეზიდენციაში თავგზააბნეულმა მომუშავეებმა ახალ მმართველს ურჩიეს, რჩევა ეთხოვა ცნობილი მედიუმისთვის, რომელიც, როგორც რეზიდენციაში, ისე მის გარეთ მრავალი ცვლილების მოხდენას ურჩევდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ცვლილებები მათ უბედურებისგან დაიცავდა.
◻ შეერთებულ შტატებში ერთი უდიდესი კომპანიის მფლობელი ყოველთვის ერთ ქვას დაატარებს. მისი პირველი წარმატებული სავაჭრო გამოფენის შემდეგ ის სახლიდან არ გადის მის გარეშე.
◻ მნიშვნელოვან საქმიან გარიგებამდე აზიის ბიზნესმენები ხშირად მკითხავს სთხოვენ რჩევას.
◻ სპორტსმენი, მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად ვარჯიშობს, გამარჯვებას ტანისამოსს აწერს. ამიტომ მას ყოველი შეჯიბრისას იცვამს და არ რეცხავს.
◻ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ სტუდენტი იმ დღეს გამოყენებულ კალამს „იღბლიანად“ თვლის.
◻ პატარძალი თავისი ქორწილის დღეს ცდილობს, რომ მის მორთულობაში შედიოდეს „რაღაც ძველი, ახალი, სხვისგან ნათხოვი და რაღაც ლურჯი ფერის“.
◻ ზოგი შლის ბიბლიას და ფიქრობს, რომ სწორედ იმ მუხლს ამოიკითხავს, რომელიც მას ამ წუთში სჭირდება.
◻ ლაინერის აფრენისას ზოგი მგზავრი პირჯვარს იწერს. ზოგი კი ხელს არ უშვებს „წმინდა“ ქრისტოფორეს მედალიონს.
ნათელია, ცრურწმენა დღესაც ძალზე გავრცელებულია. კონექტიკუტის კოლეჯის ფილოსოფიის ადიუნქტ-პროფესორი სტიუარტ ე. ვაიზი თავის წიგნში აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურად განვითარებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ცრურწმენა ისეა გავრცელებული, როგორც არასდროს“ (Believing in Magic—The Psychology of Supers- tition).
დღეს ცრურწმენა იმდენად არის ფესვგადგმული, რომ მისი აღმოფხვრის ყოველი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. რატომ?