იეჰოვა ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს
„ყოველგვარი ნუგეშის მამა . . . ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორ. 1:3, 4).
1, 2. როგორ გვანუგეშებს იეჰოვა სირთულეების დროს და რაში გვარწმუნებს მისი სიტყვა?
ერთმა ახალგაზრდა ძმამ ასაკოვან დაქორწინებულ უხუცესს 1 კორინთელების 7:28-ე მუხლზე კითხვა დაუსვა. მუხლში წერია: „ასეთებს [ანუ დაქორწინებულებს] ხორციელი გასაჭირი ექნებათ“. ახალგაზრდას აინტერესებდა, რა იგულისხმებოდა „გასაჭირში“ და როგორ უნდა გამკლავებოდა მას, თუ ცოლს მოიყვანდა. ვიდრე უპასუხებდა, უხუცესმა ახალგაზრდას სთხოვა, დაფიქრებულიყო იმ სიტყვებზე, რომელთაც პავლე იეჰოვას შესახებ ამბობდა. მოციქულის სიტყვების თანახმად, იეჰოვაა „ყოველგვარი ნუგეშის მამა, რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორ. 1:3, 4).
2 ნამდვილად, იეჰოვა მოსიყვარულე მამაა, რომელიც სირთულეების დროს გვანუგეშებს. ალბათ, თქვენც არაერთხელ მიგიღიათ ღვთის სიტყვიდან ნუგეში და დახმარება. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ღმერთს დღესაც საუკეთესო სურს თავისი მსახურებისთვის (წაიკითხეთ იერემიას 29:11, 12).
3. რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?
3 სირთულეებსა და გასაჭირთან გამკლავება გაგვიადვილდება, თუ მათი გამომწვევი მიზეზები გვეცოდინება. იმავეს თქმა შეიძლება ქორწინებასა და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ სირთულეებზეც. რამ შეიძლება გამოიწვიოს პავლე მოციქულის მიერ მოხსენიებული „ხორციელი გასაჭირი“? რომელი ბიბლიური თუ თანამედროვე მაგალითები გვეხმარება, მივიღოთ ნუგეში და პრობლემებს წარმატებით გავართვათ თავი?
„ხორციელი გასაჭირი“
4, 5. რამ შეიძლება გამოიწვიოს „ხორციელი გასაჭირი“?
4 კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ღმერთმა თქვა: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბ. 2:24). იეჰოვამ ეს სიტყვები მაშინ თქვა, როცა პირველი მამაკაცი და ქალი შეაუღლა. ვინაიდან არასრულყოფილები ვართ, ახალი ოჯახის შექმნის შემდეგ შეიძლება სანათესაოში სიტუაცია დაიძაბოს (რომ. 3:23). როგორც წესი, დაქორწინების შემდეგ მშობლების უფლებამოსილებას ქმრის უფლებამოსილება ცვლის, რადგან ღმერთმა ცოლის თავად ქმარი დააყენა (1 კორ. 11:3). ზოგიერთი ახალბედა ცოლ-ქმრისთვის ამასთან შეგუება ადვილი არ არის. ღვთის სიტყვის თანახმად, ცოლს უნდა ესმოდეს, რომ ქმრის ხელმძღვანელობას უნდა მიჰყვეს და არა მშობლების. ახალდაქორწინებულებს შეიძლება მეუღლის მშობლებთან დაეძაბოთ ურთიერთობა და პრობლემები შეექმნათ.
5 ხშირად წყვილს მეტი საფიქრალი უჩნდება, როცა იგებენ, რომ ბავშვი ეყოლებათ. ბავშვის მოლოდინით გამოწვეული სიხარული შეიძლება გააუფერულოს იმის შიშმა, რომ ფეხმძიმობის პერიოდში ან მოგვიანებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა არ იჩინოს თავი. წყვილს იმაზეც მოუწევს ფიქრი, რომ ამის შემდეგ მეტი ხარჯი ექნებათ. ბავშვის დაბადების შემდეგ მათ არაერთ ცვლილებასთან მოუწევთ შეგუება. ახალბედა დედამ შეიძლება მთელი დრო და ყურადღება ბავშვს დაუთმოს. ამ დროს ბევრი ქმარი თავს მიტოვებულად გრძნობს. თუმცა ახალბედა მამის პასუხისმგებლობაც იზრდება, რადგან ოჯახის ახალ წევრზე უნდა იზრუნოს.
6—8. რატომ შეიძლება უშვილობა განსაცდელად ექცეს ადამიანს?
6 ზოგი ცოლ-ქმრისთვის გასაჭირი ის არის, რომ ძალიან უნდათ შვილი, მაგრამ არა და არ უჩნდებათ. ამან შეიძლება ცოლს ემოციური ტკივილი მიაყენოს. მიუხედავად იმისა, რომ არც ქორწინება და არც შვილების ყოლა არ იძლევა უზრუნველი ცხოვრების გარანტიას, აუსრულებელი სურვილი ერთგვარი ხორციელი გასაჭირია (იგავ. 13:12). ბიბლიურ დროში უშვილობა ხშირ შემთხვევაში სირცხვილად ითვლებოდა. იაკობის ცოლი, რახელი, ძალიან განიცდიდა, რომ თავისი დისგან განსხვავებით შვილი არ უჩნდებოდა (დაბ. 30:1, 2). იმ ქვეყნებში, სადაც ბევრი შვილის ყოლა ჩვეულებრივი მოვლენაა, მისიონერებს ხშირად ეკითხებიან, რატომ არა ჰყავთ შვილები. რა პასუხიც არ უნდა გასცენ მათ, ხალხი მაინც ექიმთან მკურნალობას ურჩევს.
7 ინგლისში ერთ დას ძალიან უნდოდა შვილი, თუმცა ეს მისთვის აუხდენელ ოცნებად დარჩა. როცა მას მენოპაუზა დაეწყო, თავი განადგურებულად იგრძნო, რადგან მიხვდა, რომ ბავშვს ვეღარ გააჩენდა. ამიტომ მან და მისმა მეუღლემ ბავშვის აყვანა გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, ეს და ამბობს: „ტკივილი ბოლომდე მაინც არ დამიამდა. მესმოდა, რომ ბავშვის აყვანა გაჩენას არ ნიშნავდა“.
8 ბიბლიაში ნათქვამია, რომ ქრისტიან ქალს „შვილების გაჩენა გადაარჩენს“, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შვილების ყოლა მას მარადიულ სიცოცხლეს მოუტანს (1 ტიმ. 2:15). ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ შვილებზე ზრუნვამ და საოჯახო საქმეებმა შეიძლება ქალი ჭორიკნობისა და სხვის საქმეში ჩარევისგან დაიცვას (1 ტიმ. 5:13). თუმცა მას მაინც მოუწევს ქორწინებასა თუ ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა.
როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს? (იხილეთ აბზაცები 9, 12)
9. რა განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა ზოგი დაქორწინებული ქრისტიანი?
9 თითქმის არავის მოუვა აზრად, რომ ქორწინებასთან დაკავშირებულ გასაჭირში მეუღლის სიკვდილიც იგულისხმოს. თუმცა ბევრს მოუწია ამ უდიდესი განსაცდელის გადატანა. შესაძლოა ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ასეთი რამ შეემთხვეოდათ. ქრისტიანებს მტკიცედ გვწამს იესოს დაპირების, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა (იოან. 5:28, 29). ამ იმედმა შეიძლება დიდად ანუგეშოს დაქვრივებული ქრისტიანი. ჩვენი მოსიყვარულე მამა თავისი სიტყვის მეშვეობით ეხმარება და ანუგეშებს გასაჭირში მყოფთ. განვიხილოთ იეჰოვას ზოგიერთი მსახურის მაგალითი, რომლებმაც ასეთი ნუგეში მიიღეს.
ნუგეში განსაცდელების დროს
10. როგორ მიიღო ხანამ ნუგეში? (იხილეთ სურათი მე-4 გვერდზე)
10 ელკანას საყვარელ ცოლს, ხანას, განსაცდელის ატანა უწევდა. მისი ქმრის მეორე ცოლს, ფენინას, ბევრი შვილი ჰყავდა, მას კი შვილი არ უჩნდებოდა (წაიკითხეთ 1 სამუელის 1:4—7). ამის გამო ფენინა გამუდმებით დასცინოდა ხანას, რაც გულს სტკენდა ქალს და ამწუხრებდა. ნუგეშისთვის ის იეჰოვას მიმართავდა და „დიდხანს ლოცულობდა . . . იეჰოვას წინაშე“. მოელოდა ხანა, რომ იეჰოვა შეუსრულებდა სათხოვარს? სავსებით შესაძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში ლოცვის შემდეგ მას „აღარ დამწუხრებია სახე“ (1 სამ. 1:12, 17, 18). ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ან შვილს მისცემდა, ან სხვანაირად შეუვსებდა ამ დანაკლისს.
11. როგორ გვანუგეშებს ლოცვა?
11 ვინაიდან არასრულყოფილები ვართ და ეს ქვეყნიერება სატანის ძალაუფლებაშია, განსაცდელებსა და გასაჭირს ვერსად გავექცევით (1 იოან. 5:19). მაგრამ გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვაა „ყოველგვარი ნუგეშის მამა“. ერთ-ერთი საშუალება, რომელიც განსაცდელებთან გამკლავებაში გვეხმარება, ლოცვაა. ხანამ გულისნადები იეჰოვას გაანდო ლოცვაში. მსგავსად, როცა განსაცდელის წინაშე დავდგებით, მხოლოდ ის კი არ უნდა ვუთხრათ იეჰოვას, რას ვგრძნობთ, არამედ უნდა ვევედროთ მას, ანუ გულმხურვალე ლოცვის დროს მთელი გულისნადები გავუზიაროთ (ფილ. 4:6, 7).
12. რა დაეხმარა ქვრივ ანას სიხარულის შენარჩუნებაში?
12 ნუგეშის მიღება მაშინაც შეგვიძლია, როცა უშვილობის ან საყვარელი ადამიანის სიკვდილის გამო ვიტანჯებით. წინასწარმეტყველი ანა გათხოვებიდან შვიდ წელიწადში დაქვრივდა. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, რომ მას შვილი ჰყავდა. როგორც ლუკას 2:37-დან ვიგებთ, 84 წლის ასაკშიც კი ანა „ტაძარს არ შორდებოდა და დღედაღამ მარხვითა და ვედრებით ასრულებდა წმინდა მსახურებას“. ის ნუგეშსა და სიხარულს იეჰოვას თაყვანისმცემლობაში პოულობდა.
13. როგორ შეუძლიათ მეგობრებს დახმარება, როცა ოჯახის წევრები ვერ აკეთებენ ამას? მოიყვანეთ მაგალითი.
13 როცა ახლო ურთიერთობა გვაქვს თანაქრისტიანებთან, ნამდვილ მეგობრებს ვიძენთ (იგავ. 18:24). პოლა იხსენებს, რა ცუდად გრძნობდა თავს, როცა დედამისმა ჭეშმარიტება დატოვა. ხუთი წლის პოლასთვის ეს დიდი განსაცდელი იყო. მაგრამ მისი კრებიდან ერთმა პიონერმა დამ, ენიმ, მის სულიერად გაძლიერებაზე იზრუნა, რაც პოლას სიმხნევეს მატებდა. „თუმცა ენი ჩემი ნათესავი არ იყო, ის ძალიან დამეხმარა, რომ იეჰოვას მსახურება გამეგრძელებინა“, — ამბობს პოლა, რომელიც დღემდე ერთგულად ემსახურება იეჰოვას. პოლას ისიც ახარებს, რომ კვლავ დედასთან ერთად მსახურობს კრებაში. ენიც ბედნიერია, რადგან პოლას სულიერი დედობა გაუწია.
14. რა კურთხევები მოაქვს სხვებზე ზრუნვას?
14 სხვების მიმართ ინტერესის გამოვლენამ შეიძლება საკუთარი სადარდებელი გარკვეულწილად დაგვავიწყოს. როგორც დაქორწინებულმა, ისე დაუქორწინებელმა დებმა იციან, რომ ღვთის თანამშრომლად ყოფნასა და სასიხარულო ცნობის გაზიარებას უდიდესი სიხარული მოაქვს. მათ სურთ, ღვთის ნება შეასრულონ და ამით განადიდონ ღმერთი. ზოგისთვის სასიხარულო ცნობის ქადაგება ერთგვარი თერაპიაა. კრებაში თითოეული ვუწყობთ ხელს ახლო ურთიერთობების განმტკიცებას, როცა ინტერესს ვავლენთ კრების წევრებისა და ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიმართ (ფილ. 2:4). მოციქულმა პავლემ ამის შესანიშნავი მაგალითი მოგვცა. ის „მეძუძურ დედასავით“ ევლებოდა თესალონიკის კრების წევრებს და სულიერ მამობას უწევდა მათ (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:7, 11, 12).
ნუგეში ოჯახში
15. ვისი უშუალო მოვალეობაა შვილებისთვის ჭეშმარიტების სწავლება?
15 კიდევ ერთი მხარე, რაც ყურადღებას იმსახურებს, ოჯახების ნუგეშისცემა და დახმარებაა. ზოგჯერ ახალმონათლული ქრისტიანები სთხოვენ მოწიფულ ქრისტიანებს, რომ დაეხმარონ შვილებისთვის ჭეშმარიტების სწავლებაში ან მათ შვილებს შესწავლა ჩაუტარონ. ბიბლიის თანახმად, შვილების აღზრდა და მათთვის ჭეშმარიტების სწავლება მშობლების მოვალეობაა (იგავ. 23:22; ეფეს. 6:1—4). თუმცა ზოგ შემთხვევაში სხვების მხრიდან დახმარება აუცილებელია და ძალიან დასაფასებელი. მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მშობლებს თავიანთი პასუხისმგებლობისგან. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ შვილებთან.
16. რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, როცა სხვის შვილებს სულიერად ვეხმარებით?
16 თუ მშობელი ვინმეს სთხოვს, რომ მის შვილებს შესწავლა ჩაუტაროს, მაუწყებელმა საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს მშობლის პასუხისმგებლობა. ზოგჯერ მოწმეებს შვილებთან ბიბლიის შესწავლის ჩატარებას სთხოვენ ის მშობლებიც, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან. მაუწყებელს უნდა ახსოვდეს, რომ ბავშვებისთვის სულიერი დახმარების აღმოჩენით ის მათი მშობელი არ ხდება. სასურველია, რომ შესწავლა მშობლების ან მოწიფული ქრისტიანის თანდასწრებით ჩატარდეს მათ სახლში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. შესაბამისად, არავის ექნება მიზეზი, რომ არასწორად გაიგოს რამე. იმედია, დროთა განმავლობაში მშობლები თავად შეძლებენ ღვთისგან დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და თვითონ იზრუნებენ შვილების სულიერ აღზრდაზე.
17. როგორ შეიძლება შვილები ნუგეშისა და გამხნევების წყარო აღმოჩნდნენ ოჯახში?
17 ახალგაზრდები, რომლებიც შეიყვარებენ ღმერთს და მის რჩევებს გაითვალისწინებენ, შეიძლება ნუგეშისა და გამხნევების წყარო აღმოჩნდნენ თავიანთი ოჯახებისთვის, რადგან პატივისცემით მოეპყრობიან მშობლებს და პრაქტიკულ დახმარებას აღმოუჩენენ. შვილებს აგრეთვე შეუძლიათ ოჯახის სულიერ სიმტკიცეს შეუწყონ ხელი. წარღვნამდე შეთის შთამომავალი ლამექი იეჰოვას თაყვანისმცემელი იყო. მან თავის ვაჟ ნოეზე თქვა: „ნუგეშისცემით შეგვიმსუბუქებს შრომასა და ტანჯვას, რადგან დასწყევლა მიწა იეჰოვამ“. ეს სიტყვები მაშინ შესრულდა, როცა მიწასთან დაკავშირებული წყევლა გაუქმდა (დაბ. 5:29; 8:21). შვილებს, რომლებიც ღვთის ერთგული თაყვანისმცემლები არიან, შეუძლიათ დღესაც დაეხმარონ თავიანთ ოჯახებს განსაცდელების ატანაში და მომავალშიც.
18. რა დაგვეხმარება, რომ გაბედულად შევხვდეთ ნებისმიერ განსაცდელს?
18 ლოცვა, ბიბლიაში ჩაწერილ მაგალითებზე ფიქრი და იეჰოვას ხალხთან ურთიერთობა მილიონობით ადამიანს დაეხმარა ნუგეშის პოვნაში (წაიკითხეთ ფსალმუნის 145:18, 19). იმის ცოდნა, რომ იეჰოვაა მარადიული ნუგეშის წყარო, დაგვეხმარება, გაბედულად შევხვდეთ ნებისმიერ განსაცდელს ახლაც და მომავალშიც.