საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wt თ. 9 გვ. 79-89
  • აღდგომის იმედის ძალა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აღდგომის იმედის ძალა
  • თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რატომ უდევს აღდგომა საფუძვლად ქრისტიანულ რწმენას?
  • ჰადესის გასაღების გამოყენება
  • აღდგომის იმედით გაძლიერებულნი
  • აღდგომა — სწავლება, რომელიც გავლენას ახდენს შენზე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • აღდგომა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აღდგომის იმედი — რას ნიშნავს ის შენთვის?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • იქნება მართალთა აღდგომა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1995
იხილეთ მეტი
თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
wt თ. 9 გვ. 79-89

თავი მეცხრე

აღდგომის იმედის ძალა

1. აღდგომის იმედის გარეშე რა მდგომარეობაში დარჩებოდნენ მიცვალებულები?

დაგიკარგავს საყვარელი ადამიანი? აღდგომის იმედი რომ არ არსებობდეს, მათ ვეღარასოდეს ვნახავდით. ბიბლია მკვდრების მდგომარეობას ასე აღწერს: «მკვდრებმა კი არაფერი იციან... რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში [„შეოლში“, აქ (სამარეში)], სადაც მიდიხარ» (ეკლესიასტე 9:5, 10).

2. რა სასწაულებრივი იმედი იქცევა რეალობად აღდგომის საშუალებით?

2  იეჰოვამ თავისი გულმოწყალებით უთვალავ მიცვალებულს მკვდრეთით აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის ფასდაუდებელი შესაძლებლობა მისცა. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია გქონდეს შესანიშნავი იმედი — ერთ მშვენიერ დღეს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში კვლავ იხილავ საყვარელ ადამიანებს, რომლებიც ახლა სიკვდილის ძილით არიან მიძინებული (მარკოზი 5:35, 41, 42; საქმეები 9:36—41).

3. ა) რა მხრივ ასრულებს მნიშვნელოვან როლს მკვდრეთით აღდგომა იეჰოვას განზრახვის შესრულებაში? ბ) განსაკუთრებით როდის გვაძლიერებს აღდგომის იმედი?

3  აღდგომის იმედის გამო ჩვენ ავადმყოფურად არ უნდა გვეშინოდეს სიკვდილის. იეჰოვას შეუძლია თავისი მსახურებისთვის ხანგრძლივი ზიანის მიყენების გარეშე დართოს ნება სატანას, უკიდურეს ზომამდე შეეცადოს თავისი ბოროტი ბრალდების დამტკიცებას იმის თაობაზე, რომ „სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი“ (იობი 2:4). იესო თვით სიკვდილამდეც კი ღვთის ერთგული იყო, რის გამოც ღმერთმა ზეციერი ცხოვრებისთვის აღადგინა. ამიტომ, იესოს შეეძლო თავისი სრულყოფილი ადამიანური მსხვერპლის ფასი მამის ზეციერი ტახტის წინაშე წარედგინა, რაც ჩვენი სიცოცხლის გადარჩენას მოემსახურებოდა. აღდგომის საშუალებით „მცირე სამწყსოს“ წარმომადგენლებს, როგორც ქრისტეს თანამემკვიდრეებს, აქვთ იმედი, რომ იესოს შეუერთდებიან ზეციერ სამეფოში (ლუკა 12:32). ხოლო სხვებისთვის არსებობს იმედი, რომ სამოთხეში დედამიწაზე მარადიული სიცოცხლისთვის აღდგებიან (ფსალმუნი 36:11, 29). აღდგომის იმედი ყველა ქრისტიანს აძლევს „აღმატებულ ძლიერებას“, როდესაც განსაცდელის დროს სიკვდილს უყურებენ თვალებში (2 კორინთელთა 4:7).

რატომ უდევს აღდგომა საფუძვლად ქრისტიანულ რწმენას?

4. ა) რა გაგებით არის მკვდრეთით აღდგომა „სწავლების საწყისების“ ერთ-ერთი შემადგენელი? ბ) რა აზრი აქვს ქვეყნიერებას აღდგომაზე?

4  მკვდრეთით აღდგომა ებრაელთა 6:1, 2-ის მიხედვით «სიტყვის [„სწავლების“, აქ] საწყისებში» შედის. ის ჩვენი რწმენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომლის გარეშეც ვერასდროს გავხდებოდით მოწიფული ქრისტიანები (1 კორინთელთა 15:16—19). მაგრამ მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული ბიბლიური სწავლება ქვეყნიური აზროვნებისთვის უცხოა. სულიერობას მოკლებულ სულ უფრო მეტ ადამიანს მხოლოდ დღევანდელი ცხოვრება ესახება რეალურად, რის გამოც მათი მთავარი საზრუნავი განცხრომისკენ სწრაფვაა. გარდა ამისა, ტრადიციული რელიგიების მიმდევრებს — როგორც ქრისტიანულ სამყაროში, ისე მის გარეთ — სწამთ, რომ უკვდავი სული აქვთ. მაგრამ ასეთი მრწამსი არ ეთანხმება აღდგომასთან დაკავშირებულ ბიბლიურ სწავლებას, რადგან, თუ ადამიანებს უკვდავი სული ექნებოდათ, მათი აღდგომა საჭირო აღარ იქნებოდა. ამ ორი შეხედულების ერთმანეთისთვის მორგება უფრო დამაბნეველია, ვიდრე იმედის შთამნერგავი. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ჭეშმარიტებით დაინტერესებულ გულწრფელ ადამიანებს?

5. ა) უპირველესად რა უნდა ესმოდეს ადამიანს, სანამ აღდგომის მნიშვნელობას გაიგებდეს? ბ) საღვთო წერილიდან რომელ მუხლებს გამოიყენებდი სულისა და მკვდრების მდგომარეობის ასახსნელად? გ) რის გაკეთება შეიძლება გახდეს საჭირო, სულის შესახებ ჭეშმარიტების ასახსნელად?

5  სანამ ასეთი ადამიანები გაიგებენ, თუ რა შესანიშნავი ძღვენია აღდგომა, სწორად უნდა ესმოდეთ, რა არის სული და რა მდგომარეობაში არიან მიცვალებულები. ხშირად საღვთო წერილიდან მხოლოდ რამდენიმე ადგილის ამოკითხვაა საკმარისი, რომ ეს საკითხები გასაგები გახდეს ბიბლიურ ჭეშმარიტებას მოწყურებული ადამიანისთვის (დაბადება 2:7, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884; ფსალმუნი 145:3, 4; ეზეკიელი 18:4). მაგრამ ბიბლიის ზოგი თანამედროვე გამოცემა და შინაარსობრივი თარგმანი აბუნდოვნებს ჭეშმარიტებას სულის შესახებ. ამავე დროს, დამაბნეველი შეიძლება იყოს ისიც, რომ ქართულ ენაში ერთი სიტყვით (სული) გადმოდის სხვადასხვა ებრაული და ბერძნული სიტყვა. ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს ბიბლიის ორიგინალის ენებზე გამოყენებული სიტყვების განხილვა.

6. როგორ შეგიძლია დაეხმარო ადამიანს, გაიგოს სულის მნიშვნელობა?

6  „სულის“ შესატყვისი ებრაული სიტყვები არის „ნეფეშ“ და „რუაჰ“. მათი შესაბამისი ბერძნული სიტყვები კი — „ფსიხე“ და „პნეუმა“. სიტყვებს „ნეფეშ“ და „ფსიხე“ შემდეგი მნიშვნელობები აქვს: 1) პიროვნება, 2) ცხოველი, 3) სიცოცხლე (საქმეები 7:14; ლევიანნი 24:18; მარკოზი 10:45). „რუაჰ“ და „პნეუმა“ კი „სასიცოცხლო ძალას“ ნიშნავს (ეკლესიასტე 3:19, 20; ლუკა 23:46). იგივე სიტყვები გამოიყენება, როცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ღმერთი სულია“ ან ანგელოზები სულები არიან, ან როცა საუბარია ღვთის სულიწმიდაზე, ანუ წმინდა სულზე (იოანე 4:24; ებრაელთა 1:7; საქმეები 2:4). „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ამ მხრივ განსაკუთრებულად დასაფასებელია, რადგან მკითხველს ეხმარება აღნიშნული ებრაული და ბერძნული სიტყვების მნიშვნელობის გაგებაში. იმის ცოდნა, თუ რომელი ებრაული და ბერძნული სიტყვებია გამოყენებული ამა თუ იმ ბიბლიურ მუხლში, დაეხმარება გულწრფელ შემსწავლელს იმის გაგებაში, თუ რა მნიშვნელობით იყენებს ბიბლია სიტყვას „სული“. როგორც დავინახეთ, ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ სული ადამიანის სხეულში დასადგურებული რაღაც უხილავი სუბსტანციაა, რომელიც სიკვდილის დროს ტოვებს სხეულს და სადღაც აგრძელებს ცხოვრებას.

7. როგორ ახსნიდი ბიბლიიდან იმათ მდგომარეობას, ვინც იმყოფება „შეოლში“? „ჰადესში“? „გეენაში“?

7  აგრეთვე „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ებრაული სიტყვა „შეოლ“ ყველგან გადმოდის როგორც „შეოლი“, ბერძნული სიტყვები „ჰადეს“ და „გეენაც“ გადაუთარგმნელი რჩება. „შეოლსა“ და „ჰადესს“ ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს (ფსალმუნი 15:10, ებრაულ ტექსტში გამოყენებულია სიტყვა „შეოლ“; საქმეები 2:27, ბერძნულ ტექსტში გამოყენებულია სიტყვა „ჰადეს“). ბიბლიიდან ცხადი ხდება, რომ „შეოლიც“ და „ჰადესიც“ საერთო საკაცობრიო სამარეზე მიუთითებს, და არა რაღაც სატანჯველ ადგილზე; ეს სიტყვები დაკავშირებულია სიკვდილთან და არა სიცოცხლესთან (ფსალმუნი 88:49; გამოცხადება 20:13, აფ). წმინდა წერილები აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს, რომ აღდგომის საშუალებით შესაძლებელია საერთო საკაცობრიო სამარიდან დაბრუნება (იობი 14:13; საქმეები 2:31). ამის საპირისპიროდ, მათთვის, ვინც „გეენაში“ წავლენ, არ არსებობს მომავალში ცხოვრების იმედი. ამავე დროს, არსად არის ნათქვამი, რომ სული იქ არსებობას განაგრძობს (მათე 10:28).

8. როგორ მოქმედებს აღდგომის მნიშვნელობის სწორად გაგება ადამიანის თვალსაზრისსა და მოქმედებაზე?

8  იმის შემდეგ, რაც გასაგებად აუხსნი ადამიანს ამ საკითხებს, შეგიძლია დაეხმარო იმის დანახვაში, თუ პირადად მისთვის რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს აღდგომას. დაეხმარე მადლიერება განივითაროს იეჰოვას სიყვარულისთვის, რაც ამ სასწაულებრივ ძღვენში გამოიხატება. საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება სასიხარულო მოვლენის, ღვთის ახალ ქვეყნიერებაში კვლავ მათთან შეხვედრის, მოლოდინს შეუძლია. ამ საკითხების გაგება აგრეთვე უმნიშვნელოვანესია ქრისტეს სიკვდილის მნიშვნელობაში ჩასაწვდომად. პირველი საუკუნის ქრისტიანებს ესმოდათ, რომ იესო ქრისტეს აღდგომა ქრისტიანული რწმენის საფუძველი იყო, რამაც სხვების აღდგომა გახადა შესაძლებელი. ისინი გულმოდგინედ ქადაგებდნენ იესოს აღდგომასა და იმ იმედზე, რომელიც ამ მოვლენის შედეგად იქცა რეალობად. დღესაც კი, ვისაც ესმის აღდგომის მნიშვნელობა და მადლიერია ამისთვის, დიდი მონდომებით უზიარებენ სხვებს ამ ძვირფას ჭეშმარიტებას (საქმეები 5:30—32; 10:42, 43).

ჰადესის გასაღების გამოყენება

9. როგორ იყენებს პირველად იესო „სიკვდილისა და ჰადესის გასაღებებს“?

9  ყველას, ვინც ქრისტეს უნდა შეუერთდეს ზეციერ სამეფოში, სიკვდილი მოუწევს. მაგრამ მათ კარგად იციან, თუ რა თქვა იესომ დაბეჯითებით: „მკვდარი ვიყავი, მაგრამ აი, ცოცხალი ვარ სამარადისოდ, და მაქვს სიკვდილისა და ჰადესის გასაღებები“ (გამოცხადება 1:18, აქ). რას გულისხმობდა ის? იესო ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რაც პირადად გამოსცადა. თავად მასაც მოუწია სიკვდილი, მაგრამ ღმერთმა არ დატოვა ჰადესში. სიკვდილიდან მესამე დღეს უშუალოდ იეჰოვამ აღადგინა იესო სულიერი ცხოვრებისთვის და უკვდავებით დააჯილდოვა (საქმეები 2:32, 33; 10:40). ამავე დროს, ღმერთმა მისცა მას „სიკვდილისა და ჰადესის გასაღებები“, რათა საერთო საკაცობრიო სამარიდან აღედგინა და ადამის ცოდვის შედეგისგან გაეთავისუფლებინა სხვები. რამდენადაც იესო ამ გასაღებებს ფლობს, თავისი ერთგული მიმდევრების აღდგენა შეუძლია. ის უპირველესად თავისი კრების სულითცხებულ წევრებს აღადგენს და ფასდაუდებელი ძღვენით, ზეცაში უკვდავი სიცოცხლით, დააჯილდოებს ისევე, როგორც მამამისმა დააჯილდოვა იგი (რომაელთა 6:5; ფილიპელთა 3:20, 21).

10. როდის ხდება ერთგული სულითცხებული ქრისტიანების აღდგომა?

10  როდის უნდა აღმდგარიყვნენ ზეციერი ცხოვრებისთვის ერთგული სულითცხებული ქრისტიანები? ბიბლიიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს აღდგომა უკვე დაიწყო. პავლე მოციქულმა განმარტა, რომ ისინი უნდა აღმდგარიყვნენ მაშინ, როცა ქრისტე უკვე მოსული იქნებოდა; ეს პერიოდი 1914 წლიდან დაიწყო (1 კორინთელთა 15:23). დღეს, როცა იესო უკვე მოსულია, ერთგულ სულითცხებულებს მიწიერი ცხოვრების დასრულების შემდეგ აღარ უწევთ არარსებულ მდგომარეობაში ყოფნა მანამ, სანამ მათი უფალი დაბრუნდება სამეფო ძალაუფლებით. მათი სულიერად აღდგენა სიკვდილისთანავე ხდება — ისინი ‘იცვლებიან ერთ წამში, თვალის დახამხამებაში’. რა ბედნიერები არიან სულითცხებულები, რადგან თავიანთი კეთილი საქმეები „თან წაჰყვება მათ“ (1 კორინთელთა 15:51, 52; გამოცხადება 14:13).

11. კიდევ რა აღდგომა იქნება და როდის დაიწყება ის?

11  მაგრამ ზეციერი ცხოვრებისთვის სამეფოს მემკვიდრეთა აღდგომა ერთადერთი არ არის. გამოცხადების 20:6-ში მას „პირველი აღდგომა“ ეწოდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამას სხვა აღდგომაც უნდა მოჰყვეს. მათაც, ვინც ამ მომდევნო აღდგომისას გაცოცხლდებიან, ბედნიერი მომავალი ელით — მარადიულად ცხოვრება სამოთხეში, დედამიწაზე. როდის მოხდება ეს აღდგომა? წიგნ „გამოცხადებიდან“ ცხადი ხდება, რომ ეს მას შემდეგ მოხდება, რაც „ცა და მიწა“ — დღევანდელი ბოროტი სისტემა თავის მმართველებიანად — განადგურდება. ამ ძველი სისტემის განადგურება კი ძალიან ახლოსაა. ბოროტი ქვეყნიერების განადგურების შემდეგ, ღვთის მიერ დანიშნულ დროს მიწიერი აღდგომა დაიწყება (გამოცხადება 20:11, 12).

12. ვინ აღდგება ერთგული ადამიანებიდან დედამიწაზე საცხოვრებლად და რატომ არის ეს აღმაფრთოვანებელი პერსპექტივა?

12  ვინ აღდგება მიწიერი აღდგომისას? მათ შორის იქნებიან იეჰოვას ერთგული, ძველ დროში მცხოვრები, მსახურები — მამაკაცები და ქალები, რომლებიც იმდენად ღრმად იყვნენ დარწმუნებული აღდგომის უტყუარობაში, რომ „გამოხსნაზე უარს ამბობდნენ“. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ თმობდნენ თავიანთ უმწიკვლობას ღვთის წინაშე იმისათვის, რომ თავი დაეხსნათ მოძალადეობრივი, უდროო სიკვდილისგან. რა სასიამოვნო იქნება მათთან პირადად გაცნობა და უშუალოდ მათგან იმ ამბების დაწვრილებით მოსმენა, რომლებიც ბიბლიაში მოკლედ არის მოთხრობილი! დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგებიან აგრეთვე: აბელი, იეჰოვას პირველი ერთგული მოწმე; ენოქი და ნოე, წარღვნამდე ღვთის გამაფრთხილებელი ცნობის უშიშარი მქადაგებლები; აბრაამი და სარა, რომლებიც ანგელოზებს გაუმასპინძლდნენ; მოსე, ვისი მეშვეობითაც ისრაელს რჯული მიეცა სინაის მთაზე; გაბედული წინასწარმეტყველები, მაგალითად, იერემია, რომელმაც ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურება იხილა; იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც მოისმინა, თუ როგორ უწოდა ღმერთმა იესოს თავისი ძე. გარდა ამისა, აღდგენილებს შორის იქნება ბევრი ერთგული მამაკაცი და ქალი, რომლებიც ამ ბოროტი სისტემის უკანასკნელ დღეებში დაიხოცნენ (ებრაელთა 11:4—38; მათე 11:11).

13, 14. ა) რა დაემართება ჰადესს და მასში მყოფ მიცვალებულებს? ბ) ვინ აღდგებიან და რატომ?

13  გარკვეული დროის შემდეგ, ღვთის ერთგული მსახურების გარდა, აღდგებიან სხვებიც ისე, რომ აღარავინ დარჩება საერთო საკაცობრიო სამარეში. ეს სამარე, საერთოდ რომ დაცარიელდება, ვხედავთ იქიდან, თუ როგორ გამოიყენებს იესო ჰადესის გასაღებს კაცობრიობის სასარგებლოდ. ეს ნაჩვენებია იოანე მოციქულის ხილვაში, სადაც ნახა, რომ ჰადესი „ჩაგდებულ იქნა ცეცხლის ტბაში“ (გამოცხადება 20:14). რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ჰადესი ანუ საერთო საკაცობრიო სამარე სრულიად გაქრება. ის აღარასდროს იარსებებს, მასში არავინ დარჩება, რადგან იესო თავისი გულმოწყალებით, იეჰოვას ყველა ერთგული თაყვანისმცემლის გარდა, უკეთურ ადამიანებსაც კი აღადგენს. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15).

14  ამ უკეთურ ადამიანებს იესო დასასჯელად არ აღადგენს. ღვთის სამეფოს მმართველობის შედეგად დედამიწაზე სიმართლე დაისადგურებს და ამ პირობებში მკვდრეთით აღმდგარ უკეთურებს დახმარება გაეწევათ, რომ თავიანთი ცხოვრება იეჰოვას ნორმებს შეუთანხმონ. ხილვაში ისიც იყო ნაჩვენები, რომ გადაიშლება „სიცოცხლის წიგნი“. აქედან გამომდინარე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ ამ წიგნში მათი სახელებიც ჩაიწეროს. ისინი „განკითხულნი იქნებიან თავიანთი საქმეებისამებრ“, რომლებსაც აღდგომის შემდეგ მოიმოქმედებენ (გამოცხადება 20:12, 13, აფ). ასე რომ, თუ მხედველობაში მივიღებთ საბოლოო შედეგს, მათი აღდგომა შეიძლება აღმოჩნდეს „სიცოცხლის აღდგომა“ და არა „სამსჯავროს აღდგომა“ (იოანე 5:28, 29).

15. ა) ვინ არ იქნება აღდგენილი? ბ) როგორ უნდა იმოქმედოს აღდგომის შესახებ ჭეშმარიტებამ ჩვენზე?

15  მაგრამ ყველა მიცვალებული არ იქნება აღდგენილი. ზოგმა ისეთი ცოდვები ჩაიდინა, რომელთა პატიებაც შეუძლებელია. ასეთები არიან არა „ჰადესში“, არამედ „გეენაში“, რაც მარადიულ განადგურებას ნიშნავს. აგრეთვე მათ შორის იქნებიან ისინიც, ვინც სიკვდილით დაისჯებიან „დიდი გასაჭირის“ დროს, რომელიც უკვე ახლოსაა (მათე 12:31, 32; 23:33; 24:21, 22; 25:41, 46; 2 თესალონიკელთა 1:6—9). თუმცა მიცვალებულების „ჰადესიდან“ აღდგენით იეჰოვას განსაკუთრებული გულმოწყალება ვლინდება, აღდგომის იმედი არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ სრულებით არ გვაწუხებდეს ის, თუ როგორ ვცხოვრობთ ამჟამად. ვინც განზრახ ეწინააღმდეგება იეჰოვას უზენაესობას, არ იქნება აღდგენილი. ამის ცოდნამ უნდა აღგვძრას, მთელი გულით დავაფასოთ ღვთის მიერ გამოვლენილი მადლი იმით, რომ მის ნებასთან შეთანხმებულად ვიცხოვროთ.

აღდგომის იმედით გაძლიერებულნი

16. როგორ შეუძლია აღდგომის იმედს უდიდესი ძალის მოცემა?

16  თუ ნამდვილად გვჯერა, რომ აღდგომის იმედი რეალურია, ეს უდიდეს ძალებს მოგვცემს. თუ ამჟამად უკვე ხანდაზმულები ვართ, ვიცით, რომ სიკვდილის სამუდამოდ შეჩერება, როგორი სამედიცინო პროცედურებიც უნდა ჩავიტაროთ, შეუძლებელია (ეკლესიასტე 8:8). თუ ერთგულად ვემსახურებით იეჰოვას მის ორგანიზაციასთან ერთად, შეგვიძლია სრული დაჯერებულობით ვუყუროთ მომავალს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ღვთის მიერ დანიშნულ დროს აღდგომის საშუალებით კვლავ დავტკბებით ცხოვრებით. და რა დიდებული ცხოვრება იქნება იმ დროს! ეს იქნება „ჭეშმარიტი სიცოცხლე“, როგორც მას პავლე მოციქულმა უწოდა (1 ტიმოთე 6:19; ებრაელთა 6:10—12).

17. რა დაგვეხმარება იეჰოვას წინაშე უმწიკვლობის შენარჩუნებაში?

17  იმის ცოდნა, რომ აღდგომა იქნება და ამასთანავე იმისიც, თუ ვისი განზრახვაა ეს, რწმენას გვიძლიერებს. ეს გვაძლევს ძალას, რომ ღვთის ერთგულნი დავრჩეთ მაშინაც კი, როცა გამძვინვარებული მდევნელები სიკვდილით გვემუქრებიან. სატანა უკვე დიდი ხანია, რაც ნაადრევი სიკვდილის შიშით სარგებლობს ადამიანების დასამონებლად. მაგრამ იესოს არ ჰქონდა ასეთი შიში. ის სიკვდილამდე ღვთის ერთგული დარჩა. იესომ თავისი გამომსყიდველური მსხვერპლის საშუალებით სხვებს ასეთი შიშისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მისცა (ებრაელთა 2:14, 15).

18. რა ეხმარებათ იეჰოვას მოწმეებს უმწიკვლობის შენარჩუნებაში?

18  იესოს მიერ გაღებული მსხვერპლისა და აღდგომისადმი გამოვლენილი რწმენის შედეგად იეჰოვას მოწმეები ცნობილი არიან, როგორც უმწიკვლობის შემნარჩუნებლები. რთულ ვითარებაში, ისინი ამტკიცებენ, რომ იეჰოვაზე მეტად ‘არ უყვართ თავიანთი სული’ (გამოცხადება 12:11). ისინი სიბრძნეს ავლენენ და ქრისტიანული პრინციპების დარღვევის ფასად არ ცდილობენ ამჟამინდელი სიცოცხლის შენარჩუნებას (ლუკა 9:24, 25). მათ იციან, რომ მაშინაც კი, თუ იეჰოვას უზენაესობის ერთგულად მხარდაჭერის გამო დაკარგავენ სიცოცხლეს, ღმერთი აღადგენს მათ. გაქვს ასეთი რწმენა? თუ ნამდვილად გიყვარს იეჰოვა და გესმის აღდგომის იმედის ნამდვილი მნიშვნელობა, გექნება ასეთი რწმენა.

გამეორება

• რატომ უნდა გაერკვეს უპირველესად ადამიანი სულისა და მკვდრების მდგომარეობის შესახებ სიმართლეში, სანამ აღდგომის იმედს დააფასებდეს?

• ვინ აღდგება და როგორ უნდა იმოქმედოს ამის ცოდნამ ჩვენზე?

• როგორ გვაძლიერებს აღდგომის იმედი?

[სურათი 84, 85 გვერდებზე]

იეჰოვა გვპირდება, რომ იქნება, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა აღდგომა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება