მოვლენა, რომელიც უნდა გვახსოვდეს
„დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მხსნელი, რომელიც არის ქრისტე უფალი“ (ლუკა 2:11).
დაახლოებით 2000 წლის წინათ ბეთლემში ქალწულმა შვა ვაჟი. ადგილობრივი მოსახლეობიდან ცოტა თუ მიხვდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა მის დაბადებას. მაგრამ მწყემსებმა, რომლებიც ღამით მინდორში ფარას მწყემსავდნენ, დაინახეს ანგელოზთა დიდძალი ზეციერი ლაშქარი და მოისმინეს მათი გალობა: „დიდება ღმერთს სიმაღლეთა სიმაღლეებში და მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“ (ლუკა 2:8—14).
ანგელოზების მითითებისამებრ მწყემსებმა ბოსელში იპოვეს მარიამი, მისი მეუღლე იოსები და ბაგაში ჩაწვენილი მათი ვაჟი, რომელსაც მარიამმა იესო დაარქვა (ლუკა 1:31; 2:12). დღეს, ამ მოვლენიდან 2000 წლის შემდეგ, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით მესამედი თვლის თავს იესო ქრისტეს მიმდევრად. იესოს დაბადებასთან დაკავშირებულ ამბებს კი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხშირად ჰყვებიან.
ესპანეთში, სადაც მდიდარი კათოლიკური ტრადიციები აქვთ და ადგილობრივ დღესასწაულებსაც დიდი ენთუზიაზმით ზეიმობენ, სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ ბეთლემში იესოს დაბადების იმ უჩვეულო ღამესაც.
ესპანეთში შობის აღნიშვნა
მე-13 საუკუნიდან ესპანეთში საშობაო სცენების დადგმა ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული წეს-ჩვეულებაა. ოჯახები თიხის ფიგურებით წარმოადგენენ ბაგაში ჩაწვენილ ახალშობილ იესოს, მწყემსებს, მოგვებს („სამ მეფეს“), იოსებს და მარიამს. ნატურალური ზომის ფიგურებით უფრო დიდ სცენებს ქალაქის ადმინისტრაციულ შენობასთან დგამენ. რამდენადაც ცნობილია, ეს ჩვეულება ფრანცისკ ასიზელმა ჩამოაყალიბა იტალიაში, რათა ხალხის ყურადღება გადაეტანა სახარებისეულ ცნობაზე იესოს დაბადების შესახებ; მოგვიანებით კი ფრანცისკელმა ბერებმა ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში გაავრცელეს.
ესპანეთში საშობაო დღესასწაულში ისეთივე დიდ როლს ასრულებენ მოგვები, როგორც სანტა კლაუსი ასრულებს სხვა ქვეყნებში. ესპანელი ბავშვები მოგვებისგან იღებენ საჩუქრებს 6 იანვარს (Día de Reyes ანუ მეფეთა დღე), როგორც ახალშობილ იესოს მიუტანეს მოგვებმა საჩუქრები. ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ სახარებაში ნათქვამი არ არის, რამდენი მოგვი მივიდა იესოსთან და, რომ ისინი ასტროლოგებად არიან მოხსენიებულნი და არა — მეფეებადa. მათი ვიზიტის შემდეგ მეფე ჰეროდემ, იესოს მოკვლის მიზნით, „ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი მოაკვლევინა“ ბეთლემში. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მოგვებმა იესო დაბადებიდან რაღაც პერიოდის შემდეგ მოინახულეს (მათე 2:11, 16).
მე-12 საუკუნიდან მოყოლებული ესპანეთის ზოგ ქალაქში თეატრალურ წარმოდგენას დგამენ იესოს დაბადებასთან დაკავშირებით; მასში ასახულია ბეთლემში მწყემსების და, მოგვიანებით, მოგვების სტუმრობა. დღესდღეობით ესპანეთის ბევრ ქალაქში ყოველ 5 იანვარს იმართება პარადი. დიდ მანქანაზე მოწყობილ მოძრავ სცენაზე მდგომი „მეფეები“ ქალაქის ცენტრს უვლიან და ხალხს კანფეტებს ურიგებენ. ტრადიციული საშობაო დეკორაციები და სიმღერები საზეიმო განწყობილებას ქმნის.
მრავალ ესპანურ ოჯახში შობის წინადღეს (24 დეკემბერს) განსაკუთრებულ ვახშამს აწყობენ. ტრადიციულ სუფრას ამშვენებს „ტურონი“ (მზადდება ნუშისა და თაფლისგან), მარციპანი, ჩირი, შემწვარი ბატკანი და ზღვის პროდუქტები. ოჯახის წევრები, ისინიც კი, რომლებიც შორს ცხოვრობენ, ცდილობენ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაესწრონ ამ განსაკუთრებულ ვახშამს. სხვა ტრადიციულ ვახშამზე, 6 იანვარს, ოჯახი მიირთმევს „მეფეთა“ პასქას, რომელსაც რგოლის ფორმა აქვს და მასში პატარა ფიგურაა ჩადებული. მსგავსი ჩვეულება რომაელების დროსაც არსებობდა; თუ მონას პასქაში დამალული სიურპრიზი შეხვდებოდა, იმ დღეს ის „მეფე“ იყო.
„წლის ყველაზე სასიხარულო და გადატვირთული დღე“
იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდა ადგილობრივი ჩვეულებები, დღეს შობა მსოფლიოში ძირითად დღესასწაულად ითვლება. ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“ აღწერს, რომ შობა მთელ მსოფლიოში „წლის ყველაზე სასიხარულო და გადატვირთული დღეა მილიონობით ქრისტიანისა თუ არაქრისტიანისთვის“. ნამდვილად მნიშვნელოვანია ასეთი დღესასწაულის აღნიშვნა?
ცხადია, იესოს დაბადება ისტორიული მოვლენაა. ამ მოვლენის დიდ მნიშვნელობას ისიც ადასტურებს, რომ, როგორც ანგელოზებმა განაცხადეს, იესოს დაბადება ნიშნავდა „მშვიდობას დედამიწაზე ადამიანებისთვის, რომლებსაც ღმერთი იწონებს“.
და მაინც, „ქრისტიანობის დასაწყისში შობას არ ზეიმობდნენ“, — აღნიშნავს ესპანელი ჟურნალისტი ხუან არიასი. თუ ეს ასეა, მაშინ საიდან მოდის შობის დღესასწაული? რა არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ გვახსოვდეს ეს მოვლენა და იესოს ცხოვრება? ამ საკითხებს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.
[სქოლიოები]
a ერთი ნაშრომი (La Sagrada Escritura Texto y comentario por profesores de la Compañía de Jesús) აღნიშნავს: „სპარსელი, მიდიელი და ქალდეველი მოგვები წარმოადგენდნენ სამღვდელოების კლასს და მათი საქმიანობა ოკულტიზმს, ასტროლოგიასა და მედიცინას უკავშირდებოდა“. მოგვები, რომლებიც ჩვილი იესოს მოსანახულებლად მივიდნენ, შუა საუკუნეებში წმინდანებად შერაცხეს და შეარქვეს სახელები: მელქიორი, გასპარი და ბალთაზარი. მათი „წმინდა ნაწილები“ ვითომცდა კელნის (გერმანია) საკათედრო ტაძარში ინახება.