საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • fy თ. 8 გვ. 90-102
  • დაიცავით ოჯახი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დაიცავით ოჯახი
  • ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ვინ უნდა ასწავლოს თქვენს შვილებს?
  • ღვთის თვალსაზრისი სექსზე
  • მშობლების საშინაო დავალება
  • თქვენი შვილების მეგობრები
  • დასვენება და გართობა
  • თქვენს ოჯახს შეუძლია ქვეყნიერების ძლევა
  • შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ შვილების აღზრდაში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • როგორ შევუწყოთ ხელი ოჯახის ბედნიერებას (მე-2 ნაწილი)
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • მშობლებო, შეაყვარეთ შვილებს იეჰოვა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • მშობლებო, კარგი მაგალითი მიეცით შვილებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
fy თ. 8 გვ. 90-102

თავი მერვე

დაიცავით ოჯახი

სურათი 91 გვერდზე

1—3. ა) საიდან მომდინარეობს ცუდი ზეგავლენა? ბ) რატომ მართებთ მშობლებს გონიერება ოჯახის დასაცავად?

გარეთ თავსხმაა. ბავშვი კი სკოლაშია წასასვლელი. როგორ მოიქცევით? გაუშვებთ მას საწვიმრის გარეშე? თუ ისე ჩაფუთნით, რომ ვეღარ ინძრეოდეს? რა თქმა უნდა, არც ერთს გააკეთებთ და არც მეორეს. ისე ჩააცმევთ, რომ არ დასველდეს.

2 მშობლებს შვილების ცუდი ზეგავლენისგან დასაცავადაც მართებთ გონიერება. ცუდი ზეგავლენის საშიშროება კი ყოველ ნაბიჯზეა მოსალოდნელი. მაგალითად, გართობის ინდუსტრია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, თანატოლები და ზოგჯერ სკოლაც. ზოგი მშობელი ძალიან ცოტას ან თითქმის არაფერს აკეთებს ოჯახის დასაცავად. სხვები კი ნებისმიერ გარე ზემოქმედებაში უარყოფითს ხედავენ და შვილებს ყველაფერს უკრძალავენ. როგორ დავადგინოთ გონივრული საზღვრები?

3 უკიდურესობებში გადავარდნას კარგი არაფერი მოაქვს და შეიძლება სავალალო შედეგებიც კი გამოიწვიოს (ეკლესიასტე 7:16, 17). მაშ როგორ დაიცვან ქრისტიანმა მშობლებმა ოჯახი ცუდი ზეგავლენისგან ისე, რომ გონივრულობის ფარგლებს არ გასცდნენ? განვიხილოთ სამი მხარე: განათლება, ურთიერთობა და გართობა-დასვენება.

ვინ უნდა ასწავლოს თქვენს შვილებს?

4. რა თვალსაზრისი აქვთ ქრისტიან მშობლებს განათლებაზე?

4 ქრისტიანი მშობლები აფასებენ განათლებას. მათ ესმით, რომ სკოლაში სწავლობენ წერა-კითხვას, ურთიერთობას და პრობლემების მოგვარებას. სკოლა მათ რთული ცხოვრებისთვისაც ამზადებს. გარდა ამისა, კარგი განათლების წყალობით შვილები კარგ სამსახურს იშოვიან (იგავები 22:29).

5, 6. როგორი დამახინჯებული ინფორმაცია შეიძლება მიიღონ ბავშვებმა სკოლაში სექსუალურ ურთიერთობებზე?

5 მაგრამ სკოლაში ბავშვებს ურთიერთობა აქვთ თანატოლებთან, რომელთაგან მრავალს დამახინჯებული აზროვნება აქვს. მაგალითად, ვნახოთ, რას ფიქრობენ ისინი მორალსა და სექსუალურ ურთიერთობაზე. ნიგერიის ერთ-ერთ სკოლაში ერთი გარყვნილი გოგონა თანაკლასელებს სექსუალურ საკითხებში „ათვითცნობიერებდა“. პორნოგრაფიული ლიტერატურიდან ამოკრეფილ სისულელეებს თანაკლასელები დიდი ყურადღებით უსმენდნენ. ზოგიერთმა მათგანმა გამოიყენა მისი რჩევები. ერთ-ერთი მათგანი დაორსულდა და იმის გამო, რომ თავისი ხელით გაიკეთა აბორტი, დაიღუპა.

6 სამწუხაროა, მაგრამ სკოლებში სექსუალურ ურთიერთობებზე დეზინფორმაციას მარტო ბავშვები კი არ ავრცელებენ, არამედ მასწავლებლებიც. მრავალი მშობელი აღშფოთებულია იმით, რომ

სკოლაში ბავშვებს უხსნიან სექსუალურ საკითხებს ისე, რომ არაფერს ეუბნებიან მორალურ ნორმებსა და პასუხისმგებლობაზე. ერთი თორმეტი წლის გოგონას მშობელმა თქვა: „ჩვენთან ხალხს ძალიან რელიგიური და კონსერვატიული შეხედულებები აქვს, თუმცა ჩვენს სკოლაში ბავშვებს პრეზერვატივებს ურიგებენ!“ მას და მის მეუღლეს თავზარი დასცა იმის გაგებამ, რომ მათ გოგონას თანატოლმა ბიჭებმა სექსი შესთავაზეს. როგორ დაიცვან მშობლებმა შვილები?

7. რა არის სექსუალურ დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზა?

7 იქნებ ჯობდეს, რომ საერთოდ მოერიდოთ სექსუალურ საკითხებზე საუბარს? არა. უფრო სწორი იქნება თუ თქვენ თვითონ აუხსნით შვილებს ამ საკითხებს (იგავები 5:1). ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მრავალი მშობელი გაურბის ამ თემაზე საუბარს. აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში კი იშვიათად, რომ მშობელი შვილს სექსუალურ საკითხებზე ესაუბროს. „აფრიკული კულტურისთვის ეს მიუღებელია,“ — ამბობს სიერა-ლეონეში მცხოვრები ერთი მამა. ზოგჯერ მშობლებს ჰგონიათ, რომ თუ შვილებს აუხსნიან სექსუალურ საკითხებს, ამით მათ უზნეობისკენ უბიძგებენ. მაგრამ, როგორ უყურებს ამ საკითხს ღმერთი?

ღვთის თვალსაზრისი სექსზე

8, 9. როგორ მოიხსენიებს ბიბლია სექსუალურ საკითხებს?

8 ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ არაფერია სამარცხვინო იმაში, თუ საჭიროების შემთხვევაში სექსზე ვილაპარაკებთ. ისრაელში ღვთის ხალხი უნდა შეკრებილიყო ბავშვებთან ერთად, რომ ხმამაღლა წაეკითხათ მოსეს რჯული (მეორე კანონი 31:10—12; იესო ნავეს ძე 8:35). რჯულში პირდაპირ იყო მოხსენიებული სექსუალური საკითხები: მენსტრუაცია, თესლის გამოყოფა, მრუშობა, მეძაობა, ჰომოსექსუალიზმი, სისხლის აღრევა და ცხოველებთან სქესობრივი კავშირი (ლევიანები 15:16, 19; 18:6, 22, 23; მეორე კანონი 22:22). მშობლებს, უეჭველად, ბევრი რამის ახსნა მოუწევდათ ცნობისმოყვარე შვილებისთვის.

9 იგავების მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე თავებში მოცემულია მშობლების რჩევები სექსუალური უზნეობის საშიშროებაზე. ამ მუხლებიდან გამომდინარე, უზნეობა ზოგჯერ მაცდუნებელია (იგავები 5:3; 6:24, 25; 7:14—21). ეს მუხლები გვასწავლის, რომ უზნეო საქციელი არასწორია და მას სავალალო შედეგები მოჰყვება, ახალგაზრდებს კი ურჩევს, როგორ დააღწიონ თავი უზნეობის მახეს (იგავები 5:1—14, 21—23; 6:27—35; 7:22—27). ამ მუხლებში ისიც არის ნაჩვენები, რომ სექსუალური სურვილების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მხოლოდ მეუღლესთან (იგავები 5:15—20). ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს.

10. როგორ იცავს ბავშვებს სექსუალურ საკითხებზე სწორი ინფორმაციის მიწოდება?

10 უბიძგებს ასეთი სწავლება ბავშვებს უზნეობისკენ? პირიქით, ბიბლიაში ნათქვამია: „მართალს ცოდნა გადაარჩენს“ (იგავები 11:9). ნუთუ არ გსურთ, თქვენი შვილების დაცვა ქვეყნიერების ზეგავლენისგან? ერთი მამა მოგვითხრობს: „შვილებს პატარაობიდანვე გულწრფელად ვესაუბრებოდი სექსუალურ საკითხებზე. ამიტომ, როცა სხვა ბავშვების საუბარს ისმენენ ამ თემაზე, დიდად არ ინტერესდებიან. ეს მათთვის საიდუმლოებით მოცული თემა არ არის“.

11. როგორ უნდა გავათვითცნობიეროთ შვილები თანდათანობით ინტიმურ საკითხებში?

11 როგორც წინა თავებში იყო აღნიშნული, ბავშვებისთვის სექსუალური განათლების მიცემა პატარაობიდანვე უნდა დაიწყოთ. როცა ბავშვს სხეულის ნაწილებს ასწავლით, თავს ნუ აარიდებთ სასქესო ორგანოების ხსენებას, თითქოს ეს სამარცხვინო იყოს. აუხსენით ბავშვებს რას რა ჰქვია. დროთა განმავლობაში აუცილებელია, ბავშვებმა ისწავლონ, რაზე უნდა ილაპარაკონ და რაზე არა, რა უნდა გააკეთონ და რა არა. უმჯობესია, ორივე მშობელმა ასწავლოს შვილს, რომ სასქესო ორგანოები სხეულის განსაკუთრებული ნაწილებია. მათ სხვები არ უნდა შეეხონ და არ უნდა დაათვალიერონ და არ შეიძლება მათზე უხამსი ლაპარაკი. როცა ბავშვი იზრდება, უნდა მოუყვეთ, როგორ ხდება ბავშვის ჩასახვა. ისინი კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი სქესობრივ მომწიფებაზე და ორგანიზმში მოსალოდნელ ცვლილებებზე. როგორც მე-5 თავში განვიხილეთ, ასეთი განათლება დაიცავს შვილებს სექსუალური გახრწნისგან (იგავები 2:10—14).

მშობლების საშინაო დავალება

12. რა დამახინჯებულ შეხედულებებს ახვევენ თავს ბავშვებს სკოლაში?

12 მშობლები მზად უნდა იყვნენ, წინააღმდეგობა გაუწიონ ნებისმიერ არასწორ შეხედულებას, რასაც სკოლაში ასწავლიან — ქვეყნიერების ფილოსოფიას. მაგალითად, ევოლუციის თეორიას, ნაციონალიზმს ან ცნებას იმის შესახებ, რომ არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება (1 კორინთელები 3:19; შეადარეთ დაბადების 1:27; ლევიანები 26:1; იოანე 4:24; 17:17). მრავალი პედაგოგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უმაღლესი განათლების მიღებას და თუმცა დამატებითი განათლების მიღება პირადი საქმეა, მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, თუ გინდა ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოa (ფსალმუნი 146:3—6).

13. როგორ შეიძლება ბავშვების დაცვა არასწორი შეხედულებებისგან?

13 მშობლებმა არასწორი და დამახინჯებული შეხედულებების ზეგავლენისგან რომ დაიცვან ბავშვები, ზუსტად უნდა იცოდნენ, რას ასწავლიან მათ შვილებს. ამიტომ, მშობლებო, გახსოვდეთ, რომ თქვენც გაქვთ საშინაო დავალება. დაინტერესდით, რას ასწავლიან თქვენს შვილებს. ესაუბრეთ მათ სკოლის შემდეგ. გამოჰკითხეთ, რას სწავლობენ, რომელი საგნები უყვართ და რისი სწავლა უჭირთ. შეუმოწმეთ საშინაო დავალებები, ჩანაწერები და საკონტროლოს შედეგები. გაიცანით მათი მასწავლებლები. მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ აფასებთ მათ შრომას და, შეძლებისდაგვარად, ყველაფერში მხარში ამოუდგებით.

თქვენი შვილების მეგობრები

14. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ღვთისმოშიშ შვილებს კარგი მეგობრები ჰყავდეთ?

14 „ეს ვინ გასწავლა“? თავისი შვილის ნათქვამით ან საქციელით გაოგნებულ რამდენ მშობელს დაუსვამს ეს შეკითხვა და რამდენ მათგანს მიუღია პასუხად, რომ ახალი მეგობრისგან ან მეზობლისგან ისწავლეს. დიახ, ახალგაზრდები ვართ თუ ხანდაზმულები, მეგობრები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენზე. მოციქული პავლე წერდა: „ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33; იგავები 13:20). თანატოლების გავლენაში ახალგაზრდები უფრო ადვილად ექცევიან. ისინი არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებული და დროდადრო სურვილი უჩნდებათ, რომ მეგობრებს თავი მოაწონონ ან თავი გამოიჩინონ მათ წინაშე. ამიტომ კარგი მეგობრების არჩევა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

15. როგორ შეუძლიათ მშობლებს, რომ შვილებს დაეხმარონ კარგი მეგობრების არჩევაში?

15 მშობლებმა იციან, რომ შვილები ყოველთვის ვერ გააკეთებენ სწორ არჩევანს და მათ ხელმძღვანელობა სჭირდებათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ შეურჩიოთ მეგობრები. ზრდასთან ერთად ასწავლეთ შვილებს გარჩევის უნარი და ის, თუ რა უნდა დააფასონ მეგობრებში. მეგობარში ყველაზე მეტად დასაფასებელია იეჰოვას და იმ საქმეების სიყვარული, რაც ღვთის თვალში სწორია (მარკოზი 12:28—30). ასწავლეთ შვილებს, რომ შეიყვარონ და დააფასონ პატიოსანი, კეთილი, ხელგაშლილი და შრომისმოყვარე ადამიანები. ოჯახური შესწავლის დროს დაეხმარე შვილებს დაინახონ ეს თვისებები ბიბლიურ პერსონაჟებში და შემდეგ იგივე თვისებები კრების წევრებში ეძებონ. შვილებს მაგალითს მისცემთ, თუ თქვენც ამავე პრინციპით აირჩევთ მეგობრებს.

16. როგორ შეიძლება აკონტროლონ მშობლებმა, თუ ვის უმეგობრდება მათი შვილი?

16 იცნობთ თქვენი შვილების მეგობრებს? უკეთ რომ გაიცნოთ ისინი, სახლში დაპატიჟეთ. ჰკითხეთ შვილებს, რას ფიქრობენ მათ მეგობრებზე სხვა ბავშვები. კარგი ქრისტიანები არიან, თუ გაორებულ ცხოვრებას ეწევიან? თუ გაორებულ ცხოვრებას მისდევენ, აუხსენით შვილს, რომ ასეთ საზოგადოებასთან სიახლოვე საზიანოა (ფსალმუნი 26:4, 5, 9—12). თუ შვილის ქცევაში, ჩაცმულობაში, აზროვნებასა და მეტყველებაში არასასურველ გადახრებს შეამჩნევ, შეიძლება საჭიროდ ჩათვალოთ დალაპარაკება მეგობრების არჩევაზე. შეიძლება თქვენი შვილი დროს ატარებს ისეთ მეგობრებთან, რომლებიც მასზე უარყოფით გავლენას ახდენენ (შეადარეთ დაბადების 34:1, 2).

17, 18. როგორი პრაქტიკული დახმარების გაწევა შეუძლიათ მშობლებს შვილებისთვის იმის გარდა, რომ ასწავლონ ცუდი მეგობრებისგან თავის შორს დაჭერა?

17 მაგრამ საკმარისი არ არის, შვილებს ასწავლოთ ცუდი მეგობრებისგან თავის შორს დაჭერა. დაეხმარე მათ კარგი მეგობრების შეძენაში. ერთი მამა ამბობს: „ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სანაცვლოს შეთავაზებას. მაგალითად, როცა სკოლამ მოისურვა, რომ ჩვენი ბიჭი ფეხბურთის გუნდში ჩაერიცხა, მე, ჩემი მეუღლე და ბიჭი დავსხედით და ერთად ვიმსჯელეთ, რატომ არ იქნებოდა ეს კარგი — ამას მოჰყვებოდა ურთიერთობა ახალ მეგობრებთან. მაგრამ მერე შევთავაზეთ, რომ კრების ბავშვები დაეპატიჟებინა და ერთად ევლოთ პარკში ფეხბურთის სათამაშოდ. ასე მოგვარდა პრობლემა“.

18 გონიერი მშობლები ეხმარებიან შვილებს, რომ შეიძინონ კარგი მეგობრები და სასიამოვნოდ გაატარონ მათთან დრო. მაგრამ ბევრი მშობლისთვის გართობისა და დასვენების არჩევა ადვილი არ არის.

დასვენება და გართობა

19. რომელი ბიბლიური მაგალითები ცხადყოფს, რომ მხიარულება ცოდვა არ არის?

19 განსჯის ბიბლია მხიარულებას? რა თქმა უნდა, არა! ბიბლია ამბობს, რომ არის „სიცილის დრო . . . ცეკვა-თამაშის დრო“b (ეკლესიასტე 3:4). ძველ ისრაელში ღვთის ხალხს უყვარდა მუსიკა, ცეკვა, თამაშები და გამოცანები. იესო ქრისტე დაესწრო დიდ ქორწილს და „დიდ წვეულებას“, რომელიც ლევიმ, იგივე მათემ გაუმართა (ლუკა 5:29; იოანე 2:1, 2). იესო არ უშხამებდა სხვებს მხიარულებას და ნურც თქვენს ოჯახში ჩაითვლება სიცილი და მხიარულება ცოდვად.

სურათი 99 გვერდზე

კარგად არჩეული დასვენება, მაგალითად, ოჯახური ლაშქრობა კარვებით, შვილებს დაეხმარება სწავლასა და სულიერ ზრდაში.

20. რა უნდა ახსოვდეთ მშობლებს, როცა ოჯახის გართობასა და დასვენებაზე ზრუნავენ?

20 იეჰოვა „ბედნიერი ღმერთია“ (1 ტიმოთე 1:11). ამიტომ იეჰოვას მსახურებამ სიხარული კი არ უნდა წაგვართვას, არამედ პირიქით, სიამოვნება მოგვანიჭოს (შეადარეთ მეორე კანონის 16:15). ბავშვები სიცოცხლითა და ენერგიით არიან სავსე, რასაც თამაშსა და გართობაში ხარჯავენ. კარგად მოფიქრებული გართობა მხოლოდ სიცილ-კისკისი არ არის. ბავშვი გართობის დროს სწავლობს და ვითარდება. ოჯახისთავი პასუხისმგებელია, დააკმაყოფილოს ოჯახის წევრების მოთხოვნილებები, ოჯახს კი გართობა და დასვენება სჭირდება. მაგრამ ას საკითხშიც გონიერება მოითხოვება.

21. რაზეა აქცენტირებული თანამედროვე გართობა?

21 ბიბლია წინასწარმეტყველებდა, რომ „ბოლო დღეებში“ მომრავლდებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც „უფრო სიამოვნებათა მოყვარულები იქნებოდნენ, ვიდრე ღვთისა (2 ტიმოთე 3:1—5). ბევრი მარტო გართობისა და დასვენებისთვის ცხოვრობს. დღეს იმდენნაირი გართობა არსებობს, რომ ადვილად შეიძლება დაიჩრდილოს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები. თანაც თანამედროვე გართობა ძირითადად აქცენტირებულია უზნეობაზე, სისასტიკეზე, ნარკოტიკებსა და სხვა მავნე ჩვევებზე (იგავები 3:31). როგორ დაიცვათ შვილები?

22. როგორ შეუძლიათ მშობლებს, შვილებს გონივრული გადაწყვეტილებების მიღება ასწავლონ გართობისა და დასვენების საკითხში?

22 მშობლებმა საზღვრები უნდა დაადგინონ. მაგრამ უკეთესია, შვილებს ასწავლონ კარგისა და ცუდის გარჩევა და ზომიერება. ამას დრო და მონდომება უნდა. განვიხილოთ ერთი მაგალითი. ორი შვილის მამამ შეამჩნია, რომ უფროსი ვაჟი ხშირად უსმენდა ახალ რადიოტალღას. ერთხელ, როცა მამა სამსახურში მიდიოდა, მანქანაში იგივე ტალღა დაიჭირა. დროდადრო ის აჩერებდა მანქანას და ზოგიერთი სიმღერის სიტყვებს იწერდა. მოგვიანებით მოსმენილზე ორივე ვაჟს ესაუბრა. კითხვები დაუსვა შვილებს მათი აზრის გასაგებად და ყურადღებით მოუსმინა. მსჯელობაში ბიბლიაც მოიშველია, რის შემდეგაც ბავშვებმა გადაწყვიტეს, აღარ მოესმინათ ამ ტალღისთვის.

23. როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილების დაცვა მავნე გართობისგან?

23 გონიერი ქრისტიანი მშობლები ამოწმებენ, როგორი მუსიკა, სატელევიზიო გადაცემები, ფილმები, კომიქსები და ვიდეო თამაშები მოსწონთ მათ შვილებს. ასეთი მშობლები ყურადღებას აქცევენ გარეკანს, სიმღერის ტექსტს, შეფუთვას, კითხულობენ ჟურნლ-გაზეთების სარჩევს, უყურებენ ზოგიერთ კადრს ფილმებიდან. ბევრი მშობელი აღშფოთებას ვერ მალავს იმ „გართობებზე“, რასაც დღეს ბავშვებს სთავაზობენ. ვისაც სურს დაიცვას შვილები ამ უწმინდურებისგან, ოჯახთან ერთად განიხილავს ბიბლიასა და ბიბლიურ პუბლიკაციებს, მაგალითად, „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთის!“ სტატიებს და თემებს წიგნიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“c. თუ მშობლები გონივრულ საზღვრებს გარკვევით ადგენენ და მიჰყვებიან მათ, ჩვეულებრივ ნაყოფსაც კარგს იმკიან (მათე 5:37; ფილიპელები 4:5).

24, 25. როგორი ჯანსაღი გართობისა და დასვენების არჩევა შეუძლიათ ოჯახებს?

24 თუ შვილს მარტო შეზღუდვებს დაუდგენთ მავნე გართობებზე, საქმეს ნახევრამდე მიიყვანთ. ცუდზე კარგით უნდა გაიმარჯვოთ, თორემ შვილები შეიძლება ცუდ გზას დაადგნენ. არაერთი ქრისტიანული ოჯახი სიამოვნებით იხსენებს ოჯახთან ერთად გატარებულ თბილ და ბედნიერ წუთებს, იხსენებენ ქალაქგარეთ გასვლას, ლაშქრობას, კარვებში ცხოვრებას, სპორტულ თამაშებს, ნათესავებისა და მეგობრების მონახულებას. ზოგს ძალიან მოსწონს ოჯახთან ერთად კითხვა. ზოგი სასაცილო და საინტერესო ამბების მოყოლით ისვენებს. სხვებს საერთო ჰობი აქვთ, მაგალითად, ხეზე მუშაობა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, ხატვა ან ღვთის ქმნილებების შესწავლა. ასეთი გართობა ბავშვისთვის უფრო საინტერესოა. უმოქმედოდ ჯდომასა და რაღაცის ყურებაზე მეტად, მათ მოსწონთ ისეთი გართობა, რომელშიც თვითონ მონაწილეობენ. ეს იცავს მათ უხამსი გართობისგან.

25 გართობა და დასვენება შეიძლება მეგობრულ შეხვედრებზეც. თუ შეხვედრა კარგად არის ორგანიზებული, არ არის ხალხმრავალი და ძალიან გრძელი, შვილები კმაყოფილები დარჩებიან. ასეთი შეხვედრები აძლიერებს სიყვარულის კვანძებს კრებაში (შეადარეთ ლუკას 14:13, 14; იუდა 12).

თქვენს ოჯახს შეუძლია ქვეყნიერების ძლევა

26. რა არის წარმატების საიდუმლო ოჯახში ცუდი ზეგავლენისგან თავდასაცავად?

26 როგორც ვხედავთ, ოჯახის დაცვა ქვეყნიერების დამღუპველი ზეგავლენისგან არც ისე იოლია. არსებობს წარმატების საიდუმლო. ეს საიდუმლო სიყვარულია. სიყვარული და ოჯახური სითბო თქვენს ოჯახს თავშესაფრად გადააქცევს და ჩამოყალიბდება ისეთი ურთიერთობა, რომელიც საუკეთესოდ დაგიცავთ ცუდი ზეგავლენისგან. გარდა ამისა, უფრო მნიშვნელოვანია სხვა სიყვარულის, იეჰოვას მიმართ სიყვარულის განვითარება. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები იმ აზრსაც კი არ დაუშვებენ, რომ იეჰოვას აწყენინონ და ქვეყნიერების გავლენაში მოექცნენ. მშობლები კი, რომელთაც მთელი გულით უყვართ იეჰოვა, შეეცდებიან მიბაძონ მას სიყვარულში, კეთილგონიერებასა და ზომიერებაში (ეფესოელები 5:1; იაკობი 3:17). თუ მშობლები ასე მოიქცევიან, ბავშვებისათვის იეჰოვასადმი თაყვანისცემა არ იქნება მხოლოდ აკრძალვების სია, უმხიარულო და მოსაწყენი ცხოვრება, რასაც რაც შეიძლება მალე უნდა დააღწიონ თავი. პირიქით, ისინი დაინახავენ, რომ ღვთის თაყვანისცემა არის უბედნიერესი და ყველაზე საინტერესო გზა ცხოვრებაში.

27. როგორ შეუძლია ოჯახს ქვეყნიერების ძლევა?

27 იეჰოვას ახარებს ისეთი ოჯახები, რომლებსაც არ აკლიათ სიხარული და ბედნიერება მის მსახურებაში და მთელი გულით ცდილობენ, დარჩნენ „უმწიკვლოები და უმანკოები“ და ქვეყნიერების გამხრწნელმა გავლენამ არ იმოქმედოს მათზე (2 პეტრე 3:14; იგავები 27:11). ასეთი ოჯახები მიჰყვებიან იესო ქრისტეს ნაბიჯებს, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია ქვეყნიერებას, რომელმაც ვერ აცდუნა იგი. დედამიწაზე თავისი სიცოცხლის ბოლოს იესოს შეეძლო ეთქვა: „მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოანე 16:33). თქვენც სძლიეთ ქვეყნიერებას და მთელი ოჯახით იცხოვრეთ მარადიულად!

a დამატებითი განათლების მიღების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა „იეჰოვას მოწმეები და განათლება“, გვერდები 4—7. გამოქვეყნებულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

b ებრაულ სიტყვას, რომელიც აქ „სიცილად“ არის ნათარგმნი, სხვა მნიშვნელობაც აქვს: თამაში, გართობა, ზეიმი ან მხიარულება.

c გამოქვეყნებულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

როგორ დაეხმარება ეს ბიბლიური პრინციპები თქვენს ოჯახს?

ცოდნას მოაქვს სიბრძნე, სიბრძნეს კი — სიცოცხლე (ეკლესიასტე 7:12).

„ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის“ (1 კორინთელები 3:19).

ერიდეთ ცუდ საზოგადოებას (1 კორინთელები 15:33).

ზომიერი დასვენება და გართობა აუცილებელია (ეკლესიასტე 3:4).

ის არ იყო დაჩაგრული

ქრისტიანი მშობლები პოლი და ლიუ-ანი დროდადრო სახლში წვეულებებს აწყობენ. ისინი არ იწვევენ ბევრ სტუმრებს და ცდილობენ, რომ ყველაფერმა მშვიდად და წყნარად ჩაიაროს. პოლს და ლიუ-ანს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ასეთი წვეულებები ბევრს ნიშნავს მათი შვილებისთვის.

ლიუ-ანი გვიყვება: «„ჩემი ექვსი წლის ბიჭის, ერიკის, თანაკლასელის დედა მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ძალიან ეცოდებოდა ერიკი იმის გამო, რომ ის ცალკე იჯდა და არ შეუერთდა კლასელებს დაბადების დღის აღნიშვნაში“. მე ვუთხარი: „ძალიან ვაფასებ თქვენს გულისხმიერებას და ყურადღებას ჩემი შვილის მიმართ. გეტყობათ, კარგი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ, ალბათ არ დამიჯერებთ, რომ ერიკი არ გრძნობს თავს დაჩაგრულად“. მან კვერი დამიკრა, მე კი ვუთხარი: „არ მოგერიდოთ, თვითონ ერიკს ჰკითხეთ, როგორ გრძნობს თავს“. მან ცალკე ჰკითხა ერიკს: „არ გწყდება გული, რომ არ მონაწილეობ ასეთ მშვენიერ დღესასწაულში?“ ბავშვმა ახედა მას და გაკვირვებულმა უთხრა: „თქვენ ფიქრობთ, რომ ათი წუთი, რამდენიმე ნაჭერი ნამცხვარი და სიმღერაა წვეულება? ჩვენთან მობრძანდით და ნახეთ, რა არის ნამდვილი წვეულება!“». გულწრფელმა ბავშვურმა გაოცებამ ნათელი გახადა, რომ ერიკი არც დაჩაგრულად გრძნობდა თავს და არც გარიყულად.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება