ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები
ნაწილი 6: როდესაც შემსწავლელი კითხვას გისვამს
1 ბიბლიის შესწავლა თუ რეგულარულად ტარდება, უკეთესია თანამიმდევრულად განიხილო ბიბლიური სწავლებები, ვიდრე ერთი საკითხიდან მეორეზე ნაჩქარევად გადახვიდე. ეს დაეხმარება შემსწავლელს, შეიძინოს საფუძვლიანი ცოდნა და სულიერად გაიზარდოს (კოლ. 1:9, 10). და მაინც, შემსწავლელი ხშირად სვამს კითხვებს სხვადასხვა თემაზე შესწავლის დროს. როგორ უნდა მოიქცე ასეთ შემთხვევაში?
2 იყავი გამჭრიახი. იმ კითხვებზე, რომლებიც განსახილველ მასალას ეხება, შეგიძლია მაშინვე გასცე პასუხი. თუ საკითხი, რომელიც შემსწავლელს აინტერესებს, შემდეგ თავებში განიხილება, უთხარი ამის შესახებ. მაგრამ, ეს საკითხი თუ არ არის დაკავშირებული შესასწავლ მასალასთან ან გამოკვლევას საჭიროებს, უკეთესი იქნება ეს შესწავლის შემდეგ ან სხვა დროს განიხილო. როგორც ზოგიერთი მაუწყებელი აღნიშნავს, თუ დასმულ კითხვებს ჩაინიშნავ, დაინტერესებული დაინახავს, რომ მის კითხვას სერიოზულად ეკიდები. ამასთანავე, ასეთი მიდგომა დაეხმარება მას, მთავარი თემიდან სხვა საკითხზე არ გადაიტანოს ყურადღება.
3 ბევრი ბიბლიური სწავლება მოკლედ განიხილება ბიბლიის ძირითად შესასწავლ პუბლიკაციებში. როგორ უნდა მოიქცე, თუ შემსწავლელი არ ეთანხმება რომელიმე სწავლებას ან მტკიცედ იცავს ამა თუ იმ ცრუ მოძღვრებას? ამ შემთხვევაში, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს დამატებითი მასალის გამოყენება, რომელშიც საფუძვლიანად განიხილება, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე. თუ შემსწავლელი მაინც ვერ დარწმუნდა, ამ საკითხზე საუბარი სხვა დროისთვის გადადე და განაგრძე შესწავლა (იოან. 16:12). შესაძლოა შემსწავლელი მაშინ ჩაწვდეს ამ სწავლებას, როდესაც უფრო მეტ ბიბლიურ ცოდნას შეიძენს და სულიერად წინ წაიწევს.
4 იყავი მოკრძალებული. თუ დასმულ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არ იცი, თავი შეიკავე პირადი აზრის გამოთქმისგან (2 ტიმ. 2:15; 1 პეტ. 4:11). უთხარი, რომ გამოიკვლევ ამ საკითხს და შემდეგ უპასუხებ. შეგიძლია გამოიყენო ეს შესაძლებლობა და შემსწავლელს აუხსნა, თავად როგორ გამოიკვლიოს ესა თუ ის საკითხი. ეტაპობრივად აუხსენი, თუ როგორ გამოიყენოს ჩვენი ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული გამოკვლევისთვის დამხმარე სხვადასხვა საშუალებები. ასეთი სახით, ის საბოლოოდ თავად შეძლებს იმ შეკითხვებზე პასუხის პოვნას, რომლებიც აინტერესებს (საქ. 17:11).