აქორი
[უბედურება]
ველი, რომელიც იუდას ტომისთვის გამოყოფილი ტერიტორიის ჩრდ.-აღმ. საზღვართან მდებარეობდა (იეს. 15:7). ველს ეს სახელი (ნიშნავს უბედურებას) იმიტომ დაერქვა, რომ ამ ადგილას აქანი და მისი სახლეული ჩაქოლეს. აქანმა, რომელმაც იერიხონის დაპყრობის დროს ნადავლი მოიპარა და გადამალა, უბედურება დაატეხა მთელ ისრაელს. მისი არასწორი საქციელის გამო ისრაელი აიელებთან პირველ ბრძოლაში დამარცხდა (იეს. 7:5—26).
ზოგი აქორის ველს დღევანდელი უადი-ელ-კილტის ვიწრო ხევთან აიგივებს, რომელიც იერიხონთან ახლოსაა. თუმცა იესო ნავეს ძის 15:7-ში მოცემული აღწერილობის მიხედვით, აქორის ველი უფრო სამხრეთით უნდა მდებარეობდეს. ამასთან, ესაიას 65:10-ის თანახმად, ის შედარებით ვრცელი და გაშლილი ტერიტორია უნდა იყოს. ზემოთქმულის გათვალისწინებით მიიჩნევა, რომ ის, შესაძლოა, დღევანდელი ელ-ბუკეიაა (ბიკათ-ჰურეკანია). ეს უნაყოფო დაბლობი, რომელიც მკვდარი ზღვის უკიდურეს ჩრდ.-დას. ნაწილში მდებარეობს, უადი კუმრანის (ნაჰალ-კუმერანი) ჩრდილოეთით და სამხრეთით არის გადაჭიმული. არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქ აღმოაჩინეს უძველესი ქალაქები, ციხე-სიმაგრეები და კაშხლები.
ოსიას 2:15-ში იეჰოვა იხსენებს ისრაელის „ახალგაზრდობის დღეებს“, ანუ ეგვიპტიდან გამოსვლის დროს და მათი მომავალი ტყვეობიდან დახსნის შესახებ წინასწარმეტყველებს, რომ „აქორის ველი“, რომელიც ერთ დროს უბედურების ადგილი იყო, „იმედის კარად“ იქცევა. თუმცა ის უდაბური ტერიტორიაა, აღორძინების შესახებ კიდევ ერთ წინასწარმეტყველებაში ღმერთი იძლევა დაპირებას, რომ აქორი „საქონლის მოსასვენებელ ადგილად“ იქცევა (ეს. 65:10).