ნუ ფიქრობ, რომ ვერ შეძლებ — გაუმკლავდი გადატვირთულ გრაფიკს
1. რატომ იკავებს ზოგი თავს ბიბლიის შესწავლის შეთავაზებისგან?
1 ზოგი იკავებს თავს ბიბლიის შესწავლის შეთავაზებისგან გადატვირთული გრაფიკის გამო. ბიბლიის შემსწავლელზე ზრუნვას დრო სჭირდება. დრო საჭიროა შესწავლისთვის მოსამზადებლად და მის ჩასატარებლად. აგრეთვე გარკვეული დროა საჭირო, შემსწავლელს რომ დავეხმაროთ იმ სირთულეების გადალახვაში, რომლებიც სულიერ ზრდაში უშლის ხელს. მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ის მთელი სულითა და გულით ეხმარებოდა თესალონიკელებს იეჰოვას გაცნობაში (1 თეს. 2:7, 8). როგორ შეგვიძლია ბიბლიის შესწავლის ჩატარება გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად?
2. რა გავლენას ახდენს იეჰოვასადმი სიყვარული იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ დროს?
2 ღვთისადმი თაყვანისცემა დროს მოითხოვს. ცხადია, იეჰოვასადმი თაყვანისცემა დროს მოითხოვს. მაგალითად, ჩვენ რეგულარულად ვუთმობთ დროს კრების შეხვედრებზე დასწრებას, სამქადაგებლო მსახურებას, ბიბლიის კითხვასა და ლოცვას. მეუღლეები, რაც არ უნდა დაკავებული იყვნენ, სიამოვნებით უთმობენ დროს ერთმანეთს. რადგან გვიყვარს იეჰოვა, მისი თაყვანისცემისთვის დროს უფრო სიხარულით „გამოვისყიდით“ (ეფეს. 5:15—17; 1 იოან. 5:3). როგორც იესომ თქვა, თაყვანისცემის მნიშვნელოვანი ნაწილი მოწაფეების მომზადების საქმეა (მათ. 28:19, 20). ამაზე დაფიქრება დაგვეხმარება, თავი არ შევიკავოთ ბიბლიის შესწავლის ჩატარებისგან.
3. როგორ შეგვიძლია ვიზრუნოთ ბიბლიის შემსწავლელზე, თუ სხვადასხვა მდგომარეობის გამო გვეცვლება მსახურების გეგმა?
3 რა უნდა გავაკეთოთ, თუ შესწავლას ვერ ვატარებთ სამსახურის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ან სხვადასხვა თეოკრატიული დავალების გამო? ზოგი მაუწყებელი, რომელთაც დროდადრო უწევთ სხვაგან გამგზავრება, ბიბლიის შესწავლებს ატარებს ტელეფონით ან კომპიუტერის მეშვეობით. ისინი, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, ბიბლიის შემსწავლელებს სახლში იწვევენ ხოლმე. ზოგიერთი მის მაგივრად შესწავლის ჩატარებას სთხოვს მაუწყებელს, რომელიც მთელი სერიოზულობით ეკიდება ბიბლიის შესწავლებს.
4. რა კურთხევები მოაქვს ბიბლიის შესწავლების ჩატარებას?
4 პავლე მეტ სიხარულს იღებდა, როცა დროსა და ენერგიას ჭეშმარიტების სხვებისთვის შესწავლას ახმარდა (საქ. 20:35). როცა ფიქრობდა თესალონიკეში თავისი შრომის ნაყოფზე, პავლე აღძრული იყო, მადლობა გადაეხადა იეჰოვასთვის (1 თეს. 1:2). ჩვენი სიხარული და კმაყოფილება მსახურებაში უფრო გაიზრდება, თუ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩავატარებთ ბიბლიის შესწავლებს.