იეჰოვას მოწმეთა 2008 წლის საოლქო კონგრესი
1. ა) რატომ არის დღეს განსაკუთრებით აქტუალური პავლეს მიერ ებრაელი ქრისტიანებისთვის მიცემული რჩევა? (წაიკითხე ებრაელების 10:24, 25) ბ) როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ პავლეს რჩევა 2008 წლის საოლქო კონგრესზე?
1 პავლე მოციქული ებრაელ ქრისტიანებს მოუწოდებდა, რომ ერთად შეკრებილიყვნენ და გაემხნევებინათ ერთმანეთი „მით უფრო მეტად“, რაც უფრო ხედავდნენ იმ დღის მოახლოებას (ებრ. 10:24, 25). ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ის „დღე“, რომელზეც პავლე საუბრობდა, ძალიან ახლოსაა! ამიტომ, ჩვენ მოუთმენლად ველით სულიერ ნადიმზე და-ძმებთან ერთად შეკრების შესაძლებლობას, რათა მივიღოთ დასწავლება, რომელიც გვიხელმძღვანელებს ამ საზარელ „ბოლო დღეებში“ (2 ტიმ. 3:1). სწორედ, ასეთი შესაძლებლობა მოგვეცემა 2008 წლის საოლქო კონგრესზე.
2. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საოლქო კონგრესის სამივე დღეს დავესწროთ? ბ) როგორ შეგვიძლია, ახლავე დავიწყოთ მომზადება?
2 დაესწარი სამივე დღეს: მოგიწოდებთ, რომ კონგრესის სამივე დღეს დაესწრო. თუ არ „მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“, მაშინ ხელიდან არ გავუშვებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სულიერი საზრდოს მიღების შესაძლებლობას (ებრ. 10:25). რაც შეიძლება მალე დაიწყე კონგრესისთვის მომზადება. შენი დამსაქმებელი დროულად გააფრთხილე, რომ მან შეძლოს საჭირო ცვლილებების მოხდენა. თუ კონგრესის პერიოდში შენი შვილები ჯერ კიდევ არ იქნებიან სკოლიდან დათხოვნილები, დაელაპარაკე მასწავლებლებს თქვენი გეგმების შესახებ. აუხსენი მათ, რომ კონგრესზე დასწრება თქვენი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია. დარწმუნებული იყავი, იეჰოვა აკურთხებს შენს ძალისხმევას, რომელსაც ახმარ სამეფოს ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას (მათ. 6:33).
3. როგორ შეგვიძლია სხვების დახმარება?
3 სხვებსაც დაეხმარე, დაესწრონ კონგრესს: პავლე ძმებს იმისკენაც მოუწოდებდა, რომ ყურადღებიანები ყოფილიყვნენ ერთმანეთის მიმართ (ებრ. 10:24). სჭირდებათ შენი წიგნის შესწავლის წევრებს დახმარება, რომ კონგრესს დაესწრონ? შეგიძლია დაეხმარო ბიბლიის შემსწავლელებს, რომ შენთან ერთად დაესწრონ კონგრესს, თუნდაც ერთი დღით? როდესაც კონგრესზე წასვლის თაობაზე შენი ოჯახის იმ წევრებს დაელაპარაკები, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, დაპატიჟე ისინიც, რომ შენთან ერთად წამოვიდნენ. შენმა მცდელობამ შეიძლება მოლოდინს გადააჭარბოს.
4. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სხვა კონგრესს ვესწრებით და დაბინავება გვჭირდება?
4 დამატებითი ინფორმაციის მიღება: თუ იმ კონგრესზე აპირებ დასწრებას, რომელზეც შენი კრება არ არის მიწვეული, და დაბინავებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გესაჭიროება, შეგიძლია მისწერო კონგრესის ორგანიზებაზე პასუხისმგებელ ბიუროს. წერილს თან დაურთე ცარიელი საფოსტომარკიანი კონვერტი, რომელზეც შენი მისამართი წერია. დახმარებისთვის მიმართე კრების მდივანს, რომელიც მოგცემს იმ ქალაქის კონგრესის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ბიუროს მისამართს, სადაც აპირებ დასწრებას.
5. რა არის გასათვალისწინებელი დაბინავებასთან დაკავშირებით?
5 განსაკუთრებული საჭიროებები: თუ გსურს, კონგრესის დაბინავების განყოფილება დაგეხმაროს დასაბინავებელი ადგილის მოძებნაში, უნდა შეავსო ბლანკი „განცხადება განსაკუთრებული საჭიროების მქონეთა დაბინავებაზე“. კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა უნდა განიხილოს, შეესაბამება თუ არა მაუწყებელი სათანადო მოთხოვნებს. ვიდრე მდივანი ბლანკს კონგრესის დაბინავების განყოფილებას გაუგზავნის, ის უნდა დარწმუნდეს, რომ გათვალისწინებული იყო ფილიალის მიერ უხუცესთა ყველა საბჭოსადმი გაგზავნილი მითითებები, რომლებიც მოცემულია 2004 წლის 14 დეკემბრით დათარიღებულ წერილში (რუს.).
6. ა) როგორ შეგვიძლია იეჰოვას განდიდება, როცა კონგრესს ვესწრებით? ბ) რა თქვა სასტუმროს მენეჯერმა ჩვენი ძმების კარგი ქცევის შესახებ?
6 კარგი საქმეები: იეჰოვას ბრძანების მორჩილება, რომ ერთად შევიკრიბოთ თაყვანისცემისთვის, ‘სასიკეთო’ გავლენას ახდენს ჩვენზე. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობას გვაძლევს, განვადიდოთ იეჰოვას სახელი (ეს. 48:17). როცა კონგრესს ვესწრებით, ჩვენი „კარგი საქმეები ცხადი“ ხდება მრავალი ადამიანისთვის და ზოგი მათგანი ამასთან დაკავშირებით გამოხატავს კიდეც თავის შთაბეჭდილებებს (1 ტიმ. 5:25). ერთ ქალაქში, სადაც მრავალი წელია, რაც საოლქო კონგრესი ტარდება, ერთი სასტუმროს მენეჯერმა თქვა: „მთელი ქალაქი ლაპარაკობს იეჰოვას მოწმეებზე და თქვენ მიერ გამართულ კონგრესზე. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ასუფთავებს თქვენი ხალხი ქალაქის ცენტრსა და ავტოსადგომებს. ძალიან სასიამოვნოა, როცა ზაფხულში თქვენი ხალხი ჩვენთან ჩამოდის. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ“. მას შემდეგ, რაც სასტუმროს მენეჯერმა მოიხსენია, თუ რა სირთულეებს ხვდება, როცა მის სასტუმროში სხვა ჯგუფები თუ ესტრადის მსახიობები ჩერდებიან, მან აღნიშნა, რომ ჩვენი ძმები გამოირჩევიან თანამშრომლობის სულითა და მოთმინებით. მან თქვა: „ვისურვებდით, რომ ყველა ჩვენი სტუმარი ისეთი იყოს, როგორებიც იეჰოვას მოწმეები არიან!“. ჩვენი ძმების ასეთი საქციელი, რომელიც ამ მენეჯერის მსგავსად მრავალს შეუმჩნეველი არ რჩება, გულს უხარებს ჩვენს ღმერთს, იეჰოვას!
7. როგორც მათეს 4:4-დან ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოვისმინოთ სამივე დღის პროგრამა?
7 იესომ თქვა, რომ ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებულია „იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვის“ მოსმენაზე (მათ. 4:4). ჩვენს ყოველწლიურ საოლქო კონგრესებზე იეჰოვა „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით დროულ სულიერ საზრდოს გვაწვდის (მათ. 24:45). ბევრი რამ კეთდება ამ სულიერი ნადიმის მოსამზადებლად. მოდი გამოვავლინოთ მადლიერება იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობისთვის იმით, რომ სამივე დღეს დავესწროთ და ყურადღებით მოვისმინოთ მთელი პროგრამა.
[ჩარჩო 3 გვერდზე]
პროგრამის განრიგი
პარასკევი და შაბათი
9:20—16:55
კვირა
9:20—16:00