გაკვეთილი 24
სიტყვების შერჩევა
სიტყვებს დიდი ძალა აქვს. მათი საშუალებით შეგვიძლია აზრთა ურთიერთგაზიარება. მაგრამ სიტყვებმა მიზანს რომ მიაღწიოს, მათი სწორად შერჩევაა საჭირო. ერთი და იმავე სიტყვის გამოყენება ზოგჯერ შეიძლება დროული იყოს, ზოგჯერ კი — სრულიად უადგილო. უდროო დროს გამოყენებული მახვილგონივრული სიტყვაც კი შეიძლება „მწარე სიტყვად“ იქცეს, რაც უბრალოდ დაუფიქრებლობის მაჩვენებელი იქნება. ზოგი სიტყვა ორაზროვანია და შეიძლება საწყენად და დამამცირებლადაც კი იქნეს მიღებული (იგავ. 12:18; 15:1). კეთილი და გამამხნევებელი სიტყვები კი ადამიანს ახალისებს (იგავ. 12:25). საჭირო სიტყვების შერჩევა გონიერი კაცისთვისაც კი არ არის ყოველთვის ადვილი. ბიბლიის თანახმად, სოლომონს ესმოდა, რომ „სასიამოვნო სიტყვებსა“ და „ზუსტ სიტყვებს“ ძებნა სჭირდებოდა (ეკლ. 12:10).
ზოგ ენაში საჭიროა განსაზღვრული სიტყვებით მიმართო უფროსი ასაკის ადამიანებსა და თანამდებობის პირებს, მაშინ როცა თანატოლებსა და შენზე უმცროსებს შეგიძლია სხვა სიტყვებით მიმართო. მიღებული ნორმების უგულებელყოფა უზრდელობად ითვლება. აგრეთვე მართებული არ არის საკუთარ თავთან დაკავშირებით პატივისცემის გამომხატველი ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც სხვებთან მიმართებაში უნდა გამოიყენო. რაც შეეხება სხვების პატივისცემას, ბიბლია უფრო მაღალ ნორმებს გვიდგენს, ვიდრე ეს შეიძლება კანონით ან ტრადიციით იყოს დადგენილი. ბიბლია ქრისტიანებს მოგვიწოდებს, ‘პატივი ვცეთ ყველას’ (1 პეტ. 2:17). ის, ვინც გულწრფელად ითვალისწინებს ამ რჩევას, პატივისცემით ელაპარაკება ნებისმიერი ასაკის ადამიანს.
ცხადია, ბევრი, ვინც ჭეშმარიტი ქრისტიანი არ არის, საუბარში უხეშ და უხამს სიტყვებს იყენებს. ზოგი ფიქრობს, რომ უხეშად ნათქვამს მეტი წონა აქვს. ზოგჯერ კი ასეთი მეტყველება უბრალოდ სიტყვათა მწირი მარაგის ბრალია. მას, ვინც იეჰოვას გაცნობამდე ჯეროვნად არ მეტყველებდა, შეიძლება გაუჭირდეს ცვლილების მოხდენა, მაგრამ მეტყველების შეცვლა შესაძლებელია. ქრისტიანს ამაში ღვთის სული დაეხმარება, თუ თავის მხრივაც ეცდება საკუთარი ლექსიკის გამდიდრებას სასიამოვნო და გამამხნევებელი სიტყვებით და შემდეგ მათ გამოყენებას (რომ. 12:2; ეფეს. 4:29; კოლ. 3:8).
ადვილად გასაგები ენა. კარგი მეტყველება რომ გქონდეს, აუცილებელია, გასაგებად ილაპარაკო (1 კორ. 14:9). თუ ისეთ სიტყვებს გამოიყენებ, რომლებსაც მსმენელი ვერ გაიგებს, შენი საუბარი უცხო ენაზე ლაპარაკს დაემსგავსება.
ზოგ სიტყვას გარკვეულ პროფესიულ წრეებში ხმარობენ. შეიძლება ამა თუ იმ პროფესიის ადამიანები საუბარში ყოველდღიურად იყენებენ ასეთ ტერმინებს. მაგრამ თუ მათ სხვა წრეში გამოიყენებ, ნათქვამის აზრი გაურკვეველი იქნება. გარდა ამისა, სრულიად გასაგები სიტყვებიც რომ გამოიყენო, მსმენელს ყურადღება გაეფანტება, თუ არასაჭირო წვრილმანების გარჩევას დაიწყებ.
კარგი მომხსენებლის სიტყვებს ის ადამიანებიც კი ადვილად იგებენ, რომელთაც სათანადო განათლება არ მიუღიათ. კარგი მომხსენებელი იეჰოვას ჰბაძავს და „საწყალს“ არ უგულებელყოფს (იობ. 34:19). თუ მომხსენებელი საჭიროდ თვლის უცნობი სიტყვის გამოყენებას, კარგი იქნება, მოკლედ განმარტოს მისი მნიშვნელობა.
კარგად შერჩეული მარტივი სიტყვები მკაფიოდ გამოხატავს აზრს. მოკლე წინადადებებსა და მარტივ სიტყვებს მსმენელი ადვილად აღიქვამს. დროდადრო მართებულია გრძელი წინადადებების გამოყენებაც იმისათვის, რომ მთლიანობაში ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკი არ გამოგივიდეს. მაგრამ მთავარი აზრები — რომლებიც გინდა, რომ მსმენელმა დაიმახსოვროს — უმჯობესია, მარტივი სიტყვებითა და მოკლე წინადადებებით გადმოსცე.
სიტყვების მრავალფეროვნება და სიზუსტე. ენაში ბევრი ლამაზი სიტყვა არსებობს. ამიტომაც ყოველგვარ სიტუაციაში ერთი და იმავე სიტყვებს ნუ გამოიყენებ. შეეცადე ლექსიკის გამდიდრებას. ამ შემთხვევაში შენი მეტყველება საინტერესოც იქნება და შინაარსიანიც. მაგრამ როგორ უნდა გაიმდიდრო სიტყვათა მარაგი?
კითხვის დროს მონიშნე სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც ზუსტად არ იცი და, თუ საშუალება გაქვს, ლექსიკონში მოძებნე. შეარჩიე მათგან რამდენიმე სიტყვა და შეეცადე გამოყენებას, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგეცემა. დაუკვირდი, წარმოთქვამ თუ არა მათ სწორად და იყენებ თუ არა სათანადოდ — ისე, რომ ეს სიტყვები ადვილი გასაგები იყოს და მხოლოდ ყურადღებას არ იქცევდეს. სიტყვათა მარაგს თუ გაიმდიდრებ, შენს მეტყველებაში შესამჩნევი იქნება სიტყვების მრავალფეროვნება. მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი რამ: თუ ვინმე არასწორად წარმოთქვამს ან უადგილოდ იყენებს სიტყვებს, მსმენელმა შეიძლება იფიქროს, რომ მას თავად არ ესმის ის, რაზეც ლაპარაკობს.
ლექსიკას ინფორმაციის უკეთ გადასაცემად ვიმდიდრებთ და არა მსმენელზე შთაბეჭდილების მოსახდენად. რთულად აღსაქმელი, გრძელი სიტყვების გამოყენებით მომხსენებელი მხოლოდ საკუთარ ლექსიკაზე გაამახვილებდა ყურადღებას. ჩვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ მსმენელს საინტერესოდ გადავცეთ ფასდაუდებელი ინფორმაცია. გაიხსენე ბიბლიური იგავი: „ბრძენის ენა ცოდნას სასიკეთოდ იყენებს“ (იგავ. 15:2). შესაფერის და ადვილად გასაგებ სიტყვებს თუ გამოვიყენებთ, ჩვენი მოსმენა გამომაცოცხლებელი და გამამხნევებელი იქნება და არა — მოსაწყენი და უინტერესო.
სიტყვათა მარაგის შევსებისას ყურადღება მიაქციე სიტყვების სათანადოდ გამოყენებას. ორ სიტყვას შეიძლება თითქმის ერთი და იგივე მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ ოდნავ მაინც განსხვავდებოდეს, რის გამოც ისინი სხვადასხვა შემთხვევაში უნდა გამოიყენო. საჭირო სიტყვების გამოყენებას თუ ისწავლი, უფრო გასაგებად ჩამოაყალიბებ აზრს და მსმენელის შეურაცხმყოფელი სიტყვების თქმასაც მოერიდები. მოუსმინე მათ, ვინც კარგად მეტყველებს. ზოგ ლექსიკონში თითოეულ სიტყვას სინონიმები (მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვები) და ანტონიმები (საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვები) ახლავს. ამგვარად, ერთი და იმავე აზრის გამოსახატავად სხვადასხვა სიტყვას იპოვი და მათ მნიშვნელობებს შორის არსებულ მცირე განსხვავებასაც უკეთ დაინახავ. ასეთი ლექსიკონი განსაკუთრებით იმ დროს დაგეხმარება, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში აზრის ზუსტად გამოსახატავად საჭირო სიტყვის მოძებნა დაგჭირდება. შენს სიტყვათა მარაგს ახალი სიტყვა რომ შემატო, სწორად უნდა გესმოდეს მისი მნიშვნელობა, სწორად უნდა წარმოთქვამდე მას და უნდა იცოდე, რა შემთხვევაში შეიძლება მისი გამოყენება.
კონკრეტული ფრაზები ზოგად ფრაზებზე უფრო ნათლად გამოხატავს აზრს. მაგალითად, გამომსვლელმა შეიძლება თქვას: „იმ დროს ბევრი დაავადდა“. მას შეეძლო ასეც ეთქვა: «პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, 21 000 000 ადამიანი იმსხვერპლა „ესპანურმა გრიპმა“». ყურადღება მიაქციე, რამხელა სხვაობაა, როდესაც სიტყვებს „იმ დროს“, „ბევრი“ და „დაავადდა“ მომხსენებელი აკონკრეტებს. ამისათვის საჭიროა მსჯელობის საგანთან დაკავშირებული ფაქტების ცოდნა და საჭირო სიტყვების შერჩევა.
სათანადოდ შერჩეული სიტყვებით სხარტად შეძლებ აზრის გადმოცემას. მრავალსიტყვაობა ნათქვამს აბუნდოვანებს. მარტივად გადმოცემა მსმენელს უადვილებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმასა და დამახსოვრებას. აზრის მარტივად გამოხატვა ხელს უწყობს მსმენელისთვის ცოდნის ზუსტად გადაცემას. იესო ქრისტე, უბადლო მასწავლებელი, მარტივ ენას იყენებდა. მას მიჰბაძე (იხილე მათეს 5:3—12-სა და მარკოზის 10:17—21-ში ჩაწერილი მაგალითები). ისწავლე აზრის მოკლედ და კონკრეტულად გამოხატვა.
სიტყვები, რომლებიც აზრს მკაფიოდ და ცოცხლად გადმოსცემს. ლექსიკის გამდიდრებას თუ ცდილობ, მხოლოდ ახალ სიტყვებს კი ნუ დაუწყებ ძებნას, არამედ განსაკუთრებული თავისებურების მქონე სიტყვების გამოყენებასაც შეეცადე. მაგალითად, გამოიყენე ზმნები, რომლებიც აზრს უფრო ძლიერად გამოხატავს, აგრეთვე ზედსართავი სახელები, რომელთა დახმარებითაც ენა ხატოვანი ხდება, და სხვა ნებისმიერი სიტყვა, რომელიც სითბოს, კეთილმოსურნეობას ან სერიოზულობას გამოხატავს.
ბიბლიაში ხშირად არის გამოყენებული ასეთი ხატოვანი ენა. წინასწარმეტყველ ამოსის პირით იეჰოვამ თქვა: „კარგი ეძებეთ და არა ცუდი . . . შეიძულეთ ის, რაც ცუდია და შეიყვარეთ ის, რაც კარგია“ (ამოს. 5:14, 15). მეფე საულს წინასწარმეტყველმა სამუელმა უთხრა: „დღეს გამოგგლიჯა იეჰოვამ ისრაელის მეფობა“ (1 სამ. 15:28). იეჰოვა ეზეკიელს ისეთი სიტყვებით ელაპარაკა, რომლებსაც კაცი ადვილად ვერ დაივიწყებს: „ყველანი შუბლმაგარნი და გულქვანი არიან ისრაელის სახლში“ (ეზეკ. 3:7). ისრაელთა ცოდვების სერიოზულობის ხაზგასასმელად იეჰოვამ იკითხა: „განა მოჰპარავს ადამიანი ღმერთს რამეს?! მაგრამ თქვენ მპარავთ“ (მალ. 3:8). დანიელმა შთამბეჭდავად აღწერა ბაბილონში იეჰოვას თაყვანისმცემელთა რწმენის გამოცდა. მან დაწერა, რომ „ნაბუქოდონოსორი რისხვით აღივსო“, როდესაც შადრაქმა, მეშაქმა და აბედნეგომ კერპს თაყვანი არ სცეს, შემდეგ კი ბრძანა, შეეკრათ ისინი და „გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ“. სიმხურვალის უკეთ აღსაწერად, დანიელმა აღნიშნა, რომ მეფეს ნაბრძანები ჰქონდა, „ჩვეულებრივზე შვიდჯერ მეტად გაეხურებინათ ღუმელი“. ღუმელი ისე გავარვარდა, რომ მასთან მიახლოებისას მეფის კაცები დაიხოცნენ (დან. 3:19—22). სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იესომ იერუსალიმში ხალხთან ლაპარაკის დროს დიდი გრძნობა ჩააქსოვა თავის სიტყვებში: „რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი“ (მათ. 23:37, 38).
კარგად შერჩეული სიტყვები დიდხანს რჩება მსმენელს გონებაში. თუ ისეთ სიტყვებს გამოიყენებ, რომლებიც გრძნობებზე მოქმედებს, მსმენელი, ასე ვთქვათ, დაინახავს და შეეხება იმას, რაც მხედველობაში გაქვს, შეიგრძნობს მოხსენიებული საჭმლის გემოსა და სუნს, გაიგონებს აღწერილ ხმებსა და იმ ადამიანების სიტყვებს, რომლებზეც ლაპარაკობ. ის გულისყურით მოგისმენს, რადგან გონებაში ცოცხლად წარმოიდგენს შენს ნათქვამს.
სიტყვებს, რომლებიც ცოცხლად გამოხატავს აზრს, შეუძლია გააცინოს ან აატიროს ადამიანი. სიტყვებმა შეიძლება ვინმე დააიმედოს, გულგატეხილ ადამიანს სიცოცხლის სურვილი დაუბრუნოს და შემოქმედის სიყვარული გაუღვივოს. მსოფლიოში უამრავ ადამიანს მისცა იმედი ბიბლიურ მუხლებში — მაგალითად ფსალმუნის 37:10, 11, 34-ში, იოანეს 3:16-სა და გამოცხადების 21:4, 5-ში — ჩაწერილმა სიტყვებმა.
ბიბლიისა და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებული პუბლიკაციების კითხვისას ბევრ საინტერესო სიტყვასა და ფრაზას შენიშნავ (მათ. 24:45). ყურადღება მიაქციე მათ. მონიშნე, რომელიც მოგეწონება და ლაპარაკისას გამოიყენე.
დახვეწილი მეტყველება. ზოგი ხვდება, რომ ყოველთვის გამართულად არ ლაპარაკობს. რის გაკეთებაა შესაძლებელი ამ შემთხვევაში?
სკოლის მოსწავლეებმა უნდა ისარგებლონ შესაძლებლობით, რომელიც მათ აქვთ — ისწავლონ გრამატიკა და სიტყვების სწორად გამოყენება. კარგად თუ არ გესმის ესა თუ ის გრამატიკული წესი, მასწავლებელს სთხოვე, აგიხსნას. მხოლოდ ნიშნისთვის ნუ ისწავლი. ამისათვის, სხვა მოსწავლეებისგან განსხვავებით, შენ განსაკუთრებული სტიმული გაქვს — შენ გინდა, სასიხარულო ცნობის კარგი მქადაგებელი გახდე.
რა უნდა გააკეთო, თუ სრულწლოვანი ხარ, მაგრამ უცხო ენაზე ლაპარაკი გიწევს ან სკოლაში საკუთარი ენის კარგად სწავლის შესაძლებლობა არ გქონია? გული არ უნდა გაიტეხო. შეეცადე უკეთ შეისწავლო ენა სასიხარულო ცნობის უკეთესად საქადაგებლად. გამართულად მეტყველებას, ძირითადად, სხვების მოსმენით ვსწავლობთ. ამიტომ ყურადღებით უსმინე კარგ მომხსენებლებს. ბიბლიისა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციების კითხვისას ყურადღება მიაქციე, როგორ არის აგებული წინადადებები, რა სიტყვათა შეთანხმებები გხვდება და რა კონტექსტშია გამოყენებული ესა თუ ის სიტყვა. შეეცადე ლაპარაკისას გამოიყენო ის, რასაც ისწავლი.
გასართობი გადაცემების წამყვანები და მომღერლები ხშირად გრამატიკის წესებს არად დაგიდევენ. მათ კი ბევრი ჰბაძავს. ნარკოტიკებით მოვაჭრეებსა და დამნაშავეთა სამყაროში გაერთიანებულ ადამიანებს თუ სხვებს, რომლებიც ზნეობრივ ნორმებს უგულებელყოფენ, თავიანთი ენა აქვთ და ზოგ სიტყვას სრულიად განსხვავებული მნიშვნელობით იყენებენ. ქრისტიანებს არ შეგვეფერება მათი მიბაძვა. ეს ისეთ შთაბეჭდილებას შექმნიდა, რომ ჩვენც ქვეყნიერების ნაწილი ვართ და მათ მსგავსად ვცხოვრობთ (იოან. 17:16).
მიეჩვიე ყოველდღე დახვეწილ მეტყველებას. თუ ჩვეულებრივ დაუდევრად ლაპარაკობ, ნუ იფიქრებ, რომ როცა დაგჭირდება, ნორმალურად შეძლებ ლაპარაკს. თუ ყოველთვის გამართულად მეტყველებას შეეცდები, არც სცენაზე გამოსვლისას და ქადაგებისას გაგიჭირდება გამართულად ლაპარაკი.