მნიშვნელოვანი მოვლენა ღვთის სიტყვის მოყვარულთათვის
ღვთის სიტყვის ყველა მოყვარულისთვის 1998 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ამ წელს „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მეასმილიონე ეგზემპლარი დაიბეჭდა. ამგვარად, ბიბლიის ეს თარგმანი ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული თარგმანი გახდა!
ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ თარგმანი გამოცემისთანავე ძლიერი კრიტიკის საგანი გახდა. მიუხედავად ამისა, მან არა მხოლოდ დღემდე მოაღწია, არამედ დიდი წარმატებაც მოიპოვა — მთელ მსოფლიოში მილიონობით ოჯახსა და გულში დაისადგურა! რის საფუძველზე წარმოიშვა ეს უნიკალური თარგმანი? ვის მიუძღვის წვლილი მის გადათარგმნაში? და როგორ შეიძლება მისმა გამოყენებამ სარგებლობა მოგიტანოთ?
რატომ გახდა საჭირო ახალი თარგმანი?
ას წელზე მეტია, რაც საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“, იეჰოვას მოწმეთა იურიდიული წარმომადგენლობა, ბიბლიებს ავრცელებს. მაშ, რატომ ჩათვალეს საჭიროდ იეჰოვას მოწმეებმა ღვთის სიტყვის სხვა თარგმანის გამოცემა? წიგნი „ამდენი თარგმანი?“ (საკაე კუბო და უოლტერ სპეკტი) შენიშნავს: „შეუძლებელია ბიბლიის რომელიმე თარგმანის საბოლოო ნაშრომად მიჩნევა. ბიბლიური ცოდნის გაღრმავებასა და ენაში მომხდარ ცვლილებებთან ერთად თარგმანებიც უნდა იცვლებოდეს“.
ამ საუკუნეში მნიშვნელოვნად გაღრმავდა ებრაულის, ბერძნულისა და არამეულის ცოდნა — ენებისა, რომლებზეც თავდაპირველად დაიწერა ბიბლია. ამასთანავე, აღმოჩენილ იქნა ბიბლიის ხელნაწერები, რომლებიც უფრო ძველი და ზუსტია, ვიდრე ისინი, რომლებსაც ბიბლიის მთარგმნელთა წინა თაობები იყენებდნენ. ამგვარად, ღვთის სიტყვის თარგმნა დღეს უფრო ზუსტად შეიძლება, ვიდრე ძველად იყო შესაძლებელი! სწორედ ამან განაპირობა, რომ შექმნილიყო ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტი, რომელიც ხელს მოკიდებდა ბიბლიის თანამედროვე ენებზე გადათარგმნას.
1950 წელს ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. სათაურიდანვე ჩანდა ტრადიციიდან გაბედული გადახვევა — ის არ ყოფდა ბიბლიას „ძველ“ და „ახალ“ აღთქმებად. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა ებრაული წერილები. 1961 წელს კი ერთ ტომად გამოიცა მთლიანი ბიბლია ინგლისურ ენაზე.
მაგრამ კონკრეტულად ვინ გააკეთა ბიბლიის ეს ღირსშესანიშნავი თარგმანი? 1950 წლის 15 სექტემბრის ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.) ნათქვამი იყო: „ამ თარგმანის კომიტეტის წევრებს სურთ . . . ანონიმები დარჩნენ, სახელდობრ, ცნობილი არ გახდეს მათი სახელები — არც მათს სიცოცხლეში, არც მათი სიკვდილის შემდეგ. ამ თარგმანის მიზანია, განადიდოს ცოცხალი, ჭეშმარიტი ღვთის სახელი“. ზოგი კრიტიკოსი იბრძოდა, რომ ეს ნაშრომი უყოყმანოდ უარეყოთ, როგორც არაპროფესიონალების მიერ ნათარგმნი, მაგრამ ყველამ არ დაიკავა ასეთი არაკეთილგონივრული პოზიცია. ალან დაზი წერს: „გვეხმარება ბიბლიის გარკვეული თარგმანის ავკარგიანობის განსაზღვრაში იმის ცოდნა, ვინ არიან მისი მთარგმნელები ან გამომცემლები? მაინცდამაინც არა. ხელახლა ვერავინ გამოიკვლევს თითოეული თარგმანის ყველა თავისებურებას“a.
უნიკალური თავისებურებები
მილიონობით მკითხველი იმავე აზრის არის. მათ აღმოაჩინეს, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ არა მხოლოდ ადვილი წასაკითხია, არამედ წუნდაუდებლად ზუსტიც. მთარგმნელები დედანში გამოყენებულ ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე დაყრდნობით მუშაობდნენ და საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექსტებს იყენებდნენb. ამავე დროს, ისინი ძალიან დიდ სიფრთხილეს ავლენდნენ, რომ ძველი ტექსტი რაც შეიძლება სიტყვასიტყვით ეთარგმნათ, მაგრამ ადვილად გასაგები ენით. ამიტომ, თარგმანმა თავისი სიზუსტით ზოგი სწავლულის ქება დაიმსახურა. მაგალითად, ერთი კვარტალური გამოცემის 1963 წლის იანვრის ნომერში ნათქვამი იყო: „ახალი აღთქმის თარგმანი იმაზე მოწმობს, რომ ამ მიმდინარეობის წევრებს შორის არიან სწავლულები, რომლებსაც საკმაო კვალიფიკაცია აქვთ ბიბლიის თარგმნასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის გადასაჭრელად“ (Andover Newton Quarterly).
მთარგმნელებმა ბიბლიური გაგება უფრო ნათელი გახადეს. ბიბლიური მუხლები, რომლებიც ადრე ძნელი აღსაქმელი იყო, საოცრად გასაგები გახდა. მაგალითად, მათეს 5:3-ში ჩაწერილი დამაბნეველი სიტყვები — „ნეტარ არიან სულით ღარიბნი“ — ისე ითარგმნა, რომ აზრი გამოკვეთილიყო: „ბედნიერია ის, ვისაც შეგნებული აქვს თავისი სულიერი მოთხოვნილებები“. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ მთავარი ტერმინებიც სრულიად უცვლელად არის თარგმნილი. მაგალითად, ყველგან, სადაც კი გვხვდება ბერძნული სიტყვა „ფსიხე“, „სულად“ ითარგმნა, რის შედეგადაც მკითხველი მალე დაინახავს, რომ, რელიგიური თეორიების საპირისპიროდ, სული არ არის უკვდავი! (მათე 2:20; მარკოზი 3:4; ლუკა 6:9; 17:33).
ღვთის სახელის აღდგენა
„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ იმითაც გამოირჩევა, რომ მასში აღდგენილია ღვთის სახელი — იეჰოვა. ებრაული ბიბლიის ძველ პირებში ღვთის სახელი მოცემულია ოთხი თანხმოვნით, რომლებიც ქართული ასოებით შეიძლება შემდეგნაირად დაიწეროს: ჲჰვჰ. ეს განსაკუთრებული სახელი მარტო ეგრეთ წოდებულ „ძველ აღთქმაში“ თითქმის 7 000-ჯერ გვხვდება (გამოსვლა 3:15, აქ; ფსალმუნი 83:18, აქ [82:19, სსგ]). აშკარაა, ჩვენს შემოქმედს განზრახული ჰქონდა, რომ მის თაყვანისმცემლებს სცოდნოდათ და გამოეყენებინათ ეს სახელი!
მაგრამ ცრურწმენით გამოწვეული შიშის გამო ებრაელმა ხალხმა თანდათან შეწყვიტა ღვთის სახელის გამოყენება. იესოს მოციქულების სიკვდილის შემდეგ ბერძნული წერილების გადამწერებმა დაიწყეს ღვთის სახელის შეცვლა ბერძნული სიტყვებით „კირიოს“ (უფალი) და „თეოს“ (ღმერთი). სამწუხაროდ, თანამედროვე მთარგმნელები დღემდე მიჰყვებიან ღვთის შეურაცხმყოფელ ამ ტრადიციას — ისინი ბიბლიის ბევრი თარგმანიდან იღებენ ღვთის სახელს და იმასაც კი მალავენ, რომ ღმერთს სახელი აქვს. მაგალითად, იოანეს 17:6-ში მოყვანილია იესოს სიტყვები: „შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს“. მაგრამ „დღევანდელი ინგლისური თარგმანი“ (Today’s English Version) ამ სიტყვებს შემდეგნაირად გადმოსცემს: „შენ შესახებ ვამცნე ადამიანებს“.
ზოგი სწავლული ღვთის სახელის ამოღებას იმით ამართლებს, რომ ცნობილი არ არის მისი ზუსტი გამოთქმა. მაგრამ ისეთი ცნობილი ბიბლიური სახელები, როგორიც არის: იერემია, ესაია და იესო, ჩვეულებრივ, ისე ითარგმნება, რომ მცირედ თუ წააგავს მათს თავდაპირველ ებრაულ გამოთქმას. რადგანაც იეჰოვა არის ღვთის სახელის თარგმანის საფუძვლიანი ფორმა, — ამავე დროს, მრავალი ადამიანისთვის კარგად ცნობილი — მის გამოყენებაზე უარის თქმა ყოვლად გაუმართლებელია.
ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტმა გაბედული ნაბიჯი გადადგა და სახელი იეჰოვა გამოიყენა საღვთო წერილის როგორც ებრაულ, ისე ბერძნულ ნაწილებში. მანამდე ასეთივე რამ გაკეთდა ცენტრალურ ამერიკაში, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქვეყნებსა და აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხისთვის შესრულებულ ადრინდელ მისიონერულ თარგმანებში. მაგრამ ღვთის სახელის ამგვარი გამოყენება მხოლოდ აკადემიურ ინტერესებს როდი ემსახურება. ღვთის სახელის ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია, თუ გვინდა, რომ შევიცნოთ ის, როგორც პიროვნება (გამოსვლა 34:6, 7). „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მილიონობით მკითხველს აღძრავს, გამოიყენონ მისი სახელი!
არაინგლისურენოვანი მკითხველებისთვის მიწოდება
1963—1989 წლებში „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად თუ ნაწილობრივ ათ დამატებით ენაზე გახდა ხელმისაწვდომი. მაგრამ მთარგმნელობითი სამუშაო საკმაოდ შრომატევადი იყო; ზოგი პროექტი 20 ან მეტი წელი გრძელდებოდა. შემდეგ, 1989 წელს, იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში შეიქმნა განყოფილება, რომელიც მეთვალყურეობას უწევს მთარგმნელობით საქმიანობას. ხელმძღვანელი საბჭოს სამწერლო კომიტეტის ხელმძღვანელობით ეს განყოფილება ბიბლიის თარგმნის დაჩქარებაზე ზრუნავს. შემუშავებულ იქნა თარგმნის ისეთი მეთოდი, რომ ერთდროულად შესაძლებელი ყოფილიყო ბიბლიური სიტყვებისა და კომპიუტერული ტექნიკის შესწავლა. რა შედეგს იღებს ეს სისტემა?
როცა სამწერლო კომიტეტი იწონებს ბიბლიის გადათარგმნას რომელიმე ახალ ენაზე, ამ საქმიანობისთვის ნიშნავს ერთგული ქრისტიანებისგან შემდგარ მთარგმნელობით ჯგუფს. ჯგუფი უფრო გაწონასწორებული იქნება თარგმანის შესრულებისას, ვიდრე დამოუკიდებლად მომუშავე ადამიანი (შეადარეთ იგავნი 11:14). ჩვეულებრივ, ჯგუფის თითოეულ წევრს საზოგადოების პუბლიკაციების თარგმნის გამოცდილება აქვს. შემდეგ ჯგუფი საფუძვლიანად სწავლობს ბიბლიის თარგმნის პრინციპებსა და სპეციალურად შემუშავებულ კომპიუტერულ პროგრამებს. კომპიუტერი ზუსტ თარგმანს არ აკეთებს, მაგრამ ის ჯგუფს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის და ეხმარება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაწერაში.
ბიბლიის თარგმნის პროექტი ორ ნაბიჯად იყოფა. პირველ ნაბიჯზე მთარგმნელებს ეძლევათ ინგლისურ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ გამოყენებული სიტყვებისა და გამოთქმების სია. ისეთი მონათესავე ინგლისური სიტყვები, როგორიც არის: „გამოსყიდვა“, „მონანიება“ და „გამოსასყიდი მსხვერპლი“, ერთად არის დაჯგუფებული, რაც მთარგმნელებს საშუალებას აძლევს, დაინახონ მათი მნიშვნელობის ნიუანსები. ისინი ადგენენ ეკვივალენტების სიას მშობლიურ ენაზე. მაგრამ დროდადრო მთარგმნელს შეიძლება გაუჭირდეს მუხლის თარგმნა. კომპიუტერული კვლევითი სისტემის საშუალებით მას შეუძლია ინფორმაცია მოიძიოს ბერძნული და ებრაული გამოთქმების შესახებ და მიმართოს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებს.
პროექტის მეორე ნაბიჯზე მშობლიურ ენაზე შერჩეული გამოთქმები ავტომატურად ჯდება ბიბლიურ ტექსტში. ეს ხელს უწყობს თარგმანში საკმაო სიზუსტისა და თანამიმდევრობის დაცვას. მაგრამ „ძიება-შეცვლის“ ოპერაციის შედეგად მიღებული ტექსტი მთლად ადვილად წასაკითხი არ არის. საკმაოდ დიდი შრომაა საჭირო, რომ ბიბლიურ მუხლებს რედაქცია გაუკეთდეს და ისე გადმოიცეს, რომ შეუფერხებლად იკითხებოდეს.
თარგმნის ეს სისტემა არაჩვეულებრივად ეფექტური აღმოჩნდა. ერთმა ჯგუფმა მთლიანი ებრაული წერილების თარგმნა სულ ორ წელიწადში შეძლო. შეადარეთ ეს იმ ჯგუფს, რომელიც მონათესავე ენაზე მუშაობდა კომპიუტერული დახმარების გარეშე — მას 16 წელი დასჭირდა. 1989 წლიდან დღევანდლამდე ქრისტიანულ-ბერძნული წერილები 18 დამატებით ენაზე დაიბეჭდა. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად თუ ნაწილობრივ უკვე 34 ენაზეა ხელმისაწვდომი. ამგვარად, იეჰოვას მოწმეების 80 პროცენტზე მეტს სულ მცირე ქრისტიანულ-ბერძნული წერილები მაინც მოეპოვება მშობლიურ ენაზე.
გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებები იტყობინებიან, რომ მსოფლიოს 6 500 ენიდან ბიბლიის ნაწილები მხოლოდ 2 212 ენაზეა ხელმისაწვდომიc. ამიტომ დაახლოებით 100 მთარგმნელი მუშაობს ებრაული და ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ შესაბამისად 11 და 8 ენაზე. ღვთის სურვილია, „რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:4). ამ მხრივ, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, უეჭველია, კვლავაც მთავარ როლს შეასრულებს.
ამიტომ ვხარობთ იმ მნიშვნელოვანი მოვლენით, რომ ამ თარგმანის ეგზემპლარების რიცხვმა 100 მილიონს მიაღწია, და ვლოცულობთ, რომ მომავალში კიდევ ბევრად მეტი მილიონი დაიბეჭდოს. მოგიწოდებთ, რომ პირადად გამოიკვლიოთ ის, თუკი არსებობს თქვენთვის ცნობილ ენაზე. თქვენ მოგეწონებათ მისი მრავალი განსაკუთრებული თავისებურება: წასაკითხად მკაფიო შრიფტი, დასათაურებული გვერდები, საძიებელი, რომელიც ნაცნობი მუხლების მოძებნაში დაგეხმარებათ, დაწვრილებითი რუკები და დანართში მოცემული საინტერესო მასალა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ბიბლიის კითხვისას შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის დედანში გამოყენებული ენებიდან ზუსტად გადმოსცემს ღვთის ნათქვამს.
[სქოლიოები]
a საინტერესოა, რომ 1971 წელს გამოცემული ნაშრომის „ახალი ამერიკული სტანდარტული ბიბლია — სქოლიოებით“ (New American Standard Bible) გარეკანზე მსგავსი რამ იყო ნათქვამი: „ჩვენ არ მოვიხსენიეთ არც ერთი სწავლულის სახელი არც ინფორმაციისთვის, არც რეკომენდაციის გასაწევად, რადგან გვწამს, რომ ღვთის სიტყვის ღირსება სხვას არ უნდა მიეწეროს“.
b ძირითად ბერძნულ ტექსტად გამოყენებულ იქნა უესკოტისა და ჰორტის „ახალი აღთქმა ძველ ბერძნულ ენაზე“ (The New Testament in the Original Greek), ხოლო ებრაული წერილების ძირითად ტექსტად — რ. კიტელის „ბიბლია ჰებრაიკა“ (Biblia Hebraica).
c რადგანაც ბევრი ორ ენაზე ლაპარაკობს, მიჩნეულია, რომ ბიბლია მთლიანად თუ ნაწილობრივ თარგმნილია საკმაოდ ბევრ ენაზე, რათა მსოფლიოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტმა წაიკითხოს.
[ჩანართი 29 გვერდზე]
„ახალი აღთქმის თარგმანი იმაზე მოწმობს, რომ ამ მიმდინარეობის წევრებს შორის არიან სწავლულები, რომლებსაც საკმაო კვალიფიკაცია აქვთ ბიბლიის თარგმნასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის გადასაჭრელად“ (ANDOVER NEWTON QUARTERLY, JANUARY 1963).
[ჩანართი 30 გვერდზე]
„ბიბლიური ცოდნის გაღრმავებასა და ენაში მომხდარ ცვლილებებთან ერთად თარგმანებიც უნდა იცვლებოდეს“.
[ჩარჩო⁄სურათი 31 გვერდზე]
სწავლულები აქებენ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“
„ამერიკულ თარგმანში“ (An American Translation) ბერძნული „ახალი აღთქმის“ მთარგმნელმა ედგარ გუდსპიდმა 1950 წლის 8 დეკემბრით დათარიღებულ წერილში „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანთან“ დაკავშირებით აღნიშნა: „მე დაინტერესებული ვარ თქვენი ხალხის მისიონერული ნაშრომითა და მთელ მსოფლიოში ამ ნაშრომის გავლენით. დიდად ნასიამოვნები ვარ თავისუფალი, ზუსტი და ცოცხალი თარგმანით. შემიძლია დავადასტურო, რომ მასში უსაზღვრო ნასწავლობა ვლინდება“.
ებრაული და ბერძნული ენების მცოდნე ალექსანდრე ტომსონმა დაწერა: „თარგმანი აშკარად გამოცდილი და ნიჭიერი სწავლულების შრომის ნაყოფია, რომლებიც ცდილობდნენ იმდენად ზუსტად გადმოეცათ ბერძნული ტექსტის ნამდვილი არსი, რამდენის საშუალებასაც ინგლისური ენა იძლევა“ (The Differentiator, April 1952, pages 52-7).
პროფესორმა ბენიამინ კედარმა, ისრაელში მცხოვრებმა ებრაელმა სწავლულმა, 1989 წელს თქვა: «ებრაულ ბიბლიასა და თარგმანებთან დაკავშირებული ენათმეცნიერული გამოკვლევის დროს ხშირად მივმართავ ინგლისურ გამოცემას, რომელიც ცნობილია როგორც „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ამით უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ეს ნაშრომი ტექსტის რაც შეიძლება ზუსტად გაგების გულწრფელ მცდელობას ირეკლავს».