საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „კარვობის დღესასწაული“
  • კარვობის დღესასწაული

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კარვობის დღესასწაული
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მოსავლის აღების დღესასწაული
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გრანდიოზული დღესასწაულები ისრაელის ისტორიაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • საყვირის დაყვირების დღესასწაული
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „სულ გახარებული იქნები“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „კარვობის დღესასწაული“

კარვობის დღესასწაული

ეწოდება აგრეთვე „მოსავლის აღების დღესასწაული“ და „იეჰოვას დღესასწაული“ (ლვ. 23:39). კარვობის დღესასწაულის დაცვასთან დაკავშირებული მითითებები ლევიანების 23:34—43-ში, რიცხვების 29:12—38-სა და მეორე კანონის 16:13—15-შია ჩაწერილი. ზეიმი ეთანის 15—21-ში იმართებოდა და 22-ე დღეს საზეიმო შეკრებით მთავრდებოდა. ეთანი (იგივე თიშრი; სექტემბერ-ოქტომბერი) თავდაპირველად ებრაული კალენდრის პირველი თვე იყო, მაგრამ ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ იგი წმინდა წელიწადის მეშვიდე თვე გახდა, ვინაიდან აბიბი (იგივე ნისანი; მარტ-აპრილი), მანამდე მეშვიდე თვე, წლის პირველ თვედ გამოცხადდა (გმ. 12:2). კარვობის დღესასწაულზე ზეიმობდნენ მიწის ნაყოფის აღებას, რაშიც შედიოდა მარცვლეული, ზეთი და ღვინო (ლვ. 23:39). ეს იყო „მოსავლის აღების დღესასწაული“, რომელიც წლის ბოლოს უნდა აღენიშნათ. მერვე დღეს იმ წლის დღესასწაულების დასაგვირგვინებლად წმინდა შეკრება ეწყობოდა (გმ. 34:22; ლვ. 23:34—38).

კარვობის დღესასწაულით ისრაელში ძირითადი მოსავლის აღება მთავრდებოდა. ამ დროს ისრაელები მხიარულობდნენ და მადლიერებას გამოხატავდნენ ღვთის მიმართ მათი მიწისა და მოსავლის კურთხევისთვის. ვინაიდან ხუთი დღით ადრე გამოსყიდვის დღე აღინიშნებოდა, კარვობის დღესასწაულზე ხალხი იეჰოვასთან მშვიდობიანი ურთიერთობით ხარობდა. ამ დღესასწაულზე დასწრება სავალდებულო მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო, თუმცა მათთან ერთად მათი ოჯახებიც მოდიოდნენ. შვიდი დღის განმავლობაში მათ კარვებში (ებრ. სუქქოთ) ცხოვრება მოეთხოვებოდათ. ჩვეულებრივ, თითო კარავში თითო ოჯახი სახლობდა (გმ. 34:23; ლვ. 23:42). კარვებს დგამდნენ სახლისა და ტაძრის ეზოებში, სახლის ბანებზე, მოედნებზე და იმ გზებზე, რომლებიც ქალაქიდან შაბათი დღის სავალ მანძილზე იყო. ისრაელებს კარვების ასაგებად უნდა გამოეყენებინათ „საუცხოო ხეების ნაყოფი, პალმის რტოები, შეფოთლილი ტოტები, ხევის ალვის ხის ტოტები“ (ლვ. 23:40). ეზრას დროს ამ დროებითი ნაგებობის ასაშენებლად ზეთისხილის, ზეთის ხის, მირტის (სურნელოვანი ხე), პალმისა და ყველა დატოტვილი ხის ფოთლიანი რტოები უნდა გამოეყენებინათ. ეს დღესასწაული ყველას ათანასწორებდა, ვინაიდან შვიდი დღის მანძილზე მდიდარსაც და ღარიბსაც ერთნაირ, მთა-ველებიდან მოტანილი მასალისგან დამზადებულ კარვებში უნდა ეცხოვრათ (ნემ. 8:14—16).

დღესასწაულის წინა დღეს, ეთანიმის 14-ში თითქმის ყველა მოზეიმე იერუსალიმში ჩადიოდა. ამ დღეს სამზადისი იმართებოდა. თუ ეს დღე შაბათს დაემთხვეოდა, მაშინ სამზადისი უფრო ადრე იწყებოდა. ყველა რაღაცით იყო დაკავებული — ზოგი კარავს აგებდა, ზოგი განიწმინდებოდა, ზოგი მოტანილ შესაწირავს ამზადებდა. ხალხი შეხმატკბილებულად საქმიანობდა. ამ დროს იერუსალიმი და მისი მიმდებარე ტერიტორია ერთობ კარგი სანახავი იყო: მთელი ქალაქი, გზები და ბაღები კარვებით იყო მოფენილი. ამას ემატებოდა ნაირფერი ხილისა თუ ფოთლების სილამაზე და მირტის საუცხოო სურნელი. ყველა მოუთმენლად ელოდა საყვირის ხმას, რომელიც მოსაღამოებისას ტაძრის შემაღლებული ადგილიდან გაისმოდა და დღესასწაულის დაწყებას იუწყებოდა.

კარვობის დღესასწაულზე ყველაზე მეტი შესაწირავი იწირებოდა. ხალხის სახელზე მთლიანობაში 70 ხარი იკვლებოდა, აქედან პირველ დღეს 13 ხარი და ყოველ მომდევნო დღეს ერთით ნაკლები. გარდა ამისა, მსხვერპლად სწირავდნენ 119 თოხლს, ვერძსა და თხას, აგრეთვე მარცვლეულ და დასაღვრელ შესაწირავს (რც. 29:12—34, 39). მერვე დღეს, როცა ყველანაირი სამუშაო იკრძალებოდა, დასაწვავ შესაწირავად მიჰყავდათ ხარი, ვერძი, შვიდი მამალი თოხლი, აგრეთვე მიჰქონდათ მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი, ამასთანავე ერთი თხა ცოდვის შესაწირავად (რც. 29:35—38).

თუ დღესასწაული შაბათის წელს დაემთხვეოდა, მთელი ერისთვის ღვთის კანონი იკითხებოდა (კნ. 31:10—13). სავარაუდოდ, დავითის მიერ დაყენებული მღვდლების 24 დანაყოფიდან პირველმა დანაყოფმა ტაძარში მსახურება კარვობის დღესასწაულის შემდეგ დაიწყო, ვინაიდან სოლომონის მიერ აგებული ტაძრის მიძღვნა ძვ. წ. 1026 წელს ამ დღესასწაულზე მოხდა (1მფ. 6:37, 38; 1მტ. 24:1—18; 2მტ. 5:3; 7:7—10).

კარვობის დღესასწაულის ყველაზე ნიშანდობლივი თავისებურება ის იყო, რომ ხალხი ამ დროს მხიარულობდა და ღვთისადმი მადლიერებას გამოხატავდა. იეჰოვას სურდა, რომ მის ხალხს გაეხარა მისით, ამიტომ მოუწოდებდა: „იმხიარულეთ თქვენი ღვთის, იეჰოვას წინაშე“ (ლვ. 23:40). ერი მადლიერებას გამოხატავდა აღებული მოსავლისთვის — მარცვლეულისთვის, ზეთისა და გულის გამახალისებელი ღვინისთვის. დღესასწაულის დროს ისრაელებს შესაძლებლობა ეძლეოდათ ეფიქრათ იმაზე, რომ მათი კეთილდღეობა და დოვლათი იეჰოვას წყალობა იყო. აი, რა უთხრა მოსემ ხალხს: „არ გადიდგულდეთ და არ დაივიწყოთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან“. მოსემ ისრაელებს მოუწოდა: „გახსოვდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რადგან ის გაძლევთ ძალას სიმდიდრის შესაძენად, რომ შეასრულოს თავისი შეთანხმება, რომელიც თქვენს მამა-პაპას დაუფიცა, როგორც დღეს“ (კნ. 8:14, 18).

ისრაელებს ერთი კვირა კარვებში უნდა ეცხოვრათ. იეჰოვამ მათ ასე აუხსნა მიზეზი: „რათა იცოდნენ თქვენმა თაობებმა, რომ კარვებში ვაცხოვრე ისრაელის ძეები, როცა ეგვიპტის მიწიდან გამოვიყვანე. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“ (ლვ. 23:42, 43). მათ სიამოვნებითა და მადლიერებით უნდა გახსენებოდათ, როგორ ზრუნავდა ღმერთი მათზე უდაბნოში და როგორ იცავდა, როცა დიდ და საშიშ უდაბნოში დაჰყავდა, უწყლო მიწაზე, შხამიან გველებსა და მორიელებს შორის; როცა კაჟივით მაგარი კლდიდან წყალი გადმოუჩქეფა, როცა უდაბნოში მანანით კვებავდა, რაც მათი მამებისთვის უცხო იყო (კნ. 8:15, 16). ეს ყოველივე უფრო მეტად დაარწმუნებდა მათ იეჰოვას მზრუნველობაში.

მოგვიანებით დამატებული რიტუალები. ერთ-ერთი ჩვეულება, რომელიც დღესასწაულს მოგვიანებით დაემატა და რომელიც, სავარაუდოდ, გადაკვრით არის ნახსენები ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში (ინ. 7:37, 38), სილოამის აუზიდან წყლის ამოღება და ღვინოსთან ერთად დილის შესაწირავის დროს სამსხვერპლოზე დასხმა იყო, თუმცაღა ამ ჩვეულებაზე ებრაულ წერილებში არაფერია ნათქვამი. მეცნიერთა უმეტესობა თვლის, რომ ამ რიტუალს დღესასწაულის შვიდ დღეს ასრულებდნენ. მღვდელი ოქროს დოქით მიდიოდა სილოამის აუზთან (გამონაკლისი იყო დღესასწაულის პირველი დღე, შაბათი, როცა წყალს ტაძრის ოქროს ჭურჭლიდან იღებდნენ, რომელშიც სილოამის აუზიდან წინა დღეს მოტანილი წყალი ესხა). სილოამის აუზიდან მღვდელს უნდა მიესწრო სამსხვერპლოსთან მისვლა, ვიდრე მღვდლები მასზე შესაწირავის ნაჭრებს დააწყობდნენ. როცა ის წყლის კარიბჭით მღვდელთა ეზოში შედიოდა, მის მოსვლას მღვდლები საყვირების სამჯერ დაყვირებით იუწყებოდნენ. ამის შემდეგ წყალს ღვინოსთან ერთად ღვრიდნენ ჭურჭელში, საიდანაც სითხე სამსხვერპლოს ძირთან ჩაედინებოდა. მუსიკის თანხლებით იწყებდნენ ჰალელის (ფსალმუნები 113—118) სიმღერას, რომლის დროსაც ხალხი სამსხვერპლოსკენ პალმის რტოებს იქნევდა. ამ დროს მოზეიმეებს შესაძლოა ახსენდებოდათ ესაიას წინასწარმეტყველური სიტყვები: „სიხარულით ამოიღებთ წყალს ხსნის წყაროებიდან“ (ეს. 12:3).

სრულდებოდა კიდევ ერთი მსგავსი ცერემონია. მღვდლები დღესასწაულის შვიდივე დღეს გარს უვლიდნენ სამსხვერპლოს და მღეროდნენ: „იეჰოვა, გთხოვთ, გვიხსენი! იეჰოვა, გთხოვთ, ხელი მოგვიმართე!“ (ფს. 118:25). მეშვიდე დღეს ისინი შვიდჯერ შემოუვლიდნენ ხოლმე სამსხვერპლოს.

რაბინების გადმოცემით, კარვობის დღესასწაულს უკავშირდება კიდევ ერთი რიტუალი, რომელიც ზემოხსენებული რიტუალის მსგავსად იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს სრულდებოდა. ის იწყებოდა დღესასწაულის პირველი დღის, 15 თიშრის მიწურულსა და მეორე დღის, 16 თიშრის დამდეგს და მომდევნო ხუთი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ქალთა ეზოში ოთხი დიდი ოქროს სალამპრე იდგა, თითოეულს ოთხი ოქროს თასი ჰქონდა. ოთხ ყმაწვილს სამღვდელო შტოდან კიბით აჰქონდა ზეთით სავსე დიდი დოქები სალამპრეებამდე და თექვსმეტივე თასს ზეთით ავსებდა. პატრუქად მღვდლების ძველ ტანსაცმელს იყენებდნენ. ებრაელი მწერლების სიტყვების თანახმად, სალამპრეების კაშკაშა სინათლე შორიდან ჩანდა და იერუსალიმში სახლების ეზოებსაც კი ანათებდა. ზოგიერთები, მათ შორის უხუცესები, ანთებული ჩირაღდნებით ხელში როკავდნენ და მუსიკის თანხლებით უგალობდნენ ღმერთს.

აღსანიშნავია, რომ იერობოამმა, რომელიც სოლომონის ვაჟს რობოამს აუმხედრდა და ჩრდილოეთის ათტომიან სამეფოზე გამეფდა, კარვობის დღესასწაულის მსგავსი რამ დააწესა (მერვე თვეში და არა მეშვიდეში), რათა ათ ტომს იერუსალიმთან კავშირი გაეწყვიტა. თუმცა ის ოქროს ხბოებს სწირავდა მსხვერპლს, რაც იეჰოვას კანონს ეწინააღმდეგებოდა (1მფ. 12:31—33).

იესო, სავარაუდოდ, კარვობის დღესასწაულისა და სილოამის აუზიდან წყლის ამოღების სიმბოლურ მნიშვნელობაზე მიუთითებდა, როცა დღესასწაულის ბოლო, დიდ დღეს ადგა და ხმამაღლა თქვა: «თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს. ვისაც მე ვწამვარ, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი, „მისი შიგნეულიდან სიცოცხლის წყლის ნაკადულები იდინებს“» (ინ. 7:37, 38). ოდნავ მოგვიანებით მან იუდეველებს უთხრა: „მე ქვეყნიერების სინათლე ვარ. ვინც გამომყვება, სიბნელეში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება მას“ (ინ. 8:12). არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაშიც ის გადაკვრით დღესასწაულის დროს იერუსალიმის ტაძარში ლამპრებისა და ჩირაღდნების ანთებაზე მიანიშნებდა. ამ საუბრიდან ცოტა ხანში იესო დაბადებიდან ბრმას შეხვდა და სილოამის აუზიდან წყლის ამოღება დღესასწაულზე ლამპრების ანთებას დაუკავშირა. მას შემდეგ, რაც მოწაფეებს უთხრა, რომ ქვეყნიერების სინათლე იყო, მიწაზე დააფურთხა, ნერწყვით თიხა მოზილა, იმ კაცს თვალებზე დაადო და უთხრა: „წადი, მოიბანე სილოამის აუზში“ (ინ. 9:1—7).

კარვობის დღესასწაულზე ხალხი პალმის ტოტებს აქნევდა, ისევე როგორც მაშინ, როცა იესო სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იერუსალიმში შედიოდა, თუმცა ეს პასექამდე იყო და არა კარვობის დღესასწაულის დროს (ინ. 12:12, 13). ამასთანავე, მოციქული იოანე, რომელმაც ხილვაში 144 000 შუბლზე ბეჭედდასმული ღვთის მონა იხილა, გვაუწყებს: «ამის შემდეგ გავიხედე და, აი, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან, იდგნენ ტახტისა და კრავის წინ თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი, ხელში პალმის ტოტები ეჭირათ და ხმამაღლა ამბობდნენ: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს ვუმადლით“» (გმც. 7:1—10).

ერთი რამ ცხადია, კარვობის დღესასწაული სამიწათმოქმედო წლის ლოგიკური დასასრული იყო. ყველაფერი, რაც მას უკავშირდებოდა იწვევდა დიდ სიხარულსა და ღრმა მადლიერების გრძნობას იეჰოვას გულუხვობისთვის. ეს იყო გამოცოცხლებისა და სიცოცხლით ტკბობის დრო.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება