ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან
რა ბედი ეწევათ რელიგიებს?
ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.
1. ყველა რელიგიას იწონებს ღმერთი?
ბევრ რელიგიაში არიან ადამიანები, რომელთაც გულწრფელად სურთ, ღმერთს ასიამოვნონ. ღმერთს შეუმჩნეველი არ რჩება ისინი და ზრუნავს მათზე. სამწუხაროდ, ზოგი ბოროტი მიზნების განსახორციელებლად იყენებს რელიგიას. წინათ რელიგიური წინამძღოლები თავიანთი მოწინააღმდეგეების წამებასაც კი არ ერიდებოდნენ (2 კორინთელები 4:3, 4; 11:13—15). დღეს, როგორც ახალი ამბებიდან ვიგებთ, ზოგი რელიგიური წინამძღოლი ხალხს ტერორიზმისკენ აქეზებს, მხარს უჭერს ომს და ბავშვებსაც კი რყვნის (წაიკითხეთ მათეს 24:3—5, 11, 12).
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ არსებობს ორი სახის რელიგია — ჭეშმარიტი და ცრუ. ცრუ რელიგია არ ასწავლის ჭეშმარიტებას ღვთის შესახებ. იეჰოვა ღმერთს კი სურს, რომ ხალხმა მის შესახებ ჭეშმარიტება იცოდეს (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:3—5).
2. რა ბედი ეწევათ რელიგიებს?
ღმერთს არ უნდა, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ რელიგიებმა, რომელთა წარმომადგენლებიც ამტკიცებენ, რომ უყვართ ღმერთი, მაგრამ მის შესახებ მათ არაფერს ასწავლიან. ამ რელიგიის მიმდევრებს უყვართ მეგობრობა ქვეყნიერებასთან, რომელიც სატანა ეშმაკის ძალაუფლებაშია (იაკობი 4:4; 1 იოანე 5:19). ღვთის სიტყვაში რელიგიებზე ნათქვამია, რომ ისინი ღმერთს კი არა, ადამიანთა ხელისუფლებებს უცხადებენ ერთგულებას. სწორედ ამიტომ ადარებს ღმერთი მათ მეძავს. ბიბლიაში ეს მეძავი „დიდი ბაბილონის“ სახელითაა მოხსენიებული. ეს სახელი მომდინარეობს უძველესი ქალაქის სახელწოდებიდან, სადაც ნოეს დროინდელი წარღვნის შემდეგ ცრუ რელიგიას ჩაეყარა საფუძველი. მალე ღმერთი მოულოდნელად მოუღებს ბოლოს ცრუ რელიგიას, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ხალხი და ჩაგრავს მათ (წაიკითხეთ გამოცხადების 17:1, 2, 5, 17; 18:8, 23, 24).
3. რა სასიხარულო ცნობას შეატყობინებს ღმერთი ხალხს მთელ დედამიწაზე?
მალე ღმერთი სისრულეში მოიყვანს ცრუ რელიგიისთვის გამოტანილ განაჩენს. სწორედ ეს სასიხარულო ცნობა მოჰგვრის შვებას ჩაგრულთ მთელ მსოფლიოში. ცრუ რელიგია ვეღარასდროს შეძლებს კაცობრიობის შეცდომაში შეყვანას და მათ დაქსაქსვას. დედამიწაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი გაერთიანებული იქნება ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობაში (წაიკითხეთ ესაიას 11:9; გამოცხადების 18:20, 21; 21:3, 4).
4. რა უნდა გააკეთონ გულწრფელმა ადამიანებმა?
იეჰოვა არ ივიწყებს გულწრფელ ადამიანებს, რომლებიც დღეს ცრუ რელიგიებს მიეკუთვნებიან. ღმერთი ასწავლის ასეთ ადამიანებს ჭეშმარიტებას და ამგვარად აერთიანებს მათ (წაიკითხეთ მიქას 4:2, 5).
იეჰოვა სიხარულით იღებს თავის ოჯახში მათ, ვისაც სურს, რომ ემსახუროს. მაშინაც კი, როცა ჩვენი ახლობლები და მეგობრები უკმაყოფილონი არიან იმის გამო, რომ იეჰოვას ვემსახურებით, მაინც ბედნიერი ვართ. ჩვენ ხომ ღვთის მეგობრები გავხდით, შევიძინეთ ახალი და მოსიყვარულე „ოჯახი“ და იმედი გვაქვს, რომ მომავალში მარადიულად ვიცოცხლებთ (წაიკითხეთ მარკოზის 10:29, 30; 2 კორინთელების 6:17, 18).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-15 და მე-16 თავები. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათის საავტორო უფლება 16 გვერდზე]
The Complete Encyclopedia of Illustration/J. G. Heck