რით ვუშველოთ შაკიკს?
ჯოისი ოფისში იჯდა. ის თავს მშვენივრად გრძნობდა, ხელში საბუთები ეჭირა და კითხულობდა. უცებ ფურცელზე წარწერები გაქრა. ჯოისი მხოლოდ მოციმციმე წერტილებს, ზიგზაგისებურ ხაზებსა და უცნაურ გეომეტრიულ ფიგურებს ხედავდა. რამდენიმე წუთით ჯოისს თვალთ დაუბნელდა. როგორც კი მიხვდა, რაშიც იყო საქმე, პატარა აბი გადაყლაპა, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევისთვის ჰქონდა შენახული.
ჯოისს შაკიკი აწუხებს. ეს დაავადება განსხვავდება ჩვეულებრივი თავის ტკივილისგან. მაგალითად, თუ ჩვეულებრივ თავის ტკივილს ადამიანი იშვიათად უჩივის, შაკიკის შემთხვევაში ტკივილი ხშირად მეორდება. ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი ქმედითობას კარგავს.
რა სიმპტომები ახასიათებს შაკიკს? ავადმყოფი თავის ერთ ნახევარში გრძნობს ძლიერ პულსირებად ტკივილს, რასაც თან სდევს გულისრევის შეგრძნება და სინათლის აუტანლობა. შაკიკის შეტევა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათი ან დღე.
დროდადრო ყველას აწუხებს თავის ტკივილი, მაგრამ შაკიკით მხოლოდ 10-დან ერთი იტანჯება. ეს დაავადება უფრო ხშირად ქალებში გვხვდება, ვიდრე კაცებში. დაავადების სიმძიმე შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ შაკიკით დაავადებულთა უმეტესობას წელიწადში რამდენიმე სამუშაო დღის გაცდენა უწევს. ეს თავის მხრივ იწვევს შემოსავლის შემცირებას. ამ დაავადებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ოჯახის წევრებსა და სხვებთან ურთიერთობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ დაავადებას იმ 20 ძირითად მიზეზს მიაკუთვნებს, რომელიც ადამიანის შრომისუნარიანობის დაქვეითებას იწვევს.
შეტევამდე ზოგი ავადმყოფი დაღლილობას ან შიმშილს გრძნობს, მას ხელის მტევნები უცივდება და განწყობა უეცრად ეცვლება. თავის ტკივილს წინ უსწრებს თავბრუსხვევა, ზუზუნი ყურებში, დაბუჟების შეგრძნება, მხედველობის გაორება, მეტყველების გაძნელება ან კუნთების მოდუნება.
ბოლომდე არ არის შესწავლილი, რა იწვევს შაკიკს, მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, ეს არის ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს თავში. ტკივილის პულსირებას განაპირობებს სისხლის მოძრაობა დაზიანებულ სისხლძარღვებში. ერთ-ერთ ჟურნალში ნათქვამია: „შაკიკით დაავადებულებს მემკვიდრეობად საოცრად მგრძნობიარე ნერვული სისტემა ერგოთ, რომლის გაღიზიანების პროვოცირებას ისეთი ფაქტორები ახდენს, როგორიცაა ძილის ნაკლებობა, მძაფრი სუნი, მოგზაურობა, საკვების დროულად არმიღება, სტრესი და ჰორმონალური ცვლილებები“ (Emergency Medicine). შაკიკით დაავადებულებს შეიძლება აღენიშნოთ მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი, აფორიაქება და დეპრესია.
როგორ შეგიძლიათ შეიმსუბუქოთ მდგომარეობა?
მართალია მემკვიდრეობით მიღებული ნერვული სისტემის შეცვლა არ შეგვიძლია, მაგრამ შაკიკის გამომწვევი მიზეზების შემცირება შესაძლებელია. ზოგიერთი აწარმოებს დღიურს იმის დასადგენად, თუ მის შემთხვევაში რომელი საკვები ან სიტუაცია იწვევს შეტევებს.
ყველას მდგომარეობა განსხვავდება. ლორენმა აღმოაჩინა, რომ მისი შეტევები მენსტრუალურ ციკლთან არის დაკავშირებული. „შუა ციკლის დროს აქტიურობამ თუ ნებისმიერმა გამღიზიანებელმა — მძიმე სამუშაომ, სიცხემ ან სიცივემ, ხმაურმა და ცხარე საკვებმაც კი, შეიძლება შეტევა გამოიწვიოს. ამიტომ ამ დროს განსაკუთრებით ვცდილობ, მშვიდი გარემო შევიქმნა“. ჯოისი, რომელიც 60 წელზე მეტია შაკიკით იტანჯება, აღნიშნავს: „მივხვდი, რომ ფორთოხალზე, ანანასზე და წითელ ღვინოზე მაშინვე შეტევა მეწყება, ამიტომ ამ პროდუქტებს თავს ვარიდებ“.
შეტევის გამომწვევი მიზეზის დადგენა ადვილი არ არის, რადგან ზოგჯერ ის რამდენიმე ფაქტორის ურთიერთქმედებით არის განპირობებული. მაგალითად, ერთ შემთხვევაში შოკოლადმა შეიძლება რეაქცია არ გამოიწვიოს, მაგრამ მეორე შემთხვევაში სხვა გამღიზიანებელი ფაქტორების თანხვედრის გამო შეტევის მიზეზი გახდეს.
თუ გიჭირთ გამომწვევი მიზეზების დადგენა ან მათთვის თავის არიდება, შეტევის ალბათობის შესამცირებლად სხვა საშუალებებიც არსებობს. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ კარგი იქნება, თუ კვირის შვიდივე დღეს ერთსა და იმავე დროს დაიძინებთ და გაიღვიძებთ. თუ დასვენების დღეებში გვიანობამდე ძილი გინდათ, სპეციალისტების რჩევით კარგი იქნება, თუ ჩვეულ დროს გაიღვიძებთ, რამდენიმე წუთი რამით დაკავდებით და შემდეგ ისევ დასაძინებლად დაწვებით. ზოგჯერ შეტევას კოფეინის მიღებაც უწყობს ხელს. ამიტომ კარგი იქნება, თუ დღეში ორ ფინჯან ყავას ან ორ პატარა ბოთლ კოლაზე მეტს არ დალევთ. შეტევის გამოწვევა შიმშილსაც შეუძლია, ამიტომ საკვები ყოველთვის დროულად მიიღეთ. მართალია შაკიკის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზისთვის, სტრესისთვის თავის არიდება ადვილი არ არის, მაგრამ შეგიძლიათ განტვირთვის სხვადასხვა საშუალება მოძებნოთ, მაგალითად შეცვალოთ თქვენი განრიგი, წაიკითხოთ ბიბლია ან მოუსმინოთ წყნარ მუსიკას.
შაკიკის მკურნალობა
შაკიკთან ბრძოლის მრავალი საშუალება არსებობს.a ძილი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ტკივილგამაყუჩებლებს, რომლებიც ურეცეპტოდ იყიდება, შეუძლია ადამიანს მდგომარეობა შეუმსუბუქოს და ჩაძინების საშუალება მისცეს.
1993 წელს შაკიკის სამკურნალო პრეპარატების ახალი ჯგუფი, ტრიპტანები გამოვიდა. „ავსტრალიის სამედიცინო ჟურნალმა“ ამ პრეპარატს „მედიცინის უდიდესი მიღწევა“ უწოდა. ჟურნალში ასევე ნათქვამი იყო: „ტრიპტანები შაკიკისა და კლასტერული თავის ტკივილის სამკურნალოდ ისეთივეა, როგორც პენიცილინი იყო ერთ დროს ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ“.
შაკიკი სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის. აქედან გამომდინარე, ინფექციების სამკურნალო პრეპარატებისგან განსხვავებით, შაკიკის სამკურნალო პრეპარატები სიცოცხლის გადარჩენას არ ემსახურება. მაგრამ ტრიპტანებმა დიდი შვება მოჰგვარა მათ, ვინც წლების განმავლობაში შაკიკით იტანჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შაკიკით დაავადებულები ტრიპტანებს სასწაულმოქმედს უწოდებენ, მათ მაინც მართებთ ზემოხსენებული რჩევების გათვალისწინება.
ყველა წამალს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. რა უარყოფითი მხარეები აქვს ტრიპტანებს? ერთი აბი ტრიპტანის ფასი კარგ რესტორანში სადილის ფასს უტოლდება, ამიტომ ამ წამალს მხოლოდ საშუალო ან მძიმე ფორმის შაკიკის შემთხვევაში უნიშნავენ ავადმყოფს. გარდა ამისა, ტრიპტანები ყველაზე არ მოქმედებს და ზოგიერთ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მათი მიღება არ არის მიზანშეწონილი. მართალია შაკიკით დაავადებულთა თანდაყოლილ ნერვულ სისტემას ვერანაირი წამალი ვერ შველის, მაგრამ ერთ ჟურნალში ასეთი დასკვნა კეთდება: „დღეს, როცა უკვე ხელმისაწვდომია ახალი და გაუმჯობესებული მედიკამენტები, შაკიკით დაავადებულები მეტად აღარ უნდა იტანჯებოდნენ ტკივილებისგან“ (Emergency Medicine).
[სქოლიო]
a „გამოიღვიძეთ!“-ი რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის რომელიმე ფორმას. პაციენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მკურნალობის რომელ მეთოდს აირჩევს.
[სურათი 23 გვერდზე]
ზოგი აწარმოებს დღიურს იმის დასადგენად, თუ მის შემთხვევაში რომელი საკვები ან სიტუაცია იწვევს შეტევებს
[სურათი 23 გვერდზე]
წყნარი მუსიკის მოსმენა ამცირებს სტრესს, რომელიც ხშირად შაკიკის გამომწვევი მიზეზია
[სურათი 23 გვერდზე]
შაკიკი მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომლის სიმპტომებსაც ხშირ შემთხვევაში ექიმები წარმატებით ებრძვიან