საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w01 4/1 გვ. 24-29
  • ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • როგორ გავხდი მოწმე
  • ლოიდის ოჯახის წევრების გაცნობა
  • ჩვენი საქმიანობის აკრძალვა
  • დაქორწინება და სრული დროით მსახურების გაგრძელება
  • საზღვარგარეთ მისიონერული მსახურებისთვის მზადება
  • მსახურება იაპონიაში
  • მრავალი სასიხარულო და სასიამოვნო დანიშნულება
  • კურთხევები მთავარ სამმართველოში
  • სახლში, ღვთის ხალხთან
  • ღვთის დახმარებით მორცხვობის დაძლევა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • იეჰოვა ჭეშმარიტებისკენ იზიდავს თავმდაბლებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • სამოცდაათი წელი „იუდეველის კალთას ჩაჭიდებული“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • მისიონერული დანიშნულების ადგილი ჩვენი სახლი გახდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
w01 4/1 გვ. 24-29

ბიოგრაფია

ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით

მოგვითხრო მელბა ბერმა

ჩვენი ქორწინების 57 წლის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე ათასობით კონგრესს დავსწრებივართ ერთად და 1999 წლის 2 ივლისსაც იეჰოვას მოწმეთა დიდ კონგრესზე ვიყავით. ჰავაის კუნძულებზე გამართულ საოლქო კონგრესზე ლოიდი პარასკევს ბოლო მოხსენებას კითხულობდა. უეცრად ის ჩაიკეცა და, მის მოსაბრუნებლად გაწეული ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალაa.

რაოდენ ძვირფასნი არიან ჰავაიში მცხოვრები ქრისტიანი ძმები და დები, რომლებიც დიდი სიყვარულით მევლებოდნენ თავს და მეხმარებოდნენ, რომ ამ ტრაგედიისთვის გამეძლო! ისევე როგორც მსოფლიოში სხვა მრავალი ადამიანის ცხოვრებაზე, ლოიდმა ბევრი მათგანის ცხოვრებაზეც მოახდინა გავლენა.

მისი სიკვდილის შემდეგ თითქმის ორი წელია იმ ძვირფას წლებს ვიხსენებ, რომლებიც ერთად გავატარეთ საზღვარგარეთ ბევრი მისიონერული დანიშნულების დროს და ასევე იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში, ბრუკლინში (ნიუ-იორკი). მაგონდება აგრეთვე სიდნეიში, ავსტრალიაში, გატარებული ახალგაზრდობის წლები, ის სირთულეები, რომლებსაც მე და ლოიდი წავაწყდით დაქორწინებასთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის. თუმცა, პირველ რიგში, ნება მომეცით მოგითხროთ, როგორ გავხდი მოწმე და მოგვიანებით, 1939 წელს, როგორ შევხვდი ლოიდს.

როგორ გავხდი მოწმე

ჯეიმზ და ჰენრიეტა ჯოუნზები ჩემი მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები იყვნენ. 1932 წელს, როდესაც სკოლა დავამთავრე, მხოლოდ 14 წლის ვიყავი. მსოფლიოში მაშინ ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. მე მუშაობა დავიწყე, რათა ოჯახს შევშველებოდი; მყავდა კიდევ ორი უმცროსი და. რამდენიმე წელი შემოსავლიანი სამუშაო მქონდა; რამდენიმე გოგონა ჩემი მეთვალყურეობით მუშაობდა.

ამასობაში, 1935 წელს, ერთმა იეჰოვას მოწმემ დედაჩემს ბიბლიური ლიტერატურა მისცა. დედა მალე დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა. ოჯახის დანარჩენი წევრები კი ვფიქრობდით, რომ ის გაგიჟდა. მაგრამ ერთ დღეს შევამჩნიე ბუკლეტი „სად არიან მიცვალებულები“, სათაურმა ძალიან დამაინტერესა და უჩუმრად წავიკითხე. მან ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა! მაშინვე დავიწყე დედასთან ერთად კრების შეხვედრაზე დასწრება, რომელიც შუა კვირაში იმართებოდა და რომელსაც „სწავლების ნიმუშს“ უწოდებდნენ. ბროშურაში, სათაურით „სწავლების ნიმუში“ — საბოლოოდ სამი ასეთი ბროშურა გამოიცა — მოცემული იყო კითხვები და პასუხები, აგრეთვე ბიბლიური მუხლები, რომლებზეც პასუხები იყო დაფუძნებული.

1938 წლის აპრილში იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ჯოზეფ რუტერფორდი სიდნეის ეწვია. მისი საჯარო მოხსენება პირველი მოხსენება იყო, რომელიც მოვისმინე. გეგმავდნენ, რომ ის მოხსენებას სიდნეის ქალაქის რატუშაში წაიკითხავდა, მაგრამ მოწინააღმდეგეებმა ჩანაფიქრი ჩაშალეს. ნაცვლად ამისა, რუტერფორდმა მოხსენება სიდნეის გაცილებით დიდ სპორტულ მოედანზე წაიკითხა. მოწინააღმედეგეების მიერ თავისდა უნებურად გაკეთებული რეკლამის წყალობით დაახლოებით 10 000-მა ადამიანმა მოისმინა მოხსენება, ეს იყო გასაოცარი ციფრი, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ იმ დროს ავსტრალიაში მხოლოდ იეჰოვას 1 300 მოწმე ცხოვრობდა.

მალე, ყოველგვარი მომზადების გარეშე, პირველად მივიღე მონაწილეობა სამქადაგებლო საქმიანობაში. როდესაც ჩვენი ჯგუფი მივიდა იმ ტერიტორიაზე, სადაც უნდა გვექადაგა, ერთ-ერთმა, რომელიც ხელმძღვანელობას გვიწევდა, მითხრა: „ის შენი სახლია“. ისე ვნერვიულობდი, რომ, როდესაც ერთმა მანდილოსანმა გააღო კარი, ვკითხე: „ვერ მეტყოდით, რომელი საათია?“ ის შინ შებრუნდა, გაიგო, რომელი საათი იყო და მითხრა. ამით ჩემი „ქადაგება“ დამთავრდა და მანქანასთან დავბრუნდი.

მაგრამ ხელები არ ჩამომიყრია და მალე რეგულარულად დავიწყე სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებაში მონაწილეობის მიღება (მათე 24:14). 1939 წლის მარტში იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლე მეზობლის, დოროთ ჰაჩინგსის, აბაზანაში. რადგან ძმები არ გვყავდა, მონათვლის შემდეგ მალე პასუხისმგებლობები დამაკისრეს, რომლებიც, ჩვეულებრივ, ქრისტიან მამაკაცებს ევალებათ ხოლმე.

კრების შეხვედრებს კერძო სახლებში ვატარებდით, მაგრამ საჯარო მოხსენებისთვის ხანდახან დარბაზს ვქირაობდით. ერთხელ ბეთელიდან, ჩვენი ფილიალიდან, ერთი მშვენიერი გარეგნობის ახალგაზრდა ძმა ჩვენს პატარა კრებაში მოვიდა საჯარო მოხსენების წარმოსათქმელად. მე არაფერი ვიცოდი, თურმე მას მოსვლის სხვა მიზეზიც ჰქოდნა — ჩემ შესახებ მეტის გაგება სურდა. აი ასე შევხვდი ლოიდს!

ლოიდის ოჯახის წევრების გაცნობა

მალე იეჰოვასთვის სრული დროით მსახურების დიდი სურვილი გამიჩნდა. მაგრამ როდესაც პიონერულ მსახურებაზე (სრული დროით სამქადაგებლო მსახურება) შევავსე განცხადება, ბეთელში მსახურება შემომთავაზეს. ასე რომ, 1939 წლის სექტემბერში, იმ თვეს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, სიდნეის გარეუბანში, სთრეთფილდში, მდებარე ბეთელის ოჯახის წევრი გავხდი.

1939 წლის დეკემბერში ახალ ზელანდიაში გავემგზავრე კონგრესზე დასასწრებად. რადგან ლოიდი ახალი ზელანდიიდან იყო, ისიც წამოვიდა. ერთი გემით ვიმგზავრეთ და ერთმანეთი უკეთ გავიცანით. ლოიდმა ისე მოაწყო, რომ მისი დედ-მამა და დები უელინგტონში კონგრესზე გამეცნო, მოგვიანებით კი კრაისტჩერჩში, თავიანთ სახლში შევხვდი მათ.

ჩვენი საქმიანობის აკრძალვა

1941 წლის 18 იანვარს, შაბათს, სახელმწიფო მოხელეები მოადგნენ ფილიალს დაახლოებით ექვსი შავი ლიმუზინით საკუთრების კონფისკაციისათვის. რადგან მისაღებში ვმუშაობდი, პირველად მე დავინახე ისინი. აკრძალვის შესახებ დაახლოებით 18 საათით ადრე შეგვატყობინეს და თითქმის მთელი ლიტერატურა და საბუთები ფილიალიდან გავიტანეთ. მომდევნო კვირას ბეთელის ოჯახის 5 წევრი, მათ შორის ლოიდიც, დააპატიმრეს.

ვიცოდი, რომ ძმებს ციხეში ყველაფერზე მეტად სულიერი საზრდო სჭირდებოდათ. ლოიდის გასამხნევებლად გადავწყვიტე, მისთვის „სასიყვარულო წერილები“ მიმეწერა. შესავალს ისე ვაკეთებდი, როგორც სასიყვარულო წერილებისთვისაა დამახასიათებელი, შემდეგ კი ვიწერდი „საგუშაგო კოშკიდან“ მთელ სტატიებს და ბოლოს შეყვარებულის ხელმოწერით ვამთავრებდი. ოთხნახევარი თვის შემდეგ ლოიდი გაათავისუფლეს.

დაქორწინება და სრული დროით მსახურების გაგრძელება

1940 წელს ლოიდის დედა ჩამოვიდა ავსტრალიაში და ლოიდმა უთხრა, რომ დაქორწინებას ვაპირებდით. მან ურჩია, რომ არ გადაედგა ეს ნაბიჯი, რადგან ამ სისტემის აღსასრული მოახლოვებული იყო (მათე 24:3—14). ლოიდმა თავისი გადაწყვეტილება მეგობრებსაც გაუმხილა, მაგრამ ყოველთვის იმას ეუბნებოდნენ, რომ გადაეფიქრებინა დაქორწინება. ბოლოს, 1942 წლის თებერვლის, ერთ დღეს ლოიდმა ოთხ იეჰოვას მოწმესთან ერთად, რომლებსაც პირობა ჰქონდათ დადებული, რომ არ გაამჟღავნებდნენ ჩვენს ჩანაფიქრს, ჩუმად წამიყვანა მმაჩში და ხელი მოვაწერეთ. მაშინ ავსტრალიაში იეჰოვას მოწმეებისთვის ქორწინებასთან დაკავშირებით არავითარი ღონისძიება არ იყო გათვალისწინებული.

თუმცა ჩვენ, როგორც დაქორწინებულ წყვილს, ბეთელში მსახურების გაგრძელების უფლება აღარ გვქონდა, სპეციალურ პიონერებად მსახურება შემოგვთავაზეს. ჩვენ სიხარულით მივიღეთ დანიშნულება პროვინციულ ქალაქ უგა-უგაში. სამქადაგებლო საქმიანობა კვლავ აკრძალული იყო და არავითარი ფინანსური დახმარება არ გვქონდა. ასე რომ, ჩვენ მართლაც გვიწევდა ჩვენი საზრუნავის იეჰოვაზე მინდობა (ფსალმუნი 54:23).

ორადგილიანი ველოსიპედით დავდიოდით სოფლებში, ვხვდებოდით კარგ ადამიანებს და დიდხანს ვსაუბრობდით მათთან. ბევრი არ გვთანხმდებოდა ბიბლიის შესწავლაზე. მაგრამ ერთი მაღაზიის მეპატრონე ჩვენს მსახურებას იმდენად აფასებდა, რომ ყოველკვირა ხილით და ბოსტნეულით გვამარაგებდა. უგა-უგაში ექვსი თვის გატარების შემდეგ კვლავ ბეთელში მიგვიწვიეს.

ბეთელის ოჯახმა სთრეთფილდის ოფისი 1942 წლის მაისში დატოვა და კერძო სახლებში გადავიდა. ბეთელის ოჯახი დაახლოებით ყოველ ორ კვირაში სახლიდან სახლში გადადიოდა, რათა არავის შეემჩნია. როდესაც მე და ლოიდი აგვისტოში ბეთელში დავბრუნდით, ერთ-ერთ ამ ადგილზე შევუერთდით მათ. ჩვენი დავალება შემდეგი იყო — მთელი დღე უნდა გვემუშავა საიდუმლო სტამბაში. ბოლოს, 1943 წლის ივნისში, ჩვენი საქმიანობის აკრძალვა გაუქმდა.

საზღვარგარეთ მისიონერული მსახურებისთვის მზადება

1947 წელს განცხადებები მოგვცეს შესავსებად, რათა დავსწრებოდით „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადს“ საუტ-ლანსინგში (ნიუ-იორკი, აშშ). მანამდე კი ავსტრალიის კრებებში დაგვნიშნეს, რათა მოგვენახულებინა და სულიერად გაგვეძლიერებინა ისინი. რამდენიმე თვეში გალაადის მე-11 კლასში დასასწრებად მიგვიწვიეს. სამი კვირა გვქონდა საქმეების მოსაგვარებლად და ბარგის ჩასალაგებლად. 1947 წლის დეკემბერში დავტოვეთ ჩვენი ოჯახი, მეგობრები და დანარჩენ 15 ავსტრალიელთან ერთად, რომლებიც იმავე კლასში იყვნენ მიწვეულნი, ნიუ-იორკისკენ გავემგზავრეთ.

გალაადის სკოლაში სწავლების თვეებმა მალე გაირბინა და ჩვენ მისიონერებად იაპონიაში დაგვნიშნეს. რადგან იაპონიაში წასასვლელი საბუთების მომზადებას კარგა ხანი დასჭირდა, ლოიდი კიდევ ერთხელ დანიშნეს იეჰოვას მოწმეების მიმომსვლელ ზედამხედველად. კრებები, რომლებიც უნდა მოგვენახულებინა, მოიცავდა ლოს-ანჯელესიდან მექსიკის საზღვრამდე მდებარე ტერიტორიას. მანქანა არ გვყავდა და მოწმეებს ყოველ კვირა სიამოვნებით დავყავდით ერთი კრებიდან მეორეში. ამ ფართო ტერიტორიაზე, რომელიც მხოლოდ ერთი რაიონისგან შედგებოდა, ახლა სამი ინგლისური და სამიც ესპანური ოლქია, თითოეულ ამ ოლქში კი დაახლოებით 10 რაიონია!

დრომ სწრაფად გაირბინა, კარს მოგვადგა 1949 წლის ოქტომბერი და იაპონიაში ყოფილი სამხედრო გემით გავემგზავრეთ. გემის ერთი ბოლო კაცებისთვის იყო განკუთვნილი, მეორე კი — ქალებისა და ბავშვებისთვის. სწორედ ერთი დღის სავალიღა გვქონდა დარჩენილი ქალაქ იოკოჰამამდე, როცა ტაიფუნი ამოვარდა. როგორც ჩანს, მან ცა გადაწმინდა და როდესაც მეორე დღეს, 31 ოქტომბერს, მზემ გამოანათა, გამოჩნდა ფუძის მთა მთელი თავისი დიდებითა და სილამაზით. რა დიდებული დახვედრა იყო ჩვენი ახალი დანიშნულების ადგილზე!

მსახურება იაპონიაში

ნავსადგურს რომ მივუახლოვდით, ასობით შავთმიანი ადამიანი დავინახეთ. „რა ხმაურიანი ხალხია!“ — გავიფიქრეთ, როდესაც დიდი აურზაური შემოგვესმა. ყველას ხისძირიანი ფეხსაცმელი ეცვა და ბრაგაბრუგით დადიოდნენ ნავსადგურში დაგებულ ფიცრებზე. ღამე იოკოჰამაში გავათიეთ და მეორე დღეს მატარებლით ჩვენი დანიშნულების ადგილისკენ, ქალაქ კობეში, გავემგზავრეთ. იქ ჩვენ გალაადელ თანაკლასელ დონ ჰეზლეტს, რომელიც რამდენიმე თვით ადრე ჩამოვიდა, მისიონერებისთვის სახლი დაექირავებინა. ეს იყო ლამაზი, დიდი, დასავლური სტილის ორსართულიანი, ცარიელი სახლი.

დასაძინებელი ლეიბები რომ გაგვეკეთებინა, ეზოში მაღალი ბალახი მოვჭერით და იატაკზე დავაფინეთ. ასე დაიწყო ჩვენი მისიონერული მსახურება — თავდაპირველად ჩვენი ავლა-დიდება მხოლოდ ჩვენი ბარგი იყო. სახლის გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად პატარა ნახშირის ღუმელი ვიშოვეთ. ერთ ღამეს ლოიდმა ჩვენთან მყოფი ორი მისიონერი, პერსი და ილმა იზლობები, გრძნობადაკარგული იპოვა. ლოიდმა ისინი გონზე მოიყვანა: ფანჯრები გააღო და ჰაერი კვამლისგან გაწმინდა. ერთხელ მეც დავკარგე გრძნობა, როდესაც ამ ღუმელზე ვაკეთებდი საჭმელს. გარკვეული დრო დაგვჭირდა ზოგ რამესთან შესაჩვევად.

ენის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ, მისიონერები, იაპონურ ენას ერთი თვის განმავლობაში დღეში 11 საათს ვუთმობდით. ერთი თვის შემდეგ კი სამქადაგებლო მსახურება დავიწყეთ და საუბარს ერთი ან ორი დაწერილი ფრაზის გამოყენებით ვცდილობდით. მსახურების პირველსავე დღეს ერთი სასიამოვნო ქალი, მიიო ტაკაგი შემხვდა, რომელმაც კარგად მიმიღო. განმეორებითი მონახულებების დროს ვცდილობდით, გვესაუბრა იაპონურ-ინგლისური ლექსიკონის გამოყენებით, სანამ ბიბლიის შესანიშნავი შესწავლა არ დავიწყეთ. 1999 წელს იაპონიის გაფართოებული ფილიალის შენობების მიძღვნაზე მიიო და ზოგიერთი სხვა ის ძვირფასი ადამიანი ვნახე, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდი. ორმოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ და ისინი კვლავ სამეფოს ენთუზიაზმით აღსავსე მაუწყებლები არიან, აკეთებენ ყველაფერს, რის გაკეთებაც შეუძლიათ იეჰოვასთვის მსახურებაში.

1950 წლის 1 აპრილს კობეში 180-მდე ადამიანი დაესწრო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს. ჩვენდა გასაოცრად, მომდევნო დღის დილას 35-მა კაცმა გამოთქვა სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მიღების სურვილი. თითოეულმა მისიონერმა სამი ან ოთხი მათგანი გავიყოლეთ მსახურებაში. მობინადრეები მე არ მესაუბრებოდნენ — იაპონურის ცუდად მცოდნე უცხოელს — ისინი ესაუბრებოდნენ იმ ახალ დაინტერესებულ იაპონელებს, რომლებიც მე მახლდნენ. საუბარი გრძელდებოდა და გრძელდებოდა, მაგრამ მათი საუბრიდან ვერაფერს ვიგებდი. მოხარული ვარ, რომ ამ ახალი დაინტერესებულებიდან ზოგმა შეისწავლა ჭეშმარიტება და სამქადაგებლო საქმიანობას დღემდე განაგრძობენ.

მრავალი სასიხარულო და სასიამოვნო დანიშნულება

ჩვენ კობეში მისიონერებად 1952 წლამდე ვმსახურობდით. შემდეგ ტოკიოში გაგვაგზავნეს, სადაც ლოიდი ფილიალის ზედამხედველად დანიშნეს. დროთა განმავლობაში სამუშაოსთან დაკავშირებით მას მთელ იაპონიასა და სხვა ქვეყნებში უწევდა მოგზაურობა. ერთხელ ტოკიოში მორიგი ვიზიტისას ნეითან ნორმა, რომელიც მსოფლიო მთავარ სამმართველოდან იყო, მითხრა: „სხვათა შორის, იცი, შენი ქმარი შემდეგი ზონალური მონახულებისას რომელ ქვეყნებს მოინახულებს? ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას, — შემდეგ კი დასძინა, — შენც შეგიძლია წახვიდე, თუ სამგზავრო ფულს თვითონ გადაიხდი“. მე სიხარულით ცას ვეწიე! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკვე ცხრა წელი იყო, რაც სახლში არ ვყოფილვართ.

ჩვენებს სასწრაფოდ წერილები გავუგზავნეთ. დედაჩემმა ბილეთის ფული მომცა. ამ დროის განმავლობაში მე და ლოიდი მაქსიმალურად ვიყავით დაკავებული მსახურებით და ჩვენი ოჯახის მოსანახულებლად სახსრები არ გვქონდა. ასე რომ, ეს იყო პასუხი ჩემს ლოცვებზე. ცხადია, დედას ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა. მან მითხრა: „ფულს შეგიგროვებ, რომ სამი წლის შემდეგ კვლავ ჩამოხვიდე“. ამ იმედით დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ, სამწუხაროდ, მომდევნო ივლისში ის გარდაიცვალა. ვიმედოვნებ, რომ ახალ ქვეყნიერებაში ჩვენ კვლავ დიდებული შეხვედრა გველის!

1960 წლამდე მისიონერული მსახურება ჩემი ერთადერთი დავალება იყო, მაგრამ შემდეგ მივიღე წერილი, რომელშიც ასეთი რამ ეწერა: „ამ რიცხვიდან შენ იმუშავებ ბეთელის ოჯახის სამრეცხაოში, სადაც ოჯახის ყველა წევრს ტანსაცმელს გარეცხავ და გააუთოებ“. მაშინ ჩვენს ბეთელში სულ 12 ადამიანი იყო, ასე რომ, შემეძლო ამ სამუშაოსთვის თავი გამერთვა და, ამავე დროს, მისიონერული მსახურებაც გამეგრძელებინა.

1962 წელს ჩვენი იაპონური სტილის სახლი დაანგრიეს და მომდევნო წელს ახალი ექვსსართულიანი ბეთელის სახლი ააშენეს. დამავალეს, ახალგაზრდა ახალ ბეთელელ ძმებს თავიანთ ოთახებში წესრიგისა და სისუფთავის დაცვაში დავხმარებოდი, ესე იგი მათი ოთახები დამესუფთავებინა. ჩვეულებისამებრ, ბიჭებს თავიანთ ოჯახებში მსგავსს არაფერს ასწავლიდნენ იაპონიაში. მათთვის განათლება უფრო მნიშვნელოვანი იყო, მათი დედები კი მათ მაგივრად ყველაფერს აკეთებდნენ. ისინი მალე მიხვდნენ, რომ მე მათი დედა არ ვიყავი. დროთა განმავლობაში მათგან ბევრმა ახალი საპასუხისმგებლო დავალებები მიიღო ორგანიზაციაში.

ზაფხულის ერთ მცხუნვარე დღეს ბიბლიის ერთი შემსწავლელი მოვიდა ბეთელის დასათვალიერებლად და დამინახა, რომ საშხაპეებს ვხეხავდი. მან მითხრა: „გთხოვ, მითხარი, ვინ არის ხელმძღვანელი? მინდა ფული გადავუხადო, მოსამსახურე რომ დაიქირავოს და შენ მაგივრად იმან შეასრულოს ეს საქმე“. ამ მანდილოსანს ავუხსენი, რომ, თუმცა ვაფასებდი მის გულკეთილობას, ძალიან მსურდა იმის გაკეთება, რაც დავალებული მქონდა იეჰოვას ორგანიზაციაში.

ამ დროს ლოიდი და მე გალაადის 39-ე კლასში მიგვიწვიეს! რამხელა უპირატესობა იყო 1964 წელს 46 წლის ასაკში კვლავ სკოლაში წასვლა! ეს კურსი, ძირითადად, ფილიალებში მომსახურეთათვის ტარდებოდა და პასუხისმგებლობების შესრულებაში მათ დახმარებას ითვალისწინებდა. ათთვიანი კურსის შემდეგ კვლავ იაპონიაში გაგვაგზავნეს. ამ დროისათვის ქვეყანაში სამეფოს 3 000-ზე მეტი მაუწყებელი იყო.

მაუწყებელთა რიცხვი ისე სწრაფად იზრდებოდა, რომ 1972 წლისთვის აქ 14 000-ზე მეტი მოწმე იყო; ტოკიოს სამხრეთით ქალაქ ნუმაძუში ფილიალის ახალი ხუთსართულიანი შენობა აშენდა. ჩვენი შენობებიდან საუცხოოდ მოჩანდა შთამბეჭდავი ფუძის მთა. უდიდესი ახალი როტაციული საბეჭდი მანქანის გამოყენებით თვეში მილიონზე მეტი ჟურნალის გამოცემა გახდა შესაძლებელი იაპონურ ენაზე. მაგრამ მალე ცვლილებები გველოდა.

1974 წლის მიწურულს, ლოიდმა ბრუკლინში არსებული იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოდან მიიღო წერილი, რომელიც მას ხელმძღვანელ საბჭოში სამსახურისთვის იწვევდა. „ეს ჩვენი ერთად ცხოვრების დასასრულია, — გავიფიქრე თავიდან. — რადგან ლოიდს ზეციური იმედი აქვს მე კი — მიწიერი, ადრე თუ გვიან, ერთმანეთს მაინც დავშორდებით. იქნებ ლოიდი ბრუკლინში უჩემოდ წავიდეს“. მაგრამ მალე თვალსაზრისი შევიცვალე და 1975 წლის მარტში სიხარულით გავყევი ლოიდს ბრუკლინში.

კურთხევები მთავარ სამმართველოში

ბრუკლინშიც კი ლოიდის გული იაპონიაში იყო და ყოველთვის საუბრობდა იქაურ შემთხვევებზე. მაგრამ აქ ახლა გაფართოების საშუალება გვქონდა. თავისი სიცოცხლის ბოლო 24 წელი ლოიდი ზონალურ საქმეს ასრულებდა, რაც მთელ მსოფლიოში მოგზაურობას ნიშნავდა. მასთან ერთად რამდენჯერმე შემომივლია მთელი მსოფლიო.

სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქრისტიანი ძმების მონახულება დამეხმარა გამეგო, როგორ ცხოვრობს უმრავლესობა და რა პირობებში უხდებათ მუშაობა. არასოდეს დამავიწყდება ათი წლის გოგონას, ენტელიას, სახე, რომელსაც ჩრდილოეთ აფრიკაში შევხვდი. მას უყვარდა იეჰოვას სახელი და ქრისტიანულ შეხვედრებზე ფეხით მოსვლას საათნახევარს ანდომებდა და ამდენივეს — უკან დაბრუნებას. მიუხედავად ოჯახის წევრების მხრიდან სასტიკი დევნისა, მან თავი იეჰოვას მიუძღვნა. როდესაც ჩვენ მისი კრება მოვინახულეთ, მხოლოდ ერთი მბჟუტავი ელექტრონათურა ჰქონდათ, რომელიც მომხსენებლის ჩანაწერებს ანათებდა — ამის გარეშე მთელ დარბაზში უკუნი სიბნელე იქნებოდა. აღმაფრთოვანებელი იყო ამ სიბნელეში ძმებისა და დების მიერ შესრულებული მშვენიერი სიმღერის მოსმენა.

1998 წლის დეკემბერში ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენა მოხდა, როდესაც მე და ლოიდი კუბაში სხვა დელეგატებთან ერთად ვესწრებოდით საოლქო კონგრესს, სახელწოდებით „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“. რაოდენ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე იმ მადლიერებამ და სიხარულმა, რომელსაც ძმები და დები გამოხატავდნენ იმის გამო, რომ ბრუკლინის მთავარი სამმართველოდან მოინახულეს! ღრმად მაქვს ჩაბეჭდილი გონებაში და დიდად ვაფასებ უამრავ ძვირფას ადამიანთან შეხვედრას, რომლებიც მთელი მონდომებით ასხამენ ხოტბას იეჰოვას.

სახლში, ღვთის ხალხთან

თუმცა ჩემი სამშობლო ავსტრალიაა, ყველა ხალხი შემიყვარდა, ვისთანაც კი იეჰოვას ორგანიზაციამ გამაგზავნა. ასე იყო იაპონიაში და ასეა ახლაც, როცა უკვე 25 წელზე მეტია რაც შეერთებულ შტატებში ვარ. აღმოვაჩინე, რომ აქაური ხალხიც შევიყვარე. ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე, ავსტრალიაში დაბრუნების ნაცვლად, ბრუკლინის ბეთელში დავრჩენილიყავი — იქ, სადაც იეჰოვამ განმაწესა.

ახლა უკვე 80 წელს გადავაბიჯე. 61 წლის განმავლობაში სრული დროით მსახურების შემდეგ კვლავ მზად ვარ, ვემსახურო იეჰოვას იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლის. ის ნამდვილად სათუთად ზრუნავდა ჩემზე. დიდად ვაფასებ იმ 57 წელზე მეტ ხანს, როდესაც შემეძლო ვყოფილიყავი ისეთი ადამიანის გვერდით, ვისაც იეჰოვა უყვარდა. დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვა განაგრძობს ჩვენს კურთხევას და ვიცი, რომ არ დაივიწყებს ჩვენს შრომასა და სიყვარულს, რომელიც მისი სახელისათვის გამოვიჩინეთ (ებრაელთა 6:10).

[სქოლიოები]

a იხილეთ 1999 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 16, 17.

[სურათი 25 გვერდზე]

მე და დედა 1956 წელს.

[სურათი 26 გვერდზე]

მე და ლოიდი იაპონელ მაუწყებლებთან ერთად 50-იანი წლების დასაწყისში.

[სურათები 26 გვერდზე]

მე და მიიო ტაკაგი, რომელსაც პირველად შევასწავლე ბიბლია იაპონიაში, 1950 წლის დამდეგს და 1999 წელს.

[სურათი 28 გვერდზე]

მე და ლოიდი ჟურნალების გავრცელებისას იაპონიაში.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება