საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g16 № 2 გვ. 3-7
  • მხოლოდ კარგი წიგნია ბიბლია?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მხოლოდ კარგი წიგნია ბიბლია?
  • გამოიღვიძეთ! — 2016
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლია ხელმძღვანელობას გვიწევს ზნეობრივ და სულიერ საკითხებში
  • ბიბლია გვიხსნის ადამიანთა ტანჯვისა და კონფლიქტების მიზეზს
  • ბიბლია იმედს გვისახავს
  • სწორი თუ არასწორი — ბიბლია — სანდო სახელმძღვანელო
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2024
  • რა არის ბიბლიის მთავარი თემა?
    გამოიღვიძეთ! — 2007
  • ღვთისმოსაწონი ჭეშმარიტი სწავლებები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • ბიბლიის თვალსაზრისი
    გამოიღვიძეთ! — 2011
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2016
g16 № 2 გვ. 3-7
კაცი ბიბლიას კითხულობს

მთავარი თემა

მხოლოდ კარგი წიგნია ბიბლია?

ბიბლიის ბოლო ფურცლების წერა დაახლოებით ორი ათასი წლის წინ დასრულდა. მას შემდეგ უამრავი წიგნი დაიწერა, მაგრამ ბევრი მალევე მიეცა დავიწყებას, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ბიბლიაზე.

  • ისტორიის მანძილზე ბიბლიას უამრავი მტერი ჰყავდა. ძლიერნი ამა ქვეყნისანი რას აღარ აკეთებდნენ მის გასანადგურებლად. მაგალითად, შუა საუკუნეებში ზოგ ქრისტიანულ ქვეყანაში მას, ვისაც „სახლში ბიბლია ჰქონდა და კითხულობდა, ერესსა და სექტანტობაში სდებდნენ ბრალს“, — ნათქვამია ერთ წიგნში (An Introduction to the Medieval Bible). სწავლულები, რომლებიც ბიბლიას მშობლიურ ენაზე თარგმნიდნენ ან ისინი, რომლებიც ხალხს ამ წიგნის გამოკვლევისკენ მოუწოდებდნენ, თავს საფრთხეში იგდებდნენ. ზოგი სწორედ ამ მიზეზით გამოასალმეს სიცოცხლეს.

  • ასეთი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიბლია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ წიგნად ითვლება. მთლიანად ან ნაწილობრივ ეს წიგნი 2 800-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და დაბეჭდილია დაახლოებით ხუთი მილიარდი ეგზემპლარი. ეს რიცხვი ბევრად აღემატება ფილოსოფიაზე, მეცნიერებასა თუ სხვა მსგავს თემებზე გამოცემული წიგნების რაოდენობას, რომლებიც ვერ უძლებენ ჟამთა სვლას.

  • ბიბლიის თარგმანებმა ხელი შეუწყო ზოგიერთი იმ ენის შენარჩუნებასა და განვითარებას, რომელზეც ის ითარგმნა. მარტინ ლუთერის მიერ გერმანულად ნათარგმნმა ბიბლიამ დიდი გავლენა მოახდინა ამ ენაზე. „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ პირველი გამოცემის შესახებ ნათქვამია: „როგორც ჩანს, ეს გახლავთ ინგლისურ ენაზე გამოცემული ერთადერთი წიგნი, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის ენის განვითარებაში“.

  • ბიბლიამ „ღრმა კვალი დააჩნია დასავლურ კულტურას. მან გავლენა მოახდინა არა მარტო ხალხის რელიგიურ შეხედულებებსა და წეს-ჩვეულებებზე, არამედ ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, კანონმდებლობაზე, პოლიტიკასა და სხვა უამრავ სფეროზე, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა“, — აღნიშნულია ერთ ენციკლოპედიაში (The Oxford Encyclopedia of the Books of the Bible).

ეს მხოლოდ რამდენიმე ფაქტია იმისა, რაც ბიბლიას სხვა წიგნებისგან გამოარჩევს. და მაინც, რატომ სარგებლობს ის ასეთი პოპულარობით? რატომ იგდებდნენ ადამიანები თავს საფრთხეში მის გამო? ამის არაერთი მიზეზი არსებობს. მაგალითად, ბიბლია ღვთიური სიბრძნის საგანძურია, რომელშიც ვხვდებით ზნეობრიობასთან და სულიერ საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ წიგნიდან ვიგებთ, რატომ იტანჯებიან ადამიანები და რატომ ხდება ამდენი კონფლიქტი. რაც ყველაზე მთავარია, ბიბლია გვაიმედებს, რომ მალე ამ ყველაფერს წერტილი დაესმება. იგი იმასაც გვიმხელს, თუ როგორ მოხდება ეს.

ზოგადი ცნობები

გადაშლილი ბიბლია

ბიბლია 66 წიგნისგან შედგება. ეს წმინდა წიგნი დაახლოებით 1 600 წლის განმავლობაში იწერებოდა.

ბიბლიას დაახლოებით 40 მამაკაცი წერდა. მათგან ზოგი მიწათმოქმედი, მეთევზე, მოსამართლე, მეფე და ზოგიც მუსიკოსი იყო.

ბიბლიის მთავარი თემაა ღვთის სამეფო, ანუ ზეციერი ხელისუფლება, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს (დანიელი 2:44; 7:13, 14). ეს სამეფო ბოლოს მოუღებს ბოროტებას, ტანჯვასა და სიკვდილს. ყველა ერთგულ ადამიანს დედამიწის ზურგზე ერთი მმართველი, უზენაესი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, ეყოლება (1 კორინთელები 15:24—26).

ბიბლია ხელმძღვანელობას გვიწევს ზნეობრივ და სულიერ საკითხებში

განათლების მიღება მნიშვნელოვანია. თუმცა „განათლება. . . რომელმაც შესაძლოა ცნობილ ან გავლენიან ადამიანად გაქციათ. . . სულაც არ არის იმის გარანტი, რომ ზნეობრივ საკითხებში თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცილობლად სწორი იქნება“, — ნათქვამია კანადაში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში (Ottawa Citizen). მართლაც, ბევრი უაღრესად განათლებული ადამიანი, მათ შორის პოლიტიკასა და ბიზნესის სფეროში მოღვაწე პირები, ხშირად თაღლითობენ, იტყუებიან და ქურდობენ, რის გამოც „ხალხის ნდობას კარგავენ“, — აღნიშნულია საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „ედელმანის“ მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ გლობალურ კვლევაში.

ბიბლია კი სულიერ და ზნეობრივ განათლებას გვაძლევს. ის გვასწავლის, „რა არის სიმართლე, სამართლიანობა და პატიოსნება — ყოველივე ის, რაც კარგია“ (იგავები 2:9). ეს რომ უკეთ წარმოვიდგინოთ, განვიხილოთ 23 წლის მამაკაცის შემთხვევა, რომელიც პოლონეთის ერთ-ერთ ციხეში იჯდა. პირობითად მას სტეფანე დავარქვათ. ციხეში მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ძალიან მოეწონა ამ წიგნში ჩაწერილი ბრძნული რჩევები. ის ამბობს: «ახლა ვხვდები, რას ნიშნავს, სიტყვები: „პატივი ეცი მამას და დედას“. ბიბლიის დახმარებით საკუთარი თავის ხელში აყვანაც ვისწავლე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან ვრისხდები» (ეფესოელები 4:31; 6:2).

სტეფანეს გულს განსაკუთრებით შეეხო იგავების 19:11-ში ჩაწერილი სიტყვები: „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს, სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“. დღეს, როდესაც სტეფანე რთულ სიტუაციებში ხვდება, ცდილობს, მშვიდად აწონ-დაწონოს ყველაფერი და სათანადო ბიბლიური პრინციპებით იმოქმედოს. „დავრწმუნდი, რომ ბიბლია შეუდარებელი სახელმძღვანელოა“, — ამბობს იგი.

დავფიქრდეთ მარიას მაგალითზეც, რომელიც იეჰოვას მოწმეა. ერთხელ ერთმა ქალმა, რომელსაც მცდარი შეხედულება ჰქონდა მოწმეებზე, მას საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა და აურზაური ატეხა. ნაცვლად იმისა, რომ პროვოკაციას აჰყოლოდა, მარიამ მშვიდად განაგრძო გზა. მოგვიანებით ქალმა ინანა თავისი საქციელი და გადაწყვიტა, მოეძებნა იგი. ერთი თვის შემდეგ, როდესაც მარია იპოვა, გადაეხვია მას და მოუბოდიშა. ქალმა ისიც აღნიშნა, რომ მარიას თავმდაბლობა და თავშეკავება კარგად ირეკლავს მის რელიგიურ ფასეულობებს. რა მოჰყვა ამ ყოველივეს შედეგად? ამ ქალმა და მისი ოჯახის ხუთმა წევრმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.

იესომ თქვა, რომ სიბრძნე მოქმედების შედეგებით ფასდება (ლუკა 7:35). აქედან გამომდინარე, უამრავი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ბიბლიური პრინციპების თანახმად მოქმედება, ბრძნულია და ჩვენთვის სიკეთე მოაქვს! ისინი ზნეობრივი და სულიერი თვალსაზრისით „აბრძენებს გამოუცდელებს“, „გულს ახარებს“ და „აბრწყინებს თვალებს“ (ფსალმუნი 19:7, 8).

ბიბლია გვიხსნის ადამიანთა ტანჯვისა და კონფლიქტების მიზეზს

როდესაც ეპიდემია იფეთქებს ხოლმე, მკვლევრები მიზეზების დადგენას ცდილობენ. მსგავსად უნდა მივუდგეთ საკითხს, რომ გავიგოთ ტანჯვისა და კონფლიქტების მიზეზი. ბიბლია ამ მხრივაც უდიდეს დახმარებას გვიწევს, ვინაიდან ზუსტად აღგვიწერს ტანჯვის გამომწვევ მიზეზს, რასაც კაცობრიობის ისტორიის დასაწყისთან მივყავართ.

ბიბლიის წიგნ „დაბადებიდან“ ვიგებთ, რომ ადამიანთა თავს უბედურება მაშინ დატრიალდა, როდესაც ადამი და ევა ღმერთს დაუპირისპირდნენ. ყველაფერთან ერთად, მათ თვითნებურად გადაწყვიტეს, დაედგინათ ზნეობრივი ნორმები, რითაც ღვთის კომპეტენციაში შეიჭრნენ და, ფაქტობრივად, მიისაკუთრეს ის, რაც მხოლოდ შემოქმედს ეკუთვნოდა (დაბადება 3:1—7). სამწუხაროდ, იქიდან მოყოლებული დღემდე ადამიანების უმეტესობა დამოუკიდებლობის ამგვარ სულს ავლენს. სადამდე მიგვიყვანა ამ სულმა? ისტორია ცხადყოფს, რომ ადამიანებმა ვერაფრით მიაღწიეს ნანატრ თავისუფლებასა და ბედნიერებას. პირიქით, ღვთისგან დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას სისხლიანი კონფლიქტების, ჩაგვრისა და ზნეობრივი თუ სულიერი დეგრადაციის მეტი არაფერი მოუტანია (ეკლესიასტე 8:9). ბიბლია მართებულად ამბობს: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). ამ ყოველივეს ფონზე სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ ადამიანთა მცდელობას, ღვთისგან დამოუკიდებლად გაიკვალონ გზა, მალე წერტილი დაესმება!

ბიბლია იმედს გვისახავს

ღმერთს უყვარს ის ადამიანები, რომლებიც აღიარებენ მის უზენაესობას და ზნეობრივ ნორმებს. ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთი სწორედ მათ გამო არ დაუშვებს მარადიულად ბოროტებასა და ტანჯვას. ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ ბოროტები „თავიანთი გზის ნაყოფს იგემებენ“ (იგავები 1:30, 31). „თვინიერნი [კი] დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11).

გადაშლილი ბიბლია და ფინჯანი ყავა

„[ღვთის] ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:3, 4)

დედამიწაზე მშვიდობას ღმერთი თავისი სამეფოს მეშვეობით დაამყარებს, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს (ლუკა 4:43). მისი მეშვეობით ღმერთი თავის კანონიერ ძალაუფლებას მთელ კაცობრიობაზე განავრცობს. ლოცვის ნიმუშში იესომ ეს სამეფო დედამიწას დაუკავშირა, როდესაც თქვა: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება . . . დედამიწაზე“ (მათე 6:10).

დიახ, ამ სამეფოს მოქალაქეები ღვთის ნებას შეასრულებენ. ისინი შემოქმედს აღიარებენ ერთადერთ უზენაეს მმართველად და არა რომელიმე ადამიანს. კორუფცია, სიხარბე, ეკონომიკური სიდუხჭირე, რასობრივი სიძულვილი და ომები წარსულის კუთვნილება გახდება. იქნება ერთიანი მსოფლიო, ერთი ხელისუფლება და ყველა ადამიანი დედამიწის ზურგზე ერთი ზნეობრივი და სულიერი ნორმებით იცხოვრებს (გამოცხადება 11:15).

ეს ყველაფერი რომ საკუთარი თვალით ვიხილოთ, გარკვეული ცოდნის მიღება გვმართებს. 1 ტიმოთეს 2:3, 4-ში ვკითხულობთ: „[ღვთის] ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“. „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა“ გულისხმობს იმ ბიბლიურ სწავლებებს, რისთვისაც შეგვეძლო „სამეფოს კონსტიტუცია“ გვეწოდებინა. ეს სწავლებები მოიცავს კანონებსა და პრინციპებს, რომლებიც ამ სამეფოს მმართველობას უდევს საფუძვლად; აგრეთვე მაგალითებს, რომლებიც იესომ მთაზე ქადაგების დროს მოიხსენია (მათეს 5—7 თავები). როდესაც ამ სამ თავს წაიკითხავთ, წარმოისახეთ, როგორი იქნება ცხოვრება დედამიწაზე, სადაც ყველა იესოს ამ ბრძნული მითითებების თანახმად იცხოვრებს.

ამ ყოველივეს მერე, განა გასაკვირია, რომ ბიბლია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წიგნია? სრულებითაც არა! მასში ყველაფერი ღვთის შთაგონებით ჩაიწერა. ის ფაქტი, რომ ბიბლია ასე ფართოდაა გავრცელებული, ერთ რამეზე მეტყველებს: ღმერთს სურს, რომ ყველა ენისა და ეროვნების ადამიანმა გაიცნოს ის და გაიხაროს იმ კურთხევებით, რასაც მისი სამეფო მოუტანს ადამიანებს (საქმეები 10:34, 35).

ვარსკვლავებით მოჭედილი ცა

ბიბლიაში ნათქვამია, რომ სამყარო ფიზიკური კანონებით იმართება

წიგნი, რომელიც ამსხვრევს ცრურწმენას

ძველად ფიქრობდნენ, რომ „სამყაროს იმპულსური ღმერთები მართავდნენ“, — ნათქვამია მეცნიერებისა და რელიგიის ენციკლოპედიაში. თუმცა ბიბლია არაორაზროვნად ამბობს, რომ სამყარო ფიზიკური კანონებით იმართება. მაგალითად, დაახლოებით 3 500 წლის წინათ ბიბლიაში ჩაიწერა, რომ არსებობს „წესები ზეცაში . . . [და] დედამიწაზე“ (იობი 38:33). იერემიას 31:35-ში კი ნათქვამია, რომ მთვარე და ვარსკვლავები გარკვეულ წესებს ემორჩილებიან. უწინ, ვინც ეს იცოდა, დაცული იყო ცრუ თაყვანისმცემლობისა და ცრურწმენისგან (იობი 31:26—28; ესაია 47:1, 13).

ბიბლიის დამწერთა გულწრფელობა

ბიბლიის დამწერების ყველაზე გამორჩეული თვისება პატიოსნებაა. ისინი საკუთარ შეცდომებსაც კი არ მალავდნენ და მათ შესახებ გულწრფელად წერდნენ. მაგალითად, მას შემდეგ, რაც მეფე დავითმა ბათ-შებასთან იმრუშა, ღვთის წინაშე გულახდილად აღიარა: „ბოროტება ჩავიდინე [ღმერთო] შენს თვალში“ (ფსალმუნი 51:4). მოციქულმა იოანემ კი დაწერა, რომ ორჯერ დაემხო მუხლებზე ანგელოზისთვის თაყვანსაცემად, რაზეც ანგელოზმა უთხრა: „იცოდე, ამას ნუ იზამ! . . . ღმერთს ეცი თაყვანი“ (გამოცხადება 19:10; 22:8, 9). სამწუხაროდ, ბიბლიის დამწერთათვის დამახასიათებელ ასეთ გულწრფელობას სხვა ვერც ერთ უძველეს ხელნაწერში ვერ შეხვდებით.

წიგნი, რომელიც დადებითად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

ბიბლია მოგვიწოდებს ისეთი თვისებების განვითარებისკენ, როგორიცაა თანაგრძნობა და მიმტევებლობა. ეს თვისებები დადებითად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ეფესოელების 4:32-ში ნათქვამია: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“.

შეერთებულ შტატებში, მეიოს კლინიკის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია, რომ „თუ არ პატიობთ, ყველაზე მეტად თქვენ ზარალდებით“. სტატია ასე გრძელდება: „პატიების უნარი გავლენას ახდენს ურთიერთობებზე; ის ეხმარება ადამიანებს, მტრობა არ ჩაიდონ გულში; ხელს უწყობს სულიერ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას; ამსუბუქებს სტრესსა და საწუხარს; ამცირებს არტერიულ წნევას. მიმტევებელი ადამიანები ნაკლებად არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისკენ“.

წიგნი, რომელიც გვპასუხობს უმნიშვნელოვანეს კითხვებზე

ადამიანის ემბრიონი

ადამიანის ემბრიონი

მეცნიერება უამრავ კითხვაზე გვცემს პასუხს, მაგრამ არა ყველაზე. ერთ სამეცნიერო წიგნში ნათქვამია: „მეცნიერების, მედიცინის მუშაკებისა და ფილოსოფოსების უმეტესობა თანხმდება იმაში, რომ მეცნიერებას არ ძალუძს ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომლებიც ეთიკას, ზნეობასა და რელიგიას უკავშირდება“.

  • მეცნიერებას შეუძლია ჩამოგვიყალიბოს მათემატიკური ფორმულა იმ კანონებისა, რომლებითაც ჩვენი სამყარო იმართება. მაგრამ ის ვერ გვიხსნის, რატომ არსებობს სამყარო ან როგორ დაექვემდებარა ის ასეთ ზუსტ კანონებს.

  • მეცნიერებას შეუძლია აგვიხსნას, როგორ ფუნქციონირებს რეპროდუქციული ორგანოები. მაგრამ მას არ შეუძლია სწორი ხელმძღვანელობა გაგვიწიოს სქესობრივი ურთიერთობის საკითხებში.

  • მეცნიერებას შეუძლია აღგვიწეროს, როგორ ვითარდება ადამიანის ემბრიონი, მაგრამ ის ვერ გვეხმარება, მორალურად სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, როდესაც საქმე ჩანასახის სიცოცხლის უფლებას ეხება.

ბიბლია ამ და სხვა მრავალ უმნიშვნელოვანეს კითხვებზე გვცემს პასუხს, რათა გავიგოთ, „რა არის სიმართლე, სამართლიანობა და პატიოსნება — ყოველივე ის, რაც კარგია“ (იგავები 2:9).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება