სამოთხის ძიებაში
მოგვითხრო პასკალ სტიზიმ
ნაშუაღამევს სამხრეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქ ბეზიეს ქუჩები დაცარიელებული იყო. მოჩანდა რელიგიური წიგნების ახლებურად შეღებილი მაღაზიის კედელი, რომელზეც მე და ჩემი მეგობარი უშველებელი შავი ასოებით ვაწერდით გერმანელი ფილოსოფოსის, ნიცშეს, სიტყვებს: „ღმერთები დაიხოცნენ. დღეგრძელობა ზეადამიანს!“ მაგრამ რა მიბიძგებდა ყოველივე ამისკენ?
დავიბადე 1951 წელს საფრანგეთში, იტალიური წარმოშობის კათოლიკურ ოჯახში. ბავშვობაში არდადეგებს სამხრეთ იტალიაში ვატარებდი. იქ ყოველ სოფელში ქალწულ მარიამის გამოსახულება არსებობდა. მე პაპაჩემთან ერთად მივყვებოდი მრავალრიცხოვან ხალხს, რომლებსაც ხელით მიჰქონდათ ეს უზარმაზარი შემოსილი ქანდაკებები მთებში. ეს პროცესია დაუსრულებლად გრძელდებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ამას ყოველგვარი რწმენის გარეშე ვაკეთებდი. ძირითადი განათლება რელიგიურ სკოლაში მივიღე, რომელშიც იეზუიტები ასწავლიდნენ, მაგრამ არასდროს მსმენია ისეთი რამ, რაც ღვთისადმი ნამდვილ რწმენას ჩამინერგავდა.
მონპელიეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩარიცხვის დროს დავიწყე ფიქრი სიცოცხლის აზრის შესახებ. მამაჩემი ომის დროს დაიჭრა და მას შემდეგ ყოველთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა; გაცილებით უკეთესი არ იქნებოდა დასახიჩრებული ადამიანების სამკურნალოდ დახარჯული ამდენი დროისა და ენერგიის ნაცვლად ომს ბოლო მოღებოდა? იმ პერიოდში ვიეტნამის ომი მძვინვარებდა. ჩემი აზრით, ფილტვის კიბოს თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობდა, კერძოდ, ამ დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზის, თამბაქოს, განადგურება. რა შეიძლება ითქვას იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც ღარიბ ქვეყნებში ცუდმა, ხოლო დედამიწის მდიდარ ადგილებში გადამეტებულმა კვებამ გამოიწვია? უკეთესი არ იქნებოდა სავალალო მდგომარეობის გამოსწორების ნაცვლად გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება? რატომ არსებობდა ამდენი ტანჯვა დედამიწაზე? ვგრძნობდი, რომ საზოგადოებაში რაღაც საშინელება ხდებოდა, რაშიც მთავრობებს ვადანაშაულებდი.
მე ძალიან მიყვარდა ერთი წიგნი, რომელიც დაწერილი იყო ანარქისტის მიერ; სწორედ ამ წიგნიდან აღებულ ფრაზებს ვაწერდი კედლებს. თანდათანობით ანარქისტად ჩამოვყალიბდი, არაფერი მწამდა — ჩემთვის არც მორალური ნორმები არსებობდა და არც სურვილი მქონდა, ღმერთს ან ბატონს დავმორჩილებოდი. ჩემი აზრით, ღმერთი და რელიგია გამოგონებული იყო მდიდრებისა და ძალაუფლების მქონეების მიერ, რომ ებატონათ დანარჩენებზე და ექსპლუატაცია გაეწიათ მათთვის. ისინი თითქოს ამბობდნენ: „ახლა ჩვენთვის თუ იმუშავებთ აქ, ზეცაში დიდებულ ჯილდოს მიიღებთ“. რაც შეეხება ღმერთებს, ისინი წარსულს ჩაბარდნენ. შენობების კედლებზე წარწერების გაკეთება ერთ-ერთი საშუალება იყო, რომ ხალხს გაეგო ეს.
ასეთი აზროვნების შედეგად სწავლა მეორეხარისხოვანი გახდა ჩემთვის. იმ პერიოდში შევედი მონპელიეში არსებული სხვა უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და ეკოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც აჯანყების სული მძვინვარებდა. რაც უფრო მეტს ვსწავლობდი ეკოლოგიას, მით უფრო მეტად მიჩნდებოდა ზიზღის გრძნობა, როდესაც ვუყურებდი ჩვენი მშვენიერი პლანეტის დაბინძურებას.
ყოველ წელს, ზაფხულის არდადეგების დროს, ათასობით კილომეტრს გავდიოდი მთელი ევროპის მასშტაბით. ასობით მძღოლთან ერთად მგზავრობისა და მათთან საუბრის დროს საკუთარი თვალით ვხედავდი, რა საზიანოდ მოქმედებდა ადამიანთა საზოგადოებაზე არსებული ბოროტება და გახრწნილება. იმ პერიოდში, როდესაც სამოთხეს ვეძებდი, გავიარე კუნძულ კრეტას მშვენიერ ზღვის სანაპიროებზე და უცებ შევნიშნე, რომ ისინი მაზუთით იყო დაფარული. ამან ძალიან დამამწუხრა. ნეტავ, სადმე თუ არსებობდა დედამიწაზე სამოთხისმაგვარი ადგილი?
სოფელში დაბრუნება
საფრანგეთში ეკოლოგები მოუწოდებდნენ ხალხს, დაბრუნებოდნენ სოფლებს, რის შედეგადაც ყველა პრობლემა გადაიჭრებოდა. მე სურვილი გამიჩნდა, საკუთარი ხელებით მემუშავა, რის გამოც ძველი, ქვისგან აშენებული სახლი ვიყიდე სამხრეთ საფრანგეთში, სევენების მთისწინეთში მდებარე პატარა სოფელში. ჩემს კარზე დავაწერე ამერიკელი ჰიპების ლოზუნგი: „სამოთხე ახლა“. მოგვიანებით გავიცანი ჩვენს მხარეში მოგზაური გერმანელი გოგონა და დავიწყე მასთან ცხოვრება. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ოფიციალური ქორწინებისა, ცერემონიალისა, რომელიც სახელმწიფო ორგანოში სრულდებოდა. რაც შეეხება ეკლესიაში ჯვრისწერას, ამის შესახებ ფიქრიც კი არ მინდოდა.
ჩვენ უმეტესად ფეხშიშველები ვსეირნობდით; მე ვატარებდი გრძელ თმასა და მოუვლელ წვერს. ხილისა და ბოსტნეულის გაშენება სიამოვნებას მანიჭებდა. იქ ზაფხულობით ცა ლურჯი იყო და ჭრიჭინების ჭრიჭინი ისმოდა. იმ მხარეში იზრდებოდა ძალიან სურნელოვანი ბუჩქნარი, ხოლო ხმელთაშუა ზღვის ხილი, ყურძენი და ლეღვი, რომლებიც გაშენებული გვქონდა, ძალიან წვნიანი იყო. მეგონა, რომ ჩვენი ადგილი ვიპოვეთ სამოთხეში.
ღვთისადმი რწმენის შეგრძნება
უნივერსიტეტში ციტოლოგიის, ემბრიოლოგიისა და ანატომიის შესწავლისას გაოცებული ვიყავი ამ მექანიზმების აგებულების სირთულითა და ჰარმონიული შეთავსებულობით. ახლა, როდესაც ყოველდღიურად ვფიქრობდი და დაკვირვებას ვახდენდი ბუნებაზე, მის სილამაზესა და მასში არსებულ უდიდეს ენერგიაზე, აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. ბუნება ყოველდღიურად რაღაც ახალს მამცნობდა. ერთ დღესაც, მთებში დიდი ხნის სიარულისა და სიცოცხლის აზრის შესახებ ფიქრის შემდეგ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ არსებობდა შემოქმედი. ვიგრძენი, რომ ღვთისადმი რწმენა გამიჩნდა. ადრე საშინელ სიცარიელესა და სიმარტოვეს ვგრძნობდი. მაგრამ იმ დღეს, როდესაც შევიგრძენი ღვთისადმი რწმენა, საკუთარ თავს ვუთხარი: „პასკალ, შენ ამიერიდან არასოდეს იქნები მარტო“. ეს იყო განსაკუთრებული შეგრძნება.
ცოტა ხნის გასვლის შემდეგ მე და ჩემს მეგობარ გოგონას პატარა ამანდინი შეგვეძინა, რომელსაც თვალისჩინივით ვუვლიდი. ახლა, როცა უკვე ღვთისადმი რწმენა გამიჩნდა, დავიწყე ჩემთვის ცნობილი ზნეობრივი ნორმების დაფასება. შევწყვიტე ქურდობა, ტყუილის თქმა და მალე მივხდი, რომ ეს დამეხმარა, თავიდან ამეცილებინა უამრავი უსიამოვნება ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებთან. მაგრამ პრობლემები მაინც გვქონდა, რადგან ჩემი სამოთხე არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც მოველოდი. ადგილობრივი ღვინის მეწარმეები იყენებდნენ ინსექტიციდებსა და ჰერბიციდებს, რაც ჩემს მოსავალსაც აბინძურებდა. ჩემი შეკითხვა ბოროტების მიზეზთან დაკავშირებით ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩებოდა. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რამ მქონდა წაკითხული ოჯახურ ცხოვრებაზე, თავიდან ვერ ვიცილებდი მწვავე უსიამოვნებებს ჩემს მეგობარ გოგონასთან. ჩვენ ცოტა მეგობრები გვყავდა, რომლებიც არ იყვნენ ერთგულები; ზოგიერთი მათგანი იმასაც კი ცდილობდა, რომ ჩემს მეგობარ გოგონას ეღალატა ჩემთვის. ვგრძნობდი, რომ სადღაც უნდა ყოფილიყო გაცილებით უკეთესი სამოთხე.
ლოცვებზე მიღებული პასუხი
მე ხშირად ვევედრებოდი ღმერთს, რომ ჩემებურად წარემართა ჩემი ცხოვრება. ერთ კვირა დილით კეთილგანწყობილი მანდილოსანი, სახელად ირენ ლოპესი, და მისი პატარა ბიჭუნა გვესტუმრნენ. ის იეჰოვას მოწმე იყო. ჩვენ ვისაუბრეთ, რის შემდეგაც დავთანხმდი, რომ კვლავ მოსულიყვნენ. მომდევნო ჯერზე ორი კაცი მესტუმრა. მათთან საუბრის შემდეგ დამამახსოვრდა ორი რამ — სამოთხე და ღვთის სამეფო. მე ღრმად ჩამებეჭდა ეს აზრები გონებაში და თვეების მანძილზე მივედი იმ დასკვნამდე, რომ, თუ მსურდა, სუფთა სინდისი მქონოდა და ნამდვილი ბედნიერება მეპოვა, ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ცხოვრება ღვთის ნორმებთან უნდა შემეთანხმებინა.
იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება ღვთის სიტყვასთან შეგვეთანხმებინა, პირველად ჩემმა მეგობარმა გოგონამ სურვილი გამოთქვა, კანონიერად დავქორწინებულიყავით. მაგრამ მოგვიანებით ის აღმოჩნდა ცუდ საზოგადოებაში, სადაც ღმერთსა და მის კანონებს დასცინოდნენ. როდესაც გაზაფხულის ერთ საღამოს შინ მივედი, თავზარი დამეცა — სახლი დაცარიელებული იყო; ჩემმა მეგობარმა გოგონამ მიმატოვა და თან წაიყვანა ჩვენი სამი წლის ქალიშვილი. რამდენიმე დღე ველოდებოდი მათ დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ. იმის მაგივრად, რომ ღმერთი დამედანაშაულებინა მომხდარში, ვევედრებოდი მას, დახმარება აღმოეჩინა ჩემთვის.
ამის შემდეგ ბიბლიით ხელში დავჯექი ჩემი ლეღვის ხის ქვეშ და დავიწყე კითხვა. გულისყურით ვკითხულობდი მასში ჩაწერილ სიტყვებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი წიგნი მქონდა წაკითხული ფსიქოანალიზსა და ფსიქოლოგიაზე, არასდროს მსმენია ამხელა სიბრძნე. ეს წიგნი ღვთის შთაგონებით უნდა ყოფილიყო დაწერილი. მაოცებდა იესოს სწავლება და ის, თუ რამდენად კარგად იცნობდა ის ადამიანის ბუნებას. სიმშვიდეს მგვრიდა ფსალმუნების კითხვა და მაოცებდა წიგნ „იგავნში“ მოცემული პრაქტიკული სიბრძნე. მოკლე ხანში ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ბუნებაზე დაკვირვებით გარკვეულწილად ეცნობი ღმერთს, მაგრამ, სინამდვილეში, ამის საშუალებით მხოლოდ ‘მისი გზების კიდეებს’ ხედავ (იობი 26:14).
მოწმეებმა აგრეთვე დამიტოვეს შემდეგი წიგნები: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ და „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“a. მათი კითხვისას ჩემთვის ბევრ რამეს ნათელი მოეფინა. წიგნის „ჭეშმარიტება“ საშუალებით ჩემთვის ნათელი გახდა, რატომ ვცხოვრობდით დაბინძურებულ გარემოში, რატომ არსებობდა ომები, ძალადობა და ბირთვული განადგურების საშიშროება. და, როგორც ჩემი ბაღიდან მოჩანდა მოწითალო ცა, რომელიც მამცნობდა, რომ მეორე დღეს მშვენიერი ამინდი იქნებოდა, ისე ეს მოვლენებიც ცხადყოფდა, რომ ღვთის სამეფო ხელის გაწვდენაზე იყო. რაც შეეხება წიგნს „ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“, დიდი სურვილი გამიჩნდა, მეჩვენებინა ის ჩემი მეგობარი გოგონასთვის და ამეხსნა მისთვის, რომ შევძლებდით ბედნიერები ვყოფილიყავით, თუ პრაქტიკაში გამოვიყენებდით ბიბლიურ პრინციპებს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი იყო.
სულიერი წინსვლა
მე მეტის გაგების სურვილი გამიჩნდა, ამიტომ ვთხოვე ერთ მოწმეს, სახელად რობერტს, მოვენახულებინე. მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც ვუთხარი, რომ მონათვლა მსურდა, რამაც განაპირობა ბიბლიის შესწავლის დაწყება. მე დაუყოვნებლივ დავიწყე შესწავლილის თაობაზე სხვებთან საუბარი და იმ ლიტერატურის გავრცელება, რომელსაც სამეფო დარბაზში ვღებულობდი.
თავის რჩენის მიზნით სამშენებლო კურსებზე შევედი. მე კარგად მესმოდა, რამხელა დახმარების მიღება შეეძლო ადამიანს ღვთის სიტყვის საშუალებით. ამიტომ ნებისმიერი შესაძლებლობისას არაფორმალურად ვქადაგებდი თანაკურსელებთან და მასწავლებლებთან. ერთ საღამოს დერეფანში სერჟს შევხვდი; მას რამდენიმე ჟურნალი ეჭირა.
— ვხედავ, რომ გიყვარს კითხვა, — ვუთხარი მას.
— კი, მაგრამ ყოველივე ეს ძალიან უინტერესოა.
— ხომ არ ისურვებდი ნამდვილად საინტერესო რამის წაკითხვას? — ვკითხე მას.
ჩვენ ვისაუბრეთ ღვთის სამეფოს შესახებ, რის შემდეგაც მან ბიბლიური ლიტერატურა გამომართვა. მომდევნო კვირას ის ჩემთან ერთად წამოვიდა სამეფო დარბაზში, და ასეთნაირად მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
ერთ დღეს რობერტს შევეკითხე, შემეძლო თუ არა საქადაგებლად წასვლა. მან თავის გარდერობში კოსტიუმი მომიძებნა და მომდევნო კვირას მასთან ერთად პირველად მივიღე მონაწილეობა მსახურებაში. ბოლოს, 1981 წლის 7 მარტს, იეჰოვა ღმერთისადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე.
გასაჭირის პერიოდში მიღებული დახმარება
იმავე პერიოდში შევიტყვე, რომ დედასთან ერთად ამანდინი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. სამწუხაროდ, დედამისმა იმ ქვეყნის კანონით გათვალისწინებულ ყველანაირ საშუალებას მიმართა და ამიკრძალა ჩემი ქალიშვილის ნახვა. ამან სრულიად გამანადგურა. ამანდინის დედა გათხოვდა და ჩემი მწუხარება კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც ოფიციალურად შემატყობინეს, რომ მისმა ქმარმა ჩემი თანხმობის გარეშე იშვილა ამანდინი. მე ყოველგვარი უფლება ჩამომერთვა ჩემს შვილზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონის ძალით ვმოქმედებდი, ვერ მოვიპოვე შვილის ნახვის უფლება. ძალიან ვიტანჯებოდი; ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ზურგით მძიმე ლოდს ვეზიდებოდი.
მაგრამ იეჰოვას სიტყვა მრავალმხრივ დამეხმარა. ერთ დღეს, როდესაც ძალიან დამწუხრებული ვიყავი, განუწყვეტლივ ვიმეორებდი იგავნის 24:10-ში ჩაწერილ სიტყვებს: „თუ გაჭირვების დროს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა“. ეს მუხლი დამეხმარა, რომ არ დამეყარა ფარ-ხმალი. სხვა შემთხვევისას, როდესაც უშედეგოდ ჩაიარა ჩემი ქალიშვილის ნახვის მცდელობამ, გადავწყვიტე მემსახურა და მთელი გულმოდგინებით ვიქადაგე. ასეთი რთული სიტუაციების საშუალებით საკუთარ თავზე გამოვცადე ფსალმუნის 125:6-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება, სადაც ნათქვამია: „მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თავისი“. ამის შედეგად მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე: როდესაც სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდები და ყოველ ღონეს იხმარ მათ გადასაჭრელად, ნუღარ იფიქრებ მათ შესახებ; ამის ნაცვლად, გადაწყვეტილებით იყავი აღსავსე, ემსახურო იეჰოვას. ეს სიხარულის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა.
მისწრაფება უკეთესისკენ
როდესაც ჩემმა მშობლებმა დაინახეს, რომ წარსულთან შედარებით ძალიან შევიცვალე, უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დახმარება შემომთავაზეს. მე მადლობელი ვიყავი მათი, მაგრამ უკვე სხვა მიზანი მქონდა ცხოვრებაში. ჭეშმარიტების საშუალებით გავთავისუფლდი ადამიანური ფილოსოფიისგან, მისტიციზმისა და ასტროლოგიისგან. იმ პერიოდში შევიძინე ნამდვილი მეგობრები, რომლებიც არასდროს დახოცავდნენ ერთმანეთს ომში. და, რაც ყველაზე მთავარია, მე მივიღე პასუხი, რატომ არსებობდა ამდენი ტანჯვა დედამიწაზე. მადლიერების გრძნობით აღძრულს, მსურდა მთელი ენერგიით მემსახურა ღვთისთვის. იესომ სრულიად მიუძღვნა თავი მის მსახურებას და მეც მსურდა, მიმებაძა მისთვის.
1983 წელს მივატოვე სწავლა სამშენებლო კურსებზე და გავხდი სრული დროით მსახური. მე მივიღე ჩემს ლოცვებზე პასუხი, რადგან მოვძებნე სამსახური არასრული სამუშაო დღით საზოგადოებრივ პარკში, რათა თავი მერჩინა. რამხელა სიხარული განვიცადე, როდესაც პიონერულ სკოლაში მიმიწვიეს სერჟთან ერთად, რომელსაც სამშენებლო სასწავლებელში ვუქადაგე! სამი წლის პიონერული მსახურების შემდეგ სურვილი გამიჩნდა, უფრო მეტი გამეკეთებინა იეჰოვას მსახურებაში. 1986 წელს დავინიშნე სპეციალურ პიონერად პარიზიდან არც ისე შორს, პროვანსის ოლქში მდებარე უსაზღვროდ ლამაზ ქალაქში. ხშირად, როდესაც საღამოობით სახლში ვბრუნდებოდი, მუხლებზე დაჩოქილი ვმადლობდი იეჰოვას შესანიშნავი დღისთვის, რომ მომეცა საშუალება მესაუბრა სხვებთან მის შესახებ. ცხოვრებაში ორი რამ მანიჭებდა უდიდეს სიამოვნებას — ღმერთთან საუბარი და მის შესახებ საუბარი.
ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ჩემი 68 წლის დედა მოინათლა, რომელიც სამხრეთ საფრანგეთში მდებარე პატარა სოფელ სებასანში ცხოვრობდა. როდესაც დედაჩემმა ბიბლიის კითხვა დაიწყო, მისთვის გამოვიწერე „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ის მოაზროვნე პიროვნება იყო და ძალიან მალე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ, რასაც კითხულობდა, ჭეშმარიტება იყო.
ბეთელი — შესანიშნავი სულიერი სამოთხე
როდესაც საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ გადაწყვიტა, შეემცირებინა სპეციალური პიონერების რაოდენობა, განცხადება დავწერე სამსახურებრივი დახელოვნების სკოლაში სწავლასა და ბეთელში, საფრანგეთში არსებულ იეჰოვას მოწმეების ფილიალში, მსახურებაზე. მე მსურდა იეჰოვას ეხელმძღვანელა, სად შემეძლო უკეთესად მემსახურა მისთვის. რამდენიმე თვის შემდეგ, 1989 წლის დეკემბერში, მიმიწვიეს ლუვიეში არსებულ ბეთელში, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ეს საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდა, რადგან ბეთელის ადგილმდებარეობის გამო შესაძლებლობა მქონდა, დახმარება აღმომეჩინა ჩემი ძმისა და რძლისთვის, რომლებიც ჩემს ავადმყოფ მშობლებს უვლიდნენ; მისიონერად რომ მემსახურა ათასობით კილომეტრის დაშორებით, ამის გაკეთებას ვეღარ მოვახერხებდი.
დედაჩემმა რამდენჯერმე მომინახულა ბეთელში. თუმცა მისთვის ადვილი არ იყო ჩემგან განცალკევებით ცხოვრება, ის ხშირად მეუბნებოდა: „გააგრძელე შვილო მსახურება ბეთელში. მე ბედნიერი ვარ, რომ აქ ემსახურები იეჰოვას“. სამწუხაროა, რომ ამჟამად არც დედაა ცოცხალი და არც მამა. როგორ ველოდები იმ დღეს, როდესაც ვიხილავ მათ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე!
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ, თუკი რომელიმე სახლი იმსახურებს ასეთ სახელწოდებას, „სამოთხე ახლა“, — ეს არის ბეთელი, ღვთის სახლი. ჭეშმარიტი სამოთხე, უპირველეს ყოვლისა, სულიერია, ბეთელში კი სწორედ სულიერებაა გამეფებული. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, განვავითაროთ სულის ნაყოფი (გალატელთა 5:22, 23). ყოველდღიურად ბიბლიური მუხლის განხილვისა და „საგუშაგო კოშკის“ ოჯახური შესწავლის დროს მიღებული უხვი სულიერი საზრდო მაძლიერებს ბეთელში მსახურებისთვის. ამავე დროს, ბეთელი იმ მხრივაც არის სულიერი ზრდის უნიკალური ადგილი, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, ურთიერობა გვქონდეს სულიერად მოაზროვნე ძმებთან და დებთან, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას. თუმცა მას შემდეგ, რაც საკუთარ ქალიშვილს დამაცილეს, 17 წელი გავიდა, ბეთელში უამრავი ახალგაზრდა თავგამოდებულ მსახურს შევხვდი, რომლებსაც ჩემს საკუთარ შვილებად მივიჩნევ და რომელთა სულიერი წინსვლაც უდიდეს სიხარულს მანიჭებს. გასულ რვა წელზე მეტი ხნის განმავლობაში შვიდი სხვადასხვა დანიშნულება მქონდა. თუმცა რაღაც ახალთან შეგუება ყოველთვის არ არის ადვილი, საბოლოო ჯამში, ასეთი წვრთნა სარგებლობის მომტანია.
მე ვთესავდი პარკოსანი კულტურის მარცვალს, რომელსაც ასმაგი ნაყოფი მოჰქონდა. მსგავსად ამისა, საკუთარმა გამოცდილებამ დამანახვა, რომ, როდესაც თესავ ცუდს, ასწილად უარესს იმკი. სწორედ ეს გამოვცადე წარსულში, რაც ძალიან ძვირად დამიჯდა. მე არასდროს ვისურვებდი, ასეთი გამოცდების გამოვლას; ნაცვლად ამისა, ვამჯობინებდი იეჰოვას გზებით სიარულს. რამდენად უკეთეს მდგომარეობაში არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც ქრისტიანი მშობლების მიერ არიან აღზრდილი! უდავოდ, გაცილებით უკეთესია კარგი დათესო იეჰოვას სამსახურში და ასწილად მოიმკა სიმშვიდე და კმაყოფილება (გალატელთა 6:7, 8).
პიონერად მსახურებისას დროგამოშვებით ჩავუვლიდი ხოლმე რელიგიური წიგნების მაღაზიას, რომლის კედლებზეც ერთ დროს ვაწერდით ანარქისტის ლოზუნგს. დროდადრო მაღაზიაშიც შევდიოდი და ვესაუბრებოდი მის მეპატრონეს ცოცხალი ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ. დიახ, ღმერთი ცოცხალია! უფრო მეტიც, იეჰოვა, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, ერთგული მამაა, რომელიც არასდროს მიატოვებს თავის შვილებს (გამოცხადება 15:4). დაე უფრო მეტმა სხვადასხვა ეროვნების ადამიანმა ცოცხალი ღვთის, იეჰოვას, მსახურებითა და განდიდებით იპოვოს სულიერი სამოთხე ახლა, ხოლო მომავალში დაიმკვიდროს აღდგენილი სამოთხე!
[სქოლიო]
a გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[სურათები 26 გვერდზე]
ბუნებაში არსებული საოცრებებით აღფრთოვანებულმა, ღვთისადმი რწმენა შევიგრძენი. (მარჯვნივ) დღეს ბეთელში.