შეკითხვების ყუთი
◼ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს, რომ, როგორც იესო ქრისტეს მოწაფეები, მზად იყვნენ ნათლობისთვის?
ყველაზე ეფექტური იქნება შემდეგი ნაბიჯები: 1) ბიბლიის რეგულარული და პროგრესული შესწავლა, 2) წაახალისო, რომ რეგულარულად დაესწრონ კრების ყოველკვირეულ ხუთ შეხვედრას და მონაწილეობა მიიღონ მათში და 3) მას შემდეგ, რაც სამქადაგებლო მსახურებისთვის ბიბლიურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, დაეხმარე და მოამზადე ისინი, რომ სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა მსახურებაში.
იესო ქრისტემ დაავალა თავის მიმდევრებს, მოემზადებინათ მოწაფეები, მოენათლათ ისინი და ესწავლებინათ მისი მცნებების დაცვა. ეს დავალება დღესაც ძალაში რჩება, როგორც ეს შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: „აჰა, მეთქვენთანა ვარ ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე“ (მათ. 28:19, 20).
მოწაფე არის ის, ვინც იღებს სწავლებას და სხვებს გადასცემს. ამიტომაც მათ, ვინც ინათლება, არა მარტო ძირითადი ბიბლიური ჭეშმარიტებების ცოდნა უნდა ჰქონდეთ, არამედ თავიანთი ცხოვრებით უნდა ნათელყონ, რომ ესმით და ემორჩილებიან იეჰოვას სამართლიან ნორმებს. გარდა ამისა, როგორც იესო ქრისტეს მოწაფეები, ისინი აღიარებენ იეჰოვას ხილულ ორგანიზაციასა და იესო ქრისტეს ხელმძღვანელობას, რომელსაც ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით ახორციელებს (მათ. 24:45—47; საქ. 1:8). რადგან ესმით ჩვენი დროის გადაუდებლობა, უერთდებიან იეჰოვას ხალხს იმ საქმეში, რომელიც იესომ წამოიწყო და რომლის შესრულებაც დაავალა თავის მიმდევრებს (ლუკ. 8:1; მათ. 24:14). ასეთი მოწაფისთვის წყლით ნათლობა იმის თვალსაჩინო სიმბოლოა, რომ სულითა და გულით უძღვნის თავს იეჰოვა ღმერთს (შეადარე ფსალმუნი 39:8).
კარგი იქნება გვახსოვდეს, რომ ბიბლიის შემსწავლელებს არა ჩვენს, არამედ იესო ქრისტეს მოწაფეებად გახდომაში ვეხმარებით. თუ პირადი გარემოებების, არასაკმარისი დროის, შესაძლებლობების ან სხვა საფუძვლიანი მიზეზების გამო ვერ ვეხმარებით ბიბლიის შემსწავლელს სათანადო წინსვლაში, ამ საკითხის თაობაზე ხუცესებს უნდა ვესაუბროთ. მათ შეიძლება პრაქტიკული რჩევები მოგცენ, რაც, 1-ლი კორინთელთა 3:5—9-ში მოცემული პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, ხელს შეუწყობს ბიბლიის შემსწავლელს სულიერ ზრდაში.