სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
თეოკრატიული ზრდა ნამიბიაში
პირველად სამეფოს შესახებ კეთილმა ცნობამ ნამიბიას 1920-იანი წლების მიწურულს მიაღწია. იმ დროიდან ასობით გულწრფელი ადამიანი გამოეხმაურა ღვთის ცნობას ხსნის შესახებ. შემდეგი შემთხვევები ცხადყოფს, როგორ აერთიანებს იეჰოვა ამ „სასურველ“ ხალხს თავის ფარაში (ანგია 2:7, აქ).
პაულუსი, ფერმერი, რომელიც ნამიბიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცხოვრობს, იეჰოვას მოწმეებს პირველად მაშინ შეხვდა, როდესაც დედაქალაქს, უინდჰუკს, ეწვია. პაულუსი მაშინვე მიხვდა, რომ მან ჭეშმარიტება იპოვა. სახლში ის დაბრუნდა წიგნით „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. შემდეგ, რუნდუში გამგზავრებისას (უახლოეს ქალაქში, სადაც სამეფო დარბაზი იყო) პაულუსმა მოწმეები მონახა და შეეხვეწა, შინ სწვეოდნენ.
მაგრამ მანძილი ძალზე დიდი იყო, რომ მოწმეები მოსულიყვნენ და პაულუსთან ბიბლიის ყოველკვირეული შესწავლა ჩაეტარებინათ. პაულუსი ამან ვერ შეაჩერა — მან თავად დაიწყო ბიბლიის შესწავლა. გარდა ამისა, ნასწავლის შესახებ სხვებთან თავგამოდებით ქადაგებდა. დროთა განმავლობაში ბიბლიის შესწავლის ჯგუფი ჩამოყალიბდა. როდესაც პატარა ჯგუფმა რადიოთი მოისმინა, რომ იეჰოვას მოწმეების კონგრესი რუნდუში უნდა ჩატარებულიყო, მათ თავი მოუყარეს თავიანთ მცირე შემოსავალს და გასამგზავრებლად მოემზადნენ.
რა ამაღელვებელი იყო პირველი შეხვედრა იეჰოვას მოწმეებთან! მალევე მოგვარდა გამოცდილი ძმების მიერ ამ ჯგუფის რეგულარულად მონახულების საკითხიც. ამჟამად იმ სოფელში, სადაც პაულუსი ცხოვრობს, ექვსი მაუწყებელია.
იოჰანას ინტერესი ღვთის სახელისადმი გამოიწვია იმან, რომ მან გაიგონა, ვიღაც რა ცუდად ლაპარაკობდა იეჰოვას მოწმეებზე. ის იხსენებს: „როგორც კი მოვისმინე იეჰოვას სახელი, ის სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში და დავინტერესდი მისი ვინაობით. იმ დროს ჩემს მეუღლესთან ერთად ნამიბიის სანაპიროსთან, უოლფიშ-ბეის მახლობლად, ვცხოვრობდი. ერთხელ ქალაქში რამდენიმე მოწმე ვიხილე, რომლებიც ქუჩაში ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ ავრცელებდნენ. ერთი ჟურნალი მეც მივიღე და ვთხოვე, ბიბლიის შესწავლა დაეწყოთ ჩემთან, რადგან ბევრი კითხვა მქონდა. როდესაც გავიგე, რომ მანქანის გაფუჭების გამო ვერ მოვიდოდნენ, ავტირდი. მალე, ამ შემთხვევის შემდეგ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და მე საცხოვრებლად კიტმანსჰუპში გადავედი. იმ ქალაქში ერთი სპეციალური პიონერი (სრული დროით მქადაგებელი) მსახურობდა, და მე მისგან წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ მივიღე. მაშინვე მივხვდი — ეს ჭეშმარიტება იყო.
გარკვეული დროის შემდეგ სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად მიმიწვიეს, მაგრამ ადამიანებისადმი შიში მიპყრობდა. კარდაკარ მსახურებისას ლოცვით ვთხოვდი იეჰოვას, რომ უკეთესი იყო მოვეკალი, ვიდრე მექადაგა. როდესაც საქადაგოდ პირველად გავედი, ვიწრო ქუჩაზე შევუხვიე იმ იმედით, რომ ვერავინ დამინახავდა. საბოლოოდ, როგორც იქნა, საკმაო გამბედაობა მოვიკრიბე, რომ გამვლელისთვის ჟურნალი შემეთავაზებინა და მხოლოდ შემდეგ მოვახერხე ხმის ამოღება. იმ დღეს იეჰოვას დახმარებით მრავალს გავუზიარე ჩემი ბიბლიური იმედი.
დღესაც, 12 წლის შემდეგ, მატერიალური სიდუხჭირის მიუხედავად, დიდად ვაფასებ პიონერული მსახურების შესაძლებლობას, და სხვებთან სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების გაზიარებით განუზომელ სიხარულს ვიღებ“.