„ნუ დაუკავებ სიკეთეს“!
1. რა გაგებით არ ‘ვუკავებთ სიკეთეს’ სხვებს?
1 როდესაც აქტიურად ვქადაგებთ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას, ჩვენ არ ‘ვუკავებთ სიკეთეს’ ჩვენს უბნებზე მცხოვრებ ადამიანებს (იგავ. 3:27). კაცობრიობისთვის არ არსებობს იმაზე უკეთესი ცნობა, ვიდრე ცნობა იმის შესახებ, რომ ღვთის მმართველობისას უკეთესი დრო დადგება. შესაძლოა არაფორმალური მსახურებისას ან ჟურნალების გავრცელებისას შენ ისედაც გულმოდგინედ ქადაგებ, მაგრამ კარგი იქნება, მიზნად დაისახო ბიბლიის შესწავლის დაწყება, თუ ჯერჯერობით არავის ასწავლი ბიბლიას.
2. რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი ბიბლიის შესწავლის დაწყებაში?
2 ხშირად ყველაზე დიდი დაბრკოლება, რაც ხელს გვიშლის ბიბლიის შესწავლის დასაწყებად, შესწავლისადმი ჩვენივე არასწორი დამოკიდებულებაა. ზოგი თავს იმიტომ იკავებს შესწავლის დაწყებისგან, რომ საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული ან გადატვირთული განრიგი აქვს. შემდეგი რჩევები დაგეხმარება, რომ თავი არ შეიკავო ბიბლიის შესწავლის დაწყებისგან (მათ. 28:19; საქ. 20:20).
3. რატომ შეიძლება ითქვას, რომ საკმარისი ცოდნა გვაქვს სხვებისთვის ბიბლიის სასწავლებლად?
3 თვითრწმენის ნაკლებობა: ამა თუ იმ მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ თავს არასაკმარისად განათლებულად თვლი, შესაძლოა ფიქრობ, რომ ვერ შეძლებ ბიბლიის შესწავლის ჩატარებას. პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები, რომლებიც ეფექტურად ქადაგებდნენ, „უსწავლელი და უბრალო ადამიანები იყვნენ“. რა დაეხმარა მათ, რომ სხვებისთვის ჭეშმარიტება ესწავლებინათ? „ისინი იესოსთან ერთად იყვნენ“ (საქ. 4:13). მათ ისწავლეს დიდებული მასწავლებლისგან, იესოსგან, რომლის სწავლებები და სწავლების მეთოდებიც ჩვენთვის არის შემონახული წმინდა წერილებში. მაშინაც კი, თუ არასაკმარისი ქვეყნიური განათლება გაქვს მიღებული, შენ იღებ სულიერ განათლებას, რომელიც ნებისმიერ ცოდნას აღემატება (ეს. 50:4; 2 კორ. 3:5).
4. რის სწავლა შეგვიძლია ამოსის მაგალითიდან?
4 იეჰოვა ზოგჯერ წინასწარმეტყველებს იყენებდა, რომ მმართველები და მაღალი მდგომარეობის მქონე პირები დანაშაულში ემხილებინა. ზოგი ასეთი წინასწარმეტყველი, მაგალითად ამოსი, თავისი წარმოშობით ვერ დაიკვეხნიდა. ამოსმა თქვა: „მე არც წინასწარმეტყველი ვყოფილვარ და არც წინასწარმეტყველის ვაჟი, მწყემსი ვიყავი და სიკომოროს ლეღვის მომყვანი“ (ამოს. 7:14). მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ამოსისთვის, რომ იეჰოვას განაჩენი გადაეცა მღვდელ ამაციასთვის, რომელიც ხბოს სცემდა თაყვანს (ამოს. 7:16, 17). ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, ღვთისაა, და ის საკმარის ცოდნასაც მოგვცემს ამ საქმის შესასრულებლად (2 ტიმ. 3:17).
5. რატომ უნდა ვეცადოთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას მაშინაც კი, თუ გადატვირთული განრიგი გვაქვს?
5 გადატვირთული განრიგი: მაშინაც კი, თუ გადატვირთული განრიგი გაქვს, ალბათ დროს მაინც ნახულობ რეგულარულად მსახურებისთვის. ბიბლიის შესწავლის ჩატარება შეიძლება შენთვის მსახურების ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო მხარედ იქცეს. დიდი კურთხევაა იმის დანახვა, თუ როგორ მოქმედებს ადამიანზე იეჰოვას სიტყვა (ებრ. 4:12). იეჰოვას უხარია, როდესაც ჩვენ მსხვერპლს ვიღებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ვინმეს, „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:4). ანგელოზებიც კი ხარობენ, როცა ვინმე ინანიებს წარსულში ჩადენილ ცოდვებს და სულიერად წინ მიიწევს (ლუკ. 15:10).
6. რა პატივი გვხვდა წილად?
6 ღვთის „ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:4). მართლაც დიდი პატივია, როდესაც ღვთის ნებას ვასრულებთ და თავს არ ვიკავებთ ბიბლიის შესწავლების ჩატარებისგან!