ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
როგორ გახდა უფრო აზრიანი ერთი შოტლანდიელი ბიზნესმენის ცხოვრება? რა დაეხმარა ერთ ბრაზილიელ მამაკაცს, მიეტოვებინა უზნეო ცხოვრება და თავი დაენებებინა კრეკ-კოკაინისთვის? როგორ დაანება ერთმა სლოვენიელმა მამაკაცმა ლოთობას თავი? აი, რას გვიყვებიან თავად ისინი.
„ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად მიდიოდა“ — ჯონ რიკეტსი
დაბადების წელი: 1958
ქვეყანა: შოტლანდია
წარსულში: წარმატებული ბიზნესმენი
მოკლე ბიოგრაფია: ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მამაჩემი ბრიტანეთის ჯარის ოფიცერი იყო. ამიტომ, ჩვენი ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. შოტლანდიის გარდა, ჩვენ ვცხოვრობდით ინგლისში, გერმანიაში, კენიაში, მალაიზიაში, ირლანდიაში და კვიპროსზე. რვა წლის რომ გავხდი, სკოლა-ინტერნატში მიმიყვანეს შოტლანდიაში. ბოლოს კი კემბრიჯის უნივერსიტეტი დავამთავრე.
20 წლის ასაკში ნავთობის ბიზნესი წამოვიწყე. ამ საქმით რვა წელი ვიყავი დაკავებული. თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში ვმუშაობდი, მოგვიანებით — აფრიკაში, ბოლოს კი — დასავლეთ ავსტრალიაში. იქ გავხსენი ფირმა, სადაც სხვების მიერ დაბანდებული ფულიდან სარგებელს ვიღებდი. საბოლოოდ ეს ფირმა გავყიდე.
იმდენი ფული დავაგროვე, რომ 40 წლის ასაკში სამუშაოს თავი დავანებე. ახლა უკვე ბევრი დრო მქონდა სამოგზაუროდ. მსოფლიოს ირგვლივ ვიმოგზაურე, ავსტრალია კი ორჯერ შემოვიარე მოტოციკლით. ერთი შეხედვით, ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: სანამ სამსახურს თავს დავანებებდი, მინდოდა, რამენაირად ღვთისთვის მადლობა გადამეხადა ასეთი დალხენილი ცხოვრებისთვის. ამიტომ, ანგლიკანურ ეკლესიაში დავიწყე სიარული, სადაც ბავშვობაში მშობლებს დავყავდი. მაგრამ ეკლესიაში ბიბლიიდან არაფერს გვასწავლიდნენ. მოგვიანებით მორმონებთან დავიწყე სიარული, მაგრამ ისინი ბიბლიით არ ხელმძღვანელობდნენ და ამიტომ, მათთანაც გავწყვიტე ურთიერთობა.
ერთ დღესაც იეჰოვას მოწმეებმა დამიკაკუნეს კარზე. მაშინვე მივხვდი, რომ ისინი მხოლოდ ბიბლიიდან ასწავლიდნენ. მათ წამიკითხეს 1 ტიმოთეს 2:3, 4. ამ მუხლებში წერია, რომ ღვთის „ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ იეჰოვას მოწმეებისთვის მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ცოდნის, არამედ ბიბლიაზე დაფუძნებული საფუძვლიანი ცოდნის მიღება.
ასეთი საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დამეხმარა. მაგალითად, გავიგე, რომ ღმერთი და იესო საიდუმლოებით მოცული სამების ნაწილი კი არა, ორი სხვადასხვა პიროვნებაა (იოანე 14:28; 1 კორინთელები 11:3). ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი მარტივი ჭეშმარიტება გავიგე. ცოტა არ იყოს, გავბრაზდი კიდეც იმის გამო, რომ წლების მანძილზე ვცდილობდი, ჩავწვდომოდი მოძღვრებას, რომლის ახსნაც არავის შეეძლო.
მალე იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე დავიწყე დასწრება. გამაოცა იმის დანახვამ, რომ იქ ყველა მეგობრული და ზნეობრივად სუფთა იყო; ისინი წმინდანებივით იყვნენ. მათმა უთვალთმაქცო სიყვარულმა დამარწმუნა, რომ ჭეშმარიტი რელიგია ვიპოვე (იოანე 13:35).
კურთხევები: მონათვლის შემდეგ გავიცანი მომხიბვლელი ქალი, დაიენი. ის იეჰოვას მოწმეთა ოჯახში გაიზარდა. მას ბევრი კარგი თვისება ჰქონდა, რამაც დამატყვევა. მალე ჩვენ დავქორწინდით. დაიენი ჩემი უახლოესი მეგობარია და ყოველთვის მხარში მიდგას, რაც მართლაც იეჰოვას კურთხევაა.
მე და დაიენმა გადავწყვიტეთ, გადავსულიყავით იქ, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. 2010 წელს ჩვენ ბელიზში (ცენტრალური ამერიკა) გადავედით. იქ ჩვენ ვქადაგებდით ხალხთან, რომელსაც უყვარდა ღმერთი და ბიბლიური ცოდნის მიღება სწყუროდა.
ღვთისა და მისი სიტყვის შესახებ ჭეშმარიტების გაგებამ საბოლოოდ სულის სიმშვიდე მომგვარა. დღეს სრული დროით ვმსახურობ და არაერთ ადამიანს ვასწავლი ბიბლიას. იმაზე უკეთესი არაფერია, რომ საკუთარი თვალით იხილო, როგორ ცვლის ბიბლიური ჭეშმარიტება ხალხის ცხოვრებას, როგორც ეს ჩემ შემთხვევაში მოხდა. ახლა ნამდვილად მაქვს მიზეზი, ღმერთს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება ასეთი აზრიანი გახდა.
„მათ დიდი სითბო გამოავლინეს ჩემ მიმართ“ — მაურისიო არაუჟუ
დაბადების წელი: 1967
ქვეყანა: ბრაზილია
წარსულში: ეწეოდა აღვირახსნილ ცხოვრებას
მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე პატარა ქალაქ ავარეში, რომელიც სან-პაულუს შტატში მდებარეობს. ამ ქალაქში, ძირითადად, მუშები ცხოვრობენ.
დედაჩემი ჩემზე იყო ფეხმძიმედ, მამა რომ დაიღუპა. პატარაობიდან დედის ტანსაცმელს ვიცვამდი, როცა ის სახლში არ იყო. გადავიღე ქალის მანერები. ყველა ისე მიყურებდა, როგორც „ცისფერს“. მალე ჩემს თანატოლ ბიჭებთან და კაცებთან დავიწყე ინტიმური ცხოვრება.
თინეიჯერობის დროს ხშირად ვიცვლიდი პარტნიორებს, იქნებოდნენ ესენი კაცები თუ ქალები. მათ ვეცნობოდი ბარებში, ღამის კლუბებში და ეკლესიებშიც კი. ქალის ტანსაცმელს ვიცვამდი და ვცეკვავდი კარნავალზე, სადაც სამბას სკოლები დადგმულ ცეკვებს წარმოადგენდნენ. ძალიან პოპულარული ვიყავი.
ჩემი მეგობრები ჰომოსექსუალისტები, მეძავები და ნარკომანები იყვნენ. ზოგმა მათგანმა კრეკ-კოკაინი გამასინჯა და მალე მეც დამოკიდებული გავხდი ამ ნარკოტიკზე. ზოგჯერ მთელი ღამე ვეწეოდით, ზოგჯერ კი განვმარტოვდებოდი და მთელი დღე ვეწეოდი. ძვალი და ტყავიღა დავრჩი. ხალხი ამბობდა, რომ შიდსი-ი მქონდა.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ამ დროს იეჰოვას მოწმეებს შევხვდი. მათ დიდი სითბო გამოავლინეს ჩემ მიმართ. მოწმეებმა ბიბლიიდან რამდენიმე მუხლი წამიკითხეს. ერთ-ერთი იყო რომაელების 10:13, სადაც ნათქვამია: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“. ამ სიტყვებმა დამაფიქრა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო იეჰოვას სახელის გამოყენება. ხშირად, როცა მთელი ღამე კრეკ-კოკაინს ვეწეოდი, ვაღებდი ფანჯარას, შევყურებდი ცას და იეჰოვას თვალცრემლიანი ვთხოვდი, რომ დამხმარებოდა.
ვდარდობდი ჩემს მრავალნატანჯ დედაზე, რომელიც ძალიან განიცდიდა, როცა ხედავდა, როგორ ვიუბედურებდი თავს. ამიტომ, გადავწყვიტე, შემეწყვიტა ნარკოტიკების მიღება. მალე იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მათ დამარწმუნეს, რომ შესწავლა დამეხმარებოდა ნარკოტიკებისთვის თავის დანებებაში. ეს ასეც მოხდა!
ბიბლიის შესწავლის დროს დავინახე, რომ ცხოვრების წესი უნდა შემეცვალა. განსაკუთრებით რთული იყო ჩემთვის კაცებთან ინტიმურ ურთიერთობაზე უარის თქმა, რადგან რაც თავი მახსოვდა, სულ ამას ვაკეთებდი. ძალიან დამეხმარა გარემოს შეცვლა. ურთიერთობა გავწყვიტე ძველ მეგობრებთან და ბარებსა თუ ღამის კლუბებში სიარულსაც თავი დავანებე.
ამ ცვლილებების მოხდენა ადვილი არ იყო, მაგრამ მანუგეშებდა ის, რომ იეჰოვა ზრუნავდა ჩემზე და ესმოდა, რა ფასად მიჯდებოდა ეს (1 იოანე 3:19, 20). 2002 წელს შევწყვიტე კაცებთან ინტიმური ურთიერთობა; ამავე წელს მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი.
კურთხევები: ამან დედაჩემზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ თვითონაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. სამწუხაროდ, მას ინსულტი დაემართა. მიუხედავად ამისა, ის კვლავაც იღრმავებს იეჰოვასა და ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი სიყვარულს.
რვა წელია, რაც სრული დროით ვმსახურობ და დროის უმეტეს ნაწილს ხალხისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლებას ვუთმობ. უნდა ვაღიარო, რომ დღემდე მიწევს დროდადრო არასწორ სურვილებთან ბრძოლა. მაგრამ სტიმულს მაძლევს იმის ცოდნა, რომ თუ ამ სურვილებს არ ავყვები, იეჰოვას ვასიამოვნებ.
იეჰოვასთან დაახლოებამ და ცხოვრების ახალმა წესმა ღირსების გრძნობა ამიმაღლა. დღეს ბედნიერი კაცი ვარ.
„ძირგავარდნილი კასრივით ვიყავი“ — ლუკა შუცი
დაბადების წელი: 1975
ქვეყანა: სლოვენია
წარსულში: ლოთი
მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში. ოთხ წლამდე კარგი ბავშვობა მქონდა. ამ დროს მამაჩემმა თავი მოიკლა. ამ ტრაგედიის შემდეგ დედა დღე და ღამეს ასწორებდა, რომ მე და ჩემი უფროსი ძმისთვის ლუკმა-პური ეშოვა.
15 წლის რომ გავხდი, საცხოვრებლად ბებიასთან გადავედი. მიხაროდა მასთან ყოფნა, რადგან მთელი ჩემი მეგობრები მის სამეზობლოში ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, თავისუფლებაც მეტი მქონდა, ვიდრე სახლში ყოფნისას. 16 წლის ასაკში დავუახლოვდი მათ, ვინც შაბათ-კვირას სვამდნენ. გავიზარდე თმა, აჯაჯულ-დაჯაჯულად ვიცვამდი, მოგვიანებით კი სიგარეტის წევაც დავიწყე.
თუმცა, არაერთ ნარკოტიკს გავუსინჯე გემო, ალკოჰოლური სასმელები უფრო მომწონდა. თუ თავიდან რამდენიმე ჭიქა ღვინო მაკმაყოფილებდა, ახლა რამდენიმე ბოთლიც კი არ მყოფნიდა. თუმცა გარეგნულად არაფერი მემჩნეოდა. ხშირად ამონასუნთქით თუ მიხვდებოდი, რომ ნასვამი ვიყავი. მაშინაც კი ვერავინ ხვდებოდა ამას, როცა ათ ლიტრამდე ღვინო ან ლუდი მქონდა დალეული და ზედ არაყი მქონდა დაყოლებული.
ხშირად დისკოტეკებზე მე ვიყავი ერთადერთი, ვისაც ფეხზე დგომა და მეგობრების დახმარება შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მათზე ორჯერ მეტი მქონდა დალეული. ერთხელ ჩემს ყურამდე მოვიდა მეგობრის ნათქვამი, რომ ძირგავარდნილი კასრივით ვიყავი, რაც ჩვენს ენაზე მეტად დამამცირებელია და იმ ადამიანის მისამართით იყენებენ, ვინც ყველაზე მეტ სასმელს იტანს. ამ სიტყვებმა ძალიან მატკინა გული.
დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა დღეში ვიგდებდი თავს. უღირსობის გრძნობა დამეუფლა. ვფიქრობდი, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ამავე პერიოდში შევამჩნიე, რომ ერთი ჩემი კლასელი ძალიან შეიცვალა. იგი მშვიდი გახდა. ცნობისმოყვარეობამ მძლია და კაფეში დავპატიჟე. მან მითხრა, რომ იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას. ასევე გამიზიარა ზოგიერთი რამ, რაც ბიბლიიდან ისწავლა. ეს ყველაფერი ჩემთვის სრულიად ახალი იყო, რადგან რელიგიის არაფერი გამეგებოდა. მეც დავიწყე იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა და მათ კრების შეხვედრებზე დასწრება.
ბიბლიის შესწავლის შედეგად გონება გამინათდა და ჭეშმარიტება დავინახე. მაგალითად, გავიგე, რომ, როგორც ბიბლია ამბობს, ჩვენ ვცხოვრობთ „ბოლო დღეებში“ (2 ტიმოთე 3:1—5). ისიც შევიტყვე, რომ მალე ღმერთი გაანადგურებს ბოროტებს, კარგ ადამიანებს კი იმის საშუალებას მისცემს, მარადიული სიცოცხლით დატკბნენ სამოთხეში დედამიწაზე (ფსალმუნი 37:29). ძლიერი სურვილი მქონდა, შემეცვალა ცხოვრების წესი, ამ კარგ ხალხს შორის რომ მოვხვედრილიყავი.
ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე მეგობრებთან დავიწყე საუბარი. ბევრმა დამცინა ამის გამო, მაგრამ ეს დამეხმარა, გონს მოვგებოდი. დავინახე, რომ ისინი არ იყვნენ ნამდვილი მეგობრები. იმასაც მივხვდი, რომ სმას თავს ვერ დავანებებდი, თუ მათთან გავაგრძელებდი მეგობრობას. მათ ერთი სული ჰქონდათ, როდის დადგებოდა შაბათ-კვირა, რომ გალეშილიყვნენ.
გავწყვიტე მათთან ურთიერთობა და დავუმეგობრდი იეჰოვას მოწმეებს. მათთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან გამამხნევებელი იყო, რადგან გულწრფელად უყვარდათ ღმერთი და ყველა, ვინც ღვთის ნების თანახმად ცხოვრობდა. საბოლოოდ, შევძელი, სმისთვის თავი დამენებებინა.
კურთხევები: მადლობელი ვარ იეჰოვასი იმის გამო, რომ ალკოჰოლი აღარ მჭირდება, თავი რომ ბედნიერად ვიგრძნო. ნამდვილად არ ვიცი, რით დავამთავრებდი ცხოვრებას, ძველებურად რომ გამეგრძელებინა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა.
ბოლო შვიდი წელია, რაც იეჰოვას მოწმეთა ფილიალში ვმსახურობ სლოვენიაში. ჩემმა ცხოვრებამ ნამდვილი აზრი მას შემდეგ შეიძინა, რაც იეჰოვა გავიცანი და მისადმი მსახურებას შევუდექი.