ჩვენ გვაქვს დავალება
1 იესომ თავის მიმდევრებს უბრძანა, ‘მოემოწაფებინათ ყველა ხალხი’ (მათ. 28:19). დედამიწის 232 ქვეყანაში და კუნძულებზე იეჰოვა ღმერთის 5 მილიონზე მეტი განმადიდებელი იესოს ბრძანების შესრულების ცოცხალ მტკიცებას იძლევა. მაგრამ რა შეიძლება ითქვას პირადად ჩვენზე? სერიოზულად ვეკიდებით თუ არა დავალებას — ვიქადაგოთ?
2 მორალური ვალდებულება: დავალება არის ‘რისამე შესრულების დაკისრება’. ქრისტემ გვიბრძანა, ვიქადაგოთ (საქ. 10:42). პავლე მოციქული მიხვდა, რომ კეთილი ცნობის გაცხადება იყო მისი აუცილებელი მოვალეობა, ანუ მორალური ვალდებულება (1 კორ. 9:16). მაგალითად, წარმოიდგინე, რომ გემის ეკიპაჟის წევრი ხარ და ეს გემი იძირება. კაპიტანი გიბრძანებს, გააფრთხილო მგზავრები და მაშველ ნავებში გადაიყვანო. უგულებელყოფ ამ ბრძანებას და მარტო საკუთარი თავის გადარჩენაზე იფიქრებ? რასაკვირველია, არა. სხვები შენზე არიან დამოკიდებული. მათი სიცოცხლე საფრთხეშია. შენ მორალურად ხარ ვალდებული, შეასრულო დავალება მათ გადასარჩენად.
3 ღვთისგან ჩვენ მივიღეთ დავალება — გავაფრთხილოთ. იეჰოვა მალე გაანადგურებს მთელ ბოროტ სისტემას. მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. განა სწორი იქნებოდა ჩვენი მხრიდან სხვა ადამიანების საფრთხეში ყოფნის უგულებელყოფა და მხოლოდ საკუთარ გადარჩენაზე ზრუნვა? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ მორალურად ვართ ვალდებული, ხელი შევუწყოთ სხვების სიცოცხლის გადარჩენას (1 ტიმ. 4:16).
4 ერთგულების მისაბაძი მაგალითები: ეზეკიელ წინასწარმეტყველი პასუხისმგებლობას გრძნობდა, ორგული ისრაელებისთვის გამაფრთხილებელი ცნობა მიეწოდებინა. იეჰოვამ ხაზგასმით გააფრთხილა ის, რა შედეგი მოჰყვებოდა, თუ მხედველობიდან გამორჩებოდა დავალების შესრულება: „როცა ბოროტეულს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას. . . მოკვდება ბოროტეული თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ“ (ეზეკ. 3:18). ეზეკიელმა, თვით სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, დავალება ერთგულად შეასრულა. მაშასადამე, მას შეეძლო გაეხარა, როცა იეჰოვას სამსჯავრო გადაწყვეტილებები სრულდებოდა.
5 საუკუნეების მოგვიანებით პავლე მოციქული წერდა ქადაგებასთან დაკავშირებულ თავის პასუხისმგებლობაზე. მან განაცხადა: „უბრალო ვარ ყველას სისხლისაგან. ვინაიდან არ დამიტოვებია გაუცხადებლად ღვთის ყოველი ნება“. პავლე ქადაგებდა საჯაროდ და სახლებში, რადგან ესმოდა, რომ თუ ასე არ მოიქცეოდა, ამას შეეძლო მკვლელობაში დაედანაშაულებინა ის ღვთის წინაშე (საქ. 20:20, 26, 27).
6 გვაქვს ჩვენ ეზეკიელის მსგავსი გულმოდგინება? პავლეს მსგავსად, ვგრძნობთ აღძვრას, ვიქადაგოთ? ჩვენ იგივე დავალება გვაქვს, რაც მათ ჰქონდათ. ჩვენ უნდა განვაგრძოთ სხვების გაფრთხილებასთან დაკავშირებული ჩვენი პასუხისმგებლობის შესრულება, მათი გულგრილობისა თუ წინააღმდეგობის მიუხედავად. ჯერ კიდევ ათასებს შეუძლიათ გამოეხმაურონ სამეფოს ცნობას და თქვან: „თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქ. 8:23). დაე, ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულმა აღგვძრას, არ დავნებდეთ. ჩვენ გვაქვს დავალება — ვიქადაგოთ!