მეფე, რომელიც დიდი მიღწევებით გამოირჩეოდა
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის კამერუნიდან
იბრაჰიმ ნჯოია ბამუმის სახელმწიფოს მეჩვიდმეტე მეფე იყო. ბამუმის დიდ ეთნიკურ ჯგუფში შემავალი ხალხი დღესაც ცხოვრობს კამერუნის დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე. ნჯოია მეფობდა 1889 წლიდან 1933 წლამდე, როგორც ეს ნაჩვენებია თანდართულ ნუსხაზე, სადაც ჩამოთვლილია მეფეთა მმართველობის წლები მე-14 საუკუნიდან დღემდე. ნჯოიას მეფობის პერიოდში ფრანგები და გერმანელები ცდილობდნენ ამ ადგილის დაპყრობას.
ნჯოია ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა დიდი ინტელექტითა და კარგი ინტუიციით. მას გვერდით ყოველთვის ჰყავდა განათლებული და ნოვატორი ადამიანები, რომლებიც მის იდეებს იზიარებდნენ. მის მიერ აგებული შესანიშნავი სასახლე, რომელიც ფოტოსურათზეა ნაჩვენები, ადასტურებს იმას, რომ ნჯოია კარგად ერკვეოდა არქიტექტურაში. მან სახელი იმითაც გაითქვა, რომ გამოიგონა საფქვავი (ქვემოთ მარჯვნივ), რომელიც მარცვლეულის დასაფქვავად გამოიყენებოდა. ყველაზე მეტად აღსანიშნავი კი ის არის, რომ ნჯოიამ შექმნა ბამუმის ხალხთა დამწერლობა.
შესაძლებელი ხდება წერილობითი ჩანაწერების გაკეთება
მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ბამუმის ხალხთა ისტორია, ძირითადად, ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა თაობიდან თაობაში. ნჯოია შიშობდა, რომ თუ დამწერლობა არ იარსებებდა, ზეპირი გადმოცემების დროს ზოგი რამ შეიძლება გამორჩენოდათ ან დაემატებინათ. მან ვაჭრებისგან, რომლებიც მისი სახელმწიფოს გავლით მოგზაურობდნენ, შეიძინა წიგნები და არაბული ენა შეისწავლა. მან, როგორც ჩანს, ასევე იცოდა ძველი დამწერლობა, რომლის სახელწოდებაც იყო „ვაი“ და რომელიც იმ დროს საკმაოდ გავრცელებული იყო სავანაში. ასე რომ, მან თავის ენაზე დამწერლობის შექმნა დაიწყო.
ნჯოიას დამწერლობაში შედიოდა ასობით ნიშანი, ძირითადად, პიქტოგრამები და იდეოგრამები. ამ დამწერლობის სასწავლებლად საჭირო იყო იმის დამახსოვრება, თუ როგორ გამოისახებოდა თითოეული ნიშანი. წლების განმავლობაში ნჯოიამ, ნდობით აღჭურვილი პირების დახმარებით, გაამარტივა დამწერლობა. მათ გამოიყენეს მარცვლები, რითაც შეამცირეს ნიშნების რაოდენობა. რამდენიმე ნიშნის, ანუ ასოს ერთმანეთთან შეერთებით კონკრეტული სიტყვები შექმნეს. შედეგად გაცილებით ნაკლები ასოებისა და შესაბამისი ბგერების დამახსოვრება იყო საჭირო. ნჯოიამ თავის მიერ შექმნილ სისტემას „აკაუკუ“ დაარქვა. მასში 70 ასო შედიოდა.
ნჯოია ყველას მოუწოდებდა, გამოეყენებინათ ბამუმის დამწერლობა. ის მოითხოვდა, რომ ეს დამწერლობა სკოლებში ესწავლებინათ და მთავრობაშიც გამოეყენებინათ. მან ბრძანება გასცა, რომ ამ დამწერლობის გამოყენებით ქრონოლოგიურად აღეწერათ მისი დინასტიისა და ქვეყნის შთამბეჭდავი ისტორია. ამგვარად, ბამუმის ხალხს პირველად მიეცა შესაძლებლობა, რომ წაეკითხათ თავიანთი ქვეყნის ტრადიციებისა და კანონების შესახებ. ნჯოიამ ამ დამწერლობის გამოყენებით წამლის რეცეპტებიც კი დაწერა. სასახლის არქივში დღესაც კი ინახება 8 000-ზე მეტი იმდროინდელი ხელნაწერი.
ის, თუ რამდენად სასარგებლო იყო ამ დამწერლობის შექმნა, მალევე გახდა ცხადი მას შემდეგ, რაც 1902 წელს იქ გერმანელი კოლონიზატორები ჩავიდნენ. მართალია, ნჯოია დაინტერესებული იყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით, მაგრამ ის ყოველთვის არ ეთანხმებოდა გერმანიის უფლებამოსილ პირებს. ამიტომ ის იყენებდა თავის შექმნილ დამწერლობას, რისი გაშიფვრაც გერმანელებს იმ დროისთვის არ შეეძლოთ. რამდენ ხანს იარსება ბამუმის დამწერლობამ?
პირველი მსოფლიო ომის დროს (1914—1918 წწ.), გერმანიამ დაკარგა თავისი ძალაუფლება ნჯოიას სამეფოზე. საბოლოოდ, ახლად შექმნილმა ერთა ლიგამ გამოსცა მანდატი, რის თანახმადაც ბამუმის ტერიტორია საფრანგეთის ქვეშევრდომი გახდა. მართალია, ნჯოია სიახლეების წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ ის ამაყობდა თავისი მემკვიდრეობით და ძალიან სურდა, შეენარჩუნებინა და განევითარებინა თავისი ხალხის კულტურა. ამან კი ნჯოია საფრანგეთთან დაპირისპირებამდე მიიყვანა. ყველა იმ მმართველის მსგავსად, რომელიც კოლონისტების მიმართ ერთგულებას არ იჩენდა, 1931 წელს საფრანგეთის მთავრობამ ნჯოია თანამდებობიდან გადააყენა. ორი წლის შემდეგ გადასახლებაში მყოფი ნჯოია გარდაიცვალა.
საფრანგეთის ხელისუფლებამ სკოლებში ბამუმის დამწერლობის გამოყენება აკრძალა. ნჯოია ცოცხალი აღარ იყო და ბუნებრივია, ხელს ვეღარ შეუწყობდა თავის მიერ შექმნილი დამწერლობის გავრცელებას. ამიტომ ცოტა ხანში ამ დამწერლობას უკვე აღარავინ იყენებდა და ბამუმის ხალხის უმრავლესობამ ის დაივიწყა. როდესაც ბამუმში ქრისტიანული სამყაროს მისიონერები ჩავიდნენ, მათ ისწავლეს ბამუმის ენა და შეადგინეს გრამატიკის სახელმძღვანელო, რათა ის თავიანთ სკოლებში ესწავლებინათ. ნჯოიასგან განსხვავებით მათ უმეტესი რამ უკვე არსებული რომაული ანბანიდან და მისი ფონეტიკიდან გადაიღეს.
არც ისე დიდი ხნის წინ, დიდი ძალისხმევა მოხმარდა იმას, რომ განახლებულიყო ბამუმის დამწერლობა. სულთანმა იბრაჰიმ მბომბო ნჯოიამ, რომელიც ახლა უდგას ქვეყანას სათავეში, პაპამისის მიერ აშენებულ სასახლეში გახსნა სკოლა. ამ სკოლაში ბავშვები კვლავ სწავლობენ ბამუმის დამწერლობას, რათა ის სამუდამოდ არ მიეცეს დავიწყებას.
[სურათი 27 გვერდზე]
ამ დაფაზე ჩამოწერილია ბამუმის სამეფოს დინასტია მე-14 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე — მარცხნივ წერია რომაული ასოებით, ხოლო მარჯვნივ ბამუმის დამწერლობის გამოყენებით
[სურათის საავტორო უფლება 26 გვერდზე]
All photos: Courtesy and permission of Sultan Ibrahim Mbombo Njoya, Foumban, Cameroon