წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
5—11 ივლისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | კანონი 11, 12
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „გერიზიმის მთა“
მას შემდეგ მალევე, რაც ისრაელებმა ქალაქი აი აიღეს, იესო ნავეს ძემ მოსეს მითითებისამებრ, 12-ვე ტომი გერიზიმისა და ებალის მთებთან შეკრიბა. იქ შეკრებილთათვის იესო ნავეს ძემ წარმოთქვა კურთხევა, რომელსაც ერი მორჩილების შემთხვევაში მიიღებდა, და წყევლა, რომელსაც დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაიტეხდა თავს. სიმონის, ლევის, იუდას, ისაქარის, იოსებისა და ბენიამინის ტომები გერიზიმის მთის წინ იდგნენ. ლევიანები ველზე იყვნენ განლაგებულნი; იქვე იყო შეთანხმების კიდობანიც. დანარჩენი ექვსი ტომი კი ებალის მთის წინ იდგა (კნ. 11:29, 30; 27:11—13; იეს. 8:28—35). როგორც ჩანს, კურთხევების წარმოთქმის დროს გერიზიმის მთის წინ შეკრებილ ტომებს მიმართავდნენ, რომ თანხმობის ნიშნად ეპასუხათ: „ამინ“; ხოლო წყევლის წარმოთქმის დროს - ებალის მთის წინ შეკრებილ ტომებს, რომ მათაც იმავეთი ეპასუხათ. ებალის მთა კლდოვანი და უნაყოფო იყო, ხოლო გერიზიმის მთა — ლამაზი და ნაყოფიერი. ზოგის აზრით, სწორედ ამიტომ წარმოითქვა კურთხევა გერიზიმის მთის წინ შეკრებილთათვის; თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლია ამის შესახებ არაფერს ამბობს. იესო ნავეს ძემ ხმამაღლა წაიკითხა კანონი „მთელი ისრაელისთვის, ქალებისთვის, ბავშვებისთვის და მათ შორის მცხოვრები უცხოელებისთვის“ (იეს. 8:35). მისი სიტყვები კარგად მოისმინა როგორც გერიზიმის, ისე ებალის მთასთან შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა ხალხმა, რადგან ამ ორ მთას შორის ბუნებრივი აკუსტიკა იქმნებოდა.
19—25 ივლისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | კანონი 16—18
საქმის სამართლიანად განხილვაში დამხმარე პრინციპები
it „სიბრმავე“
მსაჯულთა მექრთამეობის გამო სამართლის გამრუდება სიბრმავეს იყო შედარებული. კანონში არაერთი გაფრთხილება იყო იმის თაობაზე, რომ ქრთამს, საჩუქრებსა და ვინმესადმი მიკერძოებას შეიძლება იმდენად დაებრმავებინა მოსამართლე, რომ სამართალი გაემრუდებინა. „ქრთამი გამჭრიახს აბრმავებს“ (გმ. 23:8). „ქრთამი ბრძენს აბრმავებს“ (კნ. 16:19). რაც არ უნდა პატიოსანი და გამჭრიახი ყოფილიყო მოსამართლე, ქრთამსა და საჩუქარს შეიძლება მის გადაწყვეტილებაზე მოეხდინა გავლენა და გააზრებულად თუ გაუაზრებლად მიკერძოება გამოევლინა. ღვთის კანონში ნათლად იკვეთებოდა ის აზრი, რომ მოსამართლე არა მხოლოდ ქრთამს, არამედ შეიძლება საკუთარ გრძნობებსაც დაებრმავებინა: „ნუ იქნები მიკერძოებული — ნურც ღარიბს მიემხრობი და ნურც მდიდარს“ (ლვ. 19:15). მოსამართლეს სიბრალულის ან ხალხის თვალში აღიარების მოპოვების გამო არ უნდა გამოეტანა არასწორი განაჩენი მდიდრის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ის მდიდარი იყო (გმ. 23:2, 3).
it „რიცხვები, ციფრები“
ორი. რიცხვი „ორი“ ხშირად გვხვდება საქმის სამართლებრივი წესით განხილვისას. ორი მოწმის ჩვენება სარწმუნოდ ითვლებოდა. კანონის თანახმად, მოსამართლეებს რომ საქმე განეხილათ და სიმართლე დაედგინათ, ორი ან სამი მოწმე იყო საჭირო. ამავე პრინციპით ხელმძღვანელობს დღეს ქრისტიანული კრებაც (კნ. 17:6; 19:15; მთ. 18:16; 2კრ. 13:1; 1ტმ. 5:19; ებ. 10:28). იეჰოვამაც ამ პრინციპით იმოქმედა, როდესაც თავისი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, როგორც კაცობრიობის მხსნელი. იესომ თქვა: „თქვენს კანონშიც ხომ წერია, რომ ორი კაცის მოწმობა სარწმუნოა?! ჩემს თავზე ვმოწმობ მე და ჩემზე მოწმობს მამაც, რომელმაც გამომგზავნა“ (ინ. 8:17, 18).
2—8 აგვისტო
ღვთის სიტყვის საუნჯე | კანონი 22, 23
როგორ ცხადყოფდა კანონი, რომ იეჰოვა ზრუნავდა ცხოველებზე?
it „ტვირთი“
ძველ დროში ცხოველებს ხშირად ტვირთის გადასაზიდად იყენებდნენ. ისრაელს ღმერთმა ასეთი კანონი მისცა: „თუ შენი მოძულის ვირს ტვირთქვეშ მოყოლილს დაინახავ, არ მიატოვო; მოხსენი ტვირთი“ (გმ. 23:5). ტვირთი შესაძლოა იყოს საპალნე, რომელსაც ცხოველს ჰკიდებენ ხოლმე. მაგალითად, ნაამანმა ელისეს უთხრა: „იმდენი მიწა მიეცი შენს მსახურს, რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს“ (2მფ. 5:17).
23—29 აგვისტო
ღვთის სიტყვის საუნჯე | კანონი 29, 30
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „ყური“
თავისი მსახურების მეშვეობით იეჰოვამ ჯიუტ და ურჩ ისრაელებზე თქვა, რომ დახშული ჰქონდათ ყურები (იერ. 6:10; სქ. 7:51). თითქოს მათ ყურები ისე ჰქონდათ დაცობილი, რომ ვერაფერს იგებდნენ. იეჰოვას, რომელიც თავის მაძიებელთ გაგების უნარსა და მორჩილ გულს აძლევს, ხოლო ურჩებს, სულიერი გაგებით, სმენას უხშობს, არ მიუცია ჯიუტი ისრაელებისთვის „ყურები, რომ . . . [მოესმინათ]“ (კნ. 29:4; რმ. 11:8). მოციქულმა პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ გავიდოდა დრო და ზოგიერთები, რომლებიც თავს ქრისტიანებად აცხადებდნენ, განუდგებოდნენ ჭეშმარიტებას. ისინი ღვთის სიტყვიდან მომდინარე ჭეშმარიტების ნაცვლად, ყურის მაამებელ ცრუ სწავლებებს ათხოვებდნენ ყურს (2ტმ. 4:3, 4; 1ტმ. 4:1). ბიბლიაში აგრეთვე გამოყენებულია ფრაზა „ყურები შუილს დაუწყებს“, რაც შემაშფოთებელი ცნობების, განსაკუთრებით კი უბედურების მომასწავებელი ამბების მოსმენით გამოწვეულ შიშზე მიუთითებს (1სმ. 3:11; 2მფ. 21:12; იერ. 19:3).