შეგიძლია ნამდვილად გიყვარდეს ღმერთი?
„ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს“ — თქვა ღმერთმა (გამოსვლა 33:20). შემდეგ, ბიბლიური დროიდან მოყოლებული, არავითარი მტკიცება არ არსებობს, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთთან. რთულად, — შეუძლებლადაც ხომ არ გვეჩვენება ღრმა სიყვარულის განვითარება იმ პიროვნების მიმართ, რომელიც არც არასოდეს გვინახავს პირისპირ და არც მისი ხმა გაგვიგონია? ნამდვილად შესაძლებელია თუ არა სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა გვქონდეს სამყაროს შემოქმედთან?
არავითარი ეჭვი არ უნდა არსებობდეს, რომ შესაძლებელია თბილი, პირადი სიყვარულის განვითარება ღმერთთან. მეორე რჯულის 6:5-ში ვკითხულობთ, რომ ისრაელ ერს ებრძანა: „გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით“. იესო ქრისტემაც მოგვიანებით ამ კანონის შესახებ დაუმოწმა თავის მოწაფეებს და დაუმატა: „ეს არის პირველი და დიდი მცნება“ (მათე 22:37, 38). თუ ასეთი დამოკიდებულება ღმერთთან მიუწვდომელი იქნებოდა, დაგვიწყებდა თუ არა ბიბლია შეგონებას, რომ გვიყვარდეს ღმერთი?
იეჰოვა ჩვენგან სიყვარულს მხოლოდ იმიტომ მოითხოვს, რომ გვიბრძანა? არა. ღმერთმა ადამიანთა პირველი წყვილი შექმნა იმის უნარით, რომ ჰყვარებოდათ შემოქმედი. ადამსა და ევას არ აიძულებდნენ, რომ შემოქმედთან სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა ჰქონოდათ. პირიქით, ღმერთმა მათ ირგვლივ იდეალური ატმოსფერო შექმნა, რაც შემოქმედის მიმართ ღრმა სიყვარულის განმავითარებელი იყო. არჩევანი მათზე იყო — ან დაახლოებოდნენ ღმერთს ან ჩამოსცილებოდნენ მას.
ადამმა და ევამ ირჩიეს აჯანყება (დაბადება 2:16, 17; 3:6, 7). მაგრამ მათ შთამომავლებს მაინც ექნებოდათ შესაძლებლობა, რომ სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა განევითარებინათ შემოქმედთან.
ჭეშმარიტ ღმერთთან სიარული
მაგალითად, ბიბლიაში აბრაამის შესახებ ნათქვამია, რომ ის იყო ღვთის „მეგობარი“ (იაკობი 2:23). მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ მხოლოდ აბრაამს ჰქონდა ახლო ურთიერთობა ღმერთთან. ბიბლიაში მოხსენიებულია სხვა მრავალი არასრულყოფილი ადამიანი, რომლებიც ავლენდნენ ნამდვილ სიყვარულს იეჰოვას მიმართ და ‘დადიოდნენ ღმერთთან’ (დაბადება 5:24; 6:9; იობი 29:4; ფსალმუნი 24:14; იგავნი 3:32).
ღვთის, ბიბლიური დროის, მსახურები ასეთი სიყვარულით არ დაბადებულან. მათ უნდა განევითარებინათ ის. როგორ? ღვთის პირადი სახელის, იეჰოვას, შესახებ შემეცნების მიღებით (გამოსვლა 3:13–15; 6:2, 3). მისი არსებობისა და ღვთაებრიობის შემეცნებით (ებრაელთა 11:6). იეჰოვას სიყვარულით აღსავსე საქმეებზე ხშირი ფიქრით (ფსალმუნი 62:7). ღვთისადმი ლოცვაში უღრმესი ფიქრების ჩაქსოვით (ფსალმუნი 38:13). მისი სიკეთის გაგებით (ზაქარია 9:17). ჯანსაღი შიშის განვითარებით — გული არ ვატკინოთ მას (იგავნი 16:6).
შეგიძლია თუ არა შენც გახდე ღვთის მეგობარი და იარო მასთან? მართალია, შენ არ შეგიძლია ღვთის დანახვა და მისი ხმის მოსმენა. მაგრამ იეჰოვა გიწვევს შენ, რომ ‘დაისადგურო მის კარავში’, გახდე მისი მეგობარი (ფსალმუნი 14:1–5). მაშასადამე, შენთვის შეუძლებელს არ წარმოადგენს, რომ შეიყვარო ღმერთი. მაგრამ, როგორ შეგიძლია განავითარო ძალიან ახლო და სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა ღმერთთან?