თავი მესამე
ვინ არის იესო ქრისტე?
რატომ ეწოდება იესოს ღვთის პირმშო? (1)
რატომ ეწოდება სიტყვა? (1)
რატომ მოვიდა იესო დედამიწაზე? (2—4)
რატომ ახდენდა ის სასწაულებს? (5)
რას გააკეთებს იესო ახლო მომავალში? (6)
1. დედამიწაზე მოსვლამდე იესო ზეცაში იყო. მას სულიერი სხეული ჰქონდა. ის ღვთის პირველი ქმნილება იყო და ამიტომაც ეწოდა ღვთის პირმშო (კოლოსელები 1:15; გამოცხადება 3:14). იესო იეჰოვას ერთადერთი ძეა, რომელიც უშუალოდ თვითონ შექმნა. დანარჩენი ყველაფერი კი, ზეცაში თუ დედამიწაზე, იეჰოვამ იესოსთან ერთად შექმნა; იესო იყო ოსტატი მამის გვერდით (იგავები 8:22—31; კოლოსელები 1:16, 17). ღმერთი მას თავის მთავარ წარმომადგენლადაც აგზავნიდა ხოლმე. ამიტომ ეწოდა იესოს სიტყვა (იოანე 1:1—3; გამოცხადება 19:13).
2. ღმერთმა თავისი ძის სიცოცხლე მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა და დედამიწაზე მოავლინა. აქედან გამომდინარე, იესოს ხორციელი მამა არ ჰყოლია და შესაბამისად მემკვიდრეობით არც ცოდვა მიუღია და არც არასრულყოფილება. დედამიწაზე იესოს მოსვლას სამი მიზეზი ჰქონდა: 1) ღმერთზე ჭეშმარიტება უნდა ესწავლებინა (იოანე 18:37); 2) შეენარჩუნებინა უმწიკვლობა და ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი დაეტოვებინა (1 პეტრე 2:21); 3) მსხვერპლად გაეღო სიცოცხლე, რომ ცოდვისა და სიკვდილისგან გავეთავისუფლებინეთ. რატომ გახდა ეს აუცილებელი? (მათე 20:28)
3. პირველი ადამიანი, ადამი, ღვთის ბრძანებას არ დაემორჩილა. ადამის საქციელს ბიბლია ცოდვას უწოდებს. ღმერთმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა (დაბადება 3:17—19). ადამმა დაკარგა სრულყოფილება, რადგან აღარ შეესაბამებოდა ღვთის ნორმებს, ის დაბერდა და მოკვდა. ცოდვა ადამის შთამომავლებზეც გადავიდა. ამიტომაც ვბერდებით, ავად ვხდებით და ვიხოცებით. რა იყო გამოსავალი? (რომაელები 3:23; 5:12)
4. ადამის მსგავსად იესო სრულყოფილი ადამიანი იყო. თუმცა ადამისგან განსხვავებით ის უმძიმესი განსაცდელების დროსაც კი სრულყოფილად ემორჩილებოდა ღმერთს. ამიტომაც შეეძლო მას მსხვერპლად გაეღო თავისი სრულყოფილი სიცოცხლე, ადამის ცოდვისგან რომ გავეთავისუფლებინეთ. ამას ბიბლია გამოსასყიდს უწოდებს, რაც ადამის შთამომავლებს სიკვდილის მონობისგან გათავისუფლების საშუალებას აძლევს. ყველას, ვინც ირწმუნებს იესოს, ცოდვები მიეტევება და მარადიული სიცოცხლის იმედი მიეცემა (1 ტიმოთე 2:5, 6; იოანე 3:16; რომაელები 5:18, 19).
5. დედამიწაზე ყოფნისას იესო ავადმყოფებს კურნავდა და მშივრებს აპურებდა. მან ქარიშხალიც ჩააწყნარა და მკვდრებიც კი აღადგინა. რატომ ახდენდა ის სასწაულებს? 1) გული ეწვოდა ტანჯული ხალხის შემხედვარეს და სურდა, დახმარებოდა მათ; 2) მოხდენილი სასწაულები ადასტურებდა, რომ იესო ღვთის ძე იყო; 3) მისი სასწაულები ცხადყოფდა, თუ რას გააკეთებდა იესო მორჩილი ადამიანებისთვის, როცა მთელ დედამიწაზე იმეფებდა (მათე 14:14; მარკოზი 2:10—12; იოანე 5:28, 29).
6. სიკვდილის შემდეგ ღმერთმა იესო სულიერ ქმნილებად აღადგინა. ის ზეცაში დაბრუნდა (1 პეტრე 3:18). მოგვიანებით ღმერთმა გაამეფა იესო. ის მალე ყოველგვარ უბედურებასა და ბოროტებას მოსპობს დედამიწაზე (ფსალმუნები 37:9—11; იგავები 2:21, 22).
[სურათები 7 გვერდზე]
იესო ასწავლიდა და სასწაულებს ახდენდა, ჩვენი გულისთვის მან სიცოცხლეც კი გაიღო.