‘მზად იყავით ნებისმიერი კარგი საქმისთვის’
1 იესომ დრო გამოყო მოწაფეების მოსამზადებლად, ვიდრე მათ საქადაგებლად გაგზავნიდა (მათ. 10:5—14). მართალია, ყველანი დაკავებულები ვართ, მაგრამ კარდაკარ მსახურებამდე მომზადებისთვის თუნდაც რამდენიმე წუთის გამოყოფა კარგი შედეგების მიღწევაში დაგვეხმარება (2 კორ. 9:6).
2 როგორ მოვემზადოთ: კარგ მომზადებაში შედის ის, რომ კარგად გავეცნოთ იმ ლიტერატურას, რომლის გავრცელებასაც ვაპირებთ. ჩვენ იმ ადამიანებზეც უნდა ვიფიქროთ, რომლებსაც ჩვენს უბანზე ვხვდებით. რა პრობლემები აწუხებთ მათ? რომელ რელიგიებს შეიძლება მიეკუთვნებოდნენ ისინი? ამ მხრივ გამოგვადგება „ჩვენს სამეფო მსახურებასა“ და წიგნ „მსჯელობაში“ მოცემული შეთავაზებები.
3 გარდა ამისა, მომზადებაში სამსახურებრივ შეხვედრაზე წარმოდგენილი ინსცენირებების ყურადღებით მოსმენაც დაგვეხმარება. რაც უფრო ხშირად გამოვიყენებთ შეთავაზებებს, მით უფრო ნაკლები დრო დაგვჭირდება მათ მოსამზადებლად. თუ მსახურებაში გასვლამდე წინასწარ გავიაზრებთ, რას ვეტყვით ადამიანს, და შევეცდებით, დავხვეწოთ შეთავაზებები, უფრო ეფექტური მქადაგებლები გავხდებით. ცოტა დრო იმისთვისაც უნდა გამოვყოთ, რომ შევამოწმოთ, გვიდევს თუ არა ჩანთაში ყველაფერი, რაც მსახურებაში დაგვჭირდება.
4 რა დაგვეხმარება შეთავაზების დამახსოვრებაში? ამის ერთ-ერთი საშუალება მომზადებული შეთავაზების ხმამაღლა გამეორებაა. ზოგი ამას ოჯახური შესწავლის დროს აკეთებს. ზოგისთვის დამხმარე აღმოჩნდა კართან მისვლამდე ფურცელზე მოკლედ დაწერილი შეთავაზებისთვის თვალის გადავლება.
5 რატომ არის სასარგებლო: თუ კარგად ვართ მომზადებულნი, უფრო ეფექტურად ვმსახურობთ და მეტ სიხარულს განვიცდით. ამასთანავე, ნაკლებად ვართ დაძაბულნი და ზედმეტად არ ვნერვიულობთ. ასეთ დროს უფრო მეტად მობინადრეზე ვფიქრობთ და არა იმაზე, თუ რა უნდა ვთქვათ. გარდა ამისა, როცა გაცნობილი ვართ ლიტერატურას, უფრო დიდი ენთუზიაზმით ვავრცელებთ მას.
6 ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ‘მზად ვიყოთ ნებისმიერი კარგი საქმისთვის’ (ტიტ. 3:1). განა არსებობს სასიხარულო ცნობის ქადაგებაზე უკეთესი საქმე?! თუ კარგად ვართ მომზადებულნი, პატივისცემას ვავლენთ როგორც ჩვენი მსმენელისადმი, ისე იეჰოვასადმი, რომლის სახელითაც ვქადაგებთ (ეს. 43:10).