თქვენ შეგიძლიათ იცოდეთ, რას მოგვიტანს მომავალი!
ადამიანთა უმეტესობა სერიოზულად ფიქრობს მომავალზე. ისინი ადგენენ გეგმებს, ცდილობენ ფულის გონივრულად დაბანდებას და სურთ, რომ მათ უსაფრთხოებას არაფერი ემუქრებოდეს. მაგრამ არის იმის რაიმე შესაძლებლობა, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე?
ამის გასაგებად ადამიანებმა ყველაფერი მოსინჯეს. სოციოლოგიის დარგი, რომელსაც ფუტუროლოგიას უწოდებენ, აანალიზებს თანამედროვე მოვლენებს და ამის საფუძველზე წინასწარმეტყველებს მომავალს. ეკონომისტებიც თავიანთ სფეროში იღწვიან. ასტროლოგები და მომავლის პროგნოზისტები კი ჰოროსკოპებს, მაგიურ ბროლის კრისტალებსა და ოკულტიზმს მიმართავენ და მათ არც ისე ცოტა მიმდევარი ჰყავთ. მაგალითად, ფრანგი ასტროლოგი, ნოსტრადამუსი, მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების წინათ გარდაიცვალა, დღესაც პოპულარობით სარგებლობს.
ყველა მოხსენიებული, ეგრეთ წოდებული, წინასწარმეტყველის სიტყვები უაღრესად არასაიმედო და გულის გამტეხი აღმოჩნდა. რატომ? იმიტომ რომ ისინი არაფრად აგდებენ იეჰოვა ღმერთსა და მის სიტყვას, ბიბლიას. ამიტომაც პასუხს ვერ სცემენ ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორიც არის: რატომ შემიძლია დარწმუნებული ვიყო, რომ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები მოვლენები შესრულდება? რა კავშირშია ეს წინასწარმეტყველებები ადამიანების მიმართ ღვთის განზრახვასთან? რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ წინასწარმეტყველებებს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის? ამ კითხვებზე ბიბლია გვპასუხობს.
ბიბლიური წინასწარმეტყველებების უპირატესობა კიდევ მრავალმხრივ არის აღსანიშნავი. ასტროლოგიური წინასწარმეტყველებისგან განსხვავებით, ისინი ადამიანებს არჩევნის გაკეთების საშუალებას აძლევს. ასე რომ, ბედისწერის მსხვერპლი არავინ არის (მეორე რჯული 30:19). ნოსტრადამუსისა და სხვა მის მსგავსთა ჩანაწერები მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, ხოლო ვაკუუმიის შესავსებად მათში ყველაფერი იდუმალებისა და სენსაციურობის ფარდაშია გახვეული. ბიბლიური წინასწარმეტყველებები კი მრავლის მომცველია. მათში ახსნილია, რატომ აპირებს ღმერთი თავისი განზრახვის თანახმად მოქმედებას (მეორე ნეშტთა 36:15). აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველებები ყოველთვის სრულდება, რადგან ‘ღმერთი უტყუარია’ (ტიტე 1:2). ამგვარად, ადამიანები, რომლებიც ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობენ, გათვითცნობიერებულები, მიზანდასახულები და ბედნიერები არიან. ისინი თავიანთ ძვირფას დროსა და სახსრებს ამაო საქმეებს არ ახმარენ (ფსალმუნი 24:12, 13).
ეს და მრავალი სხვა საკითხი განხილული იყო იეჰოვას მოწმეთა 1999—2000 წლების საოლქო კონგრესებზე „ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა“, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ჩატარდა. მოხსენებები, ინტერვიუები, ინსცენირებები და ბიბლიური დრამა მსმენელის ყურადღებას იმ შესანიშნავ სულიერ მემკვიდრეობაზე ამახვილებდა, რომლითაც დღეს ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვის მკვლევარები და მის თანახმად მცხოვრებნი სარგებლობენ. მომდევნო სტატიაში მოკლედ იქნება განხილული ამ კონგრესების პროგრამის ზოგი ძირითადი საკითხი.