გაიღო შენთვის პიონერული მსახურების კარი?
1 1999 წლის მუხლი შეგვახსენებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ იეჰოვას „ხსნის დღეს“ ვცხოვრობთ (2 კორ. 6:2). მაგრამ მისი „ხსნის დღე“ დასრულდება და შემდეგ დაიწყება „განკითხვის დღე“ (2 პეტ. 2:9). მაშინ, როცა იეჰოვა კაცობრიობას კვლავ აძლევს გადარჩენის შესაძლებლობას, რამდენად ამაღელვებელია იმ ადამიანების მზარდი რაოდენობის ხილვა, რომლებიც დადებითად ეხმაურებიან ამას!
2 იეჰოვას ხალხი აღძრულია, სანამ დროა, ხელი გაუწოდოს გულისხმიერ ადამიანებს. სამეფოს მრავალი მაუწყებლისთვის ეს პიონერული მსახურების დაწყებას ნიშნავდა. გაიღო შენთვის პიონერული მსახურების კარი? რატომ ვსვამთ ამ კითხვას?
3 მადლიერების სიტყვები. როგორც 1999 წლის „ჩვენი სამეფო მსახურება“ იუწყებოდა, პიონერული და დამხმარე პიონერული მსახურების საათების მოთხოვნა შემცირდა. ახალი მოთხოვნის თანახმად, პიონერებმა ყოველთვე მსახურებას 70 საათი უნდა მიუძღვნან, რაც მთელი სამსახურებრივი წლის განმავლობაში 840 საათს შეადგენს. დამხმარე პიონერები მსახურებაში ყოველთვიურად 50 საათს გაატარებენ. ქვემოთ მოყვანილია მადლიერების სიტყვები, რომლებიც დებმა და ძმებმა ამ ცვლილების გამო გამოთქვეს:
„რა შესანიშნავი საჩუქარია ჩვენი ზეციერი მამისგან!“
„სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოვცე სიხარულის, სიყვარულისა და მადლიერების გრძნობა ამ ღონისძიების გამო!“
„ეს ჩვენი გეგმის შესრულებას გაცილებით გააიოლებს!“
„ჩვენ ვლოცულობთ, რომ უფრო მეტმა დაიწყოს სრული დროით მსახურება და გაიხაროს იმ კურთხევებით, რომლებიც იეჰოვასადმი ფართო მასშტაბით მსახურებას მოაქვს“.
4 ღვთის მიერ გამოყოფილი ხსნის დღის კულმინაციური წერტილის მოახლოებით აშკარა ხდება: იეჰოვას ძლიერ სურს, რომ ამ საბოლოო ჟამს თავისი ხალხისგან ქების მძლავრი ხმით განდიდდეს. ამ ცნობას უფრო გაძლიერებულად ქადაგებენ და მისი მნიშვნელოვნება თანდათანობით გაიზარდა. ამას კი ხელს უწყობს 1) სამეფოს მაუწყებელთა რიცხვის მუდმივი ზრდა და 2) თითოეული მათგანის მისწრაფება, რომ, რაც შეიძლება, მეტი გააკეთონ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებისთვის. იეჰოვა, პიროვნება, რომელიც „ზრდის“, ამ მხრივ იმით იძლევა წარმატებას, რომ აკურთხებს ყველა იმ თავდადებული ადამიანის სულისკვეთებას, ვინც ღებულობს ხსნას (1 კორ. 3:6, 7; ფსალმ. 109:3).
5 ფუჭად არ მივიღოთ მისი მადლი. იეჰოვას მიერ გამოყოფილ ხსნის დღესთან დაკავშირებით პავლე შეაგონებდა თანაქრისტიანებს: „და ჩვენ, როგორც [იეჰოვას] თანამშრომელნი, შეგაგონებთ, რომ ფუჭად არ მიიღოთ ღვთის მადლი“. თუ ვხედავთ, რომ „ახლაა მოწყალების ჟამი“ სხვების ხსნისთვის და ამ მიზნით ყოველ შესაძლებლობას ვიყენებთ, „ფუჭად არ მივიღებთ ღვთის მადლს“ (2 კორ. 6:1, 2). დღეს პავლეს სიტყვები მეტი გადაუდებლობის მნიშვნელობას იძენს. ქრისტიანები, რომლებსაც გულითადად უყვართ იეჰოვა, დიდ უპირატესობად თვლიან, რაც შეიძლება სრული მონაწილეობა მიიღონ ღვთისგან დავალებულ მსახურებაში. შეგიძლია ახლა პიონერული მსახურებით გაზარდო შენი მონაწილეობა ამ საქმეში?
6 ეს გონივრული მიზანია. ჩვენი მიზანია, რომ 1 სექტემბრიდან ჩვენი ფილიალის ტერიტორიაზე პიონერულ რიგებში ვიხილოთ 12 000 პიროვნება. გვჯერა, რომ ეს გონივრული და ადვილად მისაღწევი მიზანია. რატომ ვართ ასე დარწმუნებულები? 1997 წლის მარტში ჩვენ ვიხილეთ 12 753 დამხმარე პიონერად მომსახურე ძმა და და, ხოლო 1998 წლის აპრილში — დაახლოებით 13 778. უმრავლესობამ 60 საათი დაუთმო მსახურებას, რაც პიონერული მსახურების საათების ახალ მოთხოვნაზე სულ რაღაც 10 საათით ნაკლებია! ასე რომ, თუ ამ სამსახურებრივი წლის დამთავრებამდე დამხმარე პიონერებიდან მხოლოდ 1 500 პიროვნება ჩადგება პიონერთა რიგებში, სექტემბერში ჩვენ 12 000 ან უფრო მეტი სრული დროით პიონერი გვეყოლება!
7 საჭიროა განრიგი. ხომ არ გგონია, რომ თვეში 70 საათის შესრულება შენთვის მიუწვდომელია? შეიძლება დაგეხმაროს ფიქრი კვირაში 17 საათის შესრულების შესახებ. მომდევნო გვერდზე მოცემული განრიგებიდან რომელიმეს გამოყენებით, ეცადე შეადგინო ისეთი გეგმა, რომელიც შენს პირობებს მოერგებოდა. განრიგის შემუშავებისას რჩევისთვის მიმართე გამოცდილ პიონერებს, რომ აგიხსნან, თავს როგორ ართმევენ ისინი პიონერული მსახურებისა და პირადი თუ ოჯახური პასუხისმგებლობების შეთავსებას. შეეკითხე სარაიონო ზედამხედველს, როგორ ახერხებენ თქვენს რაიონში მყოფი პიონერები ყოველკვირეულად პიონერული მსახურების დაგეგმვას. შემდეგ სთხოვე იეჰოვას, აკურთხოს პიონერობასთან დაკავშირებული შენი გეგმები. (იგავ. 16:3).
8 ოჯახურ პროექტად აქციე. ხომ არ გიფიქრია იმაზე, რომ პიონერობა ოჯახურ პროექტად გექციათ? ოჯახში შეგეძლოთ დამხსდარიყავით და გემსჯელათ — გონივრული დაგეგმვითა და კარგი თანამშრომლობით — ოჯახის ერთ ან ორ წევრს რომ შეძლებოდა პიონერად მსახურება. თავიანთი მდგომარეობის გულახდილი შეფასებით ზოგიერთები აღმოაჩენენ, რომ ახლა ვერ შეძლებენ პიონერული მსახურების დაწყებას. თუ ეს ასეა, პიონერული მსახურება სამომავლო გეგმად დაისახე. მაგრამ შეუდექი გეგმების შედგენას, რომ იცოდე პიონერული მსახურების დაწყების განსაზღვრული დრო. წლის განმავლობაში იქნებ რამდენიმეჯერ შეძლო დამხმარე პიონერობა, რათა თანდათანობით მიაღწიო სრული დროით მსახურების მიზანს.
9 10 500-ზე მეტი პიონერი, რომლებიც ამჟამად ჩვენი ფილიალის ტერიტორიაზე მსახურობენ, სხვადასხვა ვითარებაში იმყოფება. ყველას არა აქვს კარგი ჯანმრთელობა, უმრავლესობას ოჯახური მოვალეობა და ფინანსური ვალდებულებები აკისრია. მრავალი ხანშია შესული და ასაკთან ერთად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც აწუხებთ. პიონერთა რიგებში არიან ძმები, რომელთა უმრავლესობას ოჯახური და კრების პასუხისმგებლობები ევალება. ყოველ მათგანს უწევს „ჟამის მოვაჭრება“ პიონერული მსახურებისთვის, რაც ხშირ შემთხვევაში ცხოვრების წესის გამარტივებასა და უფრო უბრალო, მაგრამ დამაკმაყოფილებელი ცხოვრების გაწევას ნიშნავს. (კოლ. 4:5).
10 გესაჭიროებათ გამარტივება? ცხოვრების წესის გამარტივებას პიონერული მსახურებისთვის კარის გაღება შეუძლია. ხომ არ არის შენი ცხოვრება გადატვირთული ისეთი რამეებით, რაც დიდ დროს, ბევრ ფულსა და შრომას მოითხოვს? თუ ასეა, უფრო მოკრძალებულ პირობებთან შეგუება პიონერობის შესაძლებლობას მოგცემდა. შეგიძლია შეამცირო ის პერიოდი, რომელსაც ქვეყნიურ სამუშაოს უთმობ? შეგიძლია გამოისყიდო დრო ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმიანობისგან ან უფრო უკეთ გააწონასწორო დღის მონაკვეთი, რომელსაც დასვენებას უთმობ?
11 1 ტიმოთეს 6:8-ში ბიბლია გვარიგებს: „თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას“. მცირედით დაკმაყოფილება მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ იეჰოვასადმი მსახურებაში მეტი გავაკეთოთ, ეს კი თავის მხრივ, უფრო აადვილებს სულიერი ინტერესების წინა პლანზე დაყენებას (მათ. 6:22, 33). 1998 წლის „წელიწდეულში“, 104-ე გვერდზე, სადაც მოთავსებულია ცნობები იაპონიიდან, რამდენიმე წინადადებაში ახსნილია, რატომ არის ამ ქვეყანაში ასეთი მშვენიერი პიონერული სულისკვეთება. განვიხილოთ ერთ-ერთი: „სინამდვილეა ის, რომ იაპონიაში საკმაოდ მოკრძალებული სახლებია, რაც მათ მოსავლელად მცირე დროს მოითხოვს და, უმთავრესად, ცხოვრების ტრადიციულად, უბრალოდ გატარებას უწყობს ხელს“. ნუთუ ეს 1 ტიმოთეს 6:8-ის არსს არ შეესაბამება?
12 მთელ მსოფლიოში ღვთის მსახურები იეჰოვას მიერ გამოყოფილი ხსნის დღის დასრულებამდე მზარდი ინტენსიურობით ქადაგებენ კეთილ ცნობას. სასიხარულოა, რომ შარშან დაახლოებით 700 000-მა პიროვნებამ ყოველთვიურად მიიღო მონაწილეობა პიონერული მსახურების სხვადასხვა სახეობაში. შეგიძლია ისე მოიწესრიგო ცხოვრება, რომ მათ შეუერთდე? მოგიწოდებთ, რომ საგულდაგულოდ და ლოცვით აწონ-დაწონო შენი მდგომარეობა და პასუხი გასცე კითხვას: „გაიღო შენთვის პიონერული მსახურების კარი?“
[ჩანართი 3 გვერდზე]
მიზანი: 12 000 პიონერი!
[ჩარჩო 4 გვერდზე]
პიონერული მსახურების გეგმის ნიმუში
მოთხოვნა: 17 საათი კვირაში
თი სამუშაო დღე და შაბათ-კვირა
დღე საათები
პარასკევი 8
შაბათი 6
კვირა 3
საათების ჯამი: 17
ორი სამუშაო დღე და შაბათი
დღე საათები
სამშაბათი 7
ხუთშაბათი 7
შაბათი 3
საათების ჯამი: 17
სამი სამუშაო დღე და კვირა
დღე საათები
ორშაბათი 5
ოთხშაბათი 5
პარასკევი 5
კვირა 2
საათების ჯამი: 17
ორი საღამო და შაბათ-კვირა
დღე საათები
ორშაბათი 3
ოთხშაბათი 3
შაბათი 8
კვირა 3
საათების ჯამი: 17
შეადგინე პიონერული მსახურების საკუთარი გეგმა
დღე საათები
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
შაბათი
კვირა
საათების ჯამი: 17