ზეპირი რჯული — რატომ დაიწერა ის?
რატომ არ აღიარეს იესო მესიად პირველი საუკუნის ებრაელებმა? ერთმა თვითმხილველმა დაწერა: „როცა [იესო] ტაძარში მივიდა და ასწავლიდა, მიუახლოვდნენ მას მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: რომელი ძალაუფლებით აკეთებ ამას და ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება?“ (მათე 21:23, აფ). ისინი ფიქრობდნენ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა იუდეველ ერს მისცა თორა (რჯული), რომლის მეშვეობითაც გარკვეულ კაცებს ძალაუფლება მიანიჭა. ჰქონდა იესოს ასეთი ძალაუფლება?
იესომ დიდი პატივისცემა გამოავლინა თორისა და მათ მიმართ, ვისაც თორა ნამდვილ ძალაუფლებას ანიჭებდა (მათე 5:17–20; ლუკა 5:14; 17:14). თუმცა ის ხშირად განსჯიდა მათ, ვინც არ იცავდა ღვთის მცნებებს (მათე 15:3–9; 23:2–28). ასეთი ადამიანები მიჰყვებოდნენ ტრადიციებს, რომლებიც ცნობილი გახდა როგორც ზეპირი რჯული. იესომ უარყო ის. ამიტომ ბევრმა უარყო იესო, როგორც მესია. მათ სწამდათ, რომ მათ შორის იმას ექნებოდა ღვთის მხარდაჭერა, ვინც ძალაუფლების მქონეთა მიერ დადგენილ ტრადიციებს დაიცავდა.
საიდან მომდინარეობს ეს ზეპირი რჯული? რატომ მიიღეს ის იუდეველებმა საღვთო წერილში მოცემული დაწერილი რჯულის თანაბარ ავტორიტეტულ რამედ? და, თუ ის ზეპირი ტრადიცია უნდა ყოფილიყო, რატომ დაიწერა?
საიდან მომდინარეობს ეს ტრადიციები?
სინაის მთასთან ძვ. წ. 1513 წელს კავშირი დაიდო იეჰოვა ღმერთსა და ისრაელებს შორის. მოსეს მეშვეობით მათ მიიღეს ამ კავშირთან დაკავშირებული სჯულდებები (გამოსვლა 24:3). თუ მათ დაიცავდნენ, ‘წმიდა იქნებოდნენ, როგორც მათი ღმერთი იყო წმიდა’ (ლევიანნი 11:44). რჯულის კავშირის მიხედვით იეჰოვას თაყვანისცემაში დანიშნული მღვდლების მიერ მსხვერპლის შეწირვაც შედიოდა. თაყვანისმცემლობისთვის უნდა ყოფილიყო მთავარი ადგილი, რაც დროთა განმავლობაში იერუსალიმის ტაძარი გახდა (მეორე რჯული 12:5–7; მეორე ნეშტთა 6:4–6).
მოსეს რჯულში ყველაფერი იყო გათვალისწინებული ისრაელის, როგორც ერის, მიერ იეჰოვას თაყვანისცემისთვის. მაგრამ ზოგი რამ არ იყო დაწვრილებით ახსნილი. მაგალითად, რჯული კრძალავდა მუშაობას შაბათ დღეს, მაგრამ არ აკონკრეტებდა, რა ითვლებოდა მუშაობად და რა არა (გამოსვლა 20:10).
იეჰოვას რომ საჭიროდ ჩაეთვალა ამის გაკეთება, ის წვრილმანებზეც კი კანონს მისცემდა მათ, რითაც პასუხი გაეცემოდა ყველა შესაძლო კითხვას. მაგრამ მან ადამიანი სინდისის გრძნობით შექმნა და საშუალება მისცა, მისადმი მსახურებისას სინდისით ეხელმძღვანელა ისე, რომ არ დაერღვია მისი კანონები. რჯული ითვალისწინებდა სასამართლო შემთხვევებს, რომლებიც მღვდლებს, ლევიანებსა და მსაჯულებს უნდა გაერჩიათ (მეორე რჯული 17:8–11). რადგანაც იზრდებოდა ასეთი შემთხვევების რიცხვი, შეიქმნა გარკვეული პრეცედენტები, რომელთაგან ზოგი, ეჭვგარეშეა, თაობიდან თაობაში გადადიოდა. თაობებს გადაეცემოდა აგრეთვე ის, თუ როგორ უნდა შეესრულებინათ მღვდლებს თავიანთი მოვალეობები იეჰოვას ტაძარში. ერის გამოცდილების ზრდასთან ერთად იზრდებოდა ტრადიციების რიცხვიც.
მაგრამ ისრაელის თაყვანისმცემლობაში მოსეს მეშვეობით მიცემულ დაწერილ რჯულს მაინც მთავარი ადგილი ეკავა. გამოსვლის 24:3, 4-ში ნათქვამია: „მივიდა მოსე და შეატყობინა ხალხს უფლის ნათქვამი, და ყველა სჯულდება; ერთხმად უპასუხა ხალხმა და უთხრა: ყველაფერს შევასრულებთ, რაც უბრძანებია უფალს. დაწერა მოსემ უფლის სიტყვები“. სწორედ ამ დაწერილი სჯულდებების საფუძველზე დაუდო ღმერთმა ისრაელს კავშირი (გამოსვლა 34:27). ფაქტიურად, ბიბლიაში არაფერია ნათქვამი ზეპირი რჯულის შესახებ.
„ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება?“
მოსეს რჯულიდან ნათელი იყო, რომ ძირითადი რელიგიური ძალაუფლება და სწავლების უფლება მღვდლებს, აარონის შთამომავლებს, ეძლეოდათ (ლევიანნი 10:8–11; მეორე რჯული 24:8; მეორე ნეშტთა 26:16–20; მალაქია 2:7). მიუხედავად ამისა, საუკუნეების განმავლობაში ზოგი მღვდელი ორგული გახდა და გაირყვნა (პირველი მეფეთა 2:12–17, 22–29; იერემია 5:31; მალაქია 2:8, 9). ბერძნების ბატონობის დროს ბევრი მღვდელი რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისზე მიდიოდა. ძვ. წ. II საუკუნეში ფარისევლებმა — იუდეველებში ახლად წარმოქმნილმა ჯგუფმა, რომელიც არ ენდობოდა სამღვდელოებას — დაიწყეს ისეთი ტრადიციების შექმნა, რომელთა მიხედვითაც ნებისმიერს შეეძლო თავი მღვდელივით წმინდად მიეჩნია. ეს ტრადიციები ბევრს მოსწონდა, მაგრამ ისინი რჯულის მიუღებელი დამატება იყო (მეორე რჯული 4:2; 12:32 [13:1 ებრაულ გამოცემებში]).
ფარისევლები გახდნენ რჯულის ახალი მცოდნეები და აკეთებდნენ იმას, რასაც, მათი აზრით, მღვდლები არ აკეთებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსეს რჯულის მიხედვით ისინი არ იყვნენ ძალაუფლების მქონეები, მათ შეიმუშავეს საღვთო წერილის ახსნის ახალი მეთოდები; მათში გაუგებარი მინაწერები და სხვა ისეთი საშუალებები შედიოდა, რომლებიც თითქოსდა მხარს უჭერდა მათ აზრებსa. როგორც ამ ტრადიციების მთავარმა დამცველებმა და დამფუძნებლებმა, მათ ისრაელში ძალაუფლებისთვის ახალი საფუძველი შექმნეს. ახ. წ. I საუკუნისთვის ფარისევლები იუდაიზმის მთავარი ძალა გახდნენ.
როდესაც თავს უყრიდნენ არსებულ ზეპირ ტრადიციებს და საკუთარი დადგენილებების განსამტკიცებლად საღვთო წერილში ეძებდნენ გამართლებას, ფარისევლებმა დაინახეს, რომ თავიანთი საქმიანობისთვის მეტი ძალაუფლების მინიჭება სჭირდებოდათ. შეიქმნა ახალი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან წარმოიშვა ეს ტრადიციები. რაბინები ასწავლიდნენ: „სინაის მთაზე მიღებული თორა მოსემ იესო ნავეს ძეს გადასცა, იესო ნავეს ძემ — უხუცესებს, მათ — წინასწარმეტყველებს, ხოლო წინასწარმეტყველებმა ის დიდებული კრებულის მამაკაცებს დაუტოვეს“ (აბოთი 1:1, მიშნა).
როდესაც ამბობდნენ, რომ „მოსემ მიიღო თორა“, რაბინები გულისხმობდნენ არა მარტო დაწერილ კანონებს, არამედ თავიანთ ყველა ზეპირ ტრადიციასაც. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს ტრადიციები, რომლებიც ადამიანებმა გამოიგონეს და ჩამოაყალიბეს, ღმერთმა მისცა მოსეს სინაის მთაზე. გარდა ამისა, ისინი ასწავლიდნენ, რომ ღმერთს არ გაუთვალისწინებია, ადამიანებს შეევსოთ თორა; მან ზეპირად განსაზღვრა ის, რაც დაწერილ რჯულში არ იყო ნათქვამი. როგორც ისინი ამბობდნენ, მოსემ ეს ზეპირი რჯული თაობებს გადასცა — არა მღვდლებს, არამედ სხვა წინამძღოლებს. ფარისევლები აცხადებდნენ, რომ თვითონ იყვნენ ძალაუფლების მქონეების ამ „უწყვეტელი“ ჯაჭვის მემკვიდრეები.
რჯული კრიზისს განიცდის — ახალი გამოსავალი
იესომ, რომლის ღვთისმიერ ბოძებულ ძალაუფლებაშიც იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს ეჭვი ეპარებოდათ, ტაძრის დანგრევა იწინასწარმეტყველა (მათე 23:37—24:2). მას შემდეგ, რაც ახ. წ. 70 წელს რომაელებმა ტაძარი დაანგრიეს, მოსეს რჯულში მოცემული მოთხოვნების, მათ შორის მსხვერპლთშეწირვისა და სამღვდლო სამსახურის, შესრულება შეუძლებელი გახდა. ამიტომ ღმერთმა მათ ახალი კავშირი დაუდო, რომელიც იესოს გამომსყიდველურ მსხვერპლზე იყო დაფუძნებული (ლუკა 22:20, აქ). მოსეს რჯულის კავშირი გაუქმდა (ებრაელთა 8:7–13, აქ).
ყოველივე ეს იმის მოწმობად რომ არ მიეღოთ, რომ იესო მესია იყო, ფარისევლებმა გამოსავალი იპოვეს. მათ უკვე ხელში ჰქონდათ ჩაგდებული სამღვდელოებისთვის განკუთვნილი ძალაუფლება. ტაძრის დანგრევის შემდეგ კი მათ ერთი ნაბიჯით წინ წაიწიეს. იავნეში არსებული რაბინების აკადემია გარდაქმნილი სინედრიონის — იუდას უმაღლესი სასამართლოს — ცენტრი გახდა. იავნეში იოჰანან ბენ-ზაკაისა და გამალიელ II-ის ხელმძღვანელობით იუდაიზმი სრულიად იქნა შეცვლილი. სინაგოგაში მსახურებამ, რასაც რაბინები ხელმძღვანელობდნენ, შეცვალა ტაძარში არსებული თაყვანისმცემლობა, რასაც მღვდლები ზედამხედველობდნენ. მსხვერპლთშეწირვა, განსაკუთრებით გამოსყიდვის დღეს, ლოცვებმა შეცვალა. ფარისევლები ამტკიცებდნენ, რომ ეს სინაის მთაზე მოსესთვის მიცემულ ზეპირ რჯულში იყო გათვალისწინებული.
რაბინების აკადემიებმა კიდევ უფრო გაითქვა სახელი. მათს სასწავლო პროგრამაში პირველ რიგში ზეპირი რჯულის გაძლიერებული განხილვა, დაზეპირება და გამოყენება შედიოდა. ადრე ზეპირი რჯულის საფუძვლები საღვთო წერილის ახსნასთან — მიდრაშთან — იყო დაკავშირებული. ახლა მათ დაიწყეს ამ რიცხობრივად მზარდი დაგროვილი ტრადიციების ცალკე სწავლება და ჩამოყალიბება. ზეპირი რჯულის ყოველი დებულება გამარტივებულ იქნა, მოკლე ადვილად დასამახსოვრებელ ფრაზებად, რომლებსაც ხშირად მუსიკა ჰქონდა შეწყობილი.
რატომ დაიწერა ზეპირი რჯული
რაბინების აკადემიების სიმრავლემ და მათმა მზარდმა დებულებებმა ახალი პრობლემა წარმოშვა. სწავლული რაბინი ადნ სტაინსალცი ამბობს: «ყველა მასწავლებელს თავისი მეთოდი ჰქონდა და ზეპირ რჯულს თავისებურად წარმოთქვამდა. . . აღარ იყო საკმარისი, მოსწავლე გაცნობილი ყოფილიყო თავისი მოძღვრის სწავლებებს; ის ვალდებული იყო გასცნობოდა სხვა სწავლულების ნამუშევრებსაც. . . ასეთნაირად მოსწავლეებს აიძულებდნენ, „ცოდნის სწრაფი ზრდის გამო“ დიდი რაოდენობის მასალა დაემახსოვრებინათ». ამ ზღვა სხვადასხვა ინფორმაციაში მოწაფის მეხსიერება უკიდურესად იტვირთებოდა.
ახ. წ. II საუკუნეში რომაელთა წინააღმდეგ იუდეველთა აჯანყებას, რომელსაც ბარ კოხბა ხელმძღვანელობდა, სწავლული რაბინების გაძლიერებული დევნა მოჰყვა. აკივა — მოწინავე რაბინი, რომელიც მხარს უჭერდა ბარ კოხბას, — როგორც სხვა მრავალი მოწინავე სწავლული, მოკლეს. რაბინები შიშობდნენ, რომ ეს დევნა მათ ზეპირ რჯულდებებს საფრთხეს შეუქმნიდა. მათ სჯეროდათ, რომ ტრადიციების გადაცემის საუკეთესო საშუალება იყო მასწავლებლის მიერ მოსწავლისთვის სიტყვიერი სწავლება, მაგრამ ამ ცვალებადი ვითარებების გამო ცდილობდნენ შეექმნათ ორგანიზებული სტრუქტურა, რათა დაეცვათ ამ ბრძენკაცების სწავლებები, რომ ისინი საერთოდ არ დავიწყებულიყო.
შემდეგ, რომაელებთან შედარებით მშვიდობიანი ურთიერთობის დროს იუდა ჰა-ნასიმ, ახ. წ. II საუკუნის დასასრულსა და III-ის დასაწყისში მცხოვრებმა მოწინავე რაბინმა, შეკრიბა ბევრი სწავლული და უამრავი ზეპირი ტრადიცია ექვს დანაყოფად გამოსცა. ყოველი ქვედანაყოფი პატარა ტრაქტატს შეადგენდა; სულ 63 ტრაქტატი იყო. ამ ნამუშევარს მიშნა ეწოდა. ზეპირი რჯულის მცოდნე ეფრაიმ იურბაკი ამბობს: „მიშნამ. . . ისეთი მოწონება და ძალაუფლება მოიპოვა, როგორიც თორის გარდა არც ერთ წიგნს არ მოუპოვებია“. მესია უარყვეს, ტაძარი დაინგრა, მაგრამ ზეპირი რჯულის წერილობითი, მიშნის, სახით დაცვით დაიწყო იუდაიზმის ახალი ხანა.
[სქოლიო]
a საღვთო წერილის ასეთ ახსნას „მიდრაში“ ეწოდება.
[სურათი 26 გვერდზე]
რატომ უარყო ბევრმა იუდეველმა იესოს ძალაუფლება?