თავი მეექვსე
რა არის ღვთის სამეფო?
სად არის ღვთის სამეფო? (1)
ვინ არის მეფე? (2)
კიდევ ვინ მმართველობს ღვთის სამეფოში? (3)
რა ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ? (4)
რას გააკეთებს ღვთის სამეფო ხალხისთვის მომავალში? (5—7)
1. დედამიწაზე მსახურების დროს იესო თავის მიმდევრებს ღვთის სამეფოზე ლოცვას ასწავლიდა. სამეფო არის მთავრობა, რომელსაც სათავეში უდგას მეფე. ღვთის სამეფო განსაკუთრებული მთავრობაა; ის ზეციერი სამეფოა, რომელიც დედამიწას უხელმძღვანელებს. ის განწმენდს ღვთის სახელს, და ღვთის ნებას დედამიწაზეც ისევე შეასრულებს, როგორც ზეცაში ასრულებს (მათე 6:9, 10).
2. ღვთის განზრახვის თანახმად ამ სამეფოს მეფე იესო უნდა გამხდარიყო (ლუკა 1:30—33). დედამიწაზე ცხოვრებით იესომ დაამტკიცა, რომ კეთილი, სამართლიანი და სრულყოფილი მმართველი იქნებოდა; თუმცა ის ზეცაში დაბრუნებისთანავე არ გამეფებულა ღვთის სამეფოში (ებრაელები 10:12, 13). იეჰოვამ 1914 წელს გადასცა იესოს აღთქმული მეფობა და მას შემდეგ იესო ზეცაში მმართველობს, როგორც იეჰოვას მიერ დაყენებული მეფე (დანიელი 7:13, 14).
3. იეჰოვამ ერთგული მამაკაცები და ქალები ამოარჩია დედამიწიდან ზეცაში ასაყვანად. იესოსთან ერთად ისინიც მთელი კაცობრიობის მეფეები, მოსამართლეები და მღვდლები იქნებიან (ლუკა 22:28—30; გამოცხადება 5:9, 10). იესომ მცირე სამწყსო უწოდა თავის თანამმართველებს, რომელთა რიცხვიც 144 000-ს შეადგენს (ლუკა 12:32; გამოცხადება 14:1—3).
4. გამეფდა თუ არა, იესომ სატანა და მისი ბოროტი ანგელოზები ზეციდან დედამიწაზე გადმოყარა. ამიტომაც გაუარესდა მდგომარეობა დედამიწაზე 1914 წლიდან (გამოცხადება 12:9, 12). ომები, შიმშილობა, ეპიდემიები და უკანონობის გამრავლება იმ ნიშნის ნაწილია, რომელიც მიუთითებს, რომ იესო მმართველობს და ქვეყნიერების ბოლო დღეებია (მათე 24:3, 7, 8, 12; ლუკა 21:10, 11; 2 ტიმოთე 3:1—5).
5. იესო მალე გაასამართლებს ხალხს და მწყემსის მსგავსად გამოარჩევს ცხვრებს თხებისგან. „ცხვრები“ მისი ერთგული მხარდამჭერები არიან, ისინი მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე; „თხები“ კი ღვთის სამეფოს უარმყოფელები არიან (მათე 25:31—34, 46). ახლო მომავალში იესო ყველა თხისმაგვარ ადამიანს მოსპობს (2 თესალონიკელები 1:6—9). თუ გინდათ, იესოს ცხვრებს შორის დაიმკვიდროთ ადგილი, ყურად იღეთ სამეფოს ცნობა და ნასწავლის თანახმად იცხოვრეთ (მათე 24:14).
6. დედამიწაზე უამრავი ქვეყანაა და თითოეულს თავისი მთავრობა ჰყავს. ხშირად ისინი ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ ყველა მიწიერ მთავრობას ღვთის სამეფო მოუღებს ბოლოს. ის იქნება ერთადერთი სამეფო, რომელიც მთელ დედამიწას უხელმძღვანელებს (დანიელი 2:44). მაშინ აღარც ომები იქნება, აღარც დამნაშავეობა და აღარც ძალადობა. ყველა გაერთიანდება და მშვიდობიანად იცხოვრებს (მიქა 4:3, 4).
7. იესოს ათასწლიანი მეფობის განმავლობაში ერთგული ადამიანები გასრულყოფილდებიან. მაშინ მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. ათასი წლის ბოლოს დაასრულებს იესო ღვთის დავალებას და სამეფოს მამას გადასცემს (1 კორინთელები 15:24). მოუყევით თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს ღვთის სამეფოს შესახებ.
[სურათი 13 გვერდზე]
იესოს მმართველობის დროს ყველას ეყვარება ერთმანეთი.