თავი მეხუთე
რა მომავალი ელის დედამიწას ღვთის განზრახვის თანახმად?
რატომ შექმნა იეჰოვამ დედამიწა? (1, 2)
რატომ აღარ არის დედამიწა სამოთხე? (3)
რა ელის ბოროტ ხალხს? (4)
მომავალში რას გააკეთებს იესო ავადმყოფებისთვის, ხანდაზმულებისთვის და გარდაცვლილებისთვის? (5, 6)
კურთხევების მისაღებად რა უნდა გააკეთოთ? (7)
1. იეჰოვამ დედამიწა იმიტომ შექმნა, რომ ხალხი მარადიული სიცოცხლით დამტკბარიყო. მას სურდა, რომ დედამიწაზე ყოველთვის მართალ და ბედნიერ ხალხს ეცხოვრა (ფსალმუნები 115:16; ესაია 45:18). დედამიწა არასოდეს განადგურდება, ის მარადიულად იარსებებს (ფსალმუნები 104:5; ეკლესიასტე 1:4).
2. ადამიანის შექმნამდე ღმერთმა დედამიწის ერთი პატარა ადგილი თვალწარმტაც სამოთხედ აქცია, ედემის ბაღი უწოდა და პირველი მამაკაცი და ქალი, ადამი და ევა, იქ დაასახლა. ღვთის განზრახვის თანახმად ისინი უნდა გამრავლებულიყვნენ, აევსოთ მთელი დედამიწა და სამოთხედ ექციათ (დაბადება 1:28; 2:8, 15).
3. ადამმა და ევამ შეგნებულად დაარღვიეს ღვთის კანონი, შესცოდეს და იეჰოვამაც განდევნა ისინი ედემის ბაღიდან. ასე დაიკარგა სამოთხე (დაბადება 3:1—6, 23). მაგრამ იეჰოვას არ დავიწყებია თავისი განზრახვა — მთელი დედამიწა ექცია სამოთხედ, სადაც ხალხი მარადიულად იცხოვრებდა. როგორ შეასრულებს ღმერთი თავის განზრახვას? (ფსალმუნები 37:29)
4. დედამიწა სამოთხედ რომ იქცეს, ჯერ ბოროტი ხალხი უნდა განადგურდეს (ფსალმუნები 37:38). ეს მოხდება არმაგედონში, ანუ ღვთის ომში, რომელიც ბოლოს მოუღებს ბოროტებას. ამას მოჰყვება სატანის შებორკვა 1 000 წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოროტები დედამიწას ვეღარაფერს დააკლებენ. მხოლოდ ღვთის ხალხი გადარჩება (გამოცხადება 16:14, 16; 20:1—3).
5. ათასი წლის განმავლობაში იესო ქრისტე მთელ დედამიწაზე იმეფებს (გამოცხადება 20:6). ის ნელ-ნელა აღმოფხვრის ცოდვას ჩვენი გონებიდან და სხეულიდან. ჩვენ ისეთივე სრულყოფილი ადამიანები გავხდებით, როგორებიც ადამი და ევა იყვნენ შეცოდებამდე. აღარც ვიავადმყოფებთ, აღარც დავბერდებით და აღარც დავიხოცებით. ავადმყოფები განიკურნებიან და ხანდაზმულები გაახალგაზრდავდებიან (იობი 33:25; ესაია 33:24; გამოცხადება 21:3, 4).
6. ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს ერთგული ხალხი მთელ დედამიწას სამოთხედ გადააქცევს (ლუკა 23:43). მილიონობით გარდაცვლილი აღდგება დედამიწაზე საცხოვრებლად (საქმეები 24:15). თუ ღვთის მოთხოვნებს შეასრულებენ, ისინი მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე, თუ არადა განადგურდებიან (იოანე 5:28, 29; გამოცხადება 20:11—15).
7. ღმერთი თავის განზრახვას შეასრულებს. გსურთ, თქვენც მიიღოთ კურთხევები? მაშინ განაგრძეთ იეჰოვას გაცნობა და შეასრულეთ მისი მოთხოვნები. ამაში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში შეხვედრებზე დასწრება დაგეხმარებათ (ესაია 11:9; ებრაელები 10:24, 25).
[სურათი 10 გვერდზე]
სამოთხე დაიკარგა.
[სურათები 11 გვერდზე]
არმაგედონის შემდეგ ადამიანები დედამიწას სამოთხედ გადააქცევენ.