გაკვეთილი 1
სასარგებლო რჩევა
1, 2. რატომ უნდა ვეძიოთ რჩევა და რა გზით ვღებულობთ მას?
1 ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები ყოველთვის და ყველაფერში გულდაჯერებით მოელიან ღვთისგან ხელმძღვანელობას. ბიბლიის ერთ-ერთი ფსალმუნმომღერალი გულდაჯერებით წერდა: „შენი რჩევით მიმიძღვი წინ“ (ფსალმ. 72:24). იერემიამ თავის მხურვალე ლოცვაში ეს სიტყვები გამოიყენა: «არაფერია შენთვის შეუძლებელი. . . დიდო ღმერთო, ძლიერო, რომლის სახელი ცაბაოთ უფალია. დიდგანმზრახველო [„დიდებულო მრჩეველო“, აქ] და მრავალმოქმედო» (იერ. 32:17–19).
2 დღეს ქრისტიანი თაყვანისმცემლები იეჰოვას რჩევას მისი დაწერილი სიტყვისა და მის ჭეშმარიტ მსახურთა ორგანიზაციის საშუალებით ღებულობენ. ასე რომ, ისინი, რომლებიც ეწერებიან თეოკრატიული სამსახურის სკოლაში, მალე ხვდებიან, რომ რჩევა, რომელსაც ღებულობენ, და სული, რომლითაც ის არის მიცემული, ბიბლიის შესანიშნავ პრინციპებზეა დაფუძნებული.
3–5.ახსენი, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული რჩევების ბლანკი და 2–18 გაკვეთილებში მოცემული მასალა.
3 რჩევა, რომელიც ხელს უწყობს წინსვლას. სკოლის ზედამხედველისა და მოსწავლეების დასახმარებლად არსებობს ბლანკი, სახელწოდებით „რჩევები მოხსენებისთვის“. მასში ჩამოთვლილია 36 პუნქტი, რომლებიც მოსწავლეებს ჭეშმარიტების ეფექტურად გადაცემის უნარის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ყოველი პუნქტისთვის სასარგებლო, მოკლედ გადმოცემულ ინფორმაციას იპოვით ამ ბროშურის 2–18 გაკვეთილებში; ბლანკზე „რჩევები მოხსენებისთვის“ აღინიშნება კონკრეტული გაკვეთილის ნომერი. ეს გაკვეთილები სპეციალურად რჩევების ბლანკთან ერთად გამოყენების მიზნით არის მოყვანილი. უმრავლეს შემთხვევაში, ორი ან სამი პუნქტი, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, გაერთიანებულია ერთ გაკვეთილში, რადგან უმჯობესია მათი ერთდროულად განხილვა.
4 მათთვის, რომლებიც სკოლაში ახლახან ჩაეწერნენ, სასარგებლო იქნება, კარგად მოემზადონ და მხედველობაში ჰქონდეთ ის პუნქტები, რომლებიც ჩამოთვლილია ბლანკზე „რჩევები მოხსენებისთვის“. თეოკრატიული სამსახურის სკოლაში მოსწავლეების პირველი გამოსვლისას სკოლის ზედამხედველი (ან რჩევების მიმცემი სხვა პიროვნება, თუ სკოლაში ჩაწერილთა რაოდენობა დიდია) მხოლოდ შეაქებს მათ კარგად გაშუქებული პუნქტებისთვის. შემდეგ რჩევის მიმცემი ყურადღებას გაამახვილებს იმ პუნქტზე, რაშიც მოწაფეს ყველაზე მეტად სჭირდება გაუმჯობესება და დავალებას მისცემს, რომ მომდევნო გამოსვლისთვის ამ პუნქტზე იმუშაოს. რჩევების მიმცემი თითოეულ მოწაფეს ეტყვის, თუ როდის შეუძლია გადავიდეს რჩევების ბლანკზე მოცემულ სხვა პუნქტზე.
5 ზოგი მოწაფე-მომხსენებელი შეიძლება სწრაფად მიიწევს წინ, მაშინ როცა სხვები შეიძლება ერთ გამოსვლაზე გაკვეთილში მოცემულ მხოლოდ ერთ პუნქტზე მუშაობენ. ფაქტობრივად, ზოგი მოწაფისთვის ძალიან კარგია, რომ ერთი ძნელი პუნქტის დასამუშავებლად მოამზადოს რამდენიმე მოხსენება და ამგვარად სხვა პუნქტზე გადასვლამდე ნამდვილად დახელოვნდეს ამაში.
6, 7. რომელ პუნქტებზე მისცემს რჩევებს სკოლის ზედამხედველი?
6 თითოეულ მოწაფეს გამოსვლის შემდეგ კეთილმოსურნედ უნდა მიეცეს რჩევა, რომელიც გამიზნულია მოხსენების წარმოთქმის უნარის გაუმჯობესებაში მის დასახმარებლად. დამრიგებლური ან ბიბლიის ღირსშესანიშნავი პუნქტების განხილვით გამომსვლელ მომხსენებელს ნებისმიერი რჩევა პირადად ეძლევა, სკოლის დამთავრების შემდეგ. ეს ხდება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა აჭარბებს მისთვის განკუთვნილ დროს. დამრიგებლური მოხსენებით გამომსვლელი უნდა ეცადოს, რომ მისი მოხსენება ყოველმხრივ სამაგალითო იყოს და საჭირო არ გახდეს რჩევის პირადად მიცემა.
7 ჩვეულებრივ, მოწაფეს რჩევა ეძლევა იმ პუნქტთან დაკავშირებით, რომელზეც წინასწარ მიუთითეს, რომ ემუშავა. რასაკვირველია, თუ დავალების რომელიმე სხვა მხარე განსაკუთრებით კარგია, რჩევების მიმცემს შეუძლია ჩართოს ეს შექებაში, მაგრამ ეს არ აღინიშნება რჩევების ბლანკზე შესაბამისი პუნქტის გასწვრივ. ჩვეულებრივ, გამოიყენება შემდეგი ნიშნები: „ი“ (იმუშავე), როდესაც მოხსენების ამ პუნქტზე სასარგებლო იქნებოდა მუშაობის გაგრძელება; „გ“ (გაუმჯობესებულია), როდესაც მოწაფემ, სულ მცირე, ერთხელ მაინც იმუშავა ამ პუნქტზე და შეიმჩნევა გაუმჯობესება, მაგრამ შეიძლება საჭირო იყოს მასზე კიდევ ერთხელ მუშაობა; „კ“ (კარგია), როდესაც განსახილველი პუნქტი საკმაოდ კარგად იყო წარმოდგენილი და სკოლის სახელმძღვანელოდან შემდგომი დავალების მომზადებაზე გადასვლის საშუალებას იძლევა. როდესაც მოწაფეს აქვს დავალება კითხვაში, რჩევების მიმცემი განიხილავს იმ პუნქტებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება ამ სახის დავალებას.
8–10.წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, რა უნდა ახსოვდეს სკოლის ზედამხედველს, როდესაც შეაქვს ნიშნები რჩევების ბლანკში?
8 სკოლის ზედამხედველმა დიდი გამჭრიახობა უნდა გამოიყენოს, რათა რჩევის მიცემით საუკეთესო შედეგებს მიაღწიოს. თუ მომხსენებელი ძალიან ახალია, ყველაფერზე მეტად საჭიროა გამხნევება. სხვა მოწაფეები კი, რომლებიც დიდი ხანია სკოლაში არიან ჩაწერილები, შესაძლოა, გულმოდგინედ ამზადებენ თავიანთ დავალებას და ყურადღებას ამახვილებენ მოხსენების იმ პუნქტებზე, რომლებზეც მითითებული აქვთ, რომ იმუშაონ, მაგრამ შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. ასეთ შემთხვევებში, მაშინაც კი, თუ მოხსენების გარკვეული პუნქტები ნაწილობრივ მაინც არის გაშუქებული, სკოლის ზედამხედველს შეუძლია რჩევების ბლანკზე აღნიშნოს „კ“ და მოწაფეს ნება დართოს, გადავიდეს სხვა პუნქტზე, რომელიც ყურადღების მიქცევას საჭიროებს.
9 მეორე მხრივ, სხვა მომხსენებელს შეიძლება დიდი გამოცდილება და მეტი მონაცემები ჰქონდეს, მაგრამ, შესაძლოა, სხვა საქმეების მოძალების გამო დრო ვერ გამოყო მოხსენების აღნიშნული პუნქტის შესასწავლად და, შედეგად, დავალება ისე კარგად ვერ შეასრულა, როგორც შეეძლო გაეკეთებინა. ასეთ შემთხვევაში, მოწაფის წინსვლას ნამდვილად ხელს შეუშლის, თუ სკოლის ზედამხედველი რჩევების ბლანკზე აღნიშნავს „კ“-ს და ეტყვის, რომ სხვა პუნქტზე გადავიდეს. თუ მოხსენება ისეთი იყო, რომ მითითებული პუნქტის ჩვენება უკეთესად შეიძლებოდა, რჩევების მიმცემი აღნიშნავს „ი“-ს (იმუშავე) და, წინსვლის გაკეთების მიზნით, თავაზიანად შესთავაზებს პირად დახმარებას. ამგვარად მოწაფეები გამხნევდებიან, რათა თითოეული მოხსენება მოამზადონ არა მხოლოდ როგორც დავალება, არამედ თავიანთი, როგორც მომხსენებლების, წარმატების მაჩვენებელი.
10 გახსოვდეს, რომ მოხსენების წარმოთქმაში დახელოვნება თანდათანობითი პროცესია. ნუ მოელი, რომ ერთ ღამეში გახდები დახელოვნებული მომხსენებელი. ეს ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება, მაგრამ გულმოდგინე ძალისხმევით შესაძლებელია წინსვლის დაჩქარება. თუ იფიქრებ იმ რჩევებზე, რომლებიც მოცემულია მოხსენების წარმოთქმაში დახელოვნების ამ პროგრამაში და მთელი ყურადღებით მოემზადები დავალებისთვის, შენი წარმატება მალე ყველა დამკვირვებლისთვის ნათელი გახდება (1 ტიმ. 4:15).
11–16. რით ხელმძღვანელობას ცდილობს სკოლის ზედამხედველი, რათა სასარგებლო რჩევები მისცეს?
11 რჩევების მიმცემი. სკოლის ზედამხედველმა ყურადღებით უნდა მოამზადოს ყოველკვირეული სასწავლო მასალა, რათა შეძლოს, განსაზღვროს, იყო თუ არა დავალება კარგად შესრულებული, და მზად იყოს ყოველგვარი უზუსტობის შესასწორებლად. მაგრამ ის არასოდეს უნდა მივიდეს იმ წერტილამდე, რომ იყოს ზედმეტად კრიტიკული იმის მიმართ, თუ როგორ გადმოიცემა მასალა, და ამის გამო ვერ ისიამოვნოს წარმოთქმული მოხსენებით. მანაც უნდა მიიღოს სარგებლობა წარმოთქმული შესანიშნავი ჭეშმარიტებებიდან.
12 ჩვეულებრივ, რჩევის მიცემას ის მოწაფის მიერ გამოვლენილი ძალისხმევის შექებით იწყებს. შემდეგ რჩევების ბლანკიდან იმ პუნქტებზე აკეთებს კომენტარს, რომლებზეც მოწაფე მუშაობს. თუ პუნქტზე საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა, ხაზი უნდა გაესვას არა იმდენად მომხსენებლის სუსტ მხარეებს, არამედ იმას, თუ როგორ შეიძლებოდა გაუმჯობესება. ამგვარად, რჩევა ხელს შეუწყობს როგორც მომხსენებლის, ისე აუდიტორიის წინსვლას.
13 საკმარისი არ არის მოწაფეს მხოლოდ ის უთხრა, რომ მან ყველაფერი კარგად გააკეთა ან მოხსენების გარკვეულ პუნქტზე კვლავ საჭიროებს მუშაობას. თითოეული დამსწრისთვის სასარგებლო იქნება, თუ რჩევის მიმცემი განმარტავს, რატომ არის კარგი ან რატომ არის საჭირო გაუმჯობესება, და როგორაა ეს შესაძლებელი. გარდა ამისა, სასარგებლო იქნება თუ ის განიხილავს, რატომაა მოხსენების პუნქტი, რომელზეც საუბარი მიდის, აუცილებელი სამქადაგებლო მსახურებაში თუ კრების შეხვედრებზე. ეს მთელ კრებას დაეხმარება მოცემული პუნქტის გაგებაში და მოწაფეს წაახალისებს, განაგრძოს ამ პუნქტზე ყურადღების გამახვილება.
14 რჩევების მიმცემის მოვალეობაში არ შედის, რომ მიმოიხილოს მოწაფის მოხსენება. მან მოკლედ და კონკრეტულად უნდა მისცეს რჩევა და თითოეული მოსწავლის მოხსენებას ორი წუთი გამოუყოს. ამგვარად, რჩევა და მითითებები მრავალსიტყვაობით არ იქნება გაბუნდოვნებული. მართებულია აგრეთვე მოწაფეს მიეთითოს ამ ბროშურის იმ გვერდებზე, სადაც შეეძლება განხილულ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის პოვნა.
15 გამოთქმებში მცირე შეცდომები ან გრამატიკული შეცდომები არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მათზე ყურადღება გამახვილდეს. ამის ნაცვლად, რჩევების მიმცემმა ყურადღება უნდა მიაქციოს მოხსენების საერთო ეფექტს. არის მასალა მთლიანობაში სასარგებლო და შინაარსიანი? კარგადაა ჩამოყალიბებული და ადვილია მისი მიყოლა? არის ის გადმოცემული გულწრფელად, გულითადად, დამაჯერებლად? აჩვენებს მომხსენებლის სახის გამომეტყველება და ჟესტიკულაცია, რომ მას სწამს იმის, რასაც ამბობს, და რომ უფრო დაინტერესებულია არა იმით, თუ რა შთაბეჭდილებას ახდენს, არამედ იმით, თუ როგორ გადასცეს შესანიშნავი ჭეშმარიტებები მსმენელს? თუ ეს მნიშვნელოვანი პუნქტები კარგადაა მომზადებული, მცირე დარღვევები და გრამატიკული შეცდომები აუდიტორიისთვის თვალში საცემი არ იქნება.
16 თეოკრატიული სამსახურის სკოლაში რჩევა ყოველთვის კეთილმოსურნეობისა და დახმარების სულით უნდა იქნეს მიცემული. მასში გამოხატული უნდა იყოს მოწაფისადმი დახმარების ძლიერი სურვილი. გასათვალისწინებელია იმ მოსწავლის პიროვნული ხასიათი, რომელსაც რჩევა ეძლევა. მგრძნობიარეა? როგორი განათლება აქვს? არსებობს თუ არა იმის საფუძველი, რომ ანგარიში გაეწიოს გარკვეულ სისუსტეებს? რჩევამ პიროვნებას იმის გრძნობა უნდა დაუტოვოს, რომ ეხმარებიან და არა აკრიტიკებენ. დარწმუნდი, რომ მას ესმის რჩევა და მისი საფუძველი.
17–19. რა უნდა გააკეთოს მოწაფემ ყოველი მოხსენების მომზადების წინ და მისი წარმოთქმის შემდეგ ყოველი მოხსენებით უდიდესი გაუმჯობესების მისაღწევად?
17 სარგებელი მიიღე რჩევიდან. როდესაც თეოკრატიული სამსახურის სკოლაში დავალებას გაძლევენ, გახსოვდეს, რომ მიზანი არა მარტო კრების წინაშე დამრიგებლური მასალის გაშუქებაა, არამედ მოხსენების წარმოთქმის უნარის გაუმჯობესებაც. ამ მხრივ წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია გარკვეული დროის გამოყოფა იმ პუნქტის გასაანალიზებლად, რომელზეც გთხოვეს, რომ გემუშავა. დიდი ყურადღებით წაიკითხე ამ ბროშურაში მოცემული გაკვეთილი, რომელიც განიხილავს იმ პუნქტს, რომელზეც უნდა იმუშაო, რათა იცოდე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მან შენს მომზადებაზე და როგორ უნდა გამოჩნდეს ის შენს გამოსვლაში. შენს დასახმარებლად თითოეული პუნქტის ძირითადი მომენტები ბროშურაში მუქი შრიფტითაა მოცემული. ეს არის ძირითადი ფაქტორები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს.
18 მოხსენების წარმოთქმის შემდეგ გულისყურით მოუსმინე სიტყვიერად მოცემულ რჩევას. მადლიერებით მიიღე ის. შემდეგ იმუშავე იმ პუნქტებზე, რომლებსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. თუ გსურს, დააჩქარო შენი წინსვლა, ნუ დაელოდები იმას, თუ როდის გექნება მომდევნო მოხსენება. ბროშურიდან შეისწავლე მასალა, რომელშიც განხილულია ის პუნქტი, რომელზეც უნდა იმუშაო. ეცადე, ამ რჩევებს მიჰყვე ყოველდღიურ საუბრებში. ამგვარად მომდევნო სასწავლო მოხსენებისთვის, ალბათ, კარგად გექნება ეს პუნქტი მომზადებული.
19 თითოეულმა მოწაფემ მიზნად უნდა დაისახოს, გაუმჯობესდეს სკოლის პროგრამაში წარმოთქმული ყოველი შემდგომი მოხსენებით. მართალია, ეს გამუდმებულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ის ნამდვილად იეჰოვას კურთხევას მოგიტანს. მათთვის, რომლებმაც დიდი სარგებლობა მიიღეს თეოკრატიული სამსახურის სკოლაში სწავლიდან, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იგავნის 19:20-ში ჩაწერილ სიტყვებს: „მოისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე“.
[ცხრილი 8, 9 გვერდებზე]
რჩევები მოხსენებისთვის
მომხსენებელი ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․
(სახელი, გვარი)
ნიშნები: ი — იმუშავე
გ — გააუმჯობესე
კ — კარგია
შინაარსიანი მასალა (2)*
ნათელია, გასაგებია (2)
შესავალმა ინტერესი აღძრა (3)
შესავალი თემის შესაფერისია (3)
შესავალი სათანადო ხანგრძლივობისაა (3)
ხმის სიმაღლე (4)
პაუზები (4)
მსმენელი აღძრულია, გამოიყენოს ბიბლია (5)
ბიბლიური მუხლები სათანადოდაა წარმოდგენილი (5)
ბიბლიური მუხლები ხაზგასმითაა წაკითხული (6)
ბიბლიური მუხლები ახსნილია (6)
გამეორება ხაზგასმის მიზნით (7)
ჟესტები (7)
თემა ხაზგასმულია (8)
მთავარი პუნქტები მკაფიოდ არის გამოყოფილი (8)
აუდიტორიასთან კონტაქტი, ჩანაწერების გამოყენება (9)
გეგმის გამოყენება (9)
შენიშვნები: ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․
․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․
․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․
* ფრჩხილებში მოცემული ციფრი მიუთითებს გაკვეთილის ნომერზე ბროშურიდან „როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი“, რომელშიც განხილულია აღნიშნული პუნქტი.
S-48-GE Printed in Germany
გამართული მეტყველება (10)
სასაუბრო სტილი (10)
გამოთქმა (10)
გადმოცემის თანამიმდევრობა დამაკავშირებელი სიტყვებით (11)
ლოგიკური, თანამიმდევრული განვითარება (11)
დამაჯერებელი არგუმენტაცია (12)
მსმენელს ეხმარები დაფიქრებაში (12)
აზრობრივი მახვილის დასმა (13)
ინტონაცია (13)
აღფრთოვანება (14)
გულითადობა, კეთილმოსურნეობა (14)
თვალსაჩინო მაგალითები მასალის შესაფერისია (15)
თვალსაჩინო მაგალითები აუდიტორიის შესაფერისია (15)
მასალა სამქადაგებლო მსახურების შესაბამისია (16)
დასკვნა შესაფერისია, ეფექტურია (17)
დასკვნა შესაფერი ხანგრძლივობისაა (17)
დროის განაწილება (17)
დაჯერებულობა და თავდაჭერილობა (18)
გარეგნობა (18)
შენიშვნა: რჩევების მიმცემმა ყოველი მოხსენებისთვმს უნდა მისცეს სპეციალური რჩევა. არ არის აუცილებელი რომ ზემოთ მოცემული პუნქტების რიგითობას მიჰყვეს, არამედ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ პუნქტზე, რომლის გაუმჯობესებაც სჭირდება მოსწავლეს. ბლანკის ცარიელი სტრიქონების გამოყენება შეიძლება ისეთი რჩევების მისათითებლად, რომლებიც საჭიროა მოსწავლისთვის და ამ სიაში არ შედის, მაგალითად: მტკიცებების სიზუსტე, მკაფიო გადმოცემა, გამართული დგომა, სიტყვების შერჩევა, გრამატიკა, მანერები, შესაბამისობა, სწავლების მეთოდები და ხმის ჟღერადობა. როდესაც მოსწავლე დაამთავრებს მუშაობას წინათ მითითებულ რჩევაზე, რჩევების მიმცემს შეუძლია შემოუხაზოს გრაფა, რომელზეც მოსწავლეს შეიდგომი გამოსლისთვის მოუწევს მუშაობა. მითითებული დავალების ნომერი ნაჩვენები უნდა იყოს ბლანკში „თეოკრატიული სამსახურის სკოლის დავალება“ (S-89).
[ცხრილი 10, 11 გვერდებზე]
მოხსენების გასაუმჯობესებელი პუნქტების მოკლე მიმოხილვა
შინაარსიანი მასალა (2)
კონკრეტული მასალა
აუდიტორიისთვის შინაარსიანი
პრაქტიკული ღირებულების მქონე მასალა
ნათქვამის სიზუსტე
განმარტების მომცემი დამატებითი მასალა
ნათელია, გასაგებია (2)
მარტივად გადმოცემული
უცნობი გამოთქმები განმარტებულია
მასალა არ არის ძალიან ბევრი
შესავალმა ინტერესი აღძრა (3)
შესავალი თემის შესაფერისია (3)
შესავალი სათანადო ხანგრძლივობისაა (3)
ხმის სიმაღლე (4)
ხმის საკმარისი სიმაღლე, რათა მისი მოსმენა თავისუფლად შეიძლებოდეს
ხმის სიმაღლე შეესაბამება სიტუაციას
ხმის სიმაღლე მასალის შესაფერისია
პაუზები (4)
პაუზები სასვენ ნიშნებთან
პაუზები ერთი აზრიდან მეორეზე გადასვლისას
პაუზები ხაზგასმის მიზნით
პაუზები, როცა პირობები მოითხოვს ამას
მსმენელი აღძრულია, გამოიყენოს ბიბლია (5)
შეთავაზებით
მუხლების მოსაძებნად დროის მიცემით
ბიბლიური მუხლები სათანადოდაა წარმოდგენილი (5)
მუხლებისადმი ინტერესი აღძრულია
ყურადღება გამახვილებულია მუხლის გამოყენების მიზეზზე
ბიბლიური მუხლები ხაზგასმითაა წაკითხული (6)
საჭირო სიტყვები გამოყოფილია
გამოყენებულია ხაზგასმის ეფექტური მეთოდი
ბიბლიურ მუხლებს კითხულობს მობინადრე
ბიბლიური მუხლები ახსნილია (6)
გამოსაყენებელი სიტყვები გამოყოფილია
შესავლის არსი გასაგებია
გამეორება ხაზგასმის მიზნით (7)
მთავარი აზრების გამეორება
გაუგებარი აზრების გამეორება
ჟესტები (7)
აღწერილობითი ჟესტები
ემფატიკური ჟესტები
თემა ხაზგასმულია (8)
სათანადო თემა
თემის სიტყვები ან აზრი გამეორებულია
მთავარი პუნქტები მკაფიოდ არის გამოყოფილი (8)
მთავარი პუნქტები არ არის ძალიან ბევრი
მთავარი აზრები გადმოცემულია ცალ-ცალკე
ქვეპუნქტები ნათელს ჰფენს აზრებს
აუდიტორიასთან კონტაქტი, ჩანაწერების გამოყენება (9)
მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან
აუდიტორიასთან კონტაქტი უშუალოდ მიმართვით
გეგმის გამოყენება (9)
გამართული მეტყველება (10)
სასაუბრო სტილი (10)
გამოყენებულია სასაუბრო გამოთქმები
სასაუბრო სტილში წარმოთქმა
გამოთქმა (10)
გადმოცემის თანამიმდევრობა დამაკავშირებელი სიტყვებით (11)
დამაკავშირებელი სიტყვების გამოყენება
თანამიმდევრობა აუდიტორიის შესაბამისია
ლოგიკური, თანამიმდევრული განვითარება (11)
მასალა გონივრულად არის დაწყობილი
გამოყენებულია მხოლოდ საჭირო მასალა
არც ერთი მთავარი აზრი არ არის გამოტოვებული
დამაჯერებელი არგუმენტაცია (12)
საფუძველი ჩაყრილია
მოყვანილია დამაჯერებელი მტკიცება
ეფექტური შეჯამება
მსმენელს ეხმარები დაფიქრებაში (12)
საერთო ენა შენარჩუნებულია
საკითხები სათანადოდაა გაშუქებული
გამოყენება გაკეთებულია მსმენელისთვის
აზრობრივი მახვილის დასმა (13)
აზრობრივი დატვირთვის მქონე სიტყვები ხაზგასმულია
მოხსენების ძირითადი აზრები ხაზგასმულია
ინტონაცია (13)
ხმის სიძლიერის ცვლილება
ტემპის ცვლილება
ხმის სიმაღლის ცვლილება
ინტონაცია აზრის ან გრძნობის შესაფერისია
აღფრთოვანება (14)
აღფრთოვანება ნაჩვენებია ცოცხალი გადმოცემით
აღფრთოვანება მასალის შესაფერისია
გულითადობა, კეთილმოსურნეობა (14)
სითბო გამოვლენილია სახის გამომეტყველებით
გულითადობა და კეთილმოსურნეობა გამოვლენილია ხმის ტონში
გულითადობა და კეთილმოსურნეობა მასალის შესაფერისია
თვალსაჩინო მაგალითები მასალის შესაფერისია (15)
მარტივი
გამოყენების მიზანი ახსნილია
მნიშვნელოვანი აზრები ხაზგასმულია
თვალსაჩინო მაგალითები აუდიტორიის შესაფერისია (15)
აღებულია კარგად ცნობილი მოვლენებიდან
კარგად შერჩეული
მასალა სამქადაგებლო მსახურების შესაბამისია (16)
გამოთქმები მსმენელისთვის გასაგები ენით არის გადმოცემული
შერჩეულია სათანადო აზრები
მასალის პრაქტიკული ღირებულება ხაზგასმულია
დასკვნა შესაფერისია, ეფექტურია (17)
დასკვნა მოხსენების თემასთან უშუალო კავშირშია
დასკვნა მსმენელს აჩვენებს, თუ რა აკეთოს
დასკვნა შესაფერი ხანგრძლივობისაა (17)
დროის განაწილება (17)
დაჯერებულობა და თავდაჭერილობა (18)
თავდაჭერილობა მანერებში ვლინდება
თავდაჭერილობა ხმაში ვლინდება
გარეგნობა (18)
სათანადო ჩაცმულობა და ვარცხნილობა
მართებული პოზა
აკურატული აღჭურვილობა
სახის სათანადო გამომეტყველება