საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • jy თ. 19 გვ. 48-გვ. 51 აბზ. 4
  • იესო სამარიელ ქალს ჭეშმარიტებას უმჟღავნებს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო სამარიელ ქალს ჭეშმარიტებას უმჟღავნებს
  • იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბევრი სამარიელი იესოსადმი რწმენას ავლენს
  • ქალი ჭასთან
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • იესო და სამარიელი ქალი
    ბიბლიური მოთხრობები
  • ვისი თაყვანისცემაა მისაღები ღმერთისთვის?
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
  • სამარიელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
jy თ. 19 გვ. 48-გვ. 51 აბზ. 4
იესო ჭასთან სამარიელ ქალს ესაუბრება

თავი 19

იესო სამარიელ ქალს ჭეშმარიტებას უმჟღავნებს

იოანე 4:3—43

  • იესო სამარიელ ქალს და სხვებს ჭეშმარიტებას უზიარებს

  • იესო სამარიელ ქალს უხსნის, როგორ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი

იესო და მისი მოწაფეები იუდეიდან გალილეისკენ მიმავალ გზას ადგანან; მათ გეზი ჩრდილოეთისკენ აქვთ აღებული. შუადღისით მგზავრობისგან ქანცგაწყვეტილნი სულის მოსათქმელად სამარიის ერთ-ერთი ქალაქის, სიქარის მახლობლად, იაკობის ჭასთან ჩერდებიან. ამ ჭას დიდი ისტორია აქვს; საუკუნეების წინ ის იაკობმა ამოთხარა, თუმცა დანამდვილებით არ ვიცით, მარტომ გააკეთა ეს თუ სხვები დაიქირავა მის ამოსათხრელად. ამ ჭის ნახვა დღესაც შეგიძლიათ ისრაელის თანამედროვე ქალაქ ნაბლუსის სიახლოვეს.

სანამ იესო ჭასთან ისვენებს, მისი მოწაფეები ქალაქში მიდიან საჭმლის საყიდლად. ამ დროს ჭასთან ერთი სამარიელი ქალი მოდის წყლის ამოსაღებად. იესო ეუბნება ქალს: „წყალი დამალევინე“ (იოანე 4:7).

იესო ჭასთან ისვენებს, მოწაფეები კი ტოვებენ მას; ამ დროს ჭიდან წყლის ამოსაღებად სამარიელი ქალი მოდის

დიდი ხნის მანძილზე არსებული დაძაბულობის გამო იუდეველებსა და სამარიელებს, შეიძლება ითქვას, საერთოდ არა აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა. ამიტომ ქალი გაკვირვებული ეკითხება იესოს: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ ქალს, დამალევინეო?“. პასუხად იესო ეუბნება: „რომ იცოდე, რა არის ღვთის უსასყიდლო ძღვენი და ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი მას და ის სიცოცხლის წყალს მოგცემდა“. „ბატონო, — მიმართავს ქალი იესოს. — წყლის ამოსაღები ჭურჭელი არა გაქვს, ჭა კი ღრმაა. საიდანა გაქვს სიცოცხლის წყალი? განა შენ ჩვენს წინაპარ იაკობზე დიდი ხარ, ვინც ეს ჭა მოგვცა და თვითონაც აქედან სვამდა, მისი ვაჟებიც და მისი საქონელიც?“ (იოანე 4:9—12).

იესო პასუხობს: „ვინც ამ წყალს დალევს, ისევ მოსწყურდება, მაგრამ, ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება, არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ გადაიქცევა მასში“ (იოანე 4:13, 14). ალბათ, შეამჩნიეთ, რომ დაღლილობის მიუხედავად, იესო მზად არის, სამარიელი ქალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას აზიაროს.

ამის გაგონებაზე ქალი ეუბნება მას: „ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რომ აღარც მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ“. ამის შემდეგ, როგორც ჩანს, იესოს სხვა კუთხით მიჰყავს საუბარი და ქალს ეუბნება: „წადი, შენს ქმარს დაუძახე და მოდი“. ქალი პასუხობს: „არა მყავს ქმარი“. სამარიელ ქალს, ალბათ, აოგნებს ის, რასაც იესო ახლა ეუბნება: „მართალი თქვი, ქმარი არა მყავსო, რადგან ხუთი ქმარი გყავდა, ის კი, ვინც ახლა გყავს, შენი ქმარი არ არის“ (იოანე 4:15—18).

ეს სრული სიმართლეა. მოსმენილით გაოცებული ქალი იესოს ეუბნება: „ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ“. ის, რასაც ქალი ამის შემდეგ ამბობს, აჩვენებს, რომ მოწყურებულია ჭეშმარიტებას: „ჩვენი წინაპრები [სამარიელები] ამ მთაზე [გერიზიმის მთა, რომელიც სიქართან ახლოს მდებარეობს] სცემდნენ თაყვანს, თქვენ [იუდეველები] კი ამბობთ, იერუსალიმშიაო თაყვანისცემის ადგილი“ (იოანე 4:19, 20).

მაგრამ იესო განუმარტავს მას, რომ თაყვანისცემის ადგილს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. ის ეუბნება ქალს: „მოდის საათი, როცა აღარც ამ მთაზე სცემთ მამას თაყვანს და აღარც იერუსალიმში“. შემდეგ იესო დასძენს: „მოდის საათი და უკვე მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:21, 23, 24).

ზეციერი მამისთვის იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, თუ სად სცემენ მისი ერთგული მსახურები თაყვანს, არამედ იმას, თუ როგორ სცემენ მას თაყვანს. ქალზე იესოს ნათქვამი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ის ამბობს: „ვიცი, რომ მოდის მესია, ქრისტედ წოდებული. როცა მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს“ (იოანე 4:25).

შემდეგ იესო მას კიდევ ერთ საგულისხმო ფაქტს უმჟღავნებს: „ეს მე ვარ, ვინც გელაპარაკები“ (იოანე 4:26). უბრალოდ დაფიქრდით: ჭასთან წყლის ამოსაღებად მისულ ერთ უბრალო ქალს იესო იმას უმჟღავნებს, რაც ასე აშკარად ჯერ არავისთვის გაუმჟღავნებია — ის ხმამაღლა პირველად ამბობს, რომ აღთქმული მესიაა! რამხელა პატივი დასდო იესომ ამ სამარიელ ქალს!

ბევრი სამარიელი იესოსადმი რწმენას ავლენს

იესოს მოწაფეები სიქარიდან უკან ბრუნდებიან; ისინი ხედავენ, რომ თავიანთი მოძღვარი, რომელიც იაკობის ჭასთან დატოვეს, მარტო არ არის — იგი სამარიელ ქალს ესაუბრება. მოწაფეების მოსვლის შემდეგ ქალი ჭასთან ტოვებს თავის წყლის ჭურჭელს და ქალაქში მიდის.

იესოს მოწაფეები ბრუნდებიან ჭასთან, სამარიელი ქალი კი მიდის

ქალაქში მისვლისთანავე ქალი ხალხს იესოს ნათქვამს უყვება. ის ეუბნება მათ: „წამოდით, ნახეთ ის კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი გამიკეთებია“. შემდეგ კი, როგორც ჩანს, ცნობისმოყვარეობა რომ აღუძრას, ეკითხება: „ის ხომ არ არის ქრისტე?“ (იოანე 4:29). ეს სწორედ ის კითხვაა, რომელიც ჯერ კიდევ მოსეს დროიდან აწუხებთ ისრაელებს (კანონი 18:18). სამარიელი ქალის სიტყვების მოსმენის შემდეგ ხალხი იაკობის ჭისკენ მიდის, რათა საკუთარი თვალით ნახონ იესო.

სიქარში სამარიელი ქალი ქალაქის მაცხოვრებლებს იესოს ნათქვამს უყვება

ამასობაში მოწაფეები სთხოვენ იესოს, რამე მაინც ჭამოს. მაგრამ ის ასეთ სიტყვებს ეუბნება: „მე მაქვს საჭმელი, რაც თქვენ არ იცით“. მოწაფეები გაკვირვებულები ეკითხებიან ერთმანეთს: „ვინმემ ხომ არ მოუტანა საჭმელი?“ იესო თავაზიანად უხსნის მათ თავის ნათქვამს და ისეთ სიტყვებს ეუბნება, რომლებსაც დღემდე დიდი მნიშვნელობა აქვს იესოს ყველა მიმდევრისთვის: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო და მისი საქმე დავასრულო“ (იოანე 4:32—34).

რა საქმეს გულისხმობს იესო? ის ამბობს: „ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად. უკვე იღებს მომკელი გასამრჯელოს და აგროვებს ნაყოფს მარადიული სიცოცხლისთვის, რათა მთესველმა და მომკელმა ერთად გაიხარონ“ (იოანე 4:35, 36). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ იესო არ გულისხმობს პირდაპირი გაგებით მკას, რადგან მკამდე ჯერ კიდევ ოთხი თვეა დარჩენილი. ის სინამდვილეში სულიერ მკაზე საუბრობს.

იესო, ალბათ, ხვდება, რომ სამარიელ ქალთან საუბარი უკვალოდ არ ჩაივლის. მართლაც, ბევრი სიქარელი ამ ქალის სიტყვების მოსმენის შემდეგ რწმენას ავლენს იესოს მიმართ, რადგან ქალმა მათ უთხრა: „ყველაფერი მითხრა, რაც კი გამიკეთებია“ (იოანე 4:39). ამიტომ, როდესაც სიქარელები იესოსთან მიდიან, სთხოვენ, დარჩეს მათთან და უფრო მეტი გაუმჟღავნოს. იესო თანხმდება და ორი დღე რჩება სამარიაში.

იესოს სიტყვების მოსმენის შემდეგ უფრო და უფრო მეტი სამარიელი რწმუნდება, რომ ის მესიაა. ისინი ეუბნებიან ამ ქალს: „უკვე შენი ნათქვამის გამო კი აღარა გვწამს, არამედ ჩვენ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ეს კაცი ნამდვილად ქვეყნიერების მხსნელია“ (იოანე 4:42). სამარიელმა ქალმა მართლაც საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ დავამოწმოთ ქრისტეზე და როგორ აღვუძრათ მსმენელს მეტის გაგების სურვილი.

ალბათ, გახსოვთ, რომ მკამდე, რაშიც, როგორც ჩანს, ქერის მკა იგულისხმება და რომელიც ამ მხარეში გაზაფხულზე უწევს, ჯერ კიდევ ოთხი თვეა დარჩენილი. აქედან გამომდინარე, ახლა, სავარაუდოდ, ნოემბრის ან დეკემბრის თვეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახ. წ. 30 წელს პასექის აღნიშვნის შემდეგ იესომ და მისმა მოწაფეებმა დაახლოებით რვა თვე დაჰყვეს იუდეაში, სადაც ხალხს ასწავლიდნენ და ნათლავდნენ. ახლა კი ისინი გეზს მშობლიური გალილეისკენ იღებენ. რა ელით მათ წინ?

ვინ იყვნენ სამარიელები?

ის მხარე, რომელსაც სამარია ეწოდებოდა, იუდეასა და გალილეას შორის იყო მოქცეული — მას სამხრეთით იუდეა ესაზღვრებოდა, ხოლო ჩრდილოეთით — გალილეა. სოლომონის სიკვდილის შემდეგ ისრაელის ათი ტომი იუდასა და ბენიამინის ტომს გამოეყო.

ამ ათმა ტომმა ხბოს თაყვანისცემა დაიწყო. ამიტომ ძვ. წ. 740 წელს იეჰოვამ სამარია (ისრაელის ათტომიანი სამეფო) ასურელებს ჩაუგდო ხელში. მათ დაიპყრეს ეს ათტომიანი სამეფო და მოსახლეობის დიდი ნაწილი ტყვედ წაასხეს, ხოლო მათ ტერიტორიაზე ასურეთის იმპერიის სხვადასხვა ნაწილიდან უამრავი ხალხი ჩაასახლეს. სამშობლოში დარჩენილი ისრაელები დაუმოყვრდნენ ჩამოსახლებულ ხალხს, რომლებიც უცხო ღმერთებს სცემდნენ თაყვანს. დროთა განმავლობაში მათ ჩამოაყალიბეს თაყვანისმცემლობის ახალი ფორმა, რომელშიც ღვთის კანონით გათვალისწინებული სწავლებები და წეს-ჩვეულებებიც შედიოდა, მაგალითად ისეთი, როგორიც იყო წინადაცვეთა. თუმცა ამას ნამდვილად ვერ ვუწოდებდით ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას (2 მეფეები 17:9—33; ესაია 9:9).

იესოს მსახურების პერიოდში სამარიელები წმინდა წერილებად მიიჩნევდნენ მოსეს მიერ დაწერილ წიგნებს, მაგრამ თაყვანსაცემად იერუსალიმის ტაძარში არ დადიოდნენ. ისინი წლების მანძილზე ქალაქ სიქარიდან არც ისე შორს, გერიზიმის მთაზე მდებარე ტაძარში სცემდნენ ღმერთს თაყვანს. სამარიელები თაყვანსაცემად ამ მთაზე სიარულს მაშინაც კი განაგრძობდნენ, როცა ტაძარი უკვე განადგურებული იყო. ის, რომ სამარიელებსა და იუდეველებს ერთმანეთთან მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ, კარგად გამოჩნდა დედამიწაზე იესოს მსახურების პერიოდში (იოანე 8:48).

  • რატომ უკვირს სამარიელ ქალს, როცა იესო მასთან საუბარს იწყებს?

  • რას ეუბნება იესო სამარიელ ქალს სიცოცხლის წყალზე და იმაზე, აქვს თუ არა მნიშვნელობა თაყვანისცემის ადგილს?

  • როგორ უმჟღავნებს იესო სამარიელ ქალს თავის ვინაობას და როგორ აჩვენებს მას, რა სახის თაყვანისცემას იწონებს ღმერთი?

  • რა დასკვნამდე მიდის სამარიელი ქალი იესოსთან საუბრის შემდეგ და რას აკეთებს?

  • რა საქმით იყვნენ დაკავებული იესო და მისი მოწაფეები ახ. წ. 30 წელს პასექის აღნიშვნის შემდეგ?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება